კატალინა ნავარელი

კატალინა ნავარელი (ბასკ. Katalina a Nafarroakoa; დ. 1468 — გ. 12 თებერვალი 1517) — ნავარის დედოფალი 1483-1517 წლებში. ნავარის მეფე ანრი II-ის დედა, საფრანგეთის მეფე ანრი IV-ის დიდი ბებია.

კატალინა ნავარელი
Katalina a Nafarroakoa
ნავარის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 7 იანვარი 1483
მმართ. დასასრული: 12 თებერვალი 1517
წინამორბედი: ფრანსუა ნავარელი
მემკვიდრე: ანრი II ნავარელი
თანამმართველი: ჟან III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1468
გარდ. თარიღი