აფხაზეთის ისტორია

აფხაზეთის ისტორია — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხის, აფხაზეთის, ისტორია, საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილი.

ერთ-ერთი დოლმენი ეშერადან (ამჟამად ინახება სოხუმის მუზეუმში)

წინარეანტიკური ხანა

რედაქტირება

ქვის ხანა

რედაქტირება

აფხაზეთი ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი არქეოლოგიურად დადასტურებულია ქვედა პალეოლითის პერიოდიდან. ამ პერიოდისაა იაშთხვის სადგომი და აღმოსავლეთ გუმისთის დოლმენები.[1][2][3][4] ქვის ხანის ძეგლების მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ს. ზამიატნინის[5][6], ბ. კუფტინის[7], ლ. სოლოვიოვის[8], ა. ლუკინის[9], ი. ვორონოვის[10], ვ. ბჟანიას[11], ნ. ბერძენიშვილის[12], ალ. კალანდაძის[13], ლ. წერეთლის, გ. გრიგოლიას, ლ. ქორქიას შრომები[14]. მათ მიუძღვით განსაკუთრებული წვლილი ძეგლთა გამოვლენის, გათხრისა და მეცნიერული განზოგადებისთვის.

იაშთხვის სადგომი განფენილია სოხუმის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში იაშთხვის მთის ფერდებსა და ძირში. ნასახლარის მთელი ტერიტორია (ფართობი 70 ჰა) მოფენილია კულტურული ნაშთებით. იარაღისთვის საჭირო ნედლეული, კარგი კლიმატი და მდებარეობა საუკეთესო პირობებს ქმნიდა პირველყოფილი ადამიანის განსახლებისთვის. იაშთხვის ფერდობები მოფენილია საწარმოო ნაშთებით, ანატკეცებით. მათთან ერთად ვხვდებით ნუკლეუსებს, უხეშ ლამელებს, წვეტანისებრ სახოკებს. იშვიათია ხელცული, დამზადებული ბიფასერი ტექნიკით, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ამ პერიოდის ძეგლებზე და ფაქტობრივად ძირითად სამეურნეო და საბრძოლო იარაღს წარმოადგენს. ჩვეულებრივ, იგი მოგრძო ოვალური, ზოგჯერ წაწვეტებული ფორმისაა. მონაპოვარი მასალა აშკარად აშელური ხანისაა, ზოგიერთ ნიმუშს ემჩნევა უფრო არქაული წინააშელური ნიშნები.

ქვედა პალეოლითური ძეგლები კავკასიაში სადღეისოდ საკმაოდ მრავალრიცხოვანია და თითქმის ყველა კლიმატურ ზოლშია ფიქსირებული, მათ შორის იაშთხვაში. ეს პერიოდი ძეგლების განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა. მარტო აფხაზეთის ტერიტორიაზე მუსტიეური იარაღ-ნაკეთობები 100-მდე პუნქტშია მოპოვებული. ისინი განლაგებულია ფაქტობრივად ყველა ვერტიკალურ ზოლში დაბლობიდან დაწყებული მაღალმთიანი ზონის ჩათვლით. მოსახლეობამ იმდენად მოიმატა, რომ საჭირო გახდა ახალი სასიცოცხლო ტერიტორიების ათვისება. გვიან აშელისა და ადრე მუსტიეს ხანაში ჰავა მკვეთრად შეიცვალა და მოსახლეობამ დატოვა მაღალმთიანი ზოლი. გვიანმუსტიეს ხანაში საკმაოდ დათბა და მოსახლეობა კვლავ დაუბრუნდა მთიან რეგიონს. განვითარებული და გვიანმუსტიეს მასალები ჩანს კოდორის ხეობაში სოფელ აჟარის ზემოთ, ფაქტობრივად ალპურ ზონაში მაშინ, როდესაც გალის, ოჩამჩირის, კელასურის, ბზიფის ეხის და სხვა ადრემუსტიეს და მომდევნო ხანის ძეგლები ძირითადად დაბლობ და მთისწინა ზოლშია განფენილი. მუსტიეს ხანის ძეგლები მრავლადაა გამოვლენილი სოჭის რეგიონში. აფხაზეთისგან განსხვავებით, აქ ღია სადგომები არ ჩანს და მუსტიეს კულტურა ფიქსირდება ნავალიშენის, ახშტირის, ვორონცოვის, ხოსტის და სხვა გამოქვაბულებში, რაც, შესაძლოა, კლიმატის გავლენით იყო გამოწვეული.

აფხაზეთის ძეგლებზე კრანიოლოგიური მასალა ფაქტობრივად არ არის, რაც აძნელებს მსჯელობას ანთროპოგენეზის პროცესებზე. ერთადერთი ხელმოსაჭიდი ამ თვალსაზრისით არის ახშტირის გამოქვაბულში გვიანმუსტიეს ფენაში ნაპოვნი ანთროპოლოგიური ნაშთები. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ახშტირის პალეოანთროპი ახლოს დგას თანამედროვე ადამიანის ტიპთან და განეკუთვნება ეგრეთ წოდებულ პალესტინელ ადამიანებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია თანამედროვე ადამიანის ზოგიერთი ნიშნები. პრიმიტიული იარაღის არსებობის პირობებში პირველყოფილი ადამიანები პატარა ჯგუფებად ცხოვრობდნენ და საკმაოდ მოძრაობდნენ საკვების მოსაპოვებლად. განვითარებული მუსტიეს პერიოდში კი აშკარად შეინიშნება მოსახლეობის რიცხვის მატება, პირველყოფილი საზოგადოების უადრეს საფეხურს საზოგადოებრივი ურთიერთობის თვალსაზრისით ბზარი უჩნდება და იქმნება გვაროვნული საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობა.

პალეოლითის დასაწყისში მთელი კავკასიის ტერიტორიაზე შეინიშნება კლიმატის მკვეთრი აცივება, რაც გარკვეულ გავლენას ახდენს მცენარეულ საფარზე და ცხოველთა სამყაროზე. ადამიანმა დატოვა მთიანი რეგიონი და დაიკავა უფრო თბილი, დაბლობი და ღრმა ხეობები. ამის გამო კულტურულ ფენებში მოპოვებული ძვლოვანი და მცენარეული ნაშთები ტიპურია ზედა ვიურმის გამყინვარების პერიოდისათვის. შეინიშნება მოსახლეობის კონცენტრაცია ორ ძირითად რეგიონში – რიონ-ყვირილას აუზსა და ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში. ეს ხანა უფრო ხანმოკლეა და გრძელდება დაახლოებით 25 ათასი წლის განმავლობაში. იცვლება ქვის დამუშავების ტექნიკა. ჩნდება სრულიად ახალი ფორმები – საფხეკები, საჭრისები, წვეტანები, მოგრძო ლამელები, ნუკლეუსები. განსაკუთრებით საყურადღებოა მიკროლითური გეომეტრიული ჩასართების და ძვლის დამუშავებული იარაღების გამოჩენის ფაქტი.

აფხაზეთის ტერიტორიაზე ზედაპალეოლითური მასალები ყველაზე სრულად სამ პუნქტშია შესწავლილი – აფიანჩა, სუფინიფშაჰვა (ცივი მღვიმე), ოქუმი. საინტერესო ძეგლები მიკვლეულია, სოჭი-ადლერის მხარის გამოქვაბულებში: ახშთირი, ნოვოლიშენი, ხოსტა, აწი და სხვა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ახშთირის გამოქვაბულის ზედაპალეოლითური ფენა რადიონახშირბადით 19 500±500 წ. არის დათარიღებული (კალიბრირებული მეთოდით თარიღი კიდევ უფრო აძველებს მას). სწორედ ეს ძეგლები ქმნიან ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის ზედაპალეოლითურ ძეგლთა რეგიონს. აფხაზეთის ძეგლებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სრულად შესწავლილია აფიანჩას გამოქვაბული[15]. კულტურულ ფენათა საერთო სიმძლავრე 16 მეტრს აღწევს. ადამიანი მასში დასახლებულა ზედა პალეოლითის ადრეულ ეტაპზე და ცხოვრობდა ნეოლითის ხანის ჩათვლით. აფიანჩას ზედაპალეოლითურ ფენებში (2 დონე) ყველა ზემოთნახსენები იარაღია მოპოვებული. განსაკუთრებით საყურადღებოა მიკროლითური იარაღების სიმრავლე და ნაირგვარობა. ამ ფენებში ჩნდება ძვლის ნაპრიალევი იარაღები: ნემსები, საკინძები, დანისებრი, ჰარპუნისებრი და სხვა.

მსგავსი მასალები მოპოვებულია მდინარე კოდორის და ამტყელის შესართავთან ცივი მღვიმის ორფენიან ეხში (ხუფინიფშაჰვა). განსაკუთრებით აღსანიშნავია ცხოველთა ძვლების ნაშთები. მათში გამოირჩევა გამოქვაბულის დათვი, კეთილშობილი ირემი, ტახი, ფრინველთა ნაირსახეობა. აშკარაა, რომ მონადირეობა ჯერ კიდევ მეურნეობის ძირითადი სახეობაა. შესაძლოა, გარკვეული წილი უკავია მეთევზეობასაც. ზედაპალეოლითი სოციალურად არ არის ის საზოგადოება, სადაც უკვე უნდა იყოს გამოყოფილი ბელადი ან წინამძღოლი. ეს პირველყოფილი გვაროვნული საზოგადოებაა ყოველგვარი დიფერენციაციის გარეშე.

მეზოლითი აღმოცენებულია ადგილობრივი ზედა პალეოლითის საფუძველზე. ამაზე აშკარად მიუთითებს ის გარემოება, რომ ზემოთხსენებულ რიგ ძეგლებზე (აფიანჩა, თეთრი მღვიმე, რიონყვირილას აუზი) მეზოლითი ზემოდან ადევს ზედა პალეოლითს[16]. მონაპოვარი მასალების ტიპოლოგიური ანალიზი აშკარად მიუთითებს თანდათანობითი განვითარების ევოლუციურ სურათს. ზედა პალეოლითში ჩასახული ქვის დამუშავების მიკროლითური ინდუსტრია თანდათან იხვეწება და სრულყოფილ სახეს ღებულობს. ადამიანი ჯერ კიდევ ძირითადად სახლობს გამოქვაბულში, თუმცა კლიმატის დათბობა შესაძლებლობას აძლევს, ბარისა და მთის რეგიონების ხელახალი ათვისება დაიწყოს. ამის გამო მეზოლითის ხანაში ფაქტობრივად ათვისებულია ყველა ლანდშაფტურ-კლიმატური ზოლი, თუმცა უპირატესობა კვლავ, რიონყვირილას აუზსა და აფხაზეთს უკავია. ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია და ნაწილობრივ შესწავლილი ისეთი პირველხარისხოვანი ძეგლები, როგორიცაა ქვაჩარა (ქვაბჩარა), ცივი მღვიმე, ჯამპალი, იაშთხვის ღია სადგომი და სხვა. მასალის შესწავლა საშუალებას იძლევა ამ ძეგლებში გამოიყოს ორი პერიოდი: ადრეული ეტაპი და მოგვიანო. დამახასიათებელია ადრეულ ეტაპზე მაკროლითური ტექნიკის შემდგომი აღმავლობა და გეომეტრიული ფორმების გაჩენა (სეგმენტი, ტრაპეცია, სამკუთხედი). ამასთანავე ჩნდება კომბინირებული იარაღები, რომლებსაც ამზადებდნენ ხისგან ან ცხოველის ძვლისგან. სპეციალურ ნაპრალში წებოვანი ნივთიერების გამოყენებით მაგრდებოდა ჩასართები, გეომეტრიული ფორმის მიკროლითები. ჩასართის დაზიანების შემთხვევაში იგი ადვილად იცვლებოდა და იარაღი ახლდებოდა. სავარაუდოა, რომ აღნიშნულ პერიოდში კომბინირებული იარაღი გამოიყენებოდა შემგროვებლურ მეურნეობაში მცენარეული საკვების მოპოვების დროს. არაა გამორიცხული მათი გამოყენება ცხოველური ნაწილების (მაგალითად, ტყავის) დამუშავების დროსაც.

მეზოლითის ადამიანის მეურნეობა მიმთვისებლური ხასიათისაა და დამყარებულია შემგროვებლობა-მონადირეობაზე, რაზეც მიუთითებს ზემოთაღნიშნული ძვლოვანი ნაშთები. მცენარეული საკვების მოპოვებაში, როგორც ჩანს, გამოიყენებოდა ძვლის წვერწამახული და ნამუშევარი თოხისებრი იარაღი. ეს გარემოება შეიძლება ჩაითვალოს მომპოვებელი მეურნეობის პრიმიტიულ, ჩანასახოვან სახედ. ამ თვალსაზრისით აფიანჩას (თანამედროვე გულრიფშის რაიონი) აღმოჩენებს არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ.

გარკვეული ძვრები მეურნეობის ხასიათში იწვევს ცვლილებებს საზოგადოების სოციალურ სფეროში. ამ პერიოდისთვის პირველყოფილ ადამიანთა ჯოგი, როგორც ერთეული, დაშლილი და გამქრალი ჩანს და საფუძველი ეყრება გვაროვნულ წყობილებას, მის უადრეს საფეხურს - ადრემატრიარქალურ გვარს. შესაძლებელია, ამავე პერიოდში ვივარაუდოთ ადრეტომობრივი გაერთიანებებიც. აშკარაა, რომ მოსახლეობა ხანგრძლივადაა დასახლებული ერთ ადგილზე, რაც საკმაოდ ორგანიზებული და მჭიდრო კავშირში მყოფი ერთეულების არსებობის გარეშე შეუძლებელია. პირველი ასეთი ორგანიზაცია კი მხოლოდ მატრიარქალურ პრინციპზე დამყარებული გვაროვნული თემი უნდა ყოფილიყო. ეს თემები ერთიანდებოდა ტომობრივ გაერთიანებებაში, რისი ჩანასახიც უკვე ზედა პალეოლითიდან შეინიშნება. სავარაუდოა ზედა პალეოლითის ხანაში საქართველოს შავიზღვისპირეთში რამდენიმე ტომობრივი გაერთიანების არსებობა. მონათესავე ტომები შემდგომში იფანტებიან მთელი დასავლეთ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე, რამაც გამოიწვია საერთოკავკასიური ერთიანი კულტურული ერთობის დაშლა, რისი ასახვა ლოკალური რეგიონების ჩასახვა უნდა იყოს. მატერიალური კულტურის ძირითადში ერთგვაროვანი ხასიათი თითქოს იმისკენ მიგვანიშნებს, რომ დასავლეთ ამიერკავკასიაში მოსახლე ტომებში საგრძნობი ეთნიკური ცვლილება არ მომხდარა. ფართო ტერიტორიაზე განსახლებას კი უნდა გამოეწვია ენობრივი ერთობის თანდათანობითი დაშლა. ეს პროცესი სწორედ პალეოლითის ბოლო და მეზოლითის ეტაპზე უნდა დაწყებულიყო.

ნეოლითი ანუ ახალი ქვის ხანა (ძვ.წ. IX-VI ათასწლეულები) საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ამ დროს ხდება ძირეული ძვრები მეურნეობის ხასიათში, როდესაც პალეოლითური მითვისებითი მეურნეობა მწარმოებლურ საფუძველზე გადადის. ნეოლითში ხდება წარმოებითი მეურნეობის ძირითადი სახეების – მიწათმოქმედების და მესაქონლეობის ჩასახვა-განვითარება. მეურნეობის ახალი ფორმების ჩამოყალიბებამ გამოიწვია დიდი ძვრები საზოგადოებრივ ურთიერთობათა თითქმის ყველა სფეროში. ადამიანი მკვიდრად უკავშირდება მიწას და მყარად სახლდება მასზე. ჩნდება სოფლის ტიპის დასახლებანი ხელოვნური საცხოვრისით. ჩნდება ახალი ტიპის იარაღები, ახალი ტექნიკური ჩვევები: გახეხვა-გაპრიალება, გახვრეტა, გახეხვა, მაკროლითური ტექნიკა. ამ ტექნიკით არის დამზადებული ნეოლითური ცულები, რომლებიც საკმაოდ ეფექტიანი და პროდუქტიული იარაღია და გვიან საფეხურზე ჩნდება. მწარმოებლური მეურნეობის გაჩენამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სახეობაზე მოახდინა გავლენა. სწორედ ამის გამო ამ მოვლენას „ნეოლითურ რევოლუციას“ უწოდებენ. ეკონომიკური რევოლუცია უნდა მომხდარიყო იქ, სადაც ამისთვის ხელსაყრელი პირობები არსებობდა. ამის გამო ნეოლითური კულტურა ყველგან ერთდროულად არ ჩამოყალიბებულა. ამ თვალსაზრისით ყველაზე მომზადებული წინააზიური რეგიონი აღმოჩნდა, რომელშიც ექცევა დასავლეთ ამიერკავკასია აფხაზეთის ჩათვლით. ნეოლითური კულტურის ფორმირება აქ მოხდა ადგილობრივი მეზოლითის ევოლუციური განვითარების შედეგად, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანს ქვის მიკროლითურ ტექნიკაში.

აფხაზეთის ტერიტორიაზე ნეოლითური ძეგლები რამდენიმე პუნქტშია დაფიქსირებული[17][18][19][20][21]. ყველაზე ადრეული ჩანს ღუმურიშის ნასახლარი, რომელიც „უკერამიკო ნეოლითურ“ ძეგლთა რიგს უნდა მიეკუთვნოს. ქრონოლოგიურად მასთან ყველაზე ახლოს დგას გალი I-ის ნასახლარი, შემდგომ მოდის ლემსა, კისტრიკ-ჩხორთოლი, ათარა.

ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანები

რედაქტირება

ენეოლითის ძეგლები კარგადაა წარმოდგენილი აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ არცერთი მათგანი ბოლომდე არ არის გათხრილი, რაც ძალიან აძნელებს მისი ნასახლარების, მშენებლობის ტექნიკისა და სხვა სამეურნეო მნიშვნელობის ფაქტების სრულად დადგენას[22]. ადრესამიწათმოქმედო ხანის ძეგლები (ენეოლითი) აფხაზეთის ტერიტორიაზე დასახლების ორი ტიპით არის წარმოდგენილი: ღია სადგომები და მღვიმე-ნაბინავარი. აფხაზეთის ენეოლითური ძეგლები ძირითადად ერთგვაროვან მასალას შეიცავს: ქვა, ძვალი, თიხის ჭურჭელი; ამ ეპოქაში გამოჩენას იწყებს ლითონის პირველი ნივთები, რომლებიც თვითნაბადი სპილენძისაგანაა დამზადებული ცივი გამოჭედვის გზით.

აფხაზეთის ენეოლითური კულტურა გენეტიკურად უკავშირდება წინამორბედ ნეოლითის ხანას. ნეოლითური კულტურის ტრადიციების გაგრძელება-განვითარება მკაფიოდაა გამოსახული ისეთ წამყვან ელემენტებში, როგორიცაა დასახლების ტიპი, მეურნეობის სახეობანი, ქვის ინდუსტრია, კერამიკული ნაწარმი და შემკულობა. ენეოლითის ხანაში დასახლების ორი ტიპი დგინდება: მღვიმეები და ღია ნასახლარები. მღვიმეებს მიეკუთვნებაა: ოქუმი[23], ვორონცოვის მღვიმის ფარდული „ოჩაჟნი“[24], ახშთირი. ღია ნასახლარებია: ფსოუ ათარა[25], მაჭარა[26], გვანდრა[27] და სხვ. ნასახლარებზე მყარი ნაგებობის ნაშთი აღმოჩენილი არ ყოფილა, თუმცა გამთხრელები ვარაუდობენ, მაჭარასა და გვანდრაზე მიწურები და ნახევრადმიწურები უნდა ყოფილიყო, რომელთა ზედა ნაწილი სარ-ლასტზე მოწნული და ხშირად თიხით შელესილი „ფაცხისებური“ ტიპისა უნდა ყოფილიყო.

ნასახლარებზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ძირითადად ერთგვაროვანია. ესაა ქვა, კაჟი, კერამიკა. იშვიათია ძვლისა და რქის ნივთები. მასალა თავმოყრილი იყო სავარაუდო საცხოვრებელთა იატაკებზე, ან ქვით შემოწყობილი ნაცროვანი ორმოების (კერების) გარშემო. ქვის იარაღების ტიპოლოგიურ-მორფოლოგიური ანალიზი აშკარად ადასტურებს, რომ ინდუსტრია ძლიერი ნეოლითური ტრადიციების კვალს ატარებს. ფართოდ იხმარება რიყის ქვის, ბაზალტის, სერპანტინის და ქვის სხვა ჯიშებისაგან დამზადებული იარაღები. განსაკუთრებით აღსანიშნავია რიყის ქვის გახეხილ-გაპრიალებული ცალპირლესილი და სოლისებური ცულები, სათლელები, სატეხები და სხვ. ნეოლითშივე იწყებს გამოჩენას ქვის იარაღების დამუშავების ახალი ტექნიკა – ატკეცვა და მოკოდვა, რომლებიც ენეოლითსა და შემდეგ ადრებრინჯაოს ხანაში ვითარდება და უნივერსალურ ხასიათს იღებს.

ატკეცვა-მოკოდვითაა დამზადებული ენეოლითური იარაღების უმრავლესობა: ცულები, სატეხები, სათლელები, თოხები, „პიკის“ ტიპის იარაღები. ფართო ხმარებაში იყო სიბრტყით გაპობილი რიყის ქვები, რომელთა ნაპირების დამატებით ჩამოტეხისა და წამახვილების შედეგად ისინი გამოიყენებოდა საფხეკებად, საჭრისებად და სხვ. ქვის ინდუსტრიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქვის თოხებს, ე. წ. სოჭი-ადლერის ტიპის თოხები სოჭი-ადლერის რეგიონის ძეგლებს ახასიათებს. ხოლო სოხუმის რეგიონში კი თოხები განსხვავებული ფორმისაა და მათ „სოხუმის ტიპის“ თოხებს უწოდებენ. თოხის ეს ორივე ტიპი ადრე ბრინჯაოს ხანაში განაგრძობს არსებობას.

კაჟის იარაღები უმნიშვნელოდაა წარმოდგენილი. ესაა ანატკეცები და უხეში ლამელები რეტუშის გარეშე, ზოგჯერ ნამუშევრობის კვალით. გამონაკლისს წარმოადგენს ოქუმის და ახშთირის მღვიმეები. აქ ნაპოვნია გეომეტრიული მიკროლითები, ტრაპეციები და სეგმენტები; ასეთივე კომპლექსითაა კაჟის იარაღები წარმოდგენილი ახშთირის მღვიმეში. ნეოლითური ტრადიციები თავს იჩენს კერამიკულ ნაწარმშიც. თიხის შემადგენლობა, ფორმები და ორნამენტი ამის აშკარა საბუთია.

კაჟის ორმხრივ დამუშავებული ისრისა და შუბისპირების სიმრავლით გამოირჩევა ფარდული „ოჩაჟნი“. ზემოთაღნიშნული იარაღები მიგვითიებენ, რომ მღვიმეთა ენეოლითური კულტურული ფენები ამავდროულ ღია ნასახლარებზე (მაჭარა, გუანდრა) უფრო ადრეულებია. ამას მოწმობს არა მარტო კაჟის ინდუსტრიის დეგრადაცია, არამედ კერამიკული პროდუქციაც. აფხაზეთის ენეოლითური ძეგლების ასაკის განსაზღვრისათვის არსებობს ერთი თარიღი ჩ14 მაჭარის ნასახლარის ძირა IV ფენიდან 3810±90, მაგრამ შესწორებული, კალიბრებული დათარიღებით ეს კულტურა უკვე ძვ. წ. V ათასწლეულში გადადის.

ქვისა და კაჟის იარაღების მორფოლოგიური ანალიზი ცხადყოფს რომ სხვადასხვა ჯგუფების ნასახლარებზე მეურნეობის განსხვავებული ხასიათი ფიქსირდება. ღია ტერასულ ნასახლარებზე (მაჭარა, გვანდრა, ფსოუ, გვადიხუ) „პიკის“ ტიპის წერაქვისებური იარაღების სიჭარბე სამიწათმოქმედო საქმიანობასთანაა დაკავშირებული. მიწათმოქმედებას უკავშირდება ასევე „სოხუმისა“ და „სოჭი-ადლერის“ ტიპის თოხები და ხელსაფქვავები. ამავე ძეგლებზე ნანახი ქვის მრგვალი ან ოვალური ფორმის ბადის საწაფები მეთევზეობის მნიშვნელოვან როლზე მიგვითითებს. მღვიმურ ნასახლარებზე (ოქუმი, ოჩაჟნი, ახშთირი) სამიწათმოქმედო ხასიათის იარაღები არ ჩანს. „ოჩაჟნისა“ და ახშთირში ისრისა და შუბისპირების არსებობა ადასტურებს, რომ ამ ძეგლების მეურნეობაში მნიშვნელოვანი ადგილი მონადირეობას ეჭირა.

აფხაზეთის ენეოლითური მასალები, ქვის იარაღები და განსაკუთრებით თოხები ახლო მსგავსებას პოულობენ წინა აზიის ძეგლებში (ხასუნა, სიალკი, ჯემდეთ-ნასრი, სუზა და სხვ.). ეს მასალები მჭიდრო კავშირს ავლენენ აგრეთვე რიონ-ყვირილას აუზის მღვიმეების თანადროულ მასალებთან. დასავლეთ ამიერკავკასიის ამ ორივე რეგიონის მასალები კულტურის მთელი რიგი წამყვანი ელემენტებით გარკვეულ ურთიერთობაშია ჩრდილოეთ კავკასიის – ყუბანისპირეთის ცნობილ ადრემაიკოპურ კულტურასთან[28]. ენეოლითური კულტურის უშუალო მემკვიდრეა ბრინჯაოს ხანა, რომელიც ადრე, შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანად იყოფა.

IV ათასწლეულის ბოლოსათვის მთელი დასავლეთ ამიერკავკასიის მოსახლეობის ცხოვრებაში თავს იჩენს პროგრესული ცვლილებანი, რომლებიც ისტორიული განვითარებით იყო განპირობებული. მთელი მომდევნო ათასწლეულის მანძილზე ეს ცვლილებები მატულობს. მიწათმოქმედების ინტენსიფიკაცია, მესაქონლეობის ახალი ფორმები, ხელოსნობის, პირველ რიგში მეტალურგიის განვითარება, განაპირობებდნენ საწარმოო ძალების შემდგომ განვითარებას და ახალ საწარმოო ურთიერთობებს, რომლებიც ასახვას პოულობდა მატერიალურ კულტურაში.

