გოგორეთის ბრძოლა |
---|
გურიის აჯანყება ნაწილი |
თარიღი |
9 აგვისტო, 1841 |
---|
მდებარეობა |
გოგორეთი |
---|
შედეგი |
აჯანყებულების გამარჯვება |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
200 ჯარისკაცი, 2 ზარბაზანი
|
500 კაცი
| |
დანაკარგები |
---|
6 მოკლული, 16 დაჭრილი
|
15 მოკლული, 40 დაჭრილი
|
|
გოგორეთის ბრძოლა — ბრძოლა გურიის აჯანყების დროს, 1841 წლის 9 აგვისტოს, აჯანყებულ გურულებსა და რუსეთის იმპერიის რეგულარული ჯარის ნაწილებს შორის.
1841 წ. აგვისტოსთვის გურიის აჯანყება გამწვავებული იყო. რუსეთის რეგულარული არმიის სარდალი გურიაში, პოლკოვნიკი ალექსეი ბრუსილოვი შიშობდა, რომ აჯანყებულები დაამყარებდნენ კონტროლს ოზურგეთი-შეკვეთილის გზაზე. ამის თავიდან აცილებისთვის ის 9 აგვისტოს, დილის 5 საათზე 200 ქვეითითა და 2 ზარბაზნით ოზურგეთიდან დასავლეთით დაიძრა. მან გზად შეიტყო, რომ სოფელ გოგორეთის ეკლესიასთან იმყოფებოდა 300-მდე აჯანყებული გლეხი, ხოლო მთლიანად სოფელში აჯანყებულების რაოდენობა 500-ს შეადგენდა. გოგორეთში თავს იყრიდნენ გლეხები და აზნაურები სხვადასხვა სოფლებიდან, რათა თავს დასხმოდნენ შეკვეთილის სიმაგრეს. ბრუსილოვმა წინ გაგზავნა კაპიტანი გაბაშვილი 100 ჯარისკაცით. აჯანყებულებმა გაბაშვილის რაზმს ცეცხლი გაუხსნეს. ამას ბრუსილოვმა არტილერიის ცეცხლით უპასუხა. ორმხრივი ცეცხლი 4 საათს, დილის 10 საათიდან შუადღის 2 საათამდე გაგრძელდა. ბრუსილოვს ტყვია-წამლის მარაგი ამოეწურა, თანაც ოზურგეთში მას მცირე გარნიზონი ჰყავდა დატოვებული, ამიტომ უკან დახევა დაიწყო.
აჯანყებულებმა გლეხ აბესა ბოლქვაძის მეთაურობით 12 ვერსზე სდიეს რუსეთის ჯარს. ბრძოლაში რუსეთის ჯარის მხარეს დაიღუპა 6 და დაიჭრა 16 ადამიანი, ხოლო აჯანყებულებს რუსების მიერ არტილერიის გამოყენების გამო მიადგათ მეტი ზიანი, დაეღუპათ 15 და დაეჭრათ 40 ადამიანი, მათ შორის დაიჭრა აბესა ბოლქვაძე. რუსეთის რეგულარული ჯარის დამარცხებამ ახალი საბრძოლო შემართება მისცა აჯანყებულებს.