ვარიანი
ვარიანი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (შიდა ქართლის მხარე), გორის მუნიციპალიტეტში, ვარიანის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: არაშენდა, ახალდაბა, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, საქაშეთი).
სოფელი | |
---|---|
ვარიანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი |
თემი | ვარიანი |
კოორდინატები | 42°04′23″ ჩ. გ. 44°02′01″ ა. გ. / 42.07306° ჩ. გ. 44.03361° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 680 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1469[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,1 % ოსები 0,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დასავლეთი ნაწილი), მდ. ლიახვის მარჯვენა მხარეს, გორი–ნიქოზის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 680 მ-ზე, გორიდან 14 კმ-ში.
ისტორია
რედაქტირებავარიანი წყაროებში პირველად იხსენიება 1656 წლის საბუთში როსტომ მეფის მიერ სეხნის მაჩაბლის შვილებისთვის ამოწყვეტილი მაჩაბლის მამულის გადაცემის შესახებ. 1712 წელს ვახტანგ VI-მ ურბნელ ეპისკოპოსს განუახლა ვარიანის შეწირულობის სიგელი.
ვახუშტის მიხედვით, „რუისის მთის ძირს არს თედოწმინდა. მცირედ მას ზეით ერთვის დასავლეთიდამ ლიახუს ვარიანის ფშანი... ვარიანს ზეით ერთვის ლიახუს აღმოსავლეთიდამ პატარა ლიახვი“. ამ პერიოდში სოფელი და მისი შემოგარენი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქართლის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა. 1789 წელს გადასახადებისგან შეწუხებულმა ვარიანელმა გლეხებმა საჩივრით მიმართეს ერეკლე II-ს. ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს საქართველოში შემოსული მტრის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში. საბჭოთა პერიოდში სოფელში იყო მეხილეობის საბჭოთა მეურნეობა. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსმა ინტერვენტებმა ვარიანი კლასტერული ჭურვებით დაბომბეს, 11 აგვისტოს კი მოახდინეს სოფლის დროებითი ოკუპაცია.
ვარიანი ქართველი მწერლისა და პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის (დ. 1840 ― გ. 1912) სამშობლოა. მის სახელს უკავშირდება სახალხო დღესასწაული „იაკობობა“, რომელიც 1971 წლიდან ყოველწლიურად ოქტომბრის თვეში აღინიშნება ვარიანში.
კულტურული მემკვიდრეობა
რედაქტირებავარიანის დასავლეთით, დაახლ. 0,5 კმ-ზე მდებარეობს გვიანდელი შუა საუკუნეების კოშკი. იგი საბრძოლო-საცხოვრებელი დანიშნულებისა იყო. მის მახლობლად ნასოფლარია (მოსახლეობა აყრილა XVIII საუკუნეში ლეკთა თარეშის გამო). სოფლის შუაში დგას რიყის ქვითა და აგურით ნაგები ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია (1835). იქვე მდებარეობს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის ძეგლი — იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი.
სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით სასაფლაოზე განვითარებული შუა საუკუნეების კიდევ ერთი ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესიაა. ნაგებია დიდი ზომის რიყისა და მოყავისფრო შირიმის ქვებით. ჩრდილოეთის კარის თავზე ტიმპანში მოთავსებული წარწერა X–XI საუკუნეებით თარიღდება.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი) დაცულია თითბრის ზარი, 1777 წლის მხედრული წარწერით, რომლის მიხედვით, მეფის მგალობელ სოლომონსა და მის ძმა იოანე ნამორაძეს ვარიანის ღვთისმშობლის ეკლესიისათვის შეუწირავთ ზარი, გარდაცვლილი ძმის, მიქაელის სულის მოსახსენიებლად.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 1469 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1959 | 960 | 999 |
2014[1] | 1469 | 730 | 739 |
ლიტერატურა
რედაქტირება- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 65-66.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 302.
- გვასალია ჯ., კახაძე კ., ვარიანი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 210-211, თბ., 2013 წელი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II