როსტომ გურიელი
როსტომ გურიელი (გ. 1566) — გურიის მთავარი 1534-1566 წლებში, მამია I გურიელის ძე. როსტომის ქალიშვილი იყო გიორგი III დადიანის მეუღლე.
როსტომ გურიელი | |
---|---|
გურიის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1534 |
მმართ. დასასრული: | 1566 |
წინამორბედი: | მამია I გურიელი |
მემკვიდრე: | გიორგი II გურიელი |
გარდ. თარიღი: | 1566 |
მეუღლე: | თინათინი, თამარი |
შვილები: | გიორგი II გურიელი, ხოსროთანგი |
დინასტია: | გურიელები |
მამა: | მამია I გურიელი |
დედა: | ქეთევანი |
ბიოგრაფია
რედაქტირებააქტიურად იბრძოდა ოსმალეთის იმპერიის აგრესიის წინააღმდეგ. 1535 წელს მონაწილეობდა მურჯახეთის ბრძოლაში. ბრძოლა დამთავრდა იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის სრული გამარჯვებით. ყვარყვარე ათაბაგი ტყვედ ჩავარდა. სამცხე-საათაბაგომ დამოუკიდებლობა დაკარგა და იმერეთს შეუერთდა 10 წლით, 1545 წლამდე. იმერეთის მეფემ როსტომს უბოძა აჭარა და ჭანეთი. 1543 წელს მონაწილეობდა ქარაღაქის ბრძოლაში, რომელშიც ბაგრატ III-მ და გურიის მთავარმა, სასტიკად გაანადგურეს მუსა ფაშასა და სამცხის თავადთა ჯარი. 1545 წელს მონაწილეობდა სოხოისტის ბრძოლაში. სოხოისტის ბრძოლაში დაეღუპა ვაჟი ქაიხოსრო.
როსტომ გურიელის საქმიანობით განრისხებულმა ოსმალეთმა გურიაზე გაილაშქრა. 1547 თურქთა ფლოტი გურიის სანაპიროს მიადგა, თურქებმა გონიოსა და ბათუმის მხარეები დაიკავეს. როსტომ გურიელმა დახმარება იმერეთის მეფესა და დადიანს სთხოვა. იმერეთის მეფის ინტრიგის გამო როსტომ გურიელი მტერს მარტო შეებრძოლა, დაამარცხა და მდინარე ჭოროხის გაღმა განდევნა. თურქებმა აჭარა და ჭანეთი მაინც შეინარჩუნეს, გონიოს ციხე გაამაგრეს და თავიანთ ფორპოსტად აქციეს. 1548 წელს იმერეთის მეფემ როსტომი თავისთან მიიწვია ოდიშზე ლაშქრობის მიზნით, მაგრამ გურიელი მეფეს არ ენდო და არ ეახლა. მაგრამ იმერეთის მეფეს ეახლა ლევან I დადიანი, რომელიც მეფემ დაატყვევა. ქაიხოსრო ათაბაგმა ამით დრო იხელთა და გურიელი და დადიანი მისკენ გადაიბირა. ისინი დაეხმარნენ ლევან დადიანს სამეგრელოში ხელისუფლების დაბრუნებაში. ამ დროიდან გურიის სამთავრო საბოლოოდ გამოეყო იმერეთის სამეფოს.[1]
როსტომ გურიელი იმერეთის მეფესა და დადიანს დახმარებას სთხოვდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბაგრატ იმერეთის მეფეს არ სურდა დადიანის და გურიელის შეკავშირება, არც თითონ დაეხმარა და დადიანიც გადაარწმუნა. როსტომ გურიელმა საკუთარი ძალებით გაყარა ოსმალები ჭოროს გადაღმა, თუმცა ნავები არ ჰქონდა და ცხენებით მდინარეზე ვერ გადავიდა, ოსმალები გამაგრდნენ გონიოში.[1]
1557 წელს, როცა ლევან I დადიანი ოსმალეთში იყო წასული, როსტომ გურიელს ოდიშის სამთავრო ჰქონდა დაკავებული.
როსტომ გურიელი დაკრძალულია შემოქმედის მონასტერში.
როსტომ გურიელის სიგელი
რედაქტირებაროსტომ გურიელის დროინდელი სიგელი აღწერილი აქვს დიმიტრი ბაქრაძეს[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 449.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 "რეხვიაშვილი მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 52-54.
- ↑ დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობანი გურიასა და აჭარაში“ გვ. 236-237 — 1987 წ.