ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ტოსკა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ტოსკა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

„ტოსკა“ (იტალ. Tosca) — ჯაკომო პუჩინის ოპერა სამ მოქმედებად ლუიჯი ილიკას და ჯუზეპე ჯაკოზას ლიბრეტოთი. მისი პრემიერა გაიმართა რომის Teatro Costanzi-ში 1900 წლის 14 იანვარს. ნაწარმოები ეფუძნება ვიქტორიენ სარდუს ფრანგულენოვან დრამატულ პიესას La Tosca (1887). მისი მოქმედება ვითარდება რომში, 1800 წლის ივნისში, როცა ქალაქზე ნეაპოლის სამეფოს კონტროლს იტალიაში ნაპოლეონის შემოჭრა ემუქრება. იგი შეიცავს წამების, მკვლელობის და თვითმკვლელობის ამსახველ სცენებს, ისევე, როგორც პუჩინის რამდენიმე ყველაზე ცნობილ ლირიკულ არიას.

„ტოსკა“
Tosca
ჯაკომო პუჩინის ოპერა

თავდაპირველი პოსტერი, რომელიც სკარპიას სიკვდილის სცენას ასახავს (მე-2 მოქმედება)
ლიბრეტისტი
  • ლუიჯი ილიკა
  • ჯუზეპე ჯაკოზა
ენა იტალიური
ეფუძნება ვიტორიენ სარდუს La Tosca
პრემიერა 1900 წლის 14 იანვარი
რომის საოპერო თეატრი (Teatro Costanzi), რომი

პუჩინიმ სარდუს პიესა 1889 წელს, მისი იტალიური ტურნეს ფარგლებში იხილა და გარკვეული სირთულეების შემდეგ, 1895 წელს მისი ოპერად ქცევის უფლება მოიპოვა. მრავალსიტყვიერი ფრანგული პიესის მოკლე და ნათელ იტალიურ ოპერად ქცევას ოთხი წელი დასჭირდა, რომელთა განმავლობაშიც კომპოზიტორი თავის ლიბრეტისტებთან და გამომცემელთან მუდმივ დავაში იყო. „ტოსკას“ პრემიერა რომში არეულობის ფონზე წარიმართა და ჩაშლის შიშით პირველი წარმოდგენის გადადებაც კი გახდა საჭირო. კრიტიკოსთა უგულო გამოხმაურების მიუხედავად, ოპერამ მსმენელთა შორის დაუყოვნებლივ მიაღწია წარმატებას.

მუსიკალურად, „ტოსკას“ სტრუქტურა უწყვეტია და მასში არიები, რეჩიტატივები, გუნდები და სხვა ელემენტები ერთ მუსიკალურ მთლიანობაშია ჩაქსოვილი. პუჩინიმ პერსონაჟების, საგნების და იდეების იდენტიფიცირებისთვის ვაგნერული ლაიტმოტივები გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები ხშირად აკრიტიკებენ, როგორც ზედაპირულ მელოდრამას დამაბნეველი შინაარსით, [1][2] მისი მუსიკალური სიძლიერე და გაორკესტრების ინოვაციურობა ფართოდაა აღიარებული. „ტოსკას“ და მისი პერსონაჟების დრამატული ძალა დღემდე აღაფრთოვანებს მსმენელსაც და შემსრულებლებსაც და იგი რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად შესრულებულ ოპერად. არსებობს ნაწარმოების უამრავი როგორც სტუდიური, ისე ცოცხალი ჩანაწერი.

ფრანგმა დრამატურგმა, ვიქტორიენ სარდუმ 70-ზე მეტი პიესა დაწერა; ყველა მათგანი წარმატებული იყო, თუმცა დღეს აღარცერთი იდგმება.[3] 1880-იანი წლების დასაწყისში მან დაიწყო თანამშრომლობა მსახიობ სარა ბერნართან, რომელისთვისაც რამდენიმე ისტორიული მელოდრამა შექმნა.[4] ამათგან მესამე, La Tosca, რომლის პრემიერაც 1887 წლის 24 ნოემბერს შედგა პარიზში, გამორჩეულად წარმატებული გამოდგა და მხოლოდ საფრანგეთში მისი 3,000-ზე მეტი წარმოდგენა გაიმართა.[5][6]

პუჩინის La Tosca სულ მცირე ორჯერ ჰქონდა ნანახი: მილანსა და ტურინში. 1889 წლს 7 მაისს თავის გამომცემელს, ჯულიო რიკორდის, მისწერა წერილი, სადაც ემუდარებოდა, სარდუსგან პიესის ოპერად ქცევის ნებართვა მოეპოვებინა: „მე ამ Tosca-ში ვხედავ ოპერას, რომელიც მჭირდება, გაბერილი პროპორციების და რთული სპექტაკლის გარეშე, არც ზედმეტი რაოდენობის მუსიკა იქნება აუცილებელი, როგორც ჩვეულებრივ არის ხოლმე საჭირო.“[7]

რიკორდიმ პარიზში თავისი აგენტი, ემანუელე მუციო გაგზავნა, რათა მოლაპარაკებოდა სარდუს, რომელსაც ურჩევნოდა, მისი პიესის ადაპტაცია ფრანგ კომპოზიტორს მოეხდინა. იგი უკმაყოფილო იყო რეაქციით, რაც La Tosca-ს იტალიაში, განსაკუთრებით, მილანში მოჰყვა და გააფრთხილა მუციო, რომ ნაწარმოებით სხვა კომპოზიტორებიც იყვნენ დაინტერესებულნი.[8] მიუხედავად ამისა, რიკორდიმ მაინც მიაღწია შეთანხმებას მასთან და საოპერო ადაპტაციის სცენარზე მუშაობა ლიბრეტისტ ლუიჯი ილიკას დაავალა.[9]

1891 წელს ილიკამ პუჩინის ურჩია, პროექტისთვის თავი დაენებებინა. მას, სავარაუდოდ, მიაჩნდა, რომ პიესა წარმატებული მუსიკალური ადაპტაციისთვის შეუფერებელი იყო.[10] როცა სარდუმ უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ მისი ყველაზე წარმატებული ნამუშევარი შედარებით ახალბედა კომპოზიტორს მიანდეს, რომლის მუსიკაც თავად არ მოსწონდა, პუჩინი განაწყენდა. იგი გამოვიდა შეთანხმებიდან,[11] რის შემდეგაც რიკორდიმ იგი კომპოზიტორ ალბერტო ფრანკეტის გადაულოცა.[9] ლიბრეტოს წერა ილიკამ განაგრძო, ფრანკეტის კი ეს პროექტი არასდროს მოსწონდა.

როცა პუჩინი „ტოსკათი“ ხელახლა დაინტერესდა, რიკორდიმ ფრანკეტი თავისი უფლებების დათმობაზე დაითანხმა, რათა ნაწარმოები კვლავ პუჩინისთვის შეეკვეთა.[12] ერთი ვერსიით, გამომცემელმა ფრანკეტი დაარწმუნა, რომ პიესა ზედმეტად ძალადობრივი იყო წარმატებით დასადგმელად. ფრანკეტის ოჯახური გადმოცემით კი, მან პუჩინის ოპერა კეთილი ნებით დაუთმო, სიტყვებით „მას ჩემზე მეტი ნიჭი აქვს“.[9] ამერიკელი მკვლევარი დებორა ბარტონი ფიქრობს, რომ ფრანკეტიმ ოპერა დათმო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მასში დიდ ღირსებას ვერ ხედავდა და მუსიკას ვერ გრძნობდა.[9] ამა თუ იმ მიზეზით, საავტორო უფლებების დათმობა 1895 წლის მაისში მოხდა, ხოლო იმავე წლის აგვისტოში პუჩინიმ მოაწერა ხელი კონტრაქტს, რომლითაც პროექტზე კონტროლი დაიბრუნა.[12]

როლი ხმა საპრემიერო შემადგენლობა (14 იანვარი, 1900)[13]
(დირიჟორი: ლეოპოლდო მუნიონე)[14]
ფლორია ტოსკა, ცნობილი მომღერალი სოპრანო ჰარიკლეა დარკლე
მარიო კავარადოსი, მხატვარი ტენორი ემილიო დე მარკი
ბარონი სკარპია, პოლიციის უფროსი ბარიტონი ეუჯენიო ჯირალდონი
ჩეზარე ანჯელოტი, რომის რესპუბლიკის ყოფილი კონსული ბანი რუჯერო გალი
ეკლესიის მნე ბარიტონი ეტორე ბორელი
სპოლეტა, პოლიციის აგენტი ტენორი ენრიკო ჯორდანო
შარონე, მეორე აგენტი ბანი ჯუზეპე ჯირონი
მეციხოვნე ბანი არისტიდე პარასანი
მწყემსი ბიჭი ბიჭი სოპრანო ანჯელო რიგი
ჯარისკაცები, პოლიციის აგენტები, ეკლესიის მსახური ბიჭუნები, დიდებულები, ქალები, მოქალაქეები, მუშები

შინაარსი

რედაქტირება

ისტორიული კონტექსტი

რედაქტირება
 
მარენგოს ბრძოლა. ლუი-ფრანსუა ლეჟენის ნახატი

ლიბრეტოს მიხედვით, „ტოსკას“ მოქმედება რომში, 1800 წლის ივნისში ხდება.[15] სარდუ, თავის პიესაში, უფრო ზუსტ დათარიღებას იძლევა: La Tosca-ს მოქმედება ვითარდება 1800 წლის 17 ივნისის შუადღიდან 18 ივნისის ადრიან დილამდე.[16]

იტალია დიდი ხნის განმავლობაში დაყოფილი იყო მცირე სახელმწიფოებად. ცენტრალურ იტალიაში პაპის ოლქს რომის პაპი მართავდა. 1796 წელს, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, ნაპოლეონი იტალიაში შეიჭრა, 1798 წლის 11 თებერვალს რომი თითქმის უბრძოლველად აიღო და იქ რომის რესპუბლიკა დააარსა.[17] პაპი პიუს VI დააპატიმრეს და 1798 წლის 20 თებერვალს გადაასახლეს. იგი 1799 წელს, გადასახლებაშივე გარდაიცვალა, ხოლო მისი შემცვლელი, პაპი პიუს VII, რომელიც 1800 წლის 14 მარტს ვენეციაში აირჩიეს, რომში 3 ივლისამდე არ შესულა. ამდენად, „ტოსკაში“ აღწერილი მოქმედებების დროს რომში არც პაპი და არც პაპის მთავრობა იმყოფება. ახალ რესპუბლიკას კონსულები მართავდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ანჯელოტი, რომელიც, შესაძლოა, რეალურად არსებულ კონსულზე, ლიბორიო ანჯელუჩიზე იყოს დაფუძნებული.[18] 1799 წლის სექტემბერში ფრანგებმა, რომლებიც რესპუბლიკას იცავდნენ, რომი დატოვეს.[19] მათი გასვლისთანავე ქალაქი ნეაპოლის სამეფოს მიერ იქნა ოკუპირებული.[20]

1800 წლის მაისში ნაპოლეონმა, რომელიც უკვე საფრანგეთის ერთპიროვნული ლიდერი იყო, კიდევ ერთხელ გადმოლახა ალპები და იტალიაში შევიდა. 14 ივნისს მისი არმია ავსტრიულ ძალებს ალესანდრიის ახლოს, მარენგოს ბრძოლაში შეხვდა. საწყის ეტაპზე წარმატებას ავსტრიელებმა მიაღწიეს და დილის გადასვლამდე ბრძოლის ველს აკონტროლებდნენ. მათმა მეთაურმა, მიხაელ ფონ მელასმა სამხრეთით, რომში, გამარჯვების მაუწყებელი წერილიც გაგზავნა. თუმცა, გვიან ნაშუადღევს ფრანგებს ახალი ძალები შეემატა და ნაპოლეონმა დაღლილ ავსტრიელებს შეუტია. მელასმა თავისი ჯარის ნარჩენებით უწესრიგო უკანდახევა დაიწყო და რომში ახალი, შეცვლილი უწყება გაგზავნა.[21] ნეაპოლელებმა რომი მიატოვეს[22] და მომდევნო თოთხმეტი წლის განმავლობაში ქალაქს ფრანგები მართავდნენ.[23]

I მოქმედება

რედაქტირება

სანტ-ანდრეა დელა ვალეს ეკლესია

ჩეზარე ანჯელოტი, რომის რესპუბლიკის ყოფილი კონსული და ამჟამად, გაქცეული პატიმარი, ეკლესიაში შერბის და ატავანტების კერძო სამლოცველოში იმალება, რომლის გასაღებიც დამ, მარკიზა ატავანტიმ მადონას ქანდაკების ფეხებთან დაუტოვა. ეკლესიის მოხუცი მნე შემოდის და დალაგებას იწყებს, ხოლო „Angelus Domini-ს“ გაგონებისას სალოცავად იჩოქებს.

