ღიას ად-დინი (დ. 1206 — გ. 1226) — სელჩუკთა დინასტიის წარმომადგენელი. ერზრუმის ემირის ვაჟი. საქართველოს დედოფალ რუსუდანის ერთადერთი მეუღლე 1223-1226 წლებში. მეფე დავით VI ნარინისა და გურჯი-ხათუნის მამა. ცნობილია, რომ ქორწინებისათვის მან უარყო ისლამი და ქრისტიანად მოინათლა. რუსუდანის ღალატის გამო მისი პოზიცია საქართველოს სამეფო კარზე სუსტი იყო და წყვილს შორისაც გამუდმებული დაძაბულობა იყო.

ღიას ად-დინი
დაიბადა 1206
გარდაიცვალა 1226, (19-20 წლის)
საგვარეულო სელჩუკები
მეუღლე(ები) რუსუდანი, საქართველოს დედოფალი
შვილ(ებ)ი დავით VI, საქართველოს მეფე
თამარი, რუმის სულთნის მეუღლე
მამა მუჰამად მუღის ად-დინ თუღრილ შაჰი
დედა საიფ ად-დინ ბეგთიმურის ქალიშვილი
რელიგია ჯერ სუნიზმი
შემდეგ მართლმადიდებლობა

წარმომავლობა და სახელი

რედაქტირება

ღიას ად-დინი დაიბადა 1206 წელს ერზრუმში. იგი იყო ერზრუმის ემის მუჰამად მუღის ად-დინ თუღრილ შაჰისა და მისი ცოლის, აჰლათის მმართველ საიფ ად-დინ ბეგთიმურის ქალიშვილის (მისი სახლი უცნობია) უმცროსი ვაჟი. თავის მხრივ მამამისი რუმის სულთან ქილიჩ-არსლან II-ის უმცროსი ვაჟი და სელჩუკიდების დინასტიის წარმომადგენელი იყო. ქილიჩ-არსლან II-მ ღიასის მამას 1191 წელს სამართავად ელბისტანი მისცა, თუმცა 1201 წელს მან იგი ერზრუმში გადაცვალა. როგორც ირკვევა, მისი მმართველობის პერიოდში ერზრუმის მიწებზე ქართველთა გავლენა ძლიერი იყო.

აღსანიშნავია, რომ რუსუდან დედოფლის ქმრის სახელს არცერთი მათი თანამედროვე წყარო არ ასახელებდა. მეცამეტე საუკუნის ეგვიპტელი მეცნიერი იბნ აბდ-ალ ზაჰირი ახსენებდა თავის ნაწერებში ახსენებს ღიას ად-დინს, თუმცა ეს მისი მეტსახელი უფრო უნდა ყოფილიყო, ვიდრე ნამდვილი სახელი. თავად ქართველი ისტორიკოსის, იოანე ბატონიშვილის მტკიცებით, ღიას ად-დინს ქორწინებისა და გაქრისტიანების შემდეგ სახელი შეუცვალეს და დემეტრე დაარქვეს.

ქორწინება

რედაქტირება
 
დედოფალი რუსუდანი

მუსლიმურ წყაროებზე დაყრდნობით, საქართველოს დედოფალმა რუსუდანმა 1223 წელს (ზოგიერთი წყაროს მიხედვით ეს 1224 წელს მოხდა) იქორწინა ერზრუმის ემირის ვაჟზე. მოგვიანებით, XIV საუკუნის ქართველი ისტორიკოსები ამტკიცებდნენ ღიას ად-დინი ერზრუმის მხრიდან საქართველოსადმი ერთგულების გამოსახატავად თბილისის სამეფო კარზე იმყოფებოდა ტყვეობაში. სწორედ ამ დროს მოეწონა რუსუდანს იგი და მისი ქმრად დასმა გადაწყვიტა. არაბი მატიანეები ასევე ადასტურებენ იმას, რომ დედოფალმა რუსუდანმა თავად აირჩია ქმრად სელჩუკი უფლისწული, თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით, ქორწინების წინადადება ღიასის მამის მხრიდან წამოვიდა, რათა ამგვარი დინასტიური კავშირით დაეცვა თავისი სახელმწიფო ქართველთა შევიწროვებისაგან. ამ წყაროების მიხედვით ქართველებმა უარყვეს მისი შეთავაზება, რის შემდეგაც ღიას ად-დინმა მამის ბრძანებით უარყო ისლამი და მართლმადიდებლობაზე მოინათლა. მხოლოდ ამის შემდეგ დაქორწინდა იგი რუსუდანზე.

ოჯახური ცხოვრება

რედაქტირება

ქართული ქრონიკების ცნობით ღიას ად-დინი გარეგნულად ლამაზი და ფიზიკურად ძლიერი მამაკაცი იყო. ქორწინების დროს იგი დაახლოებით 17 წლის უნდა ყოფილიყო და რუსუდანზე 12 წლით უმცროსი იყო. როგორც ქართული, ისე უცხოური მემატიანეები, ერთხმად აღნიშნავენ, რომ რუსუდანი ერთგული ცოლი არ ყოფილა. როგორც ცნობილია, დედოფალმა მას არაერთხელ უღალატა. არაბი მატიანეს ცნობით ღიასმა მას ერთხელ საწოლშიც კი წააასწრო მონასთან (სავარაუდოდ მამლუქი მონა იყო) ერთად. იბნ ალ-ათარის ცნობით, ამ ფაქტის შემდეგ ღიას ად-დინმა დატოვა სამეფო კარი და „სხვა ქალაქში“ გადასახლდა, სადაც რუსუდანი მის გაკონტროლებას განაგრძობდა. მუსლიმი ავტორები ასევე ხაზს უსვამენ მის „სუსტ პოზიციას“ სამეფო კარზე. მათი ცნობებით, ღიას ად-დინს არ ჰქონდა ის პრივილეგიები და მაღალი წოდებები, რომლებითაც თამარ მეფის ქმრები სარგებლობდნენ, განსაკუთრებით თავად რუსუდანის მამა, დავით სოსლანი. ქართულ წყაროებში იგი არაა მოხსენიებული მეფის წოდებით, იგი არც ჯარების მეთაური ყოფილა და არც პოლიტიკაში ჩარევის ნებას რთავდნენ. მისი სახელი რუსუდანის დროს მოჭრილ მონეტებზეც კი არ ფიქსირდება.

ღიას ად-დინსა და დედოფალ რუსუდანს სულ ორი შვილი შეეძინათ: თამარი (1220-1286) და დავითი (1225-1293). თამარი მოგვიანებით დედამისმა იძულებით მიათხოვა ღიასის ბიძაშვილს, რუმის სულთან ქეი-ხოსროვ II-ს, რის შემდეგაც იგი ცნობილი გახდა გურჯი-ხათუნის სახელით. რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ, 1245 წელს დავით VI ნარინი დასავლეთ საქართველოს მეფე და ბაგრატიონთა პირველი იმერული შტოს ფუძემდებელი ხდება.

გარდაცვალება

რედაქტირება

1226 წელს, როდესაც ხვარაზმის იმპერიის შაჰმა ჯალალედინმა დაიპყრო საქართველოს დედაქალაქი თბილისი და რუსუდან დედოფალი დასავლეთში გაიქცა, ღიას ად-დინმა კვლავ მიიღო ისლამი. ამის შესახებ ინფორმაციას მემატიანე ალ-ნასავი გვაწვდის. ამის შემდეგ მან ჯალალედინისგან მიიღო ამანი (მფარველობა). ამის მიუხედავად, როდესაც ჯალალედინმა აჰლათს შემოარტყა ალყა, ღიასი ისევ ქრისტიანად მოინათლა. ამასობაში ქართველებმა დაიბრუნეს თბილისი და რუსუდანიც ბრუნდება დედაქალაში, რის შემდეგაც ღიასზე ცნობები აღარაა. მიიჩნევა, რომ იგი რუსუდანის ბრძანებით მოკლეს. ამ დროს იგი 19-20 წლის უნდა ყოფილიყო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯაფარიძე, გოჩა (1995). საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის პირველ მესამედში. თბილისი: მეცნიერება.
  • Peacock, Andrew (2006). "Georgia and the Anatolian Turks in the 12th and 13th centuries". Anatolian Studies. 56: 127–146. doi:10.1017/S0066154600000806. JSTOR 20065551.
  • მეტრეველი, როინი (2008). ასწლოვანი მატიანე. თბილისი: არტანუჯი.
  • Richards, Donald Sidney, ed. (2010). The Chronicle of Ibn Al-Athir for the Crusading Period from Al-kamil Fi'l-ta'rikh, Part 3: The Years 589-629/1193-1231: the Ayyubids After Saladin and the Mongol Menace. Farnham: Ashgate Publishing. ISBN 0754669521.
  • Toumanoff, Cyril (1949–1951). "The Fifteenth-Century Bagratids and the Institution of Collegial Sovereignty in Georgia". Traditio. 7: 169–221. JSTOR 27830207.