მიწათმოქმედებამ და მესაქონლეობამ მაღალგანვითარებულ მეტალურგიასთან ერთად შექმნა ახალი ეკონომიკის მყარი საფუძველი, რომელმაც თავის მხრივ გამოიწვია მნიშვნელოვანი სოციალური ძვრები საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ დროისათვის საბოლოოდ მთავრდება დასავლეთ ამიერკავკასიის, მათ შორის აფხაზეთის, მთელი ტერიტორიის ათვისება. თუმცა ბუნებრივია, რომ კულტურული ფენები ყველა ძეგლზე ერთნაირი სიძლიერით არ არის წარმოდგენილი. მღვიმე-ნასახლარებზე ადრებრინჯაო-ენეოლითის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს (ვორონცოვის მღვიმე, ზღვისპირა და მდინარისპირა ტერასებზე განლაგებული ნასახლარები მაჭარა, გვანდრა). კულტურული ფენები უფრო ინტენსიურად ჩანს ბუნებრივი შემაღლებების ფერდობებზე და ხელოვნურ გორა-ნამოსახლარებზე (ოჩამჩირე).

მადანი აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მოჰქონდა მდინარე ბზიფის ზედა წელზე არსებული სპილენძის საბადოებიდან. ბაშკაფსარის სპილენძის საბადოებზე დადასტურებულია როგორც ღია გამონამუშევრები, ასევე შახტები და შტოლნები, რომლებიც ფუნქციონირებდნენ ძვ. წ. III ათასწლეულიდან ძვ. წ. VIII საუკუნემდე.

ადრებრინჯაოს ადრეულ საფეხურზე საცხოვრებლად ისევ გამოიყენება კარსტული გამოქვაბულები (ვორონცოვის მღვიმის „კოლოკოლნი“ და „ზალოჟენი“ გროტები)[29]; ამ მღვიმეებში თიხატკეპნილი იატაკების ნაშთებიცაა შემორჩენილი, რომლებშიც ზოგჯერ კერებია ჩალესილი. ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის ზღვისპირა ნასახლარებზე - მაჭარასა[30] და გვანდრაზე მიწურები და ნახევარმიწურები გვხვდება. ისინი მრგვალგეგმიანი ან ოთხკუთხა ძირბრტყელი ორმოებია, რომელთაც გარშემო სარების ჩასამაგრებელი ორმოები შემოუყვება. ვარაუდობენ, რომ ხის კარკასები ლერწმის ტიპის სპეციალური მცენარით იყო შემოწნული. მთელი ეს კონსტრუქცია შემდეგ შიდა და გარე მხრიდან თიხით იყო შემოლესილი. სათავსოების ასაგებად მოედნები წინასწარ იყო მომზადებულ-მოტკეპნილი[31].

სულ სხვა სურათია განვითარებული ფინალური ეტაპის ძეგლებზე, გორა-ნასახლარებზე. ისინი დაბალი ხელოვნური ან ბუნებრივი გორაკებია, რომელთაც გარშემო სადრენაჟო თხრილები უვლის. ასეთი ბორცვები საკმაოდ ახლო-ახლოსაა განლაგებული და ერთმანეთს თხრილებით უკავშირდებიან (ოჩამჩირე, ფიჩორი).

აფხაზეთის ადრებრინჯაოს პირველი ძეგლი აღმოჩენილ იქნა ოჩამჩირის რაიონში მდინარე ჯუყმურის ზღვასთან შერთვის ადგილას. 3 ნასახლარი ბორცვიდან ერთ-ერთზე — დასავლეთის ბორცვზე (მ. ივაშჩენკო, ლ. სოლოვიოვი[32][33], ბ. კუფტინი[34]) ნასახლარი ფენა ზღვის დონეზე დაბლა ჩადიოდა. დაფიქსირდა რიყის ქვით მოკენჭილი თიხით გადალესილი მოედნები, რომლებზეც მოწნული და თიხით შელესილი „ფაცხის“ ტიპის ნაგებობები იდგა.

მეორე ძეგლზე, გუმისთაში (სოხუმის რაიონი) ნაგებობის არანაირი კვალი არ აღმოჩენილა. აქვე გაითხარა ყორღანი, სადაც მიცვალებულები მოკრუნჩხულ მდგომარეობაში გვერდზე იყვნენ დასვენებულნი[35].

ოჩამჩირესა და გუმისთის ნასახლარებზე მოპოვებული მასალა — კერამიკა და ქვის იარაღები სავსებით იდენტურია ამავე დროისა და ასეთივე ტიპის კერამიკული თუ ქვის მასალებისა. ადრებრინჯაოს კულტურას მისი პირველი აღმოჩენის პუნქტის მიხედვით ოჩამჩირული კულტურა უწოდეს და ასეა ცნობილი ლიტერატურაში. მაგრამ ამავე ეპოქას „პროტოკოლხურ კულტურასაც“ უწოდებენ[36][37]. ამ ბოლო დროს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ყველა ამ პერიოდის ძეგლთა შესწავლამ ნათელყო, რომ ერთგვაროვანი ადრებრინჯაოს კულტურა მთელ სანაპირო ზოლსა და ბორცვოვან ზოლზეც ვრცელდება, ამიტომ ლიტერატურაში შეხვდებით ტერმინს „კოლხეთის ადრებრინჯაოს ხანის კულტურა“[38], რომელშიც ძირითადი ერთგვარონების მიუხედავად სამი ლოკალური რეგიონი გამოიყოფა: ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთი (აფხაზეთი), ცენტრალური კოლხეთი და სამხრეთ-დასავლეთ კოლხეთი (აჭარა-გურია). ადრებრინჯაოს ხანის ნასახლარებს შორის განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ფიჩორის ნასახლარმა (გალის რ-ნი). იგი შეიძლება ეტალონურად ჩაითვალოს, რადგან ცენტრალურ ბორცვზე დაფიქსირდა 8 კულტურული ფენა: ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარი - ძვ. წ. III ს. დასაწყისი, აქედან ადრებრინჯაოს VII და VIII ფენები განეკუთვნება. სისქით 3 მ. ქვედა მე-8 ფენაში დაფიქსირდა ხიმინჯებზე დაყრდნობილი ხის ბაქნიანი სათავსოების ნაშთები, რომელთა იატაკები თიხით იყო მოლესილი. წნელის ანაბეჭდიანი ბათქაშების მიხედვით კედლები მოწნული და თიხით შელესილი უნდა ყოფილიყო. ნასახლარის მე-8 ფენაშივე აღმოჩნდა „საკულტო“ სათავსო, რომლის იატაკზე კერის გარშემო თავმოყრილი იყო მრავალგვარი თიხის ჭურჭელი, ქვის იარაღები, ხის სახნისები, ლითონის ნივთები და თიხის ორსაგდულიანი 60 ყალიბი.

აფხაზეთის ადრებრინჯაოს ხანის კულტურა ენეოლითის მემკვიდრეა. ქვის ინდუსტრიას ძლიერი ენეოლითური ტრადიციები ეტყობა: რიყის ქვის იარაღები ატკეცვისა და მოკოდვის გზით არის დამზადებული.

კაჟის წარმოება დაცემულია, ნუკლეუსები ამორფულია, ამორფულია ანატკეცთა უმრავლესობაც. ლამელები არ არის. საფხეკები, საჭრისები და სახოკებიც ძალზე მცირე და ატიპურია. კაჟის ისრისწვერი სულ სამია; სამივე ასიმეტრიული, ფრთებდაშვებული, ერთი მათგანი ყუნწიანია. ასეთი ფორმისაა ხელშუბისპირებიც. საყურადღებო ფაქტია ნასახლარზე კაჟის ნამგლისპირების არსებობა, რომლებიც ორმხრივ დამუშავებულია, გვერდებდაკბილული.

ჭურჭელთა უმეტესობა ხელით ნაძერწია. თიხის ცომს ურევია კალციტი, შამოტი, ქარსი, კირი, კვარცი; გამომწვარია მურა-მოვარდისფროდ, მურა-მოწითალოდ, ლეგა და მოყავისფროდ; ფორმებია: ქილები, ქოთნები, დერგები, ჯამები, კოჭბის ტიპის და კასრისებური ჭურჭლები. უმრავლესობას ზედაპირზე ნაფოტით მოსწორებული პარალელური ზოლები ეტყობა. ფუნქციურად ისინი სამზარეულო და სამეურნეო (სანოვაგისა და სითხის შესანახ) ჭურჭლებს წარმოადგენდნენ.

ყური ჭურჭლის ყველა ტიპს ახასიათებს. უპირატესია პირსა და მხარზე დამაგრებული ყურები, განსაკუთრებით დიდი ზომის ჭურჭელზე (ქოთანი) და ჯამ-ფიალებზე. დანარჩენებს ყური ყელსა და ტანზე აქვთ მიძერწილი. შემკულობის ყველაზე გავრცელებულ სახეობას სხვადასხვა ფორმის შვერილ-კოპები წარმოადგენს: ძუძუსებური, ქიმისებური, მოგრძო, ოვალური, უნაგირისებური, ჯიბისებური, ყელზე ან მხარზე დაძერწილი რელიეფური სარტყელი.

ფიჩორის და ოჩამჩირის ნასახლარებზე ამ ზემოთ აღწერილი ტრადიციული კერამიკის გვერდით არის მისგან სრულიად განსხვავებული თხელი, განლექილი თიხისაგან ნაძერწი, მუქი პრიალა ზედაპირიანი თიხის ჭურჭელი, რომელიც ადგილობრივი არ არის და უკავშირდება აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულ ადრეყორღანულ კულტურაში (თრიალეთი, ბედენი) ცნობილ ნაწარმს.

ადრებრინჯაოს ასაკს განსაზღვრავს ფიჩორის ნასახლარის მე-8 ფენის ჩ-14 თარიღი 2290±60, რომელიც კალიბრების შემდეგ ძვ. წ. III ათასწლეულის I ნახევრამდე ჩადის.

ამ პერიოდში მაღალ განვითარებას აღწევს მიწათმოქმედება. მიწის დამუშავება ხდება უკვე ხის სახნისის საშუალებით. ფიჩორაში აღმოჩენილია ხის ორი სხვადასხვა ტიპის სახვნელი; ესეიგი მიწათმოქმედება უკვე გუთნურ ხასიათს იღებს, რაც თავისთავად გულისხმობს გამწევი ძალის გამოყენებას. ამის დადასტურებაა მთელ ამიერკავკასიაში ამ დროს გავრცელებული ხარის ფიგურები, რომელთა ნაწილი კისერთან გახვრეტილია. ამავე პერიოდს უკავშირდება ბორბლისა და საზიდარი ტრანსპორტის გაჩენა.

ფიჩორის ნასახლარზე დიდი რაოდენობით აღმოჩნდა კულტურული მარცვლეულის ნაშთები: ხორბალი, ქერი, შვრია და სხვ. ოჩამჩირის ნასახლარზე აღმოჩენილია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (ხარის, ძროხის), ასევე წვრილფეხა რქოსნების, ღორისა და სხვა ძვლები, რომლებიც მეტყველებენ მესაქონლეობის დიდ როლზე იმდროინდელი ადამიანების მეურნეობაში.

საზოგადოების ეკონომიკური ცხოვრების აღმავლობის რეალურ საფუძველს წარმოადგენდა მეტალურგია. ადრებრინჯაოს ეპოქაში ხდება ლითონის წარმოების მკვეთრი და სწრაფი განვითარება. სერიულად ჩამოისხმება სამეურნეო და საბრძოლო იარაღები. ფიჩორის ნასახლარმა მეტალურგიის უნიკალური ნიმუშები მოგვცა: 60 ორსაგდულიანი ყალიბი ყუამილიანი ცულებისა და სამკუთხა თოხებისათვის, ოთხმხრივი ღია ყალიბი ოთხი სხვადასხვა ნივთისათვის (კოვზი, სატევარი, შუბისპირი და უცნობი ნივთი). ამასთან ერთად აღმოჩენილი იყო საქშენი მილები, ციცხვები, კოვზები, ჭურჭელი ფსკერზე ლითონის ნაშთით და სხვა, რაც იმის დამადასტურებელია, რომ ნივთების დამზადება ნასახლარზევე ხდებოდა; ამ ნივთებმა საშუალება მისცა მკვლევარებს, ლითონის იარაღის წარმოების მთელი პროცესი აღედგინათ. სავარაუდოა, რომ ბრინჯაოს მეტალურგიაში გამოიყენებოდა აფხაზეთსა და ზემო რაჭაში მოპოვებული სპილენძის მადანი.

შესანიშნავი ლითონის ნივთები აღმოჩნდა აგრეთვე საშუალო ზომის დოლმენებში, რომლებიც ადრებრინჯაოს ხანას განეკუთვნება: ყუადაქანებული ცულები, ფოთლისებრი სატევარი, მასრაგახსნილი და მასრაშეკრული კავები ზედწნული ორნამენტით, ქინძისთავები და სხვა. ამათ დასამზადებლად გამოიყენებოდა ჩამოსხმის, ცივად ჭედვისა და ცვილის მოდელის დაკარგვის წესი. ზოგიერთი ნივთი ჯერ ჩამოსხმულია ყალიბში და შემდეგ დამატებით არის გამოჭედილი[39]. ლითონის ნივთები დარიშხანიანი სპილენძისაგან იყო დამზადებული. სხვადასხვა დანიშნულების მიხედვით დარიშხანის მინარევი მერყეობდა 2,7 %-დან 6,73 %-მდე.

ენეოლითის და განსაკუთრებით ადრებრინჯაოს ხანაში მთელ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთსა და მიმდებარე ბორცვიან ზოლში ერთგვაროვანი კულტურა იყო გავრცელებული. ძნელია ამ კულტურის მატარებელი ტომების ეთნიკური ვინაობის განსაზღვრა, მაგრამ არქეოლოგიური მასალების მიხედვით, ეს ტერიტორია იმ დროს ერთი ტომით თუ არა, ერთმანეთის მონათესავე ტომებით უნდა ყოფილიყო დასახლებული. ამ ერთგვაროვან კულტურაში ლოკალური რეგიონები გამოიყოფა.

აფხაზეთი სწორედ ერთ-ერთ ასეთ თავისებურ ლოკალურ რეგიონს წარმოადგენს, რომლის ძირითადი დამახასიათებელი და განმასხვავებელი ნიშანი არის დოლმენები. ძვ. წ. III ათასწლეულის შუახანებს განეკუთვნება ადრეული დოლმენები, რომლებიც პატარა ზომებით გამოირჩევა. როგორც ზღვასთან ახლოს, ასევე მთის ზოლში (ეშერა, აზანთა, ოთჰარა, ყულანურხვა, შრომა, დოუ). მათ გათხრასა და შესწავლაში დიდი ღვაწლი მიუძღვით ა. ლუკინს, ლ. სოლოვიოვს, ბ. კუფტინს, ო. ჯაფარიძეს, ი. წვინარიას[40][41]. დღემდე ცნობილი ყველა დოლმენი დაახლოებით ერთი ტიპისაა. ისინი წარმოადგენენ მეგალითურ სამარხ ნაგებობებს, რომელთაც გეგმაში ტრაპეციის ფორმა აქვთ. აგებულია ოთხი ვერტიკალურად დადგმული მასიური ბრტყელი ქვისაგან და მეხუთე ქვითაა გადახურული. ზოგ დოლმენს იატაკადაც ქვის ფილა აქვს. წინა კედელში, რომელიც ყოველთვის სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთითაა მიქცეული, მრგვალი ხვრელი აქვს, რომელიც ქვის საცობით იხურებოდა.

დოლმენი კოლექტიური საგვარეულო სამარხია. მასში მეორადი დამარხვის წესი იყო გამოყენებული. მიცვალებულებს ხეებზე კიდებდნენ და დროთა განმავლობაში ხორცისაგან განთავისუფლებული ძვლები დოლმენში წინა ხვრელით შეჰქონდათ. ადრებრინჯაოს ხანას მცირე და საშუალო ზომის დოლმენები განეკუთვნება, დიდი ზომის დოლმენები უკვე მომდევნო ხანაშია აგებული და გვიანბრინჯაოს ეპოქამდე იყო გამოყენებული.

აფხაზეთის დოლმენები უფრო ადრეულია, ვიდრე ჩრდილოეთ კავკასიისა[42].

აფხაზეთის ადრებრინჯაოს ხანის ძეგლები და კულტურა თავისი ტრადიციების გაგრძელებას შუა ბრინჯაოს ეპოქაში პოულობს. ეს ხანა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებ შესწავლილი პერიოდია. ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, შესაბამისი ძეგლების ნაკლებობაში, ან მათ არასწორ შეფასებაში უნდა ვეძებოთ. პროფ. თ. მიქელაძემ ფაქტობრივად პირველმა დიხაგუძუბა I-ის და II-ის მონაცემებზე დაყრდნობით დაასაბუთა დასავლეთ საქართველოს მასალებში შუა ბრინჯაოს ხანის არსებობა, რომელიც განისაზღვრა პროტოკოლხური II-ით. ფიჩორი I-ის სტრატიგრაფიულმა ჭრილმა ძირითადად დაადასტურა თ. მიქელაძის კლასიფიკაცია, თუმცა შუა ბრინჯაოს ხანის 2 კულტურული ფენის გამოვლენამ არსებული სქემა დააზუსტა. გამოყოფილ იქნა შუა ბრინჯაოს ხანის ორი ქრონოლოგიური ეტაპი, რომელიც პროტოკოლხური II ა და ბ ფაზებად იქნა დაყოფილი.

პროტოკოლხურ კერამიკაში გამოიყოფა 3 ჯგუფის ნაწარმი. პირველ ჯგუფში გაერთიანებულია ე.წ. შავპრიალა ან ყავისფერპრიალა ნაწარმი. ფორმათა შორის აღსანიშნავია კვერცხისებურტანიანი მოზრდილი ჭურჭელი პირთან მიერთებული ბრტყელი ლენტური ყურებით, პირგაშლილი კოჭბები, მაღალქუსლიანი ვაზები, ბრტყელძირიანი ჯამები, ზიარი ჭურჭელი და სხვა. თხელკეციანი ჭურჭლის ფრაგმენტები, განსაკუთრებით ყურები ნაკაწრი, გეომეტრიული, ტალღური ან ტეხილხაზოვანი ორნამენტით არის შემკული.16 შავპრიალა ჭურჭლის ნიმუშები ნაპოვნია ოჩამჩირესა და ფიჩორის I-ს VIII-VII ფენებში, ისპანის ქვედა ფენაში. ჩვენთვის საინტერესო პერიოდის შავპრიალა ნაწარმი აღმოჩენილია ფიჩორი I-ს VI-IV ფენებში, ფიჩორი VI-ში, ნაკარღალში, ანაკლია I-სა და II-ში, ისპანის ზედა ფენაში და სხვა. თითქმის ყველა ამ ძეგლზე შავპრიალა და ყავისფერპრიალა ნაწარმი ერთეულების სახითაა წარმოდგენილი და თვით ფიჩორში, სადაც ამ ტიპის კერამიკა ყველაზე მრავალფეროვანია, საერთო რაოდენობის 1 %-ს აღწევს. აქდან გამომდინარე, საეჭვოა ამ ჯგუფის ადგილობრივ, კოლხურ ნაწარმად მიჩნევა (თ. მიქელაძე), რადგან საზოგადოება თუ ფლობს ამ დონის მაღალხარისხოვანი ნაწარმის დამზადების ტექნოლოგიას, ბუნებრივია, უპირატესად მას აწარმოებს და მოიხმარს კიდეც. ამავე დროს მასიური კერამიკა (99 %) ძალზე უხეში, მდარე ხარისხის და სრულიად სხვა ფორმებითაა წარმოდგენილი. მკვლევართა ნაწილი მას შემოტანილ ნაწარმად მიიჩნევს (ლ. სოლოვიოვი, ბ. კუფტინი, მ. ბარამიძე, ლ. ჯიბლაძე, ე. გოგაძე)17. ამ კერამიკის პირველად კერად ზოგჯერ მაიკოპის კულტურა მიიჩნევა. თუმცა მასში არ დასტურდება ვაზისებური სასმისები, მსგავსი პროფილის ჯამები, გრძელი ლენტური ყურები, ნაკაწრი ორნამენტი. მკვლევართა მეორე ნაწილი (ლ.სოლოვიოვი, ი. ვორონოვი, ჯ. აფაქიძე)18 ამ კერამიკის სათავეებს წინააზია-ანატოლიის ძეგლებზე ხედავს. აღსანიშნავია, რომ არც ამ რეგიონში ჩანს გავრცელებული მსგავსი პროფილის თიხის ნაწარმი, ნაკაწრი ორნამენტი; იქ ძირითადად გავრცელებულია ყავისფერპრიალა ნაწარმი, შავპრიალა კი ერთეულია.

კერამიკის მეორე ჯგუფში ერთიანდება უხეში კვარც - და ქარსნარევ ცომის ნაკეთობები. გამომწვარია რუხად, მონაცრისფროდ და ყავისფრად, იშვიათად შავად. ეს არის ტიპური პროტოკოლხური ნაწარმი, რომელიც გავრცელებული ჩანს კოლხეთში ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებამდე. ბუნებრივია, მთელი ამ ხანის განმავლობაში შეინიშნება ცალკეულ ფორმათა განვითარების სურათი, თუმცა საერთო იერით ეს პრინციპულად ერთგვაროვანი ნაწარმია.

ფორმებიდან აღსანიშნავია ჰორიზონტალურ ყურებიანი მოზრდილი, პირგაშლილი დერგები, თითისებრი ან ჭრილი ანაბეჭდიანი რელიეფური სარტყლებით, ზოგჯერ „ჯიბისებური“ რელიეფური დანაძერწებით, რაც ძირითადად დამახასიათებელი ჩანს ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთისათვის; სამყურა ჭურჭელი, ვერტიკალურნახვრეტიანი ან ძუძუსებრკოპიანი ჯამები, ცილინდრულტანიანი ქილები ვერტიკალური, ხშირად დუბლირებული ყურით, უპირატესად ზედა ნაწილში ნაჭდევი ორნამენტით; თხელკედლიანი ხელადები, მცენარის ან ჭილობის ანაბეჭდებით შემკული ძირები. ვხვდებით რქისებურ სადგრებსაც.

შუა ბრინჯაოს ხანის მოგვიანო საფეხურზე ვხვდებით მესამე ჯგუფის კერამიკულ ნაწარმსაც. ამ ჯგუფისათვის დამახასიათებელია ჯამისებრი ფორმები, მოშავო ფერი, ზოგჯერ ნაპრიალევი ზედაპირი, შედარებით უკეთესად დამუშავებული კეცი. ისინი შემკულია კოპის ან პატარა ცრუ ყურის ირგვლივ დატანილი კონცენტრული წრეებით, ნახევარრკალებით, შევრონებით. ამ ჯგუფის კერამიკას გარკვეული შეხების წერტილები აქვს ტერამარების კულტურის ნაწარმთან ევროპაში19 და, შესაძლოა, საქმე გვქონდეს კულტურულ გავლენასთან აღმოსავლეთ ევროპის მხრივ. აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის ადრეთრაკიული ნამოსახლარებიდან იგრძნობა გარკვეული იმპულსები ძვ. წ. VII-VI საუკუნეების კოლხურ კერამიკაზე, რაც იმის მანიშნებელია, რომ აღმოსავლეთ ევროპიდან კავკასიისაკენ პერიოდული კავშირები ასახვას პოულობს მატერიალურ კულტურაში.

ეს კერამიკა თავს იჩენს ფიჩორი I-ის IV ფენაში, სადაც მას ახლავს მეორე ჯგუფის, უხეში რელიეფურჭრილი ორნამენტით შემკული კერამიკა და გვიანბრინჯაოს საწყისის ისეთი ტიპური მასალა, როგორიცაა ფრინველისმკერდისებრი და პირთან მიერთებული ორფერდა ყურები. აშკარაა, რომ საქმე გვაქვს შუა და გვიანბრინჯაოს ხანებს შორის გარდამავალ საფეხურთან, რომლის მიკუთვნება რომელიმე ამ პერიოდისადმი საფუძველს მოკლებულია. საყურადღებოა, რომ მსგავსი ნარევი მასალა დაფიქსირებულია ნამჭედურის ქვედა (VI) ფენებში, ანაკლია I-ის III ფენაში, ნოსირის I ფენაში, ერგეტის IV_V ფენებში. ამგვარად, კოლხურ ნამოსახლარებზე გამოიყოფა მთელი პლასტი, რომელიც აშკარად შუიდან გვიანბრინჯაოზე გარდამავალ ეტაპში უნდა გაერთიანდეს. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ინტერდისციპლინარული მეთოდებით შესაბამისი ფენების დათარიღება (ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანები).

პროტოკოლხური II ეტაპის კერამიკის შესწავლა სტრატიგრაფიულ ჭრილში, როგორც ზემოთ ითქვა, საშუალებას იძლევა შუაბრინჯაოს ხანის ნაწარმი პირობით ორ ქრონოლოგიურ საფეხურად გაიყოს: პროტოკოლხური IIა და IIბ. პროტოკოლხური IIა საფეხურს განეკუთვნება ფიჩორი I-ის VI კულტურული ფენა, მაჭარა III-ის ფენა, გუმისთა I, გვანდრა – ზედა ფენა, ახრა ყაპში და პალი. ამ პერიოდის განმსაზღვრელად ჩანს გრძელი ლენტური ყურები, რომლებიც სათავეს VIII_VII ფენებში იღებს, მაგრამ აღარაა V ფენაში; ქრონოლოგიურად პროტოკოლხური IIა მოიცავს პერიოდს ძვ. წ. XXს. მეორე ნახევრიდან XVIII ს. ჩათვლით. პროტოკოლხური IIბ საფეხურს მიეკუთვნება ფიჩორი I-ის V ფენა, ფიჩორი VI, ნაკარღალის IV_VI ჰორიზონტები, ანაკლია II-ის ზედა ფენა; ანაკლია I-ის III ფენა; ამ საფეხურისათვის დამახასიათებელი ჩანს ჭილოფის ანაბეჭდიანი ან ღრუქუსლიანი ძირები, ჰორიზონტალური, წყვილადი ან ზემოდან დაკეჭნილი ყურები, ვერტიკალურხვრელიანი ან ძუძუსებრი კოპით შემკული ჯამები, რქისებური სადგრები, შავპრიალა ჭურჭლის მინაბაძები ჭრილი ორნამენტით, ლენტური ყურები, ფართო, ბრტყელი ყურები და სხვა. აღსანიშნავია, რომ არის ფორმები, რომლებიც ახასიათებს ორივე საფეხურს. ქრონოლოგიურად IIბ მოიცავს ძვ. წ. XVII-XVIსს., შესაძლოა, XVI საუკუნის პირველ ნახევარს.

