სანები
სანები (ბერძ. Σαννος, მოგვ. Τςαννοι ან Τιαννιχη[1]) — ძველი დასავლურ-ქართული ტომი. სტრაბონის (ძვ. წ. I — ახ. წ. I საუკუნეები), პლინიუს უფროსის (ახ. წ. I საუკუნე), ფლავიუს არიანესა (ახ. წ. II საუკუნე) და სხვა ავტორთა ცნობით, ბინადრობდნენ ქ. ტრაპეზუნტის მახლობლად. ძვ. წ. I — ახ. წ. II საუკუნეებში ისინი ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე ოფისამდე (ახლანდელი სულან-ლუ) აღწევდნენ. ტრაპეზუნტსა და ოფისს შორის მდებარე ზღვისპირა ზოლის გარდა მათი განსახლების ფარგლებში შედიოდა ახლომახლო მთიანი რაიონებიც. პლინიუსი ტრაპეზუნტის ოლქში მოსახლე სანებს ჰენიოხებს უკავშირებს. იგივე ავტორი სანებს იხსენიებს კოლხეთის სანაპიროს სხვა ადგილასაც, მდინარე ქარიენტ ცივის მიდამოებში.
სამეცნიერო ლიტერატურაში საბოლოოდ არ არის დადგენილი, თუ რა ბგერით შინაარსს დებდნენ ბერძენი და რომაელი ავტორები სანების თავსართ ასოში. ზოგიერთი მკვლევარის (ს. ყაუხჩიშვილი) აზრით, ბერძ. Σάννοί ფორმა „ჭან“ სახელის ან მისი რომელიმე ვარიანტის ბერძნულად გადმოცემის ცდას წარმოადგენს, ზოგის (ა. ჩიქობავა) ვარაუდით, „სანი“ იგივეა, რაც მეგრელთა საერთო სატომო სახელი „ზანი“, ხოლო ს. ჯანაშიას მტკიცებით, ბერძნულ-რომაულ „სანნ-ში“ თავკიდური ბგერა სწორედ ს-დ უნდა იკიტხებოდეს. მისი აზრით, „სანი“ ამოსავალი ფორმაა, რომლისაგანაც შემდეგში, როგორც საკუთარი სატომო სახელები, ჩამოყალიბდა ჩრდილოელი კოლხებისათვის „ზანი“, ხოლო სამხრეთელი კოლხებისათვის — „ჭანი“.
ბიზანტიელი მწერლები (პროკოპი კესარიელი) სანების თავკიდურ ბგერას უკვე „Τξ“ „ასოთკომპლექსით გადმოსცემდნენ“ („Τξάνοί“ ანუ ჭანები). ზოგიერთი ბიზანტიელის ავტორის ვარაუდით „Τξάνοί“ — „ჭანი“ მხოლოდ მდაბიური ფორმაა „სანისა“, ევსტათი თესალონიკელის თანახმად, სახელწოდება „სანი“ ახ. წ. XII საუკუნეშიც კი ცოცხალი ფორმა იყო. იპოლიტე პორტელისა (III საუკუნე) და ევსები კესარიელის (ახ. წ. IV საუკუნე) ცნობით, „სანი“ იგივეა, რაც „სანიკი“ („სანიგი“). თეოდორიტე კვირელის (V საუკუნე) გადმოცემით, სანები ლაზებისაგან განსხვავებული ცალკე ტომია. ახ. წ. I საუკუნეებში ტრაპეზუნტის მახლობლად მცხოვრებ სანებს მეფე არ ჰყავდათ, ძვ. წ. I საუკუნიდან ისინი ხარკს უხდიდნენ რომაელებს, მაგრამ სანები ვერ ურიგდებოდნენ მძიმე გადასახადებს და ეურჩებოდნენ მათ. რომაელთა ეკონოური შევიწროებისა და სამხედრო რეპრესიებისაგან თავის დასაღწევად სანები იძულებული იყვნენ მიეტოვებინათ ზღვის სანაპირო რაიონები და მიუვალ მთებში გამარგრებული ადგილებისათვის შეეფარებინათ თავი. ახ. წ. VI საუკუნეში პროკოპი კესარიელი მათ უკვე მდინარე ბოასის (ჭოროხის) სათავეებში, ახლანდელი პონტოს მთაგრეხილის აღმოსავლეთ ნაწილის გადაღმა მოიხსენიებს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მიქელაძე თ., ძიებანი კოლხეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან (ძვ. წ. II-I ატასწლეულები), თბ., 1974;
- ჯანაშია ს., თუბალ-თაბალი, ტიბარენი, იბერი, შრომები, ტ. 3, თბ., 1959;
- ინაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 79.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ არიანე, ფლავიუს (1961). რედ. ნ. კეჭაღმაძე (მთარგმნელი, კომენტარები და რუკა), გ. წერეთელი (მთავარი რედაქტორი): მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო. თბილისი: საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ.-ბა, გვ. 11.