ანრი IV დე ბურბონი „დიდი“ (ფრანგ. Henri IV de Bourbon „le Grand“; დ. 13 დეკემბერი, 1553 — გ. 14 მაისი, 1610) — ნავარის მეფე 1572–1610 (როგორც ანრი III) და საფრანგეთის მეფე 1589–1610 წლებში.

ანრი IV
Henri IV
საფრანგეთის და ნავარის მეფე
კორონაცია: 27 თებერვალი 1594, შარტრი
მმართ. დასაწყისი: 1572 (ნავარა)
2 აგვისტო 1589 (საფრანგეთი)
მმართ. დასასრული: 14 მაისი 1610
წინამორბედი: ჟანა დ'ალბრე (ნავარა)
ანრი III (საფრანგეთი)
მემკვიდრე: ლუი XIII
სხვა წოდებები: ვანდომის ჰერცოგი (1562-1589), ნავარის მეფე (ანრი III, 1572—1610)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 დეკემბერი 1553
დაბ. ადგილი: პო, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 14 მაისი 1610
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: მარგარიტა ვალუა
მარია მედიჩი
შვილები: ლუი XIII, საფრანგეთის მეფე
ელიზაბეტა, ესპანეთის დედოფალი
კრისტინა მარია, სავოიის ჰერცოგინია
ნიკოლას ანრი
გასტონი, ორლეანის ჰერცოგი
ანრიეტა მარია, ინგლისის დედოფალი
დინასტია: ბურბონები
მამა: ანტუან დე ბურბონი
დედა: ჟანა დ'ალბრე
რელიგია: კათოლიციზმი
ანრი IV

როგორც ჰუგენოტი, ანრი 1589 წელს საფრანგეთის ტახტზე ასვლამდე რელიგიურ ომებში იყო ჩართული. 1598 წელს მისი წყალობით დადებული ნანტის ედიქტი პროტესტანტების რელიგიის თავისუფლების გარანტი გახდა, რამაც საფრანგეთში სამოქალაქო ომს მოუღო ბოლო. გამეფების შემდეგ მან რწმენა კალვინიზმიდან კათოლიკობაზე შეიცვალა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფრანგეთის მეფე, როგორც მისი მმართველობის პერიოდში, ასევე შემდეგაც, ანრი მის მიმართ დაქვემდებარებული სუბიექტების კეთილდღეობაზე ზრუნავდა და იმ დროისთვის უჩვეულო რელიგიურ ტოლერანტობას იჩენდა. მეტსახელად „ანრი დიდს“ საფრანგეთში ხანდახან „კეთილ მეფე ანრის“ (le bon roi Henri) ან „მწვანე გალანტს“ (le Vert galant) უწოდებენ (მუდმივი მექალთანეობის გამო). მისი სახელი დაერქვა ასევე ანრი IV-ს სტილის არქიტექტურას, რომელსაც ის პატრონობას უწევდა. პარიზის მრავალი ღირსშესანიშნაობა ანრი IV-ის აგებულია, მათ შორის ახალი ხიდი (Pont Neuf), ვოგეზთა სასახლე და ლუვრის დიდი გალერეა. ის მოკლა ფანატიკოსმა კათოლიკე ფრანსუა რავაიაკმა.

წარმომავლობა

რედაქტირება

ანრი ბურბონი, საფრანგეთის ბურბონების დინასტიის პირველი მეფე, დაიბადა ქალაქ პოში 1553 წელს. მისი მშობლები იყვნენ ანტუან დე ბურბონი (1518—1562) ჰერცოგი ბურბონი და ჟანა დ'ალბრე (1529—1572) ნავარას დედოფალი. ანტუან ბურბონი იყო წმინდა ლუის უმცროსი ვაჟის, რობერ კლერმონის ჩამომავალი.

ანრის მშობლები კალვინისტები იყვნენ, მაგრამ ანტუან ბურბონმა უღალატა კალვინიზმს, როგორც კი სამეფო სამსახური დაიწყო. მაშინ პატარა ანრისაც მოუწია სარწმუნოების შეცვლა, მაგრამ იგი მამის სიკვდილის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა კალვინიზმს. ეს საფრანგეთის რელიგიური ომების ეპოქა იყო.

1570 წელს სენ-ჟერმენში ზავის დადების შემდეგ, ეკატერინე მედიჩიმ დაიწყო ანრი ბურბონის და მეფის დის, მარგარიტა ვალუას ქორწინებაზე მოლაპარაკება. ამ ქორწინებას უნდა შეერიგებინა კათოლიკური და პროტესტანტული პარტიები.

ანრი ბურბონი — ნავარას მეფე

რედაქტირება

1572 წელს, როდესაც ანრის ქორწილი უკვე გადაწყვეტილი საქმე იყო, ჟანა დ'ალბრე პარიზში ჩავიდა უკანასკნელი მოლაპარაკებებისთვის, სადაც იგი ეკატერინე მედიჩიმ მოწამლული ხელთათმანების მეშვეობით მოკლა.

ეს ამბავი ანრი ნავარელმა გზაში შეიტყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქორწილი არ გადადეს. 1572 წლის აგვისტოში ეს ქორწინება შედგა, მაგრამ ამ ქორწინებამ ვერ გაამართლა მასზე დამყარებული იმედები.

ქორწილიდან 6 დღის შემდეგ კათოლიკები ვერაგულად თავს გაესხნენ პარიზში შეკრებილ ჰუგენოტებს. ეს ღამე ისტორიაში „წმინდა ბართლომეს ღამის“ სახელით შევიდა. ანრი ბურბონის გარემოცვიდან უმეტესობა მოკლეს, თვითონ კი იძულებული გახდა კათოლიკობა მიეღო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ლუვრში დატყვევებული აღმოჩნდა.

მისი პარიზში ტყვეობა ოთხი წელი გაგრძელდა, ბოლოს კი,1576 წელს ანრიმ ნადირობა მოიმიზეზა და მცირე ამალით ანჟუში გაიქცა, მან უარყო კათოლიკობა,კვლავ კალვინიზმი მიიღო და ფრანგ პროტესტანტებს ჩაუდგა სათავეში.

ანრი III-ს ძმასთან ფრანცისკთან ერთად, მან მეფე ანრი III-ს წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო, რაც ხელსაყრელი მშვიდობით დასრულდა.

ანრის მეუღლე მარგარიტა კიდევ ორი წელი ქმრის გარეშე ცხოვრობდა პარიზში.მათ ერთმანეთი არასდროს არ ყვარებიათ და განშორების დროს ორივე წარმატებით პოულობდა ნუგეშს მრავალრიცხოვან საყვარლებში. 1578 წელს ეკატერინე მედიჩიმ ჩამოიყვანა მარგარიტა გასკონში და წელიწადზე მეტი გაატარა სიძესთან. ამ პერიოდში ნავარის და საფრანგეთის კარებს შორის თითქოს სრული შერიგება მოხდა.

1580 წელს მარგარიტა კვლავ დაბრუნდა პარიზში, ანრის კი 1582 წელს ახალი შეყვარებული გამოუჩნდა, დიანა დ'ანდუენი, რომელიც სილამაზით, ჭკუით და მამაცობით გამოირჩეოდა, ანრის კარზე იგი დედოფლის როლს ასრულებდა, და ანრი მასზე დაქორწინებასაც ფიქრობდა, მაგრამ 1589 წელს ამ სიყვარულმა მას გადაუარა.

ამ პერიოდში სამოქალაქო ომმა პიკს მიაღწია. კათოლიკები გაერთიანდნენ ლიგასი, რომელსაც ანრი გიზი ხელმძღვანელობდა და რელიგიური ბრძოლის საბაბით, ინტრიგებით ცდილობდნენ ანრი III-ს ტახტიდან გადმოგდებას. 1588 წელს ანრი III გაიქცა პარიზიდან შარტრში, იმავე წლის ნოემბერში მან მოაკვლევინა ანრი გიზი, ლიგას სათავეში ანრი გიზის უმცროსი ძმა ჩაუდგა. ამის შემდეგ ანრი III-ს მდგომარეობა კიდევ გაუარესდა. მან დახმარება ანრი ბურბონს სთხოვა და რადგან მას საკუთარი შვილები არ ჰყავდა, 1589 წელს ბურბონი თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. ორივე ანრი გააერთიანებული ჯარებით მიადგა პარიზს. 1 აგვისტოს კი ფანატიკოსმა ჟაკ კლემანმა ხანჯლით მოკლა მეფე.

საფრანგეთში გამეფება

რედაქტირება
 
ანრი IV-ის მკვლელობა

ანრი III-ს მკვლელობის შემდეგ ჰუგენოტებმა ბურბონი მაშინვე სცნეს საფრანგეთის მეფედ, ხოლო კათოლიკებმა ჯერ რწმენის შეცვლა მოსთხოვეს. აჯანყებულ პარიზს ამასობაში მაიენის ჰერცოგი (ანრი გიზის უმცროსი ძმა) მართავდა.

ანრის საკმარისი ძალა არ შესწევდა პარიზის ასაღებად, ამიტომ ნორმანდიისკენ დაიხია. მასსა და მაიენის ჰერცოგს შორის ბრძოლები ოთხი წელი გაგრძელდა. 21 სექტემბერს მან ჰერცოგი დაამარცხა და ქალაქი ტური დაიკავა, სადაც მომდევნო თვეები გაატარა. ანრიმ ჰუგენოტებს ახალი უფლებები არ მისცა და რელიგიური პრობლემების გადაწყვეტა საეკლესიო საბჭოს მიანდო, რითაც მან ჰუგენოტებიც და კათოლიკებიც დააკმაყოფილა.

ანრი საღი გონებით, შორსმჭვრეტელობით, გონებამახვილობითა და ბრძოლის ველზე სიმამაცით გამოირჩეოდა. ჰუგენოტებიც და კათოლიკეებიც მასში ხედავდნენ ადამიანს, ვინც შეძლებდა სამოქალაქო ომის დასრულებას და ქვეყანაში მშვიდობის დამყარებას.

1590 წლის გაზაფხულზე ანრიმ ივრის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა მაიენის ჰერცოგი, ეს უკანასკნელი ამალის გარეშე გაიქცა და მანტს შეაფარა თავი. ამის შემდეგ ჰერცოგს აღარ ჰქონდა პარიზში დაბრუნების საშუალება. ანრიმ ისევ სცადა პარიზის დაკავება, მაგრამ კათოლიკეებს ესპანეთის მეფემ, ფელიპე II-მ უშველა, მან პარმის ჰერცოგის მეთაურობით ნიდერლადებიდან არმია დაუპირისპირა ანრის. ანრიმ კი ინგლისის დედოფლისგან ელისაბედისგან მიიღო დიდძალი ფულადი დახმარება, რითაც შეძლო ჯარის შეკრება და მანტის, შარტრის და ნიონის დაკავება. მანტში მან თავისი ახალი შეყვარებული გაბრიელ დ'ეტრე გაიცნო.

1592 წელს ანრიმ კათოლიკების ერთ-ერთი მთავარი ქალაქის, რუანის აღება სცადა, მაგრამ აქაც ესპანელებმა შეუშალეს ხელი. 1593 წელს მაიენის ჰერცოგმა პარიზში გენერალური შტატები მოიწვია ახალი კათოლიკე მეფის ასარჩევად. საქმეს ართულებდა ეს ფაქტი: უკანასკნელი მეფის ყველაზე ახლო ცოცხალი ნათესავი იყო ფელიპე II-ს ქალიშვილი, ხოლო ფრანგული კანონით ქალს ტახტზე ასვლის ნება არ ჰქონდა. 23 ივლისს ანრიმ კათოლიკობა მიიღო. თავისი მომხრეების კრიტიკას მან განთქმული ფრაზით უპასუხა: "პარიზი ღირს მესად".

25 ივლისს ანრი დაესწრო კათოლიკურ წირვას სენ-დენის ტაძარში, ეს უმალვე ცნობილი გახდა პარიზში და პარიზელები გაეშურნენ სენ-დენიში ახალი მეფის მისასალმებლად. 1594 წელს იგი შარტრში ძველი ტრადიციის თანახმად აკურთხეს მეფედ და იმავე წლის 22 მარტს იგი უბრძოლველად შევიდა პარიზში. ანრიმ საფრანგეთი ნაწილ-ნაწილ გააერთიანა, ზოგი ქალაქი და პროვინცია "იყიდა", ხოლო სადაც ფულმა და დათმობამ არ გაჭრა, იქ იარაღი გამოიყენა.

მიუხედავად ამისა, ესპანეთის მეფე არ ცნობდა ანრის საფრანგეთის მეფედ და აგრძელებდა ომს. 1597 წელს ესპანელები ამენამდე მოვიდნე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ არ ჰქონდათ ანრის ტახტიდან ჩამოგდების არანაირი შანსი. 1598 წელს კი ესპანეთის მეფე დათანხმდა მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულება.

რელიგიური ომები დასრულდა ნანტის ედიქტის ხელმოწერით 1598 წელს, მართალია პროტესტანტული ეკლესია კათოლიკურს ვერ გაუთანაბრდა, მაგრამ ჰუგენოტებმა მნიშვნელოვანი უფლებები მაინც მიიღეს.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გაბრიელა დ'ეტრე იყო ანრის ფავორიტი. 1594 წელს მათ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც კეისარი დაარქვეს. ანრიმ ის კანონიერად სცნო და დაიწყო მარგარიტა ვალუასთან განქორწინების პროცესი. მათ კიდევ ორი შვილი ეყოლათ, მაგრამ გაბრიელამ მეფის განქორწინებამდე ვერ იცოცხლა, ის 1599 წელს გარდაიცვალა.

გაბრიელას სიკვდილიდან შვიდ თვეში მან მიიღო განქორწინება და 1600 წლის დეკემბერში ცოლად მარია მედიჩი მოიყვანა. ამავე დროს მას ახალი ფავორიტი გამოუჩნდა, ანრიეტა დ'ანტრაგი. 1601 წელს ორივე ქალს ვაჟი შეეძინა. ანრიეტას და ანრის სასიყვარულო კავშირი იმანაც არ დაარღვია, რომ 1604 წელს ანრიეტას მამა აქტიურ მონაწილეობას იღებდა მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში. ანრიეტა გამოირჩეოდა დაუოკებელი პატივმოყვარეობით. ამან მეფეს და დედოფალს შორის ურთიერთობა უაღრესად გაამწვავა. მათი კავშირი მხოლოდ 1609 წელს დასრულდა, როდესაც ანრი კონეტაბლის 14 წლის ქალიშვილით მოიხიბლა.

ამავე წელს ანრიმ ავსტრიასთან საომრად აქტიური მზადება დაიწყო, მაგრამ 1610 წელს მეფე არსენალში მიდიოდა ახალი იარაღის სანახავად. ძალიან ცხელი დღე იყო, ეტლი გზაში შეყოვნდა, ამ დროს კი ბორბალზე ვიღაც ამოძვრა და დანა გაუყარა ანრის. სიკვდილი წამიერი იყო. მკვლელი კათოლიკე ფანატიკოსი რავაიაკი აღმოჩნდა.

გენეალოგია

რედაქტირება
 
ანრი IV-ის ქანდაკება ახალ ხიდზე პარიზში.

ქორწინება და შვილები

რედაქტირება

1572 წლის 18 აგვისტოს ანრი ბურბონმა ცოლად მარგარიტა ვალუა შეირთო. განქორწინდნენ 1599 წელს.

1600 წლის 17 დეკემბერს მან მარია მედიჩი შეირთო. მათი შვილები იყვნენ:

ამათ გარდა ანრის კიდევ 11 უკანონო შვილი ჰყავდა.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X
  • А. Н. Бадак, И. Е. Войнич, Н. М. Волчёк, О. А. Воротникова, А. Глобус, А. С. Кишкин, Е. Ф. Конев, П. В Кочеткова, В. Е. Кудряшов, Д. М. Нехай, А. А. Островцов, Т. И. Ревяко, Г. И. Рябцев, Н. В. Трус, А. И. Тушко, С. А. Харевский, М. Шайбак. (2000). История Средних Веков. Европа. Харвест, Минск. ISBN 985-433-686-7

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


წინამორბედი:
ანტუანი
ვანდომის ჰერცოგი
1562—1589
 
შემდეგი:
შეურთდა დომენს
წინამორბედი:
იოანა III დ'ალაბრე
ნავარის მეფე
1572—1610
 
შემდეგი:
ლუი XIII
წინამორბედი:
ანრი III
საფრანგეთის მეფე
1589—1610
 
შემდეგი:
ლუი XIII
  ომის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ომის შესახებ.