მთავარანგელოზი
მთავარანგელოზი ან არქანგელოზი დაწინაურებული ან მაღალი რანგის ანგელოზია. ისინი რამდენიმე რელიგიურ ტრადიციაში მოიხსენიებიან, მათ შორის ქრისტიანობაში, ისლამში, იუდაიზმსა და ზოროასტრიზმში. სიტყვა არქანგელოზი მომდინარეობს ბერძნულიდან arche (მმართველი ან წყარო) და angelos (მაცნე).
იუდაიზმში
რედაქტირებაებრაული ბიბლიის (ძველი აღთქმა) კანონიკურ წერილებში რაიმე პირდაპირი მინიშნება არქანგელოზებზე არ არსებობს. უფრო მეტიც თავად ანგელოზებიც კი უცხოა გარდა შედარებით გვიანდელი წყაროებისა, როგორიცაა დანიელის წიგნი. ყველაზე ადრეული მინიშნებები არქანგელოზებზე არის აღთქმათა შორის პერიოდის ლიტერატურაში (მაგ. 4 ესდრას 4.36).
შესაბამისად ვარაუდობენ, რომ ებრაელთა ინტერესი ანგელოზთა მიმართ განვითარდა მათი ბაბილონელთა ტყვეობაში ყოფნის დროს. რაბინი შიმონ ბენ ლაკშ ტიბერიელის (230–270) თანახმად ანგელოზთა ყველა სპეციფიკური სახელები ებრაელთა მიერ ბაბილონიდანი იყო მოტანილი და ზოგიერთი თანამედროვე კომენტატორის მტკიცებით ანგელოზთა იერარქიის დეტალები ძირითადად ზოროასტრული წარმოშობის უნდა იყოს.
რაბინული ტრადიციისა და კაბალას მიხედვით მთავარგანგელოზთა რიცხვად მიღებულია შვიდი: მიქაელი, რაფაელი, გაბრიელი, ურიელი, სარიელი, რაგელი და რემიელი (ან რამიელი). ზოგიერთ წყაროში არქანგელოზთა რიცხვში ასევე არიან: ზადკიელი, ჯოფიელი, ჰანიელი და ხამუელი.
ქრისტიანობაში
რედაქტირებაახალი აღთქმა იშვიათად ახსენებს ანგელოზებს, და მხოლოდ ორჯერ ახსენებს მთავარანგელოზებს, მიქაელს იუდას 1:9 (სადაც გაკვრით არის ნახსენები ებრაული ლეგენდიდან) და თესალონიელთა 4:16, რომლის მიხედვით "არქანგელოზის ხმა" ამცნობს ქვეყნიერებას ქრისტეს დაბრუნებას. პოპულარული რწმენის მიუხედავად გაბრიელი სახარებებში მთავარანგელოზად ნახსენები არსადაა.
გვიანდელ ქრისტიანულ ტრადიციაში ჩნდება სამი არქანგელოზი: მიქაელი, გაბრიელი და რაფაელი (ხანდახან ურიელია ნახსენები როგორც მეოთხე). აღმოსავლეთ ორთოდოქსული ტრადიციით შვიდი მთავარანგელოზია. ურიელი მათ რიცხვშია, ხოლო დანარჩენი სამია: სელაფიელი, იეგუდიელი და ვარახიელი. ზოგჯერ სატანა მოიაზრება როგორც დაცემული მთავარანგელოზი, რომლის თავდაპირველი სახელი იყო ლუციფერი.
ზოგიერთი პროტესტანტი მთავარანგელოზად მხოლოდ მიქაელს აღიარებს, ვინაიდ მხოლოდ ის არის გარკვევით ნახსენები ბიბლიაში. პროტესტანტულ ბიბლიაში რაფაელი საერთოდ არ მოიხსენიება და ამგვარად ცნობილი არ არის. თუმცა რაფაელი ნახსენებია ტობიტის წიგნში - ერთ-ერთი დეუტეროკანონიკური წიგნი. ამ ტექსტში რაფელი დახმარებისთვის მოევლინება ტობიტს, კურნავს რა მას და მის შვილს სიბრმავისგან და განდევნის დემონს, რომელიც მათ მოკვლას უპირებდა.
იეჰოვას მოწმეებს სწამთ რომ იესო ქრისტე ფაქტობრივად ხორცშესხმული მთავარანგელოზი მიქაელი იყო. ამ მოსაზრებით მიქაელი არის პირველი და უდიდესი ღმერთის ქმნილებათაგან.
ეს ეწინააღმდეგება პროტესტანტულ მოსაზრებას, რომლის მიხედვით მთავარანგელოზი მიქაელი ანგელოზი არ არის, არამედ უშობელი ღვთაებრივი ძეა ღმერთის. ამავე მოსაზრებით "არქანგელოზი" ნიშნავს "ანგელოზთა მთავარს" და არა "მთავარ ანგელოზს" და ამგვარად ის მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს.
ისლამში
რედაქტირებაისლამში მთავარანგელოზები არიან მიქაელი (ამინდის მთავარანგელოზი), გაბრიელი ან ჯიბრილი (რომელმაც ყურანი მოუტანა მუჰამედს), აზრაელი (სიკვდილის ანგელოზი), ისრაფილი ან ისრააფილი (ანგელოზი, რომელმაც საყვირს უნდა ჩაჰყვიროს განკითხვის დღეს), მალიკი (ჯოჯოხეთის განმგებელი), დამუნკაარი და ნაკირი (განკითხვის ანგელოზები, რომლებიც დაჰკითხავენ გარდაცვლილ სულებს მათ წარსულ ცხოვრებაზე). თუმცა არც ისრაფილი და არც აზრაელი ყურანში მოხსენიებული არ არიან.
ისლამურ ტექსტებში ხაზგასმულია, რომ ანგელოზებს გარკვეული სქესი არა აქვთ.
სხვა ტრადიციებში
რედაქტირებაოკულტისტები ზოგჯერ არქანგელოზებს კაბალისტურ წესზე სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენას ან ფერს აკუთვნებენ. ზოგიერთ კაბალური სისტემის მაგიურ ცერემონიებში ოთხივე მთავარანგელოზი (მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი და ურიელი) მოიხსენიება როგორც ოთხი კუთხის (ნაწილის, ან მიმართულების) მცველი და შესაბამისი ფერები მიეკუთვნებათ.
ტარიშთა მიხედვით ოთხი მთავარანგელოზია: მიქაელი, გაბრიელი, ტარიელი (ანუ რაფაელი) და ლუციფერი.
ხელოვნებაში მთავარანგელოზებს როგორც წესი უფრო დიდი ფრთებითა და მრავალი თვალით გამოსახავდნენ. ყველაზე ხშირად გამოსახული მთავარანგელოზებია მიქაელი, გაბრიელი და რაფაელი.