გერჰარდ ულრიხ ვოლდემარ დეეტერსი (გერმ. Gerhard Ulrich Woldemar Deeters; დ. 8 ივლისი, 1892, ლემბურგი, ახლანდ. მალპილსი, ლატვია, — გ. 19 ოქტომბერი, 1961, ქ. ბონი) — გერმანელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი და კავკასიოლოგი.

გერჰარდ დეეტერსი
გერმ. Gerhard Deeters
დაბ. თარიღი 8 აგვისტო, 1892(1892-08-08)[1] [2]
დაბ. ადგილი Mālpils
გარდ. თარიღი 19 თებერვალი, 1961(1961-02-19)[1] [2] (68 წლის)
გარდ. ადგილი ბონი[1]
მოქალაქეობა  გერმანია
საქმიანობა ენათმეცნიერი[1] და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ბონის უნივერსიტეტი და ლაიფციგის უნივერსიტეტი

1912-1914 წლებში სწავლობდა ლაიფციგში, 1922-1925 წლებში — იენასა და მიუნხენში. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართველური ზმნა“. 1927-1932 წლებში იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის, 1935-1960 წლებში — ბონის უნივერსიტეტის პროფესორი. 1930–1934 წლებში იყო ა. დირის მიერ დაარსებული ჟურნალ „კაუკაზიკას“ („Caucasica“) გამომცემელი, ხოლო 1937–1960 წლებში გამოსცემდა ჟურნალ „Indogermanische Forschungen“ („ინდოგერმანული ძიებანი“).

დეეტერსს ეკუთვნის მრავალი ნაშრომი ქართული და სხვა ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებზე, მ. შ. აღსანიშნავია მონოგრაფია „ქართველური ზმნა“ (1930), რომელშიც საფუძვლიანად არის გაანალიზებული ქართველურ ენათა შედარებითი მორფოლოგიის მრავალი საკვანძო საკითხი, ახლებურად არის დასმული საერთო-ქართველური ფუძეენის დიფერენციაციის პრობლემა. დეეტერსმა არაერთი ნაშრომი მიუძღვნა ქართული (ქართველური) ენისა და სომხურის ურთიერთმიმართების საკითხებს. მას ეკუთვნის გამოკვლევა ქართული დამწერლობის ისტორიის შესახებ. მისი აზრით, ქართული დამწერლობა ბერძნულიდან მომდინარეობს და ის საქართველოს გაქრისტიანების შემდეგ არის შექმნილი. დეეტერსმა გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი ქართული ლიტერატურის შესახებ. მისი წიგნი „ქართული ლიტერატურა“ არის ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა. დაბეჭდა რამდენიმე სტატია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ. დეეტერსი იყო კავკასიური ენების ცნობილი სპეციალისტი. აღზარდა ქართველური ენების არაერთი გამოჩენილი მკვლევარი (ფ. ნაისერი, კ. ჰ. შმიდტი და სხვ.).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Armenisch und Südkaukasisch, «Caucasica», fasc. 3–4, Lpz., 1926–27;
  • Eine Tscherkesische Grammatik, იქვე, fasc. 9, Lpz., 1931;
  • Die Abchasische Sprachbau, «Nachrichten der Gesellschaft der Wissenschaften », Gött., 1931;
  • Die Kaukasische Sprachen, «Handbuch der Orientalistik», hrsg. von B. Spuler, I Abt., Bd. 7, Leiden– Köln, 1963;
  • Georgische Literatur, იქვე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • რევიშვილი შ., გერჰარდ დეეტერსი და ქართული ლიტერატურა, «უცხო ენები სკოლაში», 1973, №3;
  • Lang D. M., Professor Gerhard Deeters, «Bedi Kartlisa. Revue de Kartvélologie», v. 11–12, P., 1961;
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #1027599095 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია