ზარზმის ფერისცვალების ხატი
ზარზმის ფერისცვალების ხატი — ფეოდალური ეპოქის ქართული ჭედური ხელოვნების ძეგლი, რომელიც წარწერის მიხედვით 886 წლით თარიღდება. ხელოვნების მუზეუმში გადატანამდე იგი შემოქმედის მონასტრის ზარზმის ეკლესიაში ინახებოდა. ხატი დაზიანებულია, ეტყობა ადრინდელი რესტავრაციის კვალი. კომპოზიციის ცენტრში, ოვალურ „დიდებაში“ გამოსახულია ფეხზე მდგომი ქრისტეს მთლიანი ფიგურა მაკურთხებელი მარჯვენით; ტრადიციის თანახმად, წინასწარმეტყველები ვედრების პოზაში დგანან. ძეგლის შესრულების სტილი გრაფიკულია, ყოველი ხაზი და დეტალი დეკორატიულადაა დამუშავებული. როგორც მხატვრული, ისე ევოლუციური თვალსაზრისით, ზარზმის ფერისცვალების ხატი მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლია, რომელიც კარგად გამოხატავს ეპოქის სულისკვეთებას.
ხატი აღწერილი აქვს დიმიტრი ბაქრაძეს, ნიკოდიმ კონდაკოვს, ექვთიმე თაყაიშვილს და შეტანილია დიმიტრი ერმაკოვის კატალოგშიც (№125 და 13467).
ხატის დაქარაგმებულ ასომთავრულ წარწერაში მოხსნიებულია ლაკლაკთა საგვარეულოს (ჩორჩანელების განშტოება) წარმომადგენლები.
1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილს აღნიშნული ხატი შეტანილი აქვს შემოქმედის მონასტრის ზარზმის ეკლესიის სიძველთა აღწერაში, სადაც მოყვანილი აქვს ზედ არსებული წარწერები. მისი სიტყვებით „რაკი ამაზე უძველესი ხატი იშვიათია არა თუ გურიაში, არამედ მთელ საქართველოში, ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია მოვიყვანოთ აქ წარწერა, რამდენადაც ჩვენ გავარჩიეთ. ამას საჭიროდ ვრაცხთ დავსძინოთ, რომ სრული აღდგენა წარწერისა შეუძლებელია, ვინაიდან ზოგიერთი სტრიქონების თავი და ბოლო დაკარგულია და შუაშიაც ზოგიერთი ასოები დაზიანებულია. ამას გარდა სიტყვები ერთობ ძრიელ შემოკლებულია...“
ხატზე სულ ოთხი ასომთავრული წარწერაა. ქვემოთ მოყვანილია ტექსტის ექვთიმესეული ვარიანტი.
ხატის პერანგის ნაწილები
რედაქტირება-
ლაზარეს აღდგინება
-
ჯვარცმა
-
ამაღლება
-
მიძინება
-
სულთმოფენობა