გიორგი შარვაშიძე
გიორგი შარვაშიძე (ჩაჩბა), ზოგ შემთხვევაში იხმარება რუსულიდან მომდინარე ფორმა – შერვაშიძე (დ. 17 სექტემბერი ან 25 სექტემბერი, 1846 — გ. 19 თებერვალი, 1918) — თავადი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, უბრწყინვალესი თავადის მიხეილ შარვაშიძის (ხამუთ-ბეი) და თავადის ასულ ალექსანდრა (ცუცუ, კესარია) დადიანის ვაჟი, აფხაზი და ქართველი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულთა თანამოაზრე.
გიორგი შარვაშიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
17 ან 25 სექტემბერი, 1846 სოხუმი |
გარდაცვალების თარიღი |
19 თებერვალი, 1918 სოხუმი |
დაკრძალულია | ლიხნი ან მოქვი |
ეროვნება | აფხაზი |
პროფესია | აფხაზი და ქართველი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე |
მეუღლე(ები) | ელენე (ელო) ანდრიევსკაია |
მშობლები |
მამა: მიხეილ (ხამუთ-ბეი) შარვაშიძე დედა: ალექსანდრა (ცუცუ, კესარია) დადიანი |
გიორგი შარვაშიძე ბწყინვალედ იცნობდა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, აფხაზეთის ისტორიასა და ფოლკლორს. წერდა სამ – აფხაზურ, ქართულ და რუსულ ენებზე. მისი მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა ქართული, რუსული და ევროპული აზროვნების წიაღში.
იყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, სერგეი მესხის და სხვათა თანამოაზრე. მათთან ერთად იბრძოდა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, საერთოეროვნული ფასეულობების, ენისა და კულტურის განვითარებისთვის, ქართველი და აფხაზი ხალხების ისტორიის ფალსიფიკაციის გამოვლენისათვის, ორი მოძმე ერის ეროვნული ფესვებისა და მათი ურთიერთობების შენარჩუნებისთვის.[1]
ბიოგრაფია
გიორგი შარვაშიძეს ჯერ კიდევ ყრმას (01.01. 1847) მიენიჭა პრეობრაჟენსკის პოლკის ლეიბ-გვარდიის პრაპორშჩიკის წოდება. 1863 წლის 10 ივნისს გახდა კავკასიის ჯარების სარდლის, დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის ადიუტანტი.[1]
1864 წლის 24 ივნისს კავკასიის მთავარმართებლის ბრძანებით, მიხეილ შარვაშიძესა და მის მემკვიდრეებს ჩამოერთვათ უფლებები სამთავროზე, გაუქმდა აფხაზეთის სამთავრო და აფხაზეთში პირდაპირი რუსული მმართველობა დამყარდა — შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება. შარვაშიძეთა მემკვიდრეობით კუთვნილი მთელი ქონება დაურიგეს აფხაზთმოძულე ჩინოვნიკებს. 1866 წლის ივლისში, როდესაც რუსი ჩინოვნიკების განუკითხაობამ აფხაზეთში ზღვარს მიაღწია, საგლეხო რეფორმის გატარების მზადებისას დიდმა აჯანყებამ იფეთქა (26 ივლისი). აჯანყებულმა აფხაზებმა 20 წლის გიორგი შარვაშიძე მთავრად გამოაცხადეს,[1] მაგრამ, იმავე წლის აგვისტოში რუსებმა, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორ დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკის მეთაურობით, აჯანყება სასტიკად ჩაახშეს, რასაც აფხაზთა მასობრივი გადასახლება მოჰყვა თურქეთში. ამ მოვლენას ისტორიოგრაფია "მუჰაჯირობის" სახელით იცნობს.[2]
შარვაშიძე მკაცრად აკრიტიკებდა რუსული მთავრობის პოლიტიკას, ურჩევდა ტაქტიკის შეცვლას და ხალხის ტრადიციებისადმი პატივისცემას. ამის გამო ის რუსეთში, ორენბურგში გადაასახლეს, როგორც აჯანყების ინტელექტუალური მონაწილე, კავკასიაში დაბრუნების უფლების გარეშე.[3][4]
რუსეთში გადასახლებისას მსახურობდა ორენბურგის კაზაკთა პოლკში, ოდესის სამხედრო ოლქში. 1872–1875 წლებში გადადგა სამხედრო სამსახურიდან. აფხაზეთის აჯანყების გამოძიების შედეგად, 9 წლის შემდეგ, იგი ცნეს უდანაშაულოდ და მისცეს გადასახლებიდან საქართველოში დაბრუნების უფლება, მაგრამ აფხაზეთში ჩასვლა აკრძალული ჰქონდა 1905 წლამდე.
1875 წლის 10 თებერვლის საიმპერატორო ბრძანებულებით (სახელმწიფო საბჭოს წინადადების გათვალისწინებით) გ. შარვაშიძეს შეუნარჩუნდა უბრწყინვალესი თავადის ტიტული (მამამისის, მიხეილ შარვაშიძისთვის 1834 წელს მინიჭებული), ხოლო მის შთამომავლობას, ძმას – მიხეილს, და მამის ძმებს – კონსტანტინეს და ალექსანდრეს და მათ შთამომავლობას მიენიჭათ ბრწყინვალე თავადის ტიტული.[1][5]
1875 წლის 17 ივნისს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის ადიუტანტად. 1876 წლის 17 ივნისიდან იყო ჰუსართა პოლკის ლეიბ-გვარდიის შტაბს-როტმისტრი; 1879 წლის 7 აპრილიდან – ფლიგელ-ადიუტანტი.
