გურჯიქართველის აღმნიშვნელი სპარსულ-არაბული ეთნიკური ტერმინი. „გორჯი“ (სპარსულად), „ქურჯი“ და „გურჯი“ (არაბულად) ნიშნავს ქართველს, ხოლო ტოპონიმი „გორჯესტან“ (სპარს.), „გურჯისტან“ (არაბ.) — საქართველოს, ძველ სპარსულ წყაროებში კი „ვრკანა“ („მგელთა ქვეყანა“; აქედან მოდის სომხური „ვირკ“ და „ვრასტან“) ფორმით გვხვდება. რუსული „გრუზინ“, ოსური „გიურძი“ და, სავარაუდოდ, ევროპული „გეორგია“, „ჯორჯიაც“ სირიული ფორმიდან („გურზ“) წარმოიქმნა.

„გურჯის“ ეტიმოლოგიით იყვნენ დაინტერესებული მარი ბროსე, იოზეფ მარკვარტი, ა. მარიკი, ივანე ჯავახიშვილი, ლეონ მელიქსეთბეგი, ილია აბულაძე, გერჰარდ დეეტერსი, ვლადიმერ მინორსკი, გიორგი წერეთელი და სხვ.

არაბები და სპარსელები ქართველს უწოდებენ „გურჯი“-ს (Gurd-i) და საქართველოს — გურჯისტანს (Gurdistan), სპარსული სუფიქსით ستان, (stan), რომელიც უდრის ადგილის აღმნიშვნელ ქართულ სუფიქსს — „ეთ“-ს.

უძველეს მატიანეში და მის სომხურ თაგმანებში, მეტის-მეტად წმინდად არის დაცული ეპითეტი „გორგასალი“, (სომხ. Գորգասալ), რომელიც არის იგივე სპარსული „გორგასარი“, რაც ნიშნავს მგელთავას, ვინაიდან გურგსარები მგელთავიანები და საგსარები ძაღლთავიანები ძველ სპარსულ ლეგენდებში და შაჰნამეში ირანელთა ფანტასტიურ მტრებად ითვლებიან და არიან, მაშასადამე, თურანელთა აღმნიშვნელი ეპითეტები, — იმ თურანელებისა, რომელთაც სპარსელები მთელს თავის ისტორიულ წარსულში თავიანთ მოსისხლე მტრებად სახავდნენ[1].

ირაკლი აბულაძის აზრით, აღნიშნული სპარსული წყაროდან გამომდინარეობს ეს ქართველის აღმნიშვნელი სპარსულ-არაბული სახელწოდება „გურჯი“-ც, რომელიც აშკარად იგივეა, რაც ვახტანგის ეპითეტის „გორგასარი“-ს პირველი ნაწილი „გორგ“, არაბიზ. „გურგ“ — მგელი.

ამ სიტყვის ამგვარი გეოგრაფიული სახელწოდების ფუნქციით ხმარებას მთელს სპარსულ ისტორიულ წარსულში მეტისმეტად გარკვეული სახე აქვს. არსებობს აღნიშნული სახელწოდების განვითარების ყველა ეტაპი სახეზე.

შუა აზიიდან ახლადმოსული მიდიელებისა და საერთოდ არიელი სპარსელების მოძრაობა ირანის აღმოსავლეთი ნაწილიდან დასავლეთში თავდაპირველად ხდებოდა ჩრდილოეთის ერთადერთი გზით: ეს გზა მიდიოდა იმავე მიმართულებით, რომლითაც გადიოდა, საერთოდ მთავარი გზა დასავლეთიდან აღმოსავლეთ აზიაში, სახელდობრ ირანის მაღლობის ჩრდილოეთით მოსაზღვრე მთების სამხრეთის ფერდობის გასწვრივ, რადგანაც კასპიის ზღვის სამხრეთის სანაპირო დაკავებული ჰქონდა არაარიული ნათესაობის ტომებს, რომლების გამოც ამ გზით მოძრაობა მეტისმეტად საშიში იყო.

სავარაუდოა რომ ეს მოძრაობა დაიწყო ჯერ კიდევ VII საუკუნის ბოლო მეოთხედში, რადგან არიული საკუთარი სახელები გვხვდება უკვე სარგონის წარწერებში, ჩ. წ. 721-705 წლებამდე[2], და აი სწორედ ამ დროს ჩნდება ეს ჩვენთვის საინტერესო არიული სიტყვა — ჰირკანია, რომელიც იგივეა რაც ძველ-სპარსული Vrkana — მგელთა ქვეყანა (Vehrek-Vehreka — მგელთა, ana — ადგილის აღმნიშვნელი სუფიქსი). ამგვარად ცხადია რომ ჰეროდოტეს ჰირკანია (1,125) იგივეა რაც ძველი სპარსული Vrkana, ანუ „მგელეთი“, როგორც ეს ცნობილია ირანმცოდნეობის ლიტარატურაში.

როგორც ცნობილია, დარიოზის მამამ დარიავუშ ვიშტასპამ ჩ. წ. 518 წელს, წმინდა სპარსული ტომის — პართელების აჯანყების ჩახშობასთან ერთად ჰირკანელების აჯანყებასაც ბოლო მოუღო. მაგრამ, როგორც ჩანს, ამაზე ადრეც ირანელებთან ჰირკანელების ბრძოლას ხანგრძლივი და სასტიკი პროცესი უნდა განეცადა, რადგან მათმა მიწა-წყალმა უხსოვარი დროიდან დაიმსახურა სპარსული „ჰირკანიას“ ანუ „მგელეთის“ სახელწოდება.

სწორედ ამ ხანებში ვხვდებით ამ წმინდა ძველსპარსულ გეოგრაფიულ ტერმინს ჰირკანიას, საითკენაც, აკადემიკოს ბარტოლდის გამოკვლევით, მიდიოდა ჩრდილოეთის მთავარი გზა კომისენეს (არაბ. კუმისი) მხრიდან კასპიის ზღვისაკენ, სახელდობრ კასპიის ზღვის შემრთე მდინარე გურგენის ნაპირებამდე.

აქ საყურადღებოა ის რომ მდინარე გურგენი, ისევე როგორც კასპიის ზღვა, ძველად ატარებდნენ ამავე გურგ-ის შემცველ სიტყვებს, რადგან კასპიის ზღვას გურგენის ზღვაც ეწოდებოდა.

არანაკლებ საყურადრებოა ის გარემოებაც, რომ დაახლოებით V საუკუნის ნახევარში ფარსის ტომის, ანუ, უკეთ, წმინდა სპარსული ეთნოგრაფიული ჯგუფის, შერევისაგან სპარსეთის მიწა-წყალზე დამკვიდრებულ მასებში შეიცვალა ტერმინი Vehrek-vrk წმინდა სპარსულ „გორგ“-ად.

მართლაც, ამ წმინდა სპარსული ტომის მოძრაობა ირანის აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, როგორც ცნობილია ხდებოდა მეორე მთავარი გზითაც, სახელდობრ იყო სამხრეთის გზაც, რომელიც აკადმეიკოს ბარტოლდის გამოკვლევით, გადიოდა სეისტანიდან ქირმანამდე და იქიდან ფარსამდე, რადგან ჰეროდოტე უკვე აკუთვნებს მათ აგრეთვე ჰედრუსებსა და ქირმანებს (1,125).

ამავე სპარსული ტომის დიალექტის გავლენით აიხსნება, ის რომ არაბთა ეპოქაში უკვე სახელწოდება „ჲრკანია“ იხმარებოდა ახალი სპარსული ფორმით گرگان (Gorgan), რადგან گ-იაფის არაბ. ﺝ-იმად გადაბგერების თანახმად, მას არაბულად ეწოდება جرجان (Durdan) ან სპარსიზირებული არაბული Dordan - ჯორჯან-ი.

ამდენად ცხადია რომ „ჲრკანია“, „გორგან“-ი ან „გურგანი“ და უკანასკნელისაგან არაბული „ჯურჯანი“ (შეად. სპარს.-ქართ. „ჯორჯან“-ი, ან ქართიზირებული „ჩორჩანი“) — არის ის ადგილი სადაც სახლობდნენ არაარიული, და მაშასადამე სამხრეთით ახლად დამკვიდრებული წმინდა არიელი სპარსელების მოსისხლე მტრები.

