მარია სალვიატი
მარია სალვიატი (იტალ. Maria Salviati; დ. 17 ივლისი, 1499 — გ. 12 დეკემბერი, 1543) — იტალიელი არისტოკრატი. ლუკრეცია დე’ მედიჩისა და ჯაკოპო სალვიატის ასული. ჯოვანი მედიჩის მეუღლე. იგი 27 წლის ასაკში დაქვრივდა, თუმცა მეორედ აღარ გათხოვილა. მისი ვაჟი იყო ტოსკანის ჰერცოგი კოზიმო I, მისი ხაზით კი უამრავი ევროპელი მონარქის წინაპარი.
მარია სალვიატი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
17 ივლისი, 1499 ფლორენცია |
გარდაცვალების თარიღი |
12 დეკემბერი, 1543, (44 წლის) ფლორენცია |
ეროვნება | იტალიელები |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | ჯოვანი მედიჩი |
შვილ(ებ)ი | კოზიმო I მედიჩი |
მშობლები |
მამა: ჯაკოპო სალვიატი დედა: ლუკრეცია დე’ მედიჩი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია სალვიატი დაიბადა 1499 წლის 17 ივლისს ფლორენციაში. იგი იყო ადგილობრივი დიდგვაროვნის, ჯაკოპო სალვიატისა და მისი ცოლის, ლუკრეცია მედიჩის ასული. იგი დედ-მამის მხრიდან წარმოადგენდა ორ უმძლავრეს და უმდიდრეს იტალიელი ბანკირების ოჯახს. დედის ხაზით იგი ასევე იყო ფლორენციის სენიორ ლორენცო მედიჩის შვილიშვილი.
მარია ცოლად შერთეს დედამისის გარე ბიძაშვილის შვილ ჯოვანი მედიჩის, რომელთანაც 1519 წელს თავისი პირველი და უკანასკნელი ვაჟი, კოზიმო შეეძინა. 1526 წელს ჯოვანი გერმანელებმა მოკლეს ბრძოლაში, მარია კი მეორედ აღარ გათხოვილა. ამის შემდეგ ფლორენციის ტახტზე უამრავი მონარქი შეიცვალა, რომლებიც ყველა უვაჟოდ კვდებოდნენ. 1537 წელს გარდაიცვალა ალესანდრო მედიჩი, ფლორენციის ჰეცოგი, რომელსაც კანონიერი შვილები არ დარჩენია. ვინაიდან მედიჩის დინასტიის უფროსი შტოდან ამ დროს უკვე აღარავინ იყო ცოცხალი, ფლორენციის ჰერცოგი მარიას ვაჟი კოზიმო I გახდა.
კოზიმომ ცოლად ესპანელი დიდგვაროვანი ელეანორა ტოლედოელი შეირთო, რომელთანაც შეეძინა შვილები, რომელთა ხაზითად მარია უამრავი ევროპელი მონარქის წინაპარი გახდა. მაგალითად, კოზიმოს ვაჟმა ფრანჩესკო I-მა ცოლად იოჰანა ავსტრიელი შეირთო, რომლისგანაც ორი ასული: მარია და ელეონორა შეეძინა. ელეონორა ცოლად მანტუას ჰერცოგ ვინჩენცო I-ს გაჰყვა, რომელთანაც შეეძინა მანტუას სამი ჰერცოგი და ამასთან ორი ასული — ლოთარინგიის ჰერცოგინია მარგერიტა გონძაგა და საღვთო რომის იმპერატრიცა ელეონორა გონძაგა. რაც შეეხება მარიას, იგი ცოლად საფრანგეთის მეფე ანრი IV-ს გაჰყვა, რომელთანაც შეეძინა საფრანგეთის მეფე ლუი XIII, ესპანეთის დედოფალი ელიზაბეტი, ორლეანის ჰერცოგი გასტონი, სავოიის ჰერცოგინია კრისტინა მარია და ინგლისის დედოფალი ანრიეტა მარია, რომლის ვაჟებიც იყვნენ მეფე ჩარლზ II და ჯეიმზ II, ასევე მისი შთამომავლები იყვნენ ბურბონთა, სტიუარტთა და სავოიელთა დინასტიების ყველა შემდეგი წარმომადგენელი.
თავისი ვაჟის ტახტზე ასვლის შემდეგ მარია ფლორენციის ჩრდილოეთით, კასტელოს სასახლეში დაბინავდა და თავისი შვილიშვილების აღზრდას თვალ-ყურს ადევნებდა. აღსანიშნავია, რომ მთლიანად მან აღზარდა თავისი ვაჟის უკანონო ასული ბია მედიჩი. ამის მიზეზი შემდეგია: როდესაც კოზიმომ ცოლად ელეანორა ტოლედოელი შეირთო, მან უარი განაცხადა ბიას ატანაზე სამეფო სასახლეში, რის გამოც კოზიმო იძულებული გახდა ბია დედამისთან გაეგზავნა, რომელიც სასახლიდან შორს ცხოვრობდა. ეს ინფორმაცია არც ისე ზუსტია, რადგან ზოგიერთ წყაროს თუ დავეყრდნობით, ელეანორამ ძალიან თბილად მიიღო ბია. აღსანიშნავია, რომ მარია სალვიატმა იცოდა თუ ვინ იყო ბიას ნამდვილი დედა, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე ატყუებდა და სხვა ქალის სახელს ეუბნებოდა. ბია მედიჩი 1542 წელს ჩუტყვავილათი გარდაიცვალა, 5 წლის ასაკში.
საყვარელი შვილიშვილის დაკარგვამ კატასტროფული გავლენა იქონია მარიაზე. იგი ბიას გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში, 1543 წლის 12 დეკემბერს გარდაიცვალა, 44 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Tomas, Natalie R. (2003). The Medici Women: Gender and Power in Renaissance Florence. Aldershot: Ashgate. ISBN 0754607771.