ვარიანის კოშკი
ვარიანის კოშკი – კოშკი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის დასავლეთით, 0,4-0,5 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 6,7 მეტრი), საცხოვრებელ-სათავდაცვო. ნაგებია რიყის ქვით. სართულშუა გადახურვებში და კარ-სარკმლების წირთხლებში გამოყენებულია აგური. კოშკს შეისრულთაღიანი შესასვლელი აღმოსავლეთით აქვს. კარი გარედან მოქცეულია ირიბად შეჭრილი სწორკუთხა შეღრმავებაში, რომელიც დასრულებულია აგურის საფეხურიანი ფრიზით. პირველი სართული შიგნიდან წრიულია, მეორე - სწორკუთხა. კედელში, შესასვლელის გვერდებზე, თითო ფართო შეისრული ნიშია, რომლებშიც თითო მცირე სწორკუთხა სარკმელია: მათ ქვემოთ თითო სათოფურია. დასავლეთ კედლის ცენტრში, ნახევარწრიულ ბუხარში გაჭრილია ერთი სარკმელი-სათოფური. ბუხრის ორივე მხარეს თითო სათოფურიანი და შეისრული თაღით დასრულებული ნიშია. ჩრდილოეთ კედლის ცენტრში იატაკიდან იწყება დიდი შეისრულთაღიანი ნიში, რომელშიც მცირე სწორკუთხა სარკმელია. სარკმლის ქვემოთ მცირე ნიშია. შეისრულთაღიანი და სათოფურიანი თითო ნიში ამავე კედლის კიდეებშიცაა, ხოლო ერთი შეისრულთაღიანი და შეწყვილებულსათოფურიანი ნიში - სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში. ამავე კედელშია დატანებული მესამე სართულზე ასასვლელი კიბე. მესამე სართული წრიულია. შემორჩენილ კედლებში შეისრულთაღიანი სამი სარკმელი (საზარბაზნეები), ერთი ნახევარწრიული ბუხარი და რამდენიმე სათოფურიანი ნიშია. კოშკის შესასვლელის ზემოთ, აგურის წყობაში გამოსახულია შეღრმავებული ჯვარი. ყველა სართული გადახურული იყო გუმბათოვანი კამარით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5. თბ., 1990.