დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკი
დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკი (რუს. Дмитрий (Дмитрий Харитон Рюрик Мирон) Иванович Святополк-Мирский; დ. 1825, სანქტ-პეტერბურგი — გ. 18 იანვარი, 1899, ნიცა) — თავადი, რუსი გენერალი, კავკასიის ომების, ყირიმის ომის და 1877—1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე.
დიმიტრი ივანეს ძე სვიატოპოლკ-მირსკი | |
---|---|
დიმიტრი ხარიტონ რიურიკ მირონ სვიატოპოლკ-მირსკი | |
დაბადების თარიღი | 1825[1] |
დაბადების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1899[1] |
გარდაცვალების ადგილი | ნიცა, საფრანგეთი |
კუთვნილება | რუსეთის იმპერია |
ჯარის სახეობა | ქვეითი |
სამხედრო სამსახურის წლები | 1841–1895 |
წოდება | ინფანტერიის გენერალი |
მეთაურობდა | 29th Chernigov Infantry Regiment და Q4206605? |
ბრძოლები/ომები |
კავკასიის ომი ყირიმის ომი რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878) |
ჯილდოები |
|
სამსახურიდან გადადგომა | 1895 |
ბიოგრაფია
რედაქტირებასამხედრო სამსახური დაიწყო კავკასიაში 1841 წელს, იბრძოდა ჩეჩნებისა და დაღესტნელების წინააღმდეგ, რისთვისაც 1845 წლის 1 იანვარს მიიღო უნტერ-ოფიცრის წოდება. ომავე წლის 1 ივლისს დაღესტანში, დარგუს ექსპედიციის დროს ანდის სიმაღლეების შტურმში მამაცობისათვის მიენიჭა პრაპორშჩიკის წოდება. 1846 წლის კამპანიისას (იანვარ–სექტემბერი) მონაწილეობდა შამილის წინააღმდეგ ბრძოლებში. 1847 წელს გროზნის და და ვოზდვიჟენსკის ციხეებთან ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის მიენიჭა პოდპორუჩიკის (14 სექტემბერი) და პორუჩიკის (6 დეკემბერი) წოდებები. 1848 წლის იანვარ–თებერვალში მონაწილეობდა მცირე ჩეჩნეთის ბრძოლებში, აპრილიდან მივლინებით იმყოფებოდა დაღესტნის რაზმში, აულ გერგებილის ალყის სამუშაოებზე. 23 ივნისს დაიჭრა მკერდის არეში. 1850 25 ივნისს მიენიჭა შტაბს-კაპიტნის წოდება. 1850 წლის 17 თებერვლიდან იყო კავკასიის არმიის შტაბის მეთაურის, პავლე კოცებუს ადიუტანტი და ამ წლის ბოლომდე იმყოფებოდა თბილისში, ხოლო 1851 წლის კამპანიისას, იანვარ–მარტში იბრძოდა ჰაჯი-მურატის და შამილის წინააღმდეგ, რისთვისაც 18 ივნისს მიენიჭა კაპიტნის წოდება. მომდევნო წელს, ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის, მიენიჭია მაიორობა. 29 სექტემბერს დაინიშნა კავკასიის ცალკე კორპუსის მთვარსარდლის, მიხეილ ვორონცოვის ადიუტანტად და იყო ალექსანდრე ბარიატინსკის უშუალო დაქვემდებარებაში, რომელთან ერთადაც ბრძოლაში დაღესტნის მთიელთა წინააღმდეგ 1853 წლის 9 იანვარს მიენიჭა ვიცე-პოლკოვნიკის წოდება.
მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის დაჯილდოებულია წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით, ბაბთით (23 სექტემბერი, 1848, გერგებილის აღებისთვის) და წმინდა ანას III ხარისხის ორდენით, ბაფთით (3 დეკემბერი, 1849, 1849 წლის კამპანიაში თავის გამოჩენისთვის).
მონაწილეობდა ყირიმის ომში, რისთვისაც 1854 წლის 14 მაისს დაჯილდოვდა წმინდა ანას II ხარისხის ორდენით (ბაიანდურის ბრძოლისთვის), ხოლო 1855 წლის 27 თებერვალს (კურიუკ-დარას ბრძოლისთვის) მიენიჭა ალმასის ნიშნები აღნიშნულ ორდენთან. ნიკოლოზ მურავიოვის კავკასიის მთავარსარდლად დანიშვნისას ღიად გააკრიტიკა ეს უკანასკნელი გახმაურებული წერილით, რომელშიც იცავდა ალექსი ერმოლოვს და მისეულ წესებს. 1855 წელს იძეულებული გახდა დაეტოვებინა კავკასია, იმყოფებოდა ყირიმში აზოვის ქვეითთა პოკში, სადაც შავ მდინარესთან ანგლო–ფრანგებთან ბრძოლისას დაიჭრა. იმავე წლის 19 ნოემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება და ოდესის ეგერთა პოლკის მე–2 ბატალიონის მეთაურად დაინიშნა, ხოლო 11 სექტემბერს – გენერალ-ფელდმარშალ დიბიჩ-ზაბალკანსკის ქვეითი პოლკის მეთაურად.
