სოფოკლე (ბერძ. Σοφοκλης; დ. ძვ. წ. 497/ძვ. წ. 496, კოლონოსი ― გ. ძვ. წ. 406, ათენი) — ძველი ბერძენი დრამატურგი.

სოფოკლე
ძვ. ბერძნ. Σοφοκλῆς
დაბადების თარიღი ძვ. წ. 496[1]
დაბადების ადგილი Colonus[2] [3] [3]
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. 406[1]
გარდაცვალების ადგილი Atene[3]
საქმიანობა ტრაგედიების ავტორი, დრამატურგი[4] [5] [6] და მწერალი[5] [7] [6]
ენა ძველი ბერძნული ენა
მოქალაქეობა ძველი ათენი[8] [8] [8]
ჟანრი ძველბერძნული ტრაგედია
Magnum opus ოიდიპოს მეფე, Oedipus at Colonus, Antigone, Philoctetes, Ajax, Electra, Trachiniae და Ichneutae
შვილ(ებ)ი Iophon[9] [10] და Ariston

ბიოგრაფია რედაქტირება

წარმოშობით შეძლებული ფენიდან იყო. მიიღო გიმნასტური და მუსიკალური განათლება. დრამატურგიაში გაიწაფა ესქილეს ხელმძღვანელობით. ძვ. წ. 480 სალამინის გამარჯვების ზეიმზე 16 წლის ჭაბუკი მეთაურობდა ყრმათა გუნდს. მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. დაახლოებული იყო ათენის სახელმწიფო თავკაცთან - ჰერიკლესთან. ძვ. წ. 443 ეჭირა ატიკის საზღვაო კავშირის ხაზინადრის თანამდებობა, ძვ. წ. 441 იყო სტრატეგოსი. ძვ. წ. 420 აირჩიეს ასკლეპიოსის კულტუს ქურუმთავრად. სიკვდილის შემდეგ წმინდა ადგილის „გმირად“ შერაცხეს და თაყვანს სცემდნენ როგორც ღვთაებას.

შემოქმედება რედაქტირება

სოფოკლეს შემოქმედება ბერძნული ტრაგედიის განვითარების ახალი საფეხურია. დრამატურგიაში მან შეიტანა რამდენიმე არსებითი სახის სიახლე: ადრინდელი 2 მსახიობის ნაცვლად გამოიყენა 3 და ამით გაზარდა მოქმედების როლი. გუნდის წევრთა რიცხვი 12-იდან 51-მდე აიყვანა და შეასუსტა მისი შინაარსობრივი მხარე. უარყო ტრაგიკულ აგონში (შეჯიბრებაში) ტეტრალოგიებით (ტრაგიკული ტრილოგიითა და 1 სატირული დრამით) მონაწილეობის ტრადიცია და დააწესა ცალკეულ ტრაგედიათა სიუჟეტური დამოუკიდებლობა. გაამარტივა ტრაგედიის ენა.

სოფოკლეს შეუთხზავს 123 დრამა, მონაწილეობა მიუღია ტრაგიკოს პოეტთა 30 აგონში და მოუპოვებია 24 პირველი ჯილდო. პირველი გამარჯვებისათვის ძვ. წ. 468 მიუღწევია ესქილესთან შეჯიბრებაში. სოფოკლეს მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან ჩვენამდე მოაღწია შვიდმა ტრაგედიამ: „აიანტი“, „ანტიგონე“ (ძვ. 441), „ტრაქისელი ქალები“, „ოიდიპოს მეფე“ (დაახლოებით ძვ. წ. 425), „ელექტრა“, „ფილოქტეტე“ (ძვ. წ. 409), “ოიდიპოსი კოლონოსში“ (დაიდგა ძვ. წ. 401). დანარჩენი თხზულებებიდან გადარჩენილია ფრაგმენტები და სათაურები. გარდა ამისა, ეგვიპტის პაპირუსებში აღმოჩნდა მოზრდილი ნაწყვეტები 2 სატირული დრამისა („კვალის მაძიებელი“, „ინაქე“) და ერთი ტრაგედიისა („ევრიპიდე“).

ტრაგედიათა სიუჟეტები აღებულია მითებიდან. მითი სოფოკლეს ტრაგედიების გარეგნული სამოსელია, რომელშიც პოეტი თანადროულ შინაარსს დებდა. მას თავისი სოციალურ-პოლიტიკური იდეალებით ზომიერი დემოკრატიული პოზიცია ეკავა. ათენის სახელმწიფოს ძლევამოსილების დროს სოფოკლე სავსებით იზიარებდა პერიკლეს მიმართულებას და თეატრის სცენიდან მაშინდელი საზოგადოების მოწინავე იდეებს ქადაგებდა.

ეპოქის ცენტრალური პრობლემა იყო ადამიანი, მისი დამოკიდებულება რელიგიას, სახელმწიფოსა და მოქალაქეთა კოლექტივისადმი. ხელოვნება და ლიტერატურის მთავარი მიზანია შექმნას იდეალური სახე სრულყოფილი ადამიანის მოქალაქისა, რომელშიც ჰარმონიულადაა შეხამებული ზნეობრივ-სულიერი სიწმინდე და სათნოება, სიდიადე და სილამაზე, ხასიათის სიმტკიცე და უბრალოება. ამ კომპონენტთა ერთიანობით იქმნება კალოკაგათია - იმდროინდელი ფილოსოფიისა და მწერლობის უმქღლესი იდეალი. სოფოკლე თავისი შემოქმედებით ამ იდეალს ემსახურებოდა. მისი ტრაგედიების მთავარი გმირი არის კალოკაგათიის განსახიერება - სრულყოფილი, მტკიცე ხასიათის, უკომპრომისო პიროვნება.

სოფოკლემ შექმნა „ხასიათის ტრაგედია“, რომლის გმირები ისწრაფვიან სრულყოფისაკენ („აიანტი“, „ფილოქტეტე“, „ელექტრა“). სიყვარულის ტრაგედიის გმირია ნაზი და სათნო დეიანირა („ტრაქინელი ქალები“). სოფოკლეს იდეები ყველაზე მკვეთრად გამოიხატა ტრაგედიებში „ანტიგონე“ და „ოიდიპოს მეფე“. „ანტიგონე“ კომპოზიციის თვალსაზრისით მიჩნეულია სანიმუშო ტრაგედიად, მასში დასმულია ავტორის თანამედროვეობის აქტუალური საკითხი - ძველი ტრადიციული რელიგიის მორალისა და ახალი მორალის ურთიერთდაპირისპირება. „ოიდიპოს მეფე“ გამოცნობის ტრაგედიაა. მასში ყურადღება კონცენტრირებულია მთავარი გმირის - თებეს მეფის ოიდოპოსის ხასიათის წარმოჩენაზე. აქ სოფოკლემ ბედისწერის გარდუვალობას დაუპირისპირა ფიზიკურად დაძლეული, მაგრამ სულიერად ამაღლებული და გაუტეხელი პიროვნება.

მემკვიდრეობა რედაქტირება

სოფოკლემ მსოფლიო პოეზიაში დაიმკვიდრა მონუმენტურ სახეთა უბადლო შემქმნელისა და დრამატურგიული კომპოზიციის უდიდესი ოსტატის სახელი. მისი ტრაგედიების სიუჟეტი მრავალი მწერლის შთაგონების წყაროდ იქცა (კორნელი, რასინი, ვოლტერი, ჰ. ჰოფმანსთალი, ჟ. კოქტო, ჟ. ჟიროდუ, ჟ. ანუი, ბ. ბრეხტი).

ქართული თარგმანები რედაქტირება

საქართველოში ადრევე დაინტერესდნენ სოფოკლეს დრამატურგიით. ქართული დრამის თეატრმა 1912 დადგა „ანტიგონე“, 1913 - „ოიდიპოს მეფე“. „ოიდიპოს მეფე“ - დადგა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურმა თეტრმა (1956, რეჟისორი დ. ალექსიძე), მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა (1978, რეჟისორი გ. ლორთქიფანიძე, თ. მესხი) და ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის თეატრმა. სოფოკლეს „თებეს ციკლის“ („ოიდიპოს მეფე“, „ოიდიპოსი კოლონოსში“ და „ანტიგონე“) ძველბერძნული ორიგინალიდან შესრულებული თარგმანები ეკუთვნის ქართველ პოეტსა და მთარგმნელს გია ხომერიკს: იხ. სოფოკლე, „თებეს ტრაგედიები“. თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1988.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ურუშაძე ნ., სოფოკლე ქართულ სცენაზე, თბ., 1961;
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Czech National Authority Database
  2. L. C. Sophocles // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 25. — P. 424–429.
  3. 3.0 3.1 3.2 Archivio Storico Ricordi — 1808.
  4. BeWeB
  5. 5.0 5.1 The Fine Art Archive — 2003.
  6. 6.0 6.1 Catalog of the German National Library
  7. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  8. 8.0 8.1 8.2 Biblioteca Virtual Miguel de Cervantes — 1999.
  9. Любкер Ф. Iophon // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 665.
  10. Любкер Ф. Sophocles // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 1301–1303.