„გრუზინ“ (რუს. Грузин) — რუსულ ენაში დამკვიდრებული ქართველების აღმნიშვნელი ეთნიკური ტერმინი (ეგზონიმი).

ტერმინი „გრუზინ“ აღმოსავლურ ენებში გავრცელებული ქართველების აღმნიშვნელი სახელწოდებისაგან — „გურჯი“ (სპარსული), „ჯურჯი“ (არაბული) და „გურზი“ (სირიული). შესაბამისი აღმოსავლური სახელწოდებებიდან წარმოქმნილი და უკვე XIV საუკუნის დასასრულს რუსულ საისტორიო წყაროებში ნახსენები ქართველების აღმნიშვნელი ტერმინი „გურზი“ თანდათანობით ტრანსფორმირდა „გრუზად“ და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ტერმინებად — „გრუზინ“ (ქართველი) და „გრუზია“ (საქართველო).

„გრუზინის“ სპარსულ-არაბულიდან მომდინარეობის შესახებ პირველი მოსაზრება ეკუთვნით პლატონ იოსელიანს (1844) და მარი ბროსეს (1858). იმავე დასკვნამდე მივიდნენ ნიკო მარი, სიმონ ჯანაშია, გიორგი წერეთელი, კონსტანტინე წერეთელი, იუსტინე აბულაძე და გიორგი პაიჭაძე. დღეისათვის არსებული მოსაზრება ზემოაღნიშნული რუსული ტერმინის (ისევე როგორც ახალი ევროპული Georgian და Georgia) სპარსულ-არაბულ-სირიული წარმომავლობის შესახებ გაზიარებულია სხვა დასავლელი ქართველოლოგებისა და აღმოსავლეთმცოდნეების მიერაც (გერჰარდ დეეტერსი, კირილ თუმანოვი, დეივიდ ლენგი, ჟერარ გარიტი, შ. კანიუიე).

ტერმინები „გრუზინ“ და „გრუზია“ რუსული ენის მეშვეობით გავრცელდა უკრაინულ, ბელორუსულ და სხვა სლავურ ენებშიც, ასევე ყოფილ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალ ზოგიერთ არასლავურ ხალხთა ენაზე და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში (იაპონია, კორეა, ისრაელი და სხვ.). 2000-იანი წლებიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეცადინეობით მსოფლიოში არის ოფიციალურ ხმარებაში რუსული წარმოშობის „გრუზიას“ ახალი ევროპული ეგზონიმით ან ქართული ენდონიმის ეკვივალენტური ფორმით ნაწილობრივი ან სრული ჩანაცვლების ტენდენცია: მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს ისრაელმა (2005),[1] სამხრეთ კორეამ (2011),[2] იაპონიამ (2015)[3] და ლიეტუვამ (2018)[4].

ლიტერატურა რედაქტირება

  • აბულაძე იუსტ., ტერმინ „გურჯის“ ეტიმოლოგიისათვის, აკად. ნ. მარის სამეცნიერო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კრებული, თბ., 1934;
  • ბროსე მ., საქართველოს ისტორია, ნაწ. 1, ტფ., 1895;
  • წერეთელი გ., საქართველოს ირანულ სახელწოდებათა ისტორიისათვის, კრ.: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური ტერმინოლოგია, თბ., 1993;
  • წერეთელი კ., „ქართველისა“ და „საქართველოს“ აღმნიშვნელი ტერმინები არამეულსა და ებრაულში, იქვე;
  • ჯანაშია ს., თუბალ-თაბალი, ტიბარენი, იბერი, შრომები, ტ. 3, თბ., 1959;
  • Иоселиани П. И., Различные наименования грузин, «Журнал Министерства внутренних дел», Тфл., 1844,
  • Марр Н. Я., Крещение армян, грузин и аланов святым Григорием (арабская версия), «Записки Вост. отделения императорского Русск. археол. об-ва», т. 16, СПб., 1905;
  • Пайчадзе Г. Г., Название Грузии в русских письменных исторических источниках, Тб., 1989;

სქოლიო რედაქტირება