ტრაპიზონი

(გადამისამართდა გვერდიდან ტრაბზონი (ქალაქი))
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ტრაპიზონი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ტრაპიზონი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

ტრაპიზონი, ტრაბზონი, ტრაპეზუნტი (თურქ. Trabzon, ბერძ. Τραπεζούντα, ლაზ. ტრამტრა ან ტამტრა[1]) — ქალაქი თურქეთში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე, ტრაპიზონის პროვინციის დედაქალაქი; ისტორიული ტრაპიზონის იმპერიის დედაქალაქი. ტრაპიზონში თურქეთის სხვა ძველბერძნულ ქალაქებთან შედარებით უკეთ არის შემორჩენილი ბიზანტიური არქიტექტურა.

ქალაქი
ტრაპიზონი
Trabzon
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
დაქვემდებარება მეტროპოლიური მუნიციპალიტეტი
პროვინცია ტრაპიზონის პროვინცია
შიდა დაყოფა 18 რაიონი
კოორდინატები 41°00′00″ ჩ. გ. 39°44′00″ ა. გ. / 41.00000° ჩ. გ. 39.73333° ა. გ. / 41.00000; 39.73333
მერი მურატ ზორლუღლუ     
დაარსდა ძვ. წ. 756
ფართობი 188,85 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0
კლიმატის ტიპი ოკეანური კლიმატი
ოფიციალური ენა თურქული ენა
მოსახლეობა 328 457 კაცი (2020)
სიმჭიდროვე 1739 კაცი/კმ²
აგლომერაცია 816 684
ეროვნული შემადგენლობა თურქები
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+90) 462
საფოსტო ინდექსი 6100
ოფიციალური საიტი trabzon.bel.tr
ტრაპიზონი — თურქეთი
ტრაპიზონი

ტრაპიზონის მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად თურქია, თუმცა სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ტრაპიზონსა და მის შემოგარენში ცხოვრობდნენ პონტოელი ბერძნები, ლაზები, სომხები და სხვა ეთნიკური ჯგუფები.

ტრაპიზონი დააარსეს მილეტელმა ვაჭრებმა ძვ. წ. 756 წელს სინოპსა და აბიდოსთან ერთად. ძვ. წ. VI საუკუნიდან ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობებამდე ტრაპიზონი აქემენინანთა იმპერიის მფლობელობაში იყო. ალექსანდრეს ომების შედეგად შავი ზღვის სანაპიროს ქალაქებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ძვ. წ. II საუკუნეში ტრაპიზონი პონტოს სამეფოს ნაწილი გახდა. ძვ. წ. 66-65 წლებში პონტოს სამეფო იქცა ჯერ რომის ვასალურ სახელმწიფოდ, ხოლო I საუკუნიდან რომის იმპერიის უშუალო ნაწილი გახდა და ამ დროიდა მოყოლებული XIII საუკუნემდე ის ჯერ რომის, შემდეგ კი ბიზანტიის მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა. 1204 წლიდან ტრაპიზონი გახდა საქართველოს სამეფოს მიერ შექმნილი სახელმწიფოს, ტრაპიზონის იმპერიიის დედაქალაქი. ამ პერიოდში ქალაქმა ძლიერი ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა განიცადა. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მალევე, 1461 წელს ტრაპიზონი ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო და მის ერთ-ერთ სანჯაყად იქცა. ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში ტრაპიზონი უმნიშვნელო ქალაქად რჩებოდა XIX საუკუნემდე. XIX საუკუნის დასაწყისში ტრაპიზონი რუსეთის იმპერიასთან ვაჭრობამ ეკონომიკურად გააძლიერა. XIX საუკუნეში ქალაქში განვითარდა ნავსადგური, საბანკო-საფინანსო სექტორი, გაიხსნა კულტურის დაწესებულებები. პირველი მსოფლიო ომის დროს ის ოსმალეთსა და რუსეთის იმპერიებს შორის ბრძოლის ასპარეზად იქცა.

ტრაპიზონის ხელახალი ეკონომიკური აღმავლობა XX საუკუნის ბოლოს საბჭოთა კავშირის დანგრევამ და თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის გახსნამ განაპირობა. განვითარდა ვაჭრობა, ტურიზმი, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, გაიზარდა მოსახლეობა. დღეს ტრაპიზონი თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი და სამრეწველო ცენტრია, განვითარებულია თევზის და გადამამუშავებელი მრეწველობა.

ტრაპიზონი ცნობილია ისტორიული ძეგლებით, კულტურით, ადგილობრი სამზარეულოთი და საფეხბურთო კლუბი „ტრაბზონსფორით“, რომელიც თურქეთის წამყვან კლუბებს განეკუთვნება.

გეოგრაფია

რედაქტირება

ტრაპიზონი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. სამხრეთით ქალაქს აკრავს პონტოს მთები, რომელიც ქალაქს ანატოლიის ზეგანისგან გამოყოფს. ტრაპიზონს შუაზე კვეთს მდინარე მაცკა, რომელიც ქალაქის საზღვრებში უერთდება შავ ზღვას. ტრაპიზონში არის შავი ზღვისთვის დამახასიათებელი, კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით ოკეანური კლიმატი.[2] იცის თბილი ზაფხული, აგვისტოს საშუალო მაქსიმალური ტემპერატურაა 27°C. ზამთარი ცივი და ნესტიანია. საშუალო მინიმალური ტემპერატურა იანვარში არის 5°C. ნალექების მაქსიმალური ოდენობა მოდის შემოდგომასა და ზამთარში და მნიშვნელოვნად მცირდება ზაფხულში. თოვლი მოდის დეკემბრიდან მარტამდე. წყლის ტემპერატურა, როგორც თურქეთის მთელ სანაპიროზე, ცივია და მთელი წლის მანძილზე მერყეობს 8-20°C-ს შორის.

ქალაქის ცენტრს წარმოადგენს ნავსადგური, მისი დასავლეთით მდებარე გორაკები და გორაკებსა და ზღვის სანაპიროს შორის მოქცეული ყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწები. სწორედ ამ ტერიტორიის გასწვრივ ვითარდება ქალაქის ახალი გარეუბნები. ნავსადგურის სამხრეთით იწყება მინთრიონის გორა. ნავსადგურიდან 200 მეტრში მდებარეობს ქალაქის საზოგადოებრივი ცენტრი. ეს არის სწორკუთხოვანი პარკი, რომელსაც მეიდანი ჰქვია და სადაც დგას მუსტაფა ქემალ ათათურქის ქანდაკება. მეიდნის მიდამოებში, მის მთავარსა და გვერდით ქუჩებზეა განლაგებული ტრაპიზონის სასტუმროების, რესტორნებისა და მაღაზიების უმეტესობა. ქალაქის ამ ნაწილში მრავლადაა საფეხმავლო ზონები. ამ ზონას მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელი რაიონი აკავშირებს გორაკთან, სადაც ტრაპიზონის ისტორიული ციხე-სიმაგრე დგას. ქალაქს ჩრდილოეთით, შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მიუყვება საავტომობილო მაგისტრალი. მაგისტრალის აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს ქალაქის სამრეწველო უბანი.

ჰავის მონაცემები — ტრაპიზონი (1991–2020)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 25.9 30.1 35.2 37.6 38.2 36.7 37.0 38.2 37.9 33.8 32.8 26.4 38.2
საშუალო მაღალი °C 11.3 11.4 13.0 16.3 20.0 24.5 27.5 28.1 25.1 21.0 16.5 13.1 19.0
საშუალო დღიური °C 7.7 7.5 9.2 12.2 16.4 20.9 23.8 24.4 21.1 17.2 12.7 9.5 15.2
საშუალო დაბალი °C 5.0 4.6 6.2 9.0 13.4 17.6 20.6 21.2 17.8 14.1 9.6 6.8 12.2
რეკორდულად დაბალი °C −7.0 −7.4 −5.8 −2.0 4.2 9.2 11.0 13.5 7.3 3.4 −1.6 −3.3 −7.4
საშუალო ნალექი (მმ) 88.8 63.1 69.3 62.8 55.5 52.3 34.7 59.4 85.4 134.1 103.2 93.5 902.1
ნალექიანი დღეები საშუალოდ 10.82 9.68 11.09 11.32 11.00 9.95 7.32 9.32 9.64 11.27 9.27 10.64 121.3
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 69 69 73 75 77 75 73 73 74 73 70 68 72
საშუალო თვიური მზიანი საათები 71.3 84.8 99.2 135.0 170.5 192.0 176.7 151.9 147.0 127.1 105.0 65.1 1 525,6
საშუალო დღიური მზიანი საათები 2.3 3.0 3.2 4.5 5.5 6.4 5.7 4.9 4.9 4.1 3.5 2.1 4.2
წყარო 1: Turkish State Meteorological Service[3]
წყარო 2: Weatherbase[4][5]

სახელწოდება

რედაქტირება

ქალაქის პირველი სახელი ძველი ბერძნულად იყო Τραπεζοῦς. მისგან წარმოიშვა ლათინური სახელწოდება Trapezvs. ისტორიულად გავრცელებული იყო დასახელებები ტრებიზონდი, ტრიბიზონდე, ტრაპეზუსი და ტრაპეზუნდი. ოსმალეთის იმპერიაში გამოიყენებოდა დასახელება Tara Bozan[6] თურქულად ქალაქს ტრაბზონი ჰქვია, ქართულად - ტრაპიზონი, ხოლო ლაზურად ტამტრა (ვიწური დიალექტი) ან ტრამტრა (ათინური დიალექტი)[1] და ტრაპუზანი.

უძველესი ისტორია

რედაქტირება
 
მონეტა ტრაპიზონიდან, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული

ტრაპიზონის მიმდებარე რეგიონში უძველეს დროში დომინირებდნენ კოლხები და ხალდები. უფრო მოგვიანებით, ბერძენი ავტორები იხსენიებენ მაკრონებსა და ხალიბებს, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას. ერთ–ერთი დომინანტი ჯგუფი იყო ასევე ლაზები, რომლებიც კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში იყვნენ, სხვა მონათესავე ქართულ ტომებთან ერთად.[7][8][9]

ევსებიოსის ქრონიკის (ახ.წ. IV ს.) მიხედვით, ქალაქი ტრაპეზუნტი ბერძ. Τραπεζοῦς დაარსდა სინოპელთა მიერ ძვ. წ. 757756 წლებში.[10] ბერძნული კოლონიების უმეტესობის მსგავსად, ქალაქი წარმოადგენდა ბერძნული ცხოვრების ანკლავს. ამ დროისთვის ტრაპიზონის სავაჭრო პარტნიორებს წარმოადგენდნენ მოსინიკები, რომლებიც ტრაპიზონის დასავლეთით ცხოვრობდნენ. ფულის მიმოქცევა დასტურდება ძვ. წ. IV საუკუნიდან. ამას ადასტურებს ვერცხლის მონეტა, რომელიც ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული.

ჰეროდოტეს ცნობით, კავკასიელმა კიმირიელებმა დაიპყრეს ტრაპიზონი, შავი ზღვის სანაპირო და მივიდნენ მცირე აზიამდე, სანამ ასურელთა მეფე ასურბანიფალმა (669-627 წწ.) ისინი არ განდევნა. ძვ. წ. 546 წელს კიროს II-მ დაიპყრო შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო და ის აქემენიდების იმპერიის სატრაპად აქცია. ტახტის გამო არტაქსერქსე II-ს ბრძოლა მოუხდა მის ძმასთან, კიროს უმცროსთან. მან კუნაქსასთან დაამარცხა კიროსის ჯარი. კიროსი მოკვდა, ხოლო მის არმიაში მყოფმა ათი ათასმა დაქირავებულმა ბერძენმა უკან დაიხია. ქსენოფონტის ცნობით, პირველი ბერძნული ქალაქი, რომელსაც მათ მიაღწიეს, იყო ტრაპიზონი. ტრაპეზუნტელებმა ბერძნები „პონტოსპირეთის ყველაზე მეომარი“ ტომის დრილების წინააღმდეგ საბრძოლველად წაიყვანეს, რომლებიც თავისი თავდასხმებით ძალზე აწუხებდნენ ტრაპეზუნტელებს.[11] ტრაპიზონი აქემენიდების მფლობელობაში იყო ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობებამდე.

ძვ. წ. 333 წელს ისოსის ბრძოლაში ალექსანდრე მაკედონელმა დაამარცხა სპარსები. ომი უშუალოდ შავი ზღვის სანაპიროს ქალაქებს არ შეხებია, თუმცა ამ ქალაქებმა ალექსანდრეს ომების შედეგად დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ქალაქის მმართველები ინარჩუნებდნენ სპარსულ მემკვიდრეობას და სპარსული კულტურას კვალვ დიდი გავლენა ჰქონდა ქალაქის ცხოვრებაზე. მინთრიონის გორაზე აღმართულ იქნა სპარსული მითრას ძეგლი. ძვ. წ. II საუკუნეში, ფარნაკე I-ის დროს, ტრაპიზონი გახდა პონტოს სამეფოს ნაწილი. პონტოს სამეფო მაქსიმალურად გაძლიერდა მითრიდატე VI ევპატორის დროს. მან ტრაპიზონი აქცია სამეფო ფლოტის ნავსადგურად და ანატოლიაში მდებარე რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციების წინააღმდეგ ბრძოლის ფორპოსტად. მითრიდატეს ომების შემდეგ, ძვ. წ. 66-65 წლებში პონტოს სამეფო იქცა რომის ვასალურ სახელმწიფოდ. სტრაბონის ცნობით, პოლემონის შემდეგ, კოლხეთს, ისევე როგორც ტრაპეზუნტს, ფარნაკიას და „მათ ზემოთ მცხოვრებ ბარბაროსებს”, მათ შორის ხალდებსა და ტიბარენებსაც, მართავდა პოლემონის ქვრივი პითოდორიდა.[12]

რომაულ-ბიზანტიური ეპოქა

რედაქტირება
 
XIV საუკუნის ბერძნული ხელნაწერის მინიატურა, რომელზეც გამოსახული არიან ბიზანტიელი ბერძნები ტრაპიზონის იმპერიიდან

იმპერატორ ნერონის დროს, ახ. წ. 63 წელს ტრაპიზონი უშუალოდ მოექცა რომის პროვინცია გალატიაში, ხოლო ტრაპიზონის ფლოტი გახდა ძველი რომის ფლოტის ნაწილი. ტრაპიზონმა რომის იმპერიის შემადგენლობაში მიიღო „თავისუფალი ქალაქის“ (ლათ. Oppidum liberum[13]) სტატუსი, ინარჩუნებდა სასამართლო ავტონომიასა და ფულის მოჭრის უფლებას. ტრაპიზონი იყო მნიშვნელოვანი ქალაქი რომის პროვინციების სომხეთთანს, სირიასთან და ევფრატის დაბლობთან დასაკავშირებლად. 69 წელს ანტი-რომაული აჯანყების მოთავე ანიკეტი შეიჭრა ტრაპიზუნტში.[14] I საუკუნეში ტრაპიზონიდან შევიდა იბერიაში ქრისტიანობის საქადაგებლად ანდრია მოციქული.[15]

ვესპასიანეს მმართველობის დროს აშენდა ახალი გზები სპარსეთისა და შუამდინარეთისკენ, ხოლო ადრიანემ (117–138 წწ.) ტრაპიზონი პროვინციის დედაქალაქად აქცია. ის 129 წელს ეწვია ტრაპიზონს, გააუმჯობესა ქალაქის პორტი, მოუწყო რა მას ხელოვნური ნავმისადგომი. რომაელებმა აგრეთვე გაამაგრეს ქალაქის ციტადელი. თავის წერილში იმპერატორ ადრიანესადმი ფლავიუს არიანე აღნიშნავს: „ტრაპეზუნტელების მოსაზღვრენი, როგორც ქსენოფონტეც ამბობს, არიან კოლხები და ტომს, რომელიც უგულადესია და ტრაპეზუნტელების მოსისხლე მტერი, ქსენოფონტე დრილებს უწოდებს, მე კი ვფიქრობ, რომ ისინი სანები (ჭანები) არიან. ესენი მეტად კარგი მეომრები არიან და ახლაც დიდი მტრები ტრაპეზუნტელებისა“.[16] II საუკუნეში სეპტიმიუს სევერუსსა და პესცინიუს ნიგერს შორის სამოქალაქო ომის დროს ტრაპიზონელებმა ამ უკანასკნელს დაუჭირეს მხარი, რის გამოც ქალაქი მნიშვნელოვნად დაზარალდა. მომდევნო საუკუნეში კი, 258 წელს, ქალაქი გუთებმა ააოხრეს.[17] ტრაპიზონი ვერ დაიცვა მრავალრიცხოვანმა გარნიზონმა და ორმაგმა კედელმა.

ტრაპიზონი აღდგა დიოკლეტიანეს მმართველობის დროს. IV საუკუნეში ის კვლავ მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, სადაც გუბერნატორისა და პირველი პონტოური ლეგიონის რეზიდენცია იმყოფებოდა. ამავე დროს მიაღწია ტრაპიზონამდე ქრისტიანობის გავრცელებამ. IV საუკუნის დასაწყისში აქ აწამეს ევგენი ტრაპიზონელი, რომელმაც მინთრიონის გორაზე დგარი მითრას ძეგლი დაამხო. წამების შემდეგ ქრისტიანებისთვის ევგენი ტრაპიზონელი ქალაქის მფარველ წმინადან იქცა. ქრისტიანული მოსახლეობა თავშესაფარს ტრაპიზონის სამხრეთით, მთებში ეძებდა, სადაც მათ ააგეს ვაზელონისა (270) და სუმელას (386) მონასტრები. 325 წელს გამართულ ნიკეის პირველი საეკლესიო კრებაზე მონაწილეობდა ტრაპიზონის ეპისკოპოსი დამნუსი.[18]

VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა აღადგინა მიწისძვრისგან დაზიანებული ქალაქის კედლები. ტრაპიზონს ის სპარსეთთან ომებში ბაზად წარმოადგენდა. იუსტინიანეს მხედართმთავარი, ველისარიუსი კი დიდხანს იყო გამოსახული ტრაპიზონის წმინდა ბასილის ეკლესიაში. VII საუკუნემდე დაარსდა ტრაპიზონის უნივერსიტეტი, რომელიც იზიდავდა სტუდენტებს როგორც ბიზანტიიდან, ასევე სომხეთიდან.[19] VIII-X საუკუნეებში ტრაპიზონმა კვლავ დაიბრუნა მნიშვნელობა. ამ დროს ის ბიზანტიური თემის, ხალდიას ცენტრი იყო. 884-885 წლებში აშენდა წმინდა ანას ეკლესია. X საუკუნის მუსლიმი ავტორები აღნიშნავდნენ, რომ მუსლიმი ვაჭრები ხშირად სტუმრობდნენ ტრაპიზონს, რომელიც ბიზანტიური აბრეშუმის ისლამურ ქვეყნებში ტრანსპორტირების მთავარი ცენტრი იყო.[20] აბრეშუმის გზის ზოგიერთი ქარავანი ჩერდებოდა ტრაპიზონში, სადაც აზიურ საქონელს ევროპელი ვაჭრები ყიდულობდნენ და გემებით ევროპის ქალაქებში მიჰქონდათ. ვაჭრობიდან ქალაქს შემოსავალი რჩებოდა საბაჟო გადასახადის სახით.[21] ტრაპიზონს სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა ქართველთა სამეფოსთან არტანუჯისა და კოლას ხეობების გავლით.[22]

მხიტარისტი არსენ სუქრის მიერ გამოცემულ „სომხური გეოგრაფიის“ ვრცელ რედაქციაში იკითხება: „აზიის ქვეყანაა კოლხეთი ანუ ეგრი, [...] დანაწილებულია ოთხ მცირე ქვეყნად: მანვილი (ჩასწ. მანრილი), ეგრევიკი [...] (ჩასწ. ლაზივი) და ჭანივი, იგივე ხალდები [...] აქვს ხუთი ქალაქი: იანი, კოტა, როდოპოლისი, ათინა და რიზონი და სხვა ბევრი ემპორიონები ანუ საზღვისპირო დაბაქალაქები, რომელთა მორისაა ტრაპიზონი[23]. VIII საუკუნის მეორე ნახევრიდან, მას შემდეგ, რაც ტრაპიზონის ეპისკოპოსი ფაზისის მიტროპოლიტს დაექვემდებარა, ხალდიის თემს ბიზანტიურ წყაროებში ლაზეთი (ლაზიკა) ეწოდა და მოსახლეობასაც, ძირითადად, ლაზები შეადგენდნენ.[24][25] ეპიფანე კონსტანტინოპოლელისთვის (VIII ს.-ის მეორე ნახევარი) ეს არის „ლაზიკის ქალაქი ტრაპიზუნტი“. თეოფანე აღმსარებელი (810–814) და კონსტანტინოპოლის პატრაირქი ნიკიფორე (806–815) ტრაპიზონის მხარეს ლაზიკას უწოდებს. ნიშანდობლივია, რომ X და XI საუკუნეების ქართული წყაროებში (ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელი), ტრაპიზონის მხარეს „სოფელი [ქვეყანა] მეგრელთა“ ან „ქვეყანა სამეგრელოჲსა“ ეწოდება, რაც ამ ტექსტების ბერძნულენოვანი დედნების „ლაზიკას“ შეეფარდება.[24] X საუკუნის არაბი ისტორიკოსი აბუ ლ-ფიდა ტრაპიზონს ლაზურ ნავსადგურად იხსენიებს. ტრაპიზონამდე აღწევდა საქართველოს სამეფოს საზღვარი ვახუშტი ბატონიშვილისა და თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობებით. ტრაპიზონის სამხრეთით, გუმუშჰანეს პროვინციაშია ნავარაუდები საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრის აღმნიშვნელი ტოპონიმი რკინის პალო.[26] ისტორიული და შედარებითი ანალიზი აჩვენებს, რომ ეს წყაროები მიუთითებენ ქართველური ეთნიკური ელემენტის გავრცელების არეალზე და არა ტრაპიზონისა და მისი შემოგარენის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ კუთვნილებაზე.[27]

ბასილი II-მ ტრაპიზონი ააყვავა. მან ააშენა უამრავი ეკლესია, რომლებიც დღევანდლამდე არ შემორჩნენ ან თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად შეიცვალეს. X საუკუნეში ტრაპიზონმა შეძლო მოეგერიებინა სელჩუკთა სახელმწიფოს თავდასხმები, მაგრამ 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში ბიზანტიის დამარცხების შემდეგ ტრაპიზონს სელჩუკები დაეუფლნენ. სელჩუკებისგან ქალაქი გაათავისუფლა ადგილობრივმა ფეოდალმა თეოდორე გაბრასმა, რომელიც ამის შემდეგ ტრაპიზონს საკუთარი სამეფოსავით მართავდა. გაბრასი 1098 წელს სელჩუკებმა მოკლეს, თუმცა მისი შთამომავლები აგრძელებდნენ ტრაპიზონის დე-ფაქტო მართვას შემდეგ საუკუნეში, რასაც ადასტურებენ გაბრასისა და მისი შთამომავლების მიერ მოჭრილი მონეტები.[28]1140 წელს იოანე II-მ აღადგინა ტრაპიზონში კეისრის ხელისუფლება.

 
ციტადელის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი აგებულია XIII და XIV საუკუნეებში

ტრაპიზონის იმპერია

რედაქტირება

1204 წელს მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინოპოლი. ამას მოყვა ლათინთა იმპერიისა და ბიზანტიის სხვა მემკვიდრე სახელმწიფოების გაჩენა. იმავე წელს მოეწყო ქართველთა ლაშქრობა ხალდიაში, რომელიც ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ იყო მიმართული. ლაშქრობის შედეგად საქართველოს სამეფოს მხარდაჭერით დაარსდა ტრაპიზონის იმპერია. ტრაპიზონი ახალი იმპერიის დედაქალაქი გახდა. იმპერიას სათავეში 1185 წელს განდევნილი კომნენოსების დინასტიის წარმომადგენელი, ალექსი I ჩაუდგა. ტრაპიზონის იმპერიამ ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრე ქვეყნებიდან ყველაზე დიდხანს იარსება. გეოგრაფიული თვალსაზრისით, ტრაპიზონის იმპერია მოიცავდა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ ვიწრო ზოლის და არ სცდებოდა პონტის მთებს. ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი პაქიმერე მას საქართველოს ბუფერულ სახელმწიფოდ მოიხსენიებდა. ამიტომ ბიზანტიელი ავტორები, რომლებიც ლასკარისებთან და მოგვიანებით პალეოლოგოსებთან იყვნენ დაახლოებულნი, ტრაპიზონის მმართველებს ნამდვილ იმპერატორებად არ მიიჩნევდნენ და მათ „ლაზ არქონტებს“ ან „მთავრებს“ უწოდებდნენ.[25]

რუმის სასულთნომ ორჯერ უშედეგოდ სცადა ტრაპიზონის ალყაში მოქცევა 1205–1206 და 1222–1223 წლებში. XIII საუკუნის შუა წლებში ქალაქმა არნახული აღმავლობა განიცადა სავაჭრო და საბაჟო შემოსავლების შედეგად. ტრაპიზონი იღებდა დიდ ფინანსურ სარგებელს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობიდან. 1204 წელს გენუის რესპუბლიკამ ტრაპიზონში სავაჭრო ფაქტორია დააარსა. 1258 წელს მონღოლების მიერ ბაღდადის ალყამ მრავალი ქარავანი გადაისროლა ტრაპიზონის მიმართულებით. 1261 წელს ტრაპიზონში იმყოფებოდა მარკო პოლო, რომელიც სწორედ აქედან გაემგზავრა გემით ვენეციაში. იოანე II-ს მმართველობის დროს ბიზანტიის იმპერიამ დაიწყო ტრაპიზონის საკუთარ გავლენაში მოქცევა. ამის საპასუხოდ 1282 წელს საქართველოს მეფე დავით ნარინმა გაილაშქრა ტრაპიზონზე, თუმცა მის მიერ წამოწყებული ტრაპიზონის ალყა უშედეგოდ დასრულდა.[25]

XIV საუკუნის პირველ წლებში ვაჭრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გენუელებმა ქალაქის ნავსადგურთან ლეონკასტრონის ციხე აღმართეს. გენუელი ვაჭრები, რომლებსაც, 1261 წლიდან, შავი ზღვის ვაჭრობაზე მონოპოლია გააჩნდათ, ტრაპიზონის იმპერატორისაგან მოითხოვდნენ გადასახადების დაწევას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქის დატოვებით იმუქრებოდნენ. მათი მოთხოვნა იმპერატორმა არ მიიღო, რასაც მოყვა მხარეებს შორის პირველი შეიარაღებული დაპირისპირება 1304 წელს. დაპირისპირების შედეგად გენუელებმა დაკარგეს ლეონკასტრონი. 1314 წელს მხარეებს შორის გაფორმდა სამშვიდობო შეთანხმება, თუმცა გენუელებს ლეონკასტრონი არ დაუბრუნდათ; 1319 წელს ალექსი II ვენეციელებს გაურიგდა და მათ იგივე პრივილეგიები მიანიჭა, როგორიც აქამდე გენუელებს გააჩნდათ. ვენეციელების პოზიციები დაქვეითდა მას შემდეგ, რაც 1349 წელს ლეონკასტრონი გენუელებს დაუბრუნდათ, სადაც განთავსდა გენუის საკონსულო, ქარვასლა და საწყობი[29]. ტრაპიზონის ფინანსურ აღმასვლაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ გენუისა და ვენეციის სავაჭრო პუნქტებმა შეასრულეს.[30] ევროპელებს მიჰქონდათ არა მხოლოდ სავაჭრო პროდუქტი, არამედ ლეგენდებიც ქალაქის შესახებ, რის გამოც ტრაპიზონმა გვიანი შუა საუკუნეების და რენესანსის დროის ლიტერატურაში მითიური სახე მიიღო. სერვანტესისა და ფრანსუა რაბლეს ნაწარმოებების პერსონაჟები ცდილობენ ტრაპიზონში მოხვედრას.[31]

XIV საუკუნის ეკონომიკური აღმავლობის დროს ქალაქში გაჩნდა კულტურის დიდებული ძეგლები. კომნენოსების ძალაუფლების პიკის დროს ქალაქი ბერძნული ხელოვნების უკანასკნელ კუნძულად იქცა მცირე აზიაში. ალექსი II და ალექსი III მფარველობდნენ ხელოვნებასა და მეცნიერებას. აშენდა მრავალი ეკლესია, რომლებმაც ჩვენს დრომდე ვერ მოაღწიეს, მცირე აია-სოფიას გარდა. კომნენოსები აშენებდნენ ახალ მონასტრებს და მხარს უჭერდნენ არსებულებს. მათ აღადგინეს 1310 წლის ხანძრისგან განადგურებული უნივერსიტეტი, გრიგოლ კონიადესმა გახსნა ასტრონომიის აკადემია, რომელსაც ჰქონდა სპარსეთის საზღვრებს გარეთ საუკეთესო ობსერვატორია, მანვე ბერძნულად თარგმნა ნასირ ალ-დინ ტუსისა და შამს-ა-დინ ალ-ბუხარის თხზულებები.[32] ობსერვატორია ცნობილი იყო მზის დაბნელების პროგნოზირებით, თუმცა მეტწილად იმპერატორის კარსა და ეკლესიას ემსახურებოდა.[33] 1320 წელს მონღოლთა იმპერიის დაცემის შემდეგ ტრაპიზონმა თურქული ტომების რამდენიმე შეტევა გადაიტანა.

1340–1349 წლებში იმპერიაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი ლაზურსა და ბერძნულ პარტიებს შორის. სამოქალაქო ომში ჩართული იყო საქართველოს სამეფოც. გიორგი V ბრწყინვალემ მხარი დაუჭირა ანა კომნენოსს ირინა პალეოლოგისის წინააღმდეგ ბრძოლაში და 1341 წელს ტრაპიზონში შეიჭრა. სამოქალაქო ომში საბოლოოდ ბიზანტიურმა ფრაქციამ გაიმარჯვა. ომს თან დაერთო 1346 წელს კაფადან გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემია. მიუხედავად ამისა, ქალაქმა მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრის სტატუსი XV საუკუნემდე შეინარჩუნა. XIV საუკუნის მეორე ნახევარში სივასისა და ანისის დაცემის შედეგად ბევრი სომეხი ემიგრანტი ჩავიდა ტრაპიზონში. მათ მიერ აშენებული კაიმაკლის მონასტერი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით სამი კილომეტრის დაშორებით, მინთრიონის გორაზე დგას.

ოსმალური ეპოქა

რედაქტირება

1453 წელს დაეცა კონსტანტინოპოლი და ტრაპიზონის იმპერია ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ მოექცა. ტრაპიზონის უკანასკნელი იმპერატორი დავითი შეეცადა ოსმალეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ბერძნული ქვეყნების კოალიცია შექმნა ბიზანტიის იმპერიის აღდგენის იმედით. თუმცა ის დამარცხდა და 1461 წელს ტრაპიზონი მეჰმედ II-მ, ოსმალეთის სულთანმა დაიპყრო.[34] დავითი და მისი ოჯახი კონსტანტინოპოლში გადაასახლეს და იქ სიკვდილით დასაჯეს. მეჰმეთმა ტრაპიზონის მდიდარი მოსახლეობა კონსტანტინოპოლში გადაასახლა, ნაწილი მონებად წაიყვანა არმიაში, 800 ახალგაზრდა კი იანიჩრად აქცია. მეჰმედმა ქალაქში თურქები დაასახლა, თუმცა ადგილი შეინარჩუნეს ბერძნულმა, ლაზურმა და სომხურმა თემებმა. ტრაპიზონში დარჩნენ პორტის რაიონში მოსახლე ღარიბები. გამაგრებულ ნაწილში დაბინავდნენ სამხედროები. ადმინისტრაციულად ტრაპიზონი სანჯაყის სახით შედიოდა ოსმალეთის იმპერიის სხვადასხვა საფაშოში: 1461–1514 წლებში რუმის საფაშოში, 1514–1517 წლებში ერზინჯან-ბეიბურთის საფაშოში, 1517–1520 წლებში ანადოლუს, 1520–153 წლებში კვლავ რუმის, ხოლო 1535–1598 წლებში ერზრუმი საფაშოში.[35]1598 წელს შეიქმნა ტრაპიზონის საფაშო, რომელმაც XIX საუკუნემდე იარსება. ბაიაზიდ II-ის მმართველობისას მისი შვილი, სელიმ I, ტრაპიზონის სანჯაყის გამგებელი იყო. ტრაპიზონში დაიბადა მისი შვილი, სულეიმან I, ოსმალეთის მომავალი სულთანი. 1523 წლის აღწერის მიხედვით ტრაპიზონში ცხოვრობდა 1,473 სრულწლოვანი მამაკაცი. მათი დაახლოებით 85% ქრისტიანი იყო, 15% მუსლიმი, ხოლო 13% სომეხი.[36] XVII საუკუნის ბოლომდე ქალაქის ქრისტიანულმა მოსახლეობა ეტაპობრივად გათურქდა. ტრაპიზონში ოსმალთა მმართველობის დროს XIX საუკუნემდე, ახალი შენობა არ აშენებულა, მეჩეთიც კი. ამ ფუნქციის შესასრულებლად ძველ ქრისტიანულ ტაძრებს იყენებდნენ.

XIX საუკუნის დასაწყისში ტრაპიზონი რუსეთის იმპერიასთან ვაჭრობამ ეკონომიკურად გააძლიერა. ოსმალეთის მთავრობა ქალაქის მოსახლეობისგან გადასახადებს არ იღებდა და ამან ქალაქი იმპერიისგან ნაწილობრივ დამოუკიდებელი გახადა. გაიხსნა რამდენიმე ასეული სკოლა, რის შედეგადაც რეგიონი წერა-კითხვის ცოდნის დონით მთელს იმპერიაში დაწინაურდა. 1828–1829 წლების რუსეთ ოსმალეთის ომის დროს რუსულმა სამხედრო ძალებმა ტრაპიზონამდე მიაღწიეს. ომის შემდგომი ადრიანოპოლის ზავით რუსეთმა მოიპოვა სავაჭრო პრივილეგიები ოსმალეთის ტერიტორიაზე. შედეგად სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმა მოითხოვეს მსგავსი გარანტიები შავი ზღვის სანაპიროზე ვაჭრობისთვის. 1829 წლიდან რამდენიმე უცხოური საკონსულო გაიხსნა ტრაპიზონში, შესაბამისად ტრაპიზონში ვაჭრობის მასშტაბები გაიზარდა, თუმცა შემოსავალი უცხოეთში გაედინებოდა. XIX საუკუნის შუამდე დომინანტური მდგომარეობა ეპყრათ ბრიტანულ კომპანიებს, რომლებიც ირანთან ვაჭროდნენ. ვაჭრობა აგრეთვე გაიზარდა ყირიმის ომის შემდეგ, რადგან საომარი აღწურვილობა პორტში იტვირთებოდა. XIX საუკუნის შუა ხნიდან აშენდა რამდენიმე ახალი მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვანი ეკლესია, რომლებიც 1923 წლამდე ფუნქციონირებდნენ. ტრაპიზონი კონსტანტინოპოლთან, სმირნასთან და სალონიკთან ერთად იყო ქალაქი, სადიდანაც ოსმალეთის იმპერიაში დასავლური კულტურულ და ტექნოლოგიურ სიახლეები შედიოდა. 1835 წელს გაიხსნა ამერიკული სავაჭრო მისია, რომელიც ტრაპიზონში 1835-1859 და 1882-1892 წლებში ფუნქციონირებდა.[37] 1845 წელს გაიხსნა ფოსტა. მომდევნო წლებში ამოქმედდა თეატრი, ფოტოსტუდიები, სტამბები და ბანკები. ქალაქში გადაღებული უძველესი ფოტო 1860-იან წლებს მიეკუთვნება და მასზე გამოსახულია სპარსული ქარავანი.

1836 წელს ბრიტანულმა სატრანსპორტო კომპანიამ დაიწყო რეგულარული საზღვაო მიმოსლვა სტამბოლსა და ტრაპიზონს შორის სამსუნის გავლით. რამდენიმე წელიწადში კიდევ ოთხი ასეთი კომპანია გაიხსნა. საზღვაო ტრანსპორტი მოსახერხებელს ხდიდა ჩერქეზი და ქართველი მონების ტრანსპორტირებას ბრიტანული გემებით სტამბოლის, ლევანტისა და ეგვიპტისკენ. 1855 წელს ევროპული ქვეყნების ზეწოლის შედეგად აიკრძალა მონებით ვაჭრობა. ადგილობრივი მონებით მოვაჭრეები კავკასიელი ტყვეების გაყიდვას მხოლოდ ტრაპიზონში ახერხებდნენ. ისინი ქალაქს 1870-იან წლებამდე შემორჩნენ. 1869 წელს სუეცის არხისა და ირანში ხორეშმის პორტის გახსნის შემდეგ ტრაპიზონში ვაჭრობის მასშტაბები კიდევ უფრო შემცირდა.

1867 წელს ტრაპიზონი გახდა ტრაპიზონის ვილაეთის ცენტრი. XIX საუკუნის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქალაქმა დემოგრაფიული ცვლილებები განიცადა. რეგიონის ბევრმა მცხოვრებმა, მეტწილად ქრისტიანებმა, მაგრამ აგრეთვე ებრაელებმა და მუსლიმებმაც დაიწყეს მიგრაცია ყირიმისა და სამხრეთ უკრაინის მდიდარ ქალაქებში. ამავდროულად, ტრაპიზონს შეაფარა თავი ჩერქეზების გენოციდის გამო დევნილმა ათასობით ჩერქეზმა მუსლიმმა. 1895 წელს ქალაქის სომხური მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა ჰამიდური ხოცვა-ჟლეტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ხოცვა-ჟლეტა ტრაპიზონში ნაკლები მასშტაბით წარიმართა, ვიდრე ოსმალეთის სხვა მხარეებში, მრავალი სომეხი გაიქცა და თავი რუსეთის იმპერიას და საფრანგეთს შეაფარა. ივანე აივაზოვსკის ეკუთვნის ნახატი, რომელიც ტრაპიზონში სომხების ჟლეტას ასახავს.[38] 1901 წელს ტრაპიზონის პორტმა შეიძინა ახალი, ინგლისური აღჭურვილობა. 1911 წელს ოსმალეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოყო ფულ მის გასაფართოებლად. 1912 წელს გაიხსნა იმპერიაში ერთ-ერთი პირველი საოპერო თეატრი. 1914 წლის თებერვალში ტრაპიზონში დაიწყო ბერძნული და სომხური თემის დევნა. სხვა ქალაქების მსგავსად ტრაპიზონშიც ბოიკოტი გამოუცხადეს ბერძნულ და სომხურ მაღაზიებს. საყოველთაო მობილიზაციის შემდეგ მალე ხანძარმა გაანადგურა სომხური გიმნაზია[39]

 
ტრაპიზონის მეიდანი დიმიტრი ერმაკოვის ფოტო

პირველი მსოფლიო ომის დროს ტრაპიზონში იდგა ქართული ლეგიონი.[40]1914-1915 წლებში ბევრი ტრაპიზონელი დაიღუპა სარიყამიშის ბრძოლაში. 1915 წლის 23 ივნისს დაიხურა წითელი ჯვრის ჰოსპიტალი. პირველი მსოფლიო ომის დროს ტრაპიზონი ოსმალური და რუსული არმიების ბრძოლების პოლიგონი იყო კავკასიის ფრონტზე. 1915 წელს რუსული ფლოტის მიერ ქალაქის დაბომბვის შედეგად 1300 ადამიანი დაიღუპა.[41]1915 წელს ტრაპიზონი იყო სომხების გენოციდის ერთ-ერთი ცენტრი. ქალაქში მცხოვრები სომეხი მამაკაცების უმრავლესობა ხუთი ეშელონით წაიყვანეს გუმუშჰანეს საბადოებისკენ, საიდანაც ცოცხალი არ დაბრუნებულან. დანარჩენები ნავებით შეიყვანეს ზღვაში და ჩაძირეს[42].1916 წლის 4 მარტს რუსეთის არმიამ დაიკავა პაზარი. ორ დღეში ისინი აკონტროლებდნენ ლაზისტანის სანჯაყს და ტრაპიზონიდან 50 კმ-ში იდგნენ. რუსეთის არმიას, პარტიზანული წინააღმდეგობის გამო, კიდევ 40 დღე დასჭირდა ტრაპიზონის ასაღებად.[43]ქალაქის ადმინისტრაციამ დაინახა მოსალოდნელი საფრთხე და მმართველობა გადასცა ბერძენ მიტროპოლიტ ქრისზანთოსს, რომელმაც დადო პირობა მუსლიმი მოსახლეობის დაცვისა. ოსმალურმა არმიამ ქალაქი დატოვა და 15 აპრილს რუსეთის შეარაღებული ძალები ნიკოლოზ უმცროსისა და ნიკოლაი იუდენიჩის ხელმძღვანელობით უბრძოლველად შევიდნენ ქალაქში. ტრაპიზონის ოკუპაციისას რუსებმა გააფართოვეს მისი ნავსადგური.[44] რუსეთის რევოლუციის გამო რუსულ არმიაში არეულობა დაიწყო. 1918 წლის იანვრიდან რუსებმა დატოვეს ქალაქისა და მთლიანად, ჩრდილო-აღმოსავლეთი ანატოლია. 1918 წლის 14 თებერვალს ტრაპიზონში თურქული სამხედრო შენაერთები შევიდნენ. ამავე წლის მარტში ტრაპიზონში გაიმართა სამშვიდობო კონფერენცია ოსმალეთის იმპერიასა და ამიერკავკასიის სეიმს შორის, რომლითაც გადაწყდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის გამოცხადება.

ტრაპიზონი თანამედროვე თურქეთში

რედაქტირება
 
ტრაპიზონის პორტი 1920-იან წლებში

თურქეთის დამოუკიდებლობისთვის ომის დროს ტრაპიზონის ბერძნული თემი მუსტაფა ქემალის წინააღმდეგ გამოვიდა. ისინი სამსუნსა და ტრაპიზონს შორის პონტოს რესპუბლიკის შექმნას ითხოვდნენ. 1920 წელს დადებული სევრის ხელშეკრულება ტრაპიზონს სომხეთის ნაწილად მოიაზრებდა. 1922 წელს საბერძნეთ-თურქეთის ომი თურქეთის გამარჯვებით დასრულდა, 1920 წლის აპრილში ტრაპიზონი თურქულმა არმიამ საბოლოოდ დაიკავა. 1923 დასრულდა თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის, გაუქმდა სევრის ხელშეკრულება და 1923 წელს დაიდო ლოზანის საზავო ხელშეკრულება, რომელმაც გააფორმა ოსმალეთის იმპერიის დაშლა და ჩამოაყალიბა თანამედროვე თურქეთის საზღვრები. თურქეთისა და საბერძნეთის მთავრობები შეთანხმდნენ მოსახლეობის გაცვლაზე.შეთანხმების მიხედვით 100 000 ბერძენი გადასახალდა ტრაპიზონიდან.[45]

მეორე მსოფლიო ომის დროს სანაოსნო აქტიურობა შემცირდა, რადგან შავი ზღვა კვლავ საომარი ზონა გახდა. შესაბამისად, გართულდა მნიშვნელოვანი სექსპორტო პროდუქტის, თამბაქოსა და თხილის გაყიდვა და დაეცა ცხოვრების დონე. 1953 წლიდან 1970 წლამდე ქალაქში მოქმედებდა ამერიკული სამხედრო ბაზა. ქვეყნის ეკონომიკის ზოგად განვითარებასთან ერთად ტრაპიზონში გამოაცოცხლდა ეკონომიკური და სავაჭრო ცხოვრება. სანაპირო გზატკეცილმა და ნავსადგურმა გაზარდეს კომერციული კავშირები ცენტრალურ ანატოლიასთან, რამაც ეკონომიკის ზრდა გამოიწვია. თუმცა ეს პროგრესი თურქეთის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებთან შედარებით მცირე იყო. 195 წელს შეიქმნა ტრაპიზონის პროვინცია. 1957 წელს აშენდა აეროპორტი. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გაიზარდა ტრაპიზონში ჩასული ტურისტებისა და ვაჭრების რიცხვი, განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა. 2012 წელს მიენიჭა მეტროპოლიური მუნიციპალიტეტის სტატუსი. ტრაპიზონის მუნიციპალიტეტი 18 რაიონს მოიცავს. 2013 წელს ტრაპიზონში ბუნდესვერმა ააშენა ლოჯისტიკური ცენტრი 2014 წლის დეკემბრამდე ავღანეთიდან გერმანიაში სამხედრო აღჭურვილობის ტრანსპორტირების მიზნით.[46]

დემოგრაფია

რედაქტირება

მოსახლეობის უმრავლეობა ეთნიკურად თურქია[47] მათი ძირითადი ენა არის თურქული. ასევე ცხოვრობენ ჩერქეზი მუჰაჯირების შთამომავლები, ლაზები, ჰემშინები და მუსლიმი ბერძნები.

ტრაპიზონში ადრეული ანტიკური ხანიდან ცხოვრობდნენ პონტოელი ბერძნები. პონტოელები აგრძელებბდნენ ტრაპიზონში ცხოვრებას 1461 წელს ტრაპიზონის ოსმალეთა მიერ დაპყრობის შემდეგაც, 1923 წლამდე. 1923 წელს მათი საბერძნეთში დეპორტაცია განხორციელდა. რამდენიმე ათასი მუსლიმი ბერძენი კვლავ ცხოვრობს ტრაპიზონის მიდამოებში. დროთა განმავლობაში მათი დიალექტი დამოუკიდებლად განვითარდა და დღეს ის ბერძნულის მცოდნეთათვის მხოლოდ ნაწილობრივ არის გასაგები. პონტოურ ბერძნულად უმეტესად ხანდაზმული მოსახლეობა საუბრობს.[48]

ტრაპიზონში VII საუკუნიდან არსებობდა სომხური თემი. XIII–XIV საუკუნეებში მრავალი სომხური ოჯახი გადასახლდა ანისიდან ტრაპიზონში.[49] XVI საუკუნის დასაწყისში სომხები ქალაქის მოსახლეობის 13%-ს წარმოადგენდნენ.[50] სომხების რაოდენობა ტრაპიზონში შემცირდა 1895–1915 წლებში. ამჟამად ტრაპიზონში სომხური მოსახლეობა არ არის.

თურქულენოვანი ხალხები ტრაპიზონში ჩნდება XV საუკუნიდან, გარდა ოღუზების შთამომავალი ჩეპნის ტომისა, რომლებმაც XIII–XIV საუკუნეებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიაში. ამ ეთნიკური ჯგუფის შთამომავლები დღეს ტრაპიზონის პროვინციის ქალაქ შალპაზარიში ცხოვრობენ.[51]

 
ტრაპიზონელი ლაზები, 1910-იანი წლები

ტრაპიზონში, ისევე, როგორც პონტოს რეგიონში არსებული სხვა ძველბერძნული კოლონიების მოსახლეობა ჩეპნი თურქების იმიგრაციამდე შედგებოდა კავკასიური ტომებისგან — კოლხებისა და ლაზებისაგან, რომლებიც რელიგიურად და ლინგვისტურად ნაწილობრივ ელინიზებულები იყვნენ.[52] მკვლევარები ხაზს უსვამს კულტურულ მსგავსებას, რაც გამოიხატება სოფლის სტრუქტურასა და სახლების ტიპში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსა და კავკასიას შორის.[53][54][55][56] ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, 1700 წლისთვის ტრაპიზონში რამდენიმე ათასი ლაზი ხელოსანი სახლობდა. 1825 წლისთვის ტრაპიზონში ლაზების რაოდენობა 4000 კომლს შეადგენდა, რომელთაგან 900 სული კათოლიკური მრწამსის მიმდევარი იყო.[57] მოგვიანებით კათოლიკე ლაზები კონსტანტინოპოლში გადასახლდნენ.

თანამედროვე მიგრაციამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოიწვია ქალაქში ქართველების, რუსებისა და უკრაინელების ჯგუფების იმიგრაცია. ამჟამად ტრაპიზონში რუსები მნიშვნელოვან ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ, ქალაქში არის რუსულენოვანი მაღაზიები და დაწესებულებები.

მოსახლეობის სტატისტიკა

რედაქტირება

შავი ჭირის (1347 და 1362–1363 წწ.) გავრცელებამდე ტრაპიზონის მოსახლეობა 6000-ს აღწევდა. ტრაპიზონის იმპერიის დაცემამდე 4000–5000-მდე. 1520-იან წლებში ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში 5600–6000.[58]

აღწერის წელი მოსახლეობა [59]
1970 80 795
1980 108 403  
1990 161 886  
2000 214 949  
2010 230 399  
2020 328 457  

ეკონომიკა

რედაქტირება
 
ნავსადგურის ხედი მინთრიონის გორიდან

ტრაპიზონში განვითარებულია კვების, ცემენტის, გემთსაშენი მრეწველობა, თევზჭერა. ტრაპიზონზე მოდის თურქეთის თევზის რეწვის 20%. ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა თხილი, ჩაი და თამბაქო. განვითარებულია ტურიზმი. მოქმედებს 5 საავადმყოფო.

ტრანსპორტი

რედაქტირება

ტრაპიზონში მოქმედებს საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან 8 კილომეტრში, შავი ზღვის ნაპირზე. ტრაპიზონს აქვს ნავსადგური. ქალაქს კვეთს ორი საერთაშორისო ავტომაგისტრალი E70 და E97. ევროპის ავტომაგისტრალი E70 ტრაპიზონის აკავშირებს ერთი მხირვ, თურქეთის დიდ საპორტო ქალაქ სამსუნთან და მეორე მხრივ საქართველოს საპორტო ქალაქებთან ბათუმსა და ფოთთან. ევროპის ავტომაგისტრალი E97 უკრაინიდან რუსეთისა და საქართველოს გავლით მიემართება ტრაპიზონის სამხრეთით ბაიბურთისკენ. ტრაპიზონი თურქეთის უდიდესი ქალაქია, რომელსაც არ ემსახურება რკინიგზა.

 
ტრაპიზონის სახარება, რომელიც X საუკუნით თარიღდება

ხალხური ცეკვები ადგილობრივი კულტურის შესახებ ბევრ მტკიცებულებას შეიცავენ. აღსანიშნავია ტრადიციული ცეკვა ჰორონი, რომელსაც დღესასწაულებზე, ქორწილებში და მოსავლის აღებისას ასრულებენ. მოსახლეობა რელიგიური და ნაციონალური თვალსაზრისით კონსერვატიულია, ახასიათებთ ძლიერი იდენტობა ოჯახის, რელიგიისა და სამშობლოს მიმართ. ამიტომ არჩევდა ათათურქი საკუთარი დაცვის წევრებს ტრაპიზონისა და მიმდებარე ქალაქებიდან. ინგლისურენოვან სამყაროში ტრაპიზონი უფრო მეტად ცნობილი გახადა როუზ მაკოლის მოთხრობამ „ტრაპიზონის კოშკები“ (1956 წ.).

განათლება

რედაქტირება

ტრაპიზონი ისტორიულად ბერძნული კულტურისა და განათლების ცენტრი იყო. ჯერ კიდევ 1683 წლიდან ტრაპიზონში არსებობდა მასწავლებელთა კოლეჯი ტრაპიზონის ფრონტისტერიონი, რომელიც რეგიონში ბერძნული კულტურის გავრცელებას ემსახურებოდა.[60] კოლეჯი 1921 წელს დაიხურა, თუმცა მისი შენობა, რომელიც პონტოური ბერძნული არქიტექტურის ძეგლს წარმოადგენს, კვლავ საგანმანათლებლო ფუნქციას ასრულებს - მასში თურქული სკოლაა განთავსებული.[61] ტრაპიზონში მოქმედებს უმაღლესი სასწავლებელი - შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტი - რომელიც 1955 წელს დაფუძნდა. მასში, ძირითადად, სწავლობენ სტუდენტები შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონებიდან, ასევე შუა აზიის თურქულენოვანი ქვეყნებიდან.

სამზარეულო

რედაქტირება

ტრაპიზონი და ზოგადად, თურქეთის შავი ზღვისპირა ზოლი განთქმულია იქაური მიწის თხილით, ალუბლითა და ჩაით. ტრაპიზონი ცნობილია ქაფშია თევზით, რომელიც ქალაქის ბევრ რესტორანში ძირითადი კერძია. ცნობილი ადგილობრივი კერძებია Akçaabat köfte - ცხვრის მწარე ხორცისგან დამზადებული კერძი; Karadeniz pidesi - ადგილობრივ, pita პურში გახვეული ფარში, კვერცხი და ყველი; kuymak - თურქული ფონდიუ, დამზადებული სიმინდის, მდნარი კარაქისა და ყველისაგან; Vakfıkebir ekmeği - დიდი ზომის ხალხური პური; kara lahana çorbası - ლობიოსა და კომბოსტოს წვნიანი; Taflan kavurması - ალუბლისა და დაფნის კერძი ხახვითა და ზეთისხილის ზეთით.

ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტია ტრაპიზონში, სადაც მოქმედებს ცნობილი საფეხბურთო კლუბი „ტრაბზონსფორი“. კლუბი თურქეთის სუპერლიგის ექვსგზის და თურქეთის საფეხბურთო თასის ცხრაგზის გამარჯვებულია. კლუბი სტამბოლის „დიდ სამეულთან“ („გალათასარაი“, „ფენერბაჰჩე“ და „ბეშიქთაში“) ერთად თურქეთის წამყვან კლუბებს განეკუთვნება. „ტრაბზონსფორში“ თამაშობდნენ შენოლ გიუნეში, ლარს ოლსონი, შოთა არველაძე.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება
ტრაპიზონის ტურისტული რუკა, მასზე დატანილია ქალაქის ღირსშესანიშნაობები და გამწვანებული ადგილები

ტრაპიზონში თურქეთის სხვა ძველბერძნულ ქალაქებთან შედარებით უკეთ არის შემორჩენილი ბიზანტიური არქიტექტურა.

მცირე აია-სოფია

რედაქტირება

ტრაპიზონის ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ძეგლი მცირე აია-სოფიას ტაძარია. ის ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით სამი კილომეტრის დაშორებით, გარეუბანში მდებარეობს. ეკლესია აშენდა მანუელ I-ის მეფობის დროს (1238-1263), სამრეკლოს მშენებლობა დაიწყო 1426 წელს, ალექსი IV-ის მმართველობის დროს და დაასრულა მისმა მემკვიდრემ, იოანე IV-მ (1429-1459). XVI საუკუნეში ის მეჩეთად გადააკეთეს. 1880 წელს უცნობმა მართლმორწმუნე მუსლიმმა თეთრი საღებავით დაფარა ეკლესიის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც მეოცე საუკუნის შუა წლებში რესტავრაციის შედეგად აღადგინეს.

ტაძრის ეზოში ასევე დგას გათხრების შედეგად აღმოჩენილი I საუკუნის რომაული ტაძრის ნაშთები.

ტრაპიზონის ციხე

რედაქტირება

შემორჩენილია ქალაქის ციხესიმაგრის ძველი გალავანი. მისი დანახვა ქალაქის ქუჩებიდან შეიძლება. ტრაპიზონის ციხე სამ ნაწილად, ქვემო ციხედ (Aşaği Hisar), შუა ციხედ (Orta Hisar) და ზედა ციხედ (Kule Hisar) იყოფოდა. ამჟამად ზედა ციხის გორაკზე შენდება თანამედროვე სამშენებლო რაიონი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებით. ციხის გალავნის ნაწილი სამხედრო ზონაშია მოქცეული, ამიტომ მისი მონახულება შეუძლებელია.

ზედა ციხე ქალაქის ყველაზე მაღალი და გამაგრებული ნაწილი იყო და ფუნქციონირებდა როგორც ციტადელი და აკროპოლისი. ვარაუდობენ რომ ციტადელი ჯერ კიდევ ძვ. წ. 2000 წელს აიგო. ციტადელი მრავალჯერ გადაკეთდა. ზედა ციხის კედლები უფრო მაღალი და განიერია ვიდრე დანარჩენი ნაწილი. რომის იმპერიის მმართველობას უკავშირდება ქალაქთან არსებული აკვედუკის აგება, რომელიც ზემო ქალაქს სუფთა წყლით ამარაგებდა. ზედა ქალაქში შესვლა ორმაგი კარიბჭით ხერხდებოდა, რომელიც შუა ციხიდან იყო ხელმისაწვდომი. აქვე მდებარეობდა იმპერატორის სასახლე. შემორჩენილია ალექსი II-ის მიერ აშენებული კედლის დასავლეთი ნაწილი. წარწერის მიხედვით, მისი მშენებლობა 1324 წელს დასრულდა. ალაგ-ალაგ შესამჩნევია ნაშთი I-II საუკუნეების პერიოდის რომაული აკროპოლისისა, რომელიც მასიური ქვითაა ნაშენი. ოსმალთა მიერ ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობის შემდეგ, სასახლის მახლობლად პატარა მეჩეთი აიგო.

პანაგია ხრისოკეფალოსი

რედაქტირება

ხრისოკეფალოსის ეკლესია შუა ციხის ტერიტორიაზე დგას. ეკლესია იქვე დაცული ღვთისმშობლის ხატის სახელობისა იყო. ისტორიული ტრადიციის თანახმად ამ ადგილას ტაძარი რომალემა იმპერატორმა ჰანიბალიანუსმა ააშენებინა IV საუკუნის დასაწყისში. X საუკუნეში აქ საეპიკოპოსო ტაძარი იდგა, ხოლო XIII საუკუნეში ის ხელახლა აშენდა. ახალი ტაძარი წარმოადგენდა სამნავიან ბაზილიკას, გარშემო გალერეებით, სადაც კორონაციის რიტუალები იმართებოდა. 1228 წელს კეისარმა ანდრონიკემ ზავი დადო რუმის სასულთნოსთან ტრაპიზონისადმი თავდაუსხმელობის შესახებ. ღვთისადმი მადლობის ნიშნად მან ტაძარს ოქროსთავიანი წმინდა მარიამის ხატი შესწირა, საკურთხეველი მარმარილოთი, ხოლო საკურთხევლის იატაკი მოზაიკით მოაპირკეთა. მოზაიკა ამჟამად ხის იატაკითა და ხალიჩებითაა დაფარული. 1339-1351 წლებში მოანგრიეს ორი წყვილი სვეტებისა, რაცა საკურთხევლის წინ მოზრდილი კვადრატული ფორმის სივრცე შექმნილიყო. ასე ტაძარი გადაკეთდა ჯვარ-გუმბათოვან ეკლესიად. 1468 წელს გადაკეთდა მეჩეთად.

წმინდა ანას ეკლესია

რედაქტირება
 
წმინდა ანას ტაძარი

პატარა ბიზანტიური ტაძარი Küçük Ayvasıl Kilise მდებარეობს შუა ციხის აღმოსავლეთით 200 მეტრში. სამხრეთის შესასვლელზე არსებული წარწერის მიხედვით გარე კედელი აშენდა 884-885 წლებში ბასილი I-ის მიერ. მთავარი ნავის სიგრძე 7,4, ხოლო სიგანე 6,6 მეტრია. ეკლესიას აღმოსავლეთით სამი აფსიდი აქვს. გარე აფსიდებს თითო სარკმელი აქვთ, ხოლო შუა აფსიდს, რომელიც შედარებით მოზრდილია — სამი სარკმელი აქვს. თაღები იონიურ კაპიტელებზე დგას. ცენტრალური ნავი 2,5-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სვეტები. ეკლესიას შესასვლელი კიბე სამხრეთის მხრიდან აქვს. ეს ტაძარი მეჩეთად არ გადაუკეთებიათ. ტაძარი XX საუკუნის 70-80-იან წლებში რესტავრირდა და კარგ მდგომარეობაშია.

წმინდა ევგენიოსის ეკლესია

რედაქტირება
 
ტრაპიზონის წმინდა ევგენიოსის ეკლესია

ციტადელის აღმოსავლეთით, 150 მეტრში, დგას IX საუკუნის წმინდა ევგენიოსის ეკლესია. მისი აშენება ბრძანა ბასილი II-მ მისი ტრაპიზონში ყოფნის დროს 1021-22 წლებში. კომნენოსთა მმართველობის დასაწყისში ეს ტაძარი ქალაქის მთავარი სიწმინდე გახდა. 1291 წელს მისგან ოდნავ ჩრდილოეთით ახალი და უფრო დიდი ტაძარი აშენდა. სამოქალაქო ომის დროს ორთავე ეკლესია დაიწვა. მალე ალექსი III-მ (1349–1390) ჩრდილოეთ მხარეს მდგომი ეკლესია ახალი ფორმით აღადგინა. 1461 წელს სწორედ ამ ეკლესიასთან აღავლინა ლოცვა სულთანმა მეჰმედ II-მ, რომელმაც ტრაპიზონი დაიპყრო. მეჰმედ II-ის ბრძანებით ააშენეს მინარეთი, ხოლო ეკლესია მეჩეთად გადაკეთდა. ნაგებობა ჯვარგუმბათოვანი ფორმისაა. კედლები თეთრია, თუმცა თეთრი საღებავი XIV საუკუნის ფრესკებს ფარავს. 2000 წელს მეჩეთის სრული რესტავრაცია განხორციელდა.

მეჩეთები

რედაქტირება

ტრაპიზონის ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება ქალაქში მრავლად მდგარი მეჩეთები, რომელთა ნაწილი ბერძნული პერიოდის ეკლესიას წარმოადგენს.

გულბაჰარ ხათუნის მეჩეთი 1515 წელს აშენდა. ის აიგო სულთან ბაიაზიდ II-ის (1481–1512) მეუღლის და სელიმ I-ს (1512–1520) დედის, გულბაჰარ ხათუნის პატივსაცემად. მისი ბერძნული სახელი მარია იყო, 1468 წელს ბაიაზიდის ცოლი გახდა და ჩადენილი კეთილი საქმეების გამო მიიღო მეტსახელი Gülbahar, რაც გაზაფხულის ვარდს ნიშნავს. მეჩეთი კვადრატული ფორმისაა და გუმბათი აქვს. გულბაჰარ ხათუნი მეჩეთის ეზოშია დაკრძალული.

ისკანდერ ფაშას მეჩეთი მდებარეობს ტრაპიზონის ადმინისტრაციული შენობის ახლოს, ტაქსიმის მოედანზე. მეჩეთი სწორკუთხიანი და გუმბათიანი ნაგებობაა და XVI საუკუნეს მიეკუთვნება. დამატებები და მიშენებები XVII საუკუნესა და 1883 წელს მიეკუთვნება. სანაპიროსთან დგას XII საუკუნის ნაგებობა Küçük Fatih Camii. თავდაპირველად ის წმინდა აკინდინოსის სახელზე აგებული ტაძარი იყო და მეჩეთად მოგვიანებით გადაკეთდა და მინარეთიც მოგვიანებით დაემატა.

სხვა ძეგლები

რედაქტირება

ქალაქის ცენტრიდან სამ კილომეტრის დაშორებით, მინთრიონის გორის აღმოსავლეთ ფერდობზე შემორჩენილია სომხური მონასტრის, კაიმაკლის ნანგრევები. იქ 1915 წლამდე ცხოვრობდნენ სომეხი ბერები. ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს თეოსკეპასტროსის მონასტერი. ის მითრას ტაძრის ადგილასაა აშენებული. ადრებიზანტიურ ხანაში უკვე ქრისტიანულ ტაძრად გამოიყენებოდა და აფსიდში ფრესკებიცაა შემორჩენილი. ალექსი III-ის დროს პრინცესა ირინა კომნენოსმა მონასტერი ხელახლა ააშენა. აქ არიან დაკრძალულები მანუელ III და მისი შვილი ანდრონიკოსი. მონასტერში ბერძენი ბერები 1923 წლამდე ცხოვრობდნენ. ამავე გორაკზე გაშენებულია ჩაის მცირე ბაღი, საიდანაც თითქმის მთელი ქალაქის პანორამული ხედი ჩანს.

ტრაპიზონში დგას გრიგოლ ნოსელის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, რომელიც 1265–1301 წლებში აშენდა. ის ააშენა იოანე II-ის ცოლმა ეუგენიამ. XVII საუკუნის დასაწყისში მონასტერში ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ ბერები. თუმცა მონასტერი ბერებმა მიატოვეს, რადგან 1665 წლიდან ტაძარი კათედრალური გახდა. 1863 თუ 1866 წელს ტაძარი აღადგინეს და ის 1923 წლამდე მოქმედი იყო. ტაძარი 1943 წლისთვის დაანგრიეს.[62]

სანაპიროსთან ახლოს დგას იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი, რომელიც 1856 წელსაა აშენებული. ის 1306 წლის ტაძრის ნაცვლად აშენდა. 1884 წელს ამ ეკლესიის ბიბლიოთეკაში დაცული იყო XIV საუკუნის ბერძნული ხელნაწერი, რომელიც 1929 წლიდან ჩიკაგოს უნივერსიტეტში ინახება.[63]

Kudrettin Camii დაახლოებით 1300 წელს აშენებული ტაძარია. ის, სავარაუდოდ ალექსი III-ის (1349–1390) ქალიშვილმა ანამ ააგებინა. გუმბათოვანი ტაძარი მცირე ზომისაა და მოგვიანებით, დასავლეთის მხარე აქვს დაგრძელებული. ის მეჩეთად 1665 წელს გადააკეთეს. ტაძრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს საბას კლდეში ნაკვეთი ტაძრები, რომლებიც ამჟამად მნახველთათვის დახურულია. მთავარი, აღმოსავლეთის გამოქვაბული, 1411 წელსაა მოხატული, ხოლო დასავლეთისა კი — XIII საუკუნის მეორე ნახევარში. მთავარი ტაძარი XV საუკუნის პირველ ნახევარს მიეკუთვნება და მასში ბიბლიური სცენების ამსახველი ფრესკებია შემორჩენილი.

ტრაპიზონის სამხრეთით, გორაკზე დგას ათათურქის კოშკი. ის 1890 წელს ადგილობრივმა ბერძენმა ვაჭარმა ააშენა. 1924 წელს მუსტაფა ათათურქი ტრაპიზონში ვიზიტისას რამდენიმე დღით სწორედ ამ ვილაში გაჩერდა. ათათურქი კოშკს სტუმრობდა 1937 წელსაც. ამჟამად კოშკი თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და პირველი პრეზიდენტის მემორიალური მუზეუმის ფუნქციას ასრულებს.

ტრაპიზონის მუზეუმი მდებარეობს ქალაქის ცენტრში და მასში წარმოდგენილია რეგიონის ისტორიის ამსახველი ექსპონატები, მათ შორის ბიზანტიური პერიოდის არტეფაქტები.

ტრაპიზონში იყო დაკრძალული იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ II. სოლომონ II-ის ეკვდერი იდგა წმინდა გიორგის ტაძარში 1815 წლიდან.[64]1930 წელს სოლომონ II-ის აკლდამა მოინახულა ალექსანდრე მანველიშვილმა. 1930-იან წლებში ტრაპიზონის არქიტექტურის განახლებას შეეწირა ბერძნული ეკლესია და სოლომონ II-ის აკლდამაც. მისი ნეშტი გელათში გადასვენებულ იქნა 1990 წელს.[65]

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება
 
სულეიმან I

საერთაშორისო ურთიერთობები

რედაქტირება

ტრაპიზონში მოქმედებს საქართველოს, რუსეთისა და ირანის საკონსულოები. ტრაპიზონი დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან[66]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 მარი ნ., „Из поездки в Турецкий Лазистан“ (Впечатления и наблюдения), გვ. 611,: ათინურ დიალექტზე „ტრამტრა“, ვიწურ დიალექტზე „ტამტრა“.
  2. Peel, M. C.; Finlayson, B. L.; McMahon, T. A. (2007). „Updated world map of the Köppen-Geiger climate classification“ (PDF). Hydrology and Earth System Sciences. 4 (2): 439–473. doi:10.5194/hessd-4-439-2007. ციტირების თარიღი: 2011-02-27.
  3. Resmi İstatistikler: İllerimize Ait Genel İstatistik Verileri tr. Turkish State Meteorological Service. ციტირების თარიღი: 26 June 2021
  4. Trabzon, Turkey Travel Weather Averages (Weatherbase). ციტირების თარიღი: 14 January 2018
  5. 17038: Trabzon (Turkey). OGIMET (13 January 2021). ციტირების თარიღი: 14 January 2021
  6. Campbell, Lawrence Dundas, The Asiatic annual register, or, A View of the history of Hindustan, and of the Politics, Commerce, Literature of Asia, ლონდონი 1802 გვ:3 Google books: [1] (ინგლისური)
  7. Phoenix: The Peoples of the Hills: Ancient Ararat and Caucasus by Charles Burney, დეივიდ ლენგი, Phoenix Press; New Ed edition (December 31, 2001)
  8. რონალდ გრიგორ სუნი, The Making of the Georgian Nation: 2nd edition (December 1994), Indiana University Press, ISBN 0-253-20915-3, გვ. 45
  9. A Star in the East. ციტირების თარიღი: 14 იანვარი 2018
  10. მელიქიშვილი, 1970, გვ. 275
  11. მელიქიშვილი, 1970, გვ. 285
  12. მელიქიშვილი, 1970, გვ. 345
  13. მელიქიშვილი, 1970, გვ. 379
  14. მელიქიშვილი, 1970, გვ. 372
  15. აბაშიძე ზ., ბახტაძე მ, ჯანელიძე ო., „საქართველო და ქართველები“, თბილისი, 2013. — გვ. 58, ISBN 978-9941-0-5498-3.
  16. მელიქიშვილი, 1970, გვ. 285–286, 374, 376
  17. მელიქიშვილი, 1970, გვ. 381
  18. „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 141, ISBN 978-9941-0-0902-0.
  19. Calzolari, V. "The Armenian translation of the Greek Neoplatonic Works" in Greek Texts and Armenian Traditions: An Interdisciplinary Approach, 2016, p. 51
  20. R.B. Serjeant, Islamic Textiles: material for a history up to the Mongol conquest, 1972, გვ 63, 213
  21. Speros Vryonis, The Decline of Medieval Hellenism in Asia Minor and the Process of Islamization from the Eleventh through the Fifteenth Century (Berkeley: University of California, 1971), გვ. 16
  22. Robert W. Edwards: The Vale of Kola: A Final Preliminary Report on the Marchlands of Northeast Turkey. Dumbarton Oaks Papers 42, 1988, S. 126
  23. მუსხელიშვილი, დავით (1977). საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები : ნაწილი I. თბილისი : მეცნიერება, გვ. 93. 
  24. 24.0 24.1 ინგოროყვა, პ. (1954). რედ. ვ. დონდუა: „გიორგი მერჩულე“. თბილისი: საბჭოთა მწერალი, გვ. 213-215. 
  25. 25.0 25.1 25.2 ყაუხჩიშვილი, ს., ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თბილისი: მეცნიერება, 1967. — გვ. 74-75; 136-140.
  26. დუმბაძე, მ., „გურიის სამთავროს სოციალურ-ეკონომიური ვითარება XIX საუკუნის პირველ მესამედში“ // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1954. — გვ. 5.
  27. Жордания, Э. Г. (2019). Византийский Понт и Грузия: вопросы исторической географии и этнотопонимики июго-восточного Причерноморня в XIII - XV веках = The Byzantine Pontos and Georgia. Санкт-Петербург: Алетейя, გვ. 144. ISBN 978-5-907115-34-7. 
  28. Bendall, "The Mint of Trebizond under Alexius I and the Gabrades", Numismatic Chronicle, Seventh Series, 17 (1977), გვ. 126–136
  29. Bryer, Anthony.. The Byzantine monuments and topography of the Pontos, Winfield, David., Scholarly Publishing Office, University of Michigan, გვ. 197-198. ISBN 978-1-59740-317-7. 
  30. Miller, W. (2009). The Latin Orient. Bibliobazaar LLC, გვ. 51–54. ISBN 1-110-86390-X. 
  31. 'The lure of Trebizond' by Anthony Eastmond, in Byzantium's Other Empire: Trebizond, p. 22, 2016, Istanbul
  32. "Shams al‐Dīn al‐Bukhārī". Thomas Hockey et al. (eds.). The Biographical Encyclopedia of Astronomers. New York: Springer, 2007, pp. 1047–1048. Retrieved 12 January 2018.
  33. Astronomy in the Trebizond Empire Ahmet M. Zehiroğlu (trans. by Paula Darwish). from Trabzon İmparatorluğu 2016, Trabzon.
  34. Prothero, G.W. (1920). Anatolia. London: H.M. Stationery Office. 
  35. Haber Yazdır : Trabzon'un fethi araştırmaları ve 15 ağustos 1461 – Of hayrat haberleri. ციტირების თარიღი: 14 January 2018
  36. ჰოვანისიანი რ., The Armenian People from Ancient to Modern Times, 2004. — გვ. 27-28.
  37. Rev. M. P. Parmalee (1892). Proceedings of the ABCFM for the year 1892. Boston: Samuel Usher, გვ. 229. 
  38. Davidian, Vazken Khatchig. Image of an Atrocity: Ivan (Hovhannes) Aivazovsky’s Massacre of the Armenians in Trebizond 1895. Études Arméniennes Contemporaines გვ. 40-73.
  39. Raymond Kévorkian: Le Génocide des Arméniens. Odile Jacob, Paris 2006, გვ. 585
  40. ჯანელიძე ო., „ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან“, თბილისი: „მეცნიერება“, 2002. — გვ. 250, ISBN 99928-962-0-5.
  41. Daniel Maldonado in 'Historic Cities of the Islamic World', 2007, p. 525, C. Edmund Bosworth (ed)
  42. Toronto Globe, 26 აგვისტო, 1915.
  43. The Sphere, April 29, 1916
  44. Prothero, W.G. (1920). Armenia and Kurdistan. London: H.M. Stationery Office, გვ. 51. 
  45. Baum, Wilhelm (2006). The Christian minorities in Turkey. Kitab. გვ. 162. ISBN 978-3-902005-62-5
  46. Das bewegt die Bundeswehr – größter logistischer Kraftakt bewältigt. News Aktuell Presseportal, 5. Dezember 2014
  47. Gözler, Kemal. Türkiye Cumhuriyeti Anayasası (1982). ციტირების თარიღი: 14 January 2018
  48. Özhan Öztürk. Pontus: Antik Çağ’dan Günümüze Karadeniz’in Etnik ve Siyasi Tarihi Genesis Yayınları. Ankara, 2011]. გვ. 417-421 ISBN 978-605-54-1017-9; Peter Mackridge. Greek-Speaking Muslims of North-East Turkey: Prolegomena to a study of the Ophitic sub-dialect of Pontic”. Byzantine and Modern Greek Studies. Oxford University Press, (1987) გვ. 115-137; Ömer Asan. Pontus Kültürü. Belge Yayınları. İstanbul , 1996
  49. *სიმონიანი ა. პ.; არზუმანიანი მ.ვ., სომხური საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 12, ერევანი, 1986. — გვ. 87.
  50. Jennings, Ronald C. (იან. 1976) Urban Population in Anatolia in the 16th Century: International Journal of MiddleEast Studies, ტ. 7, N 1 გვ. 21-57.
  51. Bernt Brendemoen, The Turkish dialects of Trabzon, ოსლოს უნივერსიტეტი, 2002 გვ. 18
  52. Michael Meeker, The Black Sea Turks: some aspects of their ethnic and cultural background, International Journal of Middle Eastern Studies (1971) 2:318–345
  53. Karl Koch, Reise duch Russland nach dem Kaukasis chen Istmus in den Jahren, 1836. ტ.1. გვ. 378
  54. W.E.D. Allen, A History of the Georgian People, გვ. 54–55 - ლონდონი, 1932
  55. Özhan Öztürk, Karadeniz. 2005. გვ. 35, 757–68
  56. Bernt Brendomoen, Laz influence on the Black Sea Turkish Dialects - 1990 (Proceedings from 32nd meeting of the Permanent International Altaistic Conference)
  57. ჭიჭინაძე, ზ., „ოსმალეთის ყოფილი საქართველო და ქართველ მაჰმადიანთა ნაწილი ლაზისტანი წ. 1“., 1927.
  58. Шукуров, Рустам (2001). Великие Комнины и Восток (1204-1461). Санкт-Петербург: изд-во Алетейя, გვ. 54. ISBN 978-5-89329-337-1. 
  59. pop-stat.mashke.org
  60. Özdalga, Elisabeth (2005). Late Ottoman society: the intellectual legacy. Routledge, გვ. 259. ISBN 978-0-415-34164-6. 
  61. Bryer, Anthony; Winfield, David (2006) The post-Byzantine monuments of Pontos. Ashgate, გვ. xxxiii. ISBN 978-0-86078-864-5. 
  62. Anthony Bryer: Some Trapezuntine Monastic Obits (1368–1563). Revue des études byzantines. N. 34, 1976, გვ. 125-138
  63. Ms. 137, New Testament. Gospels (Isaac Gospels). Greg. 2399. Trabzon, Turkey (Trebizond)? 14th century. ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (ინგლისური)
  64. გონიკაშვილი მ.,„„იმერეთის უკანასკნელი მეფის სოლომონ II-ის ეკვდერი ტრაპიზონში““, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 36 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1974 წელი. — გვ. 68-71
  65. შარაძე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. II, თბილისი: „მერანი“, 1993. — გვ. 401-402.
  66. KARDEŞ ŞEHİRLER" PROTOKOLÜ İMZALANAN ŞEHİRLER დაარქივებული 2019-12-23 საიტზე Wayback Machine. (თურქული)