აჭის წმინდა გიორგის ეკლესიაწმინდა გიორგის სახელობის XIII-XIV საუკუნეების დარბაზული ეკლესია საქართველოში, სოფელ აჭში, ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლი.

აჭის ეკლესია
აჭის ეკლესია — საქართველო
აჭის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°50′10″ ჩ. გ. 42°00′05″ ა. გ. / 41.83611° ჩ. გ. 42.00139° ა. გ. / 41.83611; 42.00139
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა აჭი
სასულიერო სტატუსი დედათა მონასტერი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა შემოქმედის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა
ხუროთმოძღვრული სტილი დარბაზული ეკლესია
თარიღდება XIII-XIV საუკუნეები
დეტალები

ტაძრის გეგმა

მდებარეობა

რედაქტირება

აჭის ეკლესია მდებარეობს ოზურგეთიდან 9 კმ-ზე, სანისლობოს მთის ძირში, მდინარე აჭისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ტაძარი შემაღლებულ ბაქანზე დგას. მას ერთ მხარეს ხრამი აკრავს, რომელიც მდინარეზე ეშვება.

აჭის ეკლესიის აშენების შესახებ არსებობს ლეგენდა. სოფელ აჭს დევი შეეჩვია, შეწუხებულმა მოსახლეობამ ლოცვით წმინდა გიორგის მიმართა შემწეობისთვის. წმინდანმა დევი მოკლა და გააქვავა, ხოლო მადლიერმა ხალხმა მას ტაძარი აუგო. მდინარე აჭისწყლის პირას ახლაც არის დიდი ლოფი - "დევის ქვა". ეკლესიის აგება კი ხალხს არ გამოდიოდა. ერთ დღესაც ნახეს მტრედების მიერ დაწყობილი ნაფოტები, რომელსაც ეკლესიის ფორმა ჰქონდა და სწორედ იქ ააშენეს ტაძარი.

არქიტექტურული ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აჭში მეორდება XI-XII საუკუნეების მოტივები, მაგრამ მასში არის XIII საუკუნისთვის დამახასიათებელი ახალი სტილისტური ნიშნები. ხელოვნებათმცოდნეები აჭს XIII საუკუნის მიწურულით ახსიათებენ. აჭის ეკლესიასთან დაკავშირებული წერილობითი წყაროები, რომელთა შორის უძველესი XVI საუკუნის მეორე ნახევრისაა, უმთავრესად შეწირულების ან ნასყიდობის წიგნებია.

აჭის ეკლესიის მიმართ გურიის მთავრები განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ. 1625 წელს სვიმონ II გურიელმა აჭი საწინამძღვროდ აქცია, მას შესწირა გლეხები ბეგარით, ტყით და წყლით და მისცა უფლება ტყეებში მონადირებულ ნანადირებზე. ქაიხოსრო I-მა მას უხვი შეწირულობა უბოძა და შემოქმედის მეტოქად-ჰყო.[1]აჭის წინამძღვრობა მინიჭებული ჰქონდათ სალუქვაძე-თაყაიშვილების საგვარეულოს. XVII საუკუნის ბოლოს წინამძღვარი იყო ნიკოლოზ თაყაიშვილი. XVIII საუკუნეში წინამძღვარი იყო იოსებ თაყაიშვილი, რომელიც შემდგომ ჯუმათის ეპისკოპოსიგახდა. მას განუახლებია ვერცხლით მოჭედილი ჯვარცმის ხატი და მხატვარ იობისა და ოქრომჭედელ გრიგოლის შესრულებული წმინდა გიორგის მოოქრული ვერცხლის ხატი. აჭის ტაძარს საკმაოდ დიდი რაოდენობის უძრავი ქონება და დიდი ზარი ჰქონდა, რომლის ხმა ლიხურამდე აღწევდა.

აჭის ეკლესია მოქმედია 1991 წლიდან. 2007 წლიდან აქ ამოქმედდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი. ამჟამად მონასტერში სამი მონაზონი მოღვაწეობს, რომლებიც ჩვეული ტიპიკონით ცხოვრობენ. დღესდღეობით ეკლესიას, გალავანსა და ფრესკებს სჭირდებათ რესტავრაცია.

არქიტექტურა

რედაქტირება

აჭის ეკლესია XIII საუკუნის დასასრულსა და XIV საუკუნის დასაწყისშია აგებული. ეკლესია დარბაზული ტიპისაა და ერთნავიანია. ნაგებია კარგად გათლილი ქვის სწორი კვადრებით და პორფირით არის მოპირკეთებული. გარშემოზღუდულია მაღალი, მყარად ნაგები ქვის გალავნით. როგორც ეკლესია, ასევე, გალავანი, მრავალჯერაა აღდგენილ-გამაგრებული.

ტაძარს ორი შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან და დასავლეთიდან. კარების თავებზე მოჩუქურთმებული ჯვრებია გამოსახული. დასავლეთით ჯვრის თავზე ასევე გამოსახულია ვარდული. სამხრეთ კარის თავზე დიდ ოთხკუთხედ ქვაზე გამოსახულია ოთხკუთხედში ჩასმული ჯვარი, რომლის მარჯვნივ და მარცხნივ ხუთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა:

 
„წმინდაო გიორგი, მეოხ ექმენ პატრონთ საღირს, რატის და უშანიანს და მეოხ ექმენ ნიკოლოზ აჭიელსა და გალატოზთა მიქელს და მხეციძესა“

ამ წარწერიდან არ ირკვევა ეკლესიის აგების თარიღი. ქტიტორთა სვანური სახელებით მოხსენიება კი მიანიშნებს სვანთა ერისთავების გურიაში დამკვიდრების პერიოდზე.

ტაძრის სარკმლები და აღმოსავლეთ მხარეს არსებული სვეტებიანი ჯვარი დაფარულია ფაქიზად ნაკვეთი ჩუქურთმებით. ტაძარს სამხრეთის კარიბჭე და ქვის ჩუქურთმებიანი კანკელი ჰქონდა, რომლის ნაშთიც ამჟამად გამოყენებულია საკურთხევლის აღმოსავლეთ კარიბჭის შესასვლელში.

მხატვრობა

რედაქტირება
 
წმინდა გიორგი ამარცხებს დრაკონს. ფრესკა აჭის ეკლესიიდან

ტაძარი შიგნიდან მთლიანად მოხატულია ფრესკებით. დასავლეთ კედელზე არის სცენები წმინდა გიორგის ცხოვრებიდან, მათ შორის უნიკალურია გველეშაპის განგმირვის სცენა. საკურთხეველში გამოსახულია ვედრების და ათორმეტი დღესასწაულის სცენები: ჯვარცმა, ხარება, ღვთისმშობლის მიძინება, ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში, და სხვ. მოხატულობა XIII საუკუნის ბოლოს განეკუთვნება. ტაძრის ფრესკები იკონოგრაფიული თვალსაზრისით იშვიათობაა. მაგ. მირქმის სცენაში იოსებსა და იოაკიმეს ხელთ ორ–ორი გვრიტი უპყრიათ. ფრესკებზე განირჩევა ოთხი მხატვრის ხელი. ფრესკების ნაწილი კავშირს პოულობს ტრაპიზონის ხელოვნების ტრადიციებთან. აჭის მხატვრობაში ჭარბობს ოქროსფერი, წითელი და ნათელი მწვანე ტონები, რომელიც ჰარმონიულადაა შერწყმული მონაცრისფრო-ცისფერ ფონთან. სახეების წერის მანერა მას XIII საუკუნის მიწურულის პალეოლოგოსთა ხანის ძეგლებთან აახლოებს. აჭის ფერწერა ერთ-ერთი იმ უკანასკნელ ძეგლთაგანია, რომელშიც ჯერ კიდევ ჩანს ოსტატობის მაღალი დონე და განსხვავდება შემდგომი ხანის პრიმიტიული მოხატულობებისგან.

ფრესკებს შორის არის წარწერები, რომელთა უმრავლესობა ბერძნულია. ერთ-ერთ წარწერაზე მოხსენიებულია ონისიმე ტრაპიზონელი, სავარაუდოდ მხატვარი. დასავლეთის შესასვლელიდან მარცხნივ გამოსახულია ჭაღარა წვეროსანი მოხუცი, მის გვერდით ბავშვიანი ქალია.

აჭის ჯვარი

რედაქტირება

ტაძარში ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა თამარ მეფის დროს შექმნილი, ოქროთი დაფერილი ვერცხლის ჯვარი, რომელსაც ამკობდა წარწერა:

 
„ჰოი ძელო ცხორებისაო, მეოხ ეყავ შენთა მკობთა დღესა მას განკითხვისასა. შეიქმნა ჯვარი ესე ბეთანიასა ღვთის მშენებლისა ოქროსა და ვერცხლის წმიდისა, უფლებასა დედოფლისა თამარისა, ადიდენ ღმერთმან“

ეს იყო ჯარის წინ დროშასავით სატარებელი ჯვარი. ჯვარს აღარ ჰქონდა შერჩენილი ძვირფასი ქვებით შემკული მედალიონები. ჯვარი დამზადებულია თამარ მეფის დროს ბეთანიაში, ან ბეთლემში. ჯვარი ამჟამად აჭის მონასტერში ინახება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: