კოზიმო I მედიჩი (იტალ. Cosimo I Medici; დ. 12 ივნისი, 1519 — გ. 21 აპრილი, 1574) — მედიჩთა დინასტიის წარმომადგენელი. კონდიტიერ ლუდოვიკო მედიჩისა და მისი ცოლის, მარია სალვიატის ვაჟი. თავისი ბიძაშვილის, ფლორენციის ჰერცოგ ალესანდრო მედიჩის უძეოდ გარდაცვალების შემდეგ ტახტზე თავად ავიდა. 1569 წელს ფლორენცია მეზობელ სიენასთან გააერთიანა და შექმნა ტოსკანის დიდი საჰერცოგო. მისი მმართველობისას ფლორენცია რენესანსული ხელოვნების, განათლებისა და კულტურის ცენტრად იქცა.

კოზიმო I მედიჩი
ფლორენციის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 6 იანვარი 1537
მმართ. დასასრული: 21 აგვისტო 1569
წინამორბედი: ალესანდრო მედიჩი
მემკვიდრე: წოდება გაუქმდა
ტოსკანის დიდი ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 21 აგვისტო 1569
მმართ. დასასრული: 21 აპრილი 1574
წინამორბედი: წოდება შეიქმნა
მემკვიდრე: ფრანჩესკო I მედიჩი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 ივნისი 1519
დაბ. ადგილი: ფლორენცია, იტალია
გარდ. თარიღი: 21 აპრილი 1574, (54 წლის)
გარდ. ადგილი: ტოსკანა, იტალია
მეუღლე: ელეონორ ტოლედოელი
კამილა მარტელი
შვილები: ბია მედიჩი
მარია მედიჩი
ფრანჩესკო I, ტოსკანის ჰერცოგი
იზაბელა, ბრასიანოს ჰერცოგინია
ჯოვანი მედიჩი
ლუკრეცია, მოდენას ჰერცოგინია
გარსია მედიჩი
ფერდინანდო I, ტოსკანის ჰერცოგი
ანა მედიჩი
პიეტრო მედიჩი
ვირჯინია, მოდენას ჰერცოგინია
დინასტია: მედიჩები
მამა: ჯოვანი მედიჩი
დედა: მარია სალვიატი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება და ძალაუფლების ჩაგდება

რედაქტირება

კოზიმო დაიბადა ფლორენციის საჰერცოგოში, 1519 წლის 12 ივნისს. იგი იყო ლუდოვიკო მედიჩისა (აგრეთვე ცნობილი, როგორც ჯოვანი დელა ბანდე ლერე) და მარია სალვიატის ვაჟი. იგი იყო ე.წ. "ფორლელი ვეფხვის", ლედი კატერინა სფორცას შვილიშვილი. 1537 წლის 6 იანვარს ტირანული მმართველობით დაღლილმა ფლორენციელებმა მათი ჰერცოგი, 26 წლის ალესანდრო მედიჩი მოკლეს, რომელიც ნამდვილი ტირანი იყო, მისი დის, ეკატერინე მედიჩის მსგავსად. ვინაიდან ალესანდროს შვილები არ ჰყავდა, ტახტზე კოზიმო I ავიდა, როგორც მისი უახლოესი ნათესავი. კოზიმოს მამა ამ ამბამდე 4 წლით ადრე გარდაიცვალა. ვინაიდან ისიც მედიჩი იყო, ფლორენციელები ტახტზე ასულ კოზიმოს უკვე "ახალ დიქტატორს" ეძახოდნენ. თუმცა კოზიმომ მალევე დაამტკიცა, რომ იგი ძლიერი, ნებისყოფის მქონე, ამბიციური, მაგრამ აგრეთვე სამართლიანი მმართველი იყო. იგი ფლორენციას არა ერთპიროვნულად, არამედ 8 კაცისგან შემდგარი სამეფო საბჭოს მეშვეობით მართავდა.

 
კოზიმო 1538 წელს

როდესაც დიქტატურის მომხრე ფლორენციელებმა ალესანდროს მკვლელობის შესახებ შეიტყვეს, საფრანგეთს შესჩივლეს და დახმარება სთხოვეს, რომლის დედოფალიც ალესანდროს ნახევარ-და, ეკატერინე მედიჩი იყო. მიუხედავად ამისა, ფრანგებმა ფლორენციაში ლაშქრობა არ მოისურვეს. ამ დროისათვის კოზიმოს ერთი უკანონო ქალიშვილი - ბია მედიჩი ჰყავდა, რომელიც 1542 წელს გარდაიცვალა 5 წლის ასაკში.

