გიორგი პაქიმერე
გიორგი პაქიმერე (ბერძ. Γεώργιος Παχυμέρης; დ. 1242, ნიკეა — გ. დაახლ 1310, კონსტანტინოპოლი) — ბიზანტიელი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და პოეტი.
განათლება მიიღო ნიკეაში. 1261 წელს საცხოვრებლად და სამუშაოდ გადავიდა კონსტანტინოპოლში, სადაც ეჭირა მაღალი საერო და საეკლესიო თანამდებობები. ავტორია რიტორიკული და ფილოსოფიური თხზულებებისა. მისი მთავარი ნაშრომია „ისტორია“, რომელშიც მოთხრობილია ბიზანტიის ისტორია 1259-1308 წლებში, ანუ მიხეილ VIII-სა და ანდრონიკე II-ს მეფობის ხანას. პაქიმერეს თხზულება არის გაგრძელება გიორგი აკროპოლიტის ნაშრომისა. გიორგი პაქიმერე აღწერილი მოვლენების უშუალო მომსწრე და თვითმხილველი იყო. თხზულებაში დიდი ადგილი უჭირავს თეოლოგიურ საკითხებს. პაქიმერეს აქვს ცნობები ტრაპიზონის იმპერიაზე, რომელსაც ლაზურად თვლის, მეფე დავით ნარინზე, რომელსაც ცოლად ჰყავდა იოანე დესპოტის (პალეოლოგოსის) ქალიშვილი; კონსტანტინოპოლის პატრიარქ გერმანეზე, წარმოშობით ლაზზე; შავი ზღვის სანაპიროზე მონღოლთა ლაშქრობის შესახებ. გიორგი პაქიმერეს თხზულება ამ პერიოდის ტრაპიზონის იმპერიის ისტორიის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლომოური ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 31-32.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 165.
- ყაუხჩიშვილი, ს., გიორგი პახიმერე // ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თბილისი: მეცნიერება, 1967. — გვ. 48-88.