გუმა (მხარე)
გუმა — ისტორიული მხარე აფხაზეთში, რეგიონის ცენტრალურ ნაწილში, გუმისთასა და კოდორს შორის. ცალკე ერთეულად გამოიყო აფხაზეთის სამთავროს დანაწევრების შემდეგ XVIII საუკუნეში.
ჩრდილოეთით გუმას ესაზღვრებოდა წებელდა და საზღვარი აფხაზეთის ქედს მიუყვებოდა, აღმოსავლეთით მდ. კოდორის ქვემო წელი აბჟუასგან მიჯნავდა; დასავლეთით შავი ზღვა ეკვროდა; ჩრდილო-დასავლეთით მდ. გუმისთა ბზიფის აფხაზეთისაგან საზღვრავდა. გუმის მმართველი მხოლოდ ნომინალურად ემორჩილებოდა ბზიფის აფხაზეთის მთავარს. 1856 წელს, როდესაც ქუთაისის გენერალ-საგუბერნატორო შეიქმნა, გუმა, მთელ აფხაზეთთან ერთად, მისი შემადგენელი ნაწილი გახდა. 1864 წელს, აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ, გუმის მხარე სოხუმის ოკრუგის შემადგენლობაში შევიდა. 1884 წლის 1 იანვარს, სოხუმის ოლქის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის რეორგანიზაციის შემდეგ, შეიქმნა გუმისთის საპოლიციო უბანი, რომელიც გუმისა და წებელდისაგან შედგებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Анчабадзе В. В., Из истории средневековой Абхазии (VI–ХVII вв.), Сух., 1959;
- ცინცაძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.