ელიზაბეტ მარგარიტა ორლეანელი

ელიზაბეტ მარგარიტა ორლეანელი (ფრანგ. Élisabeth Marguerite d'Orléans; დ. 26 დეკემბერი, 1646, პარიზი, საფრანგეთი – გ. 17 მარტი, 1696, ვერსალი, საფრანგეთი), აგრეთვე ცნობილი როგორც იზაბელ ორლეანელიბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია მარგარიტა ლოთარინგიელის ქალიშვილი. სანამ გათხოვდებოდა ატარებდა ჯერ ალანსონის, შემდეგ კი უკვე ანჟულემის ჰერცოგინიის წოდებას. 1667 წელს ცოლად გაჰყვა გიზის ჰერცოგ ლუი ჟოზეფს, რომელთანაც შეეძინა მხოლოდ ერთი ვაჟი. იგი მამის ხაზით ასევე იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის პირველი თაობის ბიძაშვილი.

ელიზაბეტ მარგარიტა ორლეანელი
მშობლიური სახელი Élisabeth Marguerite d'Orléans
დაბადების თარიღი 26 დეკემბერი, 1646
პარიზი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 17 მარტი, 1696, (49 წლის)
ვერსალი, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგი
წოდება ანჟულემის, ალანსონისა და გიზის ჰერცოგინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ლუი ჟოზეფი, გიზის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ფრანსუა ჟოზეფი, გიზის ჰერცოგი
მშობლები მამა: გასტონი, ორლეანის ჰერცოგი
დედა: მარგარიტა ლოთარინგიელი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ელიზაბეტ მარგარიტა დაიბადა 1646 წლის 26 დეკემბერს ლუქსემბურგის სასახლეში, პარიზში, რომელიც 1642 წელს მარია მედიჩმა დაუტოვა ელიზაბეტის მამას და რომელიც ორლეანის სასახლედ გადააკეთეს. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონისა და მისი მეორე ცოლის, მარგარიტა ლოთარინგიელის მეორე ქალიშვილი. მართალია მისი სრული სახელი ელიზაბეტ მარგარიტა იყო, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მას იზაბელს ეძახდნენ.

ქორწინება

რედაქტირება

ელიზაბეტ მარგარიტას გათხოვებამდე ჯერ ალანსონის, შემდეგ კი ანჟულემის ჰერცოგინიის წოდება უბოძეს. იგი თავის უფროს დასთან, მარგარიტა ლუიზასთან ერთად იზრდებოდა, რა დროსაც დაუმეგობრდა ლუიზა ფრანსუაზა დე ლა ბუმ ლა ბლანკს, რომელიც შემდგომში იზაბელის ბიძაშვილის, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის სამეფო საყვარელი გახდა ლუიზა დე ლა ვალიერის სახელით. ელიზაბეტ მარგარიტა დებს შორის ყველაზე ნაკლები მომხიბლავობით გამოირჩეოდა, რის გამოც იგი ყველაზე გვიან გათხოვდა. მისი უფროსი და, პრინცესა მარგარიტა ლუიზა მალევე გათხოვდა ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო III-ზე, ხოლო მისი უმცროსი და, პრინცესა ფრანსუაზ მადლენა ამ ამბიდან სამ წელიწადში ცოლად გაჰყვა სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე II-ს.

იზაბელის თავდაპირველ საქმროდ მისივე ბიძაშვილი ანრი ჟიულ დე ბურბონი მოიაზრებოდა, მომავალში კონდესა და ძუ სანგის პრინცი. თუმცა ანრი ჟიულმა მასთან ნიშნობა ჩაშალა და ცოლად ელიზაბეთ ინგლისელის შვილიშვილი ანა ჰენრიეტა ბავარიელი შეირთო.

საბოლოოდ იზაბელზე არჩევანი ერთ-ერთმა ფრანგმა დიდგვაროვანმა, გიზის ჰერცოგმა ლუი ჟოზეფმა შეაჩერა. გიზის ჰერცოგი წარმოშობით ლოთარინგიელი იყო და ლოთარინგიის სამეფო დინასტიის გვერდით შტოს წარმოადგენდა, რის შედეგადაც იგი იზაბელის დედის, ჰერცოგინია მარგარიტა ლოთარინგიელის ნათესავი გამოდიოდა.

იზაბელი და გიზი 1667 წლის 15 მაისს სენ-ჟერმენ-ან-ლაის სასახლეში დაქორწინდნენ. ამით იზაბელი გიზის ჰერცოგინია და ასევე სისხლითა და ქორწინებით პრინცესა გახდა. იზაბელი თავის ქმარზე ოთხი წლით უფროსი იყო, რამაც იმ პერიოდის ფრანგული არისტოკრატია აღაშფოთა, განსაკუთრებით კი მისი დედამთილი მადმუაზელ დე გიზი. მათი ქორწინება ძალიან ხანმოკლე და არასტაბილური იყო. ქორწილიდან ორ წელიწადნახევარში გამოაცხადეს, რომ იზაბელი ორსულად იყო. მალევე თავისი პირველი და უკანასკნელი შვილი გააჩინა:

  • ფრანსუა ჟოზეფი (დ. 28 აგვისტო, 1670 - გ. 16 მარტი, 1675), გიზის ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი.

ქვრივობა

რედაქტირება

ჰერცოგი ლუი ჟოზეფი 1671 წელს ტიფისაგან გარდაიცვალა, რომელიც ინგლისის მეფე ჩარლზ II-ის სამეფო კარზე შეეყარა. ამის შემდეგ იზაბელი მადმუაზელ დე გიზი გახდა. გიზის ჰერცოგი მათი მცირეწლოვანი ვაჟი გახდა, რომელიც სულ ერთი წლის იყო.

1672 წელს, მას შემდეგ რაც იზაბელის დედა, ჰერცოგინია მარგარიტა ლოთარინგიელი გარდაიცვალა, ელიზაბეტ მარგარიტა თავის ვაჟთან ერთად ლუქსემბურგის სასახლეში გადავიდა. პატარა ფრანსუა ჟოზეფი უკვე ოთხი წლის ხდებოდა და ფეხს მაინც ვერ იდგავდა, რის გამოც მას ექიმები დაუქირავეს, რომლებმაც არასწორი წამალი დაუნიშნეს და ფრანსუა ჟოზეფი 1675 წელს გარდაიცვალა.

ამის შემდეგ ელიზაბეტ მარგარიტას სამუდამოდ შესძულდა ლუქსემბურგის სასახლე, რის გამოც რამდენიმე წლის მანძილზე თავის კუთვნილ ალანსონის საჰერცოგოში ცხოვრობდა. 1675 წელს იგი შეხვდა თავის დას, ტოსკანის ჰერცოგინია მარგარიტა ლუიზას, რომელმაც ქმარი მიატოვა და საფრანგეთში გადმოსახლდა. ამის შემდეგ დებმა ერთად დაიდეს ბინა პარიზის გარეუბანში. უამრავი წლის მანძილზე დები ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა საბოლოოდ მაინც გაიყარნენ.

მან თავი თავის ბიძაშვილ ლუი XIV-ს შეაფარა, რომელმაც დიდი სიხარულით მიიღო იგი ვერსალის სასახლეში. იგი აქ საოცარ ფუფუნებასა და სიმდიდრეში მარტო ცხოვრობდა. 1685 წლიდან ასრულებდა ლუის დავალებას და თვალ-ყურს ადევნებდა სასახლეში ჰუგენოტების კათოლიკობაზე მოქცევას. სასახლის შემდეგ იგი თავის ალანსონის საჰერცოგოზე გადაერთო, სადაც უკლებლივ ყველა ჰუგენოტი ან კათოლიკობაზე მოაქცია, ან თავისი სამფლობელოდან გააძევა. 1694 წელს თავის საყვარელ ბიძაშვილ ლუი XIV-ს ლუქსემბურგის სასახლე აჩუქა. იგი გარდაიცვალა 1696 წელს ვერსალში, რის შემდეგაც იგი მისივე ანდერძის მიხედვით რემირემონტის დედათა მონასტერში დაკრძალეს. ასევე მისივე ანდერძით მთელი მისი ქონება და სიმდიდრე მის უფროს დას მარგარიტა ლუიზას დარჩა.

ტიტულები

რედაქტირება
  • 26 დეკემბერი, 1646 - 15 მაისი, 1667: მადმუაზელ დე ალანსონი;
  • 15 მაისი, 1667 - 30 ივლისი, 1671: მისი სამეფო უდიდებულესობა გიზისა და ჟოიესის ჰეროგინია;
  • 30 ივლისი, 1671 - 17 მარტი, 1696 : მისი სამეფო უდიდებულესობა გიზისა და ჟოიესის ქვრივი ჰერცოგინია;
  • 2 თებერვალი, 1660 - 17 მარტი, 1696 : მისი სამეფო უდიდებულესობა ალანსონისა და ანჟულემის ჰერცოგინია.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • "The Luxembourg Palace". Senate of France. Retrieved 2009-02-15.
  • bossue et contrefaite à l'excès, elle avait mieux aimé épouser le dernier duc de Guise en 1667 que de ne se point marier... Mémoires de Saint-Simon, Louis de Rouvroy Saint-Simon, ed. Hachette et Cie, 1881.
  • The Hôtel de Guise was sold by the Guise family to the Prince of Soubise in 1700, and renamed Hôtel de Soubise.
  • Patricia M. Ranum, Portraits around Marc-Antoine Charpentier, Baltimore, 2004, pp. 405-11
  • For Isabelle d'Orléans, see Patricia M. Ranum, Portraits around Marc-Antoine Charpentier, Baltimore, 2004, pp. 336-44, 405-425; and [2]
  • The History of Paris from the Earliest Period to the Present Day: Containing a Description of Its Antiquities, Public Buildings, Civil, Religious, Scientific, and Commercial Institutions... Original from the New York Public Library, Digitized 2007-06-08: Published by G. B. Whittaker. 1825. p. 43.
  • Style of HRH and further information on Princes of the Blood
  • Abbé Rombault, "Élisabeth d'Orléans ...", in Bulletin de la Société historique et archéologique de l'Orne 12 (1893), pp. 476ff, especially p. 483 for her residence at Alençon and her solemn entry as duchess on 11 September 1676.