ჰერაკლე

(გადამისამართდა გვერდიდან ჰერაკლე (მითოლოგია))
ტერმინს „ჰერაკლე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჰერაკლე (მრავალმნიშვნელოვანი).

ჰერაკლე (ძვ. ბერძნ. Ηρακλής) — ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ღვთაებრივი გმირი. ზევსისა და ალკმენეს ვაჟი, პერსევსის შვილთაშვილი. რომაელები უწოდებდნენ ჰერკულესს.

ჰერაკლე და ტელეფოსი, ძველ ბერძნული ორიგინალის რომაული ასლი (ახ. წ. I-II ს.), ლუვრი.

ახალშობილი ჰერაკლე

ძველბერძნულ ტრაგედიებზე დაყრდნობით ჰერაკლე იყო ზევსისა და მოკვდავი ქალი - ალკმენეს შვილი; ალკმენე პერსევსის შვილიშვილი იყო, ამფიტრიონის მეუღლე. ამ ქალის სილამაზეს ზევსი იმდენად მოუხიბლავს, რომ როდესაც ამფიტრიონი ტაფიებს ებრძოდა, მისი სახე მიიღო, ალკმენეს ესტუმრა და მასთან რამდენიმე საათი დაჰყო. ამ კავშირის შედეგად იშვა ჰერაკლე. თვით ამფიტრიონიც პერსევსის შვილიშვილი იყო, ტორინთოს მეფე, მაგრამ თავისი ბიძა შემოაკვდა, მიკენის მეფე ელექტრიონი, რის გამოც ალკმენესთან ერთად თებეში გაქცევა მოუხდა, სადაც მეფე კრეონტის სასახლეს შეაფარა თავი.

ვიდრე ჰერაკლე დაიბადებოდა, ღმერთების კრებაზე ზევსმა დაიტრაბახა: ვინც დღეს პერსევსის შთამომავლობაში პირველი დაიბადება, ყველა მეზობელი ქვეყნის მბრძანებელი შეიქმნებაო, ძველი გმირის ყველა სხვა შთამომავალზე აღმატებული. ცხადია, ზევსი ჰერაკლეს გულისხმობდა, რადგან ალკმენე მისგან ფეხმძიმედ იყო.

მაგრამ ზევსმა იცოდა, რომ მისი მეუღლე ჰერა ეჭვით იყო ანთებული თავისი მეტოქის ალკმენეს მიმართ, მეუღლეს არასოდეს არ აპატიებდა უბრალო მოკვდავ ქალთან კავშირის დაჭერას, ქმრის მორიგი ღალატის ამბავი კარგად ჰქონდა გაგებული და არაფრად ეჭაშნიკებოდა ალკმენეს ვაჟის დღეკეთილობა.

ცბიერმა ჰერამ ზევსს ფიცი ჩამოართვა, რომ ვინც დღეს პერსევსის შთამომავლობაში პირველი დაიბადებოდა, ნამდვილად თავისი გვარ-ტომის მბრძანებელი იქნებოდა. მისივე დავალებით ამ წუთებში ზევსს გონება დაუბნელა სიცრუისა და უბედურების ქალღმერთმა ატემ, ამით ისარგებლა ჰერამ, მოატყუა ქმარი და იზრუნა იმისათვის, რომ მიკენის მეფეს სთენელოსს უკეთესი ხვედრი რგებოდა; მის მეუღლეს ნიკოპეს, რომელიც აგრეთვე პერსეიდი იყო (პელოპის ასული), ჰერაკლეზე ადრე ეშვა ძე, რომელსაც ევრისთევსი ეწოდა. ამრიგად, ჰერამ ზევსი მოატყუა, პერსეიდების მბრძანებლობა ჰერაკლეს – ზევსის შვილს კი არა, უბრალო მოკვდავს ევრისთევსს დაებედა. არც ატეს დაადგა კარგი დღე. განრისხებულმა ზევსმა ეს ბოროტების ქალღმერთი ოლიმპოდან ძირს გადმოაგდო და მას შემდეგ სიცრუის მაუწყებელი დედამიწაზე დაიარება, ადამიანთა შორის.

ასე ჩაფუშა ჰერამ განზრახვა, ჰერაკლეს რომ დიდ ბედნიერებას უწინასწარმეტყველებდა.

მაგრამ ჰერამ არც ეს იკმარა, შემდეგაც ყოველნაირად ცდილობდა, ალკმენეს შვილისათვის ზიანი მიეყენებინა. ალკმენემ ტყუპი შვა: ჰერაკლე და იფიკლე. ერთი ზევსისა იყო, მეორე ამფიტრიონის. გმირის პირველი სახელი ალკიდე იყო, ჰერაკლე დელფოს სამისნოს ორაკულმა პითიამ უწოდა. „ჰერაკლე“ ნიშნავს „წარმატებათა მომპოვებელს ჰერას ჯიბრზე“. დედოფალს ჰერას ხრიკებისა ეშინოდა და ახალშობილი ჰერაკლე გარეთ დასვა, ერთ მინდორზე, რომელსაც შემდეგ ჰერაკლეს მინდორი ეწოდა. აქ ყმაწვილი უსათუოდ დაიღუპებოდა, რომ მის ბედზე იქ გზად არ გამოევლოთ ჰერას და ათენას. ათენამ ბავშვი აიყვანა, გაოცებული ათვალიერებდა ღვთაებრივი სილამაზის ყრმას და მერე ჰერას გაუწოდა, სთხოვა, ძუძუ აწოვეო ამ მშვენიერ არსებას. ჰერამ ღვთაებრივი ძუძუ მისცა, მაგრამ ჰერაკლე უფრო მძლავრად წოვდა, ვიდრე მის ასაკს შეეფერებოდა. ჰერას მკერდი ეტკინა და ბავშვი მიწაზე დააგდო. ათენას ისევ შეეცოდა, ბავშვი მეორედ აიყვანა და თებეში მცხოვრებ დედოფალს ალკმენეს მიჰგვარა, ნაპოვნი ბავშვიაო, უპატრონო და სთხოვა, გაზარდეო. ასე გახდა იძულებული მოყვარული დედა, რომ ღვიძლი შვილი ღმერთების შიშით სასიკვდილოდ გაემეტებინა. ახლა კი, როგორც დედინაცვალს, ისევ ღმერთების რიდით, სიკვდილისგან ეხსნა ის, ვინც სხვისი შვილის სახით მიჰგვარეს. მეორე მხრივ, მშობელმა დედამ ღვიძლი შვილი შიშით გასწირა, ხოლო დედინაცვალმა ჰერამ ბუნებრივი სიძულვილით გამსჭვალულმა, თავისდა უნებურად გადაარჩინა გერი, ვისაც სიკვდილი ელოდა. ეს კიდევ არაფერი: ჰერამ თავისი ღვთაებრივი ძუძუ აწოვა გერს და, მართალია, სულ ორიოდე წვეთი რძე არგუნა, მაგრამ ესეც საკმარისი იყო იმისათვის, რომ უკვდავება მიენიჭებინა. ამრიგად, ისევ ჰერამ აქცია უკვდავ გმირად ის, ვისაც მისი შიშით უმალ სიკვდილი ელოდა.

ალკმენემ კი თავისი შვილი პირველი დანახვისთანავე იცნო და სიხარულით ჩააწვინა აკვანში.

მაგრამ არც ჰერას ეძინა. გაიგო და მწარედ ინანა; როგორ თუ მტერი მკერდზე მჰაყვდა და შურისძიების შემთხვევა ხელიდან გავუშვიო! გაშმაგებულმა ქალღმერთმა აკვანში მწოლარე ჰერაკლეს ორი საზარელი გესლიანი გველი მიუგზავნა. ალკმენეს სამყოფელ ოთახში შესრიალდნენ ღია კარიდან, აკვანზე აცოცდნენ, რომ ბავშვი დაეგესლად და გაეგუდათ. ვიდრე მოახლეები რაიმეს გაიგებდნენ და მძინარე დედა რამეს იღონებდა, გველი უკვე შემოეხვია კისერზე პატარა ჰერაკლეს, ახრჩობდა. ბავშვმა ტირილით გაიღვიძა და თავი ასწია. ასეთ ცივ სახვევს არ იყო ჩვეული, არ მოეწონა, ეხამუშა და პირველად გამოცადა თავისი ღვთაებრივი ძალა. უხსენებელთა თავები მოიხელთა, ორივეს თითო ხელით ჩაეჭიდა, მოუჭირა და მაშინვე გაგუდა უწმინდურები. მოახლეებმა მაშინღა შეამჩნიეს გველები. დაუძლეველმა შიშმა ყველანი შორიახლო გააშეშა.

ალკმენე შვილის ტირილმა გამოაღვიძა. ფეხშიშველა წამოვარდა საწოლიდაბ, მაშველს უხმო და გველებს მიეჭრა, მაგრამ ყრმას ისინი უკვე დაეხრჩო ნორჩი ხელებით. თებეს ბატონებსაც გაეგონათ ქალების ძახილი, მაშველს რომ უხმობდნენ და შეიარაღებულები შემოიჭრნენ. ამფიტრიონიც მოვარდა საწოლ ოთახში, გაშიშვლებული მახვილით ხელში. ჰერაკლეს ზევსის საჩუქრად თვლიდა და უყვარდა. ახლა ისიც იდგა აკვანთან და უყურებდა იმას, რაც მოხდა. თან უხაროდა, თან შეძრწუნებული იყო, თანაც აოცებდა ახლადშობილი ყრმის გაუგონარი ღონე. ეს საგმირო საქმე დიდ სასწაულად ჩათვალა და დიდი ზევსის წინასწარმეტყველი, ბრძენი ტირესია იხმო. მან იქვე უწინასწარმეტყველა მეფეს, დედოფალს და ყველა იქ მყოფს, ბავშვის მთელი მომავალი ცხოვრება: მრავალ ურჩხულს მოკლავს ზღვასა და ხმელეთზე, თვითონ გიგანტებს დაამარცხებს სასტიკ ბრძოლაში, ჯაფით აღსავსე მიწიერი ცხოვრების შემდეგ მარადიულ ცხოვრებას ეზიარება ღმერთებს შორის და ცოლად ერგებაო ჰებე, ზევსისა და ჰერას ასული, ნექტრის მიმწოდებელი, მარადიული სიჭაბუკის ქალღმერთი.

ჰერაკლეს აღზრდა

მისნის ასეთი წინასწარმეტყველება რომ მოისმინა, ამფიტრიონმა გადაწყვიტა ბავშვისათვის ღირსეული აღზრდა-განათლება მიეცა. გმირები და ბრძენკაცები იხმო, რომ ყოველი სიბრძნე და საგმირო ჩვევა ესწავლებინათ. თვითონ ამფიტრიონმა ეტლით სრბოლა ასწავლა, დანარჩენებმა სხვა ხელოვნება: მშვილდოსნობა – ევრიტემ, კრივი და ჭიდაობა – ჰარპალიკემ. კომოლკოსი ასწავლიდა სიმღერასა და ქნარის მოხდენილად დაკვრას. პოლუქსის ტყუპისცალი კასტორი – მძიმედ შეიარაღებასა და ბრძოლის ველზე გამარჯვებას; ლინოსი აპოლონის ჭაღარა შვილი, კითარის დაკვრას, თან წერასა და მწიგნობრობაში წვრთნიდა. კენტავრი ქირონი მეცნიერებას ასწავლიდა. ჰერაკლე ბეჯითი მოსწავლე იყო, მაგრამ სიმკაცრესა და უსამართლობას ვერავის აპატიებდა. მოხუცი ლინოსი კუშტი მასწავლებელი გამოდგა. ერთხელ, როდესაც შეგირდს განუსჯელად სცემდა, ყმაწვილმა ხელი საკრავს სტაცა, მასწავლებელს დაჰკრა თავში და სული გააცხებინა. მართალია, ჰერაკლემ მაშინვე ინანა ჭარმაგი მასწავლებლის მოკვლა, მაგრამ სასამართლოზე მაინც ალალმა მოსამართლემ რადამანთისმა, ზევსის შვილმა და შემდეგ ალკმენეს მეორე ქმარმა, ჭაბუკი სასჯელისაგან გაათავისუფლა და საერთოდ წესად დაადგინა: თუ მკვლელობა თავდაცვის გამო მოხდებოდა, მკვლელი არ უნდა დასჯილიყო.

მაგრამ ჰერაკლეს ცხოვრება მაინც შეიცვალა. ამფიტრიონს შეეშინდა, ვაითუ ასეთი რამ კიდევ ჩაიდინოსო, და საარაკო ღონის პატრონი ყმაწვილი ჯოგში გაგზავნა, იალაღებზე, სადაც ხარები დაუდიოდა. აქ გაიზარდა და დავაჟკაცდა ჰერაკლე, ტოლი არ ჰყავდა. ზევსის შვილი იყო და ვინც შეხედავდა, თავზარი ეცემოდა. ოთხი ადლი სიმაღლის ბუმბერაზს თვალები ნაღვერდლებივით უბრიალებდა. არასოდეს ისარს და შუბს მიზანს არ ააცდენდა. თვრამეტი წლისა მთელს საბერძნეთში სწორუპოვარი ვაჟკაცი იყო, უღონიერესი და უმშვენიერესი. ახლა დრო დადგა, რომ გადაეწყვიტა, ამ ღონეს სიკეთისათვის მოიხმარდა თუ სიავისთვის.

