ტეთისი (მითოლოგია)
ტეთისი (ძვ. ბერძნ. Τηθύς) — ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ურანოსის და გეას ასული. ოკეანოსის და და მეუღლე, ასევე, კრონოსის, ჰიპერიონის, იაპეტის, თეიას, თემიდას და რეას და.
ტეთისმა ოკეანოსს უშვა ჩქერალებიანი მდინარეები: ნილოსი, ალფეოსი, ღრმამორევებიანი ერიდანოსი, სტრიმონი, მეანდროსი, ლამაზად მდინარი ისტროსი, ფასისი, რესოსი, ვერცხლისფერჩქერალებიანი აქელოოსი, ნესოსი, როდიოსი, ჰალიაკმონი, ჰეპტაპოროსი, გრენიკოსი, ესეპოსი, ღვთაებრივი სიმოისი, პენეოსი, ჰერმოსი, ნარნარად მდენი კეკოსი, დინებალაღი სანგარიოსი, ლადონი, პართენიოსი, ევენოსი, არდესკოსი და ღვთაებრივი სკამანდროსი. ტეთისმა შვა ასევე მოდგმა წმინდა ასულებისა, რომლებიც მეუფე აპოლონთან და მდინარეებთან ერთად ხელმძღვანელობენ ქვეყნად ჭაბუკთა დავაჟკაცებას — ამ მოვალეობის აღსრულება მათ ზევსისგან ერგოთ წილად. ეს ასულები არიან: პეითო, ადმეტე, იანთე, ელექტრა, დორისი, პრიმნო, ღვთისდარი ურანია, ჰიპო, კლიმენე, როდეა, კალიროე, ძეუქსო, კლიტია, იდიია, პასითოე, პლექსავრა, გალაქსავრა, თვალწარმტაცი დიონე, მელობოსისი, თოე, სანდომიანი პოლიდორა, მომხიბლავი გარეგნობის კერკეისი, შვლისნუკრისთვალება პლუტო, პერსეისი, იანეირა, აკასტე, ქსანთე, ტურფა პეტრეა, მენესთო, ევროპე, მეტისი, ევრინომე, ზაფრანისფერკაბიანი ტელესტო, ქრისეისი, ასია, თვალწარმტაცი კალიფსო, ევდორა, ტიქე, ამფირო, ოკიროე და სტიქსი, რომელიც დებს შორის ყველაზე გამორჩეულია. ესენი არიან ოკეანოსისა და ტეთისის უფროსი ასულნი, თუმცა მათ გარდა მრავალი სხვა შვილიც შეეძინათ ამ მშობლებს. სულ სამი ათასი აშოლტილი ასული უვის ოკეანოსს, რომლებიც კიდით კიდე გაბნეულან და, ქალღმერთთა შორის სახელოვანნი, ყველგან ბინადრობენ — მიწაზეც და ღრმა წყლებშიც. სამი ათასი ვაჟიც უვის ოკეანოსს — მორაკრაკე მდინარეები, რომლებიც მას დედოფალმა ტეთისმა უშვა. ყველა მათგანის სახელის ჩამოთვლა ძნელია მოკვდავი ადამიანისათვის, თუმცა თითოეულმა კაცმა იცის ოკეანოსის იმ ძეთა სახელები, რომელნიც მასთან ახლოს ბინადრობენ[1].