1537 წლის ივლისში ბერნარდო სალვიატისა და პიერო სტროზის მოთხოვნით, ტოსკანაში გადასახადები უნდა გაზრდილიყო. კოზიმო ამის საჭიროებას ვერ ხედავდა და ეს ფაქტი მისი მმართველობის ხელყოფად აღიქვა, რის გამოც მათ წინააღმდეგ ჯარები დაძრა. ბრძოლაში კოზიმომ გაიმარჯვა, სადაც სალვიატი მოკლა და მის ციხე-სიმაგრეებს დაეპატრონა, პიერო სტროზი კი დანებდა და უკან დაიხია. ამ ამბიდან რამდენიმე საათში კოზიმომ პიზაში თავისი გამარჯვების აღსანიშნავად დიდი ზეიმი მოაწყო. რამდენიმე დღეში პიერო სტროზის სხეული ხანჯალგაყრილი იპოვნეს. ეს ამბავი თვითმკვლელობად გაასაღეს, მიზეზად კი მარცხის აუტანლობა დაასახელეს, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ მას თავი არ მოუკლავს.

ტოსკანის მმართველი

რედაქტირება

კოზიმოს ტახტზე ასვლიდან მალევე ბევრი მეტოქე გამოუჩნდა. 1537 წელს მისმა ბიძაშვილმა, ანტონიო მედიჩმა საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ს თხოვნით მიმართა, რომ ფლორენციის ტახტიდან კოზიმო ჩამოეგდო და თავად დაესვა. ამის სანაცვლოდ კოზიმომ დახმარება კარლის მოსისხლე მტერს, საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ს სთხოვა. შეიქმნა საშიშროება, რომ ძლივს, დროებით შეჩერებული იტალიური ომები განახლდებოდა, რის გამოც ფრანსუამაც და კარლმაც თავი შეიკავეს. ამით კოზიმომ მედიჩებს ტახტი შეუნარჩუნა, რომელზეც ისინი 1737 წლამდე ისხდნენ. მიუხედავად ამისა კარლმა თავისი ესპანური გავლენების ტოსკანაში გავრცელება მაინც მოახერხა. თუმცა ბევრი იტალიური სახელმწიფოსგან განსხვავებით ტოსკანამ ესპანეთთან დამოუკიდებლობა შეინარჩუნა და მისი მხოლოდ ვასალი გახდა.

კოზიმოს ყურადღების ცენრში მეზობლად მდებარე სიენას საჰერცოგო მოექცა. საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის მხარდაჭერით, 1554 წელს კოზიმომ სიენელები მარჩიანოს ბრძოლაში დაამარცხა და მათ დედაქალაქს ალყა შემოარტყა. მოსახლეობის თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად, სიენა 1555 წლის 17 აპრილს, 15 დღიანი ალყის შემდეგ დაეცა. კოზიმომ მისი 50 000 მოსახლიდან, 42 000 ამოწყვიტა. 1559 წელს სიენელებმა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დაიწყეს, თუმცა ამაოდ. 1569 წელს კი რომის პაპმა პიუს V-მ მას ტოსკანის დიდი ჰერცოგის წოდება უბოძა.

თავისი ათწლიანი მმართველობისას ტოსკანა იტალიის მოწინავე სახელმწიფო გახდა, სადაც აღორძინებული იყო ხელოვნება, ლიტერატურა, არქიტექტურა და ა.შ.

ხელოვნების პატრონაჟი

რედაქტირება
 
კოზიმოს ბიუსტი

კოზიმო, როგორც ყველა მედიჩი, მფარველობდა და ხელს უწყობდა ხელოვნების აღორძინებას. მან ფლორენციაში დააარსა უფიცის გალერეა სადაც ინახებოდა და ინახება მსოფლიოს წამყვანი ხელოვნების ნიმუშები. სწორედ აქაა თავმოყრილი მედიჩთა დინასტიის წარმომადგენელთა პორტრეტები, სამკაულები, ქანდაკებები და ა.შ.

თავის ფლორენციის სასახლის ეზოში, კოზიმომ გამოჩენილ იტალიელ მებაღეს ნიკოლოტოს ტრიბოლოს საოცარი ბაღები გააშენებინა. ბაღი გაფორმებული იყო შადრევნებით, ლაბირინთებით, მღვიმითა და ორიგინალურად მოკირწყლული გზებით. მისი სასახლის ბაღი რენესანსული კულტურის განსახიერებადაა აღიარებული. მან დიდი გავლენა იქონია მეთვრამეტე საუკუნის ფრანგულ და იტალიურ მებაღეობაზე.

კოზიმომ დაასრულა პიტის სასახლის მშენებლობაც. როგორც მისი წინაპრები, თავად კოზიმოც ხელოვნების დიდი მფარველი იყო. იგი მფარველობდა ჯორჯო ვასარის, ბენვენტუნო სელინის, პონტომოს, ბრონციოს, გარდა ხელოვნებისა, იგი ასევე ხელს უწყობდა ისტორიკოსებსა და მეცნიერებს.

1598 წელს, კოზიმოს გარდაცვალების შემდეგ, ფლორენციის მადლიერმა მოსახლეობამ ფლორენციის მთავარ მოედანზე მისი ძეგლი აღმართა.

კოზიმო ასევე ძალიან იყო დაინტერესებული ალქიმიით, რაც მემკვიდრეობით გადაეცა ბებიისგან - ფორლის გრაფინია კატერინა სფორცასგან.

ქორწინებები, საყვარლები და შვილები

რედაქტირება

1539 წელს კოზიმო დაქორწინდა ესპანელი დიპლომატის ქალიშვილ ელეონორ ტოლედოელზე. ელეონორა ნეაპოლის გუბერნატორის და ასევე კარლ V-ის მესამე თაობის ბიძაშვილი იყო. ელეონორას სახე კარგადაა ცნობილი მისი პორტრეტებიდან. მრავალწლიანი, ნაკლებად ბედნიერი ქორწინებიდან კოზიმოსა და ელეონორს შვიდი შვილი შეეძინათ. ელეონორა 1562 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც კოზიმომ ცოლად თავისი საყვარელი, კამილა მარტელი შეირთო ცოლად, რათა მასთან შეძენილი შვილები კანონიერად ეცნოთ.

ქორწინებამდე კოზიმოს საყვარელთან ჰყავდა ერთი ქალიშვილი:

  • ბია (დ. 1536 - გ. 1542);

თავის პირველ ცოლ ელეონორასთან ჰყავდა შვიდი შვილი:

  • მარია (დ. 1540 - გ. 1557), დანიშნული იყო ალფონსო II დ'ესტეზე, თუმცა ქორწინებამდე გარდაიცვალა;
  • ფრანჩესკო I (დ. 1541 - გ. 1587), ტოსკანის დიდი ჰერცოგი, პირველად იქორწინა იოჰანა ავსტრიელზე, რომლის გარდაცვალების შემდეგაც, მამის მსგავსად თავისი საყვარელი, ბიანკა კაპელო შეირთო ცოლად;
  • იზაბელა (დ. 1542 - გ. 1576), ცოლად გაჰყვა ბრასიანოს ჰერცოგ პაოლო I ორსინს;
  • ჯოვანი (დ. 1543 - გ. 1562), თავდაპირველად დანიშნული იყო პიზას არქიეპისკოპოსად, რის შემდეგაც რომში კარდინალის პოსტი მიიღო;
  • ლუკრეცია (დ. 1545 - გ. 1561), ცოლად გაჰყვა მოდენის ჰერცოგ ალფონსო II დ'ესტეს;
  • პიეტრო (დ. 1546 - გ. 1547);
  • გარსია (დ. 1547 - გ. 1562), გადაჰყვა დედის გარდაცვალებაზე ნერვიულობას;
  • ანტონიო (დ. 1548 - გ. 1548);
  • ფერდინანდო I (დ. 1549 - გ. 1609), ტოსკანის დიდი ჰერცოგი, ცოლად შეირთო კრისტინა ლოთარინგიელი რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი;
  • ანა (დ. 1553 - გ. 1553);
  • პიეტრო (დ. 1554 - გ. 1604), ღალატის გამო მოკლა თავისი ცოლი ელეონორა დი გარსია დე ტოლედო;

პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ გაიჩინა საყვარელი ელეონორა აბრიცის სახით, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა:

  • მკვდარშობილი გოგონა (დ./გ. 1566);
  • ჯოვანი (დ. 1567 - გ. 1621), შემდგომში მამამისმა იგი კანონიერ შვილად სცნო;

1570 წელს კოზიმომ ცოლად შეირთო თავისი საყვარელი კამილა მარტელი, რომელთანაც მხოლოდ ერთი ქალიშვილი შეეძინა:

  • ვირჯინია (დ. 1568 - გ. 1615), ცოლად გაჰყვა მოდენის ჰერცოგ ჩეზარე დ'ესტეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Landon, William J. (2013). Lorenzo di Filippo Strozzi and Niccolo Machiavelli. University of Toronto Press.
  • Isabella Ballerini (2011), The Medici Villas, Giunti Publishers, Florence (ISBN 978-88-09-76632-7), pp. 30-41.
  • Eisenbichler, Konrad, editor (2001). The Cultural Politics of Grand Duke Cosimo I de' Medici.
  • Eisenbichler, Konrad, editor (2004). The Cultural World of Eleonora of Toledo, Duchess of Florence and Siena.
  • Henk Th. Van Veen, Cosimo I de' Medici and his Self-Representation in Florentine Art and Culture (Cambridge, CUP, 2006).
  • Cawley, Charles (August 2012), Ancestors of Cosimo I de' Medici, Duke of Florence (Medieval Lands Project), Medieval Lands database, Foundation for Medieval Genealogy.
  • Gáldy, Andrea M. Cosimo I de'Medici as collector: antiquities and archaeology in sixteenth-century Florence (Newcastle: Cambridge Scholars Publishing, 2009).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება