გასტონ დე ბურბონი (ფრანგ. Gaston Jean Baptiste de France, duc d'Orléans; დ. 24 აპრილი, 1608 — გ. 2 თებერვალი, 1660) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია მედიჩის უმცროსი ვაჟი. ორლეანის ჰერცოგი 1626–1660 წლებში. სურდა საფრანგეთის მეფობა და თავის უფროს ძმას, საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ს ხშირად უწყობდა შეთქმულებებს, რის გამოც არაერთხელ მოუხდა საფრანგეთიდან გაქცევა.

გასტონ დე ბურბონი
Gaston de Bourbon
ორლეანის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 6 აგვისტო, 1626
მმართ. დასასრული: 2 თებერვალი, 1660
წინამორბედი: ნიკოლას ანრი დე ბურბონი
მემკვიდრე: ფილიპ I ბურბონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 აპრილი, 1608
დაბ. ადგილი: ფონტენბლოს სასახლე, პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 2 თებერვალი, 1660 (51 წლის)
გარდ. ადგილი: შატო დე ბლუა, ბლუა, საფრანგეთი
მეუღლე:
შვილები:
სრული სახელი: გასტონ ჟან ბაპტისტ დე ბურბონი
დინასტია: ბურბონები
მამა: ანრი IV, საფრანგეთის მეფე
დედა: მარია მედიჩი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება
 
გასტონ დე ბურბონი

გასტონი დაიბადა 1608 წლის 24 აპრილს, ფონტენბლოს სასახლეში. დაბადებისთანავე მას ანჟუს ჰერცოგის ტიტული მიენიჭა. 1610 წელს ფანატიკოსმა რავაიაკმა მოკლა გასტონის მამა, საფრანგეთის მეფე ანრი IV. ტახტზე ადის გასტონის უფროსი ძმა, ლუი XIII, რომლის მცირეწლოვანების გამო რეგენტად მათი დედა, დედა დედოფალი მარია მედიჩი დაინიშნა. გასტონი იზრდებოდა მადმუაზელ ფრანსუაზა დე მონტგლატის ზედამხედველობის ქვეშ. 1626 წელს გასტონმა ცოლად შეირთო ახალგაზრდა მონტესპიერის ჰერცოგინია, თავისი ბიძაშვილი მარი დე ბურბონი. ამ ქორწინებით გასტონმა მიიღო უამრავი ძვირფასეულობა, ორლეანის ჰერცოგის ტიტული[1] და ასევე სასახლეები ბლუასა და შარტრში.[2] 1628 წელს მონაწილეობდა ლა-როშელის ალყაში.[3][4] სწორედ ამ წლიდან ჩაერთო გასტონი ინტრიგების ხლართვაში, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე არ მიუტოვებია. 1611 წელს გარდაიცვალა მისი უფროსი ძმა, ნიკოლას ანრი, რომელიც ტახტის მემკვიდრედ განიხილებოდა, მის შემდეგ კი ეს წოდება გასტონზე გადავიდა. თუმცა გასტონმა ეს წოდება დაკარგა 1638 წელს, მას შემდეგ რაც ლუი XIII-ს ვაჟი შეეძინა.

გასტონი საფრანგეთიდან ორჯერ გაიქცა, ვინაიდან იგი ცდილობდა თავისი ძმის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობას, ხოლო როდესაც შეთქმულება ვარდებოდა, ის თავის თანამზრახველებს გასცემდა და ქვეყნიდან გარბოდა. გაქცევის შემდეგ ფლანდრიაში მონაწილეობა მიიღო კასტელნადარის ბრძოლაში. 1630 წელს სცადა კარდინალ რიშელიეს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა (რომელიც ისტორიაში შევიდა „გასულელებულთა დღის“ სახელით (ფრანგ. La journée des Dupes)), რომელიც ჩავარდა და გასტონს ლოთარინგიაში გაქცევა მოუწია. გასტონი და ლუი XIII მხოლოდ 1635 წელს შერიგდნენ, რის შემდეგაც მან ძმისა და კარდინალის წინააღმდეგ კიდევ სცადა შეთქმულების მოწყობა, რომელიც ასევე წარუმატებლად დასრულდა და კვლავ ქვეყნიდან გაიქცა.

1642 წელს გასტონმა კვლავ სცადა შეთქმულების გზით კარდინალ რიშელიეს მოკვლა, თუმცა ამაოდ. მიუხედავად ამისა 1642 წელს რიშელიე გარდაიცვალა, ამავე წელს გარდაიცვალა გასტონის დედაც, დედოფალი მარია მედიჩი. 1643 წელს კი გარდაცივალა ლუი XIII. ტახტზე მისი ვაჟი ლუი XIV ავიდა, რომელიც მცირეწლოვანი იყო და რეგენტად დედამისი, ლუი XIII-ის ქვრივი ანა ავსტრიელი დაინიშნა. ანა გასტონის მოკავშირე იყო, ამიტომაც გასტონი გენერალურ მდივნად დანიშნა. გასტონი იბრძოდა საფრანგეთის ჩრდილოეთში ესპანელების წინააღმდეგ. ესპანეთთან გაჩაღებული ბრძოლების დროს ის საჭიროებიდან გამომდინარე, ხან საფრანგეთის მხარეს იყო, ხანაც ესპანეთის.

ქორწინებები

რედაქტირება

გასტონი პირველად დაქორწინდა 1626 წლის 6 აგვისტოს, ნანტში, მარი დე ბურბონზე. მარი იყო მონტესპიერის ჰერცოგინია.[5] მარის მშობლები იყვნენ მონტესპიერის ჰერცოგი ანრი დე ბურბონი და ჰერცოგინია ანრიეტა კატრინა დე ჟოიუსი. გასტონსა და მარის მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავდათ ანა მარია ლუიზა, რომელსაც დედამისმა მემკვიდრეობით მონტესპიერის ჰერცოგინიობა გადასცა.

მარი დე ბურბონი შვილის გაჩენიდან მალევე, 1627 წლის 4 ივნისს გარდაიცვალა. მარისა და გასტონის ქალიშვილი იყო უკანასკნელი ბურბონი, რომელიც მონტესპიერს მართავდა.

მას შემდეგ რაც კარდინალმა რიშელიემ ლოთარინგიასთან მშვიდობის დამყარება მოისურვა, ამიტომაც გასტონი დააქორწინეს ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ IV-ის ასულ მარგარიტა ლოთარინგიელზე.[6] ქორწილი 1636 წლის 2 იანვარს შედგა ნანსში. იმის გამო, რომ ამ ქორწინების ნებართვა ლუი XIII-ს არ გაუცია, წყვილმა ვერ შეძლო საფრანგეთში დაბრუნება და ლოთარინგიაში დარჩნენ. [6]

ამავე წლის ნოემბერში გასტონი და ლანგედოკის ჰერცოგი ანრი II მონმორანსი რიშელიესა და ლუი XIII-ის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში დაადანაშაულეს. [6]იქიდან გამომდინარე, რომ გასტონი მეფის ძმა იყო, გაანთავისუფლეს, ანრის კი თავი მოჰკვეთეს. მარგარიტასა და გასტონის ქორწინებას აპროტესტებდა მეფე ლუი და თავად რომის პაპიც.[7] ამიტომაც გასტონმა ლუის ქორწინების ნებართვა სთხოვა და მარგარიტაზე ხელახლა დაქორწინდა, რის შემდეგაც მეფეც და პაპიც დაშოშმინდნენ. 1642 წელს დედის გარდაცვალების შემდეგ, გასტონმა მიიღო ლუქსემბურგის სასახლე და მარგარიტასთან ერთად იქ გადავიდა საცხოვრებლად. ისინი გარდა ლუქსემბურგის სასახლისა, ცხოვრობდნენ ბლუას სასახლეშიც, სადაც დაიბადა მათი პირველი შვილი.[6]

დარჩენილი ცხოვრება

რედაქტირება

ლუი XIII-ის გარდაცვალების შემდეგ 1643 წელს მეფე მისი ვაჟი, ლუი XIV გახდა. თუმცა გარდა მისი, ლუი XIII-ს მეორე ვაჟიც ჰყავდა, რომელიც გასტონის მემკვიდრედ განიხილებოდა. გასტონმა გარდაცვალებამდე გამოაცხადა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ორლეანის ჰერცოგი ლუის უმცროსი ვაჟი, ფილიპი გახდებოდა. 1652 წელს სამეფო კარზე გასტონსა და კარდინალ მაზარინს შორის დიდი განხეთქილება ჩამოვარდა, რის გამოც გასტონი თავის ცოლთან და შვილებთან ერთად ბლუაში გადასახლდა. სწორედ ბლუაში გარდაიცვალა გასტონი, 1660 წლის 2 თებერვალს. მის შემდეგ ორლეანის ჰერცოგი მისი ძმის შვილი ფილიპ I გახდა.

გასტონს მარი დე ბურბონთან ჰყავდა მხოლოდ 1 ქალიშვილი:

გასტონს მარგარიტა ლოთარინგიელთან ჰყავდა 5 შვილი:

  • მარგარიტა ლუიზა ორლეანელიმარგარიტა ლუიზა დე ბურბონი (დ. 28 ივლისი, 1645 — გ. 17 სექტემბერი, 1721), ცოლად გაჰყვა ტოსკანის დიდ ჰერცოგ კოზიმო III მედიჩის;
  • ელიზაბეთ მარგარიტა დე ბურბონი (დ. 26 დეკემბერი, 1646 — გ. 17 მარტი, 1696), ცოლად გაჰყვა გიზის ჰერცოგ ლუი ჟოზეფ ლოთარინგიელს;
  • ფრანსუაზა მადლენა დე ბურბონი (დ. 13 ოქტომბერი, 1648 — გ. 14 იანვარი, 1664), ცოლად გაჰყვა სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელ II-ს, გარდაიცვალა მშობიარობის დროს;
  • ჟან გასტონ დე ბურბონი (დ. 17 აგვისტო, 1650 — გ. 10 აგვისტო, 1652), იყო ვალუას ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  • მარია ანა დე ბურბონი (დ. 9 ნოემბერი, 1652 — გ. 17 აგვისტო, 1656), იყო შარტრის მადმუაზელი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი

გასტონს მარია პორშესთან ჰყავდა ერთი უკანონო ქალიშვილი:

  • მარია ბეატრისი (1 იანვარი 1631 - ?);

გასტონს ლუიზა დე ლა მარბელიერთან ჰყავდა ერთი უკანონო ვაჟი:

  • ლუი (დ. 13 იანვარი 1640 — გ. 1692), მოღვაწეობდა ესპანეთში გენერლად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Moote, A. Lloyd (1991) Louis XIII, The Just p 192. University of California Press.
  2. Pitts, Vincent Joseph (2000) La Grande Mademoiselle at the Court of France: 1627-1693 JHU Press p. 3
  3. Chisolm, Hugh, Encyclopædia Britannica, Published 1911, p. 284.
  4. Patmore, Katherine, The Court of Louis XIII, Methuen & Co, 1909, p. 144.
  5. Pitts, Vincent Joseph. La Grande Mademoiselle at the Court of France, p. 2
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Velde, François, Heraldica.org, Morganatic and Secret Marriages in the French Royal Family, http://www.heraldica.org/topics/france/morganat.htm#consent
  7. https://books.google.com/books?id=OILFAAAAMAAJ&pg=PA336