აკროპოლისი
აკროპოლისი (ბერძ. ἀκρόπολις > ἀκρόs — ზედა, πολις — ციხე) — ძველი ბერძნული ქალაქის ყველაზე მაღალი და გამაგრებული ნაწილი, ე. წ. ზედა ქალაქი. ქალაქის რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი. აკროპოლისი იყო პირველადი დასახლებული ადგილი. მის გარშემო შენდებოდა ნაკლებად დაცული ე. წ. ქვედა ქალაქი. აკროპოლისი წარმოადგენდა ციხესიმაგრეს, რომელსაც ომიანობის დროს თავს აფარებდა ქალაქის მოსახლეობა. ჩვეულებრივ აქ ქალაქის მფარველი ღმერთების სახელზე აგებდნენ ტაძრებს. აკროპოლისთა ნანგრევებში (მიკენის, ათენის, არგოსის და სხვა) ნაპოვნია მატერიალური კულტურული მრავალი ძეგლი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ათენის აკროპოლისის არქიტექტურული და ქანდაკების თვალსაჩინო ნიმუშები (დაახლოებით ძვ. წ. V საუკუნე), რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მოთავსებულია ბრიტანეთის მუზეუმში. ათენის აკროპოლისში შექმნილია არქეოლოგიური ნაკრძალი და მუზეუმი.
აკროპოლისი — ქართულად შიდაციხე, ზედაციხე, ზედაქალაქი — ჰქონდათ ძველ ქართულ ქალაქებსაც: მცხეთას, თბილისს ქუთაისს, არქეოპოლისს, ანაკოფიას, ვანს და ა. შ. ბერძენი ისტორიკოსი დიონ კასიოს კოკეინი (155 ან 164-229) თავის „რომის ისტორიაში“ აკროპოლისად იხსენიებს მცხეთის შიდაციხეს (ზედაციხეს), იგი მოგვითხრობს, რომ ძვ. წ. 65 წელს რომაელთა სარდალი გნეუს პომპეუსი იბერიაში შეიჭრა და მიაღწია აკროპოლისამდე. მცხეთის ამ ნაწილს არმაზციხე ეწოდებოდა.
აკროპოლისში როგორც წესი, ყოველთვის იდგა ქალაქის მფარველი ღმერთის ტაძარი. ყველაზე მეტად ცნობილია ათენის აკროპოლისი, რომელიც შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 255.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Acropolis of Athens დაარქივებული 2007-04-29 საიტზე Wayback Machine. (Greek Government website)
- The Acropolis Restoration Project დაარქივებული 2007-11-01 საიტზე Wayback Machine. (Greek Government website)
- The Restitution of the Parthenon Marbles დაარქივებული 2007-06-17 საიტზე Wayback Machine.
- UNESCO World Heritage Centre — Acropolis, Athens
- Acropolis Friends
- AcropolisofAthens.gr
- Acropolis of Athens travel guide დაარქივებული 2011-09-04 საიტზე Wayback Machine.
- Acropolis Museum დაარქივებული 2010-05-07 საიტზე Wayback Machine.
- Marbles Reunited - The British Campaign to Return the Parthenon Marbles to Athens დაარქივებული 2012-01-18 საიტზე Wayback Machine.
- Acropolis: description, photo album