გულანი — ქართულ ლიტურგიკულ პრაქტიკაში დამკვიდრებული კრებული, რომელშიც თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები — სახარება, საქმე მოციქულთა, მოციქულთა ეპისტოლენი, თორმეტივე თვის საგალობლები, მარხვანი და ზატიკი, საწინასწარმეტყველო, ფსალმუნნი, ჟამნი, სვინაქსარი, ტიბიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული საკითხები და სხვა.

გულანებს, რომელთაგან ზოგი ორ-სამ ფუთსაც კი იწონიდა, იძენდნენ მდიდარი ეკლესიები და მონასტრები. იგი ორიგინალური ქართული კრებულია და არცერთ სხვა ეკლესიას არ აქვს. ამიტომაც გაოცებულა ანტიოქიის პატრიარქი მაკარი (XVII საუკუნე), რომელსაც ქართულ ეკლესიაში კლიროსზე დასვენებული ვეებერთელა წიგნი უნახავს. ჩვენამდე მოღწეულია გელათის, დავითგარეჯის, მცხეთის, ალავერდის, კაცხის, მარტვილის, შემოქმედის, ბედიისა და სხვა ეკლესია-მონასტერთა გულანები. გულანის მოკლე რედაქციას ეწოდება „ჟამნ-გულანი“ (შეიცავს „ჟამნსა“ და მოკლე სვინაქსარულ საკითხებს; ცნობილია ყანჩაეთისა და რუისის ეკლესიის „ჟამნ-გულანი“). სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, გულანი „გულთ სანდომად შეკრებული წიგნია“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლოლაშვილი, ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 298.
  • „ქართული მწერლობა“ ლექსიკონი-ცნობარი, წგნ. 1, თბილისი: „განათლება“, 1984. — გვ. 75.
  • Кекелидзе К. С., Литургические грузинские памятники в отечественных книгохранилищах и их научное значение, Тфл., 1908;