იაშთხვის სადგომი
იაშთხვა — პალეოლითური ხანის ღია ტიპის ნამოსახლარი-სახელოსნო ქ. სოხუმის ჩრდილოეთით 2 კმ-ზე, ოსტროუმოვის ხეობასა და იაშთხვისა და ბირცხის მთებს შორის, ზღვის დონიდან 80-140 მ. არქეოლოგიული კვლევა-ძიება ჩატარდა 1935-1938 წლებში (სერგეი ზამიატნინი). ძეგლზე, რომლის ფართობი რამდენიმე ჰა, ზამიატნინმა გამოჰყო 14 პუნქტი, სადაც თავმოყრილია ქვის მასალა. ნივთების დიდი ნაწილი ნაპოვნია მიწის ზედაპირზე, ნაწილი — გათხრების შედეგად. მასალად გამოყენებულია დანიური იარუსის კაჟი. იაშთხვის კოლექციაში აშელის, მუსტიეს და ზედა პალეოლითის ხანის რამდენიმე ათასი ქვის ნივთია. ანატკეცებისთვის დამახასიათებელია მასიურობა, დარტყმის დიდი მოედანი, რელიეფური ბურცობი და სქელი პატინა. ხელცულები და საჩეხი იარაღი მასიურია და პრიმიტიულადაა დამუშავებული. გვხვდება კლექტონური ანატკეცები. ლევალუაზური ნუკლეუსები და ანატკეც-ლამელები. შედარებით მცირეა შუა პალეოლითური (მუსტიეს) და ზედა პალეოლითური მასალა. მუსტიეს ხანისაა ქვის სახოკები, წვეტანები, ნაწილობრივ ორმხრივ დამუშავებული იარაღი და სხვა. ზედა პალეოლითურია სხვადასხვა სახის საჭრისები და საფხეკები.
1958 წელს იაშთხვზე აღმოჩნდა (ნიკოლოზ ბერძენიშვილი) ახალი პუნქტები, სადაც ნაპოვნია მრავალრიცხოვანი ქვის ნაწარმი (მ. შ. აშელის ადრინდელი პერიოდის ხელცულები). 1961-1965 წლებში გამოვლინდა ქვედა და შუა პალეოლითური ხანის მასალის თავმოყრის პუნქტები (ი. კორობკოვი).
ლიტერატურა
რედაქტირება- თუშაბრამიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 65-66.
- „საქართველოს არქეოლოგია“, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 27.
- Бердзенишвили Н. З., Новые данные о палеолите Абхазии, «დ. გულიას სახ. აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის შრომები», 1959, ტ. 30
- Коробков И. И., Итоги патилетних исследований Яштухского палеолитического местонахождения, «Советская археологиа», 1957, № 4
- Замятник Ц. П., Палеолит Абхазии, «Труды Института абхазской культуры», 1937 в. 10;