რიგოლეტო (ოპერა)
რიგოლეტო — ჯუზეპე ვერდის ოპერა სამ მოქმედებად. ლიბრეტოს ავტორი ფრანჩესკო მარია პიავე. პრემიერა გაიმართა 1851 წლის 11 მარტს ვენეციაში, თეატრში "La Fenice". თბილისში პირველად დაიდგა 1853 წელს.
მოქმედი პირნი
რედაქტირება- ჰერცოგი - ტენორი
- რიგოლეტო - ბარიტონი
- ჯილდა - სოპრანო
- სპარაფუჩილე - ბანი
- მადალენა - მეცო-სოპრანო
- ჯოვანა - მეცო-სოპრანო
- გრაფი მონტერონე - ბანი
- მარულო - ბარიტონი
- ბორსა - ტენორი
- გრაფი ჩეპრანო - ბანი
- გრაფინია ჩეპრანო - მეცო-სოპრანო
- ოფიცერი - ბანი
- პაჟი - მეცო-სოპრანო
შექმნის ისტორია
რედაქტირებაოპერა "რიგოლეტოს" საფუძვლად დაედო ვიქტორ ჰიუგოს დრამა "მეფე თავს ირთობს", რომელიც 1832 წელს დაიწერა. ჰიუგოს პიესის პირველივე წარმოდგენამ პოლიტიკური მანიფესტაცია გამოიწვია. ფრანგი მწერლის პიესა მეფის ძალაუფლებას ავტორიტეტს საგრძნობლად ულახავდა და ამიტომ მისი დადგმა აიკრძალა. ჰიუგომ მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა; მწერალი 1830 წლის რევოლუციის მთავარი მონაპოვარის - სიტყვის თავისუფლების აღდგენას ითხოვდა. სასამართლო პროცესს ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა, თუმცა, საბოლოოდ ნაყოფიერი შედეგი არ გამოუღია. პიესა მეორედ მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიდგა საფრანგეთის სცენაზე. ჰიუგოს ნაწარმოებმა ვერდი საოცრად გაიტაცა და მის ნაწარმოებზე ოპერის შექმნას შეუდგა. ვერდიმ თავად გაიზიარა მომავალი ოპერის ფაბულა, ძირითადი დრამატურგიული ხაზები. კომპოზიტორის მითითებით ფრანჩესკო მარია პიავემ ოპერის ლიბრეტო შეადგინა. თავდაპირველად ვერდის სურდა ოპერისტვის "წყევლა" ეწოდებინა, მაგრამ შემდეგ სათაური თავად შეცვალა."რიგოლეტო' ვერდიმ ძალზე სწრაფად - 40 დღეში დაწერა.
კომპოზიტორმა თავისებურად გაიზიარა ლიტერატურული პირველწყაროს მხატვრული სახეები, რამაც ჰიუგოში გარკვეული პროტესტიც კი გამოიწვია. ლიბრეტოზე მუშაობა თითქმის დასრულებული იყო, როდესაც ცენზურამ მისი საფუძვიანი შეცვლა მოითხოვა. პიავე თანახმა იყო გარკვეულ კომპრომისებამდე წასულიყო და ასეც მოიქცა, მაგრამ ვერდი სხვაგვარად ფიქრობდა. "მე დავრწმუნდი, რომ ამ დამახინჯებულად სახეცვლილ ნაწარმოებში გაქრა ხასიათიც, აზრიც და, საბოლოო ჯამში, მისი ყველაზე დრამატიული მომენტებიც კი აღარ აგაღელვებს" - ეს სიტყვები მისწერა ვერდიმ თეატრის დირექტორს მარძარის პიავეს ლიბრეტოს ახალ ვარიანტთან დაკავშირებით, რომელშიც ლიბრეტისტს რიგოლეტოს სახე ცენზურის მოთხოვნების სასარგებლოდ გაეზიარებინა და იგი წარმოსადეგი მამაკაცის გმირით შეეცვალა. ამასთან დაკავშირებით ვერდი წერა: "მთავარი გმირი მომღერალი მასხარაა, რატომაც არა?! ვფიქრობ, ამ ხასიათის წარმოჩენა, მისთვის ნიშნეული იუმორით, ფიზიკური უსახობით და ამასთან, სიყვარულისა და ტანჯვის დიადი გრძნობით, ბრწყინვალე იდეაა. სწორედ მთავარი გმირის ამ ინდივიდუალურ თვისებათა ერთობლიობის გამო ავირჩიე ეს სიუჟეტი და მათზე უარის თქმის შემთხვევაში ვეღარ გავაგრძელებ მუსიკის წერას. თუ მეტყვით, რომ ჩემი მუსიკა ამ სახეცვლილ ლიბრეტოსაც მიესადაგება, მე გიპასუხებთ, რომ ასეთი მსჯელობა მე არ მესმის. გულწრფელად ვამბობ, - ჩემი მუსიკა, იმის მიუხედავად, კარგია იგი თუ ცუდი, არასოდეს არის შემთხვევითი. ყოველთვის ვცდილობ მისთვის გარკვეული ხასიათის მინიჭებას".
რაკი ცენზურის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ სრულიად იკარგებოდა ნაწარმოების ძირითადი არსი და იდეა, ვერდიმ ლიბრეტოს ვარიანტზე კატეგორიული უარი განაცხადა, თუმცა, ბევრი რამის შეცვლა ლიბრეტოში მას და პიავეს მაინც მოუხდათ და საბოლოოდ, ფრანცისკ პირველი მანტუას ჰერცოგად, ხოლო ტრიბულე რიგოლეტოდ გადაიქცა.
ოპერის წარმატებული პრემიერა 1851 წლის 11 მარტს შედგა ვენეციაში და მალე "რიგოლეტო" ევროპის თითქმის ყველა ქალაქის საოპერო სცენაზე დაიდგა.
შინაარსი
რედაქტირებაპირველი მოქმედება
სურათი I
მანტუის ჰერცოგის სასახლეში დიდი ღრეობაა, ჰერცოგი დიდებულებთან ერთად ატარებს დროს. იგი გრაფ ჩეპრანოს ცოლს ეარშიყება, გრაფი კი ეჭვიანობს. სასახლის მასხარა რიგოლეტო ღვარძლიანად დასცინის მას და ჰერცოგს ურჩევს იმავე ღამეს მოიტაცოს გრაფის მეუღლე. აღშფოთებული ჩეპრიანო ფიცს დებს, რომ სამაგიეროს გადაუხდის რიგოლეტოს. მოულოდნელად დარბაზში შემოიჭრება გრაფი მონტერონე, რომელიც ჰერცოგისგან ქალიშვილის დაბრუნებას მოითხოვს. რიგოლეტო მასაც მასხრად იგდებს. ჰერცოგის ბრძანებით გრაფს აპატიმრებენ. მონტერონე ქალიშვილის შეურაცხყოფისთვის შურისძიებით ემუქრება ჰერცოგს, წყევლის რიგოლეტოს...
სურათი II
მონტერონეს წყევლა სიმშვიდეს უკარგავს რიგოლეტოს. გვიან ღამით დამძიმებული გულით მიემართება იგი სახლისკენ. გზად მიმავალს კაცისმკვლელი, ბანდიტი სპარაფუჩილე შეხვდება, რომელიც გარკვეული საზღაურის ფასად თავის სამსახურს სთავაზობს.
რიგოლეტოს თავისი ერთადერთი ქალიშვილის, ჯილდას ბედი აწუხებს. მოახლე ქალთან ერთად ჯილდა ქალაქის ერთ მიყრუებულ უბანში ცხოვრობს. ჰერცოგის შიშით მამისგან მას აკრძალული აქვს ქალაქში გასვლა, მხოლოდ ეკლესიაში დადის სალოცავად.
რიგოლეტო მხოლოდ ჯილდას გვერდით გრძნობს თავს ბედნიერად... სასახლიდან გასვლისას ის მკაცრად უბარებს მოახლე ქალს, თვალისჩინივით გაუფრთხილდეს ჯილდას.
განმარტოებულ ქალიშვილს ონცება გაიტაცებს - ეკლესიაში მან მშვენიერი ყმაწვილი კაცი დაინახა და მისი სილამაზით მოიხიბლა... უეცრად, სწორედ ეს ჭაბუკი - სტუდენტად გადაცმული ჰერცოგი სახლში მოევლინება ჯილდას. მოულოდნელი შეხვედრა შეაკრთობს ქალიშვილს, მაგრამ ახალგაზრდა "სტუდენტის" მხურვალე სიყვარული და მარადიული ერთგულების ფიცი თავბრუს ახვევს გამოუცდელ გოგონას.