შუა ბრინჯაოს ხანის კულტურის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს ყუამილიანი ცულების რამდენიმე ვარიანტი წარმოადგენს. პირველ ვარიანტში ე.წ. საჩხერული ცულები გავრცელებული ჩანს ადრებრინჯაოს ხანის დასასრულის საფეხურზე და ძირითადად კოლხეთის მთიანი და მთისწინა ზოლშია გავრცელებული. მეორე ვარიანტში ერთიანდება ცულები აფხაზეთის დოლმენებიდან და თრიალეთის ადრეული ყორღანებიდან. პირველი ვარიანტისაგან განსხვავებით, მათ შედარებით მოკლე სატარე მილი, მოხრილი, მაგრამ საკმაოდ მასიური ტანი და ოდნავ გაფართოებული პირი ახასიათებს.

ფიჩორში აღმოჩენილი ცულის ყალიბების თუ ცულების Qქრონოლოგიური დიაპაზონი ხანგრძლივია და მოიცავს ძვ. წ. XXIII-XV საუკუნეებს. ამ ცულებს ახასიათებს სწორი ექვსწახნაგა ტანი, ზემოდან რელიეფური ზოლებით შემკული მოკლე სატარე, მომრგვალებული პირი. მათი ორიგინალური ფორმა საშუალებას იძლევა ისინი ცალკე ყუამილიანი ცულების „ფიჩორულ“ ვარიანტში იქნენ გაერთიანებული. ამ ტიპის მეტ-ნაკლებად მსგავსი იარაღი ცნობილია კრასნოდარიდან, განთიადიდან და სვანეთიდან. შეინიშნება გარკვეული მსგავსება ურუპის და ფასკაუს იარაღთან. ჩრდილოკავკასიური იარაღების სამხრეთული პროტოტიპები სწორედ `ფიჩორულ ვარიანტშია~ საძებნელი, რაზეც მიგვითითებს სწორი ტანი და მორკალური პირი.

ქვის ცულებს ახასიათებს მოგრძო, ცილინდრული ფორმა, მომრგვალებული ყუა, სოლისებური ფართო პირი. შუა ნაწილში დატანილია ხეხვით შესრულებული სატარე. მათი გამოჩენა ხდება ადრებრინჯაოს ხანის დასასრულს, უდიდესი რაოდენობა ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთშია მოპოვებული და, შესაძლოა, რეგიონის ლოკალურ ნიშნად იყოს მიჩნეული.

სატევრისპირი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებადგავრცელებული იარაღია. გვაქვს რამდენიმე ცალი საჩხერიდან, დოლმენებიდან და 2 ც ფიჩორი I-დან. მათი გამოჩენა ხდება ადრებრინჯაოს ხანაში, თუმცა VI ფენაში მისი აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ ისინი შუაბრინჯაოს ხანის ადრეულ ეტაპზეც გამოიყენება, როგორც ჩანს, გავრცელებული უნდა ყოფილიყო მეორე ტიპის სატევრისპირიც, რაზეც ფიჩორი I-ის კომბინირებული ყალიბის ერთ-ერთ წახნაგზე ამოკვეთილი ფორმა მიგვითითებს. იგი ბრტყელი, ტოლფერდა სამკუთხედისებურია, უყუნწო. ტიპოლოგიურად უფრო მოგვიანო იერისაა.

ბრინჯაოს თოხი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რამდენიმე პუნქტშია ფიქსირებული. ფიჩორი I-ის, VIII ფენაში აღმოჩენილი 10-მდის ყალიბის და 3 თოხის მიხედვით ირკვევა, რომ ძირითადად 3 ვარიანტის თოხია გამოყენებული. მათი გაჩენა ძვ. წ. III ათასწლეულის უკანასკნელ მეოთხედში ხდება, თუმცა არსებობენ შუაბრინჯაოს ხანაში.

კაჟის იარაღი წარმოდგენილია ნამგლის ჩასართებით და შუბის თუ ისრისპირებით. შუა ბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი ჩანს ცალგვერდდაკბილული, ზოგჯერ ზურგის მხრიდან მორკალული, ვიწროტანიანი ჩასართების ფორმები. ისინი ჩანს უკვე ადრებრინჯაოს ხანაში.

სამკუთხა, სიმეტრიულად ქუსლამოღარული ისრისპირთა ფორმები დამახასიათებელია გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ძეგლებისათვის, ხოლო ასიმეტრიულად ქუსლამოღარული ფორმები გავრცელებულია ე.წ პროტოკოლხური კულტურის ორივე საფეხურზე.

მატერიალური კულტურის ანალიზი გვიჩვენებს, რომ პროტოკოლხური კულტურის II ეტაპი გენეტიკურ კავშირშია წინარე და მომდევნო საფეხურებთან და მათი გათიშვა შეუძლებელია. შუა ბრინჯაოს ხანის ეს მცირერიცხოვანი მასალა აშკარად გვიჩვენებს, რომ პროტოკოლხური II-ის ორ, ადრეულ და მოგვიანო საფეხურებად დაყოფა რეალურ საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს.

საყურადღებოა საკითხი კოლხეთის შუა და გვიანბრინჯაოს ხანის კულტურათა კავშირურთიერთობის შესახებ. უკანასკნელ ხანებამდის ეს კავშირი საკმაოდ პრობლემატური ჩანდა. ფიჩორის ნასახლარის გათხრებმა მოგვცა ერთგვარი გასაღები ამ საკითხის გადასაწყვეტად. ცენტრალური ბორცვის IV ფენაში გამოვლინდა ნარევი მასალა, რაც იმაზე შეიძლება მიანიშნებდეს, რომ მომხდარა კოლხური კულტურის ერთი ქრონოლოგიურ-ლოკალური ვარიანტის შეჭრა – შერწყმა იმავე კულტურის იმავე ქრონოლოგიურ-ლოკალურ ვარიანტში. ამ მხრივ ფიჩორი გამონაკლისი არ არის. ასეთივე ნარევობა ახასიათებს ერგეტის ნასახლარს[43], ანაკლია I-ის III ფენას, ნაკარღალის (აჭარა) VI ფენას, ნამჭედურის VI ფენას, ნოსირის II ფენას. ეს გარემოება საფუძველს იძლევა, რომ დასახელებული ძეგლები განეკუთვნოს შუა ბრინჯაოსა და გვიანი ბრინჯაოს ხანების გარდამავალ პერიოდს, როცა მოსახლეობის ერთი ნაწილი ინტენსიურად ითვისებს მთას, მეორე ნაწილი კი რჩება ბარში და აგრძელებს კოლხური კულტურის ტრადიციებს. რაღაც ეტაპზე, როგორც ჩანს, ბარში დამკვიდრებული მოსახლეობის ნაწილი მიდის მთაში, სამხრეთელები ინაცვლებენ ამჟამინდელი გალის რაიონისაკენ, რაც იწვევს მიკროკულტურათა ერთმანეთში უმტკივნეულო შერწყმას. ეს პროცესი ასახულია კერამიკაში, მაგრამ ამ კულტურათა მჭიდრო გენეტიკური კავშირი უკეთესად ჩანს ლითონის ნაწარმში, რაც განსაკუთრებით მკაფიოა გარდამავალი ეტაპის მასალებში. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა კოლხური ცულებისა და სხვა იარაღების (თოხის, შუბისპირის, სატევრის) მონაცემები. ისინი ადასტურებენ, რომ ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა არ შეცვლილა შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანების გარდამავალ პერიოდში.

გარდამავალი პერიოდის ძეგლებზე შენიშნული ძვრები დაკავშირებული უნდა იყოს კიდევ ერთ მოვლენასთან, რომლის შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კავკასიაში მიმდინარე ისტორიული პროცესების გარკვევისათვის. ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში ადრე და შუა ბრინჯაოს ხანაში,როგორც უკვე ითქვა, გავრცელებულია დოლმენური კულტურა სპეციფიკური ნაგებობით, დაკრძალვის წესით და ინვენტარით[44]. დოლმენი, როგორც სამარხი, მოულოდნელად წყვეტს არსებობას ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებისათვის და ადგილს უთმობს სამარხთა ახალ ტიპებს (კრომლეხი, ოსუარიუმი), თუმცა შეინიშნება გენეტიკური კავშირი დაკრძალვის რიტუალსა და სამარხულ ინვენტარში. როცა მოსახლეობის ნაწილი ტოვებს ბარის ტერიტორიას, ხდება ამ დოლმენური, მოსახლეობის ნაწილის გადაადგილება მთის ზოლისაკენ. ამის საბუთად გამოდგება ბრილის სამაროვანზე გათხრილი ერთი აკლდამა, რომელიც ნაგებია მშრალი წყობით თიხა-ფიქალით ნაგები ქვებიდან. თავისი არქიტექტურული დეტალებით, დაკრძალვის რიტუალით და სამარხეული ინვენტარით (ძირითადად სამკაულით) იგი იმეორებს აფხაზეთის დოლმენების გვიანდელ ფენებსა და შუაბრინჯაოს ხანის დასასრულის ზოგიერთ კომპლექსს (ღარი, თლი, საჩხერე, ნული). განსაკუთრებული მსგავსება შეინიშნება ზემო რუთხის #16 სამარხთან[45][46], რომელიც ნაგებობით, დაკრძალვის წესითა და ინვენტარით იმეორებს ბრილის აკლდამას. მისი შედარება ბრილისა და თლის კომპლექსებთან გვიჩვენებს, რომ იგი გარდამავალი პერიოდის ძეგლებთან უნდა იქნეს გაერთიანებული და მისი ზედა საზღვარი ძვ. წ. XIV საუკუნის საწყისზე მოგვიანო არ უნდა იყოს. ამავე დროს, ზემო რუთხის #16 სამარხის ქვედა ზღვარი ძვ. წ. XII საუკუნის ქვემოთ არ მიდის. ამგვარად, ისახება გზა აფხაზეთის დოლმენებიდან რაჭის გავლით ყობანის ტერიტორიაზე. არქეოლოგიურად დადასტურებული ეს მოვლენა გვიჩვენებს სამხრეთულ იმპულსებს და ნოვაციებს, რომელსაც ადგილი აქვს ჩრდილოეთ კავკასიაში.5 ფაქტობრივად ეს არის სამხრეთული გავლენის გავრცელების პირველი საფეხური, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ეთნოკულტურულ ძვრებთან არის დაკავშირებული. ამ გარემოებას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ყობანური კულტურის სამხრეთული ფესვების ძიების საქმეში.

გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა

რედაქტირება

ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ფაქტობრივად მთელ კავკასიაში შეინიშნება მნიშვნელოვანი ძვრები და გარდაქმნები ადგილობრივი მოსახლეობის ყოფასა და კულტურაში. აშკარად მცირდება კულტურული კონტაქტები გარე სამყაროსთან და იქმნება ერთგვარი „კულტურული იზოლაცია“. კავკასიის შიგნით შეინიშნება განვითარების ერთგვაროვანი და ამავე დროს თავისებური განვითარების ხაზი. საქართველოს ტერიტორიაზე ამ პერიოდიდან, წინარე ხანების მსგავსად, ყალიბდება ორი სხვადასხვა არქეოლოგიური კულტურა: აღმოსავლეთში – ცენტრალურ ამიერკავკასიური, დასავლეთში კი – დასავლურ-ქართული (კოლხური). თითოეულ ამ კულტურაში ერთიანი მატერიალური კულტურა და განვითარების ერთიანი სურათი შეინიშნება. ამასთანავე ამ კულტურებში შესაძლებელი ხდება ლოკალური რეგიონებისა და მათ შიგნით მიკრო-ლოკალური სამრეწველო კერების გამოყოფა. ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთი (თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია) ამ ერთიანი კოლხური კულტურის ლოკალურ ვარიანტად არის მიჩნეული[47][48][49]. საყურადღებოა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული პერიოდი ზოგადად ხასიათდება ძეგლთა განსაკუთრებული სიმრავლით. აშკარაა, რომ მეურნეობის სხვადასხვა დარგების, განსაკუთრებით ბრინჯაოს და რკინის მეტალურგიის მკვეთრი აღმავლობის შედეგად ხდება ერთგვარი „დემოგრაფიული აფეთქება“, რომელმაც მოიცვა ისტორიული კოლხეთის როგორც დაბლობი, ისე მთიანი კავკასიონის ზოლიც. ამ პერიოდში უკვე შესაძლებელი ხდება ვილაპარაკოთ ხელოსნური წარმოების აღმავლობაზე, განსაკუთრებით კერამიკულ წარმოებასა და მეტალურგიაში, მოზრდილ სამაროვნებსა და ნასახლარებზე, პროტოურბანისტულ დასახლებებზე და სხვა. ეს ყოველივე წინაპირობაა კოლხეთის სახელმწიფოს განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე მიგვანიშნებს. განსაკუთრებით კარგად ეს მოვლენები შეინიშნება ფიჩორის მრავალფენიან ნასახლარზე.

აფხაზეთის ტერიტორიაზე საკვლევი პერიოდის 300-მდე ობიექტია დაფიქსირებული. ისინი წარმოდგენილია ნასახლარებით, სამაროვნებით, საწარმოო კერებით და განძებით, ე.ი. კულტურის ყველა იმ კომპონენტით, რომლებიც საერთოდ არქეოლოგიური ძეგლებისთვის არის დამახასიათებელი. ბუნებრივია, რომ ყველა მათგანი არ გამხდარა მეცნიერული კვლევის ობიექტი, თუმცა რაც შესწავლილია შემთხვევითი აღმოჩენების გათვალისწინებით საშუალებას იძლევა ამ პერიოდის ზოგადი სურათის აღსადგენად. ერთი რამ კი აშკარაა: კოლხური კულტურა აღმოცენებულია ადგილობრივი, თვითმყოფადი კულტურის საფუძველზე და რაიმე კატაკლიზმები ან კულტურულ-ეთნიკური ცვლილებები არ შეინიშნება.

აფხაზეთის ნამოსახლართა შესწავლის დღევანდელ საფეხურზე კოლხური კულტურის აფხაზეთის ლოკალურ ვარიანტში შეიძლება გამოიყოს 3 მიკრორეგიონი. I მიკროლოკალურ ვარიანტს წარმოადგენს მდ. ენგურის ქვემო წელის ნამოსახლარები, ფიჩორის ნასახლარის II-III ფენები და მიმდებარე #2-10 ბორცვები, მზიურის, აბაჟუს, თაგილონის და წარჩეს ხელოვნური ნამოსახლარი ბორცვები, რომელთა არქეოლოგიური მონაპოვარი ძირითადად იმეორებს კოლხეთის დაბლობისა და სამხრეთ-დასავლეთ კოლხეთის ნამოსახლართა მონაპოვარს, ზოგიერთი თავისებური ელემენტით. II ლოკალურ ვარიანტს წარმოადგენს მოქვისა და ტამიშის ნამოსახლარები. აქ გვაქვს როგორც ხელოვნურ ნამოსახლართა კომპლექსი ტამიშის სახით, ისე ბუნებრივ ზღვისპირა ტერასაზე განფენილი დასახლება. არქეოლოგიური მონაპოვარი, ერთი მხრივ, მსგავსია I ლოკალური ვარიანტის ნაწარმისა და, მეორე მხრივ, გარკვეულად უკავშირდება III ვარიანტის ნასახლართა მონაპოვარს.

ხის არქიტექტურის პარალელურად სხვა სახის ნაგებობანი თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე, თითქოს არ დასტურდება. ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს „აბაჟუს“ ნამოსახლარი სოფელ პირველ გალში, სადაც ქვედა, ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების ფენაში გათხრილია კლდეში (თირი) ჩაჭრილი სწორკედლიანი, დასავლეთით გახსნილი ნაგებობის ნაშთები საერთო ფართით დაახლოებით 400 მ² მეტი[50][51]. მსგავსი ნაგებობა სადღეისოდ უცნობია კოლხეთის არქეოლოგიაში. გაურკვეველია მისი დანიშნულებაც, თუმცა გამოთქმულია მოსაზრება, რომ იგი წარმოადგენდა საქონლის გადარეკვის დროს დროებით სადგომს[52].

აფხაზეთის ნამოსახლართა სისტემაში შეინიშნება კიდევ ერთი კანონზომიერება. ენგურკოდორის ორმდინარეთში, დაბლობ ზოლში, სადაც მრავლადაა ჭაობიანი, ნესტიანი ნიადაგი, ნამოსახლარები გამართულია ხელოვნურად მოზვინულ ბორცვებზე მდინარეების ან ძველი ნამდინარევი კალაპოტების გასწვრივ. მსგავსი სურათი ფიქსირდება კოლხეთის დაბლობის გავრცელების მთელ ტერიტორიაზე[53].

საყურადღებოა, რომ ხელოვნურ ბორცვთა განლაგებაშიც შეინიშნება თავისებურება. ერთ-ერთი ბორცვი იყო ცენტრალური და ნასახლარის არსებობის პირველ ეტაპზე ჰეგემონი. ფიჩორის ნასახლარის მაგალითზე ჩანს, რომ ცენტრალური ბორცვი არსებობს ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოდან და ცხოვრება მასზე გრძელდება უწყვეტად მთელი XX საუკუნის განმავლობაში, ვიდრე ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისამდე (ფენები I-VIII). მხოლოდ ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში (ფენები III-II) მოსახლეობა იწყებს ბორცვის მიმდებარე ტერიტორიის ათვისებას. ძვ. წ. IX-VIII საუკუნისათვის ცენტრალური ბორცვის ირგვლივ ორ რიგად 10 ხელოვნური ბორცვის ათვისება ხდება, სადაც ძირითადად წინარეანტიკურ-ადრეელინისტური (ძვ. წ. VIII-III საუკუნეები) ხანის ფენებია წარმოდგენილი. ამ პერიოდში უკვე ნასახლარს უკავია დაახლოებით 10 ჰექტარი ფართობი. ეს არის მოზრდილი სოფელი, თანამედროვე ტერმინოლოგიით დაბის ტიპისა.

მსგავსი სურათი შეინიშნება კოლხეთის რიგ ძეგლებზეც: ტამიში (აფხაზეთი), ნამარნუ, წყემი, ნოსირი, ნამჭედური, ნაკარღალი და სხვა (კოლხეთის დაბლობი).

ყოველ ბორცვს და ბორცვების მთელ ამ სისტემას შემოუყვება ხელოვნური თხრილი (არხი), რომელიც, როგორც ჩანს, ივსებოდა მდინარე ზორღათის წყლით და სამხრეთ-დასავლეთით გადადიოდა ზღვაში.

საყურადღებოა, რომ ძვ. წ. IV საუკუნის ბერძენი ავტორის ჰიპოკრატეს ცნობა პირდაპირ ადასტურებს კოლხეთში არხების, როგორც საგზაო არტერიების არსებობას. იგი ამბობს: „მათი (კოლხების - ავტ.) სახლები გაკეთებულია წყალზე და მასალად გამოყენებულია ხეები ან ლერწამი. ისინი ცოტას დადიან ფეხით და ისიც მხოლოდ ქალაქში ან ბაზარში. ჩვეულებრივ მოგზაურობენ ნავებით, რომლებითაც ზემოთ და ქვემოთ მიუყვებიან არხებს. არხები კი იქ ბევრია“[54]. აშკარაა, რომ ეს არხები ძირითადად სამიმოსვლო არტერიაა, თუმცა მას, როგორც ჩანს, სხვა ფუნქციაც ჰქონდა. კერძოდ, გამოიყენებოდა თავდასაცავად, სამეურნეოდ და სადრენაჟოდ. ამგვარად, იგი მრავალპროფილიანი დანიშნულების სისტემას წარმოადგენდა. საყურადღებოა, რომ ფიჩორის ნასახლარის საარხო სისტემა ძალზე კარგადაა შემორჩენილი. ნასახლარიდან არხის კვალი მიემართება ჩრდილოეთით 4 კილომეტრის მანძილზე. 2 კილომეტრში აღმართულია ხელოვნური ბორცვი, „ჯვარალები“, ხოლო 4 კილომეტრში „ნაკარღალი“. აქედან არხის (ღალი-ს) ერთ შტოდ, სავარაუდაოდ (შუალედი მონაკვეთი დაზიანებულია სამეურნეო სამუშაოების დროს) უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით და 3 კილომეტრში მიადგება განმუხურის ნამოსახლარ კომპლექსს (5 ბორცვი). აქედან კი არხი მიდის სამხრეთით, ზღვისკენ. ამგვარად, აშკარაა, რომ ერთ საარხო სისტემაში განლაგებულია 4 ერთმანეთის სინქრონული ნამოსახლარი (სოფელი). საყურადღებოა, რომ მსგავსი საარხო სისტემები ფიქსირდება ცენტრალურ კოლხეთში აბაშა-სენაკის რაიონში (წყემი–ძიგურა-კეთილარი და საგვიჩიოს ბორცვები., აგრეთვე ნამარნუს სისტემა ლანჩხუთის რაიონში).

ნასახლარ ბორცვთა აღნიშნული სურათი აშკარად გვიჩვენებს, რომ გვიანბრინჯაოს ხანის დასასრულისთვის კოლხეთის – დასავლეთ საქართველოს მთელი ტერიტორია ძალზე მჭიდროდ არის დასახლებული. ნამოსახლართა დიდი ფართობი, გამაგრების სისტემა, მეურნეობის მწარმოებლური ხასიათი, სავარაუდოდ, ცალკეულ ხელოსანთა ჯგუფები (კერამიკა, ლითონის იარაღი და სამკაული) თითქოს იმაზე მიგვანიშნებს, რომ საქმე გვაქვს პროტოურბანისტულ ცივილიზაციასთან, რომელიც აუცილებლად სახელმწიფოებრივი პოლიტიკური ერთეულის სახით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.

აფხაზეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული სამაროვანია მოკვლეული და ნაწილობრივ შესწავლილი. მათ შორის აღსანიშნავია ისეთი ცნობილი საგვარეულო სამაროვნები, როგორიცაა წითელი შუქურა, გვადიხუ, ეშერა, ჯანტუხა, აყარმარა, მერხეული, ფიჩორი და სხვა. საყურადღებოა, რომ ყველა მათგანი თითქმის სინქრონულია და ძვ. წ. VIII საუკუნეების ფარგლებში ექცევა. ისინი ძირითადად ტიპოლოგიურად და არქეოლოგიური მასალებით ზუსტად ჯდებიან ეგრეთ წოდებული კოლხური სამაროვნების რიგებში, რომლებიც უკანასკნელ რამდენიმე ათწლეულში იქნა მოკვლეული (პალური, ლარილარი, ბრილი, მუხურჩა, ურეკი, ერგეტა და სხვა). შეინიშნება ერთი საერთო ნიშანი ამ სამაროვნების დათარიღების საკითხში. გვიანი ბრინჯაოს ხანის სამაროვნები ადრეული საფეხურის (ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარი) კოლხეთის დაბლობზე ფაქტობრივად ჯერჯერობით უცნობია და ეს პრობლემა ერთ-ერთი ძირითადი და საკვანძოა არქეოლოგიაში. გვაქვს ნამოსახლარი ფენები, განძები, შემთხვევითი მონაპოვარი, სამარხეული კომპლექტები მთიან რეგიონში, მაგრამ არ ჩანს მათი სინქრონული სამაროვნები კოლხეთის დაბლობზე. რით აიხსნება ეს გარემოება, ძნელი სათქმელია და ამ მიმართულებით კვლევა კოლხეთის არქეოლოგიის ძირითადი პრობლემაა. ამ პრობლემის გადაწყვეტის გარეშე კი ქრონოლოგიის გარკვევა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, მთელი ზემოთ აღნიშნული სამაროვნები ზოგჯერ ზოგადად საკვლევი პერიოდით არის დათარიღებული, რაც გაურკვევლობას იწვევს[55]. საყურადღებოა, რომ აფხაზეთის დღევანდელ ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამაროვნები განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. არის ორმოსამარხები სხვადასხვა მდგომარეობაში დაკრძალული მიცვალებულებით, მეორადი დაკრძალვის რიტუალით, კრემაციითა და ნახევრადკრემაციით და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორადი დაკრძალვის რიტუალი, რაც ძალზე დამახასიათებელია კოლხური სამაროვნებისთვის და გავრცელებულია კოლხეთის მთელ ტერიტორიაზე[56]. სამეგრელოს, იმერეთისა და აფხაზეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში დადასტურებულია, რომ დაკრძალვის ეს რიტუალი ერთნაირად დამახასიათებელია მთელი დასავლეთ საქართველოსთვის, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობის ერთგვაროვნებაზე უნდა მიუთითებდეს; იმავდროულად იგი ეთნიკური ვინაობის საკითხების კვლევისათვის ერთ-ერთ საყურადღებო წყაროს წარმოადგენს.

განსაკუთრებით საყურადღებო ჩანს სამარხის ერთი ტიპი, რომელიც გავრცელებულია მხოლოდ სოხუმის ჩრდილო-დასავლეთით და ცნობილია თიხის ოსუარიუმებით. დაკრძალვის წესი აქაც მეორადია. აღნიშნული გარემოება აშკარად მიგვითითებს, რომ კოლხური კულტურის აფხაზეთის ლოკალური რაიონის ერთ-ერთი მიკროლოკალური ვარიანტი სწორედ ამ რეგიონს მოიცავს. საყურადღებოა, რომ სწორედ ამ ვარიანტს ახასიათებს ბრინჯაოს სამკაულის ერთი ჯგუფი ჭვირული მძივები, სარტყლები ცხოველის თავით, ფრინველის ფორმის საკიდები და სხვა. ამავე ჯგუფისთვის ტიპურია არქაული იერის აგურისფერი ან მონაცრისფრო კერამიკა რელიეფურ-ჭრილი ან ტეხილი სახეებით. ძალზე მცირეა ტიპური კოლხური ნაირგვარი ორნამენტით შემკული თიხის ნაწარმი. შედარებით მრავლადაა კაჟის ისრისპირი, ნამგლის ჩასართი, რიყის ქვის სალესები, საბეგველი, ხელსაფქვავი. რეგიონის სპეციფიკა, შესაძლოა, კოლხურ კულტურაში პერიფერიული მდგომარეობით აიხსნას. არქეოლოგიური მასალების ამ ჯგუფის გავრცელების ჩრდილოეთ ნაწილი გარკვეულად მოიცავს დღევანდელი ადლერის რაიონს, რაც კოლხური კულტურის გავრცელების ჩრდილო-დასავლურ საზღვრად უნდა იქნეს მიჩნეული.