1856 წლის 12 იანვარს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის IV ხარირსხის ორდენით – "სევასტოპლის დაცვისთვის".
ყირიმის ომის დასრულების შემდეგ სვიატოპოლკ-მირსკი დაბრუნდა კავკასიაში. 1857 წლის 6 სექტემბერს ხელმძღვანელობდა ყაბარდოს პოლკს, რომლითაც ჩეჩნეთის მთიან ნაწილში მოაწყო სამხედრო კამპანია და 12 ივლისს დაინიშნა ყუმუხის ოლქის მმართველად, შეთავსებით პოლკის მეთაურად. 1859 წლის 12 აპრილს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება და დაინიშნა კასპიისპირა მხარის არმიის შტაბის უფროსად. იმავე დროს ჩაირიცხა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის სვიტის წევრად. 1859 წელს მთიელთა წინააღმდეგ კამპანიაში მეთაურობდა გენერალკ-ადიუტანტ ა. ე. ვრანგელის დაღესტნის რაზმის საბრძოლო შტაბს და მონაწილეობა მიიღო გუნიბის წარმატებულ შტურმში; ამ გამაგრებული აულის აღებისთვის 1859 წლის 22 სექტემბერს დაჯილდოვდა წმინდა ანას I ხარისხის ორდენით, ხმლებით და 1860 წლის 3 იანვარს – წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით, ხმლებით.
შამილის დატყვევებისა და აღმოსავლეთ კავკასიის დამორჩილების შემდეგ იყო ყუბანის ოლქის არმიის სარდლის თანაშემწე.
1861 წლის 23 აპრილს დაჯილდოვდა წმინდა ვლადიმერის II ხარისხის ორდენით, ხმლებით; იმავე წლის 21 სექტემბერს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება და დაინიშნა თერგის ოლქის მმართველად. 1863 წლიდან 1867 წლის 23 აპრილამდე ეკავა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის თანამდებობა. ამ პერიოდში მან ჩაახშო აფხაზთა აჯანყება (1866 წლის ივნის-აგვისტო) და აფხაზეთში ახალი ადმინისტრაციული და სასამართლო წეს-რიგი დაამყარა. 1866 წლის 16 ივნისს მიენიჭა გენერალ-ადიუტანტის წოდება და დაჯილდოვდა თეთრი არწივის და წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენებით. 1869 წელს არჩეულ იქნა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ნამდვილ წევრად და საპატიო თავმჯდომარედ. 1873 წლის 30 აგვისტოს მიიღო ინფანტერიის გენერლის წოდება.
1875 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის, დიდი თავადის მიხეილ რომანოვის თანაშემწედ. რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის დროს სვიატოპოლკ-მირსკი კავკასიის მთავარსარდლის შტაბის წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა ყარსის შტრუმის დაგეგმვასა და განხორციელებაში. 1877 წლის 12 ნოემბერს იგი დაჯილდოვდა წმინდა გიორგის II ხარისხის ორდენი "საბრძოლო გმირობისთვის, 1877 წლის 5–6 ნოემბერის ღამეს ყარსის ციხის აღებისას".
1879 წლის 17 თებერვალს დაჯილდოვდა წმინდა ვლადიმირის I ხარისხის ორდენით, ხმლებით. 1880 წელს სვიატოპოლკ-მირსკი დაინიშნა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს წევრად. 1881–1882 წლებში ასრულებდა ხარკოვის სამხედრო ოლქის სარდლისა და ხარკოვის გენერალ-გუბერნატორის მოვალეობებს. 1895 წლის 14 ივნისს ოფიცრის თანამდებობებზე 50 წლიანი სამსახურის აღსანიშნავად მიენიჭა წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი.
გარდაიცვალა 1899 წლის 18 იანვარს საფრანგეშთი, ქ. ნიცაში.
ოჯახი
რედაქტირებადიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკი დაქორწინებული იყო სოფიო იაკობის ასულ ორბელიანზე (1831—1879), რომელთანაც ჰყავდა ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი: პეტრე (1857—1914), რუსეთის იმპერიის მომავალი შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო საბჭოს წევრი; ნინო/ნინა (1852—1926), სტავროპოლის და ვიბორგის გუბერნატორის, გენერალ დენის (Voldemar Kaarle von Daehn) მეუღლე; ოლღა, გათხოვებადმე იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნას (ალექსანდრე III-ს მეუღლე) ფრეილინა და მისი მუდმივი მეგობარი; და მარია (1853—1889), გენერალ-მაიორ ი. მ. ორბელიანის მეუღლე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Даргинская трагедия. Воспоминания участников Кавказской войны XIX в. 1845 год. СПб., 2001
- Милорадович Г. А. Список лиц свиты из величеств с царствования императора Петра I по 1886 г. СПб., 1886
- Список генералам по старшинству на 1886 г. СПб., 1886
- Шилов Д. Н., Кузьмин Ю. А. Члены Государственного совета Российской империи. 1801—1906: Биобиблиографический справочник. СПб., 2007
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Lundy D. R. The Peerage