პირველი მაისი (აბაშის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტი
(გადამისამართდა გვერდიდან საჭილაო)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პირველი მაისი (მრავალმნიშვნელოვანი).

პირველი მაისი (ყოფილი საჭილაო) — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის აბაშის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: პირველი მაისი, თხმელარი, გაუწყინარი, ქვიშანჭალა). მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირას, ცხენისწყლისა და რიონის შესართავთან, ზღვის დონიდან 13 მეტრზე. ქალაქ აბაშიდან სამხრეთით 9 კილომეტრის მანძილზე, უახლოესი რკინიგზის სადგური სამტრედიიდან დაშორებულია 6,5 კილომეტრით. სოფელში არის საექიმო პუნქტი.

სოფელი
პირველი მაისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი აბაშის მუნიციპალიტეტი
თემი პირველი მაისი
კოორდინატები 42°08′32″ ჩ. გ. 42°16′50″ ა. გ. / 42.14222° ჩ. გ. 42.28056° ა. გ. / 42.14222; 42.28056
ადრეული სახელები საჭილაო
ცენტრის სიმაღლე 13
მოსახლეობა 661[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
პირველი მაისი (აბაშის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
პირველი მაისი (აბაშის მუნიციპალიტეტი)
პირველი მაისი (აბაშის მუნიციპალიტეტი) — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
პირველი მაისი (აბაშის მუნიციპალიტეტი)

სოფლის ძველი სახელწოდებაა საჭილაო. ჭილაძეების სათავადო XIII-XVI საუკუნეებში მოიცავდა დიდ ტერიტორიას მდინარე რიონის ორივე ნაპირზე, XVI საუკუნიდან საჭილაოს სახელწოდება შემორჩა მხოლოდ მდინარე რიონის მარჯვნივ მდებარე ტერიტორიას, რომელიც ოდიშის სამთავროში შედიოდა, ხოლო მდინარე რიონის მარცხენა მხარეს მდებარე ტერიტორიას შემორჩა სახელი საჯავახო და მასზე გამუდმებული დავა ჰქონდათ იმერეთის სამეფოსა და გურიის სამთავროს. XVII საუკუნიდან ჭილაძეები დაქვეითდნენ და საჭილაოში შედიოდა მხოლოდ სოფლები ტყვირი, საჭილაო და გულეიკარი. საჭილაო და სამიქელაძეო ლევან III დადიანმა წაართვა იმერეთის სამეფოს. 1703-1707 წლებში საჭილაო ლიპარტიანმა დაიკავა.

XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისისათვის, ჭილაძეები მხოლოდ სოფელ გულეიკარს შემორჩნენ. XVI საუკუნეში საჭილაოს საზღვარი დასავლეთით ეკის მთამდე აღწევდა, ჩრდილოეთით - ბანძამდე, სამხრეთით - გურიის მთებამდე, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე გუბისწყალამდე. ჭილაძეები იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ მთავრის ტიტულის მოპოვებას ცდილობდნენ. 1613 წლიდან საჭილაოს სადავო სოფლები (სამეგრელოსა და იმერეთს შორის) სამეგრელოს სამთავროში შევიდა. გვიანდელ შუა საუკუნეებში ჭილაძეები დასუსტდნენ, ხოლო საჭილაო ჭყონდიდის ეპარქიაში შევიდა. ამ დროიდან ტერიტორიას საჭილაოს ნაცვლად საჭყონდიდლო ეწოდა და ეს სახელწოდება შენარჩუნდა 1803 წლამდე. XIX საუკუნის დასაწყისში საჭილაოს სამოურავო შედიოდა ოდიშის სამთავროში და მოიცავდა სოფლებს საჭილაო, ქვიშანჭალა, ილორი, ნაფაღაური, სანავარდო, ნაჩხიტაური, ეკალი, გულეიკარი, კეთილარი, ნაფარცხევი, ტყვირი, ცილორი, კოდორი, შუაქალაქი, კვათანა, წალიკარი, სირიაჩქონი, საქოჩაქიო, წყარიძგა, მუხური, საღვამიჩავო, ჭალადიდი, პატარა ფოთი, ე. ი. მდინარე რიონის ხეობის სოფლები ფოთამდე.

1853 წელს აშენდა საჭილაოს მთავარანგელოზის ხის ეკლესია, 1870 წელს კი ნამწარეულის წმინდა გიორგის ხის ეკლესია. 1890-იან წლებში სოფელში მოქმედებდა გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა „შუამავალის“ კანტორა.[2] 1933 წლამდე სოფელი საჭილაო შედიოდა მარნის თემში. 1933 წელს ეწოდა პირველი მაისი და ჩამოყალიბდა, როგორც ცალკე სასოფლო საბჭო. 1936 წელს დაანგრიეს ეკლესია და მისი მასალით ააშენეს სოფლის სკოლა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 661 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 650 284 366
2014[1]   661 316 345

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. ხვადაგიანი ი, „სავაჭრო ამხანაგობა — შუამავალი // „ინიციატივა ცვლილებებისთვის“, ტ. I, თბილისი, 2015. — გვ. 108-117, ISBN 978-9941-0-8204-7.
  3. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.