ეხლა მივმართოთ მგერებრივ ანალიზს, რომ დავინახოთ, თუ როგორ სავსებით მართლდება Gurg-ის Gurd-ად გადასვლა.

ძველსპარსული Vrkana (Vehrk, Wurk) აქედანვე ბერძ. Ύρχανια (ჰეროდოტესი) და ახლადსპარსული იდენტიტები Gorgan და Gurdan, ან არაბიზირებული Durdan და სპარსული ﻩ-ს გამოთქმის Dordan. ხოლო ტერმინში „გურჯი“ Gurd-i ჩვენა გვაქვს ნახევრად არაბიზირებული სიტყვა, სრულიად არაბიზირებული Durd-i-ს (ჯურჯ-ის) ნაცვლად, რადგან სიტყვის არაბიზაციის დროს, ყველაზე მეტად ექვემდებარება ცვალებას განაპირა ბოლო ასო k, რასაც აშკარად ვხედავთ წმინდა სპარსული სახელების არაბიზირების მაგალითებზე ტაბარიდან და სხვა უფრო ძველი სპარსული ძეგლებიდან.

ასე მაგალითად, გვაქვს buzurd სპარს. bozorg-ის ნაცვლად, აგრეთვე Bahram Dur (ბაჰრამ ჯურ-ი) სპარს. Bahram Gur-ის ნაცვლად.

თვით Gurd-ი ქართველის მნიშვნელობით წარმოდგენილია მეზობელი ერების ენებზე მთელი წყება სხვაობებით:

ასე მაგ.:

  1. სომხ. վիրք, Virq ძველსპარსული Vehrk+q მრ. რიცხვის სომხური დაბოლოებით, ასე რომ Verkq-ისაგან გვაქვს სომხური Verq — საქართველო, ფორმა რომელიც არსებითად წარმოადგენს Vrkana-ს ანუ ჰეროდოტეს არკანია-ს იდენტიტეტს.
  2. არაბ. Durd, სირ. Gurz და არაბიზ. Durzan, Durdan და სირ. Gurzan.
  3. რუს. Грузин და Грузия.

ამ ფორმებში ყველაზე ძველია სომხ. վիրք, რადგან იგი ყველაზე ახლოა ძველ ირანულ Wrkana-ზე და ბერძნულ ბერძ. Ύρχανια-ზე. შემდეგ მოდის არაბულ-სირიული ფორმა Gurz და Durzan (ახალი სპარსული gorg და gurg-იდან) და არაბიზ. Gurd ანუ Durd, სადაც ჩვეულებრივ, ისევე როგორც ქართულ ნიადაგზე გუტურალი گ (G) გადადის ან პალატალ d-იმად, ან j-z-ად.

რაც შეეხება რუსულ ფორმას Грузия-ს, ეს არის იგივე არაბულ-სირიული Gurz-Gurd-იდანვე მიღებული, სადაც ასოები u და r ადგლშეცვლილია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ადგილი აქვს მეტათეზიას.

ქართველისათვის ამ სპარსულ ტერმინს gorg — ქართული სახელმწიფოებრივობის შექმნისათვის ბრძოლის პერიოდში, მეტისმეტად რეალური მნიშვნელობა ჰქონდა.

ასე მაგალითად: ქართულ მატიანეში სიტყვა გორგ გვხვდება ისეთი ლეგენდარული პიროვნების ეპითეტის შემადგენლობაში, როგორიცაა ვახტანგ გორგასალი.

ცნობილია რომ ქართულ მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ში (IX საუკუნე) გვხვდება მხოლოდ ეპითეტი „გოლგასარი“. მაგრამ თვით ლეგენდა ვახტანგ გორგასალის შესახებ არსებობდა გაცილებით ადრე.

მართლაც, ფორმა გოლგასარი ნათლად მოწმობს, რომ IX საუკუნეში ჯერ კიდევ კარგად ესმოდათ მოცემული ეპითეტის აზრი და მნიშვნელობა, რადგან აქ სწორი ფორმით არის შენახული მისი მეორე ნაწილი სარ-sar-თავი, მის პირველ ნაწილში გორგ-ში რე კი გადავიდა ლ-სად. ქართული ფონეტიკის თანახმად: ქართულში ნარნარები ლ და რ ერთი და იმავე სიტყვის სხვადასხვა მარცვლებში ხშირად ერთი მეორეს ვერ იტანს იმ შემთხვევაში, თუ ორი რ ან ორი ლ ხვდება, რიტაც აიხსნება გორგასარ-ის პირველ ნაწილში „გორგი“-ის „გოლგ“-ად გადაქცევა. მაგრამ მარიამ დედოფლის ქართლის ცხოვრებაში (IX საუკუნე), ეს სიტყვა უკვე გვხვდება ფორმით გორგასალ-ი, სადაც პირველ ნაწილში ფორმა „გოლგ“ შეცვლილია „გორგ“-ად, მაგრამ, ამასთან ერთად მის მეორე ნაწილში „სარ“-ში რ გადავიდა ლ-სად.

ქართული მატიანის ძველსომხურ თარგმანში ჩვენ უკვე ვხვდებით არაბიზირებულ ფორმას „გურგასალ“. ე. ი. წმინდა სპარსული ფორმა — „გორგ“-ის ნაცვლად გვხვდება „გურგ“.

„ქართლის ცხოვრების“ ვახტანგ VI-ის რედაქციის თითქმის ყველა უგვიანეს ხელნაწერებში, ვახტანგის შესახებ მოთხრობის სათაურში გვხდება „გურგასლანი“, რაც მგელლომს ნიშნავს, რის შესახებ აკადემიკოსი ბროსე აკეთებს შენიშვნას სქოლიოში მისი გადმოცემის ტექსტისათვის. თითოეული ამ სხვაობათაგანი იძლევა მთელი ეპოქის აშკარა ანარეკლს:

ასე მაგალითად მოქცევაი ქართლისაის შემდგენელს ჯერ კიდევ კარგად ესმოდა ეპითეტის გოლგასარის მნიშვნელობა, რადგან ეს ეპითეტი ნასესხები იყო ძველ-ირანული ლეგენდიდან გურგასარების შესახებ, რაც აშკარად ჩანს ისეთი სწორი ფორმისაგან, როგორიცაა გოლგასარი, სადაც ქართული ხალხური ენის ნიადაგზე რ პირველ ნაწილში გადავიდა ლ-ასად. ასევე კარგად ესმოდათ ეს სიტყვა არსებული მატიანეების შემადგენლებსაც, სადაც მემატიანე, ერთის მხრით, მის მიერ მოტანილი სპარსული ფრაზის — dur az Gorgasal (მიჰრიდეთ თავსა მგელისასა) — რომელსაც ვითომდა წარმოსთქვამდნენ სპარსელები ვახტანგის დანახვაზე ქართველებთან ბრძოლაში. მაგრამ მეორეს მხრივ ფორმა გორგასალის მეორე ნაწილი ასალ გაგებულ იქნა, როგორც თათრული სიტყვა ასლან — ლომი და ამგვარი ინტერპრეტაციით უკვე შეიქმნა ლეგენდა იმის შესახებ, რომ ვახტანგ გორგასალმა გაიკეთა ოქროს ჩაბალახი, რომლის წინა მხარეზე გამოსახული იყო მგელი ხოლო უკანაზე კი ლომი. რისთვისაც მას სპარსელებმა უწოდეს გურგასალი. შემდეგ აქედანვე მიღებულ იქნა ძველსომხური თაგმანით ფორმა Գորգասալ და ამ უკანასკნელისაგან კი — გურგასლანი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ი. აბულაძე, „ტერმინი „გურჯის“ ეტიმოლოგიისათვის“, საიუბილეო კრებული., სახ. უნივერსიტეტი 1934
  1. Th. Noeledecke, Das Jranische Nationalepos, 32 და ჩვენი: ვეფხისტყაოსნის 22-ე გამოცემის შესავალი, გვ. XXX, შენიშვნაში
  2. В. Бартольд, «Историко-географический обзор Ирана». გვ. 54