რიგოლეტოს სახლთან თავს იყრის ჰერცოგის ამალა, რომელსაც ჯილდას გატაცება აქვს გადაწყვეტილი. ავი წინათგრძნობით შეპყრობილი რიგოლეტო სახლში ბრუნდება. სიბნელეში სასახლის დიდებულებს წააწყდება. ეჭვის გასაფანტად რიგოლეტოს არწმუნებენ, რომ გრაფინია ჩეპრანოს გატაცებას აპირებენ, რომლის სასახლეც იქვე ახლოსაა და დახმარებას სთხოვენ. რიგოლეტო თანხმდება... მაგრამ მალე შორიდან ჯილდას ყვირილი მოესმის... რიგოლეტო ხვდება, რომ ჯილდა გაიტაცეს.
მეორე მოქმედება
ჰერცოგი აფორიაქებულია... უკვალოდ გაქრა მშვენიერი ქალიშვილი, ვიღაცამ მოიტაცა იგი. დიდებულები ჰერცოგს სიცილით უყვებიან ამბავს, თუ როგორ დაეხმარა მათ რიგოლეტო მისივე ქალიშვილის მოტაცებაში. შემოჰყავთ მოსასხამში გახვეული ქალი... დიდებულთა დანახვით შემკრთალი ჯილდა, როგორც კი თავის სატრფოს დაინახავს, მისკენ გარბის. შეხვედრით გახარებული და ბედნიერი თან მიჰყვება საყვარელ ადამიანს.
მწუხარების დასაფარად რიგოლეტო სიმღერით შემოდის. იგი ჯილდას დაეძებს. როგორც კი შეიტყობს, რომ ჯილდა სასახლეშია, მუქარით მოითხოვს მის დაბრუნებას, მაგრამ დიდებულები არაფრით აგდებენ მის მუქარას და ხვეწნა-მუდარას.
მამის ხმაზე შემორბის ჯილდა, რიგოლეტო ახლა უკვე ყველაფერს ხვდება. იგი ფიცს დებს, რომ სასტიკად იძიებს შურს ქალიშვილის შერცხვენისთვის. შეხვედრა მონტერონესთან, რომელიც სწორედ ამ დროს გაჰყავდათ დილეგში დასამწყვდევად, სამაგიეროს გადახდის რწმენა უფრო განუმტკიცა რიგოლეტოს თავისი სიყვარულის ერთგული ჯილდა ემუდარება მამას, დაინდოს ჰერცოგი, მაგრამ ამაოდ...
მესამე მოქმედება
სპარაფუჩილეს ბინა. სახლის შესასვლელს უახლოვდებიან რიგოლეტო და ჯილდა. მამას ქალიშვილი განგებ მოყავს აქ, რათა მან თავისი თვალით იხილოს ჰერცოგის ღალატი, რომელიც სპარაფუჩილეს დასთან, მადალენასთან შესახვედრად არის მოსული...
მაამ ქალიშვილს ვერონაში აგზავნის - ვაჟის ტანსაცმელში გადაცმულმა ჯილდამ ამ საღამოსვე უნდა დატოვოს მანტუა. რიგოლეტო კი აპირებს დარჩენას, რათა ჰერცოგის მოკვლისთვის საზღაური გადაუხადოს სპარაფუჩილეს და შემდეგ თავისივე ხელით გადაისროლოს საძულველი გვამი მდინარეში.
...ამოვარდება ქარიშხალი. მადალენა, რომელსაც ძლიერ მოსწონს მოხდენილი ჭაბუკი, ანუ ჰერცოგი, ეხვეწება ძმას არ მოკლას იგი. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ სპარაფუჩილე თანხმდება ჰერცოგის ნაცვლად მოკლას ის, ვინც შუაღამამემდე პირველი შემოაღებს კარს. ჯილდა, რომელიც სატრფოს გადასარჩენად ბრუნდება უკან ყველაფერს გაიგონებს... და კარზე აკაკუნებს...
ქარიშხალი ჩადგება. სპარაფუჩილე რიგოლეტოს ტომარას გადასცემს. სიხარული შეიპყრობს რიგოლეტოს - მან შური იძია! ის-ის არის ტომარა მდინარეში უნდა გადაისროლოს, როომ უცებ ჰერცოგის ნაცნობი სიმღერა ესმის... შეძრწუნებული სასწრაფოდ ხსნის ტომარას და... ქალიშვილის უსიცოცხლო სხეულს შეიცნობს...
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Libretto in Italian and English დაარქივებული 2019-03-04 საიტზე Wayback Machine.
- Rigoletto piano vocal score from Indiana University's Online Opera Scores Database