თელადუმა (ლათ. Ulmus glabra) — 40-45 მ სიმაღლის ხეა, გლუვი, რუხი ქერქით.ნორჩი ტოტები მოწითალო-მურა ფერისაა.ფოთლები მოკლეყუნწიანია, დიდი ზომის, 18 სმ-მდე სიგრძისა და 10 სმ სიგანის, ფართოელიფსური ან უკუკვერცხისებური, წვერში გრძლად წაწვეტებული, ორივე მხარეს ძირთან არათანაბარგვერდიანი, დაფარული მრავალი მოკლე, ხეშეში ბეწვით, ძლიერ ხაოიანი, კიდეზე ხერხკბილა. იზრდება მთის შუა სარტყელში ფართოფოთლოვან ტყეებში, ტენიან ადგილებში, ჭალებისა და ხევების გაყოლებით.გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას. შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი მცენარე.
- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 800.