სერგეი ზამიატნინი
სერგეი ნიკოლოზის ძე ზამიატნინი (რუს. Сергей Николаевич Замятнин; დ. 9 აპრილი, 1899, პავლოვსკი, ახლანდ. ვორონეჟის ოლქი, რუსეთი, — გ. 5 ნოემბერი, 1958, ლენინგრადი) — რუსი არქეოლოგი, პრეისტორიული არქეოლოგიის მკვლევარი.
დაამთავრა ვორონეჟის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1924). 1924 წლიდან მუშაობდა მატერიალური კულტურის ისტორიის სახელმწიფო აკადემიაში (ლენინგრადი). ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ზამიატნინმა აღმოაჩინა და გამოიკვლია პალეოლითის ხანის ძეგლები, მათ შორის ბერდიჟი, გაგარინო, კოსტიონკი, სატანიდარი და სხვ. მან შექმნა კავკასიონის პალეოლითის პერიოდიზაცია და შეისწავლა პალეოლითის კულტურის ლოკალური განსხვავებები, პალეოლითისა და ნეოლითის ხელოვნება და სხვა. საქართველოში პირველად აღმოაჩინა ზედა პალეოლითის ნახატები კლდეზე. ადლერის მახლობლად გამოქვაბულიდან მიღებული მასალის საფუძველზე დაადგინა პალეოლითის ძეგლების სტრატიგრაფიული ფენები. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ასევე მედლებით.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Очерки по палеолиту. М.; Л., 1961.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 305.
- Замятнин Сергей Николаевич // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978.