კოლხური კულტურის ერთ-ერთ სპეციფიკურ კომპონენტს ეგრეთ წოდებული დიუნური დასახლებანი წარმოადგენს. ისინი ვრცელდება ფაქტობრივად მთელ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში აჭარიდან მოყოლებული აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიის ჩათვლით ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ თითქმის უწყვეტად. ამგვარი დასახლებები ცნობილია და ნაწილობრივ შესწავლილი ბათუმში, ურეკში, ქობულეთში, ყულევში, გაგიდაში, ოჩამჩირეში, გულრიფშში, სოხუმში, ახალ ათონში, ქვემო ეშერაში და სხვაგან. ისინი წარმოადგენენ 1,5-3,5 მ. სიმაღლის ქვიშაზვინულებს, რომლებზეც დასტურდება უძველესი ადამიანის საქმიანობის რამდენიმე (2-3-დან 12 დონემდის) ფენა, რომლებიც ჭრილში მოშავო-მონაცრისფრო ფერით გამოიყოფა. ეს შრეები მოზრდილ ლაქებადაა ფიქსირებული (სიგრძე 40-50 მ-მდის, სისქე 10-15სმ). გამონაკლისის სახით რიგ ძეგლებზე ფიქსირდება თიხატკეპნილი იატაკი (გუდავა II). ფენებში გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა მრავალრიცხოვანია და ერთგვაროვანი. წარმოდგენილია ძირზე ქსოვილის ანაბეჭდიანი ოთხკუთხა ან ოვალური ფორმის „აბაზანისებრი“ ჭურჭლები და რქისებური ან წაწვეტებულთავიანი სადგრები. კერამიკა უხეშია, ხრეშნარევი, ფერად მოწითალო. თითქმის უკლებლივ ყველა აბაზანისებრი ჭურჭელი ატარებს ცეცხლში ყოფნის კვალს. თანმხლები კოლხური კერამიკისა და იშვიათად ბრინჯაოს ნაკეთობათა მიხედვით ირკვევა, რომ დიუნური დასახლებები გაჩნდნენ ძვ. წ. VIII საუკუნის დასაწყისისათვის და წყვეტენ არსებობას ძვ. წ. VI საუკუნის შუა ხანებისთვის. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს დასახლებები მარილის სარეწ სახელოსნოებს თუ სხვა დანიშნულების სადგომებს წარმოადგენდნენ[57]. მკვლევართა ნაწილი ამ მოსაზრებებს დღემდე იზიარებს[58][59]. ამ დროს სრულიად უგულებელყოფილია ქართველ არქეოლოგთა უკანასკნელი გამოკვლევები ამ სადგომების დანიშნულების შესახებ[60]. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით და არქეოლოგიური მასალის შესწავლის ახლებური ინტერპრეტაციის შედეგად დიუნური ნასახლარები რკინის საწარმოო ობიექტებად არის მიჩნეული[61][62][63].

უფრო მისაღებია დიუნურ სადგომთა რკინის მეტალურგიასთან დაკავშირება. ირკვევა, რომ უკლებლივ ყველა სადგომი შეიცავს რკინას მაგნეტიტის სახით და მისი მიღება ქვიშაზვინულიდან სავსებით შესაძლებელია[64]. ა. რამიშვილის მიერ აღდგენილი ეს პროცესი, შესაძლოა, იწვევს გარკვეულ კითხვებს, მაგრამ საერთო სურათი მაინც მისაღებია და გასაზიარებელი. ამასთანავე ფაქტია, რომ უკვე ძვ. წ. VIII საუკუნიდან რკინის იარაღი კოლხური კულტურის წამყვანი და გადამწყვეტი ელემენტია. თუმცა მისი პირველი ნაკეთობების გაჩენა აფხაზეთის ტერიტორიაზე, შესაძლოა, რამდენადმე წინაც უსწრებდეს ამ თარიღს. საყურადღებოა, რომ რკინის პირველი ნაკეთობები ზუსტად იმეორებენ ბრინჯაოს ნაკეთობათა ფორმებს და ჩამოყალიბებული ჩანან ადგილობრივი, კოლხური ბრინჯაოს ფორმების მიბაძვით. არ არის გამორიცხული, რკინის მადნის ნაწილი, მისი მასშტაბურობის გამო, წარმოადგენდა იმპორტის ერთ-ერთ სახეს და სპილენძის მადნის პარალელურად საცვლელ პროდუქტად იყო გამოყენებული. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ფაქტობრივად მკვლევართა უდიდესი ნაწილი რკინის მეტალურგიის ჩამოყალიბებას ქართველური ტომის, ხალიბების სახელთან აკავშირებს. აღნიშნული საკითხები დეტალურად შეისწავლა აკად. დ.ხახუტაიშვილმა. მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე (გურია-აჭარა, ქვემო ქართლი) წარმოქმნილი მეტალურგიული წარმოების პროცესის უადრესი საფეხურები ძვ. წ. XIV საუკუნით მაინც უნდა განისაზღვროს. როგორც ჩანს, სწორედ აქედან გავრცელდა რკინის მეტალურგია საქართველოს სხვა რეგიონებში, თანაც არასინქრონულად, სხვადასხვა პერიოდში. აფხაზეთის დღევანდელ ტერიტორიაზე მისი გავრცელება ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისით არის განსაზღვრული. დიუნურ სადგომთა გვერდით რკინის მეტალურგიის მაღალ დონეს აჭარასამეგრელოს ტერიტორიაზე შესწავლილი რკინის ქურა-სახელოსნოები ადასტურებენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ქურები შესწავლილია აფხაზეთში, თანამედროვე გალის რაიონში, კერძოდ მზიურის ტერიტორიაზეც, რომელიც აშკარად სინქრონულია დიუნური სადგომებისა და განეკუთვნება წინარეანტიკურ ხანას.

კოლხური კულტურის გავრცელების მთელ ტერიტორიაზე (თანამედროვე აფხაზეთის რეგიონის ჩათვლით) მატერიალური კულტურის ერთ-ერთ სპეციფიკურ და დამახასიათებელ კომპონენტს ბრინჯაოს ნივთების განძები წარმოადგენენ. სადღეისოდ სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია დაახლოებით 200-მდე ამგვარი კომპლექსი[65][66]. მათ შორის 65 სწორედ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზეა ფიქსირებული[67]. ისინი შეიცავენ ბრინჯაოს წუნდებულ, ხმარებიდან გამოსულ იარაღებს (კოლხური ცულები, სეგმენტისებური იარაღი, თოხი, ზოდები), იშვიათად სამკაულს, კომბინირებულ იარაღს და „მელითონეთა“ განძების სახელითაა ცნობილი. სავარაუდოდ, ისინი ხელმეორედ გადასადნობად და ახალი იარაღის ჩამოსასხმელად იყო განკუთვნილი. მათი გაჩენა ძირითადად ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებში ხდება (გალი, ურეკი, ბიჭვინთა/ლიძავა, განთიადი), ე.ი. პერიოდში, რომელიც უშუალოდ უსწრებს წინ კოლხურ კულტურას და წარმოადგენს ერთგვარ გარდამავალ ეტაპს. განძები გვხვდება გვიანბრინჯაოადრერკინის ხანის ყველა ეტაპზე და, როგორც ჩანს, წყვეტს არსებობას ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებისთვის. ჩვეულებრივ, ისინი დაკავშირებული არიან იმ პერიოდის ნამოსახლართა საწარმოო უბნებთან (ფიჩორი, გალი). მათი გაქრობა დაკავშირებული უნდა იყოს ბრინჯაოს ნაწარმის წარმოების შემცირებასთან რკინის მეტალურგიაზე სრული გადასვლის შემდგომ.

კოლხური კულტურა დროის დიდ მონაკვეთს მოიცავს და ქრონოლოგიურად ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე და I ათასწლეულის პირველ ნახევარს მოიცავს. არქეოლოგიური მასალების ტიპოლოგიურ-ქრონოლოგიური შესწავლა გვიჩვენებს, რომ მასში ძირითადად ორი ეტაპია წარმოდგენილი. პირველი ეტაპი ხასიათდება ბრინჯაოს ინდუსტრიის მაღალი დონით და წარმოდგენილია ყველა იმ იარაღით, რაც საერთოდ ამ კულტურას ახასიათებს არსებობის მთელ მანძილზე. მეორე ეტაპი კი ამ კულტურის აყვავების ხანაა, როცა ბრინჯაოს მეტალურგიასთან ერთად რკინის წარმოება წამყვანი დარგი ხდება[68]. თითოეული ამ ეტაპის შიგნით შესაძლებელი ხდება რამდენიმე ქრონოლოგიური საფეხურის გამოყოფა[69].

კოლხური კულტურის ხასიათი განპირობებულია მისი სამეურნეო თავისებურებით. იგი ძირითადად მიწათმოქმედი მოსახლეობის კულტურაა და იარაღებიც სწორედ ამ ფუნქციის მატარებელია. უკვე ადრებრინჯაოს ხანიდან კოლხეთის ტერიტორიაზე გუთნური მიწათმოქმედება იყო მეურნეობის წამყვანი დარგი, რისთვისაც გამოიყენებოდა ხის სახვნელები. ისინი აგრძელებენ არსებობას საკვლევ პერიოდშიც, რაზეც უნდა მიგვითითებდეს ფიჭვნარის გვიანბრინჯაოს ხანის ფენებში აღმოჩენილი ხის სახნისები[70][71]. შესაძლოა, სახნისს ამ პერიოდში უკვე ჰქონდა ლითონის დამცავი. ყოველ შემთხვევაში, ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებში (ძვ. წ. VII-VI სს.) კოლხეთში დასტურდება რკინის სახნისების არსებობა, რომლებიც ხის სახნისზე წამოსაგებად იყო განკუთვნილი (ნიგვზიანის და ფიჩორის სამაროვნები). მიწის დასამუშავებლად გამოყენებულია ბრინჯაოს თოხები, რომლებიც ხასიათდება სიმრავლით და ნაირგვარობით. ისინი გავრცელებულია ფაქტობრივად მთელ კოლხეთში, თუმცა შეინიშნება ერთი გარემოება - აფხაზეთის ტერიტორიაზე ისინი შედარებით მცირე რაოდენობითაა ცნობილი. თოხების გავრცელების ჩრდილოეთი პუნქტი ქვემო ეშერაა. მის სამხრეთით კი თოხები რამდენიმე პუნქტშია გამოვლენილი[72]. აშკარაა, რომ ქვის იარაღის (თოხების) ფართოდ გავრცელების გამო მდ. გუმისთის ჩრდილოეთით ლითონის თოხი უფრო გვიან შედის, რაც ამ მიკროლოკალური კერის[73] ერთ-ერთი თავისებურებით უნდა აიხსნას.

კულტურის ერთ-ერთ ძირითად და განმსაზღვრელ იარაღად კოლხური ცულებია აღიარებული. აფხაზეთის ტერიტორიაზე ვხვდებით ამ იარაღის სამივე ძირითად სახეობას – შვეტილტანიანი, მახვილი ყუით, სწორტანიანი დაწახნაგებული ყუით და ტანში ორგზის მოხრილი[74]. კულტურის განვითარების მეორე ეტაპზე მათი ფორმები უფრო დახვეწილია, კოხტა და მსუბუქი. ზოგიერთი მათგანი ორნამენტირებულია. როგორც ჩანს, ძირითადად საბრძოლო იარაღის ფუნქცია ჰქონდა, თუმცა, შესაძლოა, უხეში, მასიური ეგზემპლარები სამეურნეო დანიშნულებისა იყო. კოლხური კულტურის ერთ-ერთ ძირითად ელემენტს წარმოადგენს სეგმენტისებური იარაღი, რომელიც საკმაო რაოდენობითაა აღმოჩენილი აფხაზეთში, ძირითადად გუმისთის სამხრეთ ზოლში. მათი დანიშნულების შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. მკვლევართა ნაწილს მოზრდილი ნიმუშები ბარის ფუნქციის მატარებლად მიაჩნია, ნაწილს — ხვეწისა, ნაწილს კი — ხის სახნისის გარსაკრავად. გამოთქმულია მოსაზრება საცვლელ ერთეულად მათი გამოყენების შესახებ.

კოლხური კულტურის ადრეულ საფეხურებზე სამაროვანთა ნაკლებად შესწავლილობის გამო ნაკლები ინფორმაცია გვაქვს სხვა რიგის (საბრძოლო, სამკაული) მასალების შესახებ. განძების შემადგენლობაში ეს ნაკეთობანი იშვიათი გამონაკლისის სახითაა წარმოდგენილი. მეორე ეტაპზე (ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევარი) უკვე მრავლადაა ამ რიგის მასალაც: სხვადასხვა ტიპის ბრინჯაოს შუბისპირები, სატევრები, ლითონის სამკაული. საყურადღებოა, რომ ამ ნაკეთობათა ერთგვაროვნების ფონზე მათ შორის გამოიყოფა აფხაზეთის ლოკალური რეგიონისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ფორმებიც, მაგალითად, გრძელყუნწიანი, სამკუთხაპირიანი შუბისპირები, ცხოველის გამოსახულებიანი ბრტყელი ბალთები, ჭვირული და ბრტყელი სამაჯურები, კირკალის თავისებური ფორმები, თავდაფანჯრული და ფუყე მძივები, ცხოველისა და ფრინველის ფორმის საკიდი ამულეტები და სხვა. კოლხური კულტურის ბრინჯაოს ნაწარმი აშკარად მიგვითითებს ბრინჯაოს მეტალურგიის მაღალ დონეზე. უკვე ადრე ბრინჯაოს ხანიდან სპილენძის მოპოვება კოლხური ტომების სამეურნეო ყოფაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კავკასიონის სამხრეთი კალთების ტერიტორიაზე სადღეისოდ ცნობილია რამდენიმე პუნქტი, სადაც დასტურდება ლითონის მოპოვებისა და დამუშავების მთელი პროცესი (ბაშკაფსარა, ჩხალთა – აფხაზეთში, ბრილი, გონა – რაჭაში, მესტია – სვანეთში, თლია და მისი შემოგარენი – ცხინვალის რეგიონში). მიკვლეულია უძველესი სამთომადნო გამონამუშევრები და მასთან დაკავშირებული საწარმოო კერები. ამ ძეგლებიდან ყველაზე უკეთ რაჭის სამთო-მეტალურგიული ცენტრია შესწავლილი[75]. განსაკუთრებულ აღმავლობას ეს დარგი განიცდის გვიანბრინჯაოს ხანაში. ამ პერიოდის შტოლნები, შტრეკები, საძიებო თხრილები, კამერები და ფუძე ქანების გადანაყარი აშკარად გვიჩვენებენ, რომ მოპოვებულია რამდენიმე ასეული ათასი ტონა სპილენძის მადანი; იგი საკმარისი იყო არამარტო ადგილობრივი წარმოებისათვის, არამედ სრულიად რეალურია მათი ექსპორტი წინა აზიაში და ანატოლიის საშუალედო ვაჭრობის გზით უფრო სამხრეთითაც კი[76][77]. სწორედ რაჭაში, ბრილის სამაროვნის ძვ. წ. VI-IV საუკუნეების ფენის სამარხებში ვხვდებით კილოგრამობით ლურჯი მინის ნავკრატისულ მძივებს, ეგვიპტურ სკარაბეებს, სანელსაცხებლებს, თევზის გამოსახულებიან ბრინჯაოს ფინიკიურ მონეტებს. ეს უკანასკნელი საშუამავლო ვაჭრობაში ფინიკიური ქალაქების (მაგ. პუნეჟის) როლზე უნდა მიგვითითებდეს. შემთხვევითი არ უნდა იყოს ის გარემოებაც, რომ ეგვიპტური იმპორტი თითქმის არ ჩანს კოლხეთის დაბლობის ამ პერიოდის ძეგლებზე და იგი მხოლოდ რაჭის სამთომეტალურგიული ცენტრის ზოლშია დადასტურებული. ამით უნდა აიხსნას კოლხური კულტურის გავრცელების მთელ არეალში (მათ შორის აფხაზეთშიც) ბრინჯაოს ზოდების განსაკუთრებული სიმრავლე, რომელთა ფორმა ტრანსპორტირებისათვის საკმაოდ მოხერხებულია.

ბრინჯაოს მეტალურგიის მაღალმა დონემ და საწარმოო ჩვევებმა მოამზადა ახალ, უფრო პროგრესულ და სრულყოფილ რკინის მეტალურგიაზე გადასვლა. ამიტომ შემთხვევითი არ უნდა იყოს რკინის მეტალურგიაში ქართველურ ტომთა განსაკუთრებული როლის აღიარება. სამწუხაროდ, სეპარატისტი მკვლევარები სრულიად უარყოფენ ამ თვალსაზრისს და ცდილობენ რკინის მეტალურგიის აფხაზეთში შემოსვლა, გავრცელება ჩრდილოელი სკივთური ეთნოსის გავლენით ახსნან[78].

კიმერიელთა და სკვითთა ტომები ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში განსახლებული ჩანან ჩრდილო შავიზღვისპირეთისა და, სავარაუდოდ, სტეპების ზოლში. წყაროების მიხედვით, კიმერიელები სკვითებმა განდევნეს ამ ზოლიდან და ისინი ძვ. წ. VIII ს. დასაწყისისათვის გადადიან წინა აზიის ტერიტორიაზე. მათ უკან მისდევს სკვითური მასა, რომელიც ამ რეგიონში ჩანს ძვ. წ. VII ს. 90-იანი წლებისათვის. ორივე ამ ეთნოსმა გარკვეული როლი ითამაშა წინა აზიის პოლიტიკური სიტუაციის შექმნაში და ხან დამოუკიდებლად, ხან დაქირავებული რაზმების სახით მონაწილეობა მიიღო რიგ სახელმწიფოთა განადგურებაში. ჩვენთვის საინტერესოა, რა გზით უნდა მოხვედრილიყვნენ ეს ხალხები წინა აზიაში. მკვლევართა ნაწილი (მათ შორის აფხაზი სეპარატისტები) ამ გზად შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს, ეგრეთ წოდებული მეოტიდა-კოლხეთის გზას აღიარებენ. ეს დასკვნა ძირითადად წყაროთა არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად არის მიღებული და სრულად უარყოფილია არქეოლოგიური მონაცემები. ძვ. წ. I ათასწლეულის მეორე მეოთხედი არის კოლხური კულტურის აყვავების ხანა. უმაღლეს დონეზე ასული ბრინჯაოს და რკინის მეტალურგია, დემოგრაფიული აფეთქება, პროტოურბანისტული ცივილიზაცია და სხვა გვაძლევს უფლებას აღვნიშნოთ, რომ ამ პერიოდის კოლხეთი (აფხაზეთის ჩათვლით) არის ძლიერი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ერთეული, რომლის ტერიტორიის გადალახვა არც ისე იოლი უნდა ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ კოლხურ ნასახლარებზე არავითარი კვალი უცხო ეთნოსის შემოჭრისა არ შეინიშნება. წარმოუდგენელია, ამოდენა მომთაბარე ტომთა გავლას არ დაეტოვებინა რაიმე კვალი ხანძრის, შეტაკებების, ანდა უბრალოდ ტიპური კიმერიულ თუ სკვითურ ნაკეთობათა სახით. დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მხოლოდ ერთადერთი კიმერიული ბრინჯაოს კელტია ნაპოვნი (თხმორის განძი, ქვემო რაჭა). Aამგვარად, კიმერიელთა მიერ კოლხეთის გზით წინა აზიაში მოხვედრა არქეოლოგიური მონაცემებით არ დასტურდება.

წყაროს მიხედვით, კიმერიელებს მოსდევენ სკვითური ტომები (ძვ. წ. VII ს.), თუმცა არავითარი კვალი შეტაკებისა ან ნივთიერი მასალისა არ ფიქსირდება არც კოლხეთში და არც საკუთრივ აფხაზეთში. ამგვარად, აშკარაა, რომ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთიდან მომავალ სკვითებს კოლხეთის ტერიტორია არ გადაულახავთ და, სავარაუდოა, რომ ვერც გადალახავდნენ ძლიერი სახელმწიფოსა და ნაირგვარი საბრძოლო იარაღის არსებობის პირობებში. ამასთანავე კოლხეთის ჭაობიანი ტერიტორია და კლიმატი ნაკლებად მოსახერხებელია უცხოელთა ლაშქრობისათვის.

რამდენადმე განსხვავებული სურათი გვაქვს ძვ. წ. VI ს. შუა ხანებისათვის. წინააზიური ლაშქრობების შემდგომ სკვითთა ერთი ნაწილი, როგორც ჩანს, ძალზე მცირერიცხოვანი მასა, უკან დასაბრუნებლად იყენებს კოლხეთის გზას. ამ შემთხვევაშიც არავითარი შეტაკებების კვალი არ ჩანს. სწორედ ამ პერიოდიდან ჩნდება წინააზიური მახვილების მიბაძვით და გავლენით წარმოქმნილი ეგრეთ წოდებული სკვითური აკინაკები., რომლებიც კოლხეთში გარკვეულ მოდიფიკაციას განიცდიან და ამ იარაღის კავკასიურ ვარიანტად ყალიბდებიან. ამავე პერიოდში ჩნდება ეგრეთ წოდებული სკვითური ცხოველურმოტივებიანი ნაკეთობანი, რომლებიც აშკარად წინააზიური გავლენითაა ჩამოყალიბებული. მესამე კომპონენტი, რომელიც სკვითური კულტურის ელემენტად არის მიჩნეული, არის ეგრეთ წოდებული სკვითური ისრისპირი. მისი გამოჩენა ხდება ძვ. წ. VII ს-ის ბოლოსათვის და VII-VI სს. ფაქტობრივად გავრცელებულია ციმბირიდან დაწყებული სამხრეთ რუსეთის სტეპების, ევროპის ნაწილის, კავკასიის და წინა აზიის ტერიტორიაზე. აღნიშნულის გამო რომელიმე რეგიონის მიჩნევა მის შემქმნელად, მით უფრო ეთნიკური კუთვნილების დადგენა შეუძლებელია.

სკვითების ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთიდან წინა აზიისაკენ ლაშქრობის თვალსაზრისით გარკვეული პერსპექტივები ისახება აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ტერიტორიის სახით, სადაც, სავარაუდოდ, დერბენტის გასასვლელის გამოყენებით ჩანს მოხვედრილი სკვითური ნაკეთობანი, მაგრამ ძირითადად ეს მასალაც უკანმობრუნებულ მოსახლეობას ეკუთვნის. კოლხეთში (აჭარაში, ასევე ქვემო ქართლში) უკვე ძვ. წ. XIV-XIII სს-დან ჩნდება რკინის პირველი ნივთები და უმაღლესი დონის ცემენტაციის წესით მიღებული ფოლადი. აქედან იგი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. აფხაზეთში მათი გამოყენება ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისზე მოდის, რაც სკვითებთან ვერანაირად ვერ იქნება დაკავშირებული.

რკინის ხანა

რედაქტირება

ანტიკური ეპოქის დასაწყისისათვის დასავლეთ საქართველოში ყალიბდება კოლხეთის სამეფო, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიასაც მოიცავდა.კოლხეთის სამეფოს შესახებ ცნობებს შეიცავს ძველბერძნული თქმულება არგონავტების შესახებ[79][80]. მასში გაშუქებული ცალკეული მოვლენები რიონის ხეობაში ვითარდება. ზოგიერთი ავტორის მონაცემებით, არგონავტები თითქოს დიოსკურიაში (სოხუმში) მოვიდნენ. ასე, მაგალითად, აპიანე წერდა: „კოლხებს ეს ქალაქი მიაჩნიათ არგონავტებთან ერთად დიოსკურების აქ ყოფნის საბუთად“[81]. ნიკონორ ალექსანდრიელის მტკიცებით, დიოსკურიას „ადრე აია ერქვა“. დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიასთან არგონავტების კავშირზე წერდა ზოგიერთი მკვლევარიც[82][83]. რუსმა ენათმეცნიერმა გ. ტურჩანინოვმა მაიკოპში აღმოჩენილი, ვითომ, აფხაზური დამწერლობის უძველესი ნიმუშის საფუძველზე ქალაქ აიას ლოკალიზება ჩრდილოეთ კავკასიაში მოახდინა[84]. ცნობილია, რომ ე. წ. მაიკოპის წარწერასთან დაკავშირებით გ. ტურჩანინოვის მოსაზრებები თავის დროზე თვით ცნობილმა რუსმა მეცნიერებმაც კი (ი. დიაკონოვი, ლ. ლავროვი, ე. კრუპნოვი, პ. აუტლევი და სხვ.) არ გაიზიარეს[85][86][87][88] და არც ამჟამად იზიარებენ. გ. ტურჩანინოვმა მაიკოპის წარწერა ხეთურ იეროგლიფებს მიამსგავსა, დაათარიღა ძვ. წ. XIII-XII საუკუნეებით და აფხაზურად წაიკითხა; გამოდიოდა, რომ კოლხები ვითომ აფხაზები არიან, ისინი (აფხაზები) ცხოვრობდნენ მცირე აზიიდან ყუბანამდე, ჰქონდათ თავიანთი დამწერლობა და სახელმწიფო ქალაქ აიათი; გ. ტურჩანინოვის მიზანი კოლხეთის სახელმწიფოს შესახებ ქართული ვერსიის განეიტრალება იყო; მისმა „აღმოჩენამ“ სერიოზული გავლენა მოახდინა სეპარატისტულ ისტორიოგრაფიაზე. არგონავტების შესახებ მითის აფხაზებთან (და არა კოლხებთან) კავშირზე სეპარატისტული ისტორიოგრაფია დღეს მხოლოდ მინიშნებით წერს, არგუმენტად იყენებს მედეას ძმის — აფსირტეს სახელის ვითომ აფხაზურ (აფსუურ) ჟღერადობას[89] აფსირტე სახელის წარმოშობის შესახებ არსებობს საკმაოდ საინტერესო მოსაზრება, რომლის მიხედვითაც იგი იხსნება ქართველურ ენობრივ ნიადაგზე[90]. მსგავსი ჟღერადობის გვარ-სახელები კი მრავლად გვხვდება ძველ მსოფლიოში. ეგვიპტის ძვ. წ. VII-VI საუკუნეების სამი ფარაონი — ფსამეტიხები, ოფსიტე VI ს. ლაზიკასა და აფხაზეთში, მწერალი მიხეილ ფსელოსი (XI ს.). ამდენად, მხოლოდ აფსუებისადმი მათი მიკუთვნება უსაფუძვლოა, მით უმეტეს, მსგავსი სახელები დამაჯერებლად არ იხსნება აფხაზურ ენაზე. თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე არგონავტთა ყოფნის შესახებ არსებულ ცნობებს ის მნიშვნელობა აქვთ, რომ მათი ავტორები სოხუმს კოლხთა ქალაქად, აიეტის სამეფოს ნაწილად მიიჩნევენ.

კოლხეთის სამეფოს ჩამოყალიბების დროის, პოლიტიკური და სოციალური წყობის საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს[91]. ლ. სანიკიძეს მიაჩნდა, რომ იგი ძვ. წ. XVII-XV საუკუნეებში წარმოიშვა[92]. დაახლოებით იმავე აზრისაა თ. გამყრელიძეც, რომელიც წერს: „უახლესი გამოკვლევების მიხედვით, კოლხური სახელმწიფოებრიობის არსებობა ჩვენ უკვე ძვ. წ. XV საუკუნისათვის უნდა ვივარაუდოთ, რამდენადაც მიკენური ეპოქის ბერძნულ წარწერებში (ძვ. წ. XV-XIV სს.) დოკუმენტურად დასტურდება მრავალი სახელი, რომლებიც „არგონავტების მითიდან“ იყო ჩვენთვის ცნობილი, მათ შორის ისეთი სახელები, როგორიცაა „(ქვეყანა) აია“, „კოლხიდა“, „იასონი“ და სხვ“[93]. ძველი ეგრისის სახელმწიფოს წარმოშობას თ. ბერაძე ძვ. წ. XV-XIV საუკუნეებით ათარიღებს, მ. ლორთქიფანიძე — ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისით[94][95]. ძველბერძენ მწერალთაგან „კოლხეთის ქვეყანა“-ს პირველად ევმელოს კორინთელი ახსენებს არგონავტებთან დაკავშირებულ კონტექსტში[96]. რა თქმა უნდა, ამჟამად შეუძლებელია ამ სახელმწიფოს ფორმირების ზუსტი თარიღის დადგენა, მაგრამ ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან მისი არსებობა სავსებით რეალურია.

„არგონავტიკის“ მიხედვით, აია დამოუკიდებელი, ძლიერი და ცივილიზებული სახელმწიფოა. ო. ლორთქიფანიძის აზრით, ძვ.წ. XII ს. ის უკვე არსებობდა, მაგრამ საეჭვოა, „არგონავტიკაში“ აღწერილი საზოგადოებრივ-ყოფითი ფონის ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრით დათარიღება; მეცნიერი ვარაუდობს, რომ იგი უფრო ძვ. წ. VI-IV სს. რეალობას შეესაბამება[97]. კოლხეთის ხალხი და მეფე, რომლებმაც გულთბილი მიღება მოუწყვეს არგონავტებს, წერდა დიუბუა დე მონპერე, „ცივილიზაციის გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ, ვიდრე ის ფათერაკების მაძიებელნი და მათი მოლაშქრენი, რომლებიც, შუა საუკუნეების ნორმანების მსგავსად, მათთან საძარცვავად მოვიდნენ და დაარღვიეს სტუმართმოყვარეობის ყველა კანონი“[98]. ოქროს საწმისისა და მედეას გამტაცებელ ბერძნებს, — წერს აპოლონიოს როდოსელი, — აიეტ მეფის შიში აქვთ; ფიქრობენ, „მალე ჩამოვა ის ელადაში, რომ შვილისათვის იძიოს შური“[99]; კოლხთა მბრძანებლის გადაკიდება, ბერძნების აზრით, არ ივარგებს, რადგანაც „ქვეყნად ვერავინ გაუტოლდება ძლევამოსილ კოლხეთის მეფეს. თუმცა შორს არის, თუ მოინდომა, ელადაშიც წავა სალაშქროდ“[100].

ქვეყნის ძლიერება და მისი წარმატებული ეკონომიკური მდგომარეობა ასახულია კოლხეთის მეფის ეპიტაფიაში, რომელიც მოყვანილი აქვს არისტოტელეს: „ოქროთი მდიდარი კოლხეთის მეფე აიეტი ღმერთების ყოვლისმძლე სვემ აქ გააპატიოსნა“[101].

არგონავტების შესახებ მითის თანახმად, ძველი კოლხეთი კულტურულადაც დაწინაურებული ქვეყანა ყოფილა, ჰქონია თავისი დამწერლობაც კი; „შენახული აქვთ მამაპაპური ძველი კირბები და ამ კირბებშია ნაჩვენები გზები ყოველთა ზღვათა და ხმელთა“[102][103][104].

ეს არის უძველესი ცნობა ქართული დამწერლობისა და კარტოგრაფიის არსებობის შესახებ. აია-კოლხეთში საკუთარ ენაზე ურთიერთობდნენ. იგივე მედეა „თავის კოლხურ ენაზე“[105] საუბრობდა, თუმცა ფლობდა ტავრების ენასაც[106]. კოლხეთი ნამდვილად ოქროთი მდიდარი სახელმწიფო ჩანს. განსაკუთრებული ბრწყინვალებითა და სიმდიდრით დედაქალაქი კუტაიისი გამოირჩეოდა. როცა ფაზისში შემოსული არგონავტები გემით მდინარეს აღმა აუყვნენ, მათ ხელმარცხნივ აღმოჩნდა „მაღალი კავკასიონი, აიას ქალაქ კუტაიისი“[107].

კოლხეთის სამეფოს საზღვრები მართლაც კავკასიონამდე უნდა ყოფილიყო გადაჭიმული. ამაზე მიუთითებს ჰომეროსის „ოდისეაც“ (მასში ჩართულია ცნობა არგონავტების შესახებ, აია კი მოქცეულია ოდისევსის მოგზაურობების სფეროში), რომლის მიხედვით, აიეტის სამეფო სარმატიაში მდებარე კიმერიელებს ესაზღვრებოდა[108]. ოვიდიუს ნაზონთან (ჰეროდიები, XII, 25-28) მედეა ამბობს: „ჩემი მამა სახელგანთქმულია, მას უპყრია თოვლიანი სკვითეთი, რაც კი პონტოს სანაპიროა“[109]. ამრიგად, აიეტის დროინდელი კოლხეთის სამეფოს ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი, შესაძლოა, აზოვის ზღვასთან ახლოს გადიოდა; ამასვე ადასტურებს დიოდორე სიცილიელის ცნობაც კოლხთა ტომის 33 საუკუნის წინ მეოტის ტბის (აზოვის ზღვის) მიდამოებში ფორმირების შესახებ[110]. დიოდორე სიცილიელი იმეორებს ჰეროდოტეს ცნობას კოლხების ეგვიპტური წარმოშობის შესახებ. ქართული ისტორიოგრაფია ამ თეორიას, რომელიც „ჰეროდოტეს ნასიბრძნი უნდა იყოს“[111], არ იზიარებს, თუმცა იმ უძველესი ხანის ქართველთა და ეგვიპტელთა ნათესაობისა და კულტურული კავშირების დამადასტურებელი უამრავი მასალაა დაგროვილი[112][113]; ამ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დიოდორე სიცილიელის ცნობა კოლხთა ტომის არა ფაზისის, როგორც ჰეროდოტე მიიჩნევდა[114], არამედ აზოვის ზღვის ნაპირებზე ფორმირების და, შესაბამისად, იქ მკვიდრობის შესახებ. ეს ყოველივე სრულ თანხმობაშია „ქართლის ცხოვრებასთან“ — ლეონტი მროველის თხზულებასთან, რომლის მიხედვითაც „ეგროსს ერგო აღმოსავლით მთა მცირე, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი; დასავლით ზღუა; მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა“[115]. ძველი ეგრისის საზღვრები თ. ბერაძის აზრითაც ჭოროხის აუზიდან მცირე ხაზარეთის მდინარემდე ვრცელდებოდა[116][117] XVIII საუკუნის ბოლომდე (მიუხედავად აღმო-სავლეთ შავიზღვისპირეთის ეთნიკური სურათის მკვეთრი ცვლილებისა) მთელ რიგ უცხოურ (მათ შორის რუსულ) წყაროებში, რუკებზე საქართველოს სახელმწიფოებრივი საზღვარი, ისტორიული ტრადიციისამებრ, სწორედ ყუბანთან, აზოვის ზღვასთან, ან მათთან ახლოს ფიქსირდებოდა.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, დასავლეთ საქართველო არის თანამედროვე აფხაზეთისა და მისი ჩრდილო-დასავლეთ რეგიონების ჩათვლით ეგრთა — უძველეს ქართველთა სამკვიდრო. ამას ადასტურებს არქეოლოგთა დასაბუთებული დასკვნა ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში მთელ დასავლეთ საქართველოში ერთიანი კოლხური კულტურის ჩამოყალიბების შესახებ[118]. სერიოზული დასკვნებია გაკეთებული ენობრივი მონაცემების მიხედვითაც. თ. გამყრელიძისა და ვიაჩ. ივანოვის ერთობლივ ნაშრომში („ინდოევროპული ენები და ინდოევროპელები“) სპეციალური პარაგრაფი ეძღვნება თემას — „ბერძნულ-ქართველური ლექსიკური კავშირები და „მითი არგონავტების შესახებ“. ავტორები ასაბუთებენ, რომ ბერძნულ ენაში ჯერ კიდევ უძველეს ხანაში ნასესხები რამდენიმე ათეული ქართველური სიტყვაა შესული, მათ შორის „ტკოვ“ (ტყავი), რაც ეგრისში, მათ შორის თანამედროვე აფხაზეთის ფარგლებში ქართველთა წინაპრების მოსახლეობაზე მიუთითებს[119]. თ. გამყრელიძისაგან განსხვავებით, ტ. ფუტკარაძეს სიტყვა „ტყოვ“ არ მიაჩნია ძვ. წ. II ათასწლეულში ზანურის არსებობის დამადასტურებლად[120]. ის, ალბათ, უფრო საერთოქართველური სიტყვაა, საიდანაც შემდგომში მივიღეთ ტყები (მეგრ.) და ტყავი. ამასვე მოწმობს „ოდისეაში“ დაფიქსირებული სამკურნალო ბალახის სახელწოდება — „მოლი“[121][122], რომელიც აიაში ხარობდა. მსგავსი ტერმინი სხვა ბერძნულ ტექსტში არ გვხვდება და მისი ახსნა ინდოევროპულ ენობრივ საფუძველზე შეუძლებელია. სპეციალისტთა აზრით, მოლი ბერძნების მიერ ნასესხები ქართული სიტყვაა[123]. ტანზე წასასმელი წამლის თუ წამოსასხამის მნიშვნელობით იგი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანშიც“ არის გამოყენებული[124][125]. პროფესორ მერაბ ჩუხუას აზრით, „არგონავტიკაში“ და სხვა ბერძნულ წყაროებში ფიქსირებული „კირბოს“ წარმომავლობით არის მეგრულ-ლაზური სახეობა საერთოქართველური „კერბ“ სამწერლო ტერმინისა, რომელიც შემონახულია ს. ს. ორბელიანის ლექსიკონში „კეფი“ („მთელი ფურცელი არს წერილისა“) ფორმის სახით.

ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან მაინც აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორია კოლხეთის სამეფოს ორგანულ ნაწილს შეადგენდა და მხოლოდ ქართველთა წინაპრებით, საერთოქართველური ენის მატარებელი ხალხით იყო დასახლებული. ძვ. წ. VIII საუკუნიდან კოლხეთი მოიცავდა მთლიანად დასავლეთ საქართველოს და უძველეს ქართველთა სამკვიდრებელს წარმოადგენდა[126]. ამ სამეფოს არსებობის პერიოდში მეგრელ-ჭანებსა და ქართებს შორის ენობრივი განსხვავება ჯერ არ უნდა ყოფილიყო, — სამართლიანად წერს გ. მელიქიშვილი. მისი აზრით, „კოლხი“ სახელი მაშინ „საერთოქართველური თუ ქართი-ზანური (მეგრულ-ჭანური) ელემენტის აღმნიშვნელი უნდა ყოფილიყო. იონიელი ბერძნები ქართველ ტომებს ჯერ კიდევ ქართულ-ზანური ერთობის არსებობის „კოლხურ“ ხანაში გაეცვნენ და „კოლხი“ სახელსაც, უნდა ვიფიქროთ, ამ ერთობის აღსანიშნავად ხმარობდნენ“[127]. ყველა წინაპირობა არსებობდა მაშინ, რათა ინტენსიურად განვითარებულიყო ერთიანი ქართული ეთნოსის ჩამოყალიბების, ალბათ, ბევრად ადრე დაწყებული პროცესი. ასეთი წინაპირობები გახლდათ მრავალი საუკუნის განმავლობაში არსებული ეკონომიკურად მდიდარი („ოქრომრავალი“), სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი (ელადის დალაშქვრის შემძლე), კულტურულად დაწინაურებული (დამწერლობისა და კარტოგრაფიის მქონე), ტერიტორიულად ვრცელი კოლხეთის სახელმწიფო, რომლის საზღვრები თავდაპირველად აშკარად სცილდებოდა ქართული წყაროების ეგრისის ფარგლებს და აღმოსავლეთ საქართველოს დიდ ნაწილსაც მოიცავდა (შემდგომში „კოლხეთი” და „ეგრისი” იდენტური ცნებებია). მის შემადგენლობაში მოქცეული ენგურ-ფსოუს მონაკვეთიც იყო ის მხარე, სადაც ქართველთა ეთნოგენეზის ხანგრძლივი პროცესი მიმდინარეობდა. სრული საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ქართველობამ სწორედ აია-კოლხეთის ეპოქაში მიაღწია კონსოლიდაციის ისეთ მაღალ ხარისხს, რომელმაც ისტორიის ქარტეხილებს გაუძლო. რაც მთავარია, შენარჩუნდა საერთოეროვნული თვითშეგნება, რომელიც ეფუძნებოდა საერთო კულტურული ენის (მიუხედავად ფუძეენის რღვევისა), საერთო სახელმწიფოებრივი განცდის (მიუხედავად ტერიტორიული დაქუცმაცებისა) არსებობას. მართალია, ერის კონსოლიდაციის პროცესი შემდგომშიაც გრძელდებოდა (ამ მხრივ განსაკუთრებული როლი ქრისტიანობას მიუძღვის), მაგრამ ქართველი ხალხის მყარი სულიერი ერთობა მაინც აია-კოლხეთის ხანაში ჩამოყალიბდა. სხვა ახსნა ქართველთა სამი ძირითადი შტოს (მეგრულ-სვანურ-ქართლური) მტკიცე ერთობის უნიკალური ფაქტისა შეუძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ შემდგომ ეპოქებში ქართველი ხალხის არსებობის ბევრად მეტი ხნის განმავლობაში უკვე გარეშე ფაქტორებით განპირობებული უპირატესად დეზინტეგრაციის ხელშემწყობი პროცესები მოქმედებდნენ.

ძვ. წ. III-II ათასწლეულების მიჯნაზე და უფრო შორეულ წარსულში დასავლეთ საქართველოს, მათ შორის ენგურ-ფსოუს მონაკვეთის მოსახლეობაზე, კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფზე არსებითი „მსჯელობის შესაძლებლობა გამორიცხულია“[128] საკმარისი წყაროთმცოდნეობითი ბაზის უქონლობის გამო. მიუხედავად ამისა, არსებობს სრულიად განსხვავებული მოსაზრება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ეთნიკური კუთვნილების შესახებ. იგი ეფუძნება უსაბუთო ჰიპოთეზას, რომლის თანახმადაც III-II ათასწლეულებში მცირე აზიაში მოსახლე ქაშქა-აბეშლას ტომები თითქოს აფხაზ-ადიღთა წინაპრები არიან. ამ მოსაზრებას იზიარებდნენ პ. უსლარი, ნ. მარი, პ. უშაკოვი, დ. გულია, ვ. სტრუვე, მ. დიაკონოვი და სხვები[129]. ნ. მარი აფხაზთა პირვანდელ სამშობლოს კოლხეთის სამხრეთით და წინა აზიაში ეძებდა; თანამედროვე გეოგრაფიული სახელები — გუბაზოული, ჩიბათი, ანჩა (გურია), აგრეთვე აჭარა, ფაზისი და ა. შ. მან აფხაზურ ტოპონიმებად მიიჩნია[130][131]. დ. გულიამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კოლხები აფხაზთა (აფსუათა) წინაპრებად შერაცხა და დაასკვნა, თითქოს, ახალ წელთაღრიცხვამდე მთელი კოლხეთი, მცირე სომხეთი, ჩრდილოეთ მესოპოტამია და კოლხეთის მიმდებარე სხვა რეგიონები როგორც ამიერკავკასიაში, ისე ჩრდილოეთ კავკასიაში აფხაზურ-ჩერქეზულენოვანი ხალხით იყო დასახლებული[132]; უფრო მეტიც, მან თავისი წიგნის მთელი თავი (თავი IV) მიუძღვნა იმის „დამტკიცებას“, „რომ აფხაზები ეგვიპტიდან და აბისინიიდან, ე. ი. აბასიიდან არიან გამოსულები“[133]. დ. გულია ემყარებოდა XIX-XX საუკუნეების ევროპელ და ქართველ მეცნიერთა შეხედულებებს ქართველთა და სხვა კავკასიელ ხალხთა წინაპრების სამხრეთიდან გადმოსახლების შესახებ[134], კოლხთა ეგვიპტური წარმოშობის ჰეროდოტესეულ თეორიას. მოსაზრება ქართველთა სამხრეთული წარმომავლობის შესახებ ეჭვქვეშ დადგა, როგორც კი დასავლეთის მეცნიერებმა (ბ. გროზნი ჩეხეთიდან და სხვ.) თუბალები, მუშქები (ქართველების სავარაუდო წინაპრები) ინდოევროპელებად აღიარეს. ამის შემდეგ ივ. ჯავახიშვილმა, რომელიც ქართველების სამხრეთიდან გადმოსახლების თეორიას უჭერდა მხარს, პოზიცია რამდენადმე შეცვალა. იგი შეუდგა ქართველი და სხვა კავკასიელი ხალხების ნათესაობის იდეის დამუშავებას. ეპიგრაფიკული წყაროების, ტომობრივი სახელწოდებებისა და ტოპონიმების ანალიზის საფუძველზე ი. ჯავახიშვილმა ირანულენოვან ხალხებად აღიარებული სკვითები და სარმატები ადიღების, ჩეჩნებისა და ლეკების წინაპრებად გამოაცხადა. ჩრდილოეთ კავკასიელთა კვალი, მისი აზრით, საქართველოსა და მეზობელ ალბანეთშიც მოიპოვებოდა; ტოპონიმებისა და ეთნონიმების ეს კვალი მცირე აზიამდე აღწევდა, — წერდა მეცნიერი. საკუთარი მონაცემების საფუძველზე ი. ჯავახიშვილი ოდნავი განსხვავებით, მაგრამ მაინც ტრადიციულ თვალსაზრისს დაუბრუნდა. ამჯერად, მისი მტკიცებით, „მონათესავე ქართული, ქართველური და სკვითურ-სარმატული ტომები” გადაადგილდნენ სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ; ამიტომ უშუალოდ ქართველთა წინაპრები თუბალტიბარენები და მუშკები//მეშეხები, ივ.ჯავახიშვილის აზრით, ინდოევროპელები ვერ იქნებოდნენ[135][136].

აკად. ს. ჯანაშიამ სრულიად ახალი თეორია წამოაყენა. „ქართველები წარმოშობით წინა აზიის ძველს მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნიან“ და ხეთა-სუბარების შთამომავლები არიან, — წერდა მეცნიერი; 6 ათასი წლის წინ უზარმაზარ ტერიტორიაზე (წინა აზია, ბალკანეთი, აპენინისა და პირენეის ნახევარკუნძულები) განფენილი ეს მოსახლეობა თანდათანობით შევიწროვდა, ძვ. წ. XIII საუკუნიდან (ხეთების სახელმწიფოს დამხობის შემდეგ) წვრილ-წვრილ სახელმწიფოებად დაქუცმაცდა; პირველი ათასწლეულის პირველ საუკუნეებში საქართველოს თანამედროვე ტერიტორიაზე დასავლური და აღმოსავლური კულტურული წრე ჩამოყალიბდა, რომელიც ქართველთა ორ გაერთიანებას — დასავლურქართულს და აღმოსავლურ ქართულს — შეესაბამებოდა; „დასავლური კულტურული წრე შეიცავდა მთელს დასავლეთ საქართველოს, ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთს მდ. თერგის დასავლეთით, მდ. ჭოროხის ხეობასა და შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროსაც”; ძვ. წ. VI საუკუნისათვის, როცა ურარტუს სამეფო დაეცა, სახელმწიფოებრივმა ცენტრებმა ჩრდილოეთისაკენ გადაინაცვლეს[137]. ს. ჯანაშიას თეორიამ დიდი პოპულარობა და მხარდაჭერა მოიპოვა. დღის წესრიგიდან მოიხსნა ქართველთა წინაპრების სხვაგან ძებნისა და მათი გადმოსახლების საკითხი; ყოველგვარი აზრი დაკარგეს დ. გულიას მოსაზრებებმაც. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ს. ჯანაშიას თეორიის გავლენით თქვა მან უარი თავის ძირითად დასკვნებზე, თუმცა XX საუკუნის 30-იან წლებში არც მკაცრი კრიტიკა დაჰკლებია მეცნიერთა თუ ხელისუფალთა მხრიდან. დ. გულიამ კი უარყო ძველი აბსურდული შეხედულებები, მაგრამ სეპარატისტული ისტორიოგრაფია დღემდე იზიარებს მათ.

ეგვიპტე-აბისინიიდან აფხაზთა გამოსვლის იდეა სერიოზულად არავის მიუღია, სამაგიეროდ არაერთი ცნობილი ავტორი, როგორც ზემოთ აღინიშნა, უმთავრესად ფონეტიკურ მსგავსებათა საფუძველზე ქაშქა-აბეშლას ტომებს ჩერქეზთა წინაპრებად მიჩნეულ კერკეტებთან და აფხაზურ-აფსუურ ტომად მონათლულ აფშილებთან აიგივებდა. ერთ-ერთი პირველი იყო გერმანელი მეცნიერი ედმუნდ მაიერი, რომელმაც სხვა ევროპელ მეცნიერებთან ერთად ჯერ კიდევ 1884 წელს კოლხები, სავარაუდოდ, ქაშქებად მიიჩნია[138]. იგივე მოსაზრება გამოთქვა მიშელ თამარათიმ (მიხეილ თამარაშვილმა) 1910 წელს რომში ფრანგულ ენაზე გამოცემულ წიგნში „ქართული ეკლესია დასაბამითგან დღემდე“[139]. ქასქებს კოლხებად თვლიდა ივ. ჯავახიშვილიც[140].

განსხვავებული ვარაუდები გამოთქვეს ი. დიაკონოვმა, ი. დუნაევსკაიამ, გ. მელიქიშვილმა[141][142][143][144][145][146][147][148]. ამ უკანასკნელის აზრით, ქაშქა-აბეშლა პროტოხეთების (ხათების) მონათესავე კრებითი მნიშვნელობის ერთი და იგივე ტომობრივი სახელის ორი სხვადასხვა ვარიანტია. ქაშქების სახელით ხეთები მოიხსენიებდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ მცირე აზიის მთიელებს, რომელთა შორის, თითქოს, იყვნენ, — წერდა გ. მელიქიშვილი, — როგორც აფხაზ-ადიღთა, ისე ქართველთა წინაპრებიც[149].

აღნიშნულ თემას შეეხო კ. შაყრილი. მას მიაჩნდა, რომ ქაშქები ადიღთა წინაპრები არიან, აბეშლა კი — აფსუა-აფხაზებისა; დაახლოებით III-II ათასწლეულების მიჯნაზე ისინი თითქოს ნელ-ნელა დაიძრნენ კავკასიისაკენ და ძვ. წ. I ათასწლეულში თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიამდე მოაღწიეს; ავტორის აზრით, მოსული აფხაზურ-ადიღური ტომები განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც თავს მოახვიეს თავიანთი ენა და კულტურა[150]. ამასთანავე კ. შაყრილი არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რაში გამოიხატებოდა ვითომ მცირე აზიიდან გადმოსახლებულთა კულტურული უპირატესობა და სად გაქრა იგი შემდგომში. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ არქეოლოგიური მასალა არ ადასტურებს მოსახლეობის შემადგენლობის რადიკალურ ცვლას ძვ. წ. I ათასწლეულში, ან მის გადაადგილებას მცირე აზიიდან ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით.

ქაშქა-აბეშლას ტომების მცირე აზიიდან კავკასიაში, მათ შორის დასავლეთ საქართველოში გადმოსახლების თეორიას მხარს უჭერდა არქეოლოგი ლ. სოლოვიოვი. მისი აზრით, დოლმენები აფხაზეთში ქაშქებმა დაამკვიდრეს, თუმცა თვითონვე აღნიშნავდა, რომ შავიზღვისპირეთში ეს დოლმენები მცირეაზიელი ტომების სავარაუდო გადმოსახლებამდეც არის დაფიქსირებული[151]. აღნიშნულ მოსაზრებას ემხრობოდა ზ. ანჩაბაძეც; იგი ამტკიცებდა, რომ აფხაზური ეთნოსის ჩამოყალიბება მოხდა კავკასიის შავიზღვისპირეთში ადგილობრივი აბორიგენული მოსახლეობისა და ჩრდილო-დასავლეთ მცირე აზიიდან მოსული ტომების კონსოლიდაციის ხანგრძლივი პროცესის (ნეოლითის ხანიდან წინა ანტიკური ხანის ბოლო საუკუნეებამდე) შედეგად[152]; შემდგომში ზ. ანჩაბაძემ რამდენადმე განსხვავებული მოსაზრება წარმოადგინა. მისი მტკიცებით, აფხაზურ-ადიღურ-ქართველურ ტომებს უხსოვარი დროიდან ეკავათ კავკასიის დასავლეთი ნაწილი და მიმდებარე რაიონები მცირე აზიაში. ე. წ. დოლმენური კულტურის აყვავების პერიოდი, III ათასწლეულის დასასრული — II ათასწლეულის პირველი ნახევარი, უნდა განვიხილოთ, — წერდა მეცნიერი, — როგორც ძველაფხაზური ეთნოსის ჩამოყალიბების პერიოდი, ვინაიდან უფრო მეტად სწორედ მაშინ მოხდა პროტოაფხაზურ-ადიღური ეთნიკური ერთობის საბოლოო რღვევა[153]. ზ. ანჩაბაძესთან ვერ ვპოულობთ სარწმუნო მონაცემებს III-II ათასწლეულებში დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ენგურ-ფსოუს მონაკვეთზე მაინცდამაინც ძველაფხაზური ტომების მკვიდრობის შესახებ. შ. ინალ-იფას აზრითაც, ხათურ-აფხაზურ-ადიღური ტომები სამხრეთიდან ჩამოსულნი კი არ არიან, არამედ III-II ათასწლეულებში სახლობდნენ ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კავკასიიდან მცირე აზიამდე[154].

ეთნიკური ისტორიის საკითხებს შეეხო ო. ჯაფარიძეც. კავკასიის კულტურულენობრივი დაშლის შემდეგ (IV-III ათასწლეულები) მის დასავლეთ ნაწილს (აფხაზეთის ჩათვლით) ხათურ-აფხაზურ-ადიღური ტომები იკავებენ, — წერდა იგი, — ქართველური ტომები კი ამ დროს ამიერკავკასიის დასავლეთ და ცენტრალურ ოლქებში არიან. დასავლეთ კავკასიაში აღმოჩენილი კულტურა ო. ჯაფარიძემ აფხაზ-ადიღთა კუთვნილებად მიიჩნია[155]. სამწუხაროდ, იმავეს ამტკიცებდა მეცნიერი მოგვიანებითაც[156]. ო.ჯაფარიძის პოზიცია ამჟამადაც თითქმის უცვლელი რჩება — გვიანნეოლითის ხანაში (III ათასწლეული) აფხაზ-ადიღთა წინაპრები ყუბანისპირეთში არიან, მაგრამ დასავლეთ კოლხეთში მათი ყოფნა გამორიცხული არ არის; აქ ისინი ვითომ ქართველური ტომების მეზობლად მოსახლეობდნენ, რამაც, შესაძლოა, განაპირობა აფხაზურ-ადიღურ და ქართველურ ენებში ასახული შეხვედრები[157]. სინამდვილეში ასეთი შეხვედრები ბევრად უფრო გვიანდელი ხანისაა.

მცირე აზიიდან დასავლეთ კავკასიაში ქაშქების გადასახლება არ დასტურდება არქეოლოგიური მასალებით[158], მათ შორის დოლმენებით, რომლებიც არ არიან დაფიქსირებული მცირე აზიაში[159]. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ქაშქების ეთნიკური ჯგუფი დღემდე არსებობს ირანში.

აფხაზ-ადიღთა ლინგვისტურ კავშირებს ხათებთან უარყოფს გერმანელი მეცნიერი ა. კამენჰუბერი. იგი მიიჩნევს, რომ ხათური და კავკასიური ენების გენეტიკურად ერთმანეთთან დაკავშირების მცდელობა წარუმატებელი იქნება იმის გამო, რომ ხათურის კვდომიდან კავკასიური ენების წერილობით ფიქსაციამდე 3000 წელიწადია გასული; შესაბამისად, დასკვნების გამოსატანად აუცილებელი მასალა არ დარჩა; აქედან გამომდინარე, იგი უარყოფს ი. დუნაევსკაიას პრეტენზიებს იმის თაობაზე, რომ ჯეროვნად არ მიმდინარეობს ხათურ და აფხაზურ-ადიღურ ენებს შორის სტრუქტურული თუ შესაძლო გენეტიკური კავშირების შესწავლა; მეცნიერი დარწმუნებულია, რომ ამ ენებში არსებულ მსგავსი ჟღერადობის სიტყვებს კავშირი ერთმანეთთან არა აქვთ[160].

გენეტიკური კავშირის არსებობა ჩერქეზ-ადიღთა წინაპრების აღმნიშვნელ „ქასაგ“, „ქაშაგ“ ტერმინებსა და ქაშქას შორის გამორიცხულად მიაჩნია ნ. ვოლკოვას, ვინაიდან წყაროებში ისინი ორი ათასი წლის ინტერვალით მოიხსენიებიან[161]. ასეთივე შუალედია ლურსმული წარწერების „აბეშლასა“ და „ქართლის ცხოვრების“ „აფშილს“ შორის.

მარტო დიდ წყვეტილობას დროსა და აგრეთვე სივრცეშიც დამაჯერებელ არგუმენტად არ მიიჩნევს გრ. გიორგაძე. მეცნიერის აზრით, უფრო მთავარი ის არის, რომ „ქაშაგ“ — „ქაშქას“ იგივეობის დასადგენად მხოლოდ ტერმინთა ფონეტიკური მსგავსება (რომელიც შეიძლება შემთხვევითი იყოს) საკმარისი არ არის; ხეთური წყაროების „ქასქა“ მსგავსი ან იდენტურია სხვადასხვა ეპოქის ხალხთა სახელწოდებებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ (ზოგ შემთხვევაში ახლაც ცხოვრობენ) მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში (კამერუნში არის ტომი „ქასქა“, ინდოეთში — გაშქა, პამფილიაში — სამხრეთ მცირე აზიაში — ცხოვრობდა ქერქოი და ა.შ.); გრ. გიორგაძე ყურადღებას აქცევს იმ გარემოებასაც, რომ „ქაშაგი“ ს.-ს. ორბელიანთან განმარტებულია როგორც „მოზრდილი ტყვე“, ხოლო ზაზა ფანასკერტელთან სიტყვა „ქაშქი“ — ნიშნავს „წუენი ქერის კორკოტისა“ (გამოიყენებოდა ლუდის აღსანიშნავადაც)[162]. უფრო ზუსტად, ს.-ს. ორბელიანი ასეთ განმარტებას იძლევა: „ქაშაგი მოზრდილი ტყვე, და ბაღანა-ჩვილი“[163]. დ. ჩუბინაშვილი უფრო აკონკრეტებს ამ ქართული სიტყვის მნიშვნელობას: „ქაშაგი, ტყვედ გასაყიდად დანიშნული მოზდილი ყრმა“[164]. აქვე, განსჯისათვის შეგვიძლია დავსძინოთ, რომ ჩინგიზ-ხანის პირად გვარდიას ქეშიგი ერქვა. ამრიგად, მტკიცებას „ქაშაგ”-„ქაშქას” იდენტურობის შესახებ მტკიცე საფუძველი არ გააჩნია.

გრ. გიორგაძემ შეისწავლა ქასქების ეთნიკური ვინაობა; მან არ გაიზიარა მოსაზრება ხათებთან მათი იდენტიფიცირების შესახებ იმ მიზეზით, რომ ეს ტომები განვითარების სხვადასხვა საფეხურებზე იმყოფებოდნენ; აფხაზურ-ადიღურ ტომებთან ქასქების დაკავშირებაც არადამაჯერებლად მიიჩნია ტომთა სახელების ბგერითი სიახლოვის გარდა სხვა არგუმენტების უქონლობის გამო; არ არსებობს აგრეთვე ქასქების გადასახლება-გადმოსახლების დამადასტურებელი რაიმე მასალა. ხეთურ და ლურსმულ ტექსტებში ასახული ქასქური ტოპონიმების, საკუთარი სახელებისა და ცალკეული სიტყვების პირველადმა ანალიზმა მეცნიერი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ქასქები მეტ ერთობას ავლენენ ქართველებთან (მეგრელ-ლაზებთან და სვანებთან), ვიდრე აფხაზადიღებთან.

გრ. გიორგაძე განიხილავს აბეშლაელთა ვინაობის საკითხსაც. ასურეთის მეფის ტიგლათფალასარ I-ის (ძვ. წ. 1115-1077 წწ.) სახელით შედგენილ ტექსტებში ისინი მოხსენიებული არიან ქასქების ვარიანტად, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ლურსმული ტექსტების ქაშქაც ასევე სინონიმია იმავე აბეშლასი, — წერს მეცნიერი და დაასკვნის: „თუკი ამ შეხედულებას („ქაშქა“ — „აბეშლას“ სინონიმობის შესახებ) გავიზიარებთ, მაშინ ხეთური და ასურული წყაროების ქასქები (ქაშქები) და ასურული ტექსტების აბეშლაელები (საერთო ჯამში აფსილებიც — „აბეშლა“ და „აფსილი“ ტერმინების გაიგივების შემთხვევაში) ერთი და იმავე ჩამომავლობის — სამხრეთკოლხური წარმოშობის ტომებია“.

მთელი რიგი არგუმენტების მოშველიებით (უზუსტობები ასურულ ტექსტებში, აბეშლაელთა ლოკალიზაცია, ხეთურ ტექსტებში მათ შესახებ ინფორმაციის უქონლობა, პოლიტიკურ ასპარეზზე შედარებით გვიან გამოჩენა და ა.შ.) გრ. გიორგაძე უარყოფს „ქაშქა“ — „აბეშლას“ იგივეობას და გამოთქვამს ვარაუდს, რომ აბეშლაელები ქაშქებთან და მუშქებთან ერთად დასავლურქართველური წარმოშობისანი არიან; ამასთანავე, ჰიპოთეტურს უწოდებს „აბეშლა“ — „აფსილ“ — „აფსუას“ — სულ სხვადასხვა ეპოქისა და რეგიონის ხალხების გაიგივების მცდელობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტერმინთა მიახლოებით მსგავსებას ეფუძნება; თუკი ასეთ იგივეობას დავუშვებთ, „მაშინ აფსილებიც კოლხური (მეგრულ-ლაზური) წარმომავლობის ტომად უნდა ჩავთვალოთ, რადგან აბეშლაელები ქაშქებთან ერთად სწორედ ასეთ ტომად მიგვაჩნია“. ასეთია გრ. გიორგაძის მოსაზრება, რომელიც პრინციპულად განსხვავდება ამ საკითხზე სხვა მეცნიერების, მათ შორის გ. მელიქიშვილის[165] დასკვნებისაგან.

მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთიდან აფხაზურ-ადიღური ტომების წინაპართა დასავლეთ კავკასიაში გადასახლების თუ ამ ტომების კავკასიიდან მცირე აზიამდე გავრცელების თეორიის დასაბუთებას დასავლეთ საქართველოში ამჟამად არსებული ტოპონიმებითაც ცდილობენ. როგორც უკვე ითქვა, ერთ-ერთი პირველი იყო ნ. მარი, რომელმაც დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში (აჭარა, გურია, სვანეთი, რაჭა) არსებული ცალკეული ტოპონიმები ვითომ აქ 3 ათასზე მეტი წლის წინ მოსახლე აფხაზთა წინაპრებს მიაკუთვნა. საბჭოთა პერიოდში ეს მოსაზრება განავითარეს დ. გულიამ, ს. ჯანაშიამ, ივ. ჯავახიშვილმა და სხვებმა. „აფხაზურ-ჩერქეზული ეტიმოლოგიის მდინარეთა და პირთა სახელების“ საფუძველზე დ. გულიამ მთელი დასავლეთ კავკასია, სომხეთი და თურქეთი, როგორც ზემოთ ითქვა, აფხაზთა წინაპრების ისტორიულ საცხოვრისად გამოაცხადა.

ს. ჯანაშიას მოხსენებაში „ჩერქეზული (ადიღეური) ელემენტი საქართველოს ტოპონიმიკაში“ (1933 წ.) „არაქართული“ სახელწოდებების (აკამფსი, სუფსა, აგიდაყვა, აჭყვა, მალთაყვა, ბობოყვათი, ბერეყვა და ა.შ.) ანალიზის საფუძველზე გაკეთებულია დასკვნა: „საქართველოს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილში ჩერქეზული ტოპონიმიკა უდავოდ დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს... ეს კი აქ ჩერქეზული მოსახლეობის ოდინდელი მოსახლეობის ნაკვალევია“[166]. იგივე მოსაზრება გამოთქვა ივ. ჯავახიშვილმა. ფს-ბოლოკიდურიანი ჰიდრონიმები მან ჩერქეზულად აღიარა, ხოლო ფშ-ბოლოკიდურიანი სახელების სახელმდებლად ყაბარდოელები მიიჩნია, ყვა, ყუარა კი აფხაზებს მიაკუთვნა[167]. მანვე საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიაში 1939 წლის მაისში წაკითხულ მოხსენებაში იმ მოტივით, რომ ჩერქეზულად ყვა ძე-ს ნიშნავს, ქართული გვარები ინგორო-ყვა, ჭანუ-ყვა-ძე, ღელე-ყვა ადიღური წარმოშობის გვარებად გამოაცხადა. ასევე ადიღურ ტოპონიმებად ჩათვალა ხოფა, სინოპი. სოფელ ბჟინევის (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) სახელწოდებაც ჩერქეზულად (ნიშნავს ნიორს) იქნა ახსნილი. „ამრიგად, — ასკვნის ივ. ჯავახიშვილი, — ისტორიამდელ ხანაში ადიღეველები უნდა ყოფილიყვნენ დასახლებული დასავლეთ ამიერკავკასიაში, ისტორიული ხანის საქართველოს ტერიტორიაზე“[168].

ფს-, ფშ-, ყვა- ელემენტების შემცველი ონომასტიკა, მთელ რიგ გარემოებათა გამო, ჩერქეზ-ადიღთა წინაპრების ნაკვალევად ვერ ჩაითვლება. პირველ რიგში, მოყვანილი ტოპონიმები და ჰიდრონიმები ლათინური, ბერძნული და ქართული წარმოშობისაა, რაზეც ყურადღებას ივ. ჯავახიშვილიც ამახვილებდა; მეორეც, მათი ნაწილი ეკუთვნის არა 3-5 ათასი წლის წინანდელ პერიოდს, არამედ გვიანანტიკური, ან, შესაძლოა ადრეული შუა საუკუნეების ხანას, როცა მდ. რიონის სამხრეთით მდებარე თითქმის უკაცრიელ ტერიტორიებზე (თანამედროვე გურია, იმერეთისა და აჭარის ნაწილები) კვლავ ქართული მოსახლეობა დამკვიდრდა; მეორე ნაწილი ძველ წერილობით წყაროებში საერთოდ არ იხსენიება. ჩერქეზ-ადიღთა ნაკვალევად მიჩნეული სახელწოდებების დათარიღების აუცილებლობაზე კი სავსებით სამართლიანად გაამახვილა ყურადღება მ. ინაძემ[169]; მესამეც, მსგავსი ტოპონიმები მრავლად გვხვდება როგორც საქართველოში, ისე ევრაზიისა და აფრიკის კონტინენტებზე. ყვა- (კვა), ფს-, ფშ- კომპონენტების შემცველი სიტყვებიც საკმარისად მოიპოვება სხვადასხვა ენებში, მათ შორის ქართულშიც; მეოთხეც, დაუჯერებელია, რომ დაახლოებით 3-4 ათასი წლის წინ აფხაზ-ადიღებს საქართველოში ჰქონოდათ სოფლები, რომელთა სახელწოდებები უცვლელად დღემდე შემორჩა; იგივე ეხება ჰიდრონიმებს, მით უმეტეს — გვარებს, რომელთა ჩამოყალიბება გვიანდელი (ახ. წ. VII საუკუნისა და შემდგომი პერიოდის) მოვლენაა; მეხუთეც, შეუძლებელია ფს-, ფშ-, ყვა- ელემენტებიანი ონომასტიკა აფხაზ-ადიღთა წინაპრებს იმ შორეულ წარსულში დაეტოვებინათ ტერიტორიაზე, რომელიც ვითომ გამოიარეს (ან დროებით ეკავათ) მაშინ, როცა ასეთი სახელწოდებები შესაბამისი უძველესი ხანისა არ გვხვდება სეპარატისტული ისტორიოგრაფიის მიერ აფხაზთა მუდმივ საცხოვრებლად მიჩნეულ ადგილებში — მცირე აზიასა და აფხაზეთში, აგრეთვე მის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რაიონებში. გამოდის, რომ აფხაზურ-ადიღურად თუ ჩერქეზულად გამოცხადებული ტოპონიმიკა შორეულ წარსულში არსებობდა ყველგან, გარდა დასავლეთ საქართველოს ენგურფსოუს მონაკვეთისა. ფს- კომპლექსის შემცველი სახელი ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში პირველად კლავდიოს პტოლემაიოსთან (ახ. წ. I ს.) გვხვდება — ქ. ამფსალიდა, რომელიც დაახლოებით მდ. შახეს ნაპირას, გოლოვინის კონცხთან მდებარეობდა[170]; V საუკუნის ანონიმი ავტორი ასევე თანამედროვე აფხაზეთის ფარგლებს გარეთ ახსენებს „ნიკოფსიას“ (ყოფილი „ძველი ლაზიკა“ მდებარეობდა დღევანდელი ტუაფსეს ჩრდილოდასავლეთით), „ფსახაფსს“ (მდინარე ქ. ნიკოფსიასთან), „ტოფსიდას“ (მდ. ტუაფსე)[171]. სავარაუდოდ, ლათინურ, ბერძნულ, ან ქართულ ენებთან დაკავშირებული ეს სახელები გაითავისეს V საუკუნისათვის ნიკოფსიაში დამკვიდრებულმა ჯიქებმა, სხვა ჩრდილოეთ კავკასიელმა ხალხებმა.

ისტორიამდელ ხანაში დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის ჩათვლით) მოსახლეობის შესახებ სარწმუნო ცნობების შემცველი ძველბერძნული თქმულებები და სხვა მასალები აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ ქართველთა წინაპრებს და ძველ ქართულ სახელმწიფოს აფიქსირებენ.

ანტიკური ხანა

რედაქტირება

ვარაუდობენ, რომ ძვ. წ. VIII ს. ბოლოს ჩრდილოეთ კავკასიიდან სამხრეთის მიმართულებით სალაშქროდ დაძრულმა კიმერიელებმა კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე გამოიარეს და თითქოს ქვეყანას მძიმე დარტყმა მიაყენეს. როგორც ო. ლორთქიფანიძე მიიჩნევს, თუ მართლა განხორციელდა კიმერიელთა შემოსევები, მაშინ, ალბათ, მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ კოლხეთი დაზარალდა[172]. თ.ბერაძე ასევე არ ეთანხმება მოსაზრებას ძვ.წ. VIIIს. ბოლო მეოთხედში კოლხეთის სამეფოს არსებობის შეწყვეტის შესახებ და ვარაუდობს, რომ კიმერიელთა შესაძლო შემოსევას კატასტროფული შედეგები არ მოჰყოლია; წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტი აისახებოდა არქეოლოგიურ მასალაშიც და ბერძნულ-სომხურ მწერლობაშიც[173]. უნდა ითქვას, რომ პირდაპირი თუ ირიბი მონაცემები სხვა ვარაუდებისათვის — კიმერიელების მიერ კოლხეთის სრული განადგურების, სამეფოს ტერიტორიაზე მეზობელი მთიელების შემოღწევისა და დამკვიდრების, „ძალთა თანაფარდობის შეცვლის“ შესახებ[174][175] არ არსებობენ. როცა დანამდვილებით ისიც კი არ არის ცნობილი, კიმერილებმა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი მართლაც გამოიარეს და მიაყენეს თუ არა დარტყმა ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთს, ყოველგვარ აზრს კარგავს შემდგომი ვარაუდების მთელი სერიალი ამ „დარტყმის“ ნეგატიური შედეგების თაობაზე. მეტი საფუძველი არსებობს სხვა ვარაუდისათვის — კოლხეთის სამეფომ განსაკუთრებულ ძლიერებას სწორედ ძვ.წ. VIII საუკუნიდან მიაღწია (დიაუხის სამეფოს განადგურება და შემოერთება და ა.შ.). იმ დროიდან დაიწყო და მომდევნო საუკუნეებში უფრო ინტენსიურად მიმდინარეობდა შავი ზღვის სანაპიროების ბერძნული კოლონიზაცია, რამაც გავლენა იქონია პოლიტიკური პროცესების შემდგომ განვითარებაზე. მართებულია მ. ლორთქიფანიძის მოსაზრება ქართული სახელმწიფოს ისტორიის უწყვეტი ხაზის არსებობის შესახებ[176]. ეს უწყვეტობა დადასტურებულია თ. მიქელაძისეული პერიოდიზაციითაც[177], რომლის თანახმად, ძვ.წ. XIII ს-დან დაწყებული კოლხეთის სამეფოს ისტორიის პირველი პერიოდი ძვ. წ. VI ს. შუა ხანებში დასრულდა. მეცნიერი მას „ძველი სამეფოს პერიოდს“ უწოდებს; ამის შემდეგ იწყება და ძვ. წ. I საუკუნემდე გრძელდება „შუა სამეფოს“ ახალი პერიოდი, რომელიც გვიანდელი (I-IV სს.) სამეფოს პერიოდმა შეცვალა.

ძვ. წ. VI-V საუკუნეებში აქაური დასახლებების ბაზაზე წარმოიქმნა ძველბერძნული ახალშენები: დიოსკურია, გიენოსი, ტრიგლიტი, პიტიუნტი და სხვები. განვითარდა ვაჭრობა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი საქმიანობა იყო მწათმოქმედება, მესაქონლეობა და ხელოსნობა. მაღალ დონეზე იდგა რკინის წარმოება. ძვ. წ. I საუკუნეში კოლხეთის სამეფო დასუსტდა და დაიშალა. I-II საუკუნეებში იხსენიებიან აფხაზების წინაპრები: აფსილები და აბაზგები. აფსილებს იხსენიებს პლინიუს უფროსი (I ს.), ფლავიუს არიანე (II ს.) კი ასახელებს აფსილებსა და აბაზგებს. დაშლილი კოლხეთის სამეფო დაიპყრო ჯერ პონტოს მეფე მითრიდატე VI-მ, შემდეგ რომის იმპერიამ. აფსილები და აბაზგები აქტიურად იბრძოდნენ რომაელთა წინააღმდეგ. I საუკუნის ბოლოსთვის ჩამოყალიბდა აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები. მათ მთავრებს რომაელი იმპერატორები ამტკიცებდნენ. III-IV საუკუნეებში ჩამოყალიბდა ეგრისის სამეფო, რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ მთელ კოლხეთთან ერთად გააერთიანა აფხაზეთის ტერიტორიაც. ამ პერიოდში ლაზიკის საზღვარი თანამედროვე სოჭის ჩრდილოეთით გადიოდა.

შუა საუკუნეები

რედაქტირება
 
ბაგრატ III, გელათის ფრესკა

VI საუკუნის დასაწყისში ეგრისის სამეფოში და მასში შემავალ აფხაზეთის სამთავროში დაიწყო ფეოდალური ურთიერთობების ჩამოყალიბება. მთელი საუკუნის განმავლობაში დასავლეთ საქართველო იყო სასანურ ირანსა და ბიზანტიის იმპერიას შორის ომის ასპარეზი. აფხაზეთის მოსახლეობა იბრძოდა მათ წინააღმდეგ, რისი შედეგც იყო აბაზგების აჯანყება 550 წლს.ბიზანტიამ ვერ შეძლო ეგრისის სამეფოს გადაქცევა საკუთარ პროვინციად და იძულებული იყო დაკმაყოფილებულიყო მისი ვასალობით. VI საუკუნის II ნახევარსა და მთელ VII საუკუნეში ეგრისის სამეფოში გაძლიერდა აბაზგების სამთავრო. VIII საუკუნეში აბაზგების ჰეგემონიით ჩამოყალიბდა აფხაზთა სამთავრო, რომლის ცენტრი ანაკოფიაში იყო. მან სამხედრო-პოლიტიკური კავშირი დაამყარა ლაზიკასთან ბიზანტიელი და არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ. ლეონ I-მა კავშირი დაამყარა აღმოსავლეთ საქართველოს მეფებთან, რის შედეგადაც არაბები დაამარცხეს და განდევნეს დასავლეთ საქართველოდან. VIII საუკუნის 80-იან წლებში აფხაზთა მთავარმა ლეონ II-მ დასავლეთ საქართველო ერთ პოლიტიკურ ერთეულში, აფხაზთა სამეფოში გააერთიანა. საუკუნის ბოლოს ის გათავისუფლდა ბიზანტიის დამოკიდებულებისაგან და მეფის ტიტული მიიღო. ამ აქტში მას მისი სიმამრი, ხაზართა ხაკანი დაეხმარა. სამეფოს ტერიტორია გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან ჭოროხამდე, აღმოსავლეთით კი ლიხის ქედამდე. აფხაზთა სამეფოს მოსახლეობის უმრავლესობა ქართველები იყვნენ. მნიშვნელოვან წილს შეადგენდნენ აფხაზები და კავკასიის სხვა ხალხები და ტომები. სახელმწიფო და მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სალაპარაკო ენა ქართული იყო. სამეფო დედაქალაქი გახდა ქუთაისი. ქვეყანა დაწინაურდა ეკონომიურად - განვითარდა სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა. თავის დროისათვის მაღალ დონეს მიაღწია ფეოდალურმა კულტურამ, რასაც მოწმობენ ქართული ხუროთმოძღვრების მრავალრიცხოვანი ძეგლები. წარმოქმნისთანავე აფხაზთა სამეფო აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში, ცდილობდა შემოეერთებინა შიდა ქართლი, კახეთი და ჰერეთი. ერთ დროს მის შემადგენლობაში შედიოდა ჯავახეთიც.

აფხაზთა სამეფო განსაკუთრებით დაწინაურდა გიორგი II-ის და მისი ძის, ლეონ III-ის დროს. ამ პერიოდში აფხაზთა სამეფო საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის ჰეგემონი იყო. ბიზანტიელ და არაბ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში აფხაზთა სამეფო, ისევე როგორც მთლიანად ფეოდალური საქართველო, გამარჯვებული გამოვიდა. აფხაზთა სამეფოს კულტურული და საეკლესიო პოლიტიკა ნაკარნახევი იყო მთელი საქართველოს საერთო ინტერესებით. აფხაზთა სამეფოს მმართველმა წრეებმა, ჯერ კიდევ IX საუკუნეში, გაათავისეუფლეს თავისი ეკლესია კონსტანტინოპოლის პატრიარქის დამოკიდებულებისაგან და მცხეთის კათალიკოსს დაუქვემდებარეს. აფხაზეთის კათალიკოსის რეზიდენცია ბიჭვინთაში იყო. X საუკუნის 20-იან წლებში გიორგი II-მ ქართული ეკლესიის გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაში (ალანთა სამეფოში) გაავრცელა.

აფხაზთა სამეფო დაყოფილი იყო 8 საერისთავოდ: აფხაზეთის, ცხუმის, ბედიის, სვანეთის, რაჭა-თაკვერის, გურიის, ქუთათისის და შორაპნის. აფხაზთა სამეფოს პერიოდში ფართოვდება ტერმინების „აფხაზეთის“ და „აფხაზების“ მნიშვნელობა (როგორც ქართულ, ისე უცხოურ წყაროებში). ამ ტერმინების ქვეშ იგულისხმება მთელი დასავლეთ საქართველოს და მისი მოსახლეობა. თუმცა ტერმინები „ეგრისი“ და „ეგრისელები“ ისევე რჩებოდა ხმარებაში. აფხაზთა სამეფომ დიდი როლი ითამაშა ქართული ფეოდალური ეროვნების ჩამოყალიბების დამთავრების პროცესში. მის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ქართების, მეგრელებისა და სვანების კონსოლადაცია.

