ლიხაურის ეკლესია
ლიხაურის ეკლესია — ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია გურიის მხარის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ლიხაურში. ლიხაურის ეკლესიის კომპლექსი, რომელიც შედგება საკუთრივ ეკლესიის, სამრეკლოსა და გალავნისგან არის ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლი[1].
ლიხაურის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°53′00″ ჩ. გ. 42°00′42″ ა. გ. / 41.88333° ჩ. გ. 42.01167° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ლიხაური |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | ეკლესია |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | შემოქმედის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ბაზილიკა |
ხუროთმოძღვრული სტილი | დარბაზული ეკლესია |
თარიღდება | XIII საუკუნე |
ისტორია
რედაქტირებალიხაურის ეკლესია ექვთიმე თაყაიშვილისა და დიმიტრი ბაქრაძის აზრით აშენდა 1352 წელს გურიის მფლობელ კახაბერის დროს. ხელოვნებათმცოდნეების აზრით ტაძარი აგებული უნდა იყოს XIII საუკუნის მეორე ნახევარში. ამ პერიოდისთვის დამახასიაეთებელია წინა ეპოქის ოსტატობის დაქვეითება, ნაწილების მექანიკური დაქვემდებარება მთელისადმი. ეს ტენდენცია კარგად ჩანს ლიხაურის ეკლესიაშიც. ირღვევა ფასადთა გაფორმების კომპოზიციური სრულყოფა, ორნამენტები მკვეთრად გეომეტრიზებულია. მკვლევარ გია ჭანიშვილის აზრით ლიხაური მარუშან ვარდანისძის მიერ უნდა იყოს აშენებული, ხოლო კახაბერ გურიელს კი სტოა აუშენებია.
მოგვიანო პერიოდისაა ლიხაურის ეკლესიის სამხრეთ ფასადიც, რომელიც მორღვეულია და ქვითა და აგურით აღუდგენიათ. მასზე დატანებული სარკმლები გვიანი შუასაუკუნეების ტიპური ნიმუშებია და იდენტურია ასევე აღდგენილი ჯუმათის ეკლესიის სამხრეთ ფასადის სარკმლებისა. სავარაუდოდ, აღდგენითი სამუშაოები ჯუმათსა და ლიხაურში ერთსა და იმავე პირს უწარმოებია. აღდგენილითი სამუშაოები ჩაუტარებიათ გიორგი IV გურიელსა და დედოფალ ხვარამზეს.
1889-1932 წლებში ეკლესიაში მოღვაწეობდა და მისი უკანასკნელი წინამძღვარი იყო მგალობელი ნესტორ კონტრიძე. კონტრიძე ცხოვრობდა ეკლესიასთან ახლომდებარე სენაკში.[2]მან მოუარა და შეინახა XI საუკუნის ლიხაურის სახარება, რომელიც 1890 წლის 21 მარტს შეაკაზმინა. სახარება დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q ფონდშია დაცული. სახარება გურიიდან თბილისში 1924 წელს აკაკი შანიძემ და შალვა ამირანაშვილმა წაიღეს. 1924 წელს კომუნისტებმა დაარბიეს ტაძარი და გაძარცვეს ძვირფასეულობისგან.
1989 წელს განხორციელდა ტაძრის და სამრეკლოს რესტავრაცია. 2010-11 წლებში ეკლესიის დამეწყრილ ტერიტორიაზე სამ ტერასად აშენდა 10 მეტრის სიმაღლისა და 23 მეტრის სიგრძის რკინა–ბეტონის საყრდენი კედელი აშენდა, რათა ძეგლი დაცული იყოს სტიქიური მოვლენენის დროს.
არქიტექტურა
რედაქტირებაეკლესია მდებარეობს სოფლის ცენტრში შემაღლებულ ბორცვზე. მის ირგვლივ სოფლის სასაფლაოა. ეკლესიის შენობა თლილი ქვითაა ნაშენი. ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა. იგი კვადრატის ფორმისაა, აღმოსავლეთ ნაწილში გარეთ განზიდული ხუთწახნაგიანი აბსიდით. აბსიდა ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას, დარბაზი კი - ერთსაფეხურზე. აბსიდის სამ წახნაგზე თითო თაღოვანი სარკმელია, რომლებიც საგულდაგულოდ არის მოჩუქურთმებული. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. დასავლეთიდან მიშენებული აქვს კარიბჭე, რომელიც მოგვიანებით უნდა იყოს მიდგმული. დასავლეთის კედელში ასევე გაჭრილია სარკმელი. მათ ორნამენტიანი და ლილვებით მოჩარჩოებული საპირეები აქვთ. ჩრდილოეთის კედელში გაკეთებული ერთი და სამხრეთის კედელში დატანებული ორი სარკმელი სწორკუთხაა და ისინიც ორნამენტული საპირითაა მოჩარჩოებული. ტაძარი დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. კარიბჭე დასავლეთის მხრიდან შეწყვილებული თაღითაა გახსნილი. ეკლესიას ეტყობა გადაკეთებათა კვალი. საშენ მასალად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის კარგად გათლილი, მონაცრისფრო კვადრები, სახურავისთვის კი - ორფერდა კრამიტი.
ეკლესიას იცავდა ქვის გალავანი, რომელშიც დატანებული იყო ოთხკუთხიანი სამრეკლო. ამჟამად გალავანი მხოლოდ ნაწილობრივაა შემორჩენილი ჩრდილოეთის მხრიდან.
ფრესკები
რედაქტირებალიხაურის ეკლესია მთლიანად იყო მოხატული. ფრესკები მე-15 მე-16 საუკუნეებით თარიღდება. ფრესკებიდან საინტერესო იყო ოთხი პორტრეტი ერისკაცებისა. ლიხაურის ფრესკები მოხატულობის განახლების საბაბით ჩამოფხიკეს 1990-იანი წლების პირველ ნახევარში და ტაძარი ხელახლა მოხატეს. მისი მძიმედ დაზიანებული ნარჩენები ინახება თბილისის სამხატვრო აკადემიაში და მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი. მხატვრობიდან ტაძარში ამჟამად დარჩენილია მხოლოდ ორი: გარდამოხსნისა და და საფლავის გახნსის სცენები.
სამრეკლო
რედაქტირებატაძრის დასავლეთით დგას 1422 წლებში აშენებული სამრეკლო. ის იმავე ქვითაა ნაგები, რითაც ეკლესია — ბაცი ნაცრისფერი მაგარი ქვით. სამრეკლო წარმოადგენს ორსართულიან ნაგებობას. პირველი სართული დასავლეთ-აღმოსავლეთის ღერძზე თაღით გახსნილი კარიბჭეა, რომლის კედელშიც მეორე სართულზე ასასვლელი კიბეა დატანებული. ეს სართული, განსხვავებით მეორე სართულისგან, თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი. მეორე სართული გეგმით ოვალური რვათაღიანი ფანჩატურია, რომელშიც სამრეკლოა მოწყობილი. ნაგებობა დასრულებულია გუმბათისებური სახურავით. სამრეკლოს ხის სახურავი აქვს, რომელიც ოთხ, ძალზედ მახვილ ქვის სვეტს ეყრდნობა. მის ქვეშ ორი ზარია, რომლეთაგან ერთი ძველია თუჯისაა, უენო და უწარწერო. სამრეკლოს კედლების შიდა მხარე, ისევე როგორც ფასადი, მოპირკეთებულია თლილი ქვით. ინტერიერში ქვის დამუშავება უფრო უხეშია, ვიდრე გარედან.
მორთულობა პირველ სართულს ამკობს. ორივე ფასადი ყურძნის მტევნებისა და ხის ფოთლების სახეებით იყო მოჩუქურთმებული. გამოსახულებანი შემორჩენილი არ არის. სამრეკლოს ფასადებში ჩართულია ვერძის თავის ჰორელიეფი. დასავლეთის ფასადზე მოთავსებული ასომთავრული სამშენებლო წარწერის თანახმად, იგი 1422 წლით თარიღდება. წარწერიდან ჩანს ლიხაურის ძველი სახელწოდება რეხოელი. წარწერის შინაარსო შემდეგია:
სიძველეები
რედაქტირება1873 წელს დმიტრი ბაქრაძემ გურიაში მოგზაურობისას ლიხაურის 4 (წმიდა იაკობის, მაცხოვრის და ორი ღვთისმშობლის) ხატი აღწერა, ხოლო კონდაკოვი თავის ნაშრომში 7 ხატს აღწერს (დამატებით ტრიპტიქის ფრაგმენტებს).
1896 წლის დიმიტრი ერმაკოვის კატალოგში შეტანილია: ზარი მხედრული წარწერით, მაცხოვრის, წმინდა იაკობის, წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის სამი ხატი.
1890 წლის ნაშრომში კონდაკოვი ერმაკოვის ხატების გვერდით ახსენებს კარედსაც, რომელიც იმ დროისათვის უკვე საკმაოდ შელახული იყო.
ეკლესიაში დაცული იყო XII საუკუნის წმიდა იაკობის ოქროს ხატი. ხატს აქვს წარწერა, რომელიც იხსენიებს მარუშიან ვარდანისძეს და მის მეუღლეს, სამძივართა ასულ ხათთას (ხათუთას). ღვთისმშობლის ხატის წარწერა იხსენიებს კახაბერ I გურიელს და ქორონიკონს 1352, საიდანაც ექვთიმე თაყაიშვილი ვარაუდობდა ტაძრის აგების თარიღს. ლიხაურის ხატებზე გამოკვეთილი წარწერები უძველესია გურიის ძველ წარწერებს შორის, რომლებიც გვხვდება შემოქმედში, ჯუმათში და ამ მხარის ზოგიერთ სხვა ეკლესიაში.
ლიხაურის ტაძარში აგრეთვე დაცული იყო მაცხოვრის XI საუკუნის ოქროს ხატი, მაცხოვრის მცირე ხატი ხის კუბოში, XII-XIII საუკუნეების ტრიპტიხი პეტრე და პავლე მოციქულებისა და მთავარანგელოზების გამოსახულებით. ლიხაურში ინახებოდა ორი ძველი ქართული ხელნაწერი: ტყავზე ნაწერი XI საუკუნის „ოთხთავი“ და „ჟამნი“. ლიხაურის სახარება 1890 წლის 21 მარტს შეაკაზმინა ტაძრის წინამძღვარმა ნესტორ კონტრიძემ. ოთხთავი დღეისთვის დაზიანებული და დაშლილია, აკლია გვერდები. ტექსტი ნუსხურია, დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q ფონდში.
-
ზარი ლიხაურის ეკლესიიდან
-
ზარი ლიხაურის ეკლესიიდან
-
ზარი ლიხაურის ეკლესიიდან
-
ზარი ლიხაურის ეკლესიიდან. ჩანახატი წარწერით. 1898
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 270.
- ქართველიშვილი, თ. (2006). „გურიის საეპისკოპოსოები“. თბილისი: „არტანუჯი“, გვ. 66-69. ISBN 99940-11-89-8.
- „ლიხაურის ეკლესიის სამრეკლო“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 17 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1969 წელი. — გვ. 27-33
- „მეტი ყურადღება გურიის მატერიალური კულტურის ძეგლებს“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 10-11 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1967 წელი. — გვ.
- თაყაიშვილი ე. (1907). არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. ტფილისი: „წიგნების გამომცემელ ქართველთ ამხანაგობა“, გვ. 26-28.
- ბაქრაძე, დ. [1878] (1987). არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში. ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ლიხაურის კომპლექსი № 9981
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № სამრეკლო № 9983
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № გალავანი № 17347
- ლიხაურის ეკლესია | საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ
- ↑ ერქომაიშვილი ა., ჩემი წინაპარი // მნათობი, ტ. 1-2, 2000. — გვ. 145.