ლაკლაკიძეების ჭედური ხატი

ლაკლაკიძეების ჭედური ხატი — XI საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების ძეგლი, მოოქრული ვერცხლის ხატი (80×64 სმ). შესრულებულია ლაკლაკიძეთა ოჯახის (ჩორჩანელების განშტოება) დაკვეთით, ზარზმის მონასტრისათვის. ცენტრში გრავირებული ორნამენტის ფონზე გამოსახულია ღვთისმშობელი და ყრმა იესო, რომელთა სახეები ფერწერულია. განსაკუთრებით საინტერესოა ფართო ჩარჩოზე (13 სმ) მაღალი რელიეფითა და დიდი პროფესიული ოსტატობით შესრულებული ქრისტესა და ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველი მრავალფიგურებიანი კომპოზიციები. XVI საუკუნიდან ინახებოდა შემოქმედის მონასტერში. 1924 წლიდან ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმში. ამჟამად ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია.

ლაკლაკიძეების ხატი. ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

ხატი განხილულია ბაქრაძისა და კონდაკოვის ნაშრომებში, ასევე შეტანილია დიმიტრი ერმაკოვის კატალოგშიც (№121).

ხატს თან ახლავს მოხდენილი ასომთავრულით შესრულებული ვრცელი საქტიტორო წარწერა, რომელიც ოთხივე მხარეს შემოუყვება ცენტრალურ გამოსახულებას ჩარჩოს შიდა ვიწრო დაფერდებაზე. წარწერიდან ირკვევა, რომ ხატის შემწირველი არის „გლახაკი ეპრაქსია“, დედა „ერისთავთ ერისთავისა მირიანისა და ხურციკისა“ – ლაკლაკისძეთა საგვარეულოდან.

ხატის საქტიტორო წარწრა:

ვიკიციტატა
„ႼႭ: ႣႴႪႭ: ႫႾႷႥ: Ⴜ~Ⴄ: ႻႨႱ ... ႤႱႠ: ႣႠ: ႶႨႱႠ: ႹႬႨႱ: ႷႪ

Ⴇ: Ⴆ~ႦႩႧ: Ⴄ~Ⴄ: ႫႰႬႱ: ႣႠ: ႾႩႱ: ႻႧႠ: ႾႩ: ႫႰႬႱ: ႱႬ: ႵႣ: ႾႽ: Ⴋ: ႢႪ
ႩႫ: ႤႮႰႵႱႠ: ႣႤႣႫႬ: Ⴞ~ႩႱႠ: ႣႠ: ႫႰႬႱႫႬ: ႸႥႩႪႫ

...ႱႤ: ႱႪႺႪႣ: Ⴗ~ႪႧ: Ⴊ~ႪႩႧ: ႱჄႱႬႡႪႣ: ႱႪႨ: ႹႨႱ“
(წმინდაო დედოფალო, მეოხ ეყავ წინაშე ძის[ა შ]ენისა და ღმრთისა ჩუენისა ყოველ-

თა ლაკლაკთა: ერისთავთ ერისთავსა მირიანს და ხურციკს, ძეთა ხურციკისთა: მირიანს, სასანს (ანუ სჳიმონს), ქურდიას(?), ხჭ-ს(?). მე გლახა-
კმან ეპრაქსია, დედამან ხურციკისა და მირიანისამან, შევკაზმ-

[ე ხატი ე]სე სალოცველად ყოველთა ლაკლაკთა, საჴსენებელად სულისა ჩემისა.)

ლიტერატურა რედაქტირება

  • Чубинашвили Г. Н., Грузинское чеканное искусство, Тб., 1959;

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება