კელასურის კედელი, აფხაზეთის დიდი კედელი — სიმაგრეთა სისტემა, რომელიც მდებარეობს ძველი ქართული ქალაქის ცხუმის აღმოსავლეთით, მდინარე კელასურის მარცხენა ნაპირის გაყოლებით და კოდორის ქედის გასწვრივ.

კელასურის კედელი
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი დანგრეული
კელასურის კედელი — საქართველო
კელასურის კედელი
კელასურის კედელი ვიკისაწყობში

კელასურის კედელის აგებას სხვადასხვა წყაროები აკუთვნებენ: ქართველებს, ბერძნებს, ბიზანტიელებს და სპარსელებს.

ლოურენს ოლიფანტის თანახმად კელასურის კედელი ააგეს ბერძნებმა ქრისტეს შობამდე რამდენიმე საუკუნით ადრე, რათა დაეცვათ კოდორის დელტაში საკუთარი ახალშენები მეომარი კორაქსებისაგან.[1]

საქართულ საისტორიო მწერლობაში, ჯუანშერის თხზულებაში ის მოხსენიებულია, როგორც აფხაზეთის დიდი კედელი. VIII საუკუნის ამბებთან დაკავშირებით ნახსენებია „ზღუდე კლისურისა“, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიიდან შავისზღვისპირეთში მიმავალ გზებს ამაგრებდა, იდგა ჩრდილოეთ კავკასიიდან დასავლეთ საქართველოში მიმავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზაზე, რომელიც უშუალოდ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მიუყვებოდა.

VIII საუკუნის დასასრულიდან, აფხაზთა სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ, ზღუდემ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და თანდათან დაინგრა. მისმა ნაშთებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.

შემორჩენილია ლევან II დადიანის მიერ აფხაზი ფეოდალების შემოსევების შესაჩერებლად XVII საუკუნეში აგებული სასიმაგრო ნაგებობათა სისტემა (საერთო სიგრძე 60 კმ). კედელი იწყება მდინარე კელასურის შესართავიდან, მიუყვება მდინარის მარცხენა ნაპირს, შემდეგ უხვევს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისკენ და კოდორის ქედის ძირის სამხრეთი მხრიდან გრძელდება მდინარე ღალიძგის ხეობაში. კელასურის კედელი ერთმანეთთან კოშკებით დაკავშირებული ცალკეული სასიმაგრო ნაგებობებია (კოშკების სისტემა, ზოგჯერ ცალ-ცალკე კოშკები და კედლები). ზღუდით გამაგრებულია მხოლოდ ვიწრო გადმოსასვლელები საკუთრივ აფხაზეთიდან, დალიდან და წებელდიდან. ლევან II დადიანმა საგანგებო ღონისძიებანი გაატარა კელასურის კედლის დასაცავად, მაგ., ყოველი ფეოდალი (სასულიერო ან საერო) ვალდებული იყო წელიწადში 1 თვე თავისი მხედრებით ემორიგევა. ლევან II დადიანის სიკვდილის შემდეგ კელასურის კედელი მიატოვეს. როდესაც აფხაზმა ფეოდალებმა ძალაუფლება მდინარე ენგურამდე გაავრცელეს, კელასურის კედელმა თავისი ფუნქცია დაკარგა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ოლიფანტი ლ. „თურქული არმიის ამიერკავკასიური კამპანია ომერ ფაშას მეთაურობით“ — ლონდონი 1856