თინათინ ვირსალაძე

თინათინ (თინა) ბაგრატის ასული ვირსალაძე (დ. 26 ოქტომბერი, 1907, თბილისი, — გ. 28 ოქტომბერი, 1985, იქვე) — ქართველი ხელოვნების ისტორიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1976).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ეკონომისტ ბაგრატ ვირსალაძისა და ბიოლოგ ელენე მუსხელიშვილის ოჯახში. ბაგრატ ვირსალაძე საქართველოს რესპუბლიკის წლებში სახელმწიფო კონტროლის პალატას ედგა სათავეში, ელენე მუსხელიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში. წერდა საბავშვო მოთხრობებს და აქვეყნებდა ჟურნალში „ჯეჯილი“. მისი და-ძმები იყვნენ თეატრის მხატვარი სოლიკო ვირსალაძე (1909) და ფოლკლორისტი ელენე ვირსალაძე (1911).

თინა ვირსალაძე 1925–1926 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური განყოფილება, 1936 წელს — ლენინგრადის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1937–1941 წლებში მუშაობდა მუზეუმ „მეტეხში”, 1941 წლიდან — ახლად დაარსებულ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში, იყო სახვითი ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელი (1985 წლამდე).

ვირსალაძის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი სფერო იყო შუა საუკუნეების ქართული ფერწერა. დიდი წვლილი შეიტანა მის შესწავლაში, სისტემატიზებასა და ევოლუციის გზების დადგენაში, გამოავლინა ქართული კედლის მხატვრობის ეროვნული თავისებურებანი, მისი მიმართება ბიზანტიურ მხატვრობასთან, მოხატულობათა თემატიკის კავშირი ქვეყნის თანადროულ ისტორიულ ვითარებასთან. ვირსალაძეს ეკუთვნის მნიშვნელოვანი ნაშრომები XX საუკუნის ქართული მხატვრობის თაობაზე. მონაწილეობდა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ პირველ (1974, ბერგამო) და მეორე (1977, თბილისი) საერთაშორისო სიმპოზიუმებში.

1935 წელს თინა ვირსალაძე ცოლად გაყვა ცნობილი მეცენატის, აკაკი ხოშტარიას ძმისშვილს — საგზაო ინჟინერ მეთოდე (ცაცა, ცაკა) ხოშტარიას (დ. 1910 — გ. 1938). ხოშტარია 1938 წელს დახვრიტეს. თინა ვირსალაძის ვაჟია ქართველი ხელოვნებათმცოდნე გიორგი (გოგი) ხოშტარია.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  1. Фресковая роспись художника Микаеля Маглакели в Мацхвариши, Ars Georgica, 4 , თბ., 1955;
  2. Кето Магалашвили, Тб., 1958;
  3. Фрагменты древней фресковой росписи Гелатского храма, Ars Georgica, 5, თბ., 1959;
  4. Цимакуридзе, М. 1959;
  5. Фресковая роспись в церкви Архангелов села Земо Крихи, Ars Georgica, 6 -А, თბ., 1963;
  6. Роспись Иерусалимского Крестного монастыря и портрет Шота Руставели, Тб., 1973;
  7. Основные этапы развития грузинской средневековой монументальной живописи, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1977;
  8. ატენის სიონის მოხატულობა, თბ., 1984;
  9. ატენის სიონის მხატვრობის დათარიღებისა და ქტიტორთა პორტრეტების იდენტიფიკაციის საკითხისათვის, Ars Georgica, 10 -А, თბ., 1991;
  10. Избранные труды. Грузинская средневековая монументальная живопись, Тб., 2007 (კრებული გამოსაცემად მოამზადეს ი. ლორთქიფანიძემ, მ. ბულიამ, ნ. ღაღანიძემ );
  11. ქართული მხატვრობის ისტორიიდან, თბ.,2007.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება