შემოქმედის მონასტერი

შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი გურიის მხარეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმ
(გადამისამართდა გვერდიდან შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი)

შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი — შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი გურიის მხარეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმედში, შემოქმედის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს მდინარე ბჟუჟის მარცხენა ნაპირზე, ოზურგეთიდან სამხრეთ-დასავლეთით 7-8 კმ-ის დაშორებით. კომპლექსი მოიცავს ორ ეკლესიას, სამრეკლოს, გალავანს და გამოქვაბულს და მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.[1].

შემოქმედის ეკლესია
შემოქმედის მონასტერი — საქართველო
შემოქმედის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°54′27″ ჩ. გ. 42°03′47″ ა. გ. / 41.90750° ჩ. გ. 42.06306° ა. გ. / 41.90750; 42.06306
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა შემოქმედი
სასულიერო სტატუსი მონასტერი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა, გუმბათოვანი ეკლესია
თარიღდება XIII-XIV საუკუნე
XVI საუკუნე
დეტალები

ტაძრის გეგმა

 
„...მთის ძირში არს შემოქმედი, ეკლესია დიდ შენი, გუნბათიანი, შემკული ყოვლითა. იყო ესე საარქიმანდრიტო აწ არს საეპისკოპოზო, ზის ეფისკოპოზი, მწყემსი მას ქვეითის გურიისა“

შემოქმედის ეკლესია საუკუნეთა მანძილზე იყო გურიის მთავრების, გურიელების სამარხ-საძვალე. ის XIII საუკუნეს განეკუთვნება. კახაბერ II გურიელის დროს (1479-1483 წწ) შემოქმედი უკვე სამიტროპოლიტო კათედრა გახდა.

XVII საუკუნის პირველ ნახევარში სამცხე-საათაბაგოს ოსმალეთის მიერ დაპყრობის შემდეგ ვახტანგ II გურიელმა საგანგებოდ ააგო გუმბათოვანი ეკლესია „ზარზმა“, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი და სხვა ძვირფასი ნივთები. მანვე შესწირა მონასტერს 80 კომლი გლეხი.

მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულში შემოქმედში მოღვაწეობდა ეპისკოპოსი იაკობ დუმბაძე, რომელმაც 1687 წელს იმოგზაურა ევროპაში და შეხვდა რომის პაპ ინოკენტი XI-ს. მონასტრის მთავარი ტაძარი აგებული იყო მთის მწვერვალზე, ხოლო კალთებზე აგებული იყო ბერების სენაკები.ამ სენაკების ქვემოთ ცნობილ მგალობელ მღვდელ გიორგი დუმბაძეს ჰქონდა აშენებული საკუთარი და მისი თანამოსაგრეების სენაკები. მეორე მხარეს იყო დედათა სენაკები[2]. 1820 წელს იმერეთის აჯანყების ჩახშობისას გენერალმა ველიამინოვმა ააფეთქა შემოქმედის ციხე და მის კედლებში მოქცეული სამონასტრო ნაგებობანი. 1833 წელს შემოქმედის ეკლესია აღწერა დიუბუა დე მონპერემ. 1846 წელს შემოქმედის მონასტერი წინამძღვრის გარეშე იყო.