1879 წელს, იმპერატორ ალექსანდრე III-ს ქუთაისში სტუმრობისას გიორგი შარვაშიძე, სხვა რუსული რეჟიმისთვის არასანდო პირებთან ერთად გაასახლეს ქუთაისის გუბერნიის ტერიტორიიდან. ამ ფაქტთან დაკავშირებით შარვაშიძემ წერილით მიმართა იმპერატორს, სადაც აღნიშნავდა:
„რადგან მეფის მთავრობა მე იმდენად არ მენდობა, რომ იმ ქალაქში, სადაც იმპერატორი ჩადის, ჩემი ყოფნა საშიშად ითვლება, მე არ ვთვლი საჭიროდ, ვატარო ფლიგელ-ადიუტანტის წოდება.[3]“
|
1880–1881 წლებში შარვაშიძე იყო მისი საიმპერატორო უდიდებულესობის სვიტის წევრი. 1887 წლის 30 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი შარვაშიძე ქუთაისში ცხოვრობდა, რადგანაც აფხაზეთში ჩასვლის უფლება არ მისცეს. მშობლიურ ქალაქში, სოხუმში დაბრუნების უფლება მხოლოდ 1905 წელს მიიღო. გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ქ. სოხუმში, არქიტექტორ ვილჰელმ-ფრანც კოვალსკის მიერ 1905 წელს აშენებულ სახლში (დღეს ლასურიას ჩიხი. შემდეგ აქვე ცხოვრობდა გ. შარვაშიძის ბიძაშვილი, სცენოგრაფი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშეიძე, 1919 წელს საფრანგეთში ემიგრაციამდე).[6]
გიორგი შარვაშიძე გარდაიცვალა 1918 წლის 19 თებერვალს. დაკრძალულია მოქვის ტაძარში, თავად შარვაშიძეთა საგვარეულო საძვალეში.[3] (სხვა არასარწუმონო ინფორმაციით – სოფელ ლიხნში).
გიორგი შარვაშიძე რუსეთისა და ბოლშევიზმის შესახებ
1877-1878 წლებში აფხაზთა მასიურმა გამოსვლებმა თურქეთის მხარეს რუსეთის საწინააღმდეგოდ რუსეთ-თურქეთის ომში, გამოიწვიეს ახალი ძალადობრივი, მკაცრი რეპრესიები: 1878 წელს სოხუმის სამხედრო განყოფილებას მმართველმა პ. არაკინმა მთელი “აფხაზური” მოსახლეობა „დამნაშავე ხალხად“ ოფიციალურად გამოაცხადა. აფხაზებს პოლიტიკური „არაკეთილსაიმედოობის გამო“ ეკრძალებოდათ იარაღის ტარება, მათ არ იწვევდნენ სამხედრო სამსახურში, მაგრამ, სამაგიეროდ, დამატებითი ფულადი გადასახადები შეაწერეს. რუსეთის მეფის 1880 წლის 31 მაისის განჩინებით ათასობით აფხაზი იქნა გადასახლებული რუსეთის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ გუბერნიებში: მუჰაჯირთა ტალღამ მარტო აფხაზებში 50 ათასს მიაღწია. თითქმის მთლიანად დაცარიელდა ცენტრალური აფხაზეთი მდინარე კოდორიდან მდინარე ფსირცხამდე და ოდესღაც აფხაზებით დასახლებული მიწები თანამედროვე ადლერის, გაგრის, სოხუმის, გულრიფშის რაიონებში. მხოლოდ 1907 წელს, ნიკოლოზ II-მ აფხაზეთის თავად გიორგი შარვაშიძის თხოვნითა და მარია თეოდორეს ასულის შუამდგომლობით, აფხაზებს „დამნაშავე ხალხის“ სტატუსი ოფიციალურად მოუხსნა.[7][8]
ამ მოვლენებს გულისხმობდა გიორგი შერვაშიძე, როდესაც მან სიკვდილის წინა დღეს, 1918 წლის 18 თებერვალს წერილით მიმართა აფხაზ ხალხს, რომელშიც აკრიტიკებდა რუსეთს და ბოლშევიზმს. კერძოდ, იგი წერდა:
„ძმებო აფხაზებო! ჩვენი მამები, ბიძები და ძმები იბრძოდნენ, იტანჯებოდნენ და კვდებოდნენ სამშობლოს ღირსებისა და თავისუფლებისათვის. მათ ამაყ, თავისუფალ სულს არ შეეძლო და არ უნდოდა დამორჩილებოდა რუსული ხელისუფლების დამთრგუნველ ძალას; არ შეეძლო დაეშვა საუკუნეებით ნაკურთხი მათი წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების გათელვა და ისინი იარაღით ხელში აჯანყდნენ მაშინდელი ძლევამოსილი რუსეთის წინააღმდეგ. ბევრმა მათგანმა მშობლიური აფხაზეთისთვის ამ ბრძოლაში სიკვდილი მიიღო, ათასობით მათგანი იტანჯებოდა ცივ ციმბირში და რუსეთში, ხოლო ბევრი ათობით ათასი, უთანასწორო ბრძოლით სასოწარკვეთილი, თურქეთში წავიდა, მაგრამ მოძალადის წინაშე თავიანთი ამაყი, ღირსეული თავიები არ მოუდრეკიათ.[3]“
|
ბოლშევიკების შესახებ შარვაშიძე აგრძელებდა:
„დადიან მთელ რუსეთში და იქიდან კავკასიაშიც ადამიანები, რომელთაც ხალხთა ინტერესების დამცველად მოაქვთ თავი და ამიტომაც ქადაგებენ ყველა ადამიანის თანასწორობას ყველა უფლებებით, მათ შორის ქონებით, რაც არსად არ არის, მთელ დედამიწაზე და არც შეიძლება იყოს. ეს ადამიანები აღძრავენ ნაკლებად მდიდარ ხალხს უფრო მდიდრების წინააღმდეგ, მუშებს პატრონების წინააღმდეგ, ისეთ არეულობას ქმნიან საზოგადოებრივ ცხოვრებში, რომ ირღვევა ხალხთა მთელი ისტორიული წყობა. ...ეს მქადაგებლები იქამდე მიგვიყვანენ, რომ შვილი პატივს აღარ სცემს მშობლებს, ძმა ძმას წაეკიდება, მეზობელი მეზობელს მოიძულებს, არ იქნება არც უფროსი, არც უმცროსი, დაიკარგება წეს-ჩვეულებები, ზნეობა და ტრადიციები, რომლებითაც აფხაზებმა სახელი გაითქვეს, როგორც ყველაზე კეთილშობილმა, ღირსეულმა ხალხმა მთელ კავკასიაში; ...ხოლო ჩვენ, აფხაზები ავითქვიფებით სხვა ხალხებში და დავკარგავთ ჩვენ ქვეყანას. აი, რა გველოდება! და ვინ არიან ეს მქადაგებლები? წიგნის ბიჭ-ბუჭები, რომლებიც არად დაგიდევენ თავისი ხალხის არც ისტორიას და კულტურას, არც კანონებს, რომლებზედაც მთელი სამყარო დგას და უნდათ იმის დამკვიდრება, რაც რამდენიმე წიგნში ამოიკთხეს და რასაც არავითარი ნიადაგი არ აქვს ჩვენ ქვეყანაში.[3]“
|
გიორგი შარვაშიძის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე თვეში აფხაზმა კომუნისტმა ეფრემ ეშბამ სოხუმში ბოლშევიკური სამხედრო კომიტეტი ჩამოაყალიბა.[9] შარვაშიძის სიკვდილისწინა მიმართვა აფხაზი ხალხისადმი დაგვიანებული აღმოჩნდა.
ბოლშევიზმი და სოციალიზმი გაკრიტიკებულია ასევე შარვაშიძის სხვა წერილშიც, სათაურით – "სოციალიზმი საქართველოში" (დაიბეჭდა გაზეთში – "საქართველო", 25–29 ივნისი, 1917), სადაც ის საქართველოს, ივერიას "ჩვენ სამშობლოს" უწოდებს.[10]
გიორგი შარვაშიძე — საქართველო და ქართული კულტურა
გიორგი შარვაშიძე იყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, სერგი მესხის და სხვათა თანამოაზრე. მათ ყველა ეროვნულ საქმეში გვერდით ედგა, მათთან ერთად იღვწოდა საერთო ეროვნული შეგნების, მშობლიური ენისა და კულტურის განვითარებისათვის. მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს საზოგადოებრივ და ლიტერატურულ ცხოვრებაში.
1870-იანი წლებიდან მისი ლექსები, პუბლიცისტური წერილები და პოემები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. აქტიურად მოღვაწეობდა თეატრალურ სფეროში. თბილისში იდგმებოდა მისი პიესები, აქვეყნებდა თეატრალურ რეცენზიებს, რითიც დიდი ამაგი დასდო ქართული ეროვნული თეატრალური კულტურის განვითარებას. გიორგი შარვაშიძე ზედმიწევნით ღრმად იცნობდა ქართულ ლიტერატურას და თვითონაც წერდა შესანიშნავ ლექსებს ქართულ ენაზე.[11]
ცნობილია გიორგი შარვაშიძის წერილი გერმანული გაზეთის – Вегlinег Таgeblatt–ის რედაქციის მისამართით, ქართველი და აფხაზი ხალხების ღირსების დასაცავად. კერძოდ, წერილში აღნიშნულია:
„დიახ, ჩვენ ჩამოვრჩით ცივილიზაციას, არ გვყავს არც სუტენიორები, არც შანტაჟისტები, არც აფრიკელი საქმოსნები და ა. შ. და ბ–ნი ლორენცი მეტად რომ ჩაწვდომოდა ყოფით მხარეებს, ის გაიგებდა ამას და ბევრ სხვასაც; რომ ქართველები – რაინდები, რომლებიც ჯვაროსნულ ლაშქრობაში მიდიოდნენ პირველქრისტიანობის დასაცავად, შიშველი ხმლებით იდგნენ კავკასიის კარიბჭესთან 15 საუკუნის განმავლობაში არა იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებში შეჭრილიყვნენ და სხვისი ქონება მიეტაცათ, არამედ მამულის დასაცავად, ქრისტიანული კულტურის და სამოქალაქო ყოფის დასაცავად; გაიგებდა ასევე, რომ ქართველებს აქვთ უმდიდრესი ძველი ეპიკური ლიტერატურა, რომელიც მსოფლიო თხზულებებს ედრება; გაიგებდა, რომ ქართველ მეფეთა იერარქიაში და ხალხში გვხვდება არაჩვეულებრივი გმირებისა და გენიალური სიბრძნის ადამიანთა სახელები და ა. შ. და ა. შ.[12]“
|
გიორგი შარვაშიძე საქართველოს "ჩვენ სამშობლოს ივერიას" უწოდებდა და მისი კულტურის თავგამოდებული დამცველი იყო. მის ამ განწყობას ნათლად ადასტურებს შემდეგი სიტყვებიც:
„...ჩვენს სამშობლო ივერიას ყოველგვარი დიდი კულტურული განცდა გამოუვლია. მაგრამ ჩვენი წარსული ისეთ ჟამს გაშეშდა, რომ დაგვებნა ბუნებრივი ევოლუციის შარა და კანონი. დიაღ, ჩვენ შეგვიძლია თამამადაც ვთქვათ, რომ იღბალის უკუღმართობას ხელი არ შეეშალა, ევროპის წინათაც ვიქნებოდით ჩვენ დღეს; ვინაიდან როდესაც ანდრია მოციქული აქ ქრისტეს მცნებას გვიქადაგებდა, ევროპაში თვით დუკებსაც კამეჩის ტყავი ეცვათ ტანზე და ფეხშიშველა, შუბებით ხელში ნადირობდნენ ტყეებში...[13]“
|
გიორგი შარვაშიძის, როგორც ქართველი მოღვაწის, საქართველოზე, ქართულ ენაზე, მშობლიურ ქართულ მწერლობაზე მზრუნველი კაცის სახე არაჩვეულებრივად წარმოჩნდა მის პუბლიკაციაში: "ქართული ენის გარშემო" (1915). სტატიაში ის ქართული სამწიგნობრო ტრადიციების აქტიური დამცველის როლში გვევლინება. მას არ მოსწონს "სხვათა ენიდან უხეშად თარგმნა სიტყვისა და მიბაძვით გადმოლაგება სხვათა გონებრივი ვინაობისა". მისი აზრით, ეს "სამშობლო ენის გადაგვარებისადმი" მისწრაფების გამოხატულებაა. იგი მეტად შეწუხებულია, აგრეთვე, ქართულში უცხო სიტყვების უსისტემო მომრავლებით. მწერლის აზრით, უცხო სიტყვებსა და ტერმინებს "უნდა მივმართოთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მაშინ როცა დასტურ ქართულად არ ითქმება აზრისა შინაარსი... დიაღ, საჭიროა ვეცადოთ ჩვენს ენას შევსძინოთ, გავამდიდროთ და არა გადავაშენოთ, გარდავაგვაროთ".
გიორგი შარვაშიძის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ და კულტურულ-პოლიტიკურ თვითშეგნებას ნათლად წარმოაჩენს მისი გამოსვლა ე.წ. "აფხაზი ხალხის ყრილობაზე" 1917 წლის 8 ნოემბერს. ანტიქართულად განწყობილი აფხაზი ნაციონალისტი ლიდერების მიერ მოწვეულმა ამ თავყრილობამ აფხაზი ხალხის მომავალი ე.წ. "კავკასიის გაერთიანებულ მთიელთა კავშირს" დაუკავშირა. "ყრილობის" მკვეთრად გამოხატულმა ანტიქართულმა პათოსმა ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა პროტესტი გამოიწვია. გიორგი შარვაშიძემ აფხაზურ ენაზე მიმართა "ყრილობის" მონაწილეებს, აუხსნა მათ რუსეთში განვითარებული მოვლენების არსი, მიულოცა თავისუფლების მოახლოება და ქართველ ხალხთან მეგობრობისა და თანამშრომლობისაკენ მოუწოდა: "თქვენ თქვენს უფროს ძმებს მიჰყევით, მათთან ერთად იმოქმედეთ და იბრძოლეთ თავისუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად. ვიცი, ზოგიერთებს არ მოეწონებათ ჩემი ასეთი აზრი, რადგან ისინი მოსკოვისაკენ იყურებიან, მე კი – თბილისისაკენ. სხვა გზა არ არის და არც ყოფილა აროდეს აფხაზეთისათვის, გარდა საქართველოსთან მჭიდრო კავშირისა და მასთან ყოფნისა განუყრელად ჭირში და ლხინში". ამ განცხადების შემდეგ თანამოძმეთა ანტიქართული დემარშით გაწბილებულმა გიორგი შერვაშიძემ დატოვა დარბაზი და შემდგომ არც მობრუნებულა. ამ ამბიდან სულ რაღაც სამ თვეში - 1918 წლის 19 თებერვალს - საქართველო შეძრა სოხუმიდან მოსულმა ცნობამ, რომ დიდი მამულიშვილი გარდაიცვალა.[14]
ცნობილმა ქართველმა მოღვაწემ, სოხუმის ქალაქის თავმა ნიკო თავდგირიძემ გიორგი შარვაშიძის დაკრძალვაზე თქვა: „იმ აბხაზებმა, რომლების ღირსებას უცხოელები შენით პატივს ცემდნენ, რომლების თავისუფლებისათვის შენ შესწირე მთელი შენი დიდებული კარიერა, ყოველივე შენი ქონება, სიმდიდრე, შენი აქ ჩამოსვლა ვერც კი შეამჩნიეს... შენი აქ ყოფნით ვერ ისარგებლეს... შენდამი უყურადღებობა სწორედ დანაშაულება იყო... რა უსამართლობა, რა ირონია ცხოვრების: მთელი შენი მშვენიერი, მომხიბლავი ახალგაზრდობის ძალა, არა ჩვეულებრივი განსაკუთრებული უპირატესობით აღსავსე გარემოება მსხვერპლად შესწირე იმას, რომ შენს პატარა, მაგრამ შენთვის ცხოვრებაში ერთად-ერთ საფასურ-განძს - აბხაზეთს თავისუფლება მოვლინებოდა და შენ უკანასკნელი თავის ძალით, როგორც ბიბლიური სიმონი მიჰგებებოდი მას, მაგრამ შენმა საყვარელმა ხალხმა-აბხაზებმა გვერდი აგიხვია, ვერ შეგამჩნია შენ და იმ რუსის აღზრდა-აზროვნება-მიმართულებით გაჟღენთილ ადამიანებს მიჰყვა, რომელთან ბრძოლას შენი ხალხის დაჩაგვრისათვის მთელი შენი კაცთა შორის აღიარებული ბედნიერება შესწირე".[14]
აფხაზეთის ეპარქიის საკითხი
XIX საუკუნის 50-იან წლებში აღდგა აფხაზეთის საეპისკოპოსო, რომელსაც 1885 წლამდე განაგებდნენ ქართველი მღვდელმთავრები. 1885 წლიდან სოხუმის ეპარქიის სახელით აღმდგარ აფხაზეთის ეპარქიას ანტიქართული ორიენტაციის რუსი ეპისკოპოსები მართავდნენ. რუსეთის ხელისუფლების რეაქციული გეგმა აფხაზეთში ეროვნული დაპირისპირებისა და მტრობის გაღრმავებას ითვალისწინებდა. XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც რეალურად დადგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი, რუსეთის უწმიდესი სინოდისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ეპარქიის საქართველოდან ჩამოშორება განიზრახეს, - 1916 წელს აფხაზეთის ეპარქიის დედა ეკლესიიდან მოკვეთასა და მისი რუსეთის სინოდისადმი დაქვემდებარებას შეეცადნენ. აფხაზი პატრიოტებისა და სამღვდელოების თბილისში მეფისნაცვალთან ჩამოსულმა სპეციალურმა დეპუტაციამ პეტიცია წარმოადგინა, რომელშიც კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ სოხუმის ეპარქია, რომელიც მთელი წარსულით და აწმყოთი შესისხლხორცებულია საქართველოს ეკლესიასთან, არავითარ შემთხვევაში არ გამოყოფილიყო საქართველოს საეგზარქოსოდან. პეტიციის ტექსტის ავტორი გიორგი შარვაშიძე იყო.[15][16]
პეტიციის დანარჩენი მუხლები შემდეგნაირად იყო ფორმულირებული:
- სწავლა სკოლებში წარმოებდეს მშობლიურ ენაზე – ქართულად და აფხაზურად;
- სოხუმის ოლქი გამოიყოს ცალკე გუბერნიად და არასგზით არ იქნეს შეერთებული შავი ზღვის გუბერნიასთან;[17]
- თუ შეუძლებელია სოხუმის ოლქის ცალკე გუბერნიად გამოყოფა, მაშინ იგი შეურთდეს ქუთაისის გუბერნიას.[16]
შემოქმედება
გიორგი შარვაშიძე იყო პირველი ეროვნებით აფხაზი მწერალი, რომელიც უპირატესად წერდა ქართულად (შექმნილი აქვს რამდენიმე რუსულენოვანი თხზულებაც).[18]
1870-იანი წლებიდან გიორგი შარვაშიძის ლექსები, პუბლიცისტური წერილები, პოემები იბეჭდებოდა ქართული პრესაში (“დროება”, “ივერია”, “სამშობლო”, “თეატრი და ცხოვრება”). აქტიურად მოღვაწეობდა თეატრალურ სფეროში. 1881 წელს თბილისში დაიდგა მისი პიესა “მომაკვდავნი სურათნი”, 1915 წელს – “გიორგი მესამე”, აქვეყნებდა თეატრალურ რეცენზიებს.
გიორგი შარვაშიძე ზედმიწევნით ღრმად იცნობდა ქართულ ლიტერატურას და თვითონაც წერდა შესანიშნავ ლექსებს ქართულ ენაზე.[11] მისი პოეტური შედევრია "ვარადა" (აფხაზური მისამღერი), რომელსაც სიმონ ჯანაშიამ "უშინაგანესი ლირიკული მღელვარების პოეტური შენივთება" უწოდა:[14]
"განგებავ! ამას ნუ მიწყენ,
ვერ გადავგვარდე გვარადა,
ხანდისხან წავიღუღუნო
მამაპაპური ვარადა.
ესე ღუღუნი სიმღერა
არაა გასახარადა,
ისა ჰგავს დედის საფლავზე
ობლისა მოთქმას მწარადა...".
გიორგი შარვაშიძის, როგორც საქართველოს დიდი პატრიოტისა და მამულიშვილის ეროვნული სატკივარი გადმოცემულია ლექსში "პასუხი ვ.ო.", რომელიც მას ბათუმში დაუწერია. ამ ნაწარმოებით ავტორი გამოეხმაურა გაზეთ "დროებაში" (№1, 1883 წ.) გამოქვეყნებულ ვახტანგ ორბელიანის ლექსს - "ამერ-იმერს". "პასუხი ვ.ო." ცენზურის ზეწოლის გამო ვერ დაბეჭდა "დროებამ". გიორგი შარვაშიძე უერთდება მეგობარი პოეტის პატრიოტულ სულისკვეთებას და გულისტკივილით იგონებს იმ დროს, როდესაც საქართველო იყო ერთიანი:
"...დიაღ, მოგასწროს ის ბედნიერი
დღე, როცა ხალხში შეერთებული,
ძველებურათა ძველი ივერი
შეიქმნას მძლე და სახელ-ქებული
და საქართველოს ყოველ კუთხიდამ
ლხინის საყვირთა გვესმას ტკრციალი;
იმერთა მღერა მთისა ლიხიდამ,
ამერს დასძახდეს იარი-იალალი!..
დე, ნუღარ ვიყო მაშინ ცოცხალი
და ნუღარცა სცემს ტანჯული გული,
ეხლავ წინდაწინ ოცნებით მთვრალი
შენთან გახლავარ, ძმავ ალლა-ვერდი!"
გიორგი შარვაშიძე ძლიერ განიცდიდა, რომ ქართველობაში დაიკარგა ერთიანობის შეგრძნება, ქვეყანა მოიცვა შურმა და დაპირისპირებამ:
"რაღაც პაწია დასები, აზრები აჭრელებულნი,
ვაჰმე სად არი ქართველი ძველის ძველიდან ქებული".
1946 წელს ქ. სოხუმში გამოიცა გიორგი შარვაშიძის (შარვაშიძე) თხზულებათა კრებული სათაურით – "ლირიკა, ეპოსი, დრამა", ხოლო 2006 წელს ქ. ქუთაისში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული.
ოჯახი და შთამომავლობა
გიორგი შარვაშიძის მამა იყო აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი, უბრწყინვალესი თავადი მიხეილ შარვაშიძე (ხამუთ-ბეი). (დ. 1806 – გ. 1866); დედა – თავადის ასული ალექსანდრა (ცუცუ, კესარია) დადიანი. გიორგის გარდა მათ ჰყავდათ კიდევ ერთი ვაჟი – მიხეილ შარვაშიძე.
გიორგის მამის მხრიდან ჰყავდა ბიძები – კონსტანტინე და ალექსანდრე შარვაშიძეები.
გიორგი შარვაშიძე დაქორწინებული იყო ელენე (ელო) ერასტის ასულ ანდრიევსკაიაზე (1846 – 4 აპრილი, 1913). ელენეს მამა ერასტ სტეფანეს ძე ანდრიევსკი (Эраст Степанович Андриевский) იყო მედიცინის დოქტორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო საბჭოს წევრი, მოქმედი სახელმწიფო მრჩეველი (Действительный статский советник), გარდაიცვალა 1872 წლის 21 მარტს, ქ. ოდესაში; ელენეს დედა იყო ქართველი თავადის, გიორგი თუმანოვის (თუმანიშვილი) ასული ბარბარე (Варвара; გ. 1876 წ.).[19][20]
გიორგი შარვაშიძეს და ელენე ანდრიევსაკაიას პირდაპირი მემკვიდრე არ დარჩენიათ. დღეს საქართველოში მცხოვრები მისი გვერდითი შთამომავლები არიან ცნობილი საზოგადო მოღვაწე ბარბარე (ბაბო) დადიანი-მასხარაშვილი და თამარ (თათული) ღვინიაშვილი. თამარ ღვინიაშვილს მზად აქვს ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი მონოგრაფია თავის დიდ წინაპარზე.[21]
გიორგი შარვაშიძის საგვარეულო გერბი
გიორგი შარვაშიძის გერბი დამტკიცებულია რუსეთის იმპერატორის 1901 წლის 14 თებერვლის ბრძანებულებით და შეტანილია «Общий гербовник»–ის XVI ნაწილში პირველ ნომრად.
გერბის აღწერილობა: ცისფერ ფარში ორი ოქროსფერი ქუდი არის გამოსახული, რასაც ძველი ბერძნები უწოდებდნენ "პილოსს". მათგან თითოეულს ახლავს ოქროს რვადაბოლოებიანი ვარსკვლავი, რაც დიოსკურების – ბერძნული ლეგენდის მიხედვით, ზევსის ტყუპი ვაჟების ნიშანია. ფარი დაგვირგვინებულია თავადური გვირგვინის მუზარადით, სადაც შედის სირაქლემის სამი ბუმბული, რომლის კიდეები ოქროსფერია, შუათანა ბუმბული კი მოცისფროა. ფარი უპყრიათ ბიზანტიური ტიპის ოქროსფერ გრიფებს, ანუ ლომისტანიან და არწივისთავიან ურჩხულებს მეწამული თვალებითა და ენით. გერბი მორთულია მთავრის მანტიით და თავს ადგას მთავრის გვირგვინი.[22][23][24]
გერბი ამ რედაქციით რუსეთის იმპერატორის მიერ დამტკიცებულ იქნა 1901 წელს, პირადად გიორგი შარვაშიძისა და მისი საგვარეულოსთვის.
საინტერესო ფაქტები
- უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი საქართველოში ყოფნისას "ვეფხისტყაოსნის" ცოცხალ სურათებს (თბილისსა და ქუთაისში) დგამდა და იხატავდა მათ. მან გიორგი შარვაშიძის ნატურა გამოიყენა "ვეფხისტყაოსნის" გმირის, ავთანდილის, ხოლო სხვა წყაროთა მიხედვით, ტარიელის სახის შესაქმნელად. შემორჩენილია ორი ფოტო, რომელზედაც გიორგი შერვაშიძე ტარიელის ფორმაშია გამოწყობილი.[25]
- გიორგი შერვაშიძემ დააარსა უღირსი ადამიანებისთვის ხელის არჩამორთმევის საზოგადოება.[26]
- 1996 წელს სეპარატისტული აფხაზეთის ფოსტამ გამოუშვა საფოსტო მარკა "გიორგი შარვაშიძე". მარკაზე გამოსახულია გიორგი შარვაშიძის პორტრეტი და მისი სახლის ფასადი სოხუმში (არქიტექტორი ვილჰელმ-ფრანც კოვალსკი, 1905), რომელშიც სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა და გარდაიცვალა. პორტრეტს აქვს წარწერა რუსულ ენაზე: "უბრწყინვალესი თავადი გიორგი მიხეილის ძე ჩაჩბა-შარვაშიძე". მარკას საერთაშორისო ღირებულება არ აქვს.
- მოქვის ტაძარში დაკრძალული გიორგი შარვაშიძის (ისევე, როგორც მისი მამის, მიხეილის) საფლავზე ეპიტაფია ამოკვეთილია ქართული ასომთავრულით.[14]
- გიორგი შარვაშიძე თამადობის მოყვარული ყოფილა. ექვთიმე თაყაიშვილი იგონებს, რომ გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალებასთან (1896) დაკავშირებით ქუთაისში მოწყობილა სულის მოსახსენიებელი სუფრა, რომლის თამადა გიორგი შარვაშიძე იყო. სუფრასთან ილია რომ გამოჩენილა, თავის მხლებლებითურთ, უკვე ყველანი შემთვრალიყვნენ და მალიმალ გალობდნენ საეკლესიო ჰანგს: “განუსვენე, უფალო, სულსა მიცვალებულისა მონისა შენისასაო”. სტუმრების დანახვისას ყველანი წამოდგნენ და შარვაშიძემ წამოიძახა: “ო-ო-ო, ილია გრიგორიჩ! რა სასიამოვნო სტუმარია! აბა, ახლა სუფრაო!” პირველად ილიას სადღეგრძელო შესვეს. კაი გვარიანი ჭიქები ყოფილა, ხუთ-ხუთი ჭიქა ერთ თეფშზე. სუფრის ერთ-ერთ წევრს სადღეგრძელო არ შეუსვამს, რაზეც გიორგი შარვაშიძეს მკვახედ მიუმართავს: “ასე, თქვენ არასოდეს არ გვიჭერთ მხარს საზოგადო საქმეებშიო”. როდესაც ილიას სუფრის ერთი წევრის სადღეგრძელოღა დარჩა დაულეველი, უთხრეს, მიირთვიო. ილიამ უპასუხა: “დიდი სიამოვნებით გიახლებით, მაგრამ გულს მაკლია, რომ პირველად დასალევი ხუთი ჭიქა არ შემისვამსო”. – “ა-ტა-ტა-ტა, ეგ როგორ მოხდა, ახლავე მოართვით ილიას ის ხუთი ჭიქაო!” – შეუძახია ღვინომოკიდებულ გიორგი შერვაშიძეს. მოართვეს ილიას “აცილებული” ხუთი ჭიქა და მასაც ნელ-ნელა, გემრიელად შეუსვამს.[27]
გიორგი შარვაშიძის აღმავალი გენეალოგია
16. მანუჩარ შარვაშიძე, აფხაზეთის მთავარი | ||||||||||||||||
8. ქელეშ ახმატ-ბეი, აფხაზეთის მთავარი | ||||||||||||||||
17. N.N. | ||||||||||||||||
4. გიორგი II შარვაშიძე, აფხაზეთის მთავარი | ||||||||||||||||
18. N. ლეიბა | ||||||||||||||||
9. N. ლეიბა | ||||||||||||||||
19. N.N. | ||||||||||||||||
2. მიხეილ I შარვაშიძე, აფხაზეთის მთავარი | ||||||||||||||||
20. ოტია დადიანი, სამეგრელოს მთავარი | ||||||||||||||||
10. კაცია II დადიანი, სამეგრელოს მთავარი | ||||||||||||||||
21. გულქან ერისთავი-რაჭველი | ||||||||||||||||
5. თამარ დადიანი | ||||||||||||||||
22. პაატა წულუკიძე | ||||||||||||||||
11. ანა წულუკიძე | ||||||||||||||||
23. N.N. | ||||||||||||||||
1. გიორგი შარვაშიძე | ||||||||||||||||
24. გიორგი დადიანი | ||||||||||||||||
12. ნიკოლოზ გიორგის ძე დადიანი | ||||||||||||||||
25. მარიამ აბაშიძე | ||||||||||||||||
6. გიორგი ნიკოლოზის ძე დადიანი | ||||||||||||||||
26. როსტომ ერისთავი-გურიელი | ||||||||||||||||
13. მარიამ ერისთავი-გურიელი | ||||||||||||||||
27. N.N. | ||||||||||||||||
3. ალექსანდრა დადიანი | ||||||||||||||||
28. გელა დადეშქელიანი | ||||||||||||||||
14. ისლამ დადეშქელიანი | ||||||||||||||||
29. N.N. | ||||||||||||||||
7. ბარბარე დადეშქელიანი | ||||||||||||||||
30. N.N. | ||||||||||||||||
15. N.N. | ||||||||||||||||
31. N.N. | ||||||||||||||||
ლიტერატურა
- არდაშელია ციალა, გოგებაშვილი ლაშქარი; "უბედური ქვეყნის ყმა" (აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის შვილის, პოეტ გიორგი შარვაშიძის შესახებ. ნაწყვეტი ისტორიულ-მხატვრული ნარკვევების წიგნიდან "დაშთომილ ვართ ყურესა ამას ქვეყნისას") // განთიადი, 1989, N1, გვ.259-267
- ბერიძე ვახტანგ, გიორგი შარვაშიძე (ცხოვრება და მოღვაწეობა) // ჯვარი ვაზისა, 1995, N1, გვ.59-61
- დადიანი-მასხარაშვილი ბაბო, ზოგი რამ გიორგი შარვაშიძის მოღვაწეობიდან, საბჭოთა ხელოვნება. 1972. N1. გვ.89-91
- ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები. თბილისი, 1990
- თავბერიძე ელგუჯა, უარი იმპერატორის ბოძებულ ტიტულზე, "ომეგა", 2003, N12(50), გვ.56-57
- “თეატრი და ცხოვრება”, №10. 1918
- ლეკიშვილი, ს. შარვაშიძის დაკარგული პიესა "კომლი უცოცხლოდ" // თეატრალური მოამბე. 1970. N3. გვ.15-17
- ლეკიშვილი ს. გიორგი შარვაშიძე. დოკუმენტური მასალები. საქართველოს მოამბე, №31-32, თბილისი, 1975
- ლორთქიფანიძე მარიამ, აფხაზები და აფხაზეთი, გამომცემლობა «განათლება», თბილისი, 1990
- მიქაძე, გ. გიორგი შარვაშიძე თუ რუს-იმერელი? (ლექსების "ობოლი" და "ლომი" ავტორის დადგენის ცდა), // მოამბე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, 1963, N4, გვ.201-203
- პავლიაშვილი ქეთევან, ზეიმით აღინიშნა (თბილისის სახ. უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის მიერ საზოგადო მოღვაწის გ. შარვაშიძის დაბადებიდან 150 წლისთვის იუბილეს აღნიშვნაზე) // რიწა, 1996, N1-2, გვ.117-119
- პაპასქირი ზ. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან. ნაკვ. I. უძველესი დროიდან 1917 წლამდე. თბილისი, 2004
- სონღულაშვილი ავთანდილ, აფხაზი თუ აფსუა? // გამომცემლობა “უნივერსალი”, თბ., 2007
- შარვაშიძე გ. ლირიკა, ეპოსი, დრამა. სოხუმი, 1946
- შარვაშიძე გ. თხზულებანი ორ ტომად. ტ. I, ქუთაისი, 2006
- შარვაშიძე გ. თხზულებანი ორ ტომად. ტ. II, ქუთაისი, 2006
- შარვაშიძე გ. ქართული ენის გარშემო. საქართველო. №169, 1915
- შარვაშიძე გ. სოციალიზმი და საქართველო. საქართველო. №137-140, 1917
- ჭურღულია ოთარ, გიორგი მიხეილის-ძე შარვაშიძე ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინის "ღალატის" შესახებ // რიწა, 2005, N2, გვ.111-113
- ხარაძე, ე. გიორგი შარვაშიძე-ჩაჩბას თეატრალური ესთეტიკა // აფხაზეთის სახელმწიფო უნ-ტის შრომები, ტ. 6. 1988. გვ.19-25
- ხომერიკი ნორა, ბედნიერი წუთების გაცოცხლება (აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი გიორგი შარვაშიძე. მისი კულტურული მემკვიდრეობა-გადარჩენილი პირდაპირი შთამომავლის ბაბო დადიანის მიერ) // საქართველოს ქალი, 1989, N11, გვ.16-17
- ჯანაშია ს. გიორგი შარვაშიძე. კულტურულ-ისტორიული ნარკვევი. შრომები, ტ. VI, თბილისი, 1988
- ღვინიაშვილი თამარ, გიორგი შარვაშიძე, მნათობი. 2002. N7-8. გვ. 128-138
- Думин С.В., Гребельский П.Х. Дворянские роды Российской империи. Т. 4. Князья Царства Грузинского. М., 1998, С. 25
- Пайчадзе Г. Абхазия в составе Российской империи (1810-1917 гг) – Разыскания по истории Абхазии/Грузия, Тбилиси, 1999
- Письмо светлейшего князя Г. М. Шервашидзе, посланное им в ред. Газ. «Berliner Tageblatt». “Закавказская речь”, №146, 1911
- Чиковани Юрий, Род Абхазских князей Шервашидзе (Историко-генеалогическое исследование) // Тбилиси,"Универсал", 2007
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- გიორგი შარვაშიძე
- მარიამ ლორთქიფანიძე, აფხაზები და აფხაზეთი, გამომცემლობა «განათლება», თბილისი, 1990
- "სპეკალი", ზურაბ პაპასქირი, შარვაშიძეთა სამთავრო სახლის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურულ-პოლიტიკური იერ-სახის შესახებ
- სონღულაშვილი ავთანდილ, აფხაზი თუ აფსუა? (თავი: ვინ არის აფხაზი?) // გამომცემლობა “უნივერსალი”, თბ., 2007
- ბეჟან ხორავა, აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა, გამომცემლობა – არტანუჯი, თბ., 2004
- ბეჟან ხორავა, აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა
- Джемал Гамахария, Абхазия (краткая историческая справка)
- Юрий Чиковани, Род Абхазских князей Шервашидзе (Историко-генеалогическое исследование) // Тбилиси,"Универсал", 2007[მკვდარი ბმული]
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Юрий Чиковани, Род Абхазских князей Шервашидзе (Историко-генеалогическое исследование) // Тбилиси,"Универсал", 2007[მკვდარი ბმული]
- ↑ ბეჟან ხორავა, აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა, გამომცემლობა – არტანუჯი, თბ., 2004
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Георгий Михайлович Чачба /Шервашидзе/ /Абхазский госмузей, ф.3,оп.1, д.42, лл.1-1об./
- ↑ История Абхазии. "Странное" восстание 1866 года и князь Георгий
- ↑ Думин С. В., Гребельский П. Х. Дворянские роды Российской империи. Т. 4. Князья Царства Грузинского. М., 1998, С. 21
- ↑ Вилла Чеми. Забытые Натюрморты.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-10. ციტირების თარიღი: 2010-10-02.
- ↑ რუსეთ საქართველოს ურთიერთობები
- ↑ მარიამ ლორთქიფანიძე, აფხაზები და აფხაზეთი, გამომცემლობა «განათლება», თბილისი, 1990
- ↑ ქართულ–აფხაზური ურთიერთობები 1918–1921 წლებში (ინგლისური)
- ↑ Из статьи Г. Шервашидзе1 "Социализм в Грузии"
- ↑ 11.0 11.1 გოგი მაისურაძე, რუსეთის იმპერიული ენობრივი პოლიტიკის ზოგიერთი საკითხები აფხაზეთში და მისი შედეგები (ნაწილი I). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2010-10-02.
- ↑ Из письма светлейшего князя Г. М. Шервашидзе1 в редакцию немецкой газеты "Вегlinег Таgeblatt" в защиту чести грузинского и абхазского народов // Закавказская речь, 1911, 3 июля
- ↑ გიორგი შარვაშიძე, გაზეთი "საქართველო", 1917
- ↑ 14.0 14.1 14.2 14.3 "სპეკალი", ზურაბ პაპასქირი, შარვაშიძეთა სამთავრო სახლის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურულ-პოლიტიკური იერ-სახის შესახებ
- ↑ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია
- ↑ 16.0 16.1 აკაკი ბაქრაძე, აფხაზთა საკითხი (მეორე თავი), 1978 წელი
- ↑ შავი ზღვის გუბერნიაში შედიოდა სოჭის, ტუაფსეს და ნოვოროსიისკის ოლქები. ე,ი, ეჭირა დაახლოებით ის ტერიტორია, რასაც დღეს კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებს უწოდებენ.
- ↑ აფხაზური ენისა და ლულტურის ინსტიტუტი, აფხაზური ლიტერატურა
- ↑ Смерть г-жи Андреевской // Тифлисский вестник.— № 166, 171.
- ↑ Сергей РЕШЕТОВ, Лариса ИЖИК, Мария Фердинандовна Кич–Маразли и ее родственное окружение (Наркевичи, Кичи, Андреевские и Никитины). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-31. ციტირების თარიღი: 2010-10-02.
- ↑ საქართველოს რესპუბლიკა // "საქართველოს ხმა" აფხაზეთის გასაგონად
- ↑ ПОСЕМЕЙНЫЙ СПИСОКЪ лицамъ, принадлежащимъ къ княжескимъ и дворянскимъ родамъ ИМЕРЕТИИ // XVI ტომი, № 1, 1901 წლის 14 თებერვალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-25. ციტირების თარიღი: 2010-10-02.
- ↑ შარვაშიძეთა გერბზე ოქროსფერი ურჩხულები იყო გამოსახული // მანანა ნოზაძე // ინტერვიუ გიორგი ანჩაბაძესთან და იური ჩიქოვანთან[მკვდარი ბმული]
- ↑ ШЕРВАШИДЗЕ, российские светлейшие князья (ОГ, XVI, 1)
- ↑ Очерки из истории Грузии // Абхазияс древнейших времен до наших дней // Издательство ИНТЕЛЕКТИ, Тбилиси, 2009 ст. 433. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-04. ციტირების თარიღი: 2010-10-02.
- ↑ რადიო თავისუფლება // ბლოგი[მკვდარი ბმული]
- ↑ ექვთიმე თაყაიშვილი – გაბრიელ ეპისკოპოსი