 
ბაგრატის ტაძრის ნანგრევები ქუთაისში, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

978 წელს ადგილობრივმა „აფხაზურმა დინასტიამ“ შეწყვიტა არსებობა და ტახტზე ავიდა ბაგრატ III ბაგრატიონი, რომელიც დედის მხრიდან აფხაზთა მეფეების შთამომავალი იყო. XI საუკუნის დასაწყისში ბაგრატ III საქართველოს მეფე გახდა. საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში აფხაზეთი შევიდა საერისთავოს სახით. საერისთავოს სათავეში იდგა შარვაშიძეების საგვარეულო. XIV საუკუნეში ოდიშის მთავარმა ბედიანმა შეიერთა ცხუმის საერისთავო. შარვაშიძის გამგებლობაში დარჩა ანაკოფიის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია, რომლის ცენტრი იყო ლიხნი. შარვაშიძე თავს ბედიანის ვასალად ცნობდა. მას შეუმცირდა სამფობელოები ჩრდილოეთშიც. XIV-XV საუკუნეებში აფხაზეთის ზღვისპირა პუნქტებში დაარსდა გენუის სავაჭრო ფაქტორიები. XV საუკუნიდან დაიწყო ოსმალეთის იმპერიის დაინტერესება ქართული სამთავროებით. ოსმალურმა ფლოტმა 1455 წელს სოხუმი აიღო და ხარჯი დააკისრა. 1578 წელს ოსმალებმა სოხუმში ააშენეს გამაგრებული ფორტი.

აფხაზეთის სამთავრო

რედაქტირება

XVII საუკუნის დასაწყისში აფხაზეთი ოდიშისგან დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბდა. სამთავროს ცენტრი გახდა ლიხნი. ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა აფხაზეთის სამთავროს თავდასხმებისგან თავის დასაცავად სამთავროთა საზღვარზე ააგო სიმაგრეთა სისტემა კელასურის კედელი. სამთავროს მუდმივად უწევდა ჩრდილო-კავკასიელ მთიელთა აგრესიის მოგერიება, რასაც მოგვიანებით დაემატა ოსმალეთის იმპერიის ექსპანსია. XVII საუკუნის 70-იან წლებში ოსმალებმა დაიპყრეს სოხუმი. 1681 წელს გაუქმდა მოქვისა და დრანდის საეპისკოპოსოები. ოსმალეთის აგრესიას თან სდევდა მოსახლეობის ისლამიზაცია, შეუძლებელი გახდა მართლმადიდებლური ეკლესიის ფუნქციონირება. 1680-იან წლებში აფხაზეთის სამთავრომ მიიტაცა ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი კელასურის კედლიდან მდინარე ღალიძგამდე, მოგვიანებით კი მდინარე ენგურამდე. აფხაზეთის სამთავროს გაბატონებული კლასი იყო თავადაზნაურობა. გლეხობა იყოფოდა სამ ჯგუფად: ანხაიუ, ახოიუ და ახაშალა. XVII-XVIII საუკუნის მიჯნაზე აფხაზეთის სამთავრო რამდენიმე ერთეულად იყოფოდა. საძენი მოიცავდა ტერიტორიას მდინარეებს მზიმთასა და ბზიფს შორის, ბზიფი მოიცავდა ტერიტორიას მდინარე ბზიფსა და გუმისთას შორის, გუმა — ტერიტორიას გუმისთასა და კოდორს შორის, აბჟუა კოდორსა და ღალიძგას შორის. XVII საუკუნის ბოლოს აფხაზეთის მთავრის, ზეგნაყ შარვაშიძის სამმა შვილმა სამად გაინაწილა სამთავროს ტერიტორია. როსტომ შარვაშიძემ მიიღო მთავრის ტიტული და ტერიტორია მდინარეებს ბზიფსა და კოდორს შორის, ჯიქეშია შარვაშიძემ მიიღო აბჟუა, ხოლო უმცროსმა ყვაპუ შარვაშიძემ მიიღო ტერიტორია ღალიძგასა და ენგურს. შორის. ამ უკანასკნელს ყვაპუს ვაჟის მურზაყან შარვაშიძის გამო სამურზაყანო დაერქვა.

ცალკეულ ერთეულებს შორის მიმდინარეობდა მუდმივი ქშპობა. ამით სარგებლობდა ოსმალეთის იმპერია, მათ XVIII საუკუნეში გააფართოეს დამპყრობმული პოლიტიკა და ტყვის სყიდვა. 1725 და 1728 წელს მოხდა აჯანყებები, რომლის დროსაც ალყა შემოარტყეს სოხუმის ციხეს. 1733 წელს დასავლეთ საქართველო ოსმალეთის ჯარმა დალაშქრა და აფხაზეთის და სამეგრელოს დიდი ნაწილი ააოხრა. 1757 წელს ხრესილის ბრძოლაში აფხაზები ოსმალეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ბრძოლაში დაიღუპა სამურზაყანოს მფლობელი ხუტუნია შარვაშიძე. 1771 წელს აფხაზებმა სოხუმი აიღეს, მაგრამ მალე ოსმალებმა ისევ დაიბრუნეს. XVIII საუკუნის ბოლოს ზურაბ და ქეილაშ შარვაშიძეებმა ისლამი მიიღეს და ოსმალეთთან პოლიტიკური კავშირი დადეს. ქეილაშ შარვაშიძე 1779 წელს რუხის ბრძოლაში იმერეთის სამეფოს წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ დამარცხდა. ამის შემდეგ ქეილაშ შარვაშიძე რუსეთის იმპერიასთან კავშირის დამყარებას ცდილობდა, მაგრამ 1808 წელს მოკლეს.

აფხაზეთი რუსეთის იმპერიაში

რედაქტირება
 
აფხაზეთის საზღვრები 1809 წელს რუსეთთან მიერთების დროს

აფხაზეთის სამთავრო რუსეთის ქვეშევრდომი გახდა 1810 წელს, მას შემდეგ რაც გიორგი შარვაშიძემ რუსეთს მფარველობა სთხოვა. იმავე წლის ზაფხულში რუსული დესანტის დახმარებით ოსმალებისგან გათავისუფლდა სოხუმის ციხე. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო წვრილი მრეწველობის, აგურისა და ხის სახერხი ქარხნების განვითარება. 1832 წელს სოხუმში გაიხსნა საბაჟო, 1846 წელს ის ნავსადგურად გამოცხადდა, 1847 წლიდან კი ქალაქის სტატუსი მიიღო. გაიზარდა სოფლის მეურნეობის წარმოება და ექსპორტი. XIX საუკუნის შუა წლებიდან სოხუმი საზღვაო მიმოსვლით დაუკავშირდა შავი ზღვის სანაპირო ქალაქებს. ამასთან, იმპერიის კოლონიური და ფეოდალური პოლიტიკა მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. 1821, 1824, 1830, 1840-1841 წლებში ადგილი ჰქონდა აჯანყებებს.

ყირიმის ომის დროს აფხაზეთი ოსმალებმა დაიკავეს და რუსეთი იძულებული იყო ევაკუირებულიყო სამეგრელოში, მაგრამ ომის შემდეგ აფხაზეთის ტერიტორია რუსეთს დაუბრუნდა. 1862 წელს შედგენილ იქნა პირველი აფხაზური ანბანი რუსული გრაფიკის საფუძველზე. 1864 წელს აფხაზეთის სამთავრო გაუქმდა და ის ანექსირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ. აფხაზეთი ჩამოყალიბდა სოხუმის სამხედრო განყოფილების სახით. 1866 წელს აფხაზეთის მოსახლეობა აჯანყდა. 5 ათასამდე აჯანყებულმა სოხუმის აღება სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა. ხელისუფლებამ აჯანყება ჩაახშო. 1876 წელს სამეგრელოში ლიასა და ფახულანში მოხდა გლეხების შეიარაღებული გამოსვლა. 1867 წლიდან დაიწყო მუჰაჯირობა, დაახლოებით 20 ათასმა აფხაზმა დატოვა სამშობლო. დაიცალა წებელდას და დალის ხეობები. 1870 წლის ნოემბერში აფხაზეთში გაუქმდა ბატონყმობა. იმპერიაში გატარებული სხვა რეფორმები აფხაზეთს თითქმის არ შეხებია. რუსეთსა და ოსმალეთს შორის 1877-78 წლების ომის დროს სოხუმი კვლავ აიღეს ოსმალებმა და დაარბიეს. 1877 წლის აგვისტოში, ომის მსვლელობისას, ოსმალეთში დაახლოებით 30 ათასი აფხაზი მუჰაჯირი გადასახლდა. მუჰაჯირობის შემდეგ თითქმის მთლიანად გაუკაცრიელდა ჩრდილო-დასავლეთი და ცენტრალური აფხაზეთი, დაცარიელდა ქვეყნის მთიანი მხარეები: წებელდა, დალი, ფსხუ. ეს პროცესი არ შეხებია მხოლოდ სამურზაყანოს. ომის დასრულების შემდეგ იმპერიის ხელისუფლებამ აფხაზებს სანაპირო ზოლში დასახლება აუკრძალა და იქ იმპერიის სამხედრო და სამოქალაქო მოხელეები დაასახლა. 1883 წელს სოხუმის სამხედრო განყოფილება გაუქმდა და შეიქმნა სოხუმის ოკრუგი ქუთაისის გუბერნიის საზღვრებში.

1896 წელს აფხაზეთის ნაწილი სოჭის ოკრუგის სახით მოექცა შავი ზღვის გუბერნიის შემადგენლობაში. გაყვანილ იქნა ნოვოროსიისკი-სოხუმი-ბათუმის გზატკეცილი. აფხაზეთის ეკონომიკა კვლავ პრიმიტიულ კუსტარულ დონეზე რჩებოდა, მოქმედებდა წვრილი სახერხი, სპირტის, კირქვის საწარმოები. ჩამორჩენილი რჩებოდა სოფლის მეურნეობა, შედარებით დაწინაურებული დარგი იყო მეთამბაქოეობა, რომლითაც აფხაზეთი რუსეთის იმპერიაში მე-5 ადგილს იკავებდა. 1901 წლისთვის აფხაზეთში მოქმედებდა 100 სკოლა. 1903 წელს აფხაზეთში შეიქმნა რსდმპ-ის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფი. 1904 წელს გაგრის უბანი ჩამოეჭრა სოხუმის ოკრუგს და გადავიდა სოჭის ოკრუგის შემადგენლობაში. ადმინისტრაციულმა საზღვარმა სოხუმის ოკრუგთან მდინარე მზიმთაზე გაიარა. 1904-1905 წლებში შედგა ნოვოროსიისკი-სოხუმის ტროლეიბუსის ხაზის პროექტი, თუმცა არ განხორციელდა.[178] 1905 წელს აფხაზეთში ფართოდ გაიშალა რევოლუციური მოძრაობა.

ომი აფხაზეთისთვის

რედაქტირება

1918 წელს აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის ორი მცდელობა განხორციელდა. პირველ მცდელობას აადგილი 16-21 თებერვალს ჰქონდა შავი ზღვის ფლოტის გემების გამოყენებით. მეორე მცდელობა ეფრემ ეშბას, ნესტორ ლაკობას და გეორგ ათარბეგოვის მეთაურობით განხორციელდა. მათ აფხაზეთში ბოლშევიკური მმართველობის დამყარება თვენახევრის განმავლობაში, 1918 წლის 8 აპრილიდან 17 მაისამდე მოახრეხეს. მაისში აფხაზეთი ბოლშევიკებისგან საქართველოს სახალხო გვარდიამ გაწმინდა. 1918 წლის 11 ივნისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის, რომელმაც დაადასტურა აფხაზეთის არსებობა საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიის უფლებით.

1917-1921 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე განვითარებული პოლიტიკური პროცესების დროს ეთნიკური განსხვავებები არ ყოფილა პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრში აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მოქმედ ბოლშევიკურ ორგანიზაციას არ ჰქონია ეთნიკური ხასიათი ისი ლიდერები იყვნენ როგორც ქართველები (ისაკ ჟვანია, სევერიან კუხალეიშვილი, ამბერკი ურუშაძე) ასევე აფხაზები (ეფრემ ეშბა, ნესტორ ლაკობა). ამავე დროს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აფხაზეთში მოქმედი პოლიტიკური და უშიშროების ინსტიტუტების სათავეში იდგნენ ეთიკური აფხაზები (არზაყან ემუხვარი, ვარლამ შერვაშიძე, გრიგოლ ზუხბაია თარასხან ეშბა, ვასილ გურჯუა).[179]

1918 წლის 11 ივნისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის, რომელმაც დაადასტურა აფხაზეთის არსებობა საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიის უფლებით

1918 წლის ივნის-სექტემბერში საქართველოს აფხაზეთის გამო ომი ჰქონდა. ბოლშევიკებთან და ტამანის არმიასთან რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა ომი საქართველოსა და ანტონ დენიკინის „თეთრ გვარდიას“ შორის. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა გაერთიანებული სამეფოს ჩარევით გამო იძულებული გახდა დაზავებოდა თეთრ მოძრაობას. ომის შედეგად საქართველომ შეძლო საკუთარ შემადგენლობაში შეენარჩუნებინა სოხუმის ოკრუგი მთლიანად და სოჭის ოკრუგი ნაწილობრივ (გაგრის უბანი). საქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ფსოუ, რაც დღემდე წარმოადგენს დე-იურე საზღვარს ამ ორ სახელმწიფოს შორის.

აფხაზეთი სოხუმის ოლქის სახით დარჩა საქართველოს შემადგენლობაში. 1918 წლის შემოდგომიდან 1919 წლის აპრილამდე სოხუმის ოლქში მტავრობის კომისარი იყო ბენიამინ ჩხიკვიშვილი.[180] 1919 წლის მაისში შეიქმნა აფხაზეთის მთავრობა — კომისარიატი. მთავრობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა არზაყან ემუხვარი. აფხაზეთის სახალხო საბჭოს სათავეში ჩაუდგა ვარლამ შარვაშიძე. შეიცვალა სახელწოდებები, სოხუმის ოლქს ეწოდა აფხაზეთი, ხოლო ოლქის უბნებს — მაზრები.

1917- 1921 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარდა ხუთი საყოველთაო დემოკრატიული და კონკურენტული არჩევნები რის შედეგადაც შეიქმნა დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტები რომლებიც საბჭოთა რუსულ ოკუპაციამდე ფუნქციონირებდა.[179]

საბჭოთა აფხაზეთი

რედაქტირება

სსრ აფხაზეთი

რედაქტირება

1921 წლის 19 თებერვალს აფხაზეთში IX წითელი არმია შეიჭრა. გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა ფსოუსთან, ბზიფთან და ახალ ათონთან. 4 მარტს წითელი არმია სოხუმში შევიდა. 6 მარტს შეიქმნა აფხაზეთის რევკომი ეფრემ ეშბას, ნესტორ ლაკობას და ნ. აქირთავას შემადგენლობით. 1921 წლის 26 მარტს მიღებულ იქნა და 31 მარტს მოსკოვს ეცნობა სსრ აფხაზეთის შექმნა. 21 მაისს ეს გადაწყვეტილება დაადასტურა საქართველოს რევკომმა. იმავე წლის 16 დეკემბერს საქართველოს სსრ-სა და აფხაზეთის სსრ-ს დროებით მთავრობებს შორის გაფორმდა სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი შევიდა საქართველოს შემადგენლობაში. აფხაზეთის სსრ-ს მიეცა საქართველოს სსრ-ის უმაღლეს საბჭოში დეპუტატთა 1/3-ის არჩევის უფლება, აფხაზეთის სსრ-მ შეინარჩუნა საკუთარი კომისარიატები, გარდა საგარეო საქმეთა კომისარიატისა.

აფხაზეთის სსრ

რედაქტირება

1922 წლის თებერვალში აფხაზეთის საბჭოების პირველმა ყრილობამ დაამტკიცა სსრ საქართველოსთან გაფორმებული ხელშეკრულება.[181]ასევე ჩამოაყალიბა მთავრობა. 1922 წლის დეკემბერში შექმნილ ამიერკავკასიის სფსრ-ში აფხაზეთი შევიდა, როგორც საქართველოს სსრ-ის ნაწილი. საბჭოთა კავშირის 1924 წლის კონსტიტუციაში აფხაზეთი მოხსენიებულ იქნა, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა.

1924 წლის 31 ოქტომბერს რსფსრ-თან 1921 წელს დაწყებული ტერიტორიული დავა, რომელიც ეხებოდა აფხაზეთისთვის პილენკოვოს რაიონის გადაცემას, აფხაზეთის სასარგებლოდ გადაწყდა. მალევე აღმოჩნდა, რომ 1924 წლის 31 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმება ცალმხრივად იყო ხელმოწერილი (აკლდა რსფსრ-ს მხარის ხელმოწერა), რის გამოც განახლდა პილენკოვოს რაიონისთვის დავის გაგრძელება. აფხაზეთისთვის პილენკოვოს რაიონისთვის დავა საბოლოოდ დადებითად გადაწყდა 1928 წლის ბოლოს. 1929 წლიდან პილენკოვოს რაიონიც და შემდგომში აიბღას მარცხენა ნაპირი აფხაზეთის შემადგენლობაში ფიზიკურად გადავიდა.

1925 წლის 1 აპრილს, აფხაზეთის საბჭოების III ყრილობაზე მიღებულ იქნა პირველი, მაგრამ არაოფიციალური 1925 წლის კონსტიტუცია, რომელშიც აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იყო აღიარებული და რომლის მიხედვითაც აფხაზეთს თავისუფლად შეეძლო საქართველოს სსრ-დან გამოსვლა. 1926 წლის 5 ივლისს მიღებულ იქნა საქართველოს სსრ-ს კონსტიტუცია, რომელშიც დაფიქსირებულ იქნა, რომ აფხაზეთის სსრ სამოკავშირეო ხელშეკრულების ძალით შედის საქართველოს სსრ-ში და შესაბამისად ამიერკავკასიის სფსრ-ში. კონსტიტუცია დამტკიცდა 1927 წლის 23 აპრილს. 1927 წელს მიღებულ იქნა აფხაზეთის სსრ-ის ოფიციალური კონსტიტუცია. 1922 წლიდან მოყოლებული, აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში იმყოფეობდა საკუთარი კონსტიტუციის გარეშე, რომელიც უნდა ყოფილიყო მისი სახელმწიფოებრიობის იდენტიფიკატორი და გარანტი.

აფხაზეთის ასსრ

რედაქტირება

1931 წლის 11 თებერვალს საქართველოსა და აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობის გადაწყვეტილებით აფხაზეთის სსრ-მ მიიღო ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში.

1930-იანი წლებში ლავრენტი ბერიას მიერ ამიერკავკასიის მართვის პერიოდში ტარდებოდა აფხაზეთის „გაქართველების“ პოლიტიკა. მან დახურა აფხაზურენოვანი სკოლები და რადიოსადგურები, სამსახურიდან გაათავისუფლა აფხაზი მასწავლებლები, გააქართულა აფხაზური ანბანი და აფხაზეთის მრავალი სოფლის ტოპონიმი, ხელს უწყობდა ქართველების დასახლებას აფხაზეთში.

1930 წელს გაიხსნა აფხაზეთის მხარეთმცდონეობის მუზეუმი. 1932 წელს გაიხსნა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1938 წელს ამუშავდა ტყვარჩელის ქვანახშირის საბადო და ტყვარჩელის ელექტროსადგური, აშენდა გალის, აჩიგვარის, მოქვისა და ნაბაკევის ჩაის ფაბრიკები. 1938 წელს გაიხსნა სოხუმი-თბილისის რკინიგზის ხაზი, ასევე ოჩამჩირე-კვეზანის რკინიგზის შტო. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის აგვისტო-სექტემბერში ბრძოლები მიმდინარეობდა აფხაზეთის ჩრდილოეთით. მესამე რაიხის არმია ცდილობდა კავკასიონის ქედის გაადალახვას და აფხაზეთში შესვლას. გერმენელებმა დროებით დაიკავეს სოფელი ფსხუ. გერმანიის ავიაცია ბომბავდა სოხუმს და სხვა ქალაქებს. მის შემდგომ განვითარდა კვების მრეწველობა, აშენდა ჩაის, ღვინის, ხილის, ლუდის და თევზის ქარხნები. 1970-იანი წლებიდან განვითარდა ტურიზმი.

1970-იანი წლებიდან დაიწყო „გააფხაზების“ და პოზიტიური დისკრიმინაციის პოლიტიკა. მნიშვნელოვნად გაიზარდა აფხაზების პოლიტიკური გავლენა ავტონომიურ რესპუბლიკაში. მიუხედავად ამისა, 1926 წლიდან 1989 წლამდე აფხაზების წილობრივი შემადგენლობა აფხაზეთში შემცირდა 27,8 %-დან 17,8 %-მდე. აფხაზები მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ ქართველებს განათლების თვალსაზრისითაც.[182]

აფხაზეთის ომი

რედაქტირება

1989-1991 წლებში გამწვავდა ქართლ-აფხაზური კონფლიქტი. 1991 წლის 9 ივლისს მიღებულ იქნა აფხაზეთის ახალი საარჩევნო კანონი, რომლის მიხედვით აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა დაეთმო ეთნიკურ უმცირესობას: ქართველები (მოსახლეობის 47 %) უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ იქნენ 26 დეპუტატით; ხოლო აფხაზები (17 %) – 28 დეპუტატით; სხვა ეთნოსები 11 დეპუტატით. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო აფხაზი, რომელსაც ეყოლებოდა ქართველი და სხვა ეროვნების მოადგილე. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ კი დაინიშნებოდა ქართველი.

1992 წელს საქართველოში შექმნილი არეულობით ისარგებლა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ და დამოუკიდებლობისთვის მზადება დაიწყო. აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ კონტროლი დაამყარა სამხედრო შენაერთებზე. 1992 წლის მარტიდან დაწესდა ადგილობრივი სამხედრო გაწვევა.

24 ივნისს დილის 10 საათზე აფხაზეთის შინაგანი საჯარისო ფორმირების, რომელიც უშუალოდ აფხაზეთის ასსრ-ის უზენაეს საბჭოს თავჯდომარეს ექვემდებარებოდა, სამოცკაციანმა ჯგუფმა თავდასხმა განახორციელა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე. ავტომატებით შეიარაღებული თავდამსხმელები შეიჭრნენ შენობაში და ძალადობრივი გზით დაატყვევეს სამინისტროს ცენტრალური აპარატის რიგითი მუშაკები, სასტიკად სცემეს მინისტრი, მილიციის გენერალ მაიორი გივი ლომინაძე. აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მ. გამზარდიას სიტყვებით, დილის 10 საათზე სამინისტროში შემოიჭრა სამხედრო ფორმაში ეკიპირებული ხალხი. მინისტრის კაბინეტის კარები შეამტვრია და შიგ შეიჭრა ათკაციანი ჯგუფი აფხაზეთის შინაგანი ჯარების სარდლის ვიქტორ კაკალიას მეთაურობით. ოპერაციის დროს შეიარაღებულმა პირმა (ვლადიმერ ანცუპოვმა) ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მინისტრს. ოპერაციაში მონაწილეობდნენ ასევე სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკებიც. შენობის შიგნით ყველაზე მეტად აქტიურობდა სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებაში ახლად მიღებული ძიაფშპა, რომელიც ოპერაციას სამინისტროს მხრიდან ხელმძღვანელობდა. სამინისტროს პირადი შემადგენლობა განიარაღებულ იქნა, ხოლო მინისტრისა და მინისტრის მოადგილის კაბინეტში უკანონო ჩხრეკა მოეწყო. ჯამში ოპერაციის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ გ. ლომინაძე, მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე ს. ბაგაფში, ვ. კაკალია, უზენაესი საბჭოს დეპუტატები: ა. ანქვაბი, ე. ასტემიროვა, ზ. ჯგუბურია, გ. გვაზავა, თ. მჟავია, კ. ჯაჭვლიანი და რ. ქარაია. კითხვაზე თუ რას ნიშნავდა ყოველივე ეს, სერგეი ბაგაფშმა თქვა: — „ეს ჩემი ჩადენილი არ არის, და თუ არა მოვლენების ასეთი განვითარება შეიძლება უარესიც მომხდარიყო“[183].

23 ივლისს უმაღლესმა საბჭომ აღადგინა აფხაზეთის 1925 წლის კონსტიტუციის მოქმედება, რითაც, ფაქტობრივად, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქართველმა წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს საბჭოს სხდომებს. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა 23 ივლისის გადაწყვეტილება.

1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე საქართველოს თავდაცვის ძალების კოლონა თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით აფხაზეთში შევიდა. ოფიციალურად მას რკინიგზის სოჭი-ზუგდიდის მონაკვეთის დაცვა ჰქონდა დავალებული. პირველი შეტაკება მოხდა ოჩამჩირის რაიონ სოფელ ოხურეითან, სადაც აფხაზმა გვარდიელებმა მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის კოლონას. მეორე შეტაკება გულრიფშის რაიონის დასახლება აგუძერაში მოხდა, რომლის დროსაც განადგურდა პოლიციის ერთი ჯავშანმანქანა. შეტაკება დაფიქსირდა აგრეთვე სოფელ მაჭარასთან, სადაც დაიღუპა ერთი აფხაზი მებრძოლი. სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, პოლიციის შენაერთი დაბანაკდა სოხუმის მისასვლელთან, ტურბაზის ტერიტორიაზე. ვლადისლავ არძინბამ მობილიზაცია გამოაცხადა. აფხაზთა სამხედრო შენაერთებმა დაიკავეს სოხუმი.[184]

15 აგვისტოს გაგრის ზონაში ზღვიდან გადასხმულ იქნა მცირერიცხოვანი ქართული სამხედრო შენაერთი. ამავე დღეს სოხუმში ჩავიდნენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრები თენგიზ სიგუა და ჯაბა იოსელიანი. აფხაზებთან მოლაპარაკებაში ამ ორის გარდა მონაწილეობდნენ აგრეთვე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს[185] თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი, დეპუტატები ვახტანგ ყოლბაია და ნაპოლეონ მესხია, აფხაზეთის უშიშროების სამსახურის უფროსი ავთანდილ იოსელიანი. აფხაზური მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სერგეი ბაღაფში, ზურაბ ლაბახუა, ალექსანდრე ანქვაბი, ზურაბ აჩბა და სხვ. თენგიზ სიგუამ მოითხოვა ვლადისლავ არძინბასთან შეხვედრა, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ორივე მხრიდან 200–200 კაციანი სამხედრო შენაერთი მდინარე ფსოუდან სამეგრელომდე დაიცავდა რკინიგზას და სხვა კომუნიკაციებს, მაგრამ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი არ მოეწერა. სერგეი ბაღაფშმა სოხუმიდან გასვლისთვის ითხოვა დრო. ამით დასრულდა ეს მოლაპარაკება. აფხაზები დროის გაყვანას ცდილობდნენ. 16 აგვისტოს გაგრაში გაიმართა ქართული და აფხაზური მხარეების შეხვედრა. მაშინ შეთანხმდნენ, რომ ქართული დესანტი არ შევიდოდა გაგრაში, დარჩებოდა განთიად–ლესელიძეში და კონტროლს იქიდან გაუწევდა რკინიგზასა და საავტომობიო მაგისტრალს. შეთანხმება 16 აგვისტოს შევიდა ძალაში. 17 აგვისტოს აფხაზებმა სოფელ ბზიფთან შეიარაღებული პიკეტები დააყენეს. რამდენიმე საათში ქართული შეიარაღებული ძალების პიკეტები განლაგდა სოფელ კოლხიდასთან და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართულ–აფხაზური შენაერთები. აქვე მოხდა ტყვეების პირველი გაცვლა. გაგრის ადმინისტრაციის მეთაურმა რ. იაზიჩბამ განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან შეთანხმებით ბიჭვინთიდან დაიწყებოდა რუსი დამსვენებლების გადაყვანა ფოთში.

18 აგვისტოს ვლადისლავ არძინბამ დატოვა სოხუმი, გუდაუთაში გადავიდა და თან გაიყვანა როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომანქანები, ტაქსები, ავტობუსები, გაძარცვეს რესპუბლიკის სააფთიაქო სამმართველო და უკონტროლო შეიარაღებულმა ფორმირებებმა წაიღეს ნარკოტიკული საშუალებები და სახვა მედიკამენტების მთელი მარეგი. ამ დღე ქართული შენაერთები შევიდნენ სოხუმში. მათ დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. ქართული მხრიდან დაიღუპა შინაგანი ჯარის მებრძოლი ნ. ქეცბაია. საბოლოოდ ქართულმა შენაერთებმა პოზიციები მდინარე გუმისთასთან დაიკავეს. 19 აგვისტოს გაგრაში შვიდნენ ქართული შენაერთები. ქალაქის კომენდანტად დაინიშნა მხედრიონელი ბ. ფირცხელიანი, ხოლო მოადგილედ ილია ჭავჭავაძიის საზოგადოების წევრი ჯ. ლატარია. ქალაქში ჩავიდნენ საქართველოს საევაკუაციო კომისიის წევრები. 20 აგვისტოს არმავირში შეიკრიბნენ კავკასიის რესპუბლიკების, დონის როსტოვის ოლქის, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეების ხელმძღვანელები, რომლებმაც გადაწყვიტეს საქართველოში გაეგზავნათ შეიარაღებული რაზმები. ამ წინადადებით მათ მიმართეს რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს.

1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ელცინის შუამავლობით შევარდნაძემ და არძინბამ მიიღეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. შეთანხმება მალევე დაირღვა. 1993 წლის 27 ივლისს კიდევ ერთი შეთანხმება გაფორმდა, ამჯერად სოჭში. 16 სექტემბერს აფხაზურმა და რუსულმა შენაერთებმა შეთანხმება დაარღვიეს და დაიწყეს შეტევა, რაც სოხუმის დაცემით დასრულდა. საქართველომ ომი წააგო და 200 ათასამდე ქართველმა აფხაზეთი დატოვა.

ომის შემდგომდროინდელი აფხაზეთი

რედაქტირება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

რედაქტირება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (აფხ. Аҧснытәи Автономтәи Республика), ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, შავი ზღვის სანაპიროზე. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-AB. იგი მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების აფხაზეთის და სამეგრელოს (ნაწილობრივ) ტერიტორიას.

სეპარატისტული რეჟიმი

რედაქტირება
 
სოხუმი ამჟამად

1992 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დამყარებულია სეპარატისტული რეჟიმი, რომელმაც 1992 წლის 23 ივლისიდან გამოაცხადა ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა. მისი დამოუკიდებლობა აღიარეს მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ორმა თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ, ე.წ. „სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკამ“ და ე.წ. „დნესტრისპირეთის რესპუბლიკამ“. დანარჩენი სახელმწიფოები არ აღიარებენ მის დამოუკიდებლობას და იურიუდიულად განიხილავენ საქართველოს განუყოფელ ნაწილად.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Бердзенишвили Н. З., Новые данные о палеолите Абхазии, «დ. გულიას სახ. აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის შრომები», 1959, ტ. 30
  2. Замятник Ц. П., Палеолит Абхазии, «Труды Института абхазской культуры», 1937 в. 10
  3. Коробков И. И., Итоги патилетних исследований Яштухского палеолитического местонахождения, «Советская археологиа», 1957, № 4
  4. თუშაბრამიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 65-66.
  5. С. Н. Замятнин. Палеолит Абхазии. Сухуми, 1937.
  6. С. Н. Замятнин. Очерки по палеолиту. М-Л., 1961.
  7. Б. А. Куфтин. Материалы к археологии Колхиды, т.I. Тб., 1949.
  8. Л. Н. Соловьев. Первобытное общество на территории Абхазии. Сухуми, 1971.
  9. А. Л. Лукин. Неолитическое селище Кистрик близ Гудаута. - С.А., XII. М., 1950.
  10. Ю. Воронов. Археологическая карта Абхазии. Сухуми, 1969.
  11. В. Бжания. Древнейшая культура Абхазии. Автореферат канд. диссертации. М., 1966.
  12. Н. З. Бердзенишвили. Новые данные по палеолиту Абхазии. - ТАИ, т. XXX, 1959.
  13. А. Н. Каландадзе. Разыскания по археологии до-античной Грузии. Автореферат. Тб., 1969.
  14. ლ. წერეთელი, ლ. ქორქია, გ. გრიგოლია, მ. ბარამიძე. დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები ენგურჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე. — აკძ. 1963 წელს საქართველოში. თბ., 1964.
  15. წერეთელი ლ. მეზოლითური კულტურა კავკასიის შავიზღვისპირეთში. თბ., 1973, გვ. 37
  16. ჯაფარიძე ო. საქართველოს არქეოლოგია, გვ. 34-39.
  17. ნებიერიძე ლ. დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი. თბ,. 1972.
  18. ჯაფარიძე ო., საქართველოს არქეოლოგია, გვ. 41-56.
  19. კალანდაძე კ.. დასავლეთ საქართველოს ნეოლითური კულტურა. თბ., 1986.
  20. Ю. Воронов. Археологическая карта, გვ. 17.
  21. О.Бгажба, С. Лакоба. История Абхазии. Сухуми, 2006, გვ. 26.
  22. ფხაკაძე გ. აფხაზეთის ენეოლითური ძეგლები. - აფხაზეთი. I თბ., 2006, გვ. 20-29.
  23. ფხაკაძე გ. ოქუმის გამოქვებულის ენეოლითური ნაშთები. — მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის, VII. თბ., 1979, გვ. 68-76.
  24. Л. Н. Соловьев. Новый памятник культурных связей Кавказского причерноморья эпохи энеолита и бронзы – стоянки Воронцовской пещеры. - Труды Абх. ИЯЛИ, 29. Сухуми, 1958, გვ. 115-135.
  25. М. В. Барамидзе, Г. Г. Пхакадзе, А. З. Орджоникидзе. Раскопки в С. Атара. - Арх. открытия. 1977 г. М., 1977, გვ. 174-175.
  26. В. В. Бжания. Поселение Мачара эпохи энеолита и ранней бронзы в Абхазии. – Совет. Археология, I. М., 1966, გვ. 113-126.
  27. И. И. Цвинария. Поселение Гуандра. Тб., 1978.
  28. А. А. Формозов. Каменный век и энеолит Прикубанья. М., 1965.
  29. ფხაკაძე გ. დასავლეთ საქართველოს ადრებრინჯაოს ხანისა და მაიკოპის კულტურის ურთიერთობის საკითხები. — საქართველოს არქეოლოგიის საკითხები, III. თბ., 1975.
  30. В. В. Бжания. Поселение Мачара... - Совет.Археология, I. М., 1966.
  31. И. И. Цвинария. Поселение Гуандра. Тб., 1978.
  32. Л. Н. Соловьев. Энеолитическое селище у Очамчирского порта в Абхазии. - Труды Абх. Института ЯЛИ. Сухуми, 1939.
  33. Л. Н. Соловьев. Археологические раскопки близ Очамчири в Абхазии. - С.А., IV. 1937, gv. 323.
  34. Б. А. Куфтин. Материалы к археологии Колхиды, II, Т. 5. 1950, გვ. 267.
  35. В. В. Бжания. Результаты исследования Гумистинского поселения в 1967 г. – КСИЯ, 15. М., 1969.
  36. თ. მიქელაძე. ძიებანი კოლხეთისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპიერთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან. თბ., 1974, გვ. 41.
  37. ლ. ჯიბლაძე. კოლხეთის დაბლობის ძვ.წ. III-II ათასწლეულების ნამოსახლარები, თბ., 2007, გვ. 7-12.
  38. გ. ფხაკაძე. დასავლეთ ამიერკავკასია ძვ.წ. III ათასწლეულში. თბ., 1993, გვ. 120-121.
  39. Г. Г. Пхакадзе. Восточное причерноморье во второй половине IV-III тысяч. до н. э. (К проблеме культурных конттактов). Петербург, 2000, გვ. 50-59.
  40. ჯაფარიძე ო. დოლმენური კულტურა საქართველოში. — თსუ-ს შრომები, 1955.
  41. ჯაფარიძე ო. ქართველ ტომთა ისტორიისათვის ლითნონის წარმოების ადრეულ საფეხურზე. თბ., 1961.
  42. ფხაკაძე გ. აფხაზეთის დოლმენების კვლევის ზოგიერთი ასპექტი. — აფხაზეთი, I, 2006, გვ. 138-142.
  43. Т. Микеладзеидр. Оработахколхидскойархеологическойэкспедиции. – ПАИв 1984-85гг. Тб., 1987, გვ. 40.
  44. მ. ბარამიძე, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, გვ. 102-117.
  45. Е.И. Крупнов. МатериалипоархеологииСевернойОсетиидокобанскогопериода. – ЛИА, 23. М., Л. 1951, გვ. 49-60
  46. В. И. Козенкова. Культурно-экномическиепроцессынаСеверномКавказе. М., 1966, გვ. 74-103.
  47. ო. ჯაფარიძე. საქართველოს არქეოლოგია, გვ. 200
  48. მ. ბარამიძე. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, გვ. 217
  49. მ. ბარამიძე. კოლხურ-ყობანურ კულტურათა ურთიერთობის საკითხისათვის, გვ. 49
  50. მ. ბარამიძე. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, გვ. 38-40
  51. ექსპედიციის ანგარიშები 1983-1990 წწ
  52. თ. ჩიგოშვილი. დასახ. ნაშრომი, გვ. 134.
  53. გ. გრიგოლია. ეგრის-ლაზიკის სამეფოს ისტორიული გეოგრაფიის პრობლემები. თბ., 1978, გვ. 4-5.
  54. В.В. Латышев. Известия древних писателей о Скифим и Кавказе, т. I, вып. I. CПБ., 1895, გვ. 58.
  55. О. Бгажба, С. Лакоба. История Абхазии, გვ. 39-41.
  56. მ. ბარამიძე. მერხეულის სამაროვანი. თბ., 1997, გვ. 13-14.
  57. Л. Соловьев. Следы древнего сольярного промысла в близ г. Очамчире и Сухуми. - Труды Абхазского Гос. Музея, 1.Сухуми, 1947.
  58. О. Бгажба, С. Лакоба. История Абхазии, გვ. 41
  59. И.И. Цвинария. Поселение Гуандра. Тб., 1978.
  60. Г. Инанишвили. Железо-плавильное дело в центральном и западном Закавказье в XIII – I веках до н.э. Тб., 1997.
  61. Н.В. Хоштария. Археологические исследование в с. Уреки
  62. А.Т. Рамишвили, И. Грдзелишвили. Железоплавильное дело в древней Грузии. Тб., 1964, გვ. 17
  63. Д. А . Хахутаишвили. Производство железа в древней Колхиде. Тб., 1987, გვ. 6-39.
  64. რ. აბრამიშვილი. რკინის წარმოების ათვისების საკითხებისათვის. — სსმმ XXIII-B. თბ., 1967.
  65. დ. ქორიძე. კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან. თბ., 1965
  66. ალ. რამიშვილი. კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან. თბ., 1974 წ.
  67. ჯ. აფაქიძე. აფხაზეთის გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის განძები. — აფხაზეთი, I, თბ., 2006.
  68. ო. ჯაფარიძე. საქართველოს არქეოლოგია, გვ. 202.
  69. მ. ბარამიძე. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი..., გვ. 147-159.
  70. ლ. ძიძიგური. უძველესი სახვნელი იარაღები ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთიდან. - აფხაზეთი. I, თბ., 2006, გვ. 40
  71. ი. ჩავლიშვილი. უძველესი სახვნელი იარაღები ფიჭვნარიდან. — ბათუმის არექოლოგიური მუზეუმის შრომები, III. თბ., 2005.
  72. ჯ. აფაქიძე. აფხაზეთის გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის განძები, გვ. 66-85.
  73. ო. ჯაფარიძე. კოლხური ცული. — საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე, XVI–B. თბ., 1955
  74. ლ. ჯაფარიძე. მიწათმოქმედების იარაღები დასავლურ-ქართულ კულტურაში. — თსუ შრომები, ტ. 49, თბ., 1953.
  75. ა. აფაქიძე, ალ კალანდაძე, გ. გობეჯიშვილი. საქართველოს არქეოლოგია. თბ., 1959.
  76. მ. ბარამიძე. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი..., გვ. 175-184
  77. მ. ბარამიძე. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბრინჯაოს მეტალურიგიის ისტორიის ძირითადი საკითხები. — ზღვა და ადამიანი. თბ., 1995, გვ. 26-27.
  78. О. Бгажба, С. Лакоба. История Абхазии, gv. 48, 50-54.
  79. აპოლონიოს როდოსელი. არგონავტიკა. თარგმანი და შესავალი აკაკი გელოვანისა. თბ., 1975
  80. ა. ურუშაძე. ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში. თბ., 1964 წ.
  81. აპიანე. მითრიდატეს ომების ისტორია. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა, შესავალი და საძიებლები დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა. თბ., 1958, გვ. 195.
  82. მ. ბროსე. საქართველოს ისტორია, ნაწ. I. თბ., 1895, გვ. 13
  83. П.К. Услар. Древнейшия сказания о Кавказе. Тб., 1881, გვ. 378
  84. Г. Ф. Турчанинов. Памятники письма и языка народов Кавказа и Восточной Европы. Л., 1971, გვ. 11-34
  85. Вестник Древней Истории, 1966, №2
  86. Советская Этнография, 1967, №2
  87. Вопросы Истории, 1964, №8
  88. Вопросы Истории, 1965, №4
  89. О. Г. Бгажба, С. З. Лакоба. ИсторияАбхазии, გვ. 59.
  90. მ. ჩუხუა. ქართველურ ენა-კოლოთა შედარებითი ლექსიკონი. თბ., 2000-2001, გვ. 206).
  91. ყორანაშვილი გ. საქართველოში სახელმწიფოს წარმოშობის საკითხი. თბ., 2000
  92. ლ. სანიკიძე. არანაკლებ 3500 — მეთქი!!!. — საქართველოს რესპუბლიკა, 1997, 16 თებერვალი.
  93. თ. გამყრელიძე. საქართველო ევროპაა თუ აზია? ლიტერატურული საქართველო, 1999, 18-25 ივნისი, გვ. 4.
  94. თ. ბერაძე. ძველი ეგრისის (კოლხეთის) სამეფო. აია, 2001, #9-10, გვ. 32
  95. მ. ლორთქიფანიძე. ქართული სახელმწიფოს არსებობის უწყვეტი ხაზი. ქართული სახელმწიფოებრიობის სათავეებთან. თბ., 2001, გვ.140.
  96. აკ. ურუშაძე. ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, გვ.195.
  97. О. Лорткипанидзе. НаследиедревнейГрузии. Тб., 1989, გვ. 210, 217
  98. Фредерик Дюбуа де Монпере. Путешествие вокруг Кавказа, т. 1. Сухуми, 1937, გვ. 12.
  99. აპოლონიოს როდოსელი. არგონავტიკა, წ. 4, სტრ. 740-741.
  100. აპოლონიოს როდოსელი. არგონავტიკა, წ. 4, სტრ. 1100-1103.
  101. ურუშაძე აკ. ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში. თბ., 1964, გვ. 294.
  102. აპოლონიოს როდოსელი. არგონავტიკა, წ. 4, სტრ. 278-280
  103. Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии. Тб., 1959, გვ. 215
  104. აკ. ურუშაძე. ძველი კოლხები არგონავტების თქმულებაში, გვ. 145-168.
  105. აპოლონიოს როდოსელი. არგონავტიკა, წ. IV, სტრ. 730.
  106. თ. ყაუხჩიშვილი. ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, წ. III, თბ., 1976, გვ. 90, 91.
  107. აპოლონიოს როდოსელი. არგონავტიკა, წ. II, სტრ. 1265-1266.
  108. ჰომეროსი. ოდისეა. რედაქტორი რ.გორდეზიანი. თბ., 1979, სიმღერა XI, 10.
  109. ფლავიუს არიანე. მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო. თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუქა ნათელა კეჭაყმაძისა. თბ., 1961, გვ. 9.
  110. თ. ყაუხჩიშვილი. ბერძენი მწერლების ცნობები..., წ. III, გვ. 75.
  111. ივ. ჯავახიშვილი. საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები. თბ., 1950, გვ. 17
  112. მ. ჯანაშვილი. საქართველოს ისტორია, ტ. 1. თბ., 1906, გვ. 4, 28-32
  113. ს. კაკაბაძე. ქართული სახელმწიფოებრიობის გენეზისის საკითხები. საისტორიო მოამბე, 1924, წ. I, გვ. 61-62
  114. თ. ყაუხჩიშვილი. ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ. თბ,. 1960, გვ. 71
  115. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. 1. თბ., 1955, გვ. 5.
  116. თ. ბერაძე. ძველი ეგრისის (კოლხეთის) სამეფო, გვ. 34.
  117. თ. ბერაძე, მ. სანაძე. საქართველოს ისტორია, წ. I. თბ., 2003, გვ. 45-46.
  118. ჯაფარიძე ო. საქართველოს ისტორიის სათავეებთან. თბ., 2003, გვ. 203
  119. თ. გამყრელიძე. ძველი კოლხეთის სატომო სახელთა ისტორიიდან. — საქართველოს და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია. თბ., 1993, გვ. 588
  120. ფუტკარაძე ტ. ქართველები, გვ. 282-284
  121. ჰომეროსი. ოდისეა. გვ. 218 (X, 303-306)
  122. Р. В. Гордезиани. ПроблемыГомеровскогоэпоса. Тб., 1978, გვ. 209.
  123. „მოლი — ახალი ბალახი“. იხ.: ს. ორბელიანი. ლექსიკონი ქართული, ტ. 1. თბ., 1991, გვ. 500
  124. შოთა რუსთაველი. ვეფხისტყაოსანი. — ქართული მწერლობა, ტ. 4. თბ., 1988, გვ. 262 (266-ე სტროფი)
  125. Ш. В. Дзидзигури. Грузинскийязык. Тб., 1968, გვ. 69.
  126. ლორთქიფანიძე ო. კოლხური ეთნოკულტურული სისტემის განითარება. — ქართველი ხალხის ეთნოგენეზი. თბ., 2002, გვ. 18-28.
  127. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1. თბ., 1970, გვ. 295.
  128. მ. ლორთქიფანიძე. აფხაზები და აფხაზეთი. თბ., 1990, გვ. 5.
  129. Всемирная история, т. 1. М., 1965, გვ. 379, 515.
  130. Н. Я. Марр. История термина «абхаз». – Известия Императорской Академии Наук. VI серия, 1912, №11, с. 697-706
  131. Н. Я. Марр. Лингвистическая поездка в Абхазию (к этимологическим вопросам). – Известия..., 1913, №6, გვ. 303-337
  132. Д. И. Гулия. История Абхазии, т. 1. Тб., 1925, გვ. 76.
  133. Д. И. Гулия. История Абхазии, т. 1. Тб., 1925, გვ. 79-134.
  134. გ. მელიქიშვილი. საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის. თბ., 1965, გვ. 18-26
  135. ივ. ჯავახიშვილი. ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა. თბ., 1937
  136. ივ. ჯავახიშვილი. საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები. თბ., 1950, გვ. 250.
  137. საქართველოს ისტორია. აკად. ს. ჯანაშიას რედაქციით. თბ., 1943, გვ. 14, 16, 21, 45-48.
  138. А. С. Хаханов. Древние пределы разселения грузин по Малой 1903, გვ. 17
  139. Дж. Гамахария, Б. Гогия. დასახელებული ნაშრომი. გვ. 515.
  140. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წ. I-II. თბ., 1913, გვ. 26.
  141. И. М. Дьяконов. Языки древней Передней Азии. М., 1967
  142. И. М. Дьяконов. Предыстория армянского народа. М., 1968, გვ. 12-13
  143. И. М. Дьяконов. Урарту, Фригия, Лидия. – История древнего мира. Расцвет древних обществ. Изд. III. М., 1989, გვ. 40, 46-49
  144. И. М. Дунаевская. О структурном сходстве хаттского языка с языками Северо-Западного Кавказа. – Исследования по истории культуры народов Востока. М., - Л., 1960
  145. Г. А. Меликишвили. Наири – Урарту. Тб., 1954, с. 77, 401
  146. Г. А. Меликишвили. К истории древной Грузии. Тб., 1959, с. 97, 120-122
  147. გ. მელიქიშვილი. საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის მოსახლეობის საკითხისათვის. გვ. 32
  148. გ. მელიქიშვილი. იებანი საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ძველი ისტორიის დარგში. თბ., 1999, გვ. 84-96.
  149. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, გვ. 360
  150. К. Шакрыл. К вопросу об этногенезе абхазско-адыгских народов. – Ученые записки Адыгейского НИИ, IV. Краснодар, 1965, с. 205-221.
  151. Л. Н. Соловьев. Новый памятник культурных связей Кавказского Причерноморья в эпоху неолита и бронзы – стоянки Воронцовской пещеры. – Труды АБНИИ, т. ХХ1. , 1958, . 163-165.
  152. З. Анчабадзе. История и культура древней Абхазии. М., 1964, с. 121.
  153. З. Анчабадзе. Очерк этнической истории абхазского народа. Сухуми, 1976, с. 21
  154. Ш. Д. Инал-ипа. Вопросы этнокультурной истории абхазов. Сухуми, 1976, с. 423-424.
  155. ო. ჯაფარიძე. ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხისათვის არქეოლოგიური მასალების მიხედვით. თბ., 1976, გვ. 61, 266, 305.
  156. О. Джапаридзе. На заре этнокультурной истории Кавказа. Тб., 1989, с. 393
  157. ო. ჯაფარიძე. ქართველი ერის ეთნოგენეზის სათავეებთან. თბ., 2006, გვ. 248.
  158. Е. Алексеева. Древняя и средневековая история Карачаево-Черкессии. М., 1971, с. 186-198.
  159. В. Марковин. Дольменная культура и вопросы раннего этногенеэа абхазо-адыгов. Нальчик, 1974, с. 29.
  160. А. Камменхубер. Хатский язык. – Древние языки Малой Азии. Под редaкцией И. М. Дьяконова и Вяч. Вс. Иванова. М., 1980, с. 23-98.
  161. Н. Г. Волкова. Этнонимы и племенние названия Северного Кавказа. М., 1973, с. 22.
  162. გრ. გიორგაძე. უძველესი ახლოაღმოსავლური ეთნოსები და ქართველთა წარმომავლობა. თბ., 2002, გვ. 96-97.
  163. სულხან-საბა ორბელიანი. ლექსიკონი ქართული, II. თბ., 1993, გვ. 218.
  164. დ. ჩუბინაშვილი. რუსულ-ქართული ლექსიკონი. თბ., 1984, გვ. 1330.
  165. გ. მელიქიშვილი. ძიებანი ... გვ. 93-96.
  166. ს. ჯანაშია. შრომები, ტ. III. თბ., 1949, გვ. 120-122.
  167. ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორიის შესავალი. საქართველოს, კავკასიის და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები. თბ., 1950, გვ. 43-46.
  168. Вестник Древней Истории, 1939, №4, с. 35-46.
  169. მ. ინაძე. ძველი აფხაზეთის ეთნო-პოლიტიკური ისტორიის საკითხები. — მაცნე. ისტორიის... სერია, 1992, #2, გვ. 52.
  170. ლომოური ნ. კლავდიოს პტოლემაიოსი, „გეოგრაფიის სახელმძღვანელო“, ცნობები საქართველოს შესახებ. — მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 32. თბ., 1955, გვ. 52.
  171. გეორგიკა, ტ. 2. თბ., 1965, გვ. 11.
  172. ო. ლორთქიფანიძე. „ოქრომრავალი კოლხეთი“ (მითი და რეალობა). — სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში. თბილისიზუგდიდი, 1999, გვ. 61.
  173. თ. ბერაძე. ძველი ეგრისის (კოლხეთის) სამეფო, გვ. 34.
  174. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, გვ. 392-393
  175. Н. Берулава. Город Диоскурия-Себастополис и район Сухумской бухты в античную эпоху (VI в. до н. э. и III в. н. э.). Тб., 2005, გვ. 28.
  176. ქართული სახელმწიფოებრიობის სათავეებთან, გვ. 136-141.
  177. თ. მიქელაძე. ძიებანი კოლხეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან (ძვ. წ. II-I ათასწლეულები). თბ., 1974, გვ. 179-182.
  178. მახარაძე ნ., სარალიძე ა., „თბილისის საქალაქო ტრანსპორტის განვითარების ისტორიიდან“, „ტფილისის ჰამქარი“, 2012. — გვ. 14-15.
  179. 179.0 179.1 ხვადაგიანია ი., ხვადაგიანი დ., ოყუჯავა ბ, კანდელაკი გ., კობახიძე რ., „აფხაზეთი - 1917-1921: მეხსიერების რეკონსტრუქცია“, თბილისი: SOVLAB, 2023.
  180. მახარაძე ი., ვაჭარაძე ა., „ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი (1880-1924)“, თბილისი: IDFI, 2020. — გვ. 27, ISBN 978-9941-8-2176-9.
  181. საქართველოს კონსტიტუციური აქტების კრებული (1921-1978) გვ. 73 — თბილისი, 1983
  182. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 52, ISBN 978-9941-0-5972-8.
  183. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №106 (13685), 27 ივნისი, 1992
  184. ყოლბაია ვ., ლაცუზბაია დ., გელანტია რ., ჭახრაკია თ. აფხაზეთის ლაბირინთი. თბილისი, 1999
  185. http://www.parliament.ge/files/613_8104_273985_doc_7.pdf