გუანდრა — ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახ. და III ათასწლეულის ნასახლარი ახალ ათონთან, ზღვასა და აჯიკაფსარის ბორცვიან მასივებს შორის, დაბალ ტერასაზე.

1971–1974 წლებში გაითხარა დაახლ. 170 მ2 ფართობი. გამოვლინდა 3 კულტურული ფენა:

  • ქვედა ენეოლითის ფენაში აღმოჩნდა ქვიშაში ჩაჭრილი მრგვალი და ოთხკუთხა მიწურები, რომელთა მოწნული კედლები ფაცხის ტიპისა იყო, გადახურვა კი — კონუსური, ქვის იარაღი (თოხები, პიკის ტიპის იარაღი, კაჟის ანატკეცები), აგრეთვე ხელით ნაძერწი მურა-მოვარდისფრო და მსხვილმინარევიანი მოშავო თიხის ჭურჭელი (ქილები, ქოთნები, ჯამები და სხვ.), შემკული ღარული, წიწვისებური, წერტილოვანი და ხაზოვანი ორნამენტით.
  • ადრინდელ ბრინჯაოს ხანის ფენაში გამოვლინდა მრგვალი და ოთხკუთხა ფორმის ნაგებობათა თიხატკეპნილი მოედნები, სამეურნეო ორმოები და ნაცროვანი კერები. ქვის იარაღი, ისეთივეა, როგორიც ენეოლითურ ფენაში; ჭარბობს კაჟის იარაღი (საფხეკები, საჭრისები, ტრაპეცია და სხვ.). კერამიკული ნაწარმთაგან გვხვდება ე. წ. ხილის ვაზები, მაღალფეხიანი სასმისები და ჭურჭელი, რომელიც ფორმით ენეოლითურ ფენაში გამოვლენილის მსგავსია. ისინი შემკულია დაჭდეული სარტყლებით, სავარცხლისებური სახეებით და სხვ. ორივე ფენაში აღმოჩნდა თიხის რქიანი სვეტები, რომლებიც კულტთან და ზღვისპირა ნასახლარების მეურნეობასთანაა დაკავშირებული. ზედა ფენა ძლიერ იყო დაზიანებული ყოველწლიური მიწის სამუშაოებისაგან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქეოლოგია, ტ. 2, თბ., 1992;
  • ფხაკაძე გ., დასავლეთ ამიერკავკასია ძვ. წ. III ათასწლეულში, თბ., 1993.