შემოდის მხატვარი მარიო კავარადოსი, რათა მარიამ მაგდალინელის ფრესკაზე მუშაობა განაგრძოს. მნე ამჩნევს მსგავსებას პორტრეტსა და ახალგაზრდა ქერათმიან ქალს შორის, რომელიც ბოლო ხანებში მოდიოდა ეკლესიაში, (თუმცა არ იცის, რომ ის მარკიზაა, ანჯელოტის და). კავარადოსი აღწერს „ფარულ ჰარმონიას“ (Recondita armonia) კონტრასტში პორტრეტზე გამოსახულ ქერა ლამაზმანსა და მის შავთმიან საყვარელს, ფლორია ტოსკას შორის. მნე უკმაყოფილებას გამოხატავს და გადის.

გამოდის ანჯელოტი, რომელიც კავარადოსის, რესპუბლიკისადმი სიმპათიით განწყობილ ძველ მეგობარს, ატყობინებს, რომ პოლიციის უფროსი, ბარონი სკარპია უდგას კვალში. კავარადოსი დაღამებისას დახმარებას ჰპირდება. ისმის ტოსკას ხმა, რომელიც კავარადოსის ეძახის. მხატვარი ანჯელოტის თავის საჭმლით სავსე კალათას აძლევს და ისიც სასწრაფოდ ბრუნდება სამალავში.

შემოდის ტოსკა და ეჭვიანად ეკითხება კავარადოსის, თუ რას აკეთებდა, (ფიქრობს, რომ იგი სხვა ქალს ესაუბრებოდა). კავარადოსი ამშვიდებს, ხოლო ტოსკა ცდილობს საღამოს ვილაში წასვლაზე დაითანხმოს (Non la sospiri, la nostra casetta, „ნუთუ არ გენატრება ჩვენი პატარა სახლი“). შემდეგ კი გამოხატავს ეჭვიანობას ფრესკაზე გამოსახულ ქალზე, რომელშიც მარკეზა ატავანტის ამოიცნობს. კავარადოსი აუხსნის მსგავსების მიზეზს, რომ მან უბრალოდ ლოცვისას დაინახა მარკიზა და არწმუნებს თავის ერთგულებაში (Qual'occhio al mondo..., „ამქვეყნად რომელი თვალები“).

ტოსკას წასვლისთანავე ანჯელოტი გამოდის და მხატვარს გაანდობს თავის გეგმას, გაიქცეს ქალის ტანსაცმლით, რომელიც დამ დაუტოვა სამლოცველოში. კავარადოსი თავისი ვილის გასაღებს აძლევს და სთავაზობს, ბაღში არსებულ გამოუსადეგარ ჭაში დაიმალოს. ქვემეხის გასროლა ამცნობთ, რომ ანჯელოტის გაქცევა აღმოჩენილია. ის და კავარადოსი სასწრაფოდ გადიან ეკლესიიდან.

მნე გუნდთან ერთად ბრუნდება. ისინი მარენგოს ბრძოლაში ნაპოლეონის დამარცხების ამბავს ზეიმობენ. ზეიმს უეცრად წყვეტს სკარპიას შემოსვლა თავის მარჯვენა ხელთან – სპოლეტასთან და პოლიციის სხვა აგენტებთან ერთად. მათ შეიტყვეს, რომ ანჯელოტიმ თავშესაფარი ამ ეკლესიაში იპოვა. სკარპია ჩხრეკას ბრძანებს, რის შედეგადაც სამლოცველოში აღმოჩნდება ცარიელი საჭმლის კალათა და მარაო, რომელზეც ატავანტების გერბია გამოსახული. სკარპია მნეს დაკითხავს და მისი ეჭვები კიდევ უფრო გამძაფრდება, როცა ეკლესიაში კავარადოსის ყოფნის შესახებ შეიტყობს. იგი არ ენდობა მხატვარს და ფიქრობს, რომ იგი ანჯელოტის გაქცევის ხელშემწყობია.

როცა ტოსკა საყვარლის საძებნელად ბრუნდება, სკარპია მოხერხებულად აღვივებს მასში ეჭვებს, თითქოს მხატვარს და მარკიზა ატავანტის სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ. ის ტოსკას ყურადღებას მარაოზე ამახვილებს და გამოთქვამს მოსაზრებას, რომ შეყვარებულები სამოცველოში მოულოდნელად იპოვა ვიღაცამ. ტოსკა ებმება ამ მახეში და კავარადოსისთვის პასუხის მოსათხოვნად მიდის. სკარპია უბრძანებს სპოლეტას და მის აგენტებს, ქალს უკან გაჰყვნენ (Tre sbirri, una carrozza, presto…, „სამი კაცი, კარეტა, სწრაფად...“), ფიქრობს რა, რომ ტოსკა კავარადოსიმდე და ანჯელოტიმდე მიიყვანს. საზეიმო პროცესიის დროს, რომელზეც გუნდი „Te Deum-ს“ ასრულებს, სკარპია ამჟღავნებს თავის სურვილს, სიკვდილით დასაჯოს კავარადოსი და დაეუფლოს ტოსკას, რის შემდეგაც გუნდს ლოცვაში უერთდება.

II მოქმედება

რედაქტირება

სკარპიას აპარტამენტები ფარნეზეს სასახლეში, იმავე საღამოს

ვახშმობისას, სკარპია ტოსკას უგზავნის ბარათს, რომლითაც თავის აპარტამენტებში ეპატიჟება და ელის, რომ ორივე საწადელს მალე აისრულებს. შემოდის მისი აგენტი, სპოლეტა და მოახსენებს, რომ ანჯელოტი მიმალვაში რჩება, თუმცა დაკავებულია კავარადოსი. იგი შემოჰყავთ და იწყება დაკითხვა. მხატვარი დაჟინებით უარყოფს კავშირს ანჯელოტის გაქცევასთან, სასახლის სხვა ნაწილიდან კი ისმის საზეიმო კანტატა ტოსკას შესრულებით.

ტოსკა სწორედ იმ დროს შემოდის, როცა კავარადოსი მომიჯნავე ოთახში გაჰყავთ. მხატვარი მხოლოდ მის გაფრთხილებას ასწრებს, რომ არაფერი წამოსცდეს. ცოტა ხანში სკარპია ეუბნება ტოსკას, რომ მას შეუძლია საყვარლის გადარჩენა, თუ ანჯელოტის ადგილსამყოფელს გათქვამს. ის წინააღმდეგობას უწევს, მაგრამ კავარადოსის წამების ხილვა, საბოლოოდ, გატეხავს და ეუბნება სკარპიას, ეძებოს დევნილი კავარადოსის ვილის ეზოში დამალულ ჭაში.

სკარპია წამების შეწყვეტას ბრძანებს და დასისხლიანებულ მხატვარს ოთახში შემოათრევენ. მას ანადგურებს იმის გაგება, რომ ტოსკამ უღალატა. ამ დროს შარონეს, კიდევ ერთ აგენტს, ახალი ამბავი შემოაქვს: მარენგოს ბრძოლა, სინამდვილეში, წაგებულია და ფრანგები რომისკენ მოდიან. კავარადოსი თავს ვეღარ იკავებს გამარჯვების აღნიშვნისგან და სკარპიას ეუბნება, რომ ტერორზე დამყარებული მისი მმართველობა მალე დასრულდება. ეს საკმარისია პოლიციისთვის მის დანაშაულში დასარწმუნებლად და სკარპიას ბრძანებით, მხატვარი ჩამოსახრჩობად გაჰყავთ.

სკარპია მასთან მარტოდ დარჩენილ ტოსკას გარიგებას სთავაზობს: თუ ქალი დანებდება, კავარადოსის გაათავისუფლებს. ტოსკა, შეძრწუნებული, თავიდან იცილებს, ვიდრე გარედან შემოსული ბარაბნების ხმა სკვდილით დასჯისთვის მზადებას არ ამცნობთ. სკარპია მის გადაწყვეტილებას ელოდება, ტოსკა კი ლოცულობს, ეკითხება ღმერთს, თუ რატომ მიატოვა გაჭირვების ჟამს (Vissi d'arte, „ვცხოვრობდი ხელოვნებით“). იგი ცდილობს სკარპიას ფული შესთავაზოს, მაგრამ მას ასეთი გარიგება არ აინტერესებს, მას თავად ტოსკა უნდა.

სპოლეტა ბრუნდება და აცხადებს, რომ ანჯელოტიმ აღმოჩენისას თავი მოიკლა, ხოლო კავარადოსის სიკვდილით დასასჯელად ყველაფერი მზადაა. სკარპია ანჯელოტის გვამის სახრჩობელაზე ჩამოკიდებას ბრძანებს, ხოლო მხატვართან დაკავშირებით თავს იკავებს და პასუხის მისაღებად შეხედავს ტოსკას, რომელიც, სასოწარკვეთილი, თანხმობას ანიშნებს. სკარპია უბრძანებს სპოლეტას, მოაწყოს დადგმული დახვრეტა და განსაკუთებით უვამს ხაზს: „როგორც გრაფი პალმიერის შემთხვევაში გავაკეთეთ“, რასაც სპოლეტაც იმეორებს და გადის.

ტოსკა დაჟინებით ითხოვს სკარპიასგან საბუთს რომის უსაფრთხოდ დასატოვებლად კავარადოსისთან ერთად, რაზეც სკარპია იოლად თანხმდება და თავისი საწერი მაგიდისკენ მიდის. მის მიერ დოკუმენტის შედგენის დროს ტოსკა ვახშმის მაგიდიდან დანას იპარავს. სკარპია ტრიუმფით მიდის მისკენ და მკლავებში იქცევს, რა დროსაც ტოსკა სასიკვდილოდ დაჭრის (Questo è il bacio di Tosca!, „ეს არის ტოსკას კოცნა!“). როცა მის სიკვდილში დარწმუნდება, ტოსკა მწუხარედ ამბობს: „ახლა კი ვპატიობ“, ჯიბიდან აცლის საბუთს, ანთებს სანთლებს და გასვლამდე, მის ცხედარზე ჯვარცმას ათავსებს.

III მოქმედება

რედაქტირება

ანგელოზის ციხესიმაგრე, გამთენიისას

 
ანგელოზის ციხესიმაგრე (Castel Sant'Angelo). XVIII საუკუნის ნახატი

ცისკრის ლოცვის ზარების პარალელურად ისმის მწყემსი ბიჭის სიმღერა რომაულ დიალექტზე (Io de' sospiri). მცველებს შემოჰყავთ კავარადოსი და ატყობინებენ, რომ სიცოხლის მხოლოდ ერთი საათი დარჩა. იგი უარს აცხადებს მღვდლის ნახვაზე და ითხოვს ნებართვას, წერილი მისწეროს ტოსკას, წერის დროს კი მოგონებები მოეძალება (E lucevan le stelle, „ვარსკვლავნი ენთნენ“).

შემოდის ტოსკა და აჩვენებს საბუთს, რომლითაც ქალაქიდან გასვლას შეძლებენ და უმხელს, რომ სკარპია მოკლა და სიკვდილით დასჯა დადგმულია. კავარადოსიმ სიკვდილი უნდა გაითამაშოს, რის შემდეგაც ორივე გაიქცევა, სანამ სკარპიას ცხედარს აღმოაჩენენ. კავარადოსი მისი ნაზი საყვარლის სიმამაცით გაოგნებულია (O dolci mani, „ო, ტკბილი ხელები“). წყვილი აღტაცებით წარმოიდგენს ცხოვრებას რომიდან შორს, შემდეგ კი ტოსკა არიგებს, თუ როგორ გაითამაშოს სიკვდილი, როცა ფუჭი ტყვიებით დახვრეტენ. კავარადოსი ჰპირდება, რომ ისე წაიქცევა, „როგორც ტოსკა თეატრში“.

კავარადოსი გაჰყავთ, ტოსკა კი სულ უფრო მოუთმენლად აკვირდება სიკვდილით დასჯის მომზადებას. კავარადოსის ესვრიან, იგი ეცემა და ტოსკა წამოიძახებს (Ecco un artista!, „რა მსახიობია!“). როცა უკანასკნელი ჯარისკაციც გავა, იგი მიდის კავარადოსისთან და აღმოაჩენს, რომ სკარპიამ მოატყუა – დახვრეტა ნამდვილი იყო.

გაისმის სპოლეტას, შარონეს და სხვა ჯარისკაცების ხმები, რომ სკარპია მკვდარია და ის ტოსკამ მოკლა. მათი შემოსვლისას ქალი დგება, გაურბის აგენტებს და პარაპეტზე ადის. სიტყვებით „O Scarpia, Avanti a Dio!“ („ო, სკარპია, შევხვდებით ღვთის წინაშე!”), ტოსკა ციხე-სიმაგრიდან გადახტომით თავს იკლავს.

შექმნის პროცესი

რედაქტირება

სარდუს ხუთმოქმედებიან პიესაში La Tosca დიდი რაოდენობით დიალოგი და ექსპოზიციაა მოცემული. მისი ზოგადი მონახაზი ოპერის სიუჟეტშიც მეორდება, თუმცა, დრამა ბევრად მეტ პერსონაჟს და დეტალს შეიცავს. პიესაში შეყვარებული წყვილი ფრანგია: ფლორია ტოსკას პერსონაჟი ბერნარის პიროვნებაზეა დაფუძნებული, ხოლო მისი საყვარელი, კავარადოსი, რომაული წარმოშობისაა, თუმცა პარიზშია დაბადებული. ილიკას და ჯუზეპე ჯაკოზას, დრამატურგს, რომელიც მოგვიანებით შეუერთდა პროექტს ტექსტების დასახვეწად, არა მხოლოდ პიესის მნიშვნელოვნად შეკვეცა მოუხდათ, არამედ პერსონაჟთა მოტივების და ქმედებების იტალიური ოპერის მოთხოვნებისთვის მისადაგებაც.[24] ჯაკოზა და პუჩინი შეკვეცის პროცესში გამუდმებით კამათობდნენ, რაც ჯაკოზას აფიქრებინებდა, რომ პუჩინის სინამდვილეშ პროექტის დასრულება არ სურდა.[25]

 
თავდაპირველი, 1899 წელს გამოცემულ ლიბრეტოს ყდა

ლიბრეტოს პირველი ესკიზი, რომელიც პუჩინისთვის ილიკამ მოამზადა, მრავალი წლის განმავლობაში დაკარგული იყო და 2000 წელს ხელახლა აღმოჩნდა. იგი საკმაოდ განსხვავდება ფინალური ვერსიისგან, შედარებით ნაკლებად პირველ ორ აქტში და მნიშვნელოვნად – მესამეში. რომაული განთიადის აღწერა მოქმედების დასაწყისში აქ ბევრად ხანგრძლივია, ხოლო კავარადოსის ტრაგიკულ არიას (დღევანდელი E lucevan le stelle) სხვა სიტყვები აქვს. 1896 წლის ვერსიაში, ასევე, მოცემულია განსხვავებული დასასრული, სადაც ტოსკა კი არ კვდება, არამედ ჭკუიდან იშლება. ფინალურ სცენაში მას საყვარლის თავი კალთაში უდევს და წარმოიდგენს, რომ მასთან ერთად გონდოლაში ზის.[26] სარდუმ ამ ცვლილების განხილვაზე უარი განაცხადა. იგი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ტოსკას, ისე, როგორც პიესაში, პარაპეტიდან გადახტომით თავი უნდა მოეკლა.[27] პუჩინი ეთანხმებოდა. მისი აზრით, სიგიჟის სცენა აუდიტორიას დასრულების შეგრძნებას გაუჩენდა და ისინი გასახდელებისკენ დაიწყებდნენ წასვლას. ლიბრეტისტებზე პუჩინის მძიმე ზეწოლის გამო ჯაკოზა პროექტიდან წასვლით არაერთგზის დაიმუქრა.[28] ლიბრეტისტები იმედოვნებდნენ, რომ ვერსია, რომელიც 1898 წელს გადასცეს კომპოზიტორს, საბოლოო იქნებოდა.[29]

პუჩინიმ ამ ოპერაზე უმნიშვნელოდ იმუშავა 1897 წელს, რომელიც მეტწილად „ბოჰემას“ წარმოდგენებს დაუთმო.[29] „ტოსკას“ ხელნაწერი პარტიტურის პირველი გვერდი შეიცავს მოტივს, რომელიც მოგვანებით სკარპიასთან გახდება ასოცირებული და იგი 1898 წლის იანვრით თარიღდება.[30] პუჩინის მოთხოვნით და დიდი უკმაყოფილებით, ჯაკოზამ I მოქმედების დუეტისთვის ახალი ტექსტი დაწერა. აგვისტოში კომპოზიტორმა ოპერიდან რამდენიმე ნომერი ამოიღო. ბიოგრაფ მერი ჯეინ ფილიპს-მაცის მიხედვით, მან „Tosca ძვლებამდე გააშიშვლა და დატოვა სამი ძლიერი პერსონაჟი უჰაერო, ძალადობრივ, მჭიდროდ შეკრულ მელოდრამაში, სადაც ლირიკულობისთვის ძალიან ცოტა ადგილი იყო დარჩენილი“.[31] წლის ბოლოსთვის პუჩინი ოპერაზე თავდაუზოგავად მუშაობდა (იტალ. „Mi rompo i coglioni.“ ინგლ. „I am busting my balls”)

პუჩინიმ კლერიკალ მეგობრებს სთხოვა, მიეწოდებინათ სიტყვები, რომელიც მრევლს უნდა ეთქვა I აქტის „Te Deum-ის“ დასაწყისში, თუმცა მათი მოწოდებული ვარიანტებიდან არცერთი არ მოეწონა და აღნიშნული სიტყვები ბოლოს თავად დაწერა.[31] „Te Deum-ის“ მუსიკისთვისვე გამოიკვლია მელოდიები, რომლებითაც ამ საგალობელს რომის ეკლესიებში იმ პერიოდში ასრულებდნენ და სურდა ავთენტურად გადმოეცა კარდინალის პროცესია, შვეიცარიელი მცველების უნიფორმების ჩათვლით.[28] ამ ნომრის მუსიკა ზუსტად შეუსაბამა წმ. პეტრეს ბაზილიკის დიდი ზარის ბგერით სიმაღლეს[32] და ასეთივე სკრუპულოზური იყო III მოქმედების შესავლის მუსიკისთვისაც, რომელშიც რომი საეკლესიო ზარების ხმაზე იღვიძებს.[32] იგი რომშიც ჩავიდა და ანგელოზის ციხესიმაგრეზეც ავიდა, რათა გაეზომა, თუ როგორ ისმოდა დილის ლოცვის ზარების ხმა მისი ქონგურებიდან.[28] რომაული განთიადის ამ სცენისთვის ზარები საგანგებო შეკვეთით ჩამოასხმევინა ოთხ სხვადასხვა საამქროში.[33] როგორც ჩანს, ამას სასურველი ეფექტი არ მოჰყოლია, რადგან ილიკამ პრემიერის მეორე დღეს რიკორდის მისწერა: „მთელი ეს აურზაური და უამრავი ფული, რომელიც ზარებზე დაიხარჯა, მორიგი სისულელე აღმოჩნდა, რადგან ისინი ვერავინ შეამჩნია“.[34] ზარები საოპერო თეატრებისთვის დღესაც დამატებითი ხარჯის და ზრუნვის საგანია „ტოსკას“ დადგმისას.[27]

II მოქმედებისთვის, სადაც ტოსკა სცენის მიღმა კანტატას ასრულებს ნაპოლეონის „დამარცხების“ აღსანიშნავად, პუჩინის სურდა სარდუს ტექსტს გაჰყოლოდა და ჯოვანი პაიზიელოს მუსიკა გამოეყენებინა, თუმცა, ბოლოს, გადაიფიქრა და თვითონვე დაწერა პაიზიელოს მუსიკის იმიტაცია.[35]

პარტიტურის ბოლო გვერდის აღნიშვნა მან მხოლოდ 1899 წლის 29 სექტემბერს შეძლო. აღნიშვნის მიუხედავად, გარკვეული სამუშაო კიდევ იყო ჩასატარებელი,[36] მაგალითად, მწყემსი ბიჭის სიმღერა III მოქმედების დასაწყისში. პუჩინი ყოველთვის ცდილობდა, ნაწარმოებში ადგილობრივი კოლორიტი ყოფილიყო, ამიტომ სიმღერისთვის ტექსტი რომაულ დიალექტზე უნდოდა, რომლისთვისაც პოეტის მოძებნა მეგობარს სთხოვა. საბოლოოდ, პოეტმა და ფოლკლორისტმა, ლუიჯი „ჯიჯი“ ძანაძომ დაწერა ლექსი, რომელიც მცირე მოდიფიკაციის შემდეგ, ოპერაში მოხვდა.[36]

1899 წლის ოქტომბერში რიკორდიმ შენიშნა, რომ III აქტის დუეტის (O dolci mani) მუსიკა ნასესხები იყო პუჩინის ადრინდელი ოპერიდან „ედგარი“ და მისი შეცვლა მოითხოვა. კომპოზიტორმა თავისი პოზიცია დაიცვა იმ მოსაზრებით, რომ მუსიკა კარგად გამოხატავდა კავარადოსის გრძნობებს იმ მომენტში და გამომცემელს შესთავაზა, რომ მილანში ჩავიდოდა და დასამტკიცებლად, III მოქმედებას დაუკრავდა და უმღერებდა.[37] რიკორდი აღფრთოვანებული დარჩა III მოქმედების დასრულებული პრელუდიით, რომელიც ნოემბრის დასაწყისში მიიღო და პოზიცია შეარბილა, თუმცა დუეტის მუსიკით მაინც უკმაყოფილო იყო.[38] ნებისმიერ შემთხვევაში, ოპერის პრემიერა 1900 წლის იანვარში იყო დაგეგმილი და ცვლილებებისთვის დრო აღარ რჩებოდა.[39]

გამოხმაურება და შესრულების ისტორია

რედაქტირება

პრემიერა

რედაქტირება

1899 წლის დეკემბრისთვის რომის საოპერო თეატრში (მაშინდელი Teatro Costanzi) უკვე „ტოსკას“ რეპეტიციები მიმდინარეობდა.[40] მოქმედების ლოკაციის გამო რიკორდიმ პრემიერა რომში მოაწყო,[28] მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო დირიჟორობას ვეღარ შეძლებდა არტურო ტოსკანინი, როგორც ამას პუჩინი იმედოვნებდა, რადგან ის მთლიანად მილანში, ლა სკალაში იყო დაკავებული. დირიჟორობა, მის ნაცვლად, ლეოპოლდო მუნიონეს მიანდეს. მთავარ როლზე სრულყოფილი (თუმცა ტემპერამენტული) სოპრანო ჰარიკლეა დარკლე აირჩიეს, პირველი სკარპია კი ეუჯენიო ჯირალდონი გახდა, რომლის მამასაც ვერდის არაერთი პრემიერა ჰქონდა ნამღერი. კავარადოსის პერსონაჟის შექმნას ახალგაზრდა ენრიკო კარუზო იმედოვნებდა, თუმცა მასზე უარი თქვეს და როლი უფრო გამოცდილ ემილიო დე მარკის მიანდეს.[40] სპექტაკლის რეჟისორი ნინო ვანიუცი უნდა ყოფილიყო, ხოლო სცენის დიზაინი ადოლფო ჰოენშტაინს ეკუთვნოდა.[41]

პრემიერამდე რამდენიმე წლის განმავლობაში იტალიაში პოლიტიკური და სოციალური არეულობა სუფევდა. 1899 წლის დეკემბერში, საიუბილეო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რომში უამრავმა მორწმუნემ მოიყარა თავი და ამასთან, ანარქისტებისგან და სხვა ანტიკლერიკალებისგან მომდინარე საფრთხეც გაიზარდა. პოლიციამ მიიღო გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ანარქისტები თეატრში აფეთქების მოწყობას აპირებდნენ. მათ დაარიგეს მუნიონე, რომელიც ერთხელ უკვე იყო გადარჩენილი თეატრის აფეთქებას ბარსელონაში,[42] რომ საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში იტალიის მაშინდელი ჰიმნი დაეკრა.[43] არეულობის გამო პრემიერა ერთი დღით, 14 იანვრამდე გადაიდო.[44]

1900 წლისთვის პუჩინის ოპერის პრემიერა ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა იყო.[43] მას ბევრი წარჩინებული რომაელი დაესწრო, ისევე, როგორც დედოფალი მარგერიტა, რომელიც გვიან, I მოქმედების მერე მოვიდა.[42] დამსწრეთა შორის იყო იტალიის პრემიერ-მინისტრი ლუიჯი პელუ და მისი კაბინეტის რამდენიმე წევრი.[44] იქვე იმყოფებოდა პუჩინის რამდენიმე კონკურენტიც, მათ შორის, ფრანკეტი, პიეტრო მასკანი, ფრანჩესკო ჩილეა და ილდებრანდო პიცეტი. ფარდის აწევიდან ცოტა ხნის შემდეგ აუდიტორიის უკან ხმაური ატყდა, რაც დაგვიანებულებით იყო გამოწვეული, რომლებიც თეატრში შემოღწევას ცდილობდნენ და ფარდის დაშვებას ითხოვდნენ, რის გამოც მუნიონემ ორკესტრი გააჩერა.[42] რამდენიმე წუთში ოპერა ხელახლა დაიწყო და შეუფერხებლად გაგრძელდა.[42]

წარმოდგენა ისეთი ტრიუმფი არ ყოფილა, როგორსაც პუჩინი იმედოვნებდა, თუმცა, ზოგადად, წარმატებული იყო და რამდენიმე ნომერი ბისზეც შესრულდა.[42] კრიტიკული გამოხმაურება გულგრილი იყო, რაშიც, მეტწილად, ილიკას ლიბრეტოს ადანაშაულებდნენ. პასუხად, ილიკამ პუჩინი დაგმო და განაცხადა, რომ ის ლიბრეტისტებს უბრალო ასისტენტებივით ეპყრობოდა და თავდაპირველი ტექსტისგან მისი აჩრდილიღა იყო დატოვებული.[45] მიუხედავად ამისა, „ტოსკას“ შესახებ ნებისმიერი ეჭვი მალევე გაქარწყლდა. პრემიერას ოცი წარმოდგენა მოჰყვა, ყველა მათგანი სავსე დარბაზებში.[46]

შემდგომი წარმოდგენები

რედაქტირება

ლა სკალას პრემიერას, 1900 წლის 17 მარტს, ტოსკანინი დირიჟორობდა. დარკლემ და ჯირალდონიმ კვლავ მოირგეს როლები, ხოლო კავარადოსის როლში დე მარკი გამოჩენილმა ტენორმა, ჯუზეპე ბორგატიმ შეცვალა. ოპერას მილანში უდიდესი წარმატება ხვდა წილად და მუდამ სავსე დარბაზში სრულდებოდა.[47] ბრიტანული პრემიერა სამეფო ოპერის თეატრში (Covent Garden) 12 ივლისს გაიმართა. ლონდონში ამ დღისთვის კომპოზიტორიც იყო ჩასული. განწირული საყვარლების როლს მიკლა ტერნინა და ფერნანდო დე ლუჩია ასრულებდნენ, ხოლო სკარპიას როლს – ანტონიო სკოტი. პუჩინი წერდა, რომ ლონდონის „ტოსკა“ „სრული ტრიუმფი“ იყო, ხოლო რიკორდის ადგილობრივმა წარმომადგენელმა სასწრაფოდ გააფორმა კონტრაქტი ოპერის ნიუ-იორკში წასაღებად. მეტროპოლიტენ ოპერაში პრემიერა 1901 წლის 4 თებერვალს შედგა. ლონდონის შემადგენლობიდან ერთადერთი ცვლილება ჯუზეპე კრემონინი იყო, რომელმაც დე ლუჩია შეცვალა.[48] ოპერის ფრანგული პრემიერისთვის, რომელიც Opéra-Comique-ში 1903 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა, სცენურ რეჟისურაზე პასუხისმგებლობა მთლიანად 72 წლის სარდუმ აიღო. პუჩინი აღფრთოვანებული იყო პარიზული პუბლიკის რეაქციით, კრიტიკოსების მტრული კომენტარების მიუხედავად. ამას მოჰყვა „ტოსკას“ პრემიერები ევროპის, ამერიკის ორივე კონტინენტის, ავსტრალიის და შორეული აღმოსავლეთის სცენებზე.[49] I მსოფლიო ომის დაწყებამდე (1914) ოპერა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქალაქში იყო შესრულებული.[13]

ტოსკას როლის ერთ-ერთი პირველი გამორჩეული შემსრულებელი იყო ემი დესტინი, რომელიც ხშირად ასრულებდა პარტიას თავის რეგულარულ სასცენო პარტნიორთან, ენრიკო კარუზოსთან ერთად.[50] მარია იერიცამ, მეტროპოლიტენში და ვენაში სიმღერის მრავალი წლის განმავლობაში როლს საკუთარი, დამახასიათებელი ელფერი შესძინა და გადმოცემით, პუჩინის ფავორიტი ტოსკა იყო.[51] იერიცა იყო პირველი, რომელმაც Vissi d'arte დაჩოქილ პოზაში იმღერა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ სპექტაკლში სკარპიასგან თავის დახსნის მცდელობისას შემთხვევით წაიქცა. ამას დიდი წარმატება მოჰყვა და შემდგომში იერიცა ამ არიას ყოველთვის იატაკზე მღეროდა.[52] მისი მემკვიდრეებიდან ოპერის ენთუზიასტები საუკეთესო ტოსკად მარია კალასს მიიჩნევენ, მეტწილად, მისი 1964 წლის ლონდონის სამეფო ოპერის სპექტაკლის გამო, სადაც სკარპიას როლში ტიტო გობი უწევდა პარტნიორობას.[51] ეს დადგმა, ფრანკო ძეფირელის დირიჟორობით, Covent Garden-ში 40 წელზე მეტხანს გამოიყენებოდა, ვიდრე 2006 წელს ახალი დადგმის პრემიერა არ განხორციელდა, სადაც მთავარ როლში ანჯელა გეორგიუ იყო. კალასს პირველი ტოსკა 18 წლის ასაკში, ბერძნულ ენაზე ჰქონდა ნამღერი საბერძნეთის ეროვნულ ოპერაში, ათენში, 1942 წლის 27 აგვისტოს.[53] ტოსკა იყო მისი ბოლო სასცენო როლიც სპეციალურ საქველმოქმედო წარმოდგენაში ლონდონის სამეფო თეატრში, 1965 წლის 7 მაისს.[54]

არატრადიციული დადგმებიდან აღსანიშნავია ლუკა რანკონის 1996 წლის ვერსია ლა სკალაში, სადაც სცენის დამახინჯებული და ტეხილი დიზაინია გამოყენებული პერსონაჟების ბედის გადმოსაცემად. Maggio Musicale Fiorentino-ს 49-ე ფესტივალისთვის (1986) ჯონათან მილერმა მოქმედება 1944 წელს, ნაცისტების მიერ ოკუპირებულ რომში გადაიტანა, სადაც სკარპია ფაშისტური პოლიციის უფროსად გვევლინება.[55] 2007 წელს, ბრეგენცის ფესტივალის ტბის სცენაზე წარმოდგენილ დადგმაში, რომელიც რეჟისორიც ფილიპ ჰიმელმანი იყო, I მოქმედებაში დომინირებდა უზარმაზარი ორველისეული „დიდი ძმის“ თვალი, რომელიც დროდადრო იხსნებოდა და სცენის უკან სურრეალისტურ სურათებს აჩვენებდა. სცენის დიზაინი იოჰანეს ლაიაკერს ეკუთვნოდა. ამ დადგმაში მოქმედება თანამედროვე სიცილიური მაფიის შიგნით ვითარდება და მისი სპეცეფექტები „ჯეიმზ ბონდის ფილმსაც დაამშვენებდა“.[56]

 
რობერტო ალანია კავარადოსის როლში, Covent Garden, 2014

1992 წლის სატელევიზიო ვერსია პუჩინის მიერ მითითებულ ადგილებში და დღის მონაკვეთებში შესრულდა. მასში კატერინ მალფიტანო, პლასიდო დომინგო და რუჯერო რაიმონდი მონაწილეობდნენ და ევროპის მასშტაბით ცოცხალ რეჟიმში გადაიცემოდა.[57]

ლუჩანო პავაროტიმ, რომელიც კავარადოსის 1970-იანი წლების ბოლოდან მღეროდა, მონაწილეობა მიიღო სპეციალურ პერფორმანსში 2000 წლის 14 იანვარს, რომში, ოპერის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. სპექტაკლს პლასიდო დომინგო დირიჟორობდა. პავაროტის ბოლო სასცენო როლიც კავარადოსი იყო, მეტროპოლიტენში, 2004 წლის 13 მარტს.[58]

ადრეული ტენორები კავარადოსის პარტიას ისე ასრულებდნენ, თითქოს პერსონაჟს სჯეროდა, რომ „დადგმულ“ სიკვდილით დასჯას გადაურჩებოდა. ბენიამინო ჯილი, რომელმაც ეს როლი ბევრჯერ შეასრულა ორმოცწლიანი საოპერო კარიერის განმავლობაში, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაასკვნა, რომ მხატვარმა იცის, ან ძლიერი ეჭვი აქვს, რომ სინამდილეში, დახვრეტენ. ჯილი ავტობიოგრაფიაშიც წერს: „იგი დარწმუნებულია, რომ ეს ამქვეყნად მათი ერთად ყოფნის უკანასკნელი წუთებია და მას სიკვდილი ელის“.[59] დომინგო, როლის უმთავრესი შემსრულებელი 1970-იან და 1980-იან წლებში, ეთანხმებოდა და 1985 წელს ინტერვიუშიც განაცხადა, რომ როლს უკვე დიდი ხანი იყო, ამ გააზრებით ასრულებდა.[59] გობი, რომელიც თავის ბოლო წლებში ხშირად მუშაობდა ოპერაზე რეჟისორის რანგში, ამბობდა: „ფლორიასგან განსხვავებით, კავარადოსიმ იცის, რომ სკარპია არასდროს ნებდება, თუმცა თავს აჩვენებს, რომ სჯერა, რათა ტოსკას ტკივილი დროებით აარიდოს თავიდან.“[59]

კრიტიკული გამოხმაურება

რედაქტირება

„ტოსკას“ ხანგრძლივ პოპულარობას კრიტიკოსთა ენთუზიაზმი თან ყოველთვის არ ახლდა. პრემიერის შემდეგ, იპოლიტო ვალეტა „Nuova antologia-ში“ წერდა: „პუჩინის პალიტრაში ყველანაირი ფერი და შუქ-ჩრდილი მოიპოვება, ტექსტურა სრულიად მოქნილია, არის უთვალავი ხმოვანი გრადაცია და ყველა შეხამება ყურისთვის სასიამოვნოა.“[46][60] თუმცა, ერთმა კრიტიკოსმა II მოქმედება დაახასიათა, როგორც ზედმეტად გრძელი და მრავალსიტყვიერი; სხვამ გაიმეორა ილიკას და ჯაკოზას კრიტიკა და განაცხადა, რომ მოქმედების სისწრაფე ლირიკულობის ადგილს აღარ ტოვებდა, რაც მუსიკისთვის დიდი ნაკლი იყო. კიდევ ერთმა კრიტიკოსმა ოპერას „ხმაურის სამი საათი“ უწოდა.[61]

უფრო დადებითად შეხვდნენ ნაწარმოებს ლონდონში. „The Times-მა“ პუჩინის „სევდის გადმოცემის ოსტატი“ უწოდა და დადებითად შეაფასა „გასაოცარი ოსტატობა და მუსიკის მდგრადი ძალა“.[62] „The Musical Times-მა“ პუჩინის მუსიკა გულწრფელობის და გამომსხველობისთვის შეაქო.[63]

1903 წლის პარიზის პრემიერის შემდეგ კომპოზიტორი პოლ დიუკა თვლიდა, რომ ნაწარმოებს ერთიანობა და სტილი აკლდა, ხოლო გაბრიელ ფორე შეურაცხყოფილი იყო მისი „ვულგარულობით“.[49][62] 1950-იან წლებში ახალგაზრდა მუსიკათმცოდნემ, ჯოზეფ კერმანმა „ტოსკას“ „ძონძებში გახვეული პატარა სკანდალი“ უწოდა.[1] პასუხად, დირიჟორმა ტომას ბიჩემმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი რამ, რასაც კერმანი ამბობს პუჩინიზე, „მშვიდად შეგვიძლია უგულვებელვყოთ“.[64] პრემიერიდან ნახევარი საუკუნის თავზე ვეტერანი კრიტიკოსი, ერნესტ ნიუმენი, თუმცაღა, აღიარებდა „უზარმაზარ სირთულეს, რაც სარდუს პიესის ოპერის ზომამდე შემცირებას უკავშირდება“, ფიქრობდა, რომ ორიგინალური სიუჟეტის ნიუანსები ცუდად იყო გადმოცემული და „დიდი ნაწილი იმისა, თუ რა ხდება და რატომ, მაყურებლისთვის გაუგებარი რჩება“.[65] თუმცა, საერთო ჯამში, ნიუმენის შეფასება დადებითი იყო: „პუჩინის ოპერები, რაღაც დონეზე, მხოლოდ ტრიუკების ნაკრებია, თუმცა, ეს ტრიუკები მასავით კარგად სხვას არავის გამოსვლია“.[66] ოპერის მკვლევარი ჯულიან ბადენი შენიშნავს, რომ პუჩინი „პოლიტიკური ელემენტის გამოყენებაში არაკომპეტენტურია“, თუმცა მაინც აქებს ნაწარმოებს, როგორც „წმინდად თეატრალურ ტრიუმფს“.[67] მუსიკის კრიტიკოსი ჩარლზ ოზბორნი მსმენელთა შორის „ტოსკას“ უზომო პოპულარობას მიაწერს მისი მელოდრამატული სიუჟეტის ეფექტურობას, სამი მთავარი პერსონაჟის შესაძლებლობას, წარმოაჩინონ თავიანთი ვოკალური და დრამატული ბრწყინვალება და ოპერაში არსებულ ორ დიდებულ არიას: Vissi d'arte და E lucevan le stelle.[68] ნაწარმოები ჩვენს დროშიც პოპულარულია. Operabase-ის მიხედვით, 2009/10 წლის სეზონიდან 2013/14 წლის სეზონის ჩათვლით მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულ 540 წარმოდგენას შორის ის რაოდენობით მეხუთე ადგილს იკავებდა.[69]

 
„ტოსკას“ სასცენო დიზაინი. რეჟისორი რობერტ დორნჰელმი. სენტ მარგარეტენის საოპერო ფესტივალი, 2015

ორკესტრის შემადგენლობა

რედაქტირება
ხის ჩასაბერი ინსტრუმენტები
3 ფლეიტა (მე-2 და მე-3 ასრულებს პიკოლოს პარტიასაც)
2 ჰობოი
ინგლისური ქარახსა
2 კლარნეტი
ბანის კლარნეტი
2 ფაგოტი
კონტრფაგოტი
ლითონის ჩასაბერი ინსტრუმენტები
4 ვალტორნა
3 საყვირი
3 ტრომბონი
ბანის ტრომბონი
დასარტყამი ინსტრუმენტები
ლიტავრები
დიდი ბარაბანი
თეფშები
სამკუთხედი
გონგი
საორკესტრო ზარები
კლავიშიანი ინსტრუმენტები
ორგანი
სიმებიანი ინსტრუმენტები
2 არფა
I ვიოლინოები
II ვიოლინოები
ალტები
ჩელოები
კონტრაბასები

ზოგადი სტილი

რედაქტირება

XIX საუკუნის ბოლოსთვის ოპერის კლასიკური სტრუქტურა, რომელშიც არიები, დუეტები და სხვა ვოკალური ნომრები ერთმანეთისგან რეჩიტატივითაა გამოყოფილი, უკვე აღარ გამოიყენებოდა, თვით იტალიაშიც კი. ოპერები უწყვეტი სტრუქტურით იქმნებოდა და ზოგჯერ, მათში აღარ განირჩეოდა დამოუკიდებელი სასცენო ნომრები. პუჩინის შენარჩუნებული აქვს მცირე რაოდენობით ნომრები, რომლებიც მუსიკალური გარემოცვისგან დასამახსოვრებელი მელოდიებით გამოირჩევა. ამ კონცეფციას კრიტიკოსი ედუარდ გრინფილდი „დიდი მელოდიის (Grand Tunes)“ პრინციპს უწოდებს. იმ პასაჟებშიც კი, რომლებიც ამ „დიდ მელოდიებს“ აკავშირებს, პუჩინი ლირიკულობის მაღალ დონეს ინარჩუნებს და ძალიან იშვიათად მიმართავს რეჩიტატივს.[70]

ბადენი „ტოსკას“ პუჩინის ყველაზე უფრო ვაგნერულ ოპერად თვლის, მასში ლაიტმოტივების გამოყენების გამო. ვაგნერისგან განსხვავებით, პუჩინი არ ავითარებს და არ ცვლის თავის მოტივებს და არც სიმფონიური ხერხებით ახდენს მუსიკაში მათ ინტეგრირებას, არამედ, იყენებს მათ პერსონაჟების, საგნების და იდეების შესახსენებლად მუსიკალური თხრობისას.[71] ამ მოტივებიდან ყველაზე მძლავრი არის სამი ძალიან ხმამაღალი და მძიმე აკორდი, რომელიც ხსნის ოპერას და რომელიც წარმოადგენს სკარპიას ბოროტ პერსონას, ან, როგორც ჩარლზ ოზბორნი ვარაუდობს, იმ ძალადობრივ ატმოსფეროს, რომლითაც მთელი ოპერაა გაჟღენთილი.[72] ბადენის აზრით, სკარპიას ტირანია და ვნება ქმნის „დინამიურ ძრავას, რომელსაც მთელი დრამა წინ მიჰყავს“.[73] სხვა მოტივები წარმოადგენს თავად ტოსკას, ტოსკას და კავარადოსის სიყვარულს, დევნილ ანჯელოტის, მნეს ნახევრად კომიკურ პერსონაჟს I მოქმედებიდან და წამების თემას II მოქმედებიდან.[73][74]

I მოქმედება

რედაქტირება

ოპერა ყოველგვარი შესავლის გარეშე იწყება. სკარპიას აკორდების შემდეგ პირდაპირ აღელვებული ანჯელოტი და მისი „დევნილობის“ მოტივი შემოდის. მნეს შემოსვლა, კომიკური თემის თანხლებით, მცირედით ამსუბუქებს განწყობას, ისევე, როგორც მისი საუბარი კავარადოსისთან, ამ უკანასკნელის შემოსვლის შემდეგ. ამას მივყავართ პირველ „დიდ მელოდიამდე“ – კავარადოსის Recondita armonia თავისი მაღალი სი♭-ით, რასაც მნეს ბუზღუნა კონტრ-მელოდია ახლავს თან.[72] არიაში ის თემები დომინირებს, რომლებიც მოგვიანებით, სასიყვარულო დუეტში გამეორდება, რაც მანიშნებელია, რომ ფრესკაში მარკიზას სახის ნაკვთების გამოყენების მიუხედავად, მხატვრის უპირველეს შთაგონებას ტოსკა წარმოადგენს.[75] კავარადოსის და ანჯელოტის საუბარს ტოსკას შემოსვლა წყვეტს, რომელიც მისი მოტივითაა მინიშნებული და ნიუმენის სიტყვებით, შეიცავს „კატისებურ, ალერსიან კადანსებს, რომელიც ასეთი სახასიათოა ამ პერსონაჟისთვის“.[76] მიუხედავად იმისა, რომ ტოსკა ეჭვით და გაბრაზებით შემოდის, მუსიკა მის სიყვარულს და სიმშვიდეს გამოხატავს. ბადენის მიხედვით, აქ წინააღმდეგობას ადგილი არ აქვს, რადგან ტოსკას ეჭვიანობა უფრო მისი ჩვევაა, რასაც კავარადოსი სერიოზულად არ იღებს.[77]

ტოსკას Non la sospiri-ს და ეჭვიანობის გამო კამათის შემდეგ, კავარადოსის Qual'occhio-ს, ბარტონ ფიშერის აზრით, შემოაქვს „თითქმის ეროტიული ლირიციზმი“.[32] მოკლე სცენა, რომელშიც მნე გუნდთან ერთად ბრუნდება ნაპოლეონის სავარაუდო დამარცხების აღსანიშნავად, პრაქტიკულად, ბოლო მსუბუქ ეპიზოდს წარმოადგენს ოპერაში. სკარპიას შემოსვლის შემდეგ, თავისი ავისმომასწავებელი აკორდების თანხლებით, განწყობა თანდათან მუქდება.[35] პოლიციის უფროსის მიერ მნეს გამოკითხვის პროცესში „დევნილობის“ თემა სამჯერ ჩნდება, ყოველ ჯერზე სულ უფრო გამოკვეთილად, რაც გამოძიებაში სკარპიას წარმატებაზე მიანიშნებს.[78] სკარპიას და ტოსკას საუბარს ორკესტრში ინტეგრირებული ზარების რეკვა ახლავს, რაც თითქმის რელიგიურ ატმოსფეროს ქმნის.[35] ამ სცენისთვის პუჩინიმ მუსიკა თავისი ჯერ გამოუქვეყნებელი მესადან აიღო.[79] ფინალური სცენა სასულიეროს და საეროს კონტრასტისგან შედგება,[74] სადაც სკარპიას ვნებიანი ოცნება „Te Deum-თან“ ერთად იმღერება. ბოლოს წინადადებაში ის გუნდს უერთდება („Te aeternum Patrem omnis terra veneratur“), მოქმედებას კი სკარპიას მოტივის მქუხარე გამეორება ასრულებს.[74][80]

II მოქმედება

რედაქტირება

„ტოსკას“ II აქტში, ნიუმენის თანახმად, პუჩინი სიკვდილის მომასწავებელი განწყობის გამოხატვაში უდიდეს სიმაღლეს აღწევს.[81] მოქმედება წყნარად იწყება. სკარპია ანჯელოტის და კავარადოსის მოსალოდნელ უბედურებას გეგმავს, რასაც ფონად ფარნეზეს სასახლის სხვა კუთხიდან მომდინარე გავოტის მუსიკა გასდევს. ამ საცეკვაო მუსიკისთვის პუჩინიმ თავის 15 წლის ასაკში გარდაცვლილი ძმის მოსწავლეობის დროინდელი სავარჯიშო გამოიყენა, რაზეც ამბობდა, რომ ამით ძმას თავის მუსიკაში გააცოცხლებდა.[82] სკარპიას და სპოლეტას დიალოგში პირველად ისმის „წამების მოტივი“, რომელსაც ბადენი „ტანჯვის იდეოგრამას“ უწოდებს, რაც შემდგომ განვითარებული მოვლენების წინასწარ მანიშნებელია.[35][83] კავარადოსის დაკითხვაზე შემოყვანასთან ერთად ტოსკას ხმაც გაისმის. იგი სცენის მიღმა გუნდთან ერთად ასრულებს კანტატას, „რომლის ტკბილი მდინარება დრამატულ კონტრასტშია სცენაზე არსებულ მოქმედებაში ზრდად დაძაბულობასა და სულ უფრო მუქ ფერებთან“.[84] კანტატა, სავარაუდოდ, არის Cantata a Giove, რომელიც პუჩინის 1897 წელს დაწერილ და დაკარგულ ნაწარმოებად ითვლება.[82]

შემდგომი სცენები – კავარადოსის დაკითხვა, მისი წამება და სკარპიას მიერ ტოსკას სადისტური ტანჯვა, ოზბორნის შეფასებით, Grand Guignol-ის (პარიზული საშინელებათა ჟანრის თეატრის)[85] პუჩინისეული მუსიკალური ეკვივალენტია, რომლისგანაც ერთადერთ გამონათებას ნაპოლეონის გამარჯვებასთან დაკავშირებული კავარადოსის ხანმოკლე Vittoria! იძლევა.[86] სკარპიას არიას Già, mi dicon venal („დიახ, მექრთამეს მიწოდებენ“), მალევე მოსდევს ტოსკას Vissi d'arte, ლირიკული Andante, რომელიც ტოსკას მოტივს ეფუძნება I მოქმედებიდან და ოპერის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არიას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ პუჩინი მას შეცდომად თვლიდა[87] და ოპერიდან ამოღებასაც უპირებდა, რადგან, მისი აზრით, იგი მოქმედების ტემპს აგდებდა.[88] ფიშერი მას ახასიათებს, როგორც „იობისეულ ლოცვას, რომელიც პასუხს სთხოვს ღმერთს, თუ რატომ დასაჯა ქალი, რომელიც არაეგოისტურად და სწორად ცხოვრობდა“.[74] მოქმედების ფინალურ ნაწილში არსებულ საორკესტრო აფეთქებას, რომელიც ტოსკას მიერ სკარპიას დაჭრას მოჰყვება, ნიუმენი ადარებს მსგავს მომენტს ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ნელი მოქმედების შემდეგ.[89] ტოსკას რეჩიტატივის შემდეგ (E avanti a lui tremava tutta Roma!, „მის წინაშე მთელი რომი თრთოდა“),[86] მუსიკა თანდათან მიილევა და მთავრდება იმით, რასაც ნიუმენი „მთელს ოპერაში ყველაზე შთამბეჭდავ სასიკვდილო სცენას ეძახის“.[90] II მოქმედების ბოლო ნოტები სკარპიას მოტივია, ჩუმად და მინორულ ტონალობაში.[91]

III მოქმედება

რედაქტირება
 
კავარადოსის დახვრეტა. ფოტო 1914 წლამდელი დადგმიდან, მეტროპოლიტენის ოპერა.

მესამე აქტის იდილიური დასაწყისი დრამისგან მცირედი შესვენებაა. ვალტორნების 16-ტაქტიანი თემა, რომელიც მას ხსნის, მოგვიანებით, ტოსკას და კავარადოსის მიერ დუეტში იმღერება, მთლიანობაში კი, საორკესტრო პრელუდია რომაულ განთიადს ასახავს. პასტორალურ აურას მწყემსი ბიჭის სიმღერა აძლიერებს, ასევე, ცხვრების და ეკლესიის ზარების ხმა, რომელთა ავთენტურობაზეც პუჩინიმ გარიჟრაჟზე რომში არაერთი ვიზიტისას იზრუნა.[32][86] თანდათან ჩნდება თემები, რომლებიც სკარპიას, ტოსკას და კავარადოსის გვახსენებს. ისინი ცვლიან განწყობას და დრამა ბრუნდება იმ მელოდიის საორკესტრო გაჟღერებით, რომელიც მოგვიანებით კავარადოსის არიაში განმეორდება.[86]

 
მარიო კავარადოსი (დაფუძნებულია ტენორ ჯანკარლო მონსალვეზე) მღერის E lucevan le stelle-ს. რიკარდო მანჩის ნახატი

ეს მწუხარე გოდება, გამოთხოვება სიყვარულთან და სიცოცხლესთან, აწყობილია სიტყვებზე „muoio disperato“ („სასოწარკვეთილი ვკვდები“).[92] ეს სიტყვები ოპერაში პუჩინის დაჟინებული მოთხოვნით მოხვდა, რისთვისაც, მისივე თქმით, არიის მოყვარულები მისი მადლობელნიც უნდა იყვნენ: მან დაწერა მუსიკაც, სიტყვებიც და „არ დაუჯერა ექსპერტებს, რომლებიც შედეგის ნაგავში გადაგდებას ურჩევდნენ“.[93] შეყვარებული წყვილის ფინალური დუეტი არ შეესაბამებოდა ჯულიო რიკორდის წარმოდგენას ტრანსცენდენტულ სასიყვარულო დუეტზე, რომელიც ოპერის შესაფერისი კულმინაცია იქნებოდა. პუჩინიმ თავისი მიდგომა იმით გაამართლა, რომ ტოსკა ამ დროს კავარადოსისთვის იმის სწავლებითაა დაკავებული, თუ როგორ გაითამაშოს სიკვდილი.[71]

მომდევნო, სიკვდილით დასჯის სცენაში, ჩნდება თემა, რომლის უწყვეტი გამეორებაც ნიუმენს ტრანსფორმაციის მუსიკას ახსენებდა, რომელიც ვაგნერის „პარსიფალის“ ორ ნაწილს აკავშირებს.[94] ბოლო ტაქტებში, როცა ტოსკა ხელიდან უსხლტება სპოლეტას და ციხესიმაგრიდან გადახტომით თავს იკლავს, იკვრება E lucevan le stelle-ს თემა, აღნიშვნით tutta forza („მთელი ძალით“, რაც შეიძლება ხმამაღლა). ეს დასასრული ხშირად გამხდარა მკაცრი კრიტიკის საფუძველი, რადგან ის კონკრეტულად ასოცირდება არა ტოსკასთან, არამედ კავარადოსისთან.[67] ჯოზეფ კერმანი ფინალურ მუსიკას დასცინოდა: „ტოსკა ხტება და ორკესტრი გაჰკივის იმას, რაც პირველად მოუვა თავში."[95] მეორეს მხრივ, ბადენის აზრით, სრულიად ლოგიკურია, რომ ეს ბნელი ოპერა მისი ყველაზე მუქი თემით დასრულდეს.[67] იტორიკოსის და ყოფილი ოპერის მომღერლის, სიუზან ვანდივერ ნიკასიოს მიხედვით, „ვერბალური და მუსიკალური მინიშნებების კონფლიქტის გამო ამ ოპერის დასასრული იწვევს დავას, რომელიც, თუ პუჩინის ჩანაწერებში მოულოდნელად რაიმე ახალს არ აღმოაჩენენ, ჭეშმარიტად ვერასოდეს გადაწყდება.“[95]

არიების და სასცენო ნომრების ჩამონათვალი

რედაქტირება
პირველი სტრიქონი ასრულებს
I მოქმედება
Recondita armonia
(ფარული ჰარმონია)
კავარადოსი
Non la sospiri, la nostra casetta
(ნუთუ არ გენატრება ჩვენი პატარა სახლი)
ტოსკა, კავარადოსი
Qual'occhio al mondo
(ამქვეყნად რომელი თვალები)
კავარადოსი, ტოსკა
Va, Tosca!
(წადი, ტოსკა!)
სკარპია, გუნდი
Te Deum laudamus
(შენ გადიდებთ, ღმერთო)
სკარპია, გუნდი
II მოქმედება
Ha più forte sapore la conquista violenta
(ძლიერი გემო აქვს დაპყრობას ძალით)
სკარპია
Vittoria! Vittoria!
(გამარჯვება! გამარჯვება!)
კავარადოსი
Già, mi dicon venal
(დიახ, მექრთამეს მიწოდებენ)
სკარპია
Vissi d'arte
(ვცხოვრობდი ხელოვნებისთვის)
ტოსკა
III მოქმედება
Io de' sospiri მწყემსი ბიჭის ხმა
E lucevan le stelle
(ვარსკვლავნი ენთნენ)
კავარადოსი
O dolci mani
(ო, ტკბილი ხელები)
კავარადოსი
Amaro sol per te m'era il morire
(მხოლოდ შენს გამო ჰქონდა სიკვდილს მწარე გემო)
კავარადოსი, ტოსკა

დისკოგრაფია

რედაქტირება

„ტოსკა“ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად ჩაწერილ ოპერას წარმოადგენს. მისი პირველი სრული ჩანაწერი ჯერ კიდევ 1918 წელს, აკუსტიკური პროცესის გამოყენებით გაკეთდა. დირიჟორი, კარლო საბაინო, 1904 წლიდან Gramophone Company-ს რეზიდენტი დირიჟორი იყო და ვიდრე „ტოსკას“ მოჰკიდებდა ხელს, რამდენიმე ოპერა ჰქონდა ჩაწერილი, მათ შორის, ვერდის „ტრავიატა“ და „რიგოლეტო“. პუჩინის ოპერა მან არცთუ ცნობილი შემადგენლობით ჩაწერა, სადაც მთავარ როლს იტალიელი სოპრანო, ლია რემონდინი ასრულებდა. საბაინომ „ტოსკა“ მომდევნო წელსაც ჩაწერა, ამჯერად, უფრო ცნობილ მომღერლებთან ერთად, მათ შორის იყვნენ ვალენტინა ბარტოლომაზი და ატილო სალვანესკი ტოსკას და კავარადოსის როლში. ათი წლის შემდეგ, 1929 წელს, საბაინო მესამედ დაუბრუნდა „ტოსკას“ და ამჯერად, ელექტრონული პროცესის გამოყენებით ჩაწერა ლა სკალას ორკესტრთან, გუნდთან და მის ვარსკვლავებთან, კარმენ მელისთან და აპოლო გრანფორტესთან ერთად ტოსკას და სკარპიას როლში.[96][97] 1938 წელს HMV-მ დაიქირავა ცნობილი ტენორი ბენიამინო ჯილი, სოპრანო მარია კანილია და დირიჟორი ოლივიერო დე ფაბრიტიისი, რომელთაც ოპერის „პრაქტიკულად სრული“ ჩანაწერი გააკეთეს, რომელიც 14-ზე მეტ ორმხრივ შელაკის დისკზე იყო განთავსებული.[98]

ომის შემდგომ პერიოდში, ვინილის გამოგონების შემდეგ, „ტოსკას“ ჩანაწერებში მარია კალასი დომინირებდა. 1953 წელს, ჯუზეპე დი სტეფანოსთან და ტიტო გობისთან ერთად, ვიქტორ დე საბატას დირიჟორობით და ლა სკალას გუნდთან და ორკესტრთან ერთად მან მონაწილეობა მიიღო EMI-ს ჩანაწერში, რომელიც უკვე ათწლეულებია, ამ ოპერის საუკეთესო ჩანაწერად ითვლება.[99][100] კალასმა „ტოსკას“ მეორე ჩანაწერი, ამჯერად სტერეო ფორმატში, 1964 წელს, კვლავ EMI-სთვის გააკეთა. შემონახულია მისი ცოცხალი პერფორმანსებიც. ამათგან ორი ყველაზე ადრეული 1950 და 1952 წლის ჩანაწერებია მეხიკოდან, ბოლო კი – 1965 წლის, ლონდონში.[54] ოპერის პირველი სტერეო ჩანაწერი 1957 წელს, RCA Victor-მა გააკეთა. ერიხ ლაინსდორფი დირიჟორობდა რომის საოპერო თეატრის ორკესტრს და გუნდს, მთავარ როლებში კი ზინკა მილანოვი (ტოსკა), იუსი ბიორლინგი (კავარადოსი) და ლეონარდ უორენი (სკარპია) იყვნენ.[101] ჰერბერტ ფონ კარაიანმა „ტოსკა“ ორჯერ ჩაწერა. პირველად, 1963 წელს, Decca-სთვის, ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, მოგვიანებით კი, 1979 წელს, ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, Deutche Gramophon-ისთვის.[99]

1970-იან და 80-იან წლებში ოპერის ჩაწერის სიხშირემ იმატა. პლასიდო დომინგომ კავარადოსი პირველად 1973 წელს ჩაწერა და ამას რეგულარული ინტერვალებით, 1994 წლამდე იმეორებდა. 1976 წელს მას ვაჟი, პლასიდო დომინგო უმცროსი შეუერთდა, რომელმაც მწყემსი ბიჭის სიმღერა შეასრულა ბრიტანულ ჩანაწერში New Philharmonia Orchestra-სთან ერთად. ახლო წარსულიდან აღსანიშნავია ანტონიო პაპანოს 2000 წელს გაკეთებული ჩანაწერი ანჯელა გეორგიუსთან, რობერტო ალანიასთან და რუჯერო რაიმონდისთან ერთად, რომელზე დაყრდნობითაც 2001 წელს ფილმიც გამოვიდა.[99] „ტოსკას“ არა-იტალიური ჩანაწერები მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არსებობს, მაგალითად, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, უნგრულ და რუსულ ენებზე. 1964 წელს Мелодия-ს მიერ გაკეთებულ რუსულ ჩანაწერში კავარადოსის პარტიას ზურაბ ანჯაფარიძე ასრულებს.[96] 1995 წელს გამოსულ პოპულარულ ინგლისურენოვან ჩანაწერში დეივიდ პერი Philharmonia Orchestra-ს და ბრიტანულ შემადგენლობას დირიჟორობს.[102] გვიანი 1990-იანი წლებიდან მოყოლებული გამოცემულია არაერთი ვიდეო-ჩანაწერი DVD და Blu-ray ფორმატში, რომელთა შორისაც არის როგორც ახალი წარმოდგენები, ისე ძველი დადგმების გადამუშავებული ვერსიებიც.[103]

რჩეული აუდიო ჩანაწერები

რედაქტირება
წელი როლები:

ტოსკა,
კავარადოსი,
სკარპია

დირიჟორი,
საოპერო თეატრი, ორკესტრი, გუნდი
ლეიბლი[104]
1918 ლია რემონდინი
კარლო ბროკარდი
დარიო ძანი
კარლო საბაინო,
ლა სკალას ორკესტრი და გუნდი, მილანი
78rpm: La voce del padrone
Cat: S5584-S5606 (წყვილად დანომრილი, 12 დისკი)
1938 მარია კანილია
ბენიამინო ჯილი
არმანდო ბორჯოლი
ოლივიერო დე ფაბრიტიისი,
რომის საოპერო თეატრის ორკესტრი და გუნდი
(ჩაწერილია HMV-ს მიერ)
CD: Arkadia
Cat: 78025
1946 გრეის მური
იან პირსი
ლორენს ტიბეტი
ჩეზარე სოლდერო,
მეტროპოლიტენის ოპერის ორკესტრი და გუნდი
(1946 წლის 9 თებერვალს გამართული სპექტაკლის ცოცხალი ჩანაწერი)
CD: Myto Records
Cat: MCD 942 98
1951 რენატა ტებალდი
ჯუზეპე კამპორა
ენცო მასკერინი
ალბერტო ერედე,
სანტა ჩეჩილიას აკადემიის ორკესტრი და გუნდი, რომი
(ჩაწერილია Decca-ს მიერ)
CD: Pearl
Cat: 199
1952 მარია კალასი
ჯუზეპე დი სტეფანო
პიერო კამპოლონგი
გუიდო პიკო,
ხელოვნების სასახლის ორკესტრი და გუნდი, მეხიკო
(1952 წლის 1 ივლისს გამართული სპექტაკლის ცოცხალი ჩანაწერი)
CD: Archipel
Cat: OO49
1953 მარია კალასი
ჯუზეპე დი სტეფანო
ტიტო გობი
ვიქტორ დე საბატა,
ლა სკალას ორკესტრი და გუნდი
CD: EMI Classics[105]
Cat: 562890
1956 რენატა ტებალდი
რიჩარდ ტაკერი
ლეონარდ უორენი
დიმიტრი მიტროპულოსი,
მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი და გუნდი
(1956 წლის 7 იანვარს გამართული სპექტაკლის ცოცხალი ჩანაწერი)
CD: Andromeda
Cat: ANDRCD 9001
1957 ზინკა მილანოვი
იუსი ბიორლინგი
ლეონარდ უორენი
ერიხ ლაინსდორფი,
რომის ოპერის ორკესტრი და გუნდი
CD: RCA Victor Red Seal
Cat: 63305
1959 რენატა ტებალდი
მარიო დელ მონაკო
ჯორჯ ლონდონი
ფრანჩესკო მოლინარი-პრადელი,
სანტა ჩეჩილიას აკადემიის ორკესტრი და გუნდი
CD: Decca
Cat: 1064502
1960 ჯეინ როუდსი
ალბერ ლანსი
გაბრიელ ბაკიე
მანუელ როზენტალი,
პარიზის ოპერის ორკესტრი და გუნდი
(ფრანგულ ენაზე)
33rpm LP: Véga
Cat: 28017-9
1960 სტეფანია ვოიტოვიჩი
შანდორ კონია
კიმ ბორგი
ჰორსტ შტაინი,
ბერლინის სახელმწიფო ოპერის ორკესტრი და გუნდი
(გერმანულ ენაზე)
CD: Deutsche Grammophon
Cat: 138722-3 (LP)
1962 ლეონტინ პრაისი
ჯუზეპე დი სტეფანო
ჯუზეპე ტადეი
ჰერბერტ ფონ კარაიანი,
ვენის ფილარმონიული ორკესტრი, ვენის სახელმწიფო ოპერის გუნდი
(ჩაწერილია Decca-ს მიერ RCA-სთვის)
CD: Decca
Cat: 639002
1964 ტამარა მილაშკინა
ზურაბ ანჯაფარიძე
ოლეგ კლიონოვი
ევგენი სვეტლანოვი,
სსრკ სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და გუნდი
(რუსულ ენაზე)
(ჩაწერილია Мелодия-ს მიერ)
CD: Classical Records (Russia)
Cat: CR-024
1972 ლეონტინ პრაისი
პლასიდო დომინგო
შერილ მილნსი
ზუბინ მეტა,
New Philharmonia Orchestra, ჯონ ალდისის სახელობის გუნდი, უოდსუორთის სკოლის ვაჟთა გუნდი
CD: RCA Victor Red Seal
Cat: 70783
1978 მირელა ფრენი
ლუჩანო პავაროტი
შერილ მილნსი
ნიკოლა რეშინიო,
ეროვნული ფილარმონიული ორკესტრი, ლონდონის ოპერის გუნდი, უოდსუორთის სკოლის ვაჟთა გუნდი
CD: Decca
Cat: 414036
1979 კატია რიჩარელი
ხოსე კარერასი
რუჯერო რაიმონდი
ჰერბერტ ფონ კარაიანი,
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი, ბერლინის სახელმწიფო ოპერის გუნდი, ბავშვთა გუნდი Schöneberger Sängerknaben
CD: Deutsche Grammophon
Cat: 4138152
1990 მირელა ფრენი
პლასიდო დომინგო
სამუელ რეიმი
ჯუზეპე სინოპოლი,
Philharmonia Orchestra, სამეფო ოპერის გუნდი
CD: Deutsche Grammophon
Cat: 431775
1996 ჯეინ იგლენი
დენის ო’ნილი
გრეგორი იურისიჩი
დეივიდ პერი,
Philharmonia Orchestra, ჯეფრი მიჩელის სახელობის გუნდი, პიტერ კეის სახელობის ბავშვთა გუნდი
(ინგლისურ ენაზე)
CD: Chandos Records
Cat: 3000
2000 ანჯელა გეორგიუ
რობერტო ალანია
რუჯერო რაიმონდი
სერ ანტონიო პაპანო,
სამეფო ოპერის ორკესტრი და გუნდი, ტიფინის ბიჭუნათა გუნდი
CD: EMI
Cat: 57173

რჩეული ვიდეო-ჩანაწერები

რედაქტირება
წელი როლები:
ტოსკა
კავარადოსი,
სკარპია
დირიჟორი,
ოპერის თეატრი, ორკესტრი, გუნდი
ლეიბლი
1964 მარია კალასი
რენატო ჩიონი
ტიტო გობი
კარლო ფელიჩე ჩილარიო,
სამეფო ოპერის ორკესტრი და გუნდი
(სამეფო ოპერაში 1964 წლის 9 თებერვალს გამართული სპექტალის II მოქმედების პირდაპირი ტელეგადაცემა, რეჟისორი ფრანკო ძეფირელი)
DVD: EMI Classics
Cat: DVA 4 92851 9
1976 რაინა კაბაივანსკა
პლასიდო დომინგო
შერილ მილნსი
ბრუნო ბარტოლეტი,
New Philharmonia Orchestra
Ambrosian Singers
(ფილმი, რეჟისორი ჯანფრანკო დე ბოზიო)
DVD: Deutsche Grammophon
Cat: 00440 073 4038
1993 კატერინ მალფიტანო
პლასიდო დომინგო
რუჯერო რაიმონდი
ზუბინ მეტა,
RAI-ის სიმფონიური ორკესტრი
Coro di Roma
(ფილმი „ტოსკა რომიდან“, სამნაწილიანი პირდაპირი ტელეგადაცემა, რეჟისორები: ბრაიან ლარჯი და ჯუზეპე პატრონი გრიფი)
VHS: Teldec Video
Kultur Video
Cat: 6302779715; DVD:
Cat: D4524
2001 ანჯელა გეორგიუ
რობერტო ალანია
რუჯერო რაიმონდი
ატონიო პაპანო,
სამეფო ოპერის ორკესტრი და გუნდი
(ფილმი, რეჟისორი ბენუა ჟაკო)
DVD: EMI Classics
Cat: 7243 5 57173 2 0
2007 ანტონია ჩიფრონე
სტეფანო სეკო
ჯორჯო სურიანი
ვალერიო გალი,
პუჩინის ფესტივალის ორკესტრი და გუნდი, ტორე დელ ლაგო
(სცენის რეჟისორი მარიო კორადი)
DVD ჩანაწერი
Dynamic
Cat.33569

გამოცემები და შესწორებები

რედაქტირება

„ტოსკას“ საორკესტრო პარტიტურა 1899 წელს გამოსცა რიკორდის საგამომცემლო სახლმა (Casa Ricordi). მიუხედავად ფინალური აქტის გამო რიკორდის უკმაყოფილებისა, იგი მეტ-ნაკლებად უცვლელი დარჩა 1909 წლის გამოცემაშიც.[106] იგივე ვერსია გამოსცა Dover Press-მა 1991 წელსაც.[107]

1909 წლის გამოცემა მცირედ განსხვავდება ხელნაწერისგან. ზოგიერთი მათგანი ტექსტს ეხება. თავდაპირველ ვერსიაში კავარადოსი მნეს პასუხობს „Pranzai“[108] („უკვე ვჭამე“), ხოლო შეცვლილ ვერსიაში – „Fame non ho“ („არ მშია“), რაც, უილიამ ეშბრუკის მიხედვით, მოსაუბრეებს შორის კლასობრივ სხვაობას უსვამს ხაზს. წამების სცენის შემდეგ, როდესაც ტოსკა კავარადოსის ამშვიდებს, ეუბნება: „Ma il giusto Iddio lo punirá“ („მაგრამ სამართლიანი ღმერთი დასჯის მას [სკარპიას]“). თავდაპირველ ვერსიაში კი ამ ადგილას შემდეგი ფრაზა იყო: „Ma il sozzo sbirro lo pagherà“ („მაგრამ ბინძური პოლიციელი ამისთვის გადაიხდის“).

სხვა ცვლილებები მუსიკას უკავშირდება. სცენაში, სადაც ტოსკა სკარპიას მოქრთამვას ცდილობს („Il prezzo!“), მისი მუსიკიდან ამოღებულია ნახტომი ოქტავაზე, რაც მთლიან პასაჟს სოპრანოს დიაპაზონის შუაში აქცევს და ხელს უწყობს მომღერალს, უკეთ გადმოსცეს ზიზღი სკარპიას მიმართ.[109] ეშბრუკის აზრით, ყველაზე მოულოდნელი ცვლილება მესამე მოქმედებაშია. მას შემდეგ, რაც ტოსკა აღმოაჩენს, რომ სიკვდილით დასჯა დადგმული სულაც არ იყო და ამბობს სიტყვებს „Finire così? Finire così?“ („ასეთი დასასრული? ასეთი დასასრული?“), მას უნდა ემღერა ხუთტაქტიანი მონაკვეთი E lucevan le stelle-ს მელოდიიდან. ეშბრუკი ამ ცვლილების გამო პუჩინის აქებს, რადგან ნაწარმოების ამ წერტილში, სადაც მოვლენები დასასრულისკენ მიისწრაფვიან, ნებისმიერი შენელება აუტანელი იქნებოდა, თუმცა, აღნიშნავს, რომ მეორეს მხრივ, ფინალური ტაქტები ასე უფრო გასაგები გახდებოდა, რადგან აღნიშნული მელოდია შეიძლება გაგებული ყოფილიყო, როგორც ტოსკას და კავარადოსის სიყვარულის აღმნიშვნელი და არა უბრალოდ მელოდია, რომელიც ტოსკას არასოდეს მოუსმენია.[110]

აუდიო მასალა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Kerman 2005, p. 205.
  2. Walsh, Stephen. Tosca, Longborough Festival“. theartsdesk.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-15. ციტირების თარიღი: 16 January 2015.
  3. Nicassio, p. 11
  4. Nicassio, pp. 12–13
  5. Budden, p. 181
  6. Fisher, p. 21
  7. Phillips-Matz, pp. 106–107
  8. Philips-Matz, pp. 107–108
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Phillips-Matz, p. 109
  10. Budden, pp. 182–183
  11. Nicassio, p. 17
  12. 12.0 12.1 Phillips-Matz, p. 18
  13. 13.0 13.1 Tosca: Performance history. Stanford University. ციტირების თარიღი: 27 June 2010.
  14. Osborne, p. 115
  15. Fisher, p. 31
  16. Burton, p. 86
  17. Nicassio, pp. 32–34
  18. Nicassio, p. 35
  19. Nicassio, p. 46
  20. Nicassio, pp. 48–49
  21. Nicassio, pp. 169–170
  22. Nicassio, p. 47
  23. Nicassio, pp. 204–205
  24. Nicassio, p. 18
  25. Phillips-Matz, p. 112
  26. Nicassio, pp. 272–274
  27. 27.0 27.1 Nicassio, p. 227
  28. 28.0 28.1 28.2 28.3 Fisher, p. 23
  29. 29.0 29.1 Budden, p. 185
  30. Budden, p. 189
  31. 31.0 31.1 Phillips-Matz, p. 115
  32. 32.0 32.1 32.2 32.3 Fisher, p. 20
  33. Burton, p. 278
  34. Nicassio, p. 306
  35. 35.0 35.1 35.2 35.3 Osborne, p. 139
  36. 36.0 36.1 Budden, p. 194
  37. Budden, pp. 194–195
  38. Budden, p. 195
  39. Phillips-Matz, p. 116
  40. 40.0 40.1 Budden, p. 197
  41. Almanacco|dmy=14-01-1900|match=Tosca
  42. 42.0 42.1 42.2 42.3 42.4 Phillips-Matz, p. 118
  43. 43.0 43.1 Budden, p. 198
  44. 44.0 44.1 Ashbrook, p. 77
  45. Greenfeld, H. pp. 122–123
  46. 46.0 46.1 Budden, p. 199
  47. Phillips-Matz, p. 120
  48. Budden, p. 225
  49. 49.0 49.1 Greenfeld, H. pp. 138–139
  50. Emmy Destinn (1878–1930). The Kapralova Society. ციტირების თარიღი: 3 July 2010.
  51. 51.0 51.1 Neef, pp. 462-467
  52. Phillips-Matz, p. 121
  53. Petsalēs-Diomēdēs, pp. 291–293
  54. 54.0 54.1 Hamilton, Frank. (2009)Maria Callas: Performance Annals and Discography. frankhamilton.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-26. ციტირების თარიღი: 3 July 2010.
  55. Girardi, pp. 192–193
  56. „Tosca, Bregenzer Festspiele – Seebühne“. The Financial Times. 30 July 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-08. ციტირების თარიღი: 12 July 2010.
  57. O'Connor, John J. (1 January 1993). „A 'Tosca' performed on actual location“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-25. ციტირების თარიღი: 4 July 2010.
  58. Forbes, Elizabeth (7 September 2007). „Luciano Pavarotti (Obituary)“. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-24. ციტირების თარიღი: 3 July 2010.
  59. 59.0 59.1 59.2 Nicassio, pp. 241–242
  60. Valetta (1900). „Rassegna Musicale“. Nuova Antologia. 85 of 169.
  61. Phillips-Matz, p. 119
  62. 62.0 62.1 Greenfeld, H. pp. 125–126
  63. „The Royal Opera: Puccini's opera La Tosca. The Musical Times. London: 536–537. 1 August 1900.
  64. Carner, Mosco, Puccini: a Critical Biography, Gerald Duckworth, 1958 p. 460
  65. Newman, pp. 188, 230–231
  66. Newman (1958), p. 465
  67. 67.0 67.1 67.2 Budden, p. 222
  68. Osborne, p. 143
  69. "Statistics 2013/14", Operabase
  70. Greenfield, pp. 148–150
  71. 71.0 71.1 Fisher, pp. 27–28
  72. 72.0 72.1 Osborne, pp. 137–138
  73. 73.0 73.1 Budden, Julian. Tosca. Oxford Music Online. ციტირების თარიღი: 28 June 2010. (ფასიანი რეგისტრაცია)
  74. 74.0 74.1 74.2 74.3 Fisher, pp. 33–35
  75. Burton, p. 201
  76. Newman. p. 114
  77. Budden, p. 203
  78. Budden, p. 207
  79. Newman, p. 191
  80. Newman, p. 221
  81. Newman, p. 235
  82. 82.0 82.1 Burton, pp. 130–131
  83. Budden, p. 212
  84. Newman, pp. 233–234
  85. Pierron, Agnes. "History". Grand Guignol Online. Retrieved 2007-04-10.
  86. 86.0 86.1 86.2 86.3 Osborne, pp. 140–143
  87. Greenfield, p. 136
  88. Budden, p. 216
  89. Newman, p. 244
  90. Newman, p. 245
  91. Budden, p. 217
  92. Fisher, p. 26
  93. Ashbrook, p. 82
  94. Newman, p. 150
  95. 95.0 95.1 Nicassio, pp. 253–254
  96. 96.0 96.1 There are 250 recordings of Tosca by Giacomo Puccini on file. Operadis. ციტირების თარიღი: 30 June 2010.
  97. Gaisberg, F.W. (June 1944). „The Recording of Tosca“. Gramophone. London: Haymarket: 15. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-05. ციტირების თარიღი: 30 June 2010.(ფასიანი რეგისტრაცია)
  98. „Complete Recordings of Two Puccini Operas: Tosca and Turandot“. Gramophone. London: Haymarket: 23. December 1938. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-05. ციტირების თარიღი: 30 June 2010.(ფასიანი რეგისტრაცია)
  99. 99.0 99.1 99.2 Roberts, pp. 761–762
  100. Greenfield et al. (1993), pp. 314–318
  101. Hope-Wallace, Philip (February 1960). „Puccini: Tosca complete“. Gramophone. London: Haymarket: 71. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-05. ციტირების თარიღი: 30 June 2010.(ფასიანი რეგისტრაცია)
  102. „Puccini: Tosca (Sung in English)“. Gramophone. London: Haymarket: 82. June 1996. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-05. ციტირების თარიღი: 30 June 2010.(ფასიანი რეგისტრაცია)
  103. DVD videos, Puccini's Tosca. Presto Classical. ციტირების თარიღი: 12 July 2010.
  104. Recordings of Tosca on operadis-opera-discography.org.uk
  105. ეს ჩანაწერი არაერთხელ არის დასახელებული ყველა დროის ყველაზე გაყიდვად და ერთ-ერთ საუკეთესო საოპერო ჩანაწერად. იხ. Lebrecht, Norman (21 March 2007) "The Classic Million-sellers". La Scena Musicale.
  106. Tosca. University of Rochester. ციტირების თარიღი: 8 May 2016.
  107. Tosca in Full Score. Dover Publications. ISBN 0-486-26937-X. 
  108. Tosca, revised vocal score by Rodger Parker (Ricordi 1995), critical notes on p. XL
  109. Ashbrook, pp. 92–93
  110. Ashbrook, p. 93