მთავარი მენიუს გახსნა
ურანოსის კასტრირება კრონოსის (სატურნი) მიერ: ჯორჯო ვაზარის და ქრისტოფანო ჯერარდის ფრესკა, 1560 წელი (კოზიმო I მედიჩის დარბაზი, პალაცო ვეკიო, ფლორენცია).

ურანოსი (ბერძ. Οὐρανός) — ცის განმასახიერებელი უძველესი და უზენაესი ღვთაება. ზოგიერთი მითის თანახმად, ურანოსი გეამ შვა, ზოგის მიხედვით კი იგი მისი მეუღლეა. გეამ იგი ეროსის მეშვეობით გააჩინა. ურანოსთან ერთად სამყაროში პირველი მამრობითი ელემენტი შემოვიდა. ორივენი უძველეს ღმერთებს განეკუთვნებიან. თავად ურანოსი კი სამყაროს პირველი გამგებელი იყო. მან გეასთან ერთად შვა: ტიტანები, ჰეკატონქეიროსები, მთები, ზღვები, ციკლოპები, ნიმფები და ასხელიანები. მითებში ურანოსის შვილთა რიცხვი თორმეტიდან ორმოცდახუთამდე აღწევს. ურანოსი იყო ბოროტი ქმარი და მამა, მას სძულდა თავისი შვილები. ყოველ ახალშობილ ტიტანს დედამიწის დამალულ ადგილებში ამწყვევდა, რათა მათ არასოდეს ეხილათ დღის სინათლე, ურანოსი თავისი ბოროტებით ტკბებოდა, ამ ყველაფერმა განარისხა გეა, რადგანაც მისი წიაღი აივსო მისგანვე შობილი ბუმბერაზებით. მან თავისი უმრწემესი ძე, კრონოსი, მამის წინააღმდეგ წააქეზა, ადამანტისგან ვეებერთელა ნამგალი გაუკეთა და სათანადოდაც დაარიგა. მიმწუხრისას, როდესაც ურანოსი ყოველი მხრიდან შემოეფინა გეას, ჩასაფრებულმა კრონოსმა მამას ნამგლით ნაყოფიერების ასო მოჰკვეთა და ზურგს უკან მოისროლა. ურანოსის ფალოსიდან ჩამონადენმა სისხლის წვეთებმა უკანასკნელად გაანაყოფიერეს გეა, რომელმაც წლის დასალიერს შვა ერინიები, გიგანტები და მელიებად წოდებული ნიმფები. ხოლო თავად ფალოსი ჩავარდა ზღვაში, რომლის აქაფებული ზვირთებიდანაც დაიბადა მშვენიერი აფროდიტე.

ურანოსის შემდეგ უზენაესი ღვთაების სახელი დაიმკვიდრა კრონოსმა.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება