ლოურენს ოლიფანტი
ლოურენს ოლიფანტი (ინგლ. Laurence Oliphant დ. 1829, კეიპტაუნი — გ. 22 დეკემბერი, 1888) — ინგლისელი მოგზაური და დიპლომატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაიყო სერ ენტონი ოლიფანტისა და მარია კემპბელის შვილი. 1839 წლიდან მისი ოჯახი ცხოვრობდა ცეილონზე, სადაც მისი მამა იყო უმაღლესი მოსამართლე. 1846-1848 წლებში მისმა ოჯახმა იმოგზაურა საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიის ალპებსა და საბერძნეთში. ცეილონზე დაბრუნების შემდეგ მიიწვიეს ადვოკატურაში სამუშაოდ. 1851 წლიდან ინგლისშია დედასთან ერთად და ეუფლება სამართალს. 1852 წელს ოსვალდ სმითთან ერთად ესტუმრა სანქტ-პეტერბურგს, ნიჟნი ნოვგოროდსა და ყირიმს. ისნი ფარულად შევიდნენ სევასტოპოლში და შეადგინეს იქაური სიმაგრეების ჩანახაზები. 1853 წეს გამოაქვეყნა წიგნი „შავი ზღვის რუსული სანაპიროები 1852 წლის შემოდგომით“. ყირიმის ომის მოახლოებასთან ერთად წიგნს სათანადო ყურადღება დაეთმო და ოთხჯერ გამოიცა. შემდეგ ოლიფანტი მსახურობდა აშშ-სა და კანადაში.
1855 წელს ისევ ინგლისშია და მთავრობას სთავაზობს ექსპედიციას ყარსის დასახმარებლად ჩერქეზეთისა და ამიერკავკასიის გავლით. პირადად სთხოვა საგარეო საქმეთა მინისტრ კლარენდონს, გაეგზავნათ ის პერსონალური მისიით შამილთან, რომლის თანადგომა რუსეთის წინააღმდეგ დაიცავდა ბრიტანეთის ჯარებს. კლარენდონმა მას მხოლოდ რეკომენდაცია გაუწია ლორდ სტრაფორდ დე რედკლიფთან, ელჩთან კონსტანტინოპოლში. ელჩმა ოლიფანტი გაიყოლა ყირიმში. აქ მან თვალი შეავლო სევასტოპოლის ალყას. ელჩმა მას ნება დართო გაჰყოლოდა საელჩოს წევრებს ჩერქეზეთის სანაპიროების დასაზვერად. ტრაპიზონში მან გაიცნო ოსმალო სარდალი ომარ-ფაშა. ომარ-ფაშასთან კარგი ურთიერთობის გამო მოახერხა დასწრებოდა ინგურის ბრძოლას. აქედან ის შევიდა სამეგრელოში. ყარსის დაცემას ეს ექსპედიცია უნაყოფო გახადა. უკან სვლის დროს ოლიფანტმა ბევრი ხიფათი და ავადმყოფობა გამოიარა და 1855 წლის ბოლოს დაბრუნდა ინგლისში. 1856 წელს ლონდონში გამოვიდა მისი წიგნი „თურქული არმიის ამიერკავკასიური კამპანია ომერ ფაშას მეთაურობით“.
ამის შემდეგ ის ბევრს მოგზაურობდა როგორც პირადად, ასევე სხვადასხვა მისიებში. იყო ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში (1857, 1861), ჩერნომოგორიაში (1861), კორფუზე (1862), ჰერცეგოვინაში, პოლონეთში და მოლდავეთში (1863). სიცოცხლის ბოლომდე ხშირად ჩადიოდა აშშ-სა და კანადაში. 1865-1867 წლებში იყო პარლამენტის წევრი. 1870 წელს იყო „ტაიმსის“ კორესპონდენტი საფრანგეთ-პრუსიის ომში. 1882 წელს იყო ეგვიპტესა და პალესტინაში. 1872 წელს ლონდონში დაქორწინდა 26 წლის ალის კემპბელზე, რომელიც გარდაიცვალა ციებით 1887 წელს. მეორედ დაქორწინდა 1888 წლის 16 აგვისტოს როზამოდ დეილ ოუენზე, მაგრამ მალე თავად გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Laurence Oliphant — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- ლოურენს ოლიფანტი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ლოურენს ოლიფანტი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- Laurence Oliphant at ElectricScotland.com/webclans