ოკეანური კლიმატი
ოკეანური კლიმატი (ასევე ცნობილი, როგორც საზღვაო კლიმატი, ზომიერი ოკეანური კლიმატი, მთიანი კლიმატი და დასავლეთ
სანაპიროს კლიმატი) — კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის ტიპთაგან ერთ-ერთი, რომელსაც ახასიათებს გრილი, მაგრამ არა ცივი ზამთარი (0°C ≤) და თბილი ზაფხული (22°C>),[1] რომელიც კონტინენტურ კლიმატებთან შედარებით, გრილია. ტემპერატურის დიაპაზონი უმნიშვნელოდ მცირეა, გარდა იმ ადგილებისა, სადაც ოკეანური კლიმატი კონტინენტურ ან სუბარქტიკულ კლიმატში[2] არ გადაიზრდება. მოცემული კლიმატი გვხვდება დედამიწის შუა განედის ქვეყნების დასავლეთ რეგიონებში, ხოლო ყველაზე ფართოდაა გავრცელებული ევროპის დასავლეთ ნაწილში, ვინაიდან ამ კონტინენტზე ოკეანური კლიმატი არათუ მხოლოდ სანაპიროებზე გვხვდება, არამედ ევროპის შიგნითაცაა ღრმად შეჭრილი. დასავლეთ სანაპიროს კლიმატი, თავისი ეკვატორით მომიჯნავე კლიმატებისგან განსხვავებით, სუბტროპიკული ანტიციკლონისგან მოშორებით მდებარეობს და მისი ჰავის მქონე ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე ყველაზე ხშირია ფრონტალური ციკლონები მთელი წლის განმავლობაში. მის სეზონებს შორის დიდი განსხვავება არაა და აქედან გამომდინარე, ოკეანური კლიმატის მქონე რეგიონებს ორი ძირითადი სეზონი (ზამთარი და ზაფხული) გააჩნიათ.
გამომწვევი მიზეზი
რედაქტირებაოკეანური კლიმატის მქონე რეგიონების უმეტესობა ისეთი დიდი ზომის წყლებთან არიან განთავსებულნი, როგორებიცაა ოკეანეები, დიდი ტბები და ზღვები და რომლებიც განსაკუთრებულ ფაქტორს წარმოადგენენ კლიმატის ჩამოყალიბებაში. ტემპერატურის ცვალებადობა არც ისე ხშირია ოკეანეებიდან წამოსული ქარებიდან გამომდინარე, რომლებიც სანაპიროს მთელი გავრცელების არეალზე არეგულირებენ კლიმატს.
ნალექი
რედაქტირებაოკეანური კლიმატის მქონე რეგიონებში ნალექიანობა ზომიერად საკმარისია, რომელიც ერთი წლის განმავლობაში თანაბრად ნაწილდება და აქედან გამომდინარე, მშრალი სეზონები იშვიათია. მისი ძირითადი წყარო წვიმაა, თუმცა ამ კლიმატის მქონე ზოგიერთ რეგიონში თოვლის სახითაც მოდის ყოველწლიურად ზამთარში. წვიმიდან გამომდინარე, ნალექიანობაც ხშირია, განსაკუთრებით შემოდგომასა და ზამთარში, თუმცა ჭექა-ქუხილია ის, რაც ოკეანურ კლიმატს არ ახასიათებს.
ოკეანური კლიმატის ტიპები
რედაქტირებასუბტროპიკული მთიანი ტიპი
სუბტროპიკული მთიანი ტიპი (Cwb) ტროპიკული და სუბტროპიკული რეგიონების ზღვის დონიდან შემაღლებულ ადგილებზეა როგორც უბრალოდ გავრცელებული, ასევე დომინანტი. ამ ტიპის კლიმატის მქონე ქვეყნებში ნაკლები ნალექიანობაა ზამთრისას, შედარებით სხვა ტიპებთან, ხოლო იმ ტროპიკებში, რომლებშიც სუბტროპიკული მთიანი კლიმატია გავრცელებული, ოთხივე სეზონი გაზაფხულისებრია, საკმაოდ მუდმივი ტემპერატურებითა და არანაირი თოვლით. სხვა ადგილებში ეს კლიმატი მოიცავს ზომიერ ზაფხულს, გრილ და მშრალ ზამთარს იშვიათი თოვლიანობით, რომლის ყველაზე ცივი თვის საშუალო ტემპერატურა აუცილებლად დადებითია, ხოლო ოთხი თვის საშუალო ტემპერატურა 10°C -ზე მეტია. ნალექიანობა უმაღლესია 6 ყველაზე თბილი თვისას. Cwb ტიპის მსგავსია Cfb, რომლის კლიმატი იდენტურია, უბრალოდ ნალექიანობა ერთი წლის განმავლობაში ნაკლებად ვრცელდება მთელი ტერიტორიის მასშტაბზე.
სუბპოლარული ტიპი
სუბპოლარული ტიპი (Cfc) გავრცელებულია პოლარულ რეგიონებთან ახლოს და აქედან გამომდინარე, მათ ტერიტორიაზე მეტია თოვლიანობა (შედარებით სხვა ზომიერი ოკეანური კლიმატის მქონე ქვეყნებთან), თუმცა ზამთარი უფრო ზომიერია (შედარებით ამა თუ იმ ქვეყნის კონტინენტური თუ სუბარქტიკული კლიმატის მქონე ტერიტორიებთან). ტემპერატურა ან დადებითია, ან ნოლი, უარყოფითი არასდროსაა, მაგრამ სუბპოლარული ტიპის რეგიონებში სამ თვეზე ნაკლები პერიოდია, რომლის დროსაც საშუალო ტემპერატურა 10°C-ზე მეტია, რაც ერთი თვით ჩამორჩება სუბტროპიკულ მთიან ტიპს. საშუალო დღიური ტემპერატურა Cfc ტიპის კლიმატის მქონე რეგიონებში 17°C-ს არ სცდება.
ოკეანური სუბპოლარული კლიმატის მქონე რეგიონებიდან, ყველაზე მეტად გავრცელებული არის შოტლანდიის მთიან ჩრდილოეთში, შეტლანდის კუნძულებში, ფაროეს კუნძულებში, ლოფოტენში (ნორვეგია), ისლანდიის სანაპირო ნაწილებში და ტასმანიის (ავსტრალია) მთიან ნაწილებში.
გავრცელება
რედაქტირებაევროპა
ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, ჩრდილო ატლანტის ყურე მიიჩნევა უფრო ზომიერი ზამთრის მიზეზად, ხოლო ამ რეგიონის დაბლობები ზღვიდან წამოსულ ჰაერის მასებს კონტინენტის შიგნით, ღრმად შეჭრისა და ქვეყნის ისეთ შიდა ქალაქებამდე, როგორებიცაა ვენა, პრაღა და დრეზდენი, მიღწევის საშუალებას აძლევენ.
ოკეანური კლიმატი ევროპის საშუალოდ 21 ქვეყანაშია გავრცელებული, რომელთაგან ყველაზე ფართოდაა დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში და ირლადიაში, სადაც კლიმატი ქვეყნის მთელ ტერიტორიას მოიცავს, საფრანგეთის, ავსტრიის, ესპანეთისა და იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩეხეთის, დანიის, ნორვეგიის, სლოვენიის, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და სერბეთის სამხრეთში, გერმანიის დასავლეთით, ბულგარეთის აღმოსავლეთით და საქართველოსა და რუმინეთის სამხრეთ-დასავლეთით.
ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთი და ახალი ზელანდიის მთელი ტერიტორია, ისევე, როგორც ოკეანური კლიმატის მქონე რეგიონების უმეტესი ნაწილი (განსაკუთრებით ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებთან ახლოს მდებარე), ერთხელ მაინც განიცდის თოვლის შტორმს, რაც უცხოა სუბტროპიკული მთიანი კლიმატის მქონე ტროპიკებში.
ოკეანური კლიმატი ავსტრალიის 6 შტატიდან ხუთზეა გავრცელებული (ახალი სამხრეთი უელსი, ვიქტორია, კუინზლენდი, ტასმანია, სამხრეთი ავსტრალია) და მოიცავს მის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქებს (სიდნეი, ადელაიდა, მელბურნი და დედაქალაქი - კანბერა). აღსანიშნავია, რომ კლიმატი შტატ ტასმანიისა და მისი აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნის - ახალი ზელანდიის მთელ ფართობს მოიცავს.
აზია
არსებობს ერთი იშვიათი ტიპის კლიმატი - Cwb, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა გავრცელებული, მაგალითად სიჩუანში (ჩინეთი) და იუნანში (ჩინეთი), რომლების ზაფხულიც მოკლეა 10°C-ზე გადამეტებული ტემპერატურით.
აზიის 48 ქვეყნიდან ოკეანური კლიმატი მხოლოდ 10-შია გავრცელებული, რომლის ფაქტობრივად მთელი ნაწილი სამხრეთ აზიასა და ჩინეთში გვხვდება, რაც მოიცავს ინდოეთის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებს, ჩინეთის სამხრეთ ნაწილს, ნეპალის დასავლეთსა და აღმოსავლეთს, მიანმარის, თურქეთის, ბანგლადეშისა და პაკისტანის ჩრდილოეთ ნაწილებს, შრი-ლანკასა და ბჰუტანის ცენტრალურ რეგიონს.
ჩრდილოეთი ამერიკა
ზოგადად, ოკეანური კლიმატის მქონე ქვეყნების ნალექიანობა ზომიერია, თუმცა რამდენიმა ადგილას, მათ შორის ჩრდილოეთი ამერიკაში ხშირია ღრუბლიანობა და რამდენიმე თვიანი წვიმები, მაგალითად ოქტომბერ-მაისში, სიეტლში 7 დღიდან 6 ღრუბლიანია.
ოკეანური კლიმატი ა.შ.შ-ს საშუალოდ 7 შტატზე ვრცელდება (ტენესი, კენტუკი, ვირჯინია, დასავლეთი ვირჯინია, ჩრდილოეთი კაროლინა, მეხიკოს შტატი და ვაშინგტონი), გარდა ამისა, გვხვდება მექსიკისა და კოსტა-რიკას ცენტრალურ ნაწილში, ხოლო გვატემალას სამხრეთით, რაც მის დედაქალაქს - გვატემალასაც მოიცავს.
სამხრეთი ამერიკა
ოკეანური კლიმატი სამხრეთი ამერიკაში (ევროპასთან ერთად) ყველაზე გავრცელებულია (განსაკუთრებით დასავლეთ სანაპიროზე). იგი მოიცავს სამხრეთი ამერიკის 14 ქვეყნიდან 9-ს (ბრაზილია, კოლუმბია, ვენესუელა, ეკვადორი, პერუ, ბოლივია, არგენტინა, ჩილე, ფოლკლენდის კუნძულები), რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია პერუსა და ჩილეს სამხრეთით და კოლუმბიის ცენტრალურ ნაწილში. აღსანიშნავია, რომ სუბტროპიკული მთიანი კლიმატის იშვიათი ტიპი - Cwb სამხრეთ ამერიკაში, კოპაკაბანაშიც (კოლუმბია) გვხვდება.
აფრიკა
აფრიკის ქვეყნების 20%-ში გვხვდება ოკეანური კლიმატი, რომელიც დაახლოებით 800000 კვ. კმ-ზეა გავრცელებული მთელი აფრიკის მასშტაბით. იგი განსაკუთრებით დიდ ნაწილზე გვხვდება ანგოლასა და ზიმბაბვეს ცენტრებში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთითა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აღმოსავლეთით.
ფლორა
რედაქტირებაამა თუ იმ ქვეყნის ოკეანური კლიმატის მქონე ტერიტორიაზე, ძირითადად გავრცელებულია ფოთლოვანი ტყეები, რომლებშიც ისეთი მაგარი (განსაკუთრებით სუბპოლარულ ოკეანურ კლიმატში, რათა ხშირთოვლიანობას გაუძლონ) ხეები გვხვდება, როგორებიცაა წიფელი, მუხა, თელა (თელადუმა) და არყის ხე.
ფაუნა
რედაქტირებაიქიდან გამომდინარე, რომ კლიმატი ოკეანურია, მის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცხოველები არიან თევზები, მაგალითად ატლანტური მაქსინები ჩრდილო და არქტიკულ ოკეანეებში გვხვდებიან, რომლებიც ენაზე არსებული კბილისმაგვარი გამონაზარდებს იყენებს ორგანიზმის ისეთი რთულადსაჭმელი ნაწილების მისაღებად, როგორებიცაა კანი და ნაწლავები. თევზების გარდა, ძუძუმწოვრებიც მრავლად არიან ოკეანური კლიმატის მქონე ადგილებში, რომელთაგან დელფინები, ცელნამგალა ვეშაპები და ნაცრისფერი ვეშაპები არიან გავრცელებულნი, ისევე, როგორც კიბოსნაირებიდან კიბორჩხალები, კრევეტები, ზღვის იხვები და ლობსტერები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Climate classification revisited: from Köppen to Trewartha/February 4, 2014/Michal Belda, Eva Holtanová, Tomáš Halenka, Jaroslava Kalvová/Charles University in Prague, Dept. of Meteorology and Environment Protection, 18200 Prague, Czech Republic
- EXPLORING CLIMATE VARIABILITY OF MARINE WESTCOAST CLIMATE/Tay L. Y. and Djamila H./ISSN 1819-6608/Faculty of Engineering, Universiti Malaysia Sabah (UMS), Kota Kinabalu, Sabah, Malaysia/ISSN 1819-6608/SEPTEMBER 2015
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- https://www.britannica.com/science/marine-west-coast-climate
- https://animals.mom.me/animals-that-live-in-temperate-marine-climates-12542491.html[მკვდარი ბმული]
- https://www.slideshare.net/iesfraypedro/oceanic-climate
- https://en.wikipedia.org/wiki/Oceanic_climate
- https://study.com/academy/lesson/marine-west-coast-definition-climate-and-location.html
- https://sites.google.com/site/climatetypes/marine-west-coast დაარქივებული 2020-10-08 საიტზე Wayback Machine.
- https://www.worldatlas.com/articles/what-are-the-characteristics-of-an-oceanic-type-of-climate.html
- https://astroedu.iau.org/en/activities/1602/continental-climate-and-oceanic-climate/
- https://www.sciencedirect.com/topics/earth-and-planetary-sciences/oceanic-climate
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://astroedu.iau.org/en/activities/1602/continental-climate-and-oceanic-climate/
- ↑ კლიმატი, რომელიც ხასიათდება ცივი, გრძელი ზამთრებით