სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მალთაყვა (მრავალმნიშვნელოვანი).

მალთაყვა — უბანი ქალაქ ფოთში, მის სამხრეთ ნაწილში, საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2–ს მონაკვეთზე, ფოთის ცენტრიდან 4 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 3 მ-ის სიმაღლეზე, სუფსის რკინიგზის სადგურიდან 6 კმ. მალთაყვა ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია. სამკურნალო ფაქტორია ზღვის ჰავა და მაგნიტურქვიშიანი პლაჟი. მალთაყვის ტერიტორიაზე საქართველოში შემოდის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის კაბელი, მდებარეობს ფოთის და ხობის ეპისკოპოსის რეზიდენცია, სასაფლაო, ტყე-პარკი, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა დიდების მემორიალი, კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, ფოთის ცენტრალური საავადმყოფო, ძველმართლმადიდებლების ეკლესია.

უბანი
მალთაყვა

მალთაყვა, გურიის ქუჩა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ფოთი
კოორდინატები 42°04′55″ ჩ. გ. 41°42′35″ ა. გ. / 42.08194° ჩ. გ. 41.70972° ა. გ. / 42.08194; 41.70972
ფართობი 8,65 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3
მალთაყვა — საქართველო
მალთაყვა
მალთაყვა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მალთაყვა

გეოგრაფია

რედაქტირება

მალთაყვა მდებარეობს კოლხეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილში და გადაჭიმულია სამხრეთიდან ჩრდილოეთით, შავი ზღვის გასწვრივ 9 კილომეტრიან სანაპირო ზოლზე. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება მდინარე კაპარჭინა და პალიასტომი, სამხრეთიდან მდინარე მალთაყვა, ჩრდილოეთიდან ფოთის ცენტრალური უბანი და მდინარე რიონის არხი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ფოთის უბანი ახალსოფელი. უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში კაპარჭინას და პალიასტომს შორის მდებარეობს კუნძული კოლიმბარი. მალთაყვის ტერიტორიაზე რამდენიმე მცირე ზომის ტბაა, რომელთაგან აღსანიშნავია ოქროს ტბა, რომელიც უბნის ცენტრალურ ნაწილშია და საფეხმავლო ბილიკით უკავშირდება პლაჟს. უბნის უკიდურეს სამხრეთ ნაწილს წარმოადგენს მალთაყვის ნახევარკუნძული. მალთაყვის ტერიტორიაზე მოდის მინერალური წყალი.

მალთაყვა გამოირჩევა ზღვის ნოტიო და თბილი ჰავით. ზამთარი ძლიერ რბილი და უთოვლო, იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,4 °C-ია, ზაფხული ძალზე თბილია, აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 23,3 °C. ნალექები დიდი რაოდენობითაა მთელი წლის განმავლობაში და საშუალოდ 1639 მმ-ს შეადგენს, დამახასიათებელია მაღალი შეფარდებითი ტენიანობა 78 %. ტერიტორიის გახსნილობის გამო ხშირია ქარები განსაკუთრებით ზამთარში.

ბუნებრივი რესურსებიდან მალთაყვის ტერიტორიაზე ძირითადად გვხვდება ტორფის საბადოები, რომლის ექსპლუატაცია ამჟამად შეჩერებულია. ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია ხელოვნურად გაშენებულ შერეულ ტყეს, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი ვრცელდება ჭარბტენიანი კოლხური რელიქტური ტყეები, რომელიც კოლხეთის დაცულ ტერიტორიებში შედის. ზღვის სანაპირო ზოლი მდიდარია მაგნიტური ქვიშით. ასევე მოიპოვება ტორფი. კოლბოხოვან მიკრორელიეფზე გვხვდება ჭილიანი, ლაქაშიანი და ლელიანი ფრაგმენტები. ჭილიანები გავრცელებულია ისეთ ადგილებზე სადაც ძლიერია ზღვის წყლის გავლენა-სველ ქვიშნარებზე, ლაგუნებზე, არხების სანაპიროზე. იქ სადაც კოლბოხებს შორის დგას წყალი, უფრო განვითარებულია ლელიან-ლაქაშიანი ცენოზები. ფაუნისტური წარმომადგენლებით მალთაყვა ღარიბია, განსაკუთრებით ძუძუმწოვრებით. ძირითადად აქ გვხვდება ამფიბიები, სამგიეროდ ზამთარში მალთაყვის ჭაობებს თავს აფარებს და იზამთრებს 190-მდე სახეობის მიმომფრენი და მოზამთრე ფრინველები. მათ შორის ბევრია წითელ წიგნში შეტანილი სახეობები: ხუჭუჭა ვარხვი, მეკალოე ბატი, მყივანი გედი, შაკი, ქარცი ყანჩა.

მალთაყვის ტერიტორიაზე მიწის მთავარი მესაკუთრე სახელმწიფოა, რომელიც მიწის 92 %-ს ფლობს, 6 % კერძო საკუთრებაა, 1-1 % კი ფოთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაშია.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

თქმულების მიხედვით მალთაყვის უბანი გაუვალი და ჭაობიანი ყოფილა. ხოლო აქ გამდინარე მდინარე მალთაყვა ღრმა. მტრების ერთ-ერთი შემოსევისას ადგილობრივმა მოსახლეობამ აქ მოიმწყვდია მომხდურები, რომელთაც სიმწრისგან აღმოხდათ „მულტა აკუა“ - რაც დიდ წყალს ნიშნავს. მას შემდეგ შემორჩა ამ ადგილს სახელწოდება მალთაყვა.

1771 წლის 3 იანვარს მალთაყვის მიდამოებში გაიმართა ბრძოლა რუსეთ-ოსმალეთის ომის ფარგლებში. ბრძოლაში რუსეთის კორპუსმა გენერალ ტოტლებენის მეთაურობით დაამარცხა ოსმალეთის 6000-იანი დამხმარე ჯარი, თუმცა ვერ შეძლო ფოთის ციხის აღება. 1784 წელს გურიის მთავარმა გიორგი IV გურიელმა მდინარე სუფსის მარჯვენა მხარე ზღვიდან 17 ვერსზე, მათ შორის სოფლები, მალთაყვა და გრიგოლეთი საბატონიშვილოდ გამოეყო თავის შვილს, ვახტანგ III გურიელს. ვახტანგისა და შემდეგ, მისი შვილის, დავითის იყო ნავების საბაჟო შემოსავალი გრიგოლეთსა და მალთაყვაში.

1809 წელს მალთაყვასთან კვლავ გაიმართა მალთაყვის ბრძოლა რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს ჯარებს შორის ფოთის გამო. 1841 წლის 20-23 აგვისტოს მალთაყვასა და გრიგოლეთს შორის, დედაბერას წყლებთან გაიმართა კიდევ რეთი ბრძოლა, ამჯერად გურულ აჯანყებულებსა და ოდიშის სამთავროს მილიციას შორის, რომელსაც დავით დადიანი მეთაურობდა. ბრძოლა გურულთა გამარჯვებით დასრულდა. 1918 წლიდან სოფელში დასახლდნენ ძველმართლმადიდებლები.[1]

1930 წლიდან როგორც სოფელი, შედიოდა ლანჩხუთის რაიონის შემადგენლობაში, მოქმედებდა ლიმონარიუმის საბჭოთა მეურნეობა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ტურბაზა, სამხედრო ბაზა და სპორტული კომპლექსი ოქროს ტბასთან. 1948 წელს შევიდა ფოთის შემადგენლობაში.[2] 1991-1998 წლებში იმართებოდა ჩემპიონატი წყლის სათხილამურო სპორტში. 2011 წელს მალთაყვაში გაშენდა ახალი რაიონი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 175-177, ISBN 978-9941-0-0902-0.
  2. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 26-27, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023