XIX საუკუნეში მონასტერი რამდენიმეჯერ გაიძარცვა. 1861 წელს მონასტერი მაჰმადიანმა აჭარლებმა გაძარცვეს და ძვირფასეულობა გაიტანეს, თუმცა გამტაცებლები შეიპყრეს და გატანილი ნივთების ნაწილი მონასტერში დააბრუნეს. გარდა ამისა, თვით ტაძარი ძალიან დაზიანდა. წინამძღვრის მიერ დატოვებული დარაჯები დასავლეთ მინაშენში შუაგულ ოთახში ანთებდნენ ცეცხლს გასათბობად. ჭვარტლმა დაფარა კედლებისა და ჭერის ფრესკები და ჩუქურთმები.[3] ამას ემატებოდა წვიმის წყალი. წვიმა ყველგან ატანდა, მხატვრობა სულ ჩამოირეცხა, ნივთები დაინესტა. მოგვიანებით ვინმე ნიკო გალოგრემ 200 მანეთი შესწირა მონასტრის შეკეთებას. 1881 წელს თბილისელმა ფოტოგრაფმა სტეფანე საბინ-გუსმა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორისგან მიიღო ნებართვა, შემოქმედისა და ჯუმათის მონასტრებიდან რესტავრაციის მიზნით გაეტანა სიძველეები. საბინ-გუსმა წაღებული სიძველეები უკან აღარ დააბრუნა. 1895 წელს შემოქმედის მონასტერი მოინახულეს ოლივერ და მარჯორი უორდროპებმა.[4] 1913 წლის ზაფხულში სამეგრელოს ექსპედიციისას, ასევე გურიაში — შემოქმედის მონასტერში იმყოფებოდა ე. თაყაიშვილი. 1919 წელს შემოქმედი კიდევ ერთხელ გაიძარცვა. 30 მილიონ მანეთად ღირებული სიმდიდრე ჯერ ბათუმში, შემდეგ კი ოსმალეთში გაიტანეს.

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

შემოქმედის მონასტერი შედგება სამი ძეგლისგან. მათგან ორი ერთმანეთზე მიდგმული ტაძარია: მაცხოვრის ეკლესია და XVI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია „ზარზმა“. მესამე ძეგლია XVI საუკუნის სამრეკლო, რომელიც 1831 წელსაა აღდგენილი. სამრეკლო აშენებულია მონასტრის წინამძღვრის, წარმოშობით ერკეთელი აზნაურის, არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ.

მაცხოვრის ეკლესია

რედაქტირება

შემოქმედის მაცხოვრის ეკლესია შიგნით და გარეთ ნაგებია თლილი ქვით, აქვს მარმალილოს იატაკი. ეკლესია სამნავიან უგუმბათო ბაზილიკას წარმოადგენს. სავარაუდოდ XIII-XIV საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. ვახტანგ ბერიძის მოსაზრებით ეკლესია თავდაპირველად ერთნავიანი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, მას სიგრძივი კედლები მოარღვიეს და ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავები მიუშენეს. ამდენად შუა ნავიდან მხოლოდ ერთი-ორი ფრანგმეტიღა გადარჩა. ნავების მიშენების შემდგომ ეკლესია ახალი პერანგით შემოსეს და ჭადრაკულად განლაგებული სხვადასხვა ფერის ქვებით მოაპირკეთეს. ტაძრის დასავლეთი ფასადი შემკულია ფანჯრის ირგვლივ შემოვლებული ჩუქურთმით. ტაძარზე ორი წარწერაა. იატაკი მეტწილად თეთრი მარმარილოსია. ტაძარი შიგნიდან ერთიადნად დაფარული იყო ფრესკებით. ზარზმის ეკლესიის სამხრეთ კედელზე გამოსახული იყო მამია II გურიელი და მისი მეუღლე თინათინი, შესაბამისი წარწერებით.

ეკლესიაზე დაცულ წარწერაზე იკითხება შემდეგი ტექსტი:

 
„ႵႤ: ႷႣ: ႻႪႰႭ: ႸႤ: ႠႴႾႦႧ: ႩႦႨ: ႡႲႨ: ႫႵႱႨႫႤ: ႠႬ:“
(ქრისტე ყოვლად ძლიერო შეიწყალე აფხაზეთის კათალიკოზი ბატონი მაქსიმე ამინ.)

დიმიტრი ბაქრაძის დროს არსებობდა სხვა წარწერაც:

 
„ႫႤ ႴႣ Ⴚ...ႨႪႨ ႨႠႩႡ“
(მე ფრიად ცოდვილი იაკობ.)

ბაქრაძის აზრით წარწერაში მოხსენიებული იაკობი იგივე შემოქმედელი იაკობ დუმბაძეა.

ეკლესია „ზარზმა“

რედაქტირება

ფერისცვალების სახელობის ეკლესია „ზარზმა“ მაცხოვრისაზე მცირეა და მიდგმულია მასზე. იგი გუმბათით დასრულებულ ერთ ნავს წარმოადგენს. ეკლესია მრავალჯერ გადაუკეთებიათ, მთელი გუმბათქვეშა კონსტრუქცია მოგვიანებით ჩამატებულია. არსად არ აქვს ჩუქურთმა. აღმოსავლეთის ფასადი მთავრდება ხუთწახნაგოვანი განზიდული აბსიდით. გუმბათის ყელი რვასარკმლიანია. მოპირკეთებულია მოცისფრო პორფირის ცისფერი ქვით, რომელიც მონასტრის ახლოსვე არის მოჭრილი. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. შესასვლელი კარის არქიტრავზე გამოსახულია სამი ვარსკვლავი: შუაში თანაბარმკლავებიანი ჯვარი, მარცხნივ — ექვსქიმიანი ვარკვლავი, მარჯნივ კი ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ინტერიერი მოხატულია. ზარზმის კედელზე შემორჩენილია შემოქმედელი ეპისკოპოსის, ბესარიონ მაჭუტაძის გამოსახულება.[5]

ეკლესიის კედელზე 1961 წელს აღმოჩნდა წარწერა „გრიგოლ გალატოზთუხუცესსა ბანდასძესა და ...“. პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერა XI-XV საუკუნეებით თარიღდება. ბანდასძეთა გვარი გურიის ისტორიულ წყაროებში არ ფიქსირდება. ბანდაიძეები XIII-XV საუკუნეებში ქსნის ხეობაში მოღვაწეობდნენ. მწიგნობარი, მხატვარი და ხუროთმოძღვარი გრიგოლ ბანდასძე XV საუკუნეში მოღვაწეობდა, თუმცა არის თუ არა ეს შემოქმედის წარწერაში მოხსენიებული პიროვნება, დაუდგენელია. ბანდაისძის მიერ შემოქმედის ეკლესიის აგება, ან განახლება დაკავშირებული უნდა იყოს იმერეთის სამეფოდან გურიის სამთავროს გამოყოფასა და შემოქმედის საეპისკოპოსო კათედრის დაარსებასთან, რაც XV საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა.[6]

სამრეკლო

რედაქტირება

მონასტერში შესასვლელი სამრეკლოს მხრიდანაა. სამრეკლოს აქვს შემდეგი წარწერა:

 
„ႫႭႬႠႱႲႤႰႱႠ ႠႫႱ ႸႠ ႫႺႾႥႰႤႡႨ ႱႠႶႧႭ ႱႠႱႳႪႨႤႰႭႱ ႦႣ ႫႾႤႣႥႤႪႨ ႱႠႫႰႤႩႪႭႱႠ ႠႫႱ ႸႤႬႡႨႱႠ ႸႤႫႼႭႡႨႧ ႼႨႪႾႣႭႫႨႪႨ ႠႰႱႤႬႠ ႠႰႾႨႫႠႬႣႰႨႲႨ ႸႤႨႼႷႬႠႰႤ ႶႭ ႼႠ ႹႷႪႠ“
(მონასტერსა ამას შინა მცხოვრები საღვთო სასულიეროს ზედამხედველი სამრეკლოსა ამას შენბისა შემწეობით წილხდომილი არსენი არხიმანდრიტი შეიწყნარე ღმერთო წელსა 1831.)

მონასტერი

რედაქტირება

შემოქმედი და ზარზმა ერთ სამონასტრო ორგანიზაციას წარმოადგენდა. მას ჰქონდა თავისი სამმართველო აპარატი. მონასტრის სათავეში იდგა წინამძღვარი — არქიმანდრიტი. სამონასტრო ყმა-მამულს განგებდა საშემოქმედლოს მოურავი. ის საერო პირი იყო და ამ თანამდებობას ნაკაშიძეები იკავებდნენ. მონასტრის საეკლესიო ქონება კანდელაკს ებარა.შემოქმედელ მიტროპოლიტებს ჰყავდათ ქორეპისკოპოსები ანუ მეომოფრეები.

შემოქმედის მონასტერი მდიდარ მამულებს ფლობდა. მონასტერს საყანე მიწები ჰქონდა მდინარე სუფსის პირას ხაშიაში, საიდანაც ყოველწლიურად შესდიოდა სამოცი ქილა სიმინდი და ღომი. ვენახიანი მამულები 11 სხვადასხვა ადგილას იყო გაშენებული. მონასტერს ეკუთვნოდა შემოქმედის, გომისა და ვაკიჯვრის ტყეებში მონადირებული ირმებისა და ღორების ნახევარი, თაგინურის მთაზე საქონლის ძოვების ბაჟი - პური, ყველი და ცხვარი. სამონასტრო გლეხებისგან წლიური შემოსავალი შეადგენდა თოთხმეტ ღორს, ან თხას, ხუთას ქათამს, ასოთხმოც ქილა ღომს და ოთხას საწყავ ღვინოს, ორ ბათმან სანთელს და ხუთ მიზალთუნ თეთრს. შემოქმედის კუთვნილი 68 აზნაური და აზატი ყოველ მესამე წელიწადს იხდიდა 50 საწყავ ღვინოს, ორმოცდაათ ქილა ღომს და ორმოცდაათ ქათამს. მონასტერს ეკუთვნოდა 133 ოჯახი გლეხისა, რომლებიც 1794 წლიდან ქაიხოსრო გურიელმა დაისაკუთრა.

გამოქვაბული

რედაქტირება

მდინარე ბჟუჟის მარჯვენა ნაპირზე, ეკლესიის ქვემოთ, გორაკის ძირში არსებობდა გამოქვაბული, სადაც ადრე დაყუდებული ბერები ცხოვრობდნენ. გამოქვაბული შედგება ორი მთავარი განყოფილებისაგან - ორი ოთახისაგან, პირველი ოთახი უფრო პატარაა ვიდრე მეორე. გამოქვაბულის შესასვლელი ჩრდილოეთისკენაა. მოყვანილობა ნახევრად ოვალისებური აქვს. დღეს გამოქვაბული მიტოვებულია.[7]

წინამძღვრები

რედაქტირება

1846-1921 წლებში სავანეში მოღვაწეობდნენ წინამძღვრები:

  • 1847-1857 — არქიმანდრიტი ანთიმოზი
  • 1876-1880 — არქიმანდრიტი იოანე
  • 1880-1886 — იღუმენი გერასიმე
  • 1886-1888 — არქიმანდრიტი თომა
  • 1886-1895 — არქიმანდრიტი ამბროსი
  • 1895-1899 — არქიმანდრიტი იონა
  • 1900-1907 — არქიმანდრიტი ნიკოლოზი
  • 1907-1911 — არქიმანდრიტი გერასიმე
  • 1911-1912 — არქიმანდრიტი მაკარი
  • 1912-1914 — არქიმანდრიტი დოსითეოზი
  • 1914-1916 — არქიმანდრიტი გიორგი

სიძველეები

რედაქტირება
 
მონასტრის ეზოში დაკრძალულია ქალაქ ოზურგეთის თავი პლატონ ბერიძე

შემოქმედში მრავალი ძვირფასი ხატი და საეკლესიო ინვენტარი იყო დაცული. მათი უმრავლესობა ადგილზე იყო მოჭედილი, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებიდან, ძირითადად სამცხე-საათაბაგოდან, გადატანილი. შემოქმედის მონასტერი უმდიდრეს მონასტრად ითვლებოდა და გააჩნდა მდიდარი წიგნთსაცავი. აქ დაცული იყო ორი შესანიშნავი ხელნაწერი: გულანი ანუ ლოცვანი და „ფუტკარი“ ანუ ბერძნული ეკლესიის ზოგი წმიდანის ცხოვრების კრებული, მასში ასევე მოთხრობილია ქართული და სომხური ეკლესიების განხეთქილების ამბავი, VI და VII საუკუნეების ქალკედონიის კრების შემდეგ. გულანი 1004 ფურცელს შეიცავს, ამბების ჩაწერა დაწყებულია 1512 წელს და დასრულებულია 1749 წელს. უკანასკნელი ჩანაწერი გაკეთებულია იაკობ შემოქმედელის მიერ.

შემოქმედის ტაძარში შენახული იყო კახაბერ II გურიელისა და მისი მეუღლე ანას მიერ შეწირული მაცხოვრის ხატი. ხატის სავედრებელ წარწერაში ნათქვამია:

 
„დავასვენეთ ხატი ესე სამიტროპოლიტოსა ხარისხსა ზედა შემოქმედს“

შემოქმედში დაცული იყო გიორგი II გურიელისა და დედოფალ ელენეს შეწირული ოქროთი დაფერილი ვერცხლის ჯვარი და მაცხოვრის ოქროს ხატი, რომელზეც წარწერაში მოხსენიებული იყო იგივე გიორგი გურიელი და დედოფალი ელენე და მათი შვილი მამია, ასევე შემოქმედელი ეპისკოპოსები და სხვა პირები.

ვახტანგ I გურიელის მეუღლე თამარ ათაბაგმა ეკლესიას შესწირა ღვთისმშობლის ხატი. ვახტანგი და მისი მეუღლე იხსენიებიან ზარზმის ტაძრის წარწერაში (1572 წ.). ასევე საინტერესოა ვერცხლის ხატი, რომლის მინაწერში მოხსენიებულნი არიან მამია II გურიელი და მისი მეუღლე თინათინი, ასევე ოქრომჭედელი ივანე წიქარიძე. წარწერა 1601 წლისაა. ასევე მონასტერში შენახული იყო სოფელ გოგიეთიდან გადმოსვენებული წმინდა დემეტრეს მოოქროული ვერცხლის ხატი, წმინდა გიორგის ხატი ამაღლებიდან, წმინდა გიორგის ოქროს ხატი. საეკლესიო ინვენტარიდან აღსანიშნავია ნიკოლოზ შემოქმედელის განახლებული ოქროს ბარძიმი 46 ძვირფასი ქვით, ოქროს ფეშხუმი, ოქროს მასიური დაფარნა. ეკლესიასი ინახებოდა ღვთისმშობლის ხატის მოოქროვილი კუბო, რომელიც ვინმე გიორგი კავკასიძეს მოუჭედინებია.

XVI-XVII საუკუნეში შემოქმედში თავი მოიყარა მესხეთის ზარზმის უძვირფასესმა ნივთებმა. მათ შორის იყო ქართულ ხატებს შორის უძველესი, 886 წლით დათარიღებული ფერისცვალების ხატი. ზარზმიდან გადმოსვენებული მეორე ხატი იყო ლაკლაკიძეების ღვთისმშობლის ხატი — XI საუკუნის ქართული ოქრომჭედლობის შედევრი; ასევე 1008 წლის ვერცხლის ფირფიტა, თამარ ხურციძის შეწირული რვთისმშობლის ოქროს ხატი 87 ძვირფასი თვლით, გაბრიელ ხურციძის შეწირული ვერცხლის ჯვარი, მაცხოვრის ფერისცვალების ოქროს ხატი, ვერცხლის ბარძიმი ორი ფეშხუმით. სამცხე-საათაბაგოს სხვა ეკლესიებიდან შემოქმედში გადმოუსვენებიათ მოოქროული ვერცხლის ჯვარი, ღვთისმშობლის ოქროს ხატი 32 ძვირფასი თვლით, მღვდელმთავრის კვერთხი 117 ძვირფასი ქვით, ღვთისმშობლის მოოქროული ვერცხლის ხატი, რომელიც ქაიხოსრო გურიელს 700 მარჩილად შეუძენია და სამცხიდან გურიაში გადაუსვენებია.

1861 წლის ძარცვის შემდეგ დაიკარგა ღვთისმშობლის გამოსახულება, რომელზეც წარწერაში მოხსენიებული იყო კახაბერ I გურიელი. 1873 წელს დიმიტრი ბაქრაძემ აღწერა წმინდა დიმიტრის ჭედური ხატი XVI საუკუნისა, ღვთისმშობლის ვერცხლის ხატი მთავარანგელოზებთან ერთად, წმინდა გიორგის რამდენიმე ხატი, ვერცხლის ჭედური ჯვარი, ფარსმან ერისთავის შეწირული; ვერცხლის ჯვარი, ლიპარიტ გიორგობიანის შეწირული. 1889 წელს ეს ხატები ადგილზე აღარ დახვდა ნიკოდიმე კონდაკოვს, რომელმაც მონასტრის სიძველეები აღწერა[8].

შემოქმედის მონასტერი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსებისა და გურიელების საგვარეულო საძვალე. ტაძარშია დაკრძალული მამია III გურიელი, მამია V გურიელი და დედამისი მარინე. შემოქმედელი ეპისკოპოსების საფლავები ეკლესიის ეზოშია. გადმოცემის მიხედვით მონასტერში დაკრძალულნი არიან მგალობლები ანტონ დუმბაძე და მისი შვილი დავითი[9], მაგრამ საფლავები დაკარგულია.

დიმიტრი ბაქრაძის მიერ შემოქმედის ჩამოთვლილ სიძველეებთა შორის იყო: მაცხოვრის ხატი, ღვთისმშობლის ხატი (მხედრული წარწერით), დიდი ხატი, წმინდა დიმიტრის ხატი, ღვთისმშობლის ხატი, ღვთისმშობლის ხატი, ამაღლების წმინდა გიორგის ხატი, დვაბზუს წმინდა გიორგის ხატი, ოქროს თასი 46 ქვით, საწინამძღვრო ჯვარი, ოქროს დისკო, წმინდა გიორგი მცირე ხატი, ოქროს ვარსკვლავი, მოოქროვილი ვერცხლის ჭედურობის ბზობისა და ჯვარცმის ხატები; მაცხოვრის ხატი, ღვთისმშობლის ხატი, ჯვარი, მოოქროვილი ჯვარი, ფერისცვალების ჭედური ხატი, ვერცხლის თასი; ვერცხლის ჯვარი, ღვთისმშობლის ხატი, მთავარეპისკოპოსის კვერთხი, ღვთისმშობლის ხატი, ვერცხლის ვარსკვლავი; მაცხოვრის ხატი, მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, მაცხოვრის მცირე ხატი და მრავალი ვერხლის ფრაგმენტები წარწერით. ასევე ორი ხალნაწერი: შემოქმედის გულანი და „ფუტკარი“.

ნიკოდიმ კონდაკოვის მიერ წარმოდგენილ ნაშრომში ასევე ჩამოთვლილია შემოქმედის სიძველეები: მაცხოვრის ხატი, ღვთისმშობლის ხატი, დიდი ხატი, ღვთისმშობლის ხატი, ოქროს თასი, მასიური ჯვარი, ოქროს დისკო, ოქროს ვარსკვლავი, ჯვარცმის ჭედურობა, მაცხოვრის ხატი, ჯვარი, ფერისცვალების ჭედურობა, ვერცხლის თასი, ღვთისმშობლის ხატი, წმინდა გიორგის ხატი, დიდი კიოტი, ღვთისმშობლის კარედი, ვერცხლის ვარსკვლავი, ჯვრები, რაპიდები, ზარზმის ფერისცვალების ხატი, ვერცხლის ჭედური სახარება, გულანი, ფუტკარი და მინანქრის ხატი.

ექვთიმე თაყაიშვილიც ასევე აღწერს შემოქმედის სიძელეებს მათ შორისაა: ზარზმის ფერისცვალების ხატი და სახარება.

 
სარგის კაკაბაძის წერილი გურიაში ანტირელიგიური კამპანიის დროს ქართული კულტურისათვის მიყენებული აუნაზღაურებელი ზარალის შესახებ

ყურადსაღებია ცნობილი ქართველი ისტორიკოსის სარგის კაკაბაძის სიტყვები: “ეკლესიასთან ბრძოლის დროს რამდენიმე თვის წინათ გურიაში დაიღუპა პირველ ხარისხვანი ძეგლები საქართველოს ხელოვნებისა, რაც დიდ დანაკლისად უნდა ჩაითვალოს ქართული კულტურის ისტორიისათვის. ძვირფასი ნივთები ძველი ხელოვნებისა გადაადვნეს უბრალო ვერცხად და ოქროდ, საუკეთესო ხელნაწერები ტყავზე ნაწერი, ზოგი დაწვეს ცეცხლში, ზოგი კი ქაღალდათ გაიყიდადუქნებში და კოოპერატივებში, სადაც ძველი ხელნაწერები და ძველად ნაბეჭდი წიგნები გამოიყენეს გასახვევ მასალად. ამ გვარად დაიღუპა ლიხაურის ყველა ნივთები და შემოქმედის მონასტრის ნივთების უმეტესი ნაწილი. შემოქმედში იყო დაცული სხვა ძეგლთა შორის ექვსი პატარა მინაქრის მედალიონი ოქროზე დამზადებული ქართული წარწერებით. ძველად ეს მინაქრები ინახებოდა ჯუმათში. ჯუმათში იყო ორი ხატი მოჭედილი მთავარანგელოზ მიქაელისა და გაბრიელის. მთავარანგელოზ მიქაელის მიქაელის ხატზე დაკრული იყო ათი მინაქრის მედალიონი ქართული წარწერებით, ხოლო გაბრიელის ხატზე ასევე მედალიონები იყო ბერძნული წარწერებით. ორივე ხატი თავისი მინაქრებით ჯუმათის მონასტრიდან გაიტაცა მოტყუებით ეგზარქოსის ნებართვის თანახმად საბინგუსმა რუსეთში. საბინგუსის საქციელმა გამოიწვია ქართულ შეგნებულ საზოგადოების პროტესტი, რის გამო მან ექვსი მედალიონი ქართული წარწერებით დააბრუნა და იგინი აქამდის ინახებოდა შემოქმედში. სამწუხაროდ ეს მედალიონები ოზურგეთში როგორც ამჟამად გამოირკვა, გადაადნეს. ხოლო დანარჩენი ოთხი მედალიონი ქართული წარწერებით საბინგუსმა მიყიდა კერძო კოლექციონერებს, ბოტკინს და ბობრინსკის. ბერძნულ წარწერიანი მინაქრები საბინგუსმა მიყიდა თავად ზვენიგოროდსკის. უკანასკნელმა თავის კოლექცია მიყიდა გერმანელებს. გერმანიის მთავრობამ დიდ ფასად მიყიდა ცხრა მედალიონი ცნობილ მილიარდერს მორგანს. უკანასკნელმა შესწირა ქართული მინაქრები ნიუორკის მუზეუმს, სადაც იგინი ამჟამადაც ინახებიან. სამწუხაროდ ის ექვსი მინაქრის მედალიონი, რომელიც აქამდის იყო შემოქმედში, დღეს უკვე დაკარგულად უნდა ჩაითვალოს ქართული ხელოვნების ისტორიისათვის.”

ფოტოგალერეა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2020-02-22.
  2. ცინცაძე, კ., „ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია ტფილისში“ გვ. 121 — 1994 წ.
  3. გაზეთი „დროება“ N243 გვ.1-2 — 1881წ.
  4. შარაძე, გ., ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1984. — გვ. 423.
  5. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-29. ციტირების თარიღი: 2019-09-29.
  6. ქველი ჩხატარაიშვილი, „ახლადაღმოჩენილი წარწერა“ // „ლენინის დროშა“, N116, გვ. 3 — 1961 წ.
  7.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10004
  8. Кондаков Н., «Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии», СПБ, 1890. — გვ. 133.
  9. გეგეჭკორი, ლ., „ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები“, გვ. 66 — თბილისი, 1954 წ.
  გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ.