ტრაპიზონის სამშვიდობო კონფერენცია
ტრაპიზონის სამშვიდობო კონფერენცია (27 თებერვალი (12 მარტი)[1] — 31 მარტი (13 აპრილი), 1918, ტრაპიზონი) — სამშვიდობო კონფერენცია ამიერკავკასიის სეიმისა და ოსმალეთის იმპერიის წარმომადგენლებს შორის. მოლაპარაკებების მიზანი იყო ამიერკავკასიის ქვეყნების ჩამოშორება პირველი მსოფლიო ომის მოვლენებისაგან. სეიმის წარმომადგენლები მოითხოვდნენ 1914 წლის საზღვრებში დაბრუნებას და აღმოსავლეთ ანატოლიის თვითგამორკვევას. ოსმალეთის ხელისუფლება მოითხოვდა ეღიარებინა სეიმის წარმომადგენლებს ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობები, რომლის მიხედვითაც ბათუმის, ყარსის და არდაჰანის ოლქები, სხვა ტერიტორიებთან ერთად თურქეთმა დაიკავა საომარი მოქმედებების დაწყებამდე. საქართველოსა და სომხეთის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ ამ მოთხოვნის შესრულებას, აზერბაიჯანის წარმომადგენლები კი თანახმა იყვნენ შეესრულებინათ მოთხოვნა, რადგან არც ერთი სადავო ტერიტორია მას არ ეკუთვნოდა, გარდა ამისა, მათ დელეგაციაში პანთურქული განწყობა შეიმჩნეოდა. სეიმის არამუსულმანი უმრავლესობის წარმომადგენლებმა ხმა მისცეს ოსმალეთის იმპერიასთან ომს და 13 აპრილს დაბრუნდნენ თბილისში.
ოსმალეთის იმპერიის არმიას კონფერენციის პარალელურად საომარი მოქმედებები არ შეუჩერებია. მან 12 მარტს აიღო არზრუმი, 5 აპრილს – სარყამიში, 7 აპრილს – ვანი. მოლაპარაკებების გაგრძელების წინაპირობად ოსმალეთი მოითხოვდა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობას. 22 აპრილს ოსმალეთი და ამიერკავკასიის სეიმი შეთანხმდნენ აღედგინათ სამშვიდობო მოლაპარაკებები. ოსმალეთის ზეწოლის შედეგად 22 აპრილს, ამიერკავკასიის სეიმმა მიიღო ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნისა და დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მიუხედავად ამისა, ოსმალეთი აგრძელებდა შეტევას და აიღო ბათუმი, ოზურგეთი და ახალციხე. 11 მაისს მოლაპარაკებები განახლდა ქალაქ ბათუმში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Тадеуш Свентоховский, Brian C. Collins Historical dictionary of Azerbaijan. — USA: Scarecrow Press, 1999. — С. 127-128. — 145 с. — ISBN 0810835509