ჰერაკლე გზაჯვარედინზე

ამ ხანებში ჰერაკლემ ჯოგები მიატოვა, მწყემსებს დაემშვიდობა და ერთ უკაცრიელ მხარეში წავიდა. მიდიოდა და ფიქრობდა, რა გზა ავირჩიო ცხოვრებაშიო. ჩამოჯდა და შეისვენა. მოულოდნელად გამოჩნდა ორი დიდებული მანდილოსანი, ერთის გარეგნობა მეტყველებდა მის სიდარბაისლესა და წარჩინებაზე, ტანად ლაღი და სპეტაკი იყო, გამოხედვაში კდემა და გამორჩეული თავდაჭერა იხატებოდა, ზნებოთ სრულყოფილი ჩანდა, უმწიკვლო სამოსი უქათქათებდა. მეორე ქალი ნაპატიები, ნებიერი და ჩასუქებული იყო. კანის ბუნებრივ ფერს ფერ-უმარილის სიწითლე და სითეთრე სჭარბობდა, ამპარტავნული თავდაჭერა ჰქონდა, წელში ალვასავით გამართულს თვალები ფართოდ გაეხილა და ისეთი რჩეული სამოსი ეცვა, რომ ქალის მომხიბლაობა თვალში გეცემოდათ. ცეცხლოვანი მზერით გაზომა საკუთარი გარეგნობა, მერე მიმოიხედა, სხვებიც თუ მიყურებენო; ხშირ-ხშირად გადახედავდა თავის ჩრდილსაც. როდესაც ორივე მანდილოსანი მოახლოვდა, ერთმა ჩვეულებრივი ნაბიჯით განაგრძო სვლა, მეორემ კი ნაბიჯს უმატა, რომ მისთვის გაესწრო, ჭაბუკთან მივიდა და უთხრა:

– ჰერაკლე! მე ვხედავ, ჯერაც ვერ გადაგიწყვეტია, რომელ გზას დაადგე ცხოვრებაში. თუ მეგობრად მე ამომირჩევ, ყველაზე სასიამოვნო და ბედნიერ გზაზე გაგიყვან. არც ერთი სიამე არ აგცდება, ყოველგვარ წყანს გვერდს აუვლი. ომებსა და საქმეებზე არ ინაღვლებ, საზრუნავი და საწუხარი არაფერი გექნება, მხოლოდ იმაზე იფიქრებ, რა საჭმელი და სასმელი ინატრო, რა იგემო, რით გაერთო: როგორ დაატკბო შენი თვალი და ყური უფრო საამური განცდებით; როგორ იცხოვრო ფუფუნებაში ბუმბულებზე და როგორ გაატარო დრო. ყველა სიკეთე უშრომლად და გაურჯელად მოგევლინება. დარდი ნუ გაქვს, სამაგიეროს არაფერს მოგთხოვ და სადარდელად არ გაგიხდი დღეკეთილობას. პირიქით, ყოველივე ეს სხვისი ხელით მოგერთმევა და არაფერზე უარის მოლოდინი არ გექნება, რადგან ჩემს მეგობრებს ყველაფრით უსაზღვრო სარგებლობის ნებას ვაძლევ.

როდესაც ჰერაკლემ ეს მაცდური დაპირებანი მოისმინა, გაოცებულმა ჰკითხა:

– , ო დედაკაცო, მითხარ შენი სახელი.

– მეგობრები „ნეტარებას“ მიწოდებენ, ხოლო მტრები, რომელთაც ჩემი დამცირება უნდათ „მეძავსა“ და „ზარმაცს“ მეძახიან.

ამასობაში მეორე ქალიც მოახლოვდა და მშვიდად უთხრა:

– მეც შენთან მოვსულვარ, ჰერაკლე, ძვირფასო, რადგან ვიცნობ შენს მშობლებს, შენს ნიჭსა და აღზრდას. ყოველივე ეს მაიმედებს, რომ თუ ჩემს გზას ამოირჩევ, ყველა დიდებულსა და ამაღლებულ საქმეში გამორჩეული ოსტატი იქნები. მაგრამ ესეც იცოდე, ვერავითარ სიამტკბილობას ვერ დაგპირდები, მხოლოდ საქმეს შემოგთავაზებ, და ყველაფერი ღმერთების ნებით მოხდება. იცოდე, რაც რამ სანუკვარია და სასიამოვნო, ღმერთები ადამიანს უშრომელად და გაურჯელად არაფერს მიართმევენ; თუ გსურს ღმერთებმა პატივი გცენ, ღმერთებს უნდა პატივს სცემდე. თუ გსურს შენმა მეგობრებმა შეგიყვარონ, შენს მეგობრებს სარგებლობა უნდა მოუტანო; თუ გინდა სახელმწიფომ პატივი დაგდოს, მას უნდა ერთგულად ემსახურო; თუ გწადია მთელი საბერძნეთი შენს სათნოებას შეჰხაროდეს, საბერძნეთის კეთილისმყოფელი უნდა იყო; თუ გინდა მოიმკა, უნდა დათესო; თუ გსურს იბრძოლო და გაიმარჯვო, ბრძოლისა და გამარჯვების ხელოვნებას უნდა დაეუფლო; თუ გინდა შენი სხეული მუდამ ჯანმაგარი იყოს, მუდამ შრომითა და ოფლის ღვრით უნდა გააკაჟო.

აქ სათნოების მქადაგებელს სიტყვა ჩამოართვა ხორციელი სიამის მქადაგებელმა გარყვნილებამ:

– ხომ გესმის, საყვარელო ჰერაკლე, უთხრა, – ხომ გესმის, რა მძიმე და შორეულ გზას გისახავს ეს დედაკაცი? ხომ ხედავ, რა გზა უნდა გაიარო, რათა ბოლოს კმაყოფილი დარჩე? მე კი უმოკლესსა და უადვილეს გზაზე გაგიყვან და მალე გაზიარებ ნეტარებას.

– საცოდავო, – მიუგო სათნოებამ – საიდან შეგიძლია ფლობდე ჭეშმარიტ საუნჯეს? ან რომელ სიამოვნებას იცნობ, როდესაც ყოველ სიხარულს მხოლოდ ძღომაში ხედავ? შენ ჭამ უმალ, ვიდრე მოგშივდება და სვამ, როდესაც ჯერ არ გწყურია; ჭამის მადა რომ გქონდეს, მზარეულებს დაეძებ; ხალისით რომ დალიო, უკეთეს ღვინოებს შოულობ; ზაფხულში შფოთავ და თოვლს ნატრობ, თვოლში კი ზაფხულის სითბო გენატრება. არც ერთ საწოლს არ სჯერდები – საკმაოდ ფუმფულა არ არისო. შენს მეგობრებს აიძულებ მთელი ღამე ღრეობაში გაატარონ, დღის უკეთესი ნაწილი კი – ძილში. ამიტომაც მთელს ახალგაზრდობას ფუფუნებაში გალევენ მორთულ-მოკაზმულები, სიბერის წლებში კი ნაადრევი დაღლილობითა და სნეულებით გამოფიტულები ძლივ დალასლასებენ, შერცხვენილები უსარგებლოდ გატარებული დღეებისათვის და დაღდასმულები იმ ტვირთის სიმძიმით, რაც უნდა ზიდონ. თვითონ შენ, თუმცა ქალღმერთი ხარ და უკვდავი, ღმერთებმა აგითვალწუნეს, ადამიანებმა კი შეგიძულეს. რაც ყურს ყველაზე მეტად ეამება, შენი ქება, არასოდეს მოგისმენია; რაც თვალს ყველაზე მეტად ახარებს, შენი ქმნილების ხილვა, არასოდეს გღირსებია. მე კი, პირიქით, ყველა ღმერთთან, ყველა კეთილ ადამიანთა ახლო ურთიერთობა მაქვს. ხელოვანთ ჩემი სახით ჰყავთ კეთილი შემწე, ოჯახის მამებს ერთგული დარაჯი, მსახურები ჩემში ხედავენ საიმედო ქომაგს. მე ვარ პატიოსანი მონაწილე სამშვიდობო საქმეებისა, სანდო თანამებრძოლი ომში, უერთგულესი მეგობარი და თანამდგომი მეგობრობაში. ჭამა-სმაში და ძილში ჩემს მეგობრებს მეტი შნო და გემოვნება აქვთ, ვიდრე მცონარებსა და ლოთებს. ახალგაზრდების უხარიათ მოხუცთაგან შექების მოსმენა. მოხუცებს კი ახალგაზრდების პატივისცემა. კმაყოფილებით იგონებენ თავიანთ ოდინდელ საქმეებს და ბედნიერად თვლიან თავს თავიანდი ახლანდელი მდგომარეობით, ჩემი წყალობით შეჰყვარებიათ ღმერთებს, მეგობრებს, დაუფასებია სამშობლოს. როდესაც აღსასრულის დღე დაუდგებათ, უპატიოდ კი არ მიაბარებენ მიწას, დავიწყებას კი არ მიეცემა მათი სახელი, შთამომავალნი მოკრძალებით მოიგონებენ, მომდევნო თაობები ყველა დროში დიდების შარავანდედით შემოსავენ მათ სახელს. ასეთი ცხოვრება აირჩიე, ჰერაკლე, და ნუღარ ყოყმანობ: შენს წინაშე ძევს უნეტარესი გზა.

ჰერაკლეს პირველი საგმირო საქმეები

მოჩვენებანი განქარდნენ და ჰერაკლე ისევ მარტო დარჩა. უკევ მტკიცედ გადაწყვიტა, სათნოების მძიმე გზას დავადგებიო. მალე კიდევაც მიეცა შემთხვევა, რაიმე კეთილი საქმე ჩაედინა.

საბერძნეთში იმ დროს ჯერაც მრავლად იყო უსიერი ტყეები და გაუვალი ჭაობები, სავსე მრისხანე ლომებით, მძვინვარე ტახებითა და სხვა საშინელი არსებებით. ქვეყნის განთავისუფლება ძალუმი მხეცებისა და უნდო ყაჩაღებისაგან, რომლებიც მგზავრებს უდაბურ ადგილებში უსაფრთებოდნენ, ძველი გმირების უდიდესი დამსახურება იყო.

ჰერაკლეც ამ საქმისათვის იყო მოწოდებული. თავისიანებთან დაბრუნებულმა მალე შეიტყო, რომ კითერონის მთის კალთებზე, სადაც მეფე ამფიტრიონის ჯოგები ბალახობდნენ, ერთი საშინელი ლომი გამოჩენილა და თავისი მძვინვარებით მწყემსებს თავზარსა სცემდა. როგორც კი ეს ამბავი გაიგო, ახალგაზრდა გმირი იქით გაეშურა, მთას მიადგა შეიარაღებული, უღრან ტყეში შევიდა, ლომი იპოვნა, დაახრჩო, ტყავი ტანზე მოისხა და პირღია მუზარადის მაგიერ დაიდგა თავზე. ლომის ტყავი ამის შემდეგ ჰერაკლეს განუშორებელი ატრიბუტი გახდა.

როდესაც ამ ნადირობიდან ბრუნდებოდა, გზაში შემოეყარა მინიელთა მეფის ერგინეს მსახურთა რაზმი. ეს მეფე ყოველწლიურად მძიმე და სამარცხვინო ხარკს ახდევინებდა თებელებს სრულიად უსამართლოდ, და მისი კაცები ამ ხარკის ასაკრეფად მიდიოდნენ. ჰერაკლეს სათნოების ქალღმერთის დავალებით თავი უკვე სიკეთის ქომაგად მიაჩნდა და დაუყოვნებლივ შეება ელჩებს, რომელთაც თებეს მიწა-წყალზე ყოველგვარი ძალადობის ნება ეძლეოდათ. ჭაბუკი გმირი მოძალადეებს იოლად გაუსწორდა, ცხვირები და ყურები დააჭრა, კისერზე დაჰკიდა და ისე გაისტუმრა თავიანთ მეფესთან. ერგინემ ამ საქმის ჩამდენის დაუყოვნებლივ გამოგზავნა მოითხოვა და თებეს მეფემ ქვეყნის აოხრების შიშით შეასრულა ეს მოთხოვნა. ჰერაკლე მინიელებთან გასამგზავრებლად გაემზადა, მამაც მოყმეთა რაზმი შეადგინა და მტერთან საომრად გაიყოლა. მაგრამ არც ერთ თებელს შინ იარაღი არ აღმოაჩნდა, რადგან მინიელებს მთელი იარაღი წაეღოთ, რათა თებელებს ხელის გამოღება და მოძალადეთა განდევნა გაებედათ.

მაშინ ათენამ ჰერაკლე თავის ტაძარძი დაიბარა, საკუთარი იარაღი გადასცა, ჭაბუკები შეიარაღდნენ იმ აღჭურვილობით, რაც წინაპრებს მტრისათვის წაერთმიათ და ღმერთებისათვის მიეძღვნათ. ასეთი მცირე შეიარაღებული რაზმით მიუახლოვდა გმირი საომრად დაძრულ მინიელთა ჯარს ერთ ვიწრო ბილიკზე. აქ მტერს თავისი სამხედრო ძლიერება და რიცხობრივი სიჭარბე ვერაფერს შველოდა. ერგინე თვითონ ჩაება ბრძოლაში, ვერაფერს გახდა და თითქმის მთელი მისი ჯარი გაწყდა. მაგრამ ბრძოლის ველზე დაიღუპა ამფიტრიონიც, ჰერაკლეს მამინაცვალი, მისი მამაცი თანამებრძოლი. განრისხებული ჰერაკლე ამ ბრძოლის შემდეგ დაუყოვნებლივ გაემართა ორქომენში, მინიელთა სატახტო ქალაქში, შეიჭრა ჭიშკრებში, ცეცხლი წაუკიდა სამეფო სიმაგრეს და დაანგრია ქალაქი.

მთელი საბერძნეთი გაოცებული იყო ამ გაუგონარი გმირობით და თებეს მეფემ კრეონტმა გამორჩეული პატივის ნიშნად თავისი მშვენიერი ასული მეგარა ჰერაკლეს მიათხოვა. მეგარამ გმირს სამი ვაჟი აჩუქა.

ჰერაკლეს დედა კი მეორედ გათხოვდა, მოსამართლე რადამანთისს გაჰყვა.

თვითონ ღმერთებმა დაასაჩუქრეს სწორუპოვარი გმირი. ჰერმესმა თავისი ხმალი მისცა, აპოლონმა – ისრები, ჰეფესტოსმა – ოქროს კარპაჭი, ათენამ – საომარი სამოსელი.

ჰერაკლე გიგანტებთან ბრძოლაში

გმირს მალე მიეცა შემთხვევა, რომ ღმერთებისათვის თავისი მხურვალე მადლობა საქმით დაემტკიცებინა. გიგანტებს შეება. გიგანტები იყვნენ საზარელი ბუმბერაზები, რომელთაც ფეხების მაგიერ უზარმაზარი ფორეჯებიანი გველები ესხათ, მახინჯი სახეები ჰქონდათ, ბანჯგვლიანი თავები და გრძელი წვერ-ულვაში. ეს ზარდამცემი ბუმბერაზები გეამ ანუ დედამიწამ უშვა ურანოსს, ანუ, ზეცას და მშობელმა დედამიწამ აუმხედრა ღმერთების ახალ მბრძანებელს ზევსს, რადგან ზევსმა მისი პირველი შვილები – ტიტანები დაამარცხა და ტარტაროსში ჩააგდო.

გიგანტები ქვესკნელის წყვდიადიდან ამოირაგნენ და ფლეგრეის შორეულ ველებზე გამოჩნდნენ, თესალიაში. მათი მნახველი ვარსკვლავები გაშეშდნენ, ფერი დაკარგეს ხომლებმა, ხოლო ფებოსმა მზის ეტლი უკან გააბრუნა. ქვეყნიერებაზე წყვდიადი ჩამოწვა.

– წადით, შეებით, შური იძიეთ ჩემთვის და ღმერთების ძველი ნაშიერებისათვის, – უთხრა მათ დედამიწამ. – პრომეთეს არწივი ჯიჯგნის, ტიტიოსს ქორი კორტნის, ატლასს ზურგზე ცის თაღი ადგას, სხვა ტიტანები ბორკილებს აჩხრიალებენ. წადით, შური იძიეთ, იხსენით ტიტანები! გამოიყენეთ ჩემი საკუთარი კიდურები, მთები და კლდეები, საფეხურებად და იარაღად! შენ, ტიფონო, გამოსტაცე ღმერთების მეუფეს ხელიდან სკიპტრა და მეხი! ენკელადოსო, შენ დაამხე პოსეიდონი, განდევნე და ზღვას დაეპატრონე! რეტოსმა მზის ღმერთს უნდა გამოსტაცოს ეტლის სადავეები, პორფირიონმა დელფოს სამისნო უნდა აიღოს!

ბუმბერაზების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, დედის ასეთი დავალება რომ ესმოდათ, ისე ხორხოცობდნენ, თითქოს გამარჯვება უკვე მოპოვებული ჰქონდათ, თითქოს ზეიმით მიათრევდნენ პოსეიდონს არ არესს, ციურ ქოჩორში ჩაავლეს ხელები აპოლონს და ძირს დასცეს სინათლის ღმერთი. ერთი აფროდიტეს უკვე ცოლს ეძახდა, მეორეს არტემიდე მოუნდა, მესამე ათენას ისაკუთრებდა. ამ გოროზი ლაპარაკით გავიდნენ თესალიის ველზე, ავიდნენ მთებზე, მთა მთაზე ააჩხორეს და ასე შეუტიეს ზეცას.

ამასობაში ირისმა, ღმერთების შიკრიკმა, ელვის სისწრაფით დაიარა ცა და მიწა, შეყარა ყველა ოლიმპიელი ღმერთი, ზღვასა და ხმელეთზე, ცაში თუ მდინარე–წყალთა წიაღში. მანებიც კი ამოიხმო ქვესკნელიდან. პერსეფონემ მიატოვა თავისი ჩრდილოვანი სამეფო, და მისი მეუღლე, დაბინდული ქვესკნელის მობინადრე მდუმარე სულთა მეუფე, შუქის მოძულე რაშებით ოლიმპოზე აფრინდა.

როგორც ალყაშემორტყმული ქალაქის ბინადარნი მოზღვავდებიან ყოველი მხრიდან და თავს შეიყრიან, რათა მშობლიური ქალაქი დაიცვან, ასე მოგროვდნენ ოლიმპოს ღმერთები მშობლიურ კერასთან.

– ჩემთან შემოკრებილო ღმერთებო, – მიმართა ზევსმა, – თქვენ ხედავთ, როგორ შემოგვიტია დედამიწამ თავისი ახალი ნაშიერებით. შეებით და გაგზავნეთ ქვესკნელსი იმდენი ახალი გვამი, რამდენი ვაჟიც მეამბოხე დედამიწამ გამოგვიგზავნა!

როგორც კი ზევსმა მოკლე სიტყვა დაასრულა, მეხთა ქუხილი ატყდა ცათა შინა, ხოლო დაბლა გეამ მიწისძვრით უპასუხა. ბუნება აირია და გახდა მოუწყებელი, როგორც პირველყოფილი ქაოსის ჟამს. გიგანტებმა მთა მოგლიჯეს, მთაზე დაადგეს, მოარღვიეს ოსა, პელიონი, ეტა, ათოსი, მოაქუჩეს ერთად, მოგლიჯეს უზარმაზარი როდოპის მაღალი მთაგრეხილი, მდინარე ჰებროსის ნახევრიანად, ცად ააჩხორეს და უზარმაზარი კიბით ავიდნენ ღმერთების საბრძანებელში, კლდის ლოდებითა და ალმოდებული მუხების ტროეცნით დაიწყეს ოლიმპოზე იერიში. მძიმე დღეები დაუდგა ზევსის მოდგმას.

ორაკულმა უწინასწარმეტყველა ღმერთებს, ვერც ერთი უკვდავთაგანი ვერ დახოცავსო გიგანტებს და მათი მოკვლა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ღმერთებს გვერდით რომელიმე მოკვდავი ამოუდგებაო. ეს მისნობა გეამაც იცოდა და გულმოდგინედ ეძებდა ისეთ ჯადოსნურ წამალს, რომელიც მის გიგანტებს მოკვდავისათვის უვნებელს გახდიდა. ასეთი უწყვლადობის ბალახი მართლაც იზრდებოდა დედამიწაზე, მაგრამ გეას ზევსმა დაასწრო. მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს უბრძანა, დედამიწა არ გაანათოთო და როდესაც ის ელვის სისწრაფით მოწყვიტა და ათენას დაავალა, ჰერაკლე ამომიყვანეო.

ოლიმპოს მწვერვალზე კი სასტიკი ბრძოლა იყო გაჩაღებული. არესმა თავისი მოჭიხვინე რაშები ხელჩართული შეტაკების დროს მტრის რაზმის შუაგულში შეაჯირითა, მისი საბრძოლო ეტლის თავზე ომის ღმერთის ოქროს ფარი ცეცხლზე უფრო მხურვალე სხივს აფრქვევდა, მისი მუზარადი ნაპერწკლებს ყრიდა მოფრიალე ფაფრიდან. გახურებულ ბრძოლაში შუბით განგმირა გიგანტი პელოროსი, რომელსაც ფეხების მაგირე ორი უზარმაზარი გველი ება, შემდეგ კი მოკრუნჩხულ გვამსა და მოსისინე გველებს თავისი ეტლით ზედ გადაუარა და გადათელა. მაგრამ ურჩხულმა თავისი სამი სული მხოლოდ მაშინ ამოუშვა, როდესაც მოკვდავი ჰერაკლე დაინახა. ჰერაკლე, ის იყო, ამოვიდა ოლიმპოს უმაღლეს საფეხურზე, მიმოიხედა ბრძოლის ველზე და მაშინვე თავისი მშვილდი მოზიდა, მიზანში ამოიღო გიგანტი ალკიონევსი. განგმირული ბუმბერაზი ცას მოსწყდა, ძირს გადაფრინდა, მაგრამ როგორც კი მშობელი მიწის კალთებს შეეხო, ისევ გაცოცხლდა, წამოიწია და ოლიმპოს მიაშურა. ათენას რჩევით ჰერაკლემ ის დაითრია და მოაშორა მხარეს, სადაც დაიბადა. როდესაც უცხო მიწაზე მოხვდა, სულიც დალია.

ახლა გიგანტი პორფირიონი გავიდა სახიფათო ადგილზე, რათა ჰერაკლეს და ჰერას ცალ-ცალკე შებმოდა. მაგრამ ზევსმა უეცრად შთაუნერგა სურვილი, რომ ქალღმერთის ნამდვილი სახე პირისპირ ეხილა და ვიდრე პორფირიონი ჰერას საბურველს აგლეჯდა, ზევსმა მეხი ჰკრა, შემდეგ კი ჰერაკლემ ისრით მოუსწრაფა სიცოცხლე. უეცრად მეომარი გიგანტების რიგს გამოეყო ურჩი ეფიალტე და ღმერთებს ცეცხლოვანი თვალები მიანათა.

– ეს კარგი სამიზნეა ჩვენი ისრებისათვის! – სიცილით თქვა ჰერაკლემ გვერდით მებრძოლის – აპოლონ ფებოსის გასაგონად და მაშინვე ღმერთმა მარცხენა თვალი გამოსთხარა, ნახევრად ღმერთმა კი მარჯვენა.

ევრიტე მოკლა დიონისემ თავისი კვერთხით – თირსოსით, ხოლო ჰეფესტოსმა ღვთაებრივი ხელიდან ნიაღვრად დაფრქვეული ცეცხლოვანი ლავით კლიტიოსი ძირს დაანარცხა. ბრძოლის ველიდან გაქცეულ ენკელადოსს ათენა პალადამ კუნძული სიცილია ესროლა და შიგ ჩამარხა. ბუმბერაზი პოლიბოტე უფრო შორს გაექცა პოსეიდონს, კუნძულ კოსს მიაწყდა, მაგრამ ზღვის ღმერთმა ამ კუნძულის ნაწილი აიტაცა, სტყორცნა და სამუდამოდ დაფარა. ჰერმესს თავზე პლუტონის ზუჩი ეხურა, გიგანტ ჰიპოლიტოსს შეუტია და მოკლა. ორ დანარჩენს პარკების კომბლები მოხვდათ და სასიკვდილოდ დაშავდნენ. სხვები ზევსმა განგმირა მეხით და ელვით, ძირს გადმოყარა დედამიწაზე, სადაც ჰერაკლემ თავისი ისრებით ყველას სიცოცხლე მოუსწრაფა.

ამ გმირობამ ნახევრად ღმერთს ციურთა სამუდამო პატივისცემა მოუხვეჭა. ზევსმა ოლიმპიელები უწოდა ყველას, ვინც ამ სასტიკ ბრძოლაში მას ეხმარებოდნენ, რათა ამიერიდან ამ სიტყვით გაერჩიათ მამაცები ლაჩრებისაგან. ასეთი მაღალი პატივის ღირსად მოკვდავი ქალის შობილთაგან მხოლოდ დიონისე და ჰერაკლე გახადა.

ჰერაკლე და ევრისთევსი

ჰერაკლეს დაბადების წინ ღმერთების კრებაზე ზევსმა განაცხადა: ვინც დღეს პერსევსის შთამომავალთაგან პირველი დაიბადება, ყველა სხვა პერსეიდის მბრძანებელი გახდებაო. ასეთი პატივი მოფიქრებული ჰქონდა მისი და ალკმენეს შვილისათვის. მაგრამ ცბიერმა ჰერამ ისე მოახერხა, რომ პერსეიდებიდან იმ დღეს პირველი დაიბადა პერსევსის მეორე შვილიშვილი ევრისთევსი და არა ჰერაკლე, რომლის დედაც ჰერას სძულდა, როგორც მეტოქე. ამიტომაც არგივიელთა ქვეყანაში მიკენის მეფედ დაჯდა ევრისთევსი, ხოლო ჰერაკლე გახდა მისი ქვეშევრდომი, რომელსაც სხვა მოკვდავთათვის შეუძლებელი საგმირო საქმეები დააკისრა.

ჰერაკლე უარს ამბობდა მიკენის უბადრუკი მეფის მორჩილებაზე, მაგრამ ზევსი თავის გადაწყვეტილებას ვერ დაარღვევდა, ამიტომ გმირს უბრძანა, მიკენის მეფის ყველა დავალება შეასრულეო. ნახევრად ღმერთი მაინც უხალისოდ ემორჩილებოდა მოკვდავ მეფეს. ხსნას ეძებდა და დელფოში წავიდა, ორაკულს ჰკითხა თავისი საქმე, რომ ათი გმირობა უნდა მოახდინო მეფის დავალებით, შემდეგ კი უკვდავებას გაზიარებენო. საერთო ჯამში ჰერაკლემ თორმეტი საგმირო საქმე ჩაიდინა ევრისთევსის დავალებით, თუმცა ორი მათგანი მას მიკენის მეფემ არ ჩაუთვალა.

მძიმე საგონებელში ჩავარდა გმირთაგმირი: როგორ ვემსახურო ჩემზე დაბალსა და უმწეოს! ეს ხომ ჩემს ღირსებას ამცირებსო! მაგრამ თავის მამას ზევსს რომ არ დამორჩილებოდა, ეს კიდევ უარეს უბედურებას უქადდა, თანაც შეუძლებელი იყო. ეს ამბავი გაითვალისწინა და კიდეც გამოიყენა ჰერამ, რომლის გულშიაც ღმერთების წინაშე გმირის დიდმა დამსახურებამაც კი ვერ ჩაკლა ჰერაკლეს სიძულვილი და მძიმე კაეშანი ბორგნეული სიგიჟით შეუცვალა. ჰერაკლე ისე შეიშალა, რომ თავისი საყვარელი ნახევარძმისა და თანამებრძოლის – იფიკლე ვაჟის იოლაოსის მოკვლაც კი განიზრახა, მაგრამ იოლაოსმა გაქცევით უშველა თავს. მაშინ ჰერაკლე საკუთარ შვილებს დაერია, მეგარასაგან რომ ჰყავდა, და უმოწყალოდ დახოცა, რადგან ბორგნეულს ეგონა, რომ გიგანტებს ხოცავდა. როდესაც სიგიჟემ გაუარა, გონს მოეგო, ჰერაკლე ღრმად შეაწუხა თავისმა საზარელმა საქციელმა, შინ ჩაიკეტა და ადამიანებთან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტა. ბოლოს, როდესაც ამნაირი უბედურებით თავს დატეხილმა ნაღველმა ოდნავ გაუარა, გადაწყვიტა ევრისთევსის დავალებული სამძიმო საქმეების აღსრულება და ამ მიზნით ევრისთევსს ესტუმრა ტირინთოში, რაც აგრეთვე ამ მეფის საბრძანებელში შედიოდა.

 
ჰერაკლესა და ნემეის ლომის ორთაბრძოლა

პირველი გმირობა – „ნემეის ლომი“

პირველად ევრისთევსმა ჰერაკლეს ნემეის ლომის მოკვლა დაავალა: მხეცის ტყავი მომართვიო საჩუქრად. ამ ძღვენის მირთმევა არ იყო იოლი. ეს მძვინვარე ლომი ცხოვრობდა პელოპონესში, კლეონესა და ნემეის ტყეებს შორის, არგოლიდის მიდამოებში. ადამიანის იარაღი ამ ლომს ვერ მოწყლავდა. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ ეს იყო ტიფონისა და ექიდნეს ნაშიერი, ამ გველ-ქალისა, რომელმაც მრავალი სხვა ურჩხულიც შვა (სფინქსი, ქიმერა, ლერნეს ჰიდრა). სხვები ამტკიცებდნენ, მთვარიდან ჩამოვარდაო დედამიწაზე.

ამრიგად, ჰერაკლე ნემეის ლომთან შესაბმელად გაემგზავრა და კლეონეში ჩავიდა, სადაც ერთმა ღარიბმა დღიურმა მუშამ, სახელად მოლორქოსმა, მეგობრულად მიიღო. სწორედ იმ დროს ესტუმრა, როდესაც ეს ღარიბი კაცი ზევსისათვის სამსხვერპლო ხარის დაკვლას აპირებდა.

– კეთილო კაცო, – უთხრა ჰერაკლემ, – აცალე, იცოცხლოს ამ ხარმა კიდევ ოცდაათი დღე. თუ ამ დროში ნადირობიდან მშვიდობით დავბრუნდი, შწსწირე მხსნელ ზევსს, ხოლო თუ მე მომვკვდე, შემომწირე მე, როგორც უკვდავებაში გადასულ კაცს.

ასე დაარიგა და წავიდა. გვერდზე კაპარჭი ეკიდა, ცალ ხელში მშვილდი ეჭირა, მეორეში თავისი დიდი კომბალი, გარეული ზეთისხილისა, რაც ჰელიკონის მთებში ნახა და ძირფესვიანად მოგლიჯა. ნემეის ტყეში რომ შევიდა, ყოველ მხარეს თვალს აცეცებდა, რათა გაშმაგებული მხეცი დაენახა უმალ, ვიდრე ის თვითონ თვალს მოჰკრავდა.

შუადღე იყო. არც ლომი ჩანდა და არც მისი ბუნაგის გზა-ბილიკი, რომ კვალს გაჰყოლოდა. კაციშვილი ვერ ნახა, საზარელი მხეცის შიშს ყველა შინ ჩაეკეტა. ლამის მთელი დღე დაეხეტებოდა ხშირ ჭალაში, მტკიცედ მოწადინებული, ურჩხულთა ნაშიერ მხეცთან თავისი ღონე გამოეცადა.

ბოლოს, საღამოხანს, ლომი ტყის ბილიკზე გამოვარდა, რათა ნადირობიდან თავის ბუნაგში დაბრუნებულიყო. სისხლითა და ხორცით გამაძღარს თავმკერდიდან და ფაფრიდან დაფლეთილი ნანადირევის სისხლი ჩამოსდიოდა, წითელი ენით ლაშებს ილოკავდა. გმირმა შორიდანვე დაინახა, თავი ერთ დიდ ბუჩქს შეაფარა და დაელოდა. როგორც კი ლომი მოახლოვდა, ჰერაკლემ მშვილდი მოზიდა, ისარი სტყორცნა და კიდეც მოახვედრა გვერდში, მაგრამ ისარი ასხლტა, როგორც კლდეზე, უკანვე გააბრუნა და ხავსიან მიწაზე დაეცა.

მხეცმა დახრილი თავი ასწია, მიმოიხედა, პირი დააღო, სისხლიანი კბილები გამოუჩნდა საიერიშოდ მომზადებულს. ასე მიუშვირა ნახევრად ღმერთს ფართო ფაფრიანი მკერდი. გმირმა მეორე ისარი ესროლა, რათა შიგ ღია ხახაში მოეხვედრებინა ან მკერდი გაეხვრიტა და სასუნთქში მოხვედროდა. მაგრამ ლომი უწყვლადი იყო. ისარი ახლაც ასხლტა მკერდზე და ნადირის წინ დავარდა, მის ფეხებთან. ჰერაკლემ, ის იყო, მესამე ისარიც მოიმარჯვა, რომ მხეცმა დაინახა. მაშინვე კუდი მაღლა აპრიხა, რისხვისაგან ფაფარი ყალყზე დაუდგა, ზურგი მშვილდივით მოეხარა, საიერიშოდ გაემზადა და თავბრუდამხვევი ნახტომით მტერთან გაჩნდა. ჰერაკლემ დააგდო ისარი, კითერონის ლომის ტყავიც მიაყოლა, მარჯვენა ხელით მოიქნია კომბალი და ისეთი ძალით დაჰკრა კეფაზე, რომ ლომი ჰაერშივე დარეტიანდა, დაბლა დავარდა და ძლის წამოიწია, აცახცახებულ ფეხებზე დადგა და თავს უმწეოდ აძაგძაგებდა.

ვიდრე ნადირი გონს მოვიდოდა, ჰერაკლემ მშვილდი და კომბალიც ძირს დააგდო, მხეცს ჯიქურ მივარდა, ზურგიდან მოუარა, თავს ქვემოთ ხელები სალტეებივით შემოახვია და მანამდე უჭერდა, ვიდრე არ მოახრჩო, და მისი თავზარდამცემი სული ჰადესში არ გაგზავნა.

დიხანს ამაოდ ცდილობდა მოკლული ლომის გატყავებას. არც ქვა ეკარებოდა, არც რკინა. ბოლოს ასეთმა აზრმა გაუელვა: ისევ მისი ბრჭყალებით შევეცდებიო, და გაუმართლა. უწყვლად ლომს ტყავი მაშინვე გააძრო. მერე ტყავისაგან ჩინებული ჯავშანი გაიმზადა, ხოლო თავისაგან – საბრძოლო მუზარადი. ახლა კი იგივე ტყავი მკლავზე გადაიკიდა და ტირინთოს გზას დაადგა.

როდესაც ევრისთევსმა საზარელი ნადირის ტყავით ხელში მომავალი გმირი დაინახა, მისი ღვთაებრივი ძალისაგან ელდანაკრავი მეფე სპილენძის დიდ ქოთანში ჩაძვრა. როდესაც ქოთნიდან ამოიყვანეს, ჰერაკლეს უბრძანა, ამიერიდან თვალით აღარ დამენახოო, ქალაქის გალავნის გარეთ გაჩერდი და ჩემი დავალებები პელოპის შვილის კოპრევსის პირით მოისმინეო.

შვილის ამ დიადი გამარჯვების აღსანიშნავად, ზევსმა ლომის თანავარსკვლავედი შექმნა. ძველი ბერძნები კი ოლიმპიადის ყოველ მეორე და მეოთხე წელიწადს აწყობდნენ სახალხო თამაშობებს, რომელიც „ნემეური თამაშების“ სახელითაა შესული ისტორიაში.

მეორე გმირობა – „ლერნეს ჰიდრა“

 
ჰერაკლე კლავს ლერნეს ჰიდრას, ლუვრი

ჰერაკლეს მეორე საგმირო საქმე იყო ლერნეს ჰიდრას მოკვლა. ეს უძლეველი ურჩხულიც იმავე ტიფონისა და ექიდნას ნაშიერი იყო, ნემეის ლომის და. არგოლიდაში გაიზარდა, ლერნეს ჭაობებში, მერე ხმელეთზე გამოდიოდა, მუსრს ავლებდა ჯოგებს და აოხრებდა ნათესებს.

უსაშველოდ დიდი იყო ეს ჰიდრა, ცხრათავიანი გველეშაპი. ტანი ხომ გველისა ჰქონდა, მაგრამ ზედ ცხრა თავი ება, აქედან რვა მოკვდავი იყო, მეცხრე კი, – შუაში – უკვდავი და მოუხელთებელი.

ჰერაკლე ამ ურჩხულის დასამარცხებლად თამამად წავიდა. ამჯერად ეტლი გამართა. მეეტლედ აიყვანა თავისი საყვარელი ძმისწული და თანამებრძოლი იოლაოსი, მამინაცვლის შვილის იფიკლეს ძე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუდამ გვერდით ახლდა. ახლაც საბრძოლო ეტლზე დასვა და ლერნეს ჭაობისკენ გაეშურა.

ამიმონეს წყაროების მახლობლად ერთი გორაკი იყო აღმართული. იმ მაღლობზე ავიდა ჰერაკლე და იქიდან მიდამოს გადახედა. ბოლოს დაინახა კიდეც, თავის გამოქვაბულში დაგრაგნილიყო ჰიდრა. მაშინვე ეტლიდან გადმოხტა, იოლაოსი იქვე დატოვა, ბუნაგთან მიიჭრა და ცეცხლოვანი ისრებით აიძულა მრავალთავიანი გველეშაპი, რომ თავშესაფრიდან გამოსულიყო. სისინით გამოძვრა ურჩხი მცურავი, ცხრავე კისერი რწევით აეშვირა მაღლა, და ისე ირხეოდა, როგორც ხის ტოტები ქარიშხალში.

ჰერაკლე უშიშრად შეეგება, ხელი ჩაავლო და მაგრად შებოჭა. ჰიდრა კი ცალ ფეხზე დაეხვია, სხვა ვერაფერი იღონა თავის დასაცავად. გმირმა ნამგლის მოყვანილობის მახვილი იშიშვლა და დაიწყო თავების წაკვეთა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ერთ თავს რომ წააჭრიდა, მის ადგილზე ორი ამოდიოდა.

გმირს გაუჭირდა: ჰიდრის საშველად ჰერას გამოგზავნილი ერთი უზარმაზარი ჭაობის კიბორჩხალა გამოვიდა, ჰერაკლეს ფეხში ჩაებღაუჭა. გმირმა კომბალი აიღო და კიბორჩხალა იქვე მოკლა, მერე კი იოლაოსს უხმო დასახმარებლად. ძმისწულს უკვე გაემზადებინა დიდი ჩირაღდანი, იქვე გადაშლილი ტყიდან ხეები გამოჰქონდა, ცეცხლს უკიდებდა, ალმოდებულ ხეებს მაშხალებივით ადებდა ჰიდრის სისხლიან კისერს, და ახალი თავების ამოსვლას აფერხებდა. ჰერაკლემ ჰიდრას ისევ წააჭრა ახლად წამოზრდილი თავები, ბოლოს კი უკვდავი თავის მოსჭრა, იქვე გზაზე დამრახა და ზედ დიდი ლოდი დაადო. ჰიდრის ტანი კი შუაზე გაჭრა, მის სისხლში თავისი ისრები ამოავლო და შემდეგ რასაც ამ ისრებს სტყორცნიდა, განუკურნებელ ჭრილობებს აყენებდა, რადგან ჰიდრას სისხლი შხამიანი იყო.

მას შემდეგ, რაც ჰერაკლე და იოლაოსი ბრძოლის ადგილს გასცილდნენ, ჰერამ თავისი გამოგზავნილი კიბორჩხალა ცაზე აიყვანა და თანავარსკვლავედად აქცია.

მესამე გმირობა – „კერინიის ფურირემი“

ევრისთევსის მესამე დავალება იყო კერინიის ფურირემის ცოცხლად შეპყრობა. ეს იყო მშვენიერი ცხოველი, ოქროს რქები ჰქონდა, სპილენძის ფეხები და არკადიის ერთ–ერთ მთაში ბალახობდა. ეს ერთი იმ ხუთ ირემთაგანი იყო, რომელთაც არტემიდე თავისი პირველი საცდელი ნადირობისას დაედევნა და დაიჭირა კიდეც. ეს ოქროსრქიანი და სპილენძისჩლიქებიანი იშვიათი ცხოველი ქალღმერთს შეებრალა და გაუშვა, რადგან ბედისწერის განჩინებაც ასეთი იყო, იგი ჰერაკლეს უნდა შეეპყრო. ვიდრე ის მომქანცველი ნადირობა განახლდებოდა, ფურირემი თავისუფლად დანავარდობდა არკადიის ტყეებში და კერინიის იალაღებზე.

მთელ წელიწადს დასდევდა, მაგრამ ფეხმარდი ცხოველი ხელიდან უსხლტებოდა, მთებსა და ხეობებს აფარებდა თავს. ამ დევნაში ჰერაკლე ჰიპერბორეელთა შორეულ ქვეყანაში მოხვდა, მდინარე ისტროსის სათავეებთან და ბოლოს კიდევაც დაიჭირა ფურირემი მდინარე ლადონის სანაპიროზე, ქალაქ ენოეს მახლობლად, არტემიდეს მთაში. სხვა რომ ვერაფერი მოუხერხა, ისრით დაჭრა ფეხში, დაეწია, მხრებზე შემოიგდო და მთელი არკადია გამოატარა. აქ შეხვდა ქალღმერთიუ არტემიდე, რომელსაც თავისი ძმა აპოლონ ფებოსი ახლდა, და მკაცრად უსაყვედურა, ჩემი სახელობის ნადირის მოკვლა როგორ დააპირეო! თან თითქოს ნანადირევის წართმევა მოიწადინა.

– ჩემი ნებით არ დამიჭერია, დიდი ქალღმერთო, – თავის გასამართლებლად მიუგო ჰერაკლემ. – სხვა გზა არა მქონდა. აბა, რანაირად უნდა დამერღვია ევრისთევსის ბრძანება?

ასე დააცხრო ქალღმერთის რისხვა და საკვირველი ცხოველი შეუფერხებლად ჩაიყვანა მიკენში.

მეოთხე გმირობა – „ერიმანთოსის ტახი“

როგორც კი ეს დავალება აღასრულა, მორიგი საგმირო საქმის მოსახდენად გაეშურა. არც ეს იყო იოლი საქმე. მიკენში ცოცხალი უნდა ჩამოეყვანა ტახი, რომელიც ერიმანთოსის მთიან მხარეში ცხოვრობდა და მთელს მხარეს აოხრებდა. ეს ტახიც არტემიდეს სახელობისა იყო. სანადიროდ მიმავალმა ჰერაკლემ გზად ფოლოსს გაუარა, სილენოსის შვილს. როგორც ყოველი კენტავრი, ფოლოსიც სანახევროდ კაცი იყო, სანახევროდ ცხენი. მეგობარი გულითადი სიხარულით მიიღო, წინ მოხრაკული ხორცი დაუზვინა, თვითონ კი უმს შეექცა. ჰერაკლეს ნუგბარ საჭმელთან ერთად რჩეული ღვინოც მოუნდა.

– ძვირფასო სტუმარო, – უთხრა ფოლოსმა. – ჩემს გამოქვაბულში მთელი კასრი გაუხსნელი ღვინოა, დიონისეს ნაჩუქარი, მაგრამ ის ყველა კენტავრის საკუთრებაა და მეშინია, ვაითუ ერთი ამბავი ატეხონ. მოგეხსენებათ, კენტავრებს სტუმრები მაინცდამაინც არ უყვართ.

– არხეინად იყავი, – დაამშვიდა ჰერაკლემ. – კასრი გახსენი და ნუ გეშინია, კენტავრებისაგან მე დაგიცავ. მწყურია.

ეს კასრი ოდესღაც ღვინის ღმერთმა დიონისემ აჩუქა ერთ-ერთ კენტავრს და გააფრთხილა: მხოლოდ მაშინ გახსენით, როდესაც ადამიანთა ოთხი თაობის შემდეგ ამ მიდამოებში ჰერაკლე ამოვიდესო.

ფოლოსი სარდაფში ჩავიდა. როგორც კი გახსნა კასრი, კენტავრებმა საუცხოო ძველი ღვინის სურნელება იგრძნეს და გუნდ-გუნდად მოაწყდნენ ფოლოსის გამოქვაბულს, ფიჭვის ტოტებითა და კლდის ლოდებით შეიარაღებულები.

ზოგიერთები გაკადნიერდნენ და მღვიმეში შევიდნენ კიდეც. ჰერაკლემ მუგუზალები აიტაცა, ესროლა და განდევნა ცხენკაცები. დანარჩენებს ისრები სტყორცნა და დაედევნა. სდია მალეამდე, სადაც მისი ძველი მეგობარი, კეთილი კენტავრი ქირონი ცხოვრობდა. იქ შეაფარეს თავი მისი ტომის ნაშიერებმა. მაგრამ როგორც კი მოახლოვდა, ჰერაკლემ თავისი შხამიანი ისარი ესროლა. ისარმა ერთ კენტავრს მკლავში გაუარა, იქვე მყოფ ქირონს უცაბედად მუხლში მოხვდა და შიგ ჩარჩა.

მხოლოდ ახლა დაინახა და იცნო ჰერაკლემ თავისი ძველი მეგობარი, ძლიერ შეწუხდა, მივიდა, ისარი ამოუღო დ ის წამალი დაადო, რაც თვითონ ქირონმა ასწავლა. მაგრამ ჭრილობა მოურჩენელი იყო, რადგან ისარი ჰიდრის სისხლით იყო გაჟღენთილი.

კენტავრმა თავის გამოქვაბულში გადაყვანა ითხოვა და მეგობრის ხელებზე სიკვდილი ისურვა. ამაო სურვილი იყო! საბრალომ არ იცოდა, რომ თავისდა საუბედუროდ უკვდავი იყო. ჰერაკლე ცრემლთა ფრქვევით დაემშვიდობა მეგობარს და აღუთქვა, სურვილს აგისრულებ, სიკვდილს გამოგიგზავნიო, ქირონს კი ნამდვილად უნდოდა მხსნელი სიკვდილის გამოცხადება, რადგან საშინლად იტანჯებოდა.

როდესაც დანარჩენი კენტავრების დევნით დაღლილი ჰერაკლე გამოქვაბულში დაბრუნდა, თავისი ძველი მეგობარი ფოლოსიც მკვდარი დახვდა. თურმე საცოდავს მეტისმეტად გაუკვირდა ამ პატარა ისრებით უზარმაზარ კენტავრებს როგორ ხოცავსო და ერთ-ერთი მოკლული ცხენ-კაცის ჭრილობიდან ისარი ამოუძვრია, შხამიანი ისარი ხელიდან გავარდნია, ფეხში ჩარჭობია და იქვე მომკვდარა.

ჰერაკლე ძლიერ შეწუხდა. მეგობარი პატივით დაკრძალა და ზედ ის მთა დააფარა, რომელსაც მას შემდეგ ფოლოე ეწოდება. შემდეგ ისევ წავიდა ტახზე სანადიროდ. ომახიანი ყიჟინით გამოაგდო ნადირი უღრანი ტყიდან, თოვლიან ველზე დაედევნა, დაეწია დაქანცულ ღორს, თოკით შეკრა, მხარზე გაიდო და ცოცხალი ჩაიყვანა მიკენში, როგორც ნაბრძანები ჰქონდა.

როდესაც ჰერაკლე ამ მეოთხე გმირობიდან დაბრუნდა, იასონის კოლხეთს ლაშქრობის ამბავი გაიგო და ისე გაჰყვა ევრისთევსისთვის არც კი უკითხავს.

 
„ჰერაკლესა და ერიმანთოსის ტახის ორთაბრძოლა“, ბერლინი

მეხუთე გმირობა – „ავგეას თავლების გაწმენდა“

ამის შემდეგ ევრისთევსმა ჰერაკლე გაგზავნა ისეთ საქმეზე, რაც გმირის საკადრისი არ იყო და სულაც არ შეეფერებოდა ნახევრად ღმერთის ღირსებას. ერთ დღეში უნდა გაეწმინდა მეფე ავგეას თავლები (ბოსლები). ავგეა ელიდის მეფე იყო და დიდი ჯოგები ჰყავდა. მთელი მისი საქონელი სასახლის წინ შემორაგულში ირეოდა, როგორც ძველად იცოდნენ. მრავალი წლის განმავლობაში ბინადრობდა აქ სამი ათასი სული პირუტყვი და არც არავის უცდია ბოსლების გაწმენდა. ამ ხნის მანძილზე აქ დაგროვდა ნაკელის მთელი გორაკები, რაც ახლა ჰერაკლეს, ერთადერთ კაცს, თავისდა სამარცხვინოდ, ერთ დღეში უნდა გაესუფთავებინა. ევრისთევსი მისგან შეუძლებელს ითხოვდა.

როდესაც ჰერაკლე მეფე ავგეას წარუდგა და ასეთი სამსახური შესთავაზა, ისე რომ ევრისთევსის დავალება არც უხსენებია, გაოცებულმა მეფემ ღიმილი ძლივს შეიკავა: როგორ იქნება, ასეთი ბრწყინვალე მეომარი, ლომის ტყაოსანი გმირი, ასეთ მონურ, დამამცირებელ სამუშაოს დახარბდესო! ტავისთვის კი ასე ფიქრობდა: „მრავალი გამოჩენილი ვაჟკაცი შეუცდენია გამორჩენის სურვილს. ეტყობა, ამ გმირსაც ჩემთან გამდიდრება მოუწადინებია. ვერაფერს გახდება. მე შემიძლია დიდი გასამრჯელოც შევთავაზო, მან კი ჩემი ბოსლები ერთ დღეში რანაირად უნდა გაწმინდოს? ეს არავის შეუძლია. სულ მცირე ნაწილს თუ გაიტანს“. ასეთ ფიქრებში იყო მეფე, მერე კი ხმამაღლა უთხრა:

– მომისმინე, უცხოელო! თუ მართლა გინდა ჩემი ბოსლები დაასუფთავო, მაშინ ერთ დღეში გაწმინდე და ჩემი საქონლის მეათედიც მიიღე. ჰერაკლეც ამ პირობას დასჯერდა და წავიდა. მეფეს ეგონა, ნიჩაბს აიღებს და ნაკელში ქექვას დაიწყებსო. სხვა რა უნდა ეფიქრა? ჰერაკლემ კი ჯერ მეფისწული ფილევსი დაიმოწმა, ასე მოვილაპარაკეთ და პირი არ გამიტეხოსო. შემდეგ უზარმაზარი ბოსლის ზღუდეს მიმართა, ცალ მხარეს შესასვლელი მოარღვია და ორ მახლობელ მდინარეს – ალფეიოსსა და პენეიოსს კალაპოტები უცვალა, ორივე უწმინდურ ბოსლებზე მიუშვა, შემდეგ კი მეორე მხარეს გაუხსნა გასასვლელი.

მთელი დღე შხუოდნენ მდინარეების ნებიერი ტალღები წლობით გაუსუფტავებელ ბოსლებში და ზვინებად დამდგარი პატივი თან მიჰქონდათ.

საღამოს ბოსელი გაკრიალებული იყო. მაშინ ჰერაკლემ მდინარეები ისევ თავ-თავიანთ კალაპოტებსი დააბრუნა. ასე შეასრულა ერთ დღესი უსაშველო საქმე, თანაც ისე, რომ ნაკელში ხელი არ გაუსვრია და სულაც არ დაუმცირებია თავი ამ სასირცხო საქმით, რაც უკვდავებს არ ეკადრებათ.

როდესაც ავგეამ გაიგო, გმირს ეს საქმე ევრისთევსის დავალებით შეუსრულებიაო, ელდანაკრავმა უარი თქვა გასამრჯელოს მიცემაზე და პირი უშალა. არაფერსაც არ დაგპირებივარო. იმას კი დათანხმდა, რომ საქმე მსაჯულებს განეხილათ. ავგეას აქაც თავისი მოსამართლეების იმედი ჰქონდა.

როდესაც მსაჯულები განსასჯელად დასხდნენ, ჰერაკლემ მოწმედ ფილევსი მოითხოვა. მეფისწულმა მამის წინააღმდეგ მისცა ჩვენება და თამამად განაცხადა, პირობა შეკრული იყო, ჰერაკლეს გასამრჯელო უკლებლივ ეკუთვნისო. ამით განრისხებულმა ავგეამ არც კი დაუცდია განაჩენისთვის, ისე ბრძანა, უცხო გმირიცა და ჩემი შვილიც ჩემი საბრძანებლიდან გამეცალონო.

მეექვსე გმირობა – „სტიმფალიდები“

ჰერაკლე ბედს დამორჩილდა და ისევ თავის მბრძანებელ ევრისთევსთან დაბრუნდა მორიგი გმირობის ჩასადენად. ევრისთევსმა ავგეას ბოსლების გაწმენდა საქმედ არ ჩაუთვალა: გასამრჯელო მოგითხოვიაო. მაგრამ დაუყოვნებლივ კი გაგზავნა სამძიმო საქმისთვის. სტიმფალიდები განდევნეო, დაავალა.

სტიმფალიდები იყვნენ მტაცებელი ფრთოსნები. სიდიდით წეროს უტოლდებოდნენ, რკინის ფრთები ჰქონდათ, რკინისვე ნისკარტი და ბრჭყალები. ასე მძიმედ აღჭურვილები თავიანთ მჭრელ ფრთებს ისრებივით ტყორცნიდნენ, ხოლო ნისკარტებით ამსხვრევდნენ ყველაფერს, ხოცავდნენ ცოცხალ არსებებს და პირში ლუკმას აცლიდნენ მოსახლეობას.

ჰერაკლემ დავალება მიიღო, სახელმწიფო საზღვრებიდან გაერეკა ეს საშინელი ფრინველები, სტიმფალოსის ტბის სანაპიროების აბეზარი მობინადრენი.

გმირმა მოკლე გზით იარა და მიადგა ტბას იმ მხარეს, რომელიც ხშირი ტყით იყო დაჩრდილული. ამ ტყეში უთვალავი სტიმფალიდი ბუდობდა. გუნდებად დაფრინავდნენ იმის შიშით, რომ მგლებს არ დაეგლიჯათ.

ჰერაკლე შედგა და საგონებელში ჩავარდა: რანაირად უნდა გასწორებოდა ამ ურიცხვ მტერს, რა ოსტატობა უნდა ეხმარა? უეცრად რაღაც მსუბუქი ხელი შეეხო მხარზე. მოიხედა და ნახა ათენას ბუმბერაზი მოჩვენება, რომელმაც ორი უზარმაზარი სპილენძის ჟღარუნა მისცა. ეს დაფები საგანგებოდ გამოეჭედა მისთვის ჰეფესტოსს: სტიმფალიდების გასარეკად გამოიყენეო, ანიშნა და ისევ გაქრა.

ჰერაკლე ტბის მახლობლად ერთ გორაკზე ავიდა და ჟღარუნები ერთიმეორეს შემოჰკრა. ფრთოსნებმა ვერ გაუძლეს ამ ხმას და შეშინებულნი გამოფრინდნენ ტყიდან. მაშინ გმირმა მშვილდი მოზიდა, დაიწყო ისრის სროლა და გაფრენილი გუნდიდადნ უთვალავი ფრინველი დახოცა. დანარჩენებმა ის მხარე სამუდამოდ მიატოვეს და აღარასოდეს გამოჩენილან.

მეშვიდე გმირობა – „კრეტას ხარი“

კრეტის მეფემ მინოსმა ზღვის ღმერთს პოსეიდონს აღუთქვა: შენ შმოგწირავ იმას, რაც ზღვიდან პირველი გამოცურავსო. ასეთი აზრი დაებადა იმის გამო, რომ ფიქრობდა, პოსეიდონის საკადრისი საქონელი ჩემს ჯოგში არ მომეპოვებაო.

მაშინ ღმერთის ნებით ზღვიდან მშვენიერი სამსხვერპლო ხარი გამოვიდა. ეს უნდა შეეწირა, ასეთი იყო ღმერთის სურვილი. მაგრამ მეფეს ხარი თვალში მოუვიდა და ისე მოხიბლა მისმა სილამაზემ, რომ გადაწყვიტა თავის ჯოგში დაემალა და მის მაგიერ პოსეიდონისათვის სხვა ხარი შეეწირა.

ამით გაბრაზებულმა პოსეიდონმა თავისი ბრწყინვალე ხარი გააგიჟა და ეს საშინელი პირუტყვი კუნძულ კრეტას რისხვად გადაიქცა. ბორგავდა და ყველაფერს აოხრებდა.

აი, ამ გადარეული ხარის შეპყრობა და მიკენში ჩაყვანა დაავალა ევრისთევსმა ჰერაკლეს და ეს იყო მისი მეშვიდე საგმირო საქმე.

როდესაც კრეტას მეფე მინოსმა ჰერაკლეს განზრახვა გაიგო, ძლიერ გაუხარდა, იქნებ კუნძულის დამღუპველი ველური ხარი მომაშოროსო, და თვითონვე ყოველნაირად დაეხმარა.

ჰერაკლემ ველად გავარდნილი ხარი მონახა, შეება, საშინელი ბუღრაობით წინ გამოჭრილს დახვდა, შეება, რქებში მძლავრი ხელები ჩაავლო და გმირული ღონით სძლია; ისე მოადრეკინა ქედი, რომ მძვინვარე ხარი თან წაიყვანა, მთელი გზა გადაატარა, ზღვითა თუ ხმელეთით, და არ შეჩერებულა, ვიდრე მეფეს არ მიჰგვარა.

ევრისთევსი ამ საგმირო საქმით კმაყოფილი დარჩა, დიდხანს უყურა, ტკბებოდა ხარის სილამაზით, შემდეგ კი ხარი ისევ გაუშვა.

როგორც კი ჰერაკლეს ხელს თავი დააღწია, ხარს სიგიჟე ისევ შეუბრუნდა, გაიჭრა ველად, შეაჯერა მთელი ლაკონია და არკადია, გაიარა ისთმოსის ყელზე, მარათონს ჩავიდა, ატიკაში, და ყველგან ისევე აოხრებდა მიდამოს, როგორც უწინ კუნძულ კრეტაზე. მხოლოდ თეზევსმა შეძლო მისი შეპყრობა და მოთვინიერება.

მერვე გმირობა – „დიომედეს ულაყები“

 
ვინჩენცო დი-როსის მარმარილოს ქანდაკება „ჰერაკლე და დიომედე“

ევრისთევსმა თავის ნათესავს ჰერაკლეს მერვე სამძიმო საქმე დააკისრა: დიომედეს უხედნი ულაყები უნდა ჩამოეყვანა თრაკიიდან მიკენში.

ეს დიომედე იყო ომის ღმერთის არესის შვილი და შეუპოვარი ბისტონების, ძალზე მრისხანე, მეომარი ხალხის მეფე. ისეთი გადარეული ბედაურები ჰყავდა, რომ სპილენძის ბაგაზე რკინის ჯაჭვებით აბამდა. მათი საკვები იყო არა ქერი და ბალახი, არამედ ადამიანების ხორცი. ვაი იმ უცხოელებს, რომელნიც დიომედეს სატახტო ქალაქში მოხვდებოდნენ! მეფე სტაცებდა ხელს და ცხენებს დაუყრიდა წინ, ეს იყო ულაყების საზრდო. ნებიერი რაშები ტყიურებივით შეექცეოდნენ.

როდესაც ჰერაკლე თრაკიაში ჩავიდა, თვითონ მეფე დიომედე შეიპყრო და შეუბრალებლად მიუგდო მის საკუთარ ულაყებს, რომელთაც ნაფლეთებად აქციეს. შემდეგ სპილენძის ბაგის გუშაგებს შეება და სძლია. ეს დარაჯებიც მათმა ბედაურებმა გადასანსლეს.

ასე გაუმაძღარი ცხენები ცოტა მოთვინიერდნენ და ჰერაკლემ ყველანი ზღვის პირას გაიყვანა. მაგრამ სანამ ტრაკიის სანაპიროებს დატოვებდა, ბისტონთა ტომი მოზღვავდა, ჰერაკლე მათ მოუბრუნდა და ბრძოლა გაუმართა. ცხენები კი ჩააბარა თავის საყვარელ მხელებელს აბდეროსს, ჰერმესის შვილს.

ვიდრე ჰერაკლე ბისტონებს ებრძოდა, ცხენებს ისევ მოშივდათ, ადამიანის ხორცი მოენატრათ და თავიანთ დარაჯს ეცნენ. როდესაც ჰერაკლემ დამარცხებული ბისტონები განდევნა და უკან მობრუნდა, მისი საყვარელი მხელებელი უკვე შეჭმული იყო.

ჰერაკლე ძლიერ შეაწუხა მეგობრის დაღუპვამ და მის სახელზე ააშენა ქალაქი, რასაც აბდერა უწოდა. ამ ქალაქს რომ საძირვკელი ჩაუყარა და დაასახლა, მერე დიომედეს ულაყები ისევ მოათვინიერა და მიკენში ჩაიყვანა. ევრისთევსმა რაშები ჰერას უძღვნა. მათი ჯიში დიდხანს არ გადაშენებულა, ლეგენდის თანახმად, ამავე ჯიშისა იყო ალექსანდრე მაკედონელის ცხენი ბუცეფალი

მეცხრე გმირობა – „ამორძალთა დედოფლის სარტყელი“

ხანგრძლივი ხეტიალიდან დაბრუნებული ჰერაკლე ამაძონთა წინააღმდეგ სალაშქროდ გაემგზავრა, რათა ევრისთევსის დავალებით მათი დედოფლის ჰიპოლიტას სარტყელი მიკენში ჩაეტანა. ადვილი არ იყო ამორძალების მამაცი დედოფლისთვის იარაღსაბამი ქამრის შეხსნა.

ამაძონები ერთიანად ქალებისგან შემდგარი ძლიერი მეომარი ხალხი იყო. პონტოში ცხოვრობდნენ, მდინარე თერმოდონის მხარეში. ეს იყო ერთადერთი ქალთა ტომი, რომელიც მამაკაცთა საქმეს აკეთებდა. მათებრ ომში გამობრძმედილნი, ზრდიდნენ მხოლოდ გოგონებს, ვაჟებს კი უკანვე აგზავნიდნენ უცხო მამაკაცებთან, რომელთაც დროგამოშვებით იწვევდნენ ხოლმე მოდგმის გასაგრძელებლად.

შეიარაღებული ამაძონები ხალისით მიემართებოდნენ ომებში და თავგამოდებით იბრძოდნენ. ბრძოლაში რომ ხელი არ შეეშალა, ბავშვობაშივე იწვავდნენ მარცხენა ძუძუს და ალბათ ამისთვისაც ეწოდათ ამაძონი – უძუძო ქალები. მათი დედოფალი ჰიპოლიტა ძალაუფლების ნიშნად ატარებდა ზემოთხსენებულ სარტყელს, რაც თვითონ ომის ღმერთს არესს მიეცა საჩუქრად.

ჰერაკლემ მოხალისე გმირთა გუნდი შეკრიბა, გემით გაემგზავრა და მრავალი თავგადასავლის შემდეგ შეცურა შავ ზღვაში, შევიდა მდინარე თერმოდონის შესართავში და ამაძონთა დედაქალაქ თემისკირასთან გაჩერდა. აქ შემოეგება ამაძონთა დედოფალი ჰიპოლიტა. ჰერაკლეს შთამაგონებელმა გარეგნობამ დედოფალი პატივისცემის გრძნობით აღავსო და როდესაც მოსვლის მიზეზი გაიგო, თავაზიანად დაჰპირდა, სარტყელს მოგცემო.

მაგრამ ჰერამ, ჰერაკლეს დაუძინებელმა მტერმა, ამაძონის სახე მიიღო, სხვა ამაძონებს შორის გაერია და ხმა გაავრცელა, რომ მათი დედოფალი ერთ-ერთმა გადამთიელმა მოიტაცა. ფიცხლავ აისხეს იარაღი ამორძალებმა და დაუყოვნებლივ დაესხნენ თავს ბანაკს, რაც ნახევრად ღმერთს ქალაქის წინ გაეშალა. რიგითი ამაძონები სხვა მეომრებს შეებნენ, წარჩინებულნი კი თვით ჰერაკლეს გარს შემოერტყნენ და მძიმე ბრძოლა გაუმართეს. პირველი, ვინც მას შეება, თავისი სისწრაფის გამო, აელად იყო წოდებული, რაც „ქარის პატარძალს“ ნიშნავს. მაგრამ ჰერაკლე კიდევ უფრო სწრაფი გამოდგა. აელა ქარის უსწრაფესად გაექცა გმირთაგმირს, მაგრამ ჰერაკლე დაეწია და ძირს დასცა. მეორეც პირველსავე იერიშზე დაეცა მკვდარი, ხოლო მესამე, პროთოე, ორთაბრძოლაში შვიდგზის გამარჯვებული, მალე მათს კვალს მიჰყვა. შემდეგ რვა დანარჩენი დაიღუპა, მათ შორის არტემიდას სამი თანამგზავრი. ქალღმერთის მხლებელნი დღემდე ნადირსა თუ მეომარს შუბს არ აცდენდნენ, ახლა კი ააცდინეს და ვერც ფარებმა უშველეს. ჰერაკლემ მოისარი ქალები ზედიზედ ჩამოყარა ცხენებიდან. დაიღუპა ალკიპეც, ამაძონი, რომელმაც ფიცი დადო, სიკვდილამდე ქალწული დავრჩებიო.

ამაძონთა მამაცი წინამძღოლი მელანიპე რომ ჰერაკლემ შეიპყრო, სისხლისმღვრელი ბრძოლაც დასრულდა, ამაძონებმა გმირს ზურგი აჩვენეს და ლტოლვით უშველეს თავს.

გამარჯვებულ ჰერაკლეს ჰიპოლიტამ სიტყვა შეუსრულა და სარტყელი გადასცა. სამაგიეროდ ჰერაკლემ დედოფალს ტყვექმნილი მელანიპე გადასცა.

უკან რომ ბრუნდებოდა, ტროას სანაპიროზე გმირს ახალი ფათერაკი შეხვა. ტროას მეფის ლაომედონტის ასული ჰესიონე კლდეზე იყო მიჯაჭვული და ურჩხულის შესაჭმელად განწირული ელოდა ბედის განჩინებას. მამამისს პოსეიდონმა ტროას ზღუდე-გალავანი აუშენა და გასამრჯელო არ მიუღია. განრისხებულმა პოსეიდონმა ტროას მხარეს ზღვის ურჩხული მოუვლინა და ეს საშინელი გველეშაპი ამ მიდამოებს იმდენ ხანს აოხრებდა, რომ ბოლოს ლაომედონტი იძულებული გახდა, საკუთარი ასული შეეწირა.

როდესაც ამ გზაზე ჰერაკლემ ჩამოიარა, მავედრებელი მამა შეეგება და ასულის გადარჩენა სთხოვა, სამაგიეროდ დაჰპირდა იმ ცხენებს, რომელნიც მამამისისთვის, ილოსისთვის თვითონ ზევსს ეჩუქებინა. რაღა თქმა უნდა, ზევსის ნაჩუქარი მშვენიერი რაშები უბრალო ცხენები არ იქნებოდნენ.

ჰერაკლე ნაპირს მიადგა და ურჩხულს დაუწყო ლოდინი. როგორც კი გველეშაპი გამოჩნდა და ხახა დააღო, რათა მეფის ასული გადაეყლაპა, ჰერაკლე თვალის დახამხამებაში ურჩხულის ხახაში ჩახტა, მუცელში ჩავიდა, შიგნეული მახვილით გაუკეპა და მერე ისე გამოვიდა, როგორც მკვლელთა ბუნაგიდან.

უმადურმა და თავხედმა ლაომეტონდმაც უმუხთლა მაშვრალ გმირს, პირი გაუტეხა, რაშები ტავისთვის დაიტოვა და ჰერაკლე იძულებყლი გახდა, ხელცარიელი გასცლოდა მეფეს, რომელიც მუქარას უთვლიდა.

გამოხდა ხანი და უსამართლობის გამო განრისხებულმა ჰერაკლემ ტროა დალაშქრა, დახოცა ლაომედონტი და მისი ვაჟები. პრიამოსი შეიბრალა, ხოლო ასული ჰესიონე წაიყვანა (პირობის თანახმად) და ტელამონს მიათხოვა. მართალია, ეს უფრო მოგვიანებით მოხდა. რაშები ზევსმა ტროას მეფე ტროსს აჩუქა მოკვდავთა შორის უმშვენიერესი ჭაბუკის განიმედეს ცაში გატაცების სამაგიეროდ.

მეათე გმირობა – „გერიონის ხარები“

როგორც კი გმირმა ჰიპოლიტას საომარი სარტყელი ევრისთევსს ფერხთით დაუდო, უბადრუკმა მეფემ სულის მოთქმაც კი არ დააცალა, ისე დააკისრა მორიგი სამძიმო საქმე: ბუმბერაზ გერიონის ხარები მომგვარეო.

გერიონს ეს მშვენიერი მუქ-წითელი ხარები კუნძულ ერითიაზე ჰყავდა, კადირას (კადიქსის) უბესთან, გაშლილ იალაღებზე ძოვდნენ და ფხიზელ დარაჯებად ადგნენ მეორე ბუმბერაზი ევრიტიონი და ორთავიანი ძაღლი ორთროსი, ექიდნესა და ტიფონის საშინელი ნაშიერი, სფინქსის მამა, კერბერისა და ლერნეს ჰიდრას ძმა. თვითონ გერიონი სამთავიანი და სამტანიანი ბუმბერაზი იყო, ექვსი ხელი ჰქონდა და ექვსი ფეხი. მიწის შვილი ვერ შეებმებოდა ამ ბუმბერაზ მთა-კაცს.

ჰერაკლემ კარგად უწყოდა, რა ღონესა და მომზადებსაც ითხოვდა ეს სამძიმო დავალება. მთელმა ქვეყნიერებამ იცოდა, რომ გერიონის მამა ქრიზაორე მთელი იბერიის (ესპანეთის) მეფე იყო და თავისი ზედწოდება „ოქროს ხმალი“ მიღებული ჰქონდა აურაცხელი სიმდიდრისათვის. რომ მის გარდა ქრიზაორეს ჰყავდა კიდევ სამი მამაცი და ბუმბერაზი ვაჟი, რომელთაც სათითაოდ ურიცხვი ჯარი, უთვალავი მრისხანე მეომარი მორჩილებდა. ამიტომაც დააკისრა ევრისთევსმა ჰერაკლეს ეს საქმე. ასეთ ქვეუანაში ლაშქრობა ნამდვილად სიცოცხლის ფასად დაუჯდება და ამ საძულველ კაცს თავს დავაღწევო.

მაგრამ ჰერაკლე ამ ახალი საფრთხის შესახვედრადაც თამამად გაემართა. თავისი ჯარი შეკრიბა კრეტაზე, იმ კუნძულზე, სადაც მხეცები გაწყვიტა. ამ ჯარის თანხლებით გაეშურა კუნძულ ერითიასკენ და პირველად ლიბიაში გადავიდა. აქ შეება ბუმბერაზ ანტეოსს, რომელიც მარად ახალ ძალას იკრებდა, როგორც კი თავის მშობელ დედამიწას შეეხებოდა. ჰერაკლემ ხერხი იხმარა, ბუმბერაზი მძლავრი მკლავებით აიტაცა და ჰაერშივე გაგუდა. შემდეგ მტაცებელი ნადირებისაგან ლიბიაც გაწმინდა. კეთილ გმირს სძაგდა სისხლის მსმელი მხეცები, ბოროტი მოძალადეები, რომელნიც ამპარტავან და უსამართლო მბრძანებლებს მოაგონებდნენ, ასეთებს ხომ თვითონ გმირთაგმირი ასე დიდხანს ემსახურებოდა!

დიდხანს დაეხეტებოდა უწყლო უდაბნოებში და ბოლოს მოხვდა ერთ ნაყოფიერ, მდინარეებით დასერილ მხარეში. აქ ერთი ქალაქი დააფუძნა, საარაკო სიდიდისა და უწოდა ჰეკატომპილოსი (ასჭიშკრიანი). ბოლოს ატლანტის ოკეანის სანაპიროს მიაღწია, გადირას პირდაპირ, სწორედ აქ აღმართა განთქმული ჰერაკლეს სვეტები (გიბრალტარი ძველი სახელწოდება).

მზე აჭერდა, სუნთქვა ჭირდა. განრისხებულმა ჰერაკლემ მშვილდი მაღლა აღმართა და მზის ღმერთს დაემუქრა, გესვრი და ოლიმპოდან ძირს გადმოგაგდებო. ჰელიოსი გააოცა ჰერაკლეს სითამამემ, მაგრამ რისცხის ნაცვლად წყალობის თვალით გადმოხედა და გზის გასაგრძელებლად ათხოვა თავისი ოქროს ნავი, რითაც თვითონ ჰელიოსი დაღამებიდან გათენებამდე ოკეანეში მიცურავს, დასავლიდან აღმოსავლეთამდე ბრუნდება, რათა დილით მზიური ეტლით ისევ ცის ტატნობზე ამოვიდეს. ამ ნავში ჩაჯდა ჰერაკლე და თავისი გემების თანხლებით იბერიამდე გაცურა. აქ მონახა გერიონის სამი ვაჟი თავ-თავიანთ ჯარებიანად. ახლო-ახლოს იდგნენ ბანაკად ბუმბერაზი ძმები. ჰერაკლემ ორთაბრძოლაში მოკლა სავიმე ძმა და დაიპყრო მათი ქვეყანა. შემდეგ კუნძულ ერითიას მიაშურა. იქ პარპაშებდა გერიონი, იქ აძოვებდა თავის ჯოგებს.

როგორც კი ორთავიანმა ქოფაკმა ორთროსმა ჰერაკლეს ჩამოსვლა იყნოსა, მაშინვე ყეფით მივარდა. მაგრამ ჰერაკლე კომბლით გაუმასპინძლდა, ჯერ ეს საშინელი ძაღლი მოკლა და მერე ბუმბერაზი მწყემსი, რომელიც ძაღლის მისაშველიებლად მოვარდა. შემდეგ საქონელი გამოირეკა და წამოვიდა.

მაგრამ გერიონი დაუყოვნებლივ დაედევნა, დაეწია და საშინელი ბრძოლა გაუმართა. თვითონ ჰერა გამოჩნდა და ბუმბერაზს მიეშველა, მაგრამ ჰერაკლემ შეუბრალებლად სტყორცნა ისარი, მკერდში სამმაგსხეულიანი ბუმბერაზიც ისრით განგმირული დაეცა სამივე ტანით, რომელნიც მუცელთან ერთდებოდნენ. შემდეგ საქონელი გამოირეკა და საბერძნეთისკენ გასწია.

სახელოვანი საგმირო საქმეებით დააგვირგვინა თავისი მორიგი ლაშქრობა დიდმა ჰერაკლემ, შორეული გზით რომ შინ ბრუნდებოდა იბერიისა და იტალიის გავლით.

რეგიუმთან ერთ-ერთი ხარი გაექცა, სრუტე გადაცურა და სიცილიაში ჩავიდა. დაუყოვნებლივ ჩარეკა ჰერაკლემ ზღვის სრუტეში დანარჩენი ხარებიც, თვითონაც შეჰყვა, ერთ-ერთ ძლიერ ხარს ხელები რქებში ჩაავლო და ასე გადავიდა სიცილიაში.

სხვაც მრავალი ხიფათი შეხვდა თავის გრძელი გზაზე. ჰელიოსის ოქროს ნავით რომ ლიგურიის სანაპიროებს მიადგა, შეუპოვარი ლიგურიელები მოულოდნელად დაესხნენ თავს და ხარების წართმევა მოუნდომეს. ჰერაკლე და მისი თანამოლაშქრეები თავგანწირვით ეკვეთნენ უსამართლოდ აღზრულ მტერს და საშინელი, საბედისწერო ბრძოლა გაიმართა. ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი მისი ბედი, რომ ზევსმა ლიგურიელებს ქვის წვიმა მოუვლინა და მთელი მოიერიშე ჯარი გაჟლიტა.

ბოლოს ყველა ხიფათი უკან დარჩა, ჰერაკლემ გაიარა იტალია, ილირია, თრაკია, საბერძნეთში დაბრუნდა და ისთმოსის ყელზე გავლით მიკენში ჩავიდა.

მეთერთმეტე გმირობა – „ჰესპერიდების ვაშლები“

ამრიგად, ჰერაკლემ აღასრულა ბედის განჩინებით დაკისრებული ათი მძიმე სამუშაო. მაგრამ რაკი ევრისთევსმა ორი არ ჩაუთვალა, იძულებული გახდა ისევ გარჯილიყო და ორი საგმირო საქმეც დაერთო.

ერთხელ, როდესაც ზევსისა და ჰერას ღვთაებრივ ქორწილში ყველა ღმერთი ცდილობდა თვით ღმერთებზე ამაღლებული წყვილისთვის მათი ღირსების საკადრისი საჩუქარი მიეძღვნა, არც გეას – დედამიწას სურდა სხვებს ჩამორჩენოდა. შორეულ დასავლეთში, მსოფლიო ოკეანის განაპირას, თავისი წიაღიდან წამოზარდა ხშირტოტებიანი დიდი ვაშლის ხე, ერთიანად ოქროს ვაშლებით დახუნძლული. ბაღს იცავდა ოთხი ქალწული, ჰესპერიდებად წოდებული, ღამის ასულნი. ჰესპერიდების გარდა ბაღს დარაჯობდა ასთავიანი ურჩხული ლადონი, ფორკისის ნაშიერი. ეს ფორკისი იყო აგრეთვე გრაიების, გორგონების და სხვა ურჩხულთა სახელგანთქმული მამა, მიწის ასულ კეტოს ძმა და მეუღლე. სწორედ კეტოსგან ეყოლა ასთავიანი ლადონი.

ძილი არასოდეს ეკარებოდა ლადონის მარად ფხიზელ თვალებს და ერთთავად მომგვრელი სისინ-შხივილი ისმოდა მის სიახლოვეს. საოცარი ის იყო, რომ ასივე ყელიდან სულ სხვადასხვანაირი ხმა ამოდიოდა და ეს ქვეწარმავლური მრავალხმიანობა უერთდებოდა ხმატკბილი ჰესპერიდების გალობას.

აი, ამ ურჩხულისათვის უნდა გამოეტაცა ჰერაკლეს ჰესპერიდების ოქროს ვაშლები, ასეთი იყო ევრისთევსის მორიგი დავალება.

ნახევრად ღმერთი ალალბედზე გაუდგა შორეულსა და უცნობ გზას, რადგან არ იცოდა, სად ბინადრობდნენ ჰესპერიდები. მძიმე და ხიფათით სავსე იყო ეს გზა.

ჰერაკლე პირველად თესალიაში მოხვდა, სადაც ბუმბერაზი ტერმეროსი მძვინვარებდა. ყოველ უცხოელს, ვისაც კი თვალს მოჰკრავდა, კლდესავით მაგარი თავის ქალით დაეტაკებოდა და სიცოცხლეს უსპობდა. ჰერაკლეც თავის დარტყმით შეება ბუმბერაზს. ტერმეროსის თავმა ვერ გაუძლი გმირის ღვთაებრივი თავის დარტყმას და ნამსხვრევებად იქცა.

შემდეგ, მდინარე ექედოროსის პირას, ჰერაკლეს შეხვდა არესისა და პირენეს უზარმაზარი ნაშიერი, ბუმბერაზი კიკნოსი, რომელმაც საჭიდაოდ გამოიწვია. ჰერაკლე თავაზიანად ეკითხებოდა ჰესპერიდების ბაღის გზას, ის კერპობდა: დამეჭიდეო. ბოლოს ჰერაკლე მოთმინებიდან გამოვიდა, მძლავრ მკლავებში მოიმწყვდია, მოგუდა და დედამიწაზე დაანარცხა.

მოულოდნელად გამოჩნდა თვით ომის ღმერთი არესი, შვილის სიკვდილით გაავებული, და შურისძიების განზრახვით ჰერაკლეს შეება. ნახევრად ღმერთი იძულებული გახდა ბრძოლა მიეღო. მაგრამ ზევსმა არ ინება, რომ მის შვილებს ძმათა სისხლი დაეღვარათ, დაუყოვნებლივ ელვის ისარი ისროლა მებრძოლთა შორის და დააზავა.

ჰერაკლემ გზა განაგრძო, ილირიის ქვეყანა გაიარა, მდინარე ერიდანოსის გავლა ჩქარობდა და აქ შეხვდა ნიმფებსმ ზევსისა და თემიდას ასულებს, რომელნიც ამ მდინარის ტალღებში ცხოვრობდნენ. ჰერაკლემ ამ ნიმფებსაც ჰკითხა ჰესპერიდების ბაღის გზა.

– მიმართე მდინარის მოხუც ღმერთს ნერევსს, – იყო პასუხი, – ისაა გულთმისანი და ყველა საიდუმლოების მცოდნე. მძინარე მიეპარე, შებოჭე და აიძულე, გზა მიგასწავლოს.

ჰერაკლე ასედაც მოიქცა. დაჭერით კი დაიჭირა, შებოჭა კიდეც, მაგრამ მდინარის ღმერთი თავისი ძველი ჩვეულებისამებრ ატასნაირ სახეს იღებდა, რომ მისი მკლავებისათვის თავი დაეღწია. ბოლოს, როდესაც ვერაფერს გახდა, დაცხრა და გმირს ასწავლა, ქვეყნიერების რომელ მხარეშიც იყო ჰესპერიდების ბაღი. ჰერაკლემ უკვე თამამად გაიარა ლიბია და ეგვიპტეში ჩავიდა. აქ ბატონობდა ბუზირისი, პოსეიდონისა და ლიზიანასას შვილი. ცხრა წლის განუწყვეტელი შიმშილობის შემდეგ ამ უნაყოფო ქვეყნის მბრძანებელს თურმე ორაკულმა საშინელი რამ უმისნა: გვალვა და შიმშილი შეწყდება, ზღვას თუ ყოველწლირად ერთ რომელიმე უცხოელს მსხვერპლად შესწირავთო. ამის შემდეგ ბუზირისი არც ერთ უცხოელს არ ინდობდა, მისი ბრძანებით ადამიენბს ბოჭავდნენ და მსხვერპლად სწირავდნენ ზევსს. პირველად კი თვითონ მისანი შესწირა ოლიმპოს მბრძანებელს. ამის შემდეგ ყოველთვის პოულობდა ბარბაროსი თითო მსხვერპლს და შეუბრალებლად ღადრავდა ყელს ყველას, ვინც ფეხს ეგვიპტის მიწა-წყალზე შემოადგამდა.

ასევე შეიპყრეს ჩვეულებისამებრ ზევსის ძე ჰერაკლეც და ზევსის საკურთხეველზე მიიყვანეს. როდესაც მორჩილმა ჰერაკლემ ნახა, რომ არ ხუმრობდნენ, თვალის დახამხამებაში დაწყვიტა ბორკილები, დაერია მეფესა და მის სახლეულს, უმოწყალოდ მოკლა მეფე, მისი შვილი, დახოცა კარისკაცები და შიკრიკი. შემდეგ გზა განაგრძო, ბევრი იხეტიალა, ბევრი ხიფათი ნახა. როგორც ადრე ვთქვით, ამ ხეტიალის დროს გაათავისუფლა კავკასიონის კლდეზე მიჯაჭვული ტიტანი პრომეთე, რომელმაც დაწვრილებით აუხსნა, როგორ მისულიყო ქვეყნიერების კიდესთან, სადაც ატლასს ცის თაღი ზურგზე ედგა, მერე მის მახლობლად როგორ ენახა ის ბაღი, სადაც ასთავიანი ურჩხული ჰესპერიდების ოქროს ვაშლებს იცავდა.

წინასწარმეტყველმა პრომეთემ ურჩია, ოქროს ვაშლების მოსაპოვებლად თვითონ ნუ მიხვალ, ტიტანი ატლასი გაუშვიო. მისი რჩევით ჰერაკლემ ატლასს სთხოვა, ამ დავალების აღსრულებამდე ცის თაღი მე დამადგიო მხრებზე.

ატლასმა თხოვნა პირნათლად შეასრულა, ბაღთან მივიდა, გველეშაპი ჩააძინა, მოკლა, ჰესპერიდები მოატყუა, სამი ვაშლი მოწყვიტა და ჰერაკლეს მოუტანა.

– მაგრამ ჩემმა მხრებმა უკვე იგემეს თავისუფლება, – უთხრა გმირს, – უკვე ვიგრძენი, რა კარგი ყოფილა, ზურგზე რომ სპილენძის მძიმე ცის თაღი არ გადგას, ამიტომ კვლავ ვეღარ შევიდგამ. – ამ სიტყვებზე მის ფერხთით ოქროს ვაშლები მოლზე დაყარა და ნახევრად ღმერთს დაუტოვა პატივი, რომ შეუჩვეველი, უსაშველო ტვირთი ეტვირთა.

ჰერაკლე ფიქრობდა, რა ოინი მოვიგონო, რომ ტვირთი ჩამოვიხსნაო.

– კეთილი, – მიუგო ცის შემკავებელს, – ოღონდ მაცალე, თავი კარგად შევიკრა, რომ საშინელმა სიმძიმემ თავის ქალა არ გამიხეთქოს. მხრებზეც ლომის ტყავს მოვიხვევ. – ცხადია, ეს იყო საჭირო ცბიერება.

ატლასს ეს მცირე თხოვნა სამართლიანი ეჩვენა და, მისი აზრით, ერთი წუთით თაღი ისევ მხრებზე შეიდგა. მაგრამ დიდხანს მოუხდა ლოდინი, ვიდრე ჰერაკლე აუტანელ ტვირთს კვლავ შეენაცვლებოდა, და მატყუარა თვითონ აღმოჩნდა მოტყუებული. ზევსის შვილმა ოქროს ვაშლები უმალ აკრიფა, ვიდრე ატლასი მათ დედამიწაზე დაითვლიდა და მაშინვე იქაურობას გაერიდა.

ევრისთევსის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ჰესპერიდების ბაღში მოწყვეტილი ოქროს ვაშლები დაინახა. ვერ იქნა, ჰერაკლე გზიდან ვერ ჩამოიშორა! და მეფემ ეს ვაშლები ისევ მას აჩუქა. მან კიდევ თავის მფარველ ათენას საკურთხეველზე დადო. ათენამ კი ზევსის ნებით ვაშლები ისევ ჰესპერიდების ბაღში დააბრუნა, რადგან წმინდა განგებისაგან იცოდა, რომ ეს ვაშლები სხვაგან არ უნდა ინახებოდეს.

იმის ნაცვლად, რომ საძულველი მეტოქე მოესპო, ევრისთევსმა თავისი დავალებებით მხოლოდ აამაღლა და სამუდამოდ უკვდავყო ჰერაკლეს სახელი. ასეთი იყო ბედის განჩინება: ამ საქმეებმა განადიდეს ჰერაკლე, როგორც ყოველი ბოროტებისა და უკაცურობის რისხვა, ადამიანობის ქომაგი და უდიდესი კეთილისმყოფელი, როგორიც კაცთა მოდგმას ოდესმე უხილავს.

მეთორმეტე გმირობა – „კერბერი“

ევრისთევსის ვარაუდით, უკანასკნელი საგმირო საქმე ჰერაკლეს იქ უნდა ჩაედინა, სადაც ადამიანური ძლიერება და სულისკვეთება ვერ გამოადგებოდა. ამჯერად ქვესკნელის ბნელ ძალებთან შეტაკება ელოდა. აჩრდილთა სამეფოს დარაჯი ძაღლი კერბერი უნდა ამოეყვანა ზესკნელში.

ტიფონისა და ექიდნეს ნაშობი საზარელი ურჩხული, სპილენძისხმიანი სისხლისმსმელი ძაღლი კერბერი ქვესკნელის ალაყაფის კართან ება, სულთა სამყაროს გუშაგობდა, სამი ძაღლის თავი ჰქონდა, ზოგი გადმოცემით კი ორმოცდაათი და ასიც. გაშმაგებით ყეფდა და ხახიდან შხამიანი დუჟი გადმოსდიოდა განუწყვეტლივ. გველეშაპის კუდი ეკიდა საშინელ ტანზე, თავსა და მკერდს ბალნად ესხა მოსისინე გველები, რომელნიც ტანზე ერთიმეორეს ეგრიხებოდნენ.

ეს მძიმე და გაუგონარი მოგზაურობა გამორჩეულ სიფრთხილესა და მომზადებას საჭიროებდა. ჰერაკლე ატიკის მხარეში წავიდა, ქალაქ ელევსინში, სადაც ზესკნელისა და ქვესკნელის საიდუმლო ღვთაებრივ ამბებს მენცარი ქურუმები სწვდებოდნენ და განაგებდნენ. ჰერაკლე აქ ეზიარა ჰადესის საიდუმლოებებს ქურუმ ევმოლპოსის შემწეობით, შემდეგ კი წმინდა ადგილებში განიწმინდა იმ ცოდვისაგან, რაც კენტავრების დახოცვით აიკიდა.

შავეთის საშინელებათა ხილვის წინ ასე საგანგებოდ საიდუმლო ძალით აღჭურვილი ჰერაკლე პელოპონესში წავიდა, ლაკონიის ქალაქ ტენაროსში, სადაც საიქიოს ჩასასვლელი იწყებოდა. აქედან ჩაჰყვა ქვესკნელის ხვრელის საფეხურებს, სადაც მიუძღვებოდა სულთა მეგზური ჰერმესი, და ბოლოს შავეთში აღმოჩნდა, პლუტონის სასახლის წინ.

ეს იყო კაეშნის სამეუფო, სადაც უცხო კაცი დაინახეს, შიშით დაფეთებულნი გაიქცნენ. ჰერაკლემ ხელი მახვილზე იტაცა, მედუზა უნდა მოვკლაო, მაგრამ ჰერმესმა ხელი სტაცა, აქ მხოლოდ მიცვალებულთა სულები არიან და უხორცო მოჩვენებებს ხმარი არ გაჭრისო. მედუზა ხომ პერსევსმა უკვე მოკლა და მეორედ რაღას ავნებდა! სამაგიეროდ მელეაგრეს მეგობრულად გაუწოდა ხელი, დაელაპარაკა, და ჭაბუკმა გმირმაც ნახევრად ღმერთს სთხოვა, სალამი გადაეციო იმ ქვეყანაში ჩემს ერთგულ დას დეიანირას. თან სეევედრა, ცოლად შეირთე და უპატრონეო.

ჰადესის ჭიშკრებს რომ მიადგა, თავისი მეგობრები თეზევსი და პეირითოოსი ნახა. პეირითოოსი ცნობილი გმირი იყო, თეზევსის მეგობარი. ოდესღაც მის ქორწილში პატარძალი ჰიპოდამია კენტავრებმა მოსტაცეს, რასაც მოჰყვა კენტავრებისა და ლაპითების ომი. გავიდა ხანი და პეირითოოსმა ქვესკნელის დედოფლის, ქალღმერთ პერსეფონეს გატაცება მოინდომა. ამ მიზნით იახლა თეზევსი და აჩრდილთა სამეფოში ჩავიდა.

განრისხებულმა პლუტონმა, პერსეფონეს ქმარმა, კადნიერი გმირები შეიპყრო და იმ უზარმაზარ ლოდზე მიაჯაჭვა, რომელზედაც დაღლილი სულები სხდებოდნენ.

როდესაც მეგობრებმა ნახევრად ღმერთი იხილეს, ვედრებით გაუწოდეს ხელები და აცახცახდნენ იმ იმედით, რომ ღმერთთა სწორი გმირის ძალის წყალობით ისევ ნახავდნენ მზის სამეფოს.

ჰერაკლემ მართლაც ჩასჭიდა თეზევსს მძლავრი ხელი, გაათავისუფლა ბორკილებისაგან და წამოაყენა მიწაზე მიჯაჭვული გმირი. მისი ასეთივე ცდა, რომ პეირითოოსიც დაეხსნა, მარცხით დასრულდა, რადგან ფეხქვეშ მიწა იძრა.

ჰერაკლემ გზა განაგრძო და ასკალაფოსი ნახა. ეს იყო ქვესკნელის ღვთაების სტიქსის შვილი, რომელმაც გაამხილა, პერსეფონემ საიქიოდან დაბრუნებისას ქორწინების ნიშანი ბროწეული შეჭამაო. პერსეფონე, დიდ ქალღმერთ დემეტრას ასული, ჰადესმა გაიტაცა, დემეტრა მის ძებნას მოუნდა, დედამიწა უმისოდ გაუდაბურდა. ბოლოს ზევსმა ისმინა დედის ვედრება, თავის ძმას ჰადესსა სთხოვა, პერსეფონე დედამიწაზე დააბრუნეო. ჰადესი ზევსს დაემორჩილა, მაგრამ მეუღლეს წინასწარ ცოლქმრული ერთგულების ნიშანი – ბროწეული აჭამა. ეს ამბავი სტიქსის ძემ ასკალაფოსმა დაამოწმა და სასოწარკვეთილმა დემეტრამ ასკალაფოსს ლოდი დააფარა. ჰერაკლემ ლოდი გადააგორა და გმირი გაათავისუფლა.

მერე ჰერაკლე პლუტონის ჯოგებს წააწყდა და განიზრახა მსხვერპლის შეწირვა, რათა საქონლის სისხლით სულებისათვის წყურვილი მოეკლა. ამ განზრახვას სასტიკად აღუდგა წინ მწყემსი მენეტიოსი, ხელჩართულ ბრძოლაში გამოიწვია. ჰერაკლე მიეჭრა, წელზე ხელები შემოხვია, მოუჭირა, ხერხემალი გადაუტეხა და სულსაც გააცხებინებდა, რომ დედოფალი პერსეფონე არ გამოსარჩლებოდა. ქალღმერთის თხოვნით, ჰერაკლემ მენეტიოსი ცოცხალი გაუშვა.

ქვესკნელის ჭიშკართან მეფე პლუტონი იდგა და შესასვლელს იცავდა. შავეთის ღმერთი სასტიკად აღუდგა წინ კერბერის წაყვანას. განრისხებულმა ჰერაკლემ მშვილდი მოზიდა, მძლავრად სტყორცნა ისარი და ღმერთი მხარში დაჭრა. პლუტონმა პირველად იგრძნო მოკვდავთა ტანჯვა და რაკი ნახევრად ღმერთიც დაჟინებით ითხოვდა ჯოჯოხეთის ძაღლის წაყვანას, წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. ოღონდ ერთი პირობა მოსთხოვა: ისე წაიყვანე, იარაღი არ იხმარო და მკლავების ღონით შებოჭეო.

ამრიგად, გმირი ხელცარიელი წავიდა ურჩხულის შესაბოჭავად, მხოლოდ სამკერდე ჯავშანი ეცვა და ლომის ტყავი ემოსა.

მდინარე აქერონტის ნაპირზე ნახა საშინელი ძაღლი, მაშინვე შეება. ყურადღება არ მიაქცია გამაყრუებელ ყეფას, რაც ნახმევით ორმაგად გაძლიერებულ ქუხილსა ჰგავდა, სამივე თავი ფეხებს შორის მოაქცია, ხელები კისერზე შემოაჭდო და არ გაუშვა, თუმცა ძაღლის კუდი ცოცხალი გველი იყო, დაიგრიხა, აიწვართა და ასე კბენდა გმირს. ჰერაკლემ ფეხი დააჭირა მხეცს, ხელებით კი აწვებოდა, ბოჭავდა და კრავდა, ვიდრე უძლეველს არ სძლია და გაბაწრული არ დააგდო. შეისვენა წამოიკიდა და ჰადესის მეორე ხვრელიდან ამოვიდა არგოლიდის ქვეყანაში, ტროიძენთან.

როგორც კი ჯოჯოხეთის ძაღლმა მზის სინათლე იხილა, გაბოროტდა და დაიწყო პირიდან შხამიანი დორბლის ნთხევა. მალე მიწიდან მოშხამული რკინის სოკო ამოიზარდა. ჰერაკლემ მაშინვე ჩაავლო ხელი გათოკილ ურჩხულს, ტირინთოში ჩაიტანა და განცვიფრებულ ევრისთევსს გაუწოდა. მეფე საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. საბოლოოდ დარწმუნდა, რომ თავის საძულველ ჰერაკლეს თავს ვერ დააღწევდა, ზევსის შვილი გაუშვა, თავი ანება და იმანაც ჯოჯოხეთის ძაღლი უკანვე დააბრუნა ქვესკნელში.

კულტი

ჰერაკლეს კულტი გავრცელებული იყო როგორც საბერძნეთში, ასევე რომში. ჰერაკლე ითვლებოდა პალესტრების და გიმნაზიების მფარველად. სიკიონში გმირის პატივსაცემად იმართებოდა დღესასწაულები – ჰერაკლიები. მსგავსი დღესასწაულები აგრეთვე იმართებოდა თებეში, კოსოსზე და მენდოსზე. ჰერაკლეს წმინდა მცენარედ ითვლებოდა ოქროსფერი ალვის ხე, ზეთის ხილი და სურო. მასვე სწირავდნენ ცხელ სამკურნალო წყლებს.

როგორც ჩანს, ჰერაკლე თავდაპირველად დორიელთა გმირი იყო. როდესაც დორიელებმა პელოპონესი დაიპყრეს, იგი არგოსელი პერსევსის შთამომავლად გამოაცხადეს, რათა ომით მოპოვებული ქვეყანა თავიანთ კანონიერ სამფლობელოდ ჩაეთვალათ.

იტალიაში ჰერაკლეს კულტი ბერძენმა კოლონიზატორებმა შეიტანეს და ჰერკულესი უწოდეს. აგრეთვე გმირს მიაწერეს ახალი გმირობები, რომლებიც მან თითქოს იტალიაში ჩაიდინა. ჰერაკლემ აკრძალა ადამიანების მსხვერპლად შეწირვის საბინიური ჩვეულება. გაავრცელა ცეცხლთაყვანისმცემლობა. მრავალი რომაული პატრიციელთა გვარი ჰერაკლეს თავის წინაპრად მიიჩნევდა. ჰერაკლე შემდეგ მუზათა წინამძღოლადაც აღიარეს. ხელოვნებაში ჰერაკლე უმეტესად გამოისახებოდა ბავშვად, რომელიც ახრჩობდა ჰერას მიერ მიგზავნილ გველებს. გამოისახებოდა აგრეთვე ძლიერ მამაკაცად ლირათი ხელში, რომელიც ისვენებს მძიმე თავგადასავლების შემდეგ. მითები ჰერაკლეს შესახებ გამოიყენეს სოფოკლემ, ევრიპიდემ და სხვებმა.

ლიტერატურა

  • გუსტავ შვაბი, „ოქროს საწმისი“, გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1979

რესურსები ინტერნეტში

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: