მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში (ინგლ. World Snooker Championship) — მთავარი პროფესიონალური რეიტინგული ტურნირი სნუკერში.

მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში
ტურნირის ინფორმაცია
ჩატარების ადგილი კრუსიბლის თეატრი
მდებარეობა შეფილდი
ქვეყანა ინგლისი
თარიღი 1927
ორგანიზაცია WPBSA
ფორმატი რეიტინგული
საპრიზო ფონდი UK£1 968 000[1]
ბოლო 2018
მიმდინარე ჩემპიონი უელსის დროშა მარკ უილიამსი

1973-74 წლების სეზონიდან მოყოლებული მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში შედის რეიტინგული შეჯიბრებების სიაში. ამჟამად ჩემპიონატი ტარდება თეატრ კრუსიბლში (ინგლ. Crucible Theatre), შეფილდში (ინგლისი). ეს ტურნირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრესტიჟულობის, რეიტინგული ქულებისა და ფულადი ჯილდოს მიხედვით. ის იმართება ყოველწლიურად სეზონის მიწურულს[2][3].

ადრეული წლები

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ სნუკერის თამაში დაიწყეს დაახლოებით 1870-იან წლებში, ოფიციალურად მისი წესები დამტკიცდა ბილიარდის ორგანიზაცია Billiard Association & Control Club-ის მიერ (მოგვიანებით — Billiard Association & Control Council (BA & CC)) 1919 წელს. ინგლისური ბილიარდი იმ დროს საბილიარდო თამაშების დომინანტური სახესხვაობა იყო, ამიტომაც სნუკერის რეგიონალური ტურნირების ორგანიზაციის იდეა მხოლოდ 1920-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. მრავალ პროფესიონალ მოთამაშეს ესმოდა თამაშის პოტენციალი, ამიტომაც ისინი მოითხოვდნენ მსოფლიო ჩემპიონატის გამართვას. საბოლოოდ ამით უშუალოდ დაკავდა ბილ კამკინი, ბირმინგემში საბილიარდო კლუბების ქსელის მფლობელი. ბილმა და მისმა მეგობარმა, ჯო დეივისმა, ერთად შექმნეს და წარმოადგინეს BA & CC-ის პირველობის გამართვის გეგმა. მათი შემოთავაზება მიიღეს.

პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა 1926 წლის ნოემბრიდან 1927 წლის მაისამდე ბირმინგემში, ინგლისში. მასში მონაწილეობა მიიღო ათმა მოთამაშემ. პირველი მატჩი გათამაშდა მელბურნ ინმენსა და ტომ ნიუმენს შორის[4], ხოლო პირველობის გამარჯვებული გახდა ინგლისელი ჯო დეივისი, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. გამარჯვებისთვის დეივისმა მიიღო £ 6.10 (თანამედროვე შეფასებით დაახლოებით სამასი ფუნტი სტერლინგი),[5] ჩემპიონის თასი კი მან თავისი ფულით იყიდა. ტურნირის უდიდესი ბრეიკი, 60 ქულა, გააკეთა ალბერტ კოუპმა.

 
პირველი მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში — ჯო დეივისი

შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემპიონატი გადაჰქონდათ სხვადასხვა ქალაქში, თუმცა ქვეყანა, რომელშიც ის იმართებოდა, უცვლელი იყო. ყველა გათამაშებაში, 1940 წლის ჩათვლით, გაიმარჯვა დეივისმა. გარდა ამისა, 1936 წელს მან გააკეთა პირველი ოფიციალურად დარეგისტრირებული სენჩერი-ბრეიკი. ჯოს ერთადერთი სერიოზული მოწინააღმდეგე იყო მისი უმცროსი ძმა ფრედი, რომელიც ჯომ 1940 წელს გადამწყვეტ ფრეიმში დაამარცხა.

უმეტეს შემთხვევაში ტურნირის ფორმატი იმ დროს ერთნაირი იყო: ის ტარდებოდა „ჩელენჯის“ სისტემით, ანუ წინა წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ავტომატურად გადიოდა შემდეგის ფინალში, ხოლო მისი მოწინააღმდეგე მატჩების სერიის შედეგად ვლინდებოდა.

1941 წლიდან 1945 წლამდე ჩემპიონატი არ ტარდებოდა მეორე მსოფლიო ომის გამო. ის განახლდა 1946 წელს და მისი გამარჯვებული ისევ ჯო დეივისი გახდა. მასვე ეკუთვნოდა ჩემპიონატის უდიდესი ბრეიკი, 136 ქულა, რომელიც მან გააკეთა ჰორეს ლინდრუმის წინააღმდეგ გამართულ ფინალურ შეხვედრაში. ამ გამარჯვებისთვის ინგლისელმა მიიღო 1000 ფუნტი სტერლინგი. იმ დროისთვის დეივისი უკვე 15-გზის მსოფლიო ჩემპიონი იყო (ყველა ტიტული ზედიზედ აიღო), მაგრამ 1946 წლის ჩემპიონატის შემდეგ მან შეწყვიტა ტურნირში მონაწილეობა. უფროსი ძმის წასვლის შემდეგ ფრედ დეივისი ოჯახური ტრადიციის გაგრძელებისთვის მზად იყო, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების პირველი მცდელობა მისთვის უშედეგოდ დამთავრდა. ფინალურ შეხვედრაში ის შეაჩერა შოტლანდიელმა უოლტერ დონალდსონმა. მიუხედავად ამისა, შემდეგი 10 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ დეივისი დომინირებდა: 1948 წლიდან 1957 წლამდე მან მოიგო რვა ტიტული, როდესაც მისმა მთავარმა მოწინააღმდეგე დონალდსონმა — მხოლოდ ერთი.

დაკნინება

რედაქტირება

1952 წელს სნუკერის საერთაშორისო ჩემპიონატების გამართვაში კრიზისი დაიწყო. მას სათავე დაუდო მოთამაშეებსა და მმართველ ორგანიზაცია BA & CC-ს შორის არსებულმა დიდმა უთანხმოებებმა, რის შედეგადაც გაიმართა ორი ჩემპიონატი: ერთი ВА & CC-ის მიერ ორგანიზებული, ხოლო მეორე — პროფესიონალი მოთამაშეების მიერ. პირველში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ორმა სნუკერისტმა, რის შედეგადაც გამარჯვებული გახდა ავსტრალიელი ჰორეს ლინდრუმი. მეორეში კი ითამაშეს დარჩენილმა პროფესიონალებმა. იქ ჩემპიონი გახდა ფრედ დეივისი. World Matchplay (ასე ერქვა იმ ტურნირს ოფიციალურად) მიიჩნიეს მსოფლიოს „ნამდვილ“ პირველობად. თუმცა, ის დიდხანს არ გაგრძელებულა და 1958 წელს შეწყვიტა არსებობა არაპოპულარულობისა და ფულის უკმარისობის გამო. World Matchplay-ის ბოლო ჩემპიონი გახდა ინგლისელი ჯონ პულმანი, რომელმაც თავისი ტიტული 1957 წელს მოიპოვა.

1960-იანი და 1970-იანი წლები

რედაქტირება

1964 წელს ტურნირი კვლავ აღდგა „ჩელენჯის“ ფორმატში, უმეტესწილად რექს უილიამსის წყალობით, რომელმაც ერთი წლით ადრე მიაღწია BA & CС-თან შეთანხმებას. მაგრამ ჩემპიონატები იმართებოდა არარეგულარულად, ზოგჯერ წელიწადში რამდენიმეჯერ, რისი წყალობითაც პულმანმა ოთხ წელიწადში შვიდი ჩელენჯი მოიგო.

1969 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა, მიიღეს თამაშიდან გამოვარდნის სისტემა[6]. პირველი გამარჯვებული გახდა ჯონ სპენსერი, თუმცა შემდგომი ათწლეულის განმავლობაში ჩემპიონატზე დომინირებდა სხვა მოთამაშე, უელსელი რეი რიარდონი, რომელმაც 1970 წლიდან 1978 წლამდე ექვსი ტიტული მოიგო.

1974 წელს ჩემპიონატი შევიდა რეიტინგული შეჯიბრებების სიაში, რის გამოც გაიზარდა მისი პრესტიჟი. ხოლო 1976 წელს პირველობაზე მოვიდა პირველი მსხვილი სპონსორი, სიგარეტის ბრენდი Embassy, რომელიც ტურნირთან თითქმის ოცდაათი წელი დარჩა. ერთი წლის შემდეგ ჩემპიონატმა ახალი სახლი იპოვა, კრუსიბლის თეატრი შეფილდში, ხოლო BBC-მ თამაშების ტრანსლირება დაიწყო[7]. სწორედ 1977 წელი შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე სნუკერის დაბადების წლად.

 
კრუსიბლის თეატრი — მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის ადგილი.

სნუკერის თანამედროვე ეპოქა

რედაქტირება

1980-იანი წლების დასაწყისიდან გადაწყდა, რომ ტურნირში მონაწილეობას მიიღებდა 32 მოთამაშე. დაახლოებით ამ დროისთვისვე, 1980 წელს, დამტკიცდა ფინალის ფრეიმების საბოლოო რაოდენობა: 35 ფრეიმი, თამაში 18 გამარჯვებამდე.

1980 წელს მსოფლიო პირველობაზე პირველად გაიმარჯვა არაევროპელმა (კანადელმა კლიფ თორბურნმა). ერთი წლის შემდეგ კი ტიტული მიიღო ახალმა მოთამაშემ — სტივ დეივისმა (არ არის ჯო და ფრედ დეივისების ნათესავი). ის 1980-იან წლებში მის მიერ ნათამაშები რვა ფინალიდან ექვსი ტიტულის მოგების შედეგად აბსოლუტური ლიდერი გახდა.

არც 1985 წლის ფინალს ჩაუვლია სტივის გარეშე. ეს ფინალი კრუსიბლის ისტორიაში ყველაზე პოპულარულია[8]. მაშინ დენის ტეილორმა ინგლისელი დაამარცხა ანგარიშით 18:17, როდესაც ბოლო ბურთით გამარჯვება გამოსტაცა ხელებიდან. ეს 35-ფრეიმიანი შერკინება, რომელიც დამთავრდა ორშაბათს, 00-19 საათზე, დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა სნუკერის მატჩის ხანგრძლივობის რეკორდს (890 წუთი სუფთა დროისა).

 
დენის ტეილორი, 2004 წელი

დეივისს შემდგომშიც შეეძლო ჩემპიონატებზე დომინირება, თუმცა 1980-იანების მიწურულს მეინ-ტურში (სნუკერის ერთგვარ უმაღლეს ლიგაში) გამოჩნდა კიდევ უფრო ნიჭიერი მოთამაშე — სტივენ ჰენდრი. იმ დროს მრავალი ექსპერტი ჰენდრის დეივისის მემკვიდრეს უძახდა[9], რადგან ორივენი კარიერის დასაწყისშივე პრაქტიკულად დაუმარცხებლები გახდნენ. მაგრამ საბოლოოდ შოტლანდიელმა უკან ჩამოიტოვა სტივი ყველა მაჩვენებლის მიხედვით, უპირველეს ყოვლისა კი ყველაზე მთავარის — მოგებული მსოფლიო ჩემპიონატების რაოდენობით. 90-იან წლები სწორედ სტივენ ჰენდრის ეკუთვნოდა. თავისი პირველი ტიტული მან აიღო 21 წლისა და 106 დღისამ, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ხოლო უკანასკნელი, რიგით მეშვიდე, მოიპოვა 1999 წელს. სტივენ ჰენდრი დამსახურებულად ითვლება ყველაზე წარმატებულ მოთამაშედ ტურნირის ისტორიაში: მიუხედავად იმისა, რომ მოგებული მსოფლიო ჩემპიონატების რაოდენობით ის მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს (პირველ ადგილზეა ჯო დეივისი 15 გამარჯვებით, ხოლო მეორე და მესამე ადგილებს 8-8 გამარჯვებით ინაწილებენ ფრედ დეივისი და ჯონ პულმანი), მისი გამარჯვებები იმ დროისთვის მოვიდა, როცა სნუკერი უკვე სპორტის საკმაოდ განვითარებული სახეობა იყო მაღალი კონკურენციით.

თუმცა, XXI საუკუნის დასაწყისში სრულიად გამოაშკარავდა პოტენციალი სნუკერის ახალი თაობისა, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, მიეკუთვნებოდა რონი ო’სალივანი (ინგლისი), ჯონ ჰიგინსი (შოტლანდია) და მარკ უილიამსი (უელსი). სწორედ ამ სამმა სნუკერისტმა დაიპყრო ჩემპიონატის მთავარი ჯილდო თერთმეტჯერ: 1998, 2000-2001, 2003-2004, 2007-2009 და 2011—2013 წლებში. მათგან 5 ტიტული მოიგო რონი ო'სალივანმა, ოთხი — ჰიგინსმა, ხოლო ორი — უილიამსმა.

დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებული იყო თამბაქოს ნაკეთობების რეკლამის შეზღუდვასთან, თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს აეკრძალათ სპორტული შეჯიბრებების სპონსორირება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე. თუმცა, Embassy-მ 2005 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორირებაზე სპეციალური თანხმობა მიიღო. „Embassy Snooker World Championship“-ის უკანასკნელი ჩემპიონი გახდა შონ მერფი, რომელმაც მეთიუ სტივენსი დაამარცხა ანგარიშით 18:16. მერფის გამარჯვება იმდენად არ დაუმახსოვრებიათ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი იყო Embassy-ის სპონსორობით, რამდენადაც იმიტომ, რომ გამარჯვებულმა ტიტული მოიპოვა საკვალიფიკაციო რაუნდებიდან გამოსვლის შემდეგ. ეს იყო მხოლოდ მეორე შემთხვევა ჩემპიონატის ისტორიაში, 1979 წელს ტერი გრიფითსის გამარჯვების შემდეგ.

2005 წლის ტურნირის გამართვის დროს WPBSA-ის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ ჩემპიონატი გაიმართებოდა კრუსიბლის თეატრში როგორც მინიმუმ კიდევ 5 წელი, ხოლო მისი ახალი სპონსორი გახდა ონლაინ კაზინოების უმსხვილესი ქსელი — 888.com — მასთან 2006 წლის იანვარში ხელი მოეწერა 5-წლიან კონტრაქტს[10]. 888.com-ის მოსვლასთან დაკავშირებული იყო მრავალი ცვლილება პირველობის გაფორმების სტილში, მაგალითად, კრუსიბლის არენის ტრადიციულად წითელი ფერი შეიცვალა მწვანით, ხოლო მოთამაშეებს აეკრძალათ დარბაზში სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის დალევა.

 
მსოფლიო ჩემპიონატის თასი

ახალი სპონსორის დროს ტურნირის პირველი გამარჯვებული გახდა 28 წლის შოტლანდიელი გრემ დოტი, რომელმაც დრამატულ ფინალში ინგლისელი პიტერ ებდონი დაამარცხა 18:14. საინტერესოა რომ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ დოტი შედიოდა 16 უძლიერესი სნუკერისტის სიაში, ბუკმეიკერების აზრით ნაკლებად სავარაუდო ჩემპიონად ითვლებოდა. თუმცა, მის გამარჯვებას ხელი შეუწყო როგორც მოწინააღმდეგის ემოციურმა გამოფიტვამ ნახევარფინალში, აგრეთვე მისმა საკუთარმა თამაშის „დამცველობითმა“ სტილმა[11]. საბოლოოდ გრემ დოტმა მიიღო £ 200 000 და ჩემპიონატის ჯილდო განახლებულ დიზაინში.

2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შესრულდა საიუბილეიო, მე-1000 სენჩერი-ბრეიკი კრუსიბლის ისტორიაში. ამ მიღწევის ავტორი გახდა ჯონ ჰიგინსი, რომელიც შედეგად ჩემპიონიც გახდა. ხოლო ყოფილმა გამარჯვებულმა, გრემ დოტმა, მეორე წრეშივე წააგო არცთუ ისე ძლიერ მოწინააღმდეგესთან — იან მაკალოჰისთან — 7:10. თუმცა, შემდეგ წელს ტიტულის დაცვა არც ჰიგინსს გამოუვიდა: 2008 წლის პირველობაზე ის მეორე რაუნდში დამარცხდა. ამჯერად ჩემპიონი გახდა რონი ო’სალივანი, რომელმაც ფინალში ალისტერ კარტერი დაამარცხა ანგარიშით 18:8[12].

ამ ჩემპიონატის შემდეგ მთავარმა სპონსორმა, 888.com-მა, არ შეასრულა თავისი ვალდებულება კონტრაქტის მიხედვით და შეწყვიტა სპონსორირება[13]. 2009 წელს ბუკმეიკერული კომპანია Betfred.com გახდა მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორი შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ამგვარად, სნუკერის მთავარმა ტურნირმა სახელი შეიცვალა „Betfred.com World Snooker Championship“-ზე. ჩემპიონატის გამართვის ადგილი კი, WPBSA-ს ყოფილი თავმჯდომარის, სერ როდნი უოკერის განცხადებით, როგორც ჩანს, 2015 წლამდე უცვლელი იქნება — კრუსიბლის თეატრი შეფილდში[14].

კომპანია Betfred-თან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, 2013 წლიდან, ტურნირის სპონსორი გახდა Betfair.

ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა თამაშის ხარისხი (როგორც საერთოდ სნუკერში, აგრეთვე უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატზეც) — შედარებისთვის, 1983 წლის ტურნირზე დაგროვდა მხოლოდ 18 ასიანი სერია, ხოლო 2009 წელს — 83. 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაჩვენებელი ამ დროისთვის რეკორდულია.

ჩემპიონატისა და მისი მონაწილეების გეოგრაფია

რედაქტირება

თავისი ისტორიის 83 წლის განმავლობაში (მცირე შესვენებებით) მსოფლიო ჩემპიონატმა მოიარა მსოფლიოს 13 ქალაქი და 3 ქვეყანა (დიდი ბრიტანეთი (ინგლისი), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ავსტრალია). მეტწილად წარმატებულ მოთამაშეებს შორის, როგორც უწინ, აგრეთვე ახლაც დომინირებენ ბრიტანელები, თუმცა, ბოლო დროს გამოჩნდნენ მოთამაშეები ტრადიციულად „არასნუკერული“ ქვეყნებიდან. 90-იანი წლების დასაწყისიდან ტურნირის ფინალურ სტადიაში თამაშობდნენ ინგლისის, შოტლანდიის, უელსის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ირლანდიის, ჩინეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის, კანადის, ნიდერლანდების, ისლანდიის, ნორვეგიის, ფინეთის, ტაილანდის, პაკისტანის, მალტისა და ბელგიის წარმომადგენლები.

ყველაზე წარმატებული არაბრიტანელი სნუკერისტების სიას, რომლებსაც ჯერ არ დაუმთავრებიათ კარიერა, შეიძლება მივაკუთვნოთ ნილ რობერტსონი ავსტრალიიდან (2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული), ნიდერლანდელი სტეფან მაზროცისი, რომელიც 1997 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 1/8 ფინალში მოხვდა, დინ ჯუნხუი და ლიან ვენბო ჩინეთიდან და ტონი დრაგო მალტიდან.

ბოლო დროს პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი შეიძლება ჩინეთში გადავიდეს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დასრულდება კონტრაქტი შეფილდის კრუსიბლთან. ტურნირის ჩინეთში გადატანის სურვილი დაკავშირებულია ამ ქვეყანაში სნუკერის მაღალ პოპულარობასთან, ასევე ახალი მსხვილი სპონსორების მოპოვების შესაძლებლობასთან[15].

რეკორდები

რედაქტირება
 
ო'სალივანი 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ
  • 2007 წლის პირველობა ცნობილია ყველაზე ხანგრძლივი ფრეიმით. ის გრძელდებოდა 1 სთ და 17 წთ და გათამაშდა ფინალში ჯონ ჰიგინსსა და მარკ სელბის შორის.
  • მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე 2012 წელს გახდა ლუკა ბრესელი, რომელიც 17 წლისა და 35 დღის იყო, როცა ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო. გარდა ამისა, იგი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში სენჩერი-ბრეიკი გააკეთა (116 ქულა).
  • ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა სტივენ ჰენდრი, რომელმაც ის მოიგო 1990 წელს 21 წლის ასაკში. მეორე ამ მაჩვენებლის მიხედვით არის შონ მერფი, მესამე — ალექს ჰიგინსი. ორივე მათგანმა ჩემპიონატი მოიგო 22 წლის ასაკში, რამდენიმე თვის სხვაობით[16][17]. ტურნირის ყველაზე ხანდაზმული გამარჯვებული გახდა რეი რიარდონი, რომელმაც ტიტული 45 წლისა და 203 დღის ასაკში მიიღო (1978 წელს). კიდევ უფრო შთამბეჭდავია 1966 წლის ტურნირის ფინალისტის, ფრედ დეივისის ასაკი — 53 წელი.
  • 2008 წელს ჰენდრიმ მე-1000 პარტია ითამაშა დინ ჯუნხუის წინააღმდეგ მატჩში.
  • სტივენ ჰენდრიმ აგრეთვე სნუკერის თანამედროვე ეპოქაში ყველაზე დიდი ხნით მოახერხა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება. იგი მოქმედი ჩემპიონი იყო 1992-დან 1996 წლამდე.
  • ტურნირის ყველაზე მოულოდნელი ჩემპიონი არის ტერი გრიფითსი (1979), რომელმაც ტურნირი კვალიფიკაციიდან გასვლით მოიგო; გარდა ამისა, ჩემპიონატი იყო მხოლოდ მეორე კვალიფიცირებული ტურნირი, რომელზეც ის თამაშობდა. ჯო ჯონსონი გახდა ჩემპიონი 1986 წელს, თუმცა ფსონები მასზე ტურნირის დასაწყისში მიიღებოდა, როგორც 150-1; შონ მერფიმ 2005 წლის ჩემპიონატზე გაიმეორა გრიფითსის მიღწევა და მოიგო ტიტული საკვალიფიკაციო რაუნდების გავლით.
  • ჯიმი უაიტიმ ექვსჯერ მიაღწია მსოფლიო პირველობის ფინალს (1984 და 1990—1994 წლებში.), თუმცა, არც ერთხელ არ მოუგია ის. ბოლო ფინალი მან ითამაშა ჰენდრისთან და დამარცხდა ანგარიშით 17:18.
  • ე.წ. „კრუსიბლის წყევლა“ მდგომარეობს იმაში, რომ არც ერთ ჩემპიონს, რომელმაც ტიტული პირველად მოიგო, არ შეუძლია დაიცვას იგი შემდეგ წელს. ჯონ სპენსერი, ტერი გრიფითსი, დენის ტეილორი, სტივ დეივისი, გრემ დოტი და ნილ რობერტსონი დამარცხდნენ პირველ რაუნდში, დანარჩენები უფრო შორს გავიდნენ. ყველაზე ახლოს მივიდნენ ჯო ჯონსონი და კენ დოერტი, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს 1986 და 1997 წლებში შესაბამისად, და შემდეგ წელს ფინალამდე გავიდნენ. მაგრამ საბოლოოდ ისინი მოწინააღმდეგეებთან მაინც დამარცხდნენ (ჯონსონმა სტივ დეივისთან დათმო 14:18, ხოლო დოერტიმ — ჯონ ჰიგინსთან 12:18).
  • მხოლოდ შვიდმა სნუკერისტმა შეძლო თავის კარიერაში ტიტულის ერთხელ მაინც დაცვა. ეს სნუკერისტები არიან: ჯო დეივისი, ფრედ დეივისი, ჯონ პულმანი, რეი რიარდონი, სტივ დეივისი, სტივენ ჰენდრი და რონი ო’სალივანი. მხოლოდ უკანასკნელი სამი მოთამაშე ეკუთვნის სნუკერის თანამედროვე ეპოქას. ამასთან ერთად, სტივ დეივისმა ტიტულის დაცვა სამჯერ მოახერხა, ჰენდრიმ — ოთხჯერ, ხოლო რონი ო'სალივანმა — მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს.
  • კენ დოერტი — ერთადერთი სნუკერისტი, რომელსაც დაემორჩილა მსოფლიო ჩემპიონატის სამი სხვადასხვა ვერსია. სხვადასხვა დროს მან მოიგო ახალგაზრდული, სამოყვარულო და პროფესიონალური ჩემპიონატები[18].
  • რონი ო’სალივანი — ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც სნუკერის თანამედროვე ეპოქაში ჩემპიონატის თასის ყველა ტიპის მოგება მოახერხა. ის არის სპონსორების, Embassy-ის, 888.com-ის, Betfred.com-ისა და Betfair.com-ის გაფორმებული თასების მფლობელი. ჯონ ჰიგინსს მხოლოდ სამი სახის თასი აქვს, უკანასკნელის გარდა (Betfair).
  • აგრეთვე რონი ო’სალივანი სნუკერის თანამედროვე ეპოქის ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ფინალის მოგება, რომლებშიც მონაწილეობდა.
  • ჯონ პეროტი — ერთადერთი სნუკერისტი, რომელმაც შეძლო ტურნირის ფინალურ სტადიაზე მოწინააღმდეგის დამარცხება მშრალი ანგარიშით: ეს მოხდა 1991 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ წრეზე ედი ჩარლტონის წინააღმდეგ მატჩში. საკვალიფიკაციო მატჩებში მშრალი ანგარიში იშვიათად გვხვდება, მაგრამ პრეცენდენტები მაინც არსებობს: 2012 წელს ორი მატჩი დასრულდა ანგარიშით 10:0
  • ჰორეს ლინდრუმი და ნილ რობერტსონი (ავსტრალია), კლიფ თორბერნი (კანადა) და კენ დოერტი (ირლანდია) არიან ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონები, რომლებიც არ ცხოვრობენ (ან არ უცხოვრიათ) დიდ ბრიტანეთში. ამასთანავე ლინდრუმის ტიტულს დღესდღეობით ხშირად არ აღიარებენ, რადგან იმ ჩემპიონატში მხოლოდ ორმა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა.
  • 1931 და 1952 წლების მსოფლიო ჩემპიონატები საინტერესოა იმით, რომ ორივე მათგანში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ორი მოთამაშე.
  • ჩემპიონატის ყველაზე ხანგრძლივი არაოფიციალური მატჩი დაფიქსირდა 1983 წელს 1/18 ფინალში კლიფ თორბურნსა და ტერი გრიფითსს შორის[19]. ის დამთავრდა დილის 03−51 საათზე და გამარჯვება მოიპოვა თორბურნმა ანგარიშით 13:12. მანვე ამ თამაშში მაქსიმალური ბრეიკი გააკეთა.
  • ყველაზე სწრაფი მატჩი 13 გამარჯვებამდე ჩემპიონატზე დაფიქსირდა 1997 წელს. მაშინ რონი ო'სალივანმა დაამარცხა ტონი დრაგო 13:4. აღსანიშნავია, რომ ამ მოთამაშეებს აქვთ ზედმეტსახელები „რაკეტა“ და „ტორნადო“ შესაბამისად, რადგანაც ცნობილნი არიან, როგორც ყველაზე სწრაფი მოთამაშეები სნუკერის ისტორიაში.
  • ყველაზე ცნობილ ქამბექებს (მატჩები, რომელშიც ერთი მოთამაშე მეორესთან დიდი ანგარიშით აგებს, ხოლო საბოლოოდ იგებს შეხვედრას) შორის რამდენიმე მატჩის გამოყოფა შეიძლება:
მჩ-1985, დენის ტეილორისტივ დეივისი. 0:8-დან ტეილორმა მოიგო თამაში 18:17 და გახდა ჩემპიონი.
მჩ-1992, სტივენ ჰენდრიჯიმი უაიტი. 8:14-დან ჰენდრიმ მოიგო თამაში 18:14 და გახდა ჩემპიონი.
მჩ-1995, ნაიჯელ ბონდიკლიფ თორბერნი. 2:9-დან ბონდმა მოიგო მატჩი 10:9[20];
მჩ-2003, კენ დოერტიპოლ ჰანტერი. 9:15-დან დოერტიმ მოიგო მატჩი 17:16 და გავიდა ფინალში[21];
მჩ-2007, შონ მერფიმეთიუ სტივენსი. 5:11-დან, შემდეგ კი 7:12-დან მერფიმ მოიგო შეხვედრა 13:12[22];
მჩ-2010, ნილ რობერტსონიმარტინ გოულდი. 5:11-დან რობერტსონმა გადაარჩინა თამაში და მოიგო ანგარიშით 13:12, ჩემდეგ კი გახდა მსოფლიო ჩემპიონი[23].
  • სტივენ ჰენდრი არის სნუკერისტი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი საპრიზო თანხა ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე (£ 190 000 გამარჯვებისთვის და £ 163 000 მაქსიმალური ბრეიკისთვის, 1995 წელს)[24].

სენჩერი-ბრეიკები და მაქსიმუმები

რედაქტირება
  • პირველი მაქსიმალური ბრეიკი ჩემპიონატში დაფიქსირდა 1983 წელს. ამ მიღწევის ავტორი გახდა კანადელი მოთამაშე კლიფ თორბერნი, რომელიც შედეგად ფინალში გავიდა. ბრეიკი გაკეთდა 1/8 ფინალში.
  • მთელი ისტორიის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე გაკეთდა 10 მაქსიმალური ბრეიკი, მაგრამ მხოლოდ ერთი — საკვალიფიკაციო რაუნდებში (რობერტ მილკინსი, 14 მარტი 2006 წელი).
  • რონი ო’სალივანი და სტივენ ჰენდრი ინაწილებენ ტურნირზე მაქსიმალური სერიების რაოდენობის რეკორდს. ო'სალივანმა თავისი პირველი 147-ქულიანი ბრეიკი გააკეთა 1997 წელს 5 წუთსა და 20 წამში (ყველაზე სწრაფი მაქსიმალური ბრეიკი პროფესიონალური სნუკერის ისტორიაში). 2003 წლის ჩემპიონატზე მან გაიმეორა ეს სერია პირველი წრის მატჩში მარკო ფუს წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა მოწინააღმდეგესთან 6:10. მესამეჯერ ო'სალივანმა მაქსიმალური ბრეიკი გააკეთა 2008 წლის ჩემპიონატის 1/8 ფინალში მარკ უილიამსის წინააღმდეგ, თანაც ბოლო ფრეიმში. სტივენ ჰენდრიმ თავისი პირველი მაქსიმუმი ტურნირზე შეასრულა 1995 წლის ნახევარფინალში ჯიმი უაიტის წინააღმდეგ; მეორე — 2009 წლის მეოთხედფინალში, ხოლო მესამე — 2012 წლის 1/16 ფინალში. ამ ორი მოთამაშის გარდა, მაქსიმალური ბრეიკი გაკეთებული აქვთ ჯიმი უაითს (1992), მარკ უილიამსს (2005), კლიფ თორბურნს (1983) და ალისტერ კარტერს (2008)[25].
  • ყველაზე მეტი სენჩერი-ბრეიკი ერთ ჩემპიონატზე გააკეთა სტივენ ჰენდრიმ (2002 წელი, 16 სენჩერი-ბრეიკი).
  • ერთადერთი სნუკერისტი, რომელმაც შეძლო მსოფლიო ჩემპიონატზე სენჩერი-ბრეიკის გაკეთება სადებიუტო მატჩში, არის ირლანდიელი ფერგალ ო'ბრაიენი. მან ეს 1994 წელს მოახერხა.
  • რონი ო’სალივანი 2013 წელს გახდა რეკორდსმენი ერთი მოთამაშის მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე საერთო ჯამში გაკეთებული ასიანი სერიების რაოდენობაში. მისი მიმდინარე რეკორდია — 131 სერია.
  • მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში 2008 — პირველი და ამჟამად უკანასკნელი ოფიციალური ტურნირი, რომელზეც (მეინ-ტურში) გაკეთდა ორი მაქსიმალური ბრეიკი: ერთი რონი ო’სალივანის მიერ, მეორე კი — ალისტერ კარტერის[26]. შედეგად ჯილდო ამ მიღწევისთვის თანაბრად განაწილდა.
  • 1990-იანი წლებიდან მოყოლებული მაქსიმალური ბრეიკებისთვის ტურნირზე შმოტანილია მსხვილი ბონუსები. პირველი მოთამაშე, რომელმაც ეს ბონუსი მიიღო, იყო ჯიმი უაიტი. ის დაჯილდოვდა 1992 წელს (100 ათასი მაქსიმუმისთვის და 14 ათასი უმაღლესი ბრეიკისთვის). მაქსიმუმისთვის ყველაზე დიდი პრიზი მიიღო რონი ო'სალივანმა 2003 წელს — 169 ათასი ფუნტი (საშუალოდ სერიის განმავლობაში ო'სალივანი წამში 433 ფუნტს იღებდა)[27].
  • 2013 წლიდან მაქსიმალური ბრეიკების ღირებულების საერთო ფორმულასთან (სეზონის ყოველ მაქსიმუმზე შემდეგი წლის მაქსიმუმის ფასი 5000 ფუნტით იზრდება) დამატებით უმაღლეს და მაქსიმალურ ბრეიკზე ფულადი ჯილდოს ნაცვლად ტურნირზე შემოტანილია ჯილდო „ოქროს კია“. 2013 წელს ოქროს კია და 30 000 ფუნტი 143-ქულიანი სერიით მოიგო ნილ რობერტსონმა.

ფინალური მატჩების სტატისტიკა და აღსანიშნავი მოვლენები

რედაქტირება
  • ყველაზე გამანადგურებელი ანგარიში მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირდა 1989 წელს, როდესაც სტივ დეივისმა დაამარცხა ჯონ პეროტი, 18:3. ასევე სხვა მსხვილ გამარჯვებებს შორისაა მჩ-1993 (18:5, სტივენ ჰენდრიჯიმი უაიტი), მჩ-1983 (18:6, სტივ დეივისიკლიფ თორბერნი) და მჩ-1965 (39:12, ჯონ პულმანიფრედ ვან რენსბურგი).
  • სტივ დეივისი არის რეკორდსმენი ტიტულის გზაზე მსოფლიო ჩემპიონატზე წაგებული პარტიების რაოდენობაში. 1989 წელს მან მოწინააღმდეგეებს მხოლოდ 23 პარტია დაუთმო ყველა მატჩში, მეორე ადგილს იკავებს სტივენ ჰენდრი — 25 წაგებული პარტია 1993 წელს.
  • მხოლოდ სამჯერ (2002, 1994, 1985) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი დამთავრდა ბოლო პარტიით. 1985 წელს თვითონ ბოლო პარტია დამთავრდა შავ ბურთზე.
  • ყველაზე ხანგრძლივი ფინალები 18 გამარჯვებამდე არის 1985, 2006 და 2007 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ფინალები. სამივე მატჩი შუაღამის შემდეგ დასრულდა.
  • ყველაზე დიდი ანგარიში დაფიქსირდა 1952 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც ჰორეს ლინდრუმმა დაამარცხა კლარკ მაკ-კონაჰი, 94:49.
  • ადგილი, სადაც ყველაზე ხშირად ტარდებოდა მსოფლიო ჩემპიონატი (და მისი ფინალი), არის კრუსიბლის თეატრი შეფილდში. ამ მაჩვენებლის მიხედვით მას არ ჰყავს და, შესაძლოა, არც არასდროს გამოუჩნდეს კონკურენტი: თეატრმა ჩემპიონატს 36-ჯერ უმასპინძლა.
  • გამარჯვება გადამწყვეტ პარტიაში მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირდა 6-ჯერ. პირველად ფინალი, სადაც გათამაშდა ყველა შესაძლო პარტია, გაიმართა 1940 წელს. ბოლოს ეს მოხდა 2002 წელს. ის ფინალური ფრეიმი იყო ძალიან დატვირთული და ორივე მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვანი შეცდომებით შევიდა ისტორიაში[28].
  • ბოლოს ფინალი, რომელშიც ორივე მოთამაშე ერთი ქვეყნის წარმომადგენელი იყო (არა ინგლისის), შედგა 2000 წელს უელსელ მარკ უილიამსსა და მეთიუ სტივენსს შორის.
  • ყველაზე დაძაბულ და დამახსოვრებად ფინალად აღიარებულია 1985 წლის ფინალი სტივ დეივისსა და დენის ტეილორს შორის. ის მატჩი დაიწყო დეივისის სასარგებლოდ და ის ლიდერობდა ანგარიშით 8:0. შემდეგ ტეილორმა ანგარიში გახადა 11:11, ხოლო როდესაც ანგარიშმა მიაღწია 17:17-ს მან რამდენიმე მართლაც შესანიშნავი დარტყმა განახორციელა, რისი წყალობითაც მოიგო პირველობა. ანგარიში ბოლო ფრეიმში იყო 66-62 ტეილორის სასარგებლოდ[29].

მსოფლიო ჩემპიონატი მისი გამართვის მთელი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმეჯერ იქნა გათამაშებული წელიწადში ერთზე მეტჯერ. ზოგადად, ამ ტურნირის გამართვის ვადები დადგენილია დიდი ხნის წინ — ეს არის, დაახლოებით, აპრილის შუა რიცხვები — მაისის დასაწყისი. მაგალითად, 2008 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა ყოველდღიურად 19 აპრილიდან 5 მაისამდე.

საკვალიფიკაციო მატჩები

რედაქტირება

დიდი ხნის განმავლობაში (2010 წლამდე) მეინ-ტურის მოთამაშეების კვალიფიკაცია ტურნირის მთავარ ნაწილში, როგორც წესი, ტარდებოდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპს თამაშობდნენ სნუკერისტები, რომლებსაც მეტნაკლებად დაბალი პოზიციები ეკავათ ოფიციალურ რეიტინგში. პირველი ეტაპი, როგორც წესი, ტარდებოდა ზამთრით, იანვრის შუა რიცხვებიდან. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი კი ტარდებოდა გაზაფხულზე, ჩემპიონატის დაწყებიდან ორი-სამი თვით ადრე[30]. 2010 წელს გადაწყდა კვალიფიკაციის ორი ეტაპის დაახლოება კალენდრულ ვადებში და ჩატარება მცირე შესვენებებით, 26 თებერვლიდან 9 მარტამდე. 2011 წლიდან მოყოლებული კვალიფიკაციის ყველა რაუნდი ტარდება ყოველდღიურად, ერთი მეორის შემდეგ, ერთადერთი ერთდღიანი შესვენებით, რომელიც ეთმობა სათამაშო მაგიდების აღდგენას.

ბოლო დროს ასევე ტარდება ე.წ. წინასაკვალიფიკაციო ეტაპი, ან კვალიფიკაცია მოთამაშეებისთვის, რომლებიც შედიან WPBSA-ის შემადგენლობაში, მაგრამ არ თამაშობენ მეინ-ტურში. წინასაკვალიფიკაციო ეტაპი, მონაწილეების რაოდენობაზე დამოკიდებულებით, შეიძლება შედგებოდეს რამდენიმე ეტაპისგან და ის საშუალებას აძლევს ყოფილ პროფესიონალებს (ან WPBSA-ის სხვა მოთამაშეებს/წევრებს, რომლებიც არ თამაშობენ მეინ-ტურში) მოხვდნენ ძირითად კვალიფიკაციაში და იბრძოლონ ფინალურ სტადიაზე მოსახვედრად. უფრო ადრე, როცა მეინ-ტურში თამაშობდა გაცილებით მეტი სნუკერისტი, ამის ნაცვლად ტარდებოდა წინასაკვალიფიკაციო ეტაპი ჩვეულებრივი მოყვარული მოთამაშეებისთვის.

რეიტინგული ქულები

რედაქტირება

რეიტინგული ქულები მსოფლიო ჩემპიონატზე ყოველთვის იყო და რჩება ყველაზე ძვირფას ქულებად სნუკერის ყველა ტურნირს შორის. თუმცა, 2005 წლამდე პირველობის გამარჯვებულები იღებდნენ 8000 ქულას[31], ეს მათ ჰყოფნიდათ საიმისოდ, რომ მკვეთრად შეეცვალათ ან გაემყარებინათ თავისი ადგილი მსოფლიო რეიტინგში, ვინაიდან სხვა ტურნირებზე ქულები ორჯერ ნაკლები იყო. არაერთხელ, სწორედ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას მოჰქონდა არასაკმარისად მაღალი რეიტინგის სნუკერისტებისთვის პირველი ადგილი სეზონის ბოლოს. მაგალითად, 1990 წელს სტივენ ჰენდრი გახდა პირველი სწორედ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების წყალობით, თუმცა, აქამდე ის მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა სტივ დეივისს.

ქულები ნაწილდება მოთამაშეებს შორის ოფიციალურ რეიტინგსა და სატურნირო შედეგებში მათი მდგომარეობის მიხედვით. მაგალითად, ნაკლები რეიტინგის მქონე მოთამაშეები (რომლებიც არ შედიან ტოპ-16 მოთამაშეში, ანუ კვალიფიკაციაგავლილები) 32 უძლიერესს შორის (1/16 ფინალი) დამარცხებისას იღებენ მეტ ქულებს, ვიდრე ტოპ-16-ეულის მოთამაშეები იმავე შედეგისას.

რეიტინგული ქულები 2012 წლისთვის

რედაქტირება
  • გამარჯვებული: 10000 ქულა
  • ფინალისტი: 8000
  • ნახევარფინალისტი: 6400
  • მეოთხედფინალისტი: 5000
  • 1/8 ფინალისტი: 3800
  • 1/16 ფინალისტი: 1400/2800 (კვალიფიცირებულთათვის)
  • ძირითადი კვალიფიკაციის მე-5 რაუნდი: 1150/2300
  • ძირითადი კვალიფიკაციის მე-4 რაუნდი: 900/1800
  • ძირითადი კვალიფიკაციის მე-3 რაუნდი: 650/1300
  • ძირითადი კვალიფიკაციის მე-2 რაუნდი: 400/800

მოთამაშეებს, რომლებიც დამარცხდნენ ძირითადი კვალიფიკაციის პირველ რაუნდში და მოთამაშეებს, რომლებიც არ იყვნენ მეინ-ტურის მონაწილეები, ქულები არ ერიცხებათ.

საპრიზო თანხა

რედაქტირება

საპრიზო თანხა სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატზე არსებობდა მისი გამართვის პირველივე წლიდან და შეადგენდა 6 ფუნტსა და 10 შილინგს. 1946 წელს საპრიზო თანხა გაიზარდა 1000 ფუნტამდე გამარჯვებისა და ფინალისთვის[32], და, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი კურსით ეს თანხა გაიზარდა რამდენიმეჯერ, თანხა არასაკმარისი იყო. სიტუაცია შეიცვალა უკეთესობისკენ 1970-იან წლებში, როდესაც სნუკერის ტურნირებს ტელევიზიაში აშუქებდნენ, ხოლო თამაშით დაინტერესდნენ ცნობილი სპონსორები (ძირითადად რომლებიც არეკლამებდნენ სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებს).

მიუხედავად იმისა, რომ 1969 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატი ფინანსდებოდა, ტურნირის მატერიალური დახმარება დიდად არ გაზრდილა, თუმცა შემდეგი 10 წლის განმავლობაში სპონსორები 3-ჯერ შეიცვალა. ტურნირისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 1976 წელს სიგარეტის ბრენდ Embassy-ს მოსვლა, რომელმაც დაიწყო საპრიზო ფონდის აქტიურად გაზრდა. Embassy-ს სპონსორირების დროს პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე საპრიზო ფონდმა შეადგინა £15 300; ჩემპიონმა კი გაინაღდა 6000 ფუნტი სტერლინგი. უკვე 1995 წლისთვის ფონდი გაიზარდა £578 250-მდე, ხოლო 2003 წლის ჩემპიონატზე, რომელიც რეკორდული იყო საპრიზო თანხის მიხედვით, მხოლოდ გამარჯვებულმა მიიღო £ 270 000. იმ პირველობის საერთო ფონდმა კი შეადგინა 1 378 920 ფუნტი. გარდა ამისა, 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოთამაშეები, რომლებმაც გააკეთეს მაქსიმალური ბრეიკი, ასევე საჩუქრდებოდნენ თანხით 157 000-დან 167 000 ფუნტ სტერლინგამდე (147 000 მაქსიმუმისთვის და კიდევ 20 000 ტურნირის უდიდესი ბრეიკისთვის); 2011 წელს ეს ბონუსი გაუქმნდა, ხოლო 2012-დან შემოიტანეს „მოძრავი ჯეკპოტის“ სისტემა.

საპრიზო თანხა 2012 წლისთვის

რედაქტირება
  • ტურნირის საერთო საფრიზო ფონდი £ 1 111 000 + პრიზები მაქსიმალური ბრეიკისთვის
  • გამარჯვებული: £ 250 000
  • ფინალისტი: £ 125 000
  • ნახევარფინალისტი: £ 52 000
  • მეოთხედფინალისტი: £ 24 050
  • 1/8 ფინალი: £ 16 000
  • 1/16 ფინალი: £ 12 000
  • 1/32 ფინალი: £ 8 200
  • 1/48 ფინალი: £ 4 600
  • პრიზი მაქსიმალური ბრეიკისთვის მეინ-ტურში: £ 10 000
  • პრიზი მაქსიმალური ბრეიკისთვის კვალიფიკაციაში: £ 1 000

მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი განვითარების ადრეულ სტადიაზე (1920-1960 წწ) იყო არასტაბილური და თითქმის ყოველთვის იცვლებოდა. ძირითადად სნუკერისტები თამაშობდნენ ხანგრძლივ, ზოგჯერ რამდენიმედღიან მატჩებს. ასეთი მარათონული გათამაშებების პიკი მოუწია 1950-იან წლებს, როდესაც ფინალები თამაშდებოდა, როგორც მინიმუმ 50 გამარჯვებამდე. 1952 წელი გახდა რეკორდული ამ მაჩვენებლის მიხედვით — მაშინ ჰორეს ლინდრუმმა და კლარკ მაკ-კონაჰიმ ითამაშეს 143 ფრეიმამდე. გამარჯვება იმ ფინალში მოიპოვა ლინდრუმმა, ანგარიშით 94:49 (შედარებისთვის — ახლა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალები თამაშდება 18 გამარჯვებამდე).

თუმცა, 1970-იან წლებში WPBSA (სნუკერის მართვის ახალი ორგანიზაცია) იძულებული იყო შეემცირებინა გამარჯვებისთვის საჭირო ფრეიმების რაოდენობა. ეს მოხდა მარტივი მიზეზის გამო: ტელევიზიამ დაიწყო სნუკერის მატჩების ტრანსლაცია, ტრანსლაციის დრო კი შეზღუდული იყო. ამგვარად, 1980 წლიდან ფინალური პარტიების მაქსიმალური რაოდენობა შემცირდა 35-მდე. სხათა შორის, იმ დროისთვისვე, ახალი პროფესიონალი მოთამაშეების მოსვლის წყალობით, გაფართოვდა სატურნირო ბადე: ახლა ჩემპიონატის ძირითადი ნაწილი იწყებოდა 1/16 ფინალიდან. სხვა მატჩები იმართებოდა კარგად დამუშავებული სისტემით, რომელმაც 30 წლის განმავლობაში მინიმალური ცვლილებები განიცადა: 1/16 ფინალი — მატჩები 10 გამარჯვებამდე, 1/8 ფინალი — 13 გამარჯვებამდე, 1/4 ფინალი — 13 გამარჯვებამდე, ხოლო ნახევარფინალი — 17 გამარჯვებამდე (1997 წლამდე 16 გამარჯვებამდე[33]).

მოთამაშეების კენჭისყრა

რედაქტირება

ტრადიციის მიხედვით, ყოველი ახალი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს ხსნის მოქმედი გამარჯვებული. შესაბამისად, ტურნირზე კენჭისყრისას ის იღებს პირველ ნომერს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ადგილს იკავებს ის ოფიციალურ თუ სავარაუდო რეიტინგში. მეორე ნომერი, როგორც წესი, ეძლევა მოთამაშეს, რომელიც იკავებს პირველ ადგილს ოფიციალურ რეიტინგში. ტოპ-16-ეულიდან დარჩენილ 14 სნუკერისტს შორის კენჭისყრა ასევე ხდება ოფიციალური რეიტინგის შესაბამისად. მაგალითად, 2010 წლის ტურნირზე კენჭისყრის პირველი ნომერი აიღო 2009 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულმა (ანუ წინა ჩემპიონმა) ჯონ ჰიგინსმა (თუმცა, ის იმ დროისთვის მხოლოდ მეოთხე იყო რეიტინგში). მეორე ნომერი გახდა იმ მომენტისთვის ოფიციალურ რეიტინგში პირველი ადგილის მფლობელი რონი ო’სალივანი. მესამე ნომერი შეხვდა სტივენ მაგუაიერს (რეიტინგის მეორე ნომერს).

აგრეთვე აღსანიშნია, რომ კვალიფიცირებული მოთამაშეების განაწილება ფინალური სტადიის პირველ რაუნდზე (1/16 ფინალი) ხდებოდა შემთხვევითი კენჭისყრის საფუძველზე და მათი ოფიციალური რეიტინგი არავითარ როლს არ თამაშობდა. მაგალითად, 2010 წლის იმავე ტურნირის 1/16 ფინალში ჰიგინსმა, რომელსაც პირველი ნომერი შეხვდა, ითამაშა რეიტინგში მე-17-თან, ხოლო მეორე ნომერმა (ო'სალივანმა) — 27-ე ნომერთან.

მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი 2012 წლისთვის

რედაქტირება
  • წინასაკვალიფიკაციო ეტაპი: მატჩები 5 გამარჯვებამდე
  • ძირითადი კვალიფიკაციის პირველი წრე — 1/16 ფინალი: მატჩები 10 გამარჯვებამდე
  • 1/8 ფინალი: მატჩები 13 გამარჯვებამდე
  • 1/4 ფინალი: მატჩები 13 გამარჯვებამდე
  • 1/2 ფინალი: მატჩები 17 გამარჯვებამდე
  • ფინალი: მატჩი 18 გამარჯვებამდე

გამარჯვებულები 1927 წლიდან მოყოლებული

რედაქტირება
  • ჩემპიონატების მიხედვით
წელი გამართვის
ადგილი
გამარჯვებული ფინალისტი ფინალური
ანგარიში
სეზონი სპონსორი
1927 ბირმინგემი   ჯო დეივისი   ტომ დენისი 20:11
1928 ბირმინგემი   ჯო დეივისი   ფრედ ლოურენსი 16:13
1929 ნოტინგემი   ჯო დეივისი   ტომ დენისი 19:14
1930 ლონდონი   ჯო დეივისი   ტომ დენისი 25:12
1931 ნოტინგემი   ჯო დეივისი   ტომ დენისი 25:21
1932 ლონდონი   ჯო დეივისი   კლარკ მაკ-კონაჰი 30:19
1933 ჩესტერფილდი   ჯო დეივისი   უილი სმითი 25:18
1934 ნოტინგემი   ჯო დეივისი   ტომ ნიუმანი 25:23
1935 ლონდონი   ჯო დეივისი   უილი სმითი 25:20
1936 ლონდონი   ჯო დეივისი   ჰორეს ლინდრუმი 34:27
1937 ლონდონი   ჯო დეივისი   ჰორეს ლინდრუმი 32:29
1938 ლონდონი   ჯო დეივისი   სიდნეი სმითი 37:24
1939 ლონდონი   ჯო დეივისი   სიდნეი სმითი 43:30
1940 ლონდონი   ჯო დეივისი   ფრედ დეივისი 37:36
1941—1945 წლებში ომის გამო ტურნირი არ ტარდებოდა
1946 ლონდონი   ჯო დეივისი   ჰორეს ლინდრუმი 78:67
1947 ლონდონი   უოლტერ დონალდსონი   ფრედ დეივისი 82:63
1948 ლონდონი   ფრედ დეივისი   უოლტერ დონალდსონი 84:61
1949 ლონდონი   ფრედ დეივისი   უოლტერ დონალდსონი 80:65
1950 ბლეკპული   უოლტერ დონალდსონი   ფრედ დეივისი 51:46
1951 ლონდონი   ფრედ დეივისი   უოლტერ დონალდსონი 58:39
საბილიარდო ასოციაცია და კონტროლის კლუბის საბჭო
1952 მანჩესტერი   ჰორეს ლინდრუმი   კლარკ მაკ-კონაჰი 94:49
პროფესიონალების საერთაშორისო ტურნირი
1952 ბლეკპული   ფრედ დეივისი   უოლტერ დონალდსონი 38:35
1953 ლონდონი   ფრედ დეივისი   უოლტერ დონალდსონი 37:34
1954 მანჩესტერი   ფრედ დეივისი   უოლტერ დონალდსონი 39:21
1955 ბლეკპული   ფრედ დეივისი   ჯონ პულმანი 37:34
1956 ბლეკპული   ფრედ დეივისი   ჯონ პულმანი 38:35
1957 ჯერზი   ჯონ პულმანი   ჯეკი რი 39:34
1958—1963 წლებში ჩემპიონატები არ ტარდებოდა
ჩელენჯ-მატჩები
1964 ლონდონი   ჯონ პულმანი   ფრედ დეივისი 19:16
1964 ლონდონი   ჯონ პულმანი   რექს უილიამსი 40:33
1965 ლონდონი   ჯონ პულმანი   ფრედ დეივისი 37:36
1965 სამხრეთ აფრიკა   ჯონ პულმანი   რექს უილიამსი 25:22
1965 სამხრეთ აფრიკა   ჯონ პულმანი   ფრედ ვან რენსბურგი 39:12
1966 ლივერპული   ჯონ პულმანი   ფრედ დეივისი 5:2 (ანგარიში მატჩების მიხედვით)
1968 ბოლტონი   ჯონ პულმანი   ედი ჩარლტონი 39:34
მატჩები გამოვარდნაზე
1969 ლონდონი   ჯონ სპენსერი   გარი ოუენი 37:24 Player's No. 6
1970 ლონდონი   რეი რიარდონი   ჯონ პულმანი 37:33 Player's No. 6
1971 სიდნეი   ჯონ სპენსერი   უორენ სიმფსონი 37:29
1972 ბირმინგემი   ალექს ჰიგინსი   ჯონ სპენსერი 37:32 Park Drive
1973 მანჩესტერი   რეი რიარდონი   ედი ჩარლტონი 38:32 Park Drive
1974 მანჩესტერი   რეი რიარდონი   გრემ მაილსი 22:12 1973/74 Park Drive
1975 მელბურნი   რეი რიარდონი   ედი ჩარლტონი 31:30 1974/75
1976 მანჩესტერი   რეი რიარდონი   ალექს ჰიგინსი 27:16 1975/76 Embassy
კრუსიბლი
1977 შეფილდი   ჯონ სპენსერი   კლიფ თორბერნი 25:21 1976/77 Embassy
1978 შეფილდი   რეი რიარდონი   პერი მენსი 25:18 1977/78 Embassy
1979 შეფილდი   ტერი გრიფითსი   დენის ტეილორი 24:16 1978/79 Embassy
1980 შეფილდი   კლიფ თორბერნი   ალექს ჰიგინსი 18:16 1979/80 Embassy
1981 შეფილდი   სტივ დეივისი   დუგ მაუნტჯოი 18:12 1980/81 Embassy
1982 შეფილდი   ალექს ჰიგინსი   რეი რიარდონი 18:15 1981/82 Embassy
1983 შეფილდი   სტივ დეივისი   კლიფ თორბერნი 18:6 1982/83 Embassy
1984 შეფილდი   სტივ დეივისი   ჯიმი უაიტი 18:16 1983/84 Embassy
1985 შეფილდი   დენის ტეილორი   სტივ დეივისი 18:17 1984/85 Embassy
1986 შეფილდი   ჯო ჯონსონი   სტივ დეივისი 18:12 1985/86 Embassy
1987 შეფილდი   სტივ დეივისი   ჯო ჯონსონი 18:14 1986/87 Embassy
1988 შეფილდი   სტივ დეივისი   ტერი გრიფითსი 18:11 1987/88 Embassy
1989 შეფილდი   სტივ დეივისი   ჯონ პეროტი 18:3 1988/89 Embassy
1990 შეფილდი   სტივენ ჰენდრი   ჯიმი უაიტი 18:12 1989/90 Embassy
1991 შეფილდი   ჯონ პეროტი   ჯიმი უაიტი 18:11 1990/91 Embassy
1992 შეფილდი   სტივენ ჰენდრი   ჯიმი უაიტი 18:14 1991/92 Embassy
1993 შეფილდი   სტივენ ჰენდრი   ჯიმი უაიტი 18:5 1992/93 Embassy
1994 შეფილდი   სტივენ ჰენდრი   ჯიმი უაიტი 18:17 1993/94 Embassy
1995 შეფილდი   სტივენ ჰენდრი   ნაიჯელ ბონდი 18:9 1994/95 Embassy
1996 შეფილდი   სტივენ ჰენდრი   პიტერ ებდონი 18:12 1995/96 Embassy
1997 შეფილდი   კენ დოერტი   სტივენ ჰენდრი 18:12 1996/97 Embassy
1998 შეფილდი   ჯონ ჰიგინსი   კენ დოერტი 18:12 1997/98 Embassy
1999 შეფილდი   სტივენ ჰენდრი   მარკ უილიამსი 18:11 1998/99 Embassy
2000 შეფილდი   მარკ უილიამსი   მეთიუ სტივენსი 18:16 1999/00 Embassy
2001 შეფილდი   რონი ო’სალივანი   ჯონ ჰიგინსი 18:14 2000/01 Embassy
2002 შეფილდი   პიტერ ებდონი   სტივენ ჰენდრი 18:17 2001/02 Embassy
2003 შეფილდი   მარკ უილიამსი   კენ დოერტი 18:16 2002/03 Embassy
2004 შეფილდი   რონი ო’სალივანი   გრემ დოტი 18:8 2003/04 Embassy
2005 შეფილდი   შონ მერფი   მეთიუ სტივენსი 18:16 2004/05 Embassy
2006 შეფილდი   გრემ დოტი   პიტერ ებდონი 18:14 2005/06 888.com
2007 შეფილდი   ჯონ ჰიგინსი   მარკ სელბი 18:13 2006/07 888.com
2008 შეფილდი   რონი ო’სალივანი   ალისტერ კარტერი 18:8 2007/08 888.com
2009 შეფილდი   ჯონ ჰიგინსი   შონ მერფი 18:9 2008/09 Betfred.com
2010 შეფილდი   ნილ რობერტსონი   გრემ დოტი 18:13 2009/10 Betfred.com
2011 შეფილდი   ჯონ ჰიგინსი   ჯად ტრამპი 18:15 2010/11 Betfred.com
2012 შეფილდი   რონი ო’სალივანი   ალისტერ კარტერი 18:11 2011/12 Betfred.com
2013 შეფილდი   რონი ო’სალივანი   ბარი ჰოკინსი 18:12 2012/13 Betfair.com
2014 შეფილდი   მარკ სელბი   რონი ო’სალივანი 18:14 2013/14 Dafabet.com
2015 შეფილდი   სტიუარტ ბინემი   შონ მერფი 18:15 2014/15 Betfred.com
2016 შეფილდი   მარკ სელბი   დინ ჯუნხუი 18:14 2015/16 Betfred.com
2017 შეფილდი   მარკ სელბი   ჯონ ჰიგინსი 18:15 2016/17 Betfred.com
2018 შეფილდი   მარკ უილიამსი   ჯონ ჰიგინსი 18:16 2017/18 Betfred.com
  • მოთამაშეების მიხედვით
მოთამაშე სულ წელი
  ჯო დეივისი 15 1927—1940, 1946
  ფრედ დეივისი 8 1948, 1949, 1951, 1952—1956
  ჯონ პულმანი 1957, 1964 (ორჯერ), 1965 (სამჯერ), 1966, 1968
  სტივენ ჰენდრი 7 1990, 1992—1996, 1999
  რეი რიარდონი 6 1970, 1973—1976, 1978
  სტივ დეივისი 1981, 1983—1984, 1987—1989
  რონი ო’სალივანი 5 2001, 2004, 2008, 2012, 2013
  ჯონ ჰიგინსი 4 1998, 2007, 2009, 2011
  ჯონ სპენსერი 3 1969, 1971, 1977
  მარკ უილიამსი 2000, 2003
  უოლტერ დონალდსონი 2 1947, 1950
  ალექს ჰიგინსი 1972, 1982
  ჰორეს ლინდრუმი 1 1952
  ტერი გრიფითსი 1979
  კლიფ თორბერნი 1980
  დენის ტეილორი 1985
  ჯო ჯონსონი 1986
  ჯონ პეროტი 1991
  კენ დოერტი 1997
  პიტერ ებდონი 2002
  შონ მერფი 2005
  გრემ დოტი 2006
  ნილ რობერტსონი 2010
  მარკ სელბი 2014
  სტიუარტ ბინემი 2015
  • ქვეყნების მიხედვით
ქვეყანა მოთამაშეები ყველა ჩემპიონატი
  ინგლისი 12 53
  შოტლანდია 4 14
  უელსი 3 10
  ჩრდილოეთი ირლანდია 2 3
  ავსტრალია 2 2
  კანადა 1 1
  ირლანდია 1 1

სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატების ყველაზე წარმატებული მოთამაშეები (1969 წლიდან)

რედაქტირება
  • მოთამაშეები, რომელთა სახელებიც გამოყოფილია ნაცრისფრად, ამჟამად აღარ მონაწილეობენ მეინ-ტურში.
ადგილი სახელი ქვეყანა გამარჯვებული ფინალები ნახევარფინალები მაქსიმალური ბრეიკების
რაოდენობა
1 სტივენ ჰენდრი   შოტლანდია 7 2 3 3 (1995, 2009, 2012)
2 სტივ დეივისი   ინგლისი 6 2 3 0
3 რეი რიარდონი   უელსი 6 1 3 0
4 რონი ო’სალივანი   ინგლისი 5 0 5 3 (1997, 2003, 2008)
5 ჯონ ჰიგინსი   შოტლანდია 4 1 2 0
6 ჯონ სპენსერი   ინგლისი 3 1 2 0
7 ალექს ჰიგინსი   ჩრდილოეთი ირლანდია 2 2 3 0
8 მარკ უილიამსი   უელსი 2 1 2 1 (2005)
9 კლიფ თორბერნი   კანადა 1 2 3 1 (1983)
10 პიტერ ებდონი   ინგლისი 1 2 1 0
11= კენ დოერტი   ირლანდია 1 2 0 0
11= გრემ დოტი   შოტლანდია 1 2 0 0
13 დენის ტეილორი   ჩრდილოეთი ირლანდია 1 1 3 0
14= ტერი გრიფითსი   უელსი 1 1 1 0
14= ჯონ პეროტი   ინგლისი 1 1 1 0
14= შონ მერფი   ინგლისი 1 1 1 0
17 ჯო ჯონსონი   ინგლისი 1 1 0 0
18 ნილ რობერტსონი   ავსტრალია 1 0 1 0
19 ჯიმი უაიტი   ინგლისი 0 6 4 1 (1992)
20 ედი ჩარლტონი   ავსტრალია 0 2 6 0
21 მეთიუ სტივენსი   უელსი 0 2 4 0
22 ალისტერ კარტერი   ინგლისი 0 2 1 1 (2008)
23= გარი ოუენი   უელსი 0 1 1 0
23= ჯონ პულმანი   ინგლისი 0 1 1 0
23= ნაიჯელ ბონდი   ინგლისი 0 1 1 0
23= მარკ სელბი   ინგლისი 0 1 1 0
23= პერი მენსი   სარ 0 1 1 0
23= ჯად ტრამპი   ინგლისი 0 1 1 0
29= უორენ სიმფსონი   ავსტრალია 0 1 0 0
29= გრემ მაილსი   ინგლისი 0 1 0 0
29= დუგ მაუნტჯოი   უელსი 0 1 0 0
29= ბარი ჰოკინსი   ინგლისი 0 1 0 0
33 რიკი უოლდენი   ინგლისი 0 0 1 0

მართვა-გამგეობა

რედაქტირება

როგორც მსოფლიო ჩემპიონატის, ასევე სნუკერის ყველა პროფესიონალური ტურნირის მთავარი სამმართველო ორგანიზაცია ამჟამად არის პროფესიონალური ბილიარდისა და სნუკერის საერთაშორისო ასოციაცია (შემოკლებით WPBSA). ეს ორგანიზაცია პასუხისმგებელია ჩემპიონატის მომზადებასა და გამართვაზე, გარდა ამისა, მისი წარმომადგენლები თანამშრომლობენ სპონსორებთან და დებენ კონტრაქტებს პირველობის ტელევიზიაში ჩვენებაზე[34]. WPBSA-ის შტაბ-ბინა მდებარეობს ბრისტოლში, ინგლისში.

თავდაპირველად სნუკერის განვითარებით (და ბილიარდისაც მთლიანობაში) დაკავებული იყო ბილიარდის ასოციაცია და კონტროლის საბჭო/კლუბი (BA & CC). სწორედ ამ ორგანიზაციამ დაამტკიცა სნუკერის წესები და ხელს უწყობდა რეგიონალური ტურნირების განვითარებას XX საუკუნის დასაწყისში. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ იმართებოდა სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატები 1927 წლიდან 1952 წლის ჩათვლით, სანამ პროფესიონალ მოთამაშეებსა და BA & CC-ის წარმომადგენლებს შორის უთანხმოებამ არ გამოიწვია თანამშრომლობის გაწყვეტა უახლოესი 10 წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, 1964 წელს ბილიარდისა და სნუკერის ასოციაციამ რექს უილიამსთან შეთანხმებით განაახლა მსოფლიო ჩემპიონატი ჩელენჯის ფორმატში. საბოლოოდ BA & CC-მ შეწყვიტა მსოფლიო ჩემპიონატისა და თვითონ სნუკერის მართვა-გამგეობა 1970-იან წლებში, როდესაც შეწყვიტა არსებობა ძველი სახით და ჩანაცვლდა WPBSA-თი. იმ დროიდან მსოფლიო პირველობა იმყოფება ბილიარდისა და სნუკერის საერთაშორისო ასოციაციის კონტროლის ქვეშ.

ტელევიზია და პრესა

რედაქტირება

სნუკერი მეტად განვითარებულია დიდ ბრიტანეთში, იქვე მდებარეობს მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყაროები. 1960-იანი წლებიდან პირველობას აშუქებენ ტელევიზიაში (არხები BBC, ITV). ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატს სრულად აჩვენებს ტელეარხები BBC და ევროსპორტი, ასევე გაზეთები „Guardian“ და „BBC Sport“. ტურნირი სნუკერის მთავარი სეზონური მოვლენაა და შესაბამისად ყველაზე პოპულარული შეჯიბრება ტელევიზიაში — მაგალითად, 1985 წლის ჩემპიონატის ფინალს, რომლის ტრანსლაციაც ხდებოდა ტელეარხ BBC 2-ზე, თვალყურს ადევნებდა 18 მილიონი მაყურებელი[8].

ყველაზე ცნობილი კომენტატორები, რომლებიც ტურნირს ხელმძღვანელობდნენ, სხვადასხვა დროს იყვნენ ტედ ლოუ[35], კლაივ ევერტონი (რომელიც თავის დროზე იყო, როგორც კომენტატორი, ასევე ჟურნალისტი)[36] და ჯეკ კარნემი[37]; ასევე კომენტატორის პოსტზე ხშირად იწვევენ ყოფილ ცნობილ სნუკერისტებს[36].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Clive Everton: Guinness Book of Snooker. Guinness Superlatives Limited, Middlesex 1982, ISBN 0-85112-256-6.
  • Chris Downer: Crucible Almanac (2011 edition)., Bournemouth 2011.
  • Hugo Kastner: Humboldt Ratgeber Snooker: Spieler, Regeln & Rekorde. Humboldt Verlags GmbH, Baden-Baden 2006, ISBN 3-89994-098-9.
  • Geoffrey Kemp: Snooker's Crucible: How Sheffield Became the Snooker Capital of the World. Sheffield City Libraries, Sheffield 1988, ISBN 0-86321-079-1.
  • Luke Williams, Paul Gadsby: Masters of the Baize: Cue Legends, Bad Boys and Forgotten Men in Search of Snooker's Ultimate Prize. Mainstream Publishing, Edinburgh 2006, ISBN 1-84018-872-3.
  1. Kalb, Rolf. (10 April 2015) Weltmeisterschaft – Turnier-Infos zu Weltmeisterschaft German. Eurosport Deutschland. ციტირების თარიღი: 10 April 2015.
  2. სეზონი 2008/2009. Snooker (4 მარტი 2009 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-25.
  3. სეზონი 2009/2010. Snooker (4 მაისი 2010 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-25.
  4. პროფესიონალური მსოფლიო ჩემპიონატის მოკლე ისტორია. კრის ტერნერის არქივი (2008 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-16. ციტირების თარიღი: 2013-04-25.
  5. ჯო დეივისის პრიზმა შეადგინა 300 ფუნტი თანამედროვე შეფასებით. Sports.ru (21 ნოემბერი 2008 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-25.
  6. ჩემპიონატის ისტორია. Top-snooker (2009 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-25.
  7. BBC sports host David Vine dies. BBC Sport (12 იანვარი 2009 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-25.
  8. 8.0 8.1 Taylor still on song as he relives past glory. The Daily Telegraph (13 აპრილი 2005 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-21. ციტირების თარიღი: 2022-04-19.
  9. სტივენ ჰენდრი. Top-Snooker (2008 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  10. 888.com იქნება სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორი. PR Leap (25 იანვარი 2006 წელი).
  11. Late dash of Dott pulls Ebdon’s revival up short. The Guardian (3 მაისი 2006 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  12. ჩემპიონატის მეორე ფინალისტად უკვე ტრადიციულად გახდა „აუტსაიდერი“ — ალისტერ კარტერი. Top-Snooker (2008 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-25.
  13. „დიდი ფინანსური დარტყმა სნუკერზე“. BBC Sport (6 აგვისტო 2008 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  14. მსოფლიო ჩემპიონატი დარჩება შეფილდში. ევროსპორტი (19 ოქტომბერი 2008 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  15. მსოფლიო ჩემპიონატი შეიძლება ჩინეთმა მიიღოს. BBC Sport (8 ოქტომბერი 2008 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  16. Shea, Julian. (3 მაისი 2005 წელი) მერფის წინსვლა. BBC Sport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  17. სნუკერის ლეგენდა, ალექს ჰიგინსი გარდაიცვალა. ევროსპორტი (24 ივლისი 2010 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  18. მოთამაშის პროფილი: კენ დოერტი. Global Snooker (2009 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  19. სნუკერის რეკორდების წიგნი (ნაწილი 1). Sport.rbc (25 მარტი 2008 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  20. ნაიჯელ ბონდი. Top-Snooker (2008 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  21. Yates, Phil. (4 მაისი 2008 წელი) დოერტი ოცნებას ბედავს. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  22. მერფი სიკვდილს გაექცა. The Guardian (2 მაისი 2008 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  23. რობერტსონი საოცრად გადარჩა გოულდთან მატჩში. ევროსპორტი (24 აპრილი 2010 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  24. 1995 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. Snooker (4 თებერვალი 2008 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  25. მსოფლიო რეკორდები სნუკერში. Snooker (6 დეკემბერი 2008 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  26. Carter’s 'pure adrenaline rush' takes him to a maximum. The Guardian (30 აპრილი 2008 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  27. რონი ო'სალივანმა თავისი მეექვსე მაქსიმალური ბრეიკი გააკეთა. Pro-Billiard (23 აპრილი 2003 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  28. ებდონი იგებს მატჩ-თრილერს კრუსიბლში. BBC Sport (18 თებერვალი 2003 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  29. „1985: ფინალი შავზე“. BBC Sport (18 აპრილი 2003 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  30. 2008 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის შედეგები. Global Snooker (2009 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-12. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  31. მსოფლიო რეიტინგი 2003/2004. Snooker (2003 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  32. British News. Youtube (მაისი 1946 წელი (გადაღებულია)).
  33. 1996 და 1997 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ფორმატის განსხვავება. Snooker (25 აგვისტო 2008 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-25.
  34. The WPBSA. World Snooker (21 დეკემბერი 2008 წელი).
  35. Stevenson, Andy. (15 მარტი 2007 წელი) BBC ბერკშირი საუბრობს სნუკერის ხმასთან. BBC Sport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  36. 36.0 36.1 შეხვდით BBC-ის ჯგუფს. BBC Sport (12 აპრილი 2002 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  37. Everton, Clive. (2 აგვისტო 2002 წელი) ჯერ კარნემი. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-26.