მოქვის ტაძარი
მოქვის ტაძარი — საკათედრო ტაძარი საქართველოში, მდებარეობს სოფელ მოქვში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთი. ააგო აფხაზთა მეფე ლეონ III-მ (957-967). ტაძარი სამნავიანი იყო, მაგრამ ის გუმბათოვან ტაძრად გადააკეთეს. შუა (საკურთხევლის) აფსიდი შიგნიდან ნალისებრი ფორმისაა, გარედან ხუთწახნაგაა. გუმბათი ეყრდნობა შენობის ცენტრში აღმართულ ოთხ ბოძს. კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრების საშუალებით. გუმბათის თორმეტწახნაგა ყელი დაბალია. შენობა შემოსილია თლილი ქვის პერანგით. ფასადებზე ჩუქურთმები არ აქვს. ტაძარს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონია, რასაც მოწმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები.
მოქვის ტაძარი | |
მოქვის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°50′06″ ჩ. გ. 41°30′28″ ა. გ. / 42.83500° ჩ. გ. 41.50778° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | აფხაზეთი |
მუნიციპალიტეტი | ოჩამჩირის რაიონი |
ადგილმდებარეობა | მოქვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | საკათედრო ტაძარი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ქართული |
ხუროთმოძღვრული სტილი | ჯვარ-გუმბათოვანი |
თარიღდება | X საუკუნე |
დეტალები
| |
გუმბათი | ერთი |
ისტორია
რედაქტირებამოქვში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ქართული კულტურის ძლიერი კერა, სადაც მიმდინარეობდა ხელნაწერთა გადაწერა. ძველი ნუსხების განახლება. დღემდე მოღწეულია მოქვის წიგნთსაცავის ხელნაწერები, რომლებიც გვამცნობენ მოქველ მოღვაწეთა სახელებს. მოქვის სიძველეებიდან განსაკუთრებით მაღალი ღირებულება აქვს მოქვის ოთხთავს. მოქვის ეკლესია მდიდარი იყო ეპიგრაფიკული ძეგლებითაც, მაგრამ დღეისათვის შემორჩენილი მხოლოდ სამრეკლოს წარწერაა.
მოქვი მნიშვნელოვან საეკლესიო ცენტრსაც წარმოადგენდა. მოქვის საეპისკოპოსო კათედრა X საუკუნეში დაარსდა, ხოლო როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი განსაკუთრებით XIII საუკუნიდან დაწინაურდა. ქართულმა წყაროებმა შემოინახეს მოქველი ეპისკოპოსების სახელები, რომლებმაც დიდ ღვაწლი და ამაგი დასდეს – მის კულტურულ აღორძინებას. აქ მოღვაწეობდნენ გრიგოლ მოქველი, დანიელ მოქველი, აბრაამ მოქველი, ეფთვიმე საყვარელიძე, ფილიპე ჩხეტიძე და სხვები.
მოქვის ტაძარს დიდი ისტორია აქვს, იგი ერთიანი საქართველოს მეფის დავით IV აღმაშენებლის (1089-1125) ხანაშიც საფუძვლიანად შეუკეთებიათ და მოუხატავთ, მაგრამ მაშინდელი ფრესკული მოხატულობის კვალი დღეს აღარსად ჩანს. XX საუკუნის 80-იან წლებში აქ უფრო გვიანი, ვარაუდობენ, XV საუკუნის მხატვრობის ფრაგმენტები აღმოჩნდა, სადაც ქართული წარწერები მრავლად იყო წარმოდგენილი.
არქიტექტურა
რედაქტირებამოქვის ტაძარი წარმოადგენს ჯვარგუმბათოვან ნაგებობას, გვერდითა ნავების გასწვრივ სამლოცველოების მწკრივით, აღმოსავლეთის მხრიდან კი სამი შვერილი აფსიდით. შუა (საკურთხევლის) აფსიდი შიგნიდან ნალისებრი ფორმისაა, ხოლო გარედან ხუთწახნაგაა. გუმბათი ეყრდნობა შენობის ცენტრში აღმართულ ოთხ ბოძს. კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა აფრების საშუალებით არის განხორციელებული. გუმბათის თორმეტწახნაგა ყელი დაბალია. შენობა შემოსილია თლილი ქვის პერანგით. ფასადები სადაა, ყოველგვარი ორნამენტის გარეშე. გლუვ ზედაპირებს ანაწევრებს ორ იარუსად განლაგებული სარკმლის ღიობების მწკრივი.
ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია. თუმცა, ცნობილია, რომ ტაძარი ხელახალ გადახურვას საჭიროებს.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].