მალთაყვის ბრძოლა
მალთაყვის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
რუსეთ-ოსმალეთის ომი (1806-1812)-ს ნაწილი | |||
თარიღი | 2 ნოემბერი-15 ნოემბერი, 1809 | ||
მდებარეობა |
მალთაყვა ![]() | ||
შედეგი | რუსეთის იმპერიის გამარჯვება | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
ფოთის აღება რუსეთის იმპერიის მიერ | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
მალთაყვის ბრძოლა 1809 — რუსეთ-ოსმალეთის ომის ნაწილი, რუს-ქართველთა ლაშქრის ბრძოლა ფოთის ციხის ასაღებად. რუსეთის სარდლობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ფოთის აღებას, რამდენადაც ფოთი წარმოადგენდა დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის მთავარ დასაყრდენს. ბრძოლისა და შესაბამისად, ციხის აღების ბედი გადაწყვიტა გურიის სამთავროს მიმხრობამ რუსეთისადმი.
წინაპირობა
რედაქტირებარუსეთის იმპერიის ჯარის სარდალმა დიმიტრი ორბელიანმა 1809 წლის ივნისში ფოთის ციხის კომენდანტთან მოლაპარაკება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ მან ციხის ძალით აღება გადაწყვიტა. 12 აგვისტოს რუსეთის ჯარი სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროების ლაშქართან ერთად ფოთისაკენ დაიძრა. ჯარის ერთი ნაწილი მდინარე რიონის მარცხენა მხარეს გადავიდა და ციხიდან დაახლოებით 3 კმ-ზე დადგა. ნაწილი მდინარის ქვემო წელზე დაეშვა. მდინარის მარჯვენა მხარეს ქვემეხები დადგეს. 13 აგვისტოს, არტილერიის ცეცხლის შემდეგ ოსმალებმა გამაგრებული ადგილი დატოვეს და ციხეს მიაშურეს. მათი გარნიზონი, რომელიც 600 კაცისგან შედგებოდა, 3 მხრიდან იქნა გარშემორტყმული. არტილერიის ცეცხლმა ოსმალებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, მაგრამ შეტევა შეყოვნდა საომარი მასალის სიმცირის გამო.
მალთაყვის ბრძოლა
რედაქტირებაოქტომბრის II ნახევარში ოსმალეთის გარნიზონის დასახმარებლად ფოთს მიუახლოვდა ტრაპიზონის შერიფ-ფაშა 9000 ჯარისკაცით. 30 ოქტომბერს შერიფ-ფაშას ჯარი ფოთიდან 12 ვერსით სამხრეთით, მდინარეების, მალთაყვის და გრიგოლეთისწყლის შორის დაბანაკდა. 2 ნოემბერს არტილერიის ცეცხლის საფარით სამეგრელოსა და აფხაზეთის ლაშქრის ნაწილები მდინარე მალთაყვისაკენ დაიძრნენ. ოსმალებმა ცეცხლითვე უპასუხეს. ორმხრივი სროლა 12 დღის განმავლობაში გაგრძელდა.
ამასობაში მამია V გურიელი, რომელმაც ხელი არ შეუშალა ოსმალეთის რაზმს გურიის სამთავროს ტერიტორიაზე გავლაში, რუსეთის მხარეს გადაიბირა დიმიტრი ორბელიანმა ჯუმათელი ეპისკოპოსის ნიკოლოზის და ზურაბ წერეთლის დახმარებით. გურიის სამთავროს ლაშქარმა ვახტანგ ერისთავისა და სიმონ გუგუნავას მეთაურობით გრიგოლეთიდან მოულოდნელად შეუტია მტერს და სასტიკად დაამარცხა.[1] ოსმალები ზურგიდან თავდასხმას არ ელოდნენ და პანიკაში ჩაცვივდნე. ზოგი ზღვით გაქცევას შეეცადა, ბევრი წყალში დაიხრჩო, ნაწილი ტყესა და ჭაობში გაიფანტა. მოკლულების და დაჭრილების სახით ოსმალებმა 1500 კაცი დაკარგეს, 283 ტყვედ ჩავარდა. შერიფ-ფაშა ტრაპიზონში 400 კაცით დაბრუნდა.
შედეგები
რედაქტირებაშერიფ-ფაშას კორპუსის მარცხმა აიძულა ფოთის გარნიზონის უფროსი ქუჩუკ-ბეგი, რომ 14 ნოემბერს დაეტოვებინა ციხე. 15 ნოემბერს დაეუფლა გენერალი დიმიტრი ორბელიანი მეგრელ-აფხაზთა რაზმებით.[1] 272 კაცს უფლება მიეცა, ნავებით დაეტოვებინათ ციხე. რუსეთს დარჩა 34 ზარბაზანი და დიდძალი ტყვია-წამალი.
1812 წლის ბუქარესტის ზავით რუსეთმა ფოთი ისევ ოსმალეთის დაუთმო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ნარსია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 387.
- ჩხატარაიშვილი ქ., გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, თბ.: მეცნიერება, 1985. — გვ. 28-32.
- „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“, ტ. 4, თბილისი, 1973
- დადიანი, ნ. „ქართველთ ცხოვრება“, თბილისი, 1962
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 აბაშიძე ზ., ბახტაძე მ, ჯანელიძე ო., „საქართველო და ქართველები“, თბილისი, 2013. — გვ. 485, ISBN 978-9941-0-5498-3.