ტირიფონის ვაკე
ტირიფონის ვაკე — შიდა ქართლის ვაკის ჩრდილოეთი ნაწილი, მდებარეობს მდინარე ლიახვის ქვემო (ცხინვალის ქვემოთ) დინების ორივე მხარეზე. სიმაღლე 600—800 მეტრი. აღმოსავლეთით საამილახვროს ვაკით უერთდება მუხრან-საგურამოს ვაკეს. აგებულია ალუვიონით. დანაწევრებულია მდინარეების დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის და მეჯუდის ქვემო დინებებით და მათგან გამოყვანილი სარწყავი არხებით. დახრილია სამხრეთისკენ. ტირიფონის ვაკის ამგები ფხვიერი წყებები შეიცავს მაღალწნევიანი არტეზიული წყლების უხვ მარაგს. ვაკეზე გავრცელებულია ძველალუვიური და ალუვიური ნიადაგები. ბუნებრივი მცენარეულობა – ფოთლოვანი ტყე (მუხნარ-რცხილნარი), რომელიც ადრე არსებობდა, თითქმის მთლიანად გაჩეხილია და მისი ადგილი კულტურულ ლანდშაფტებს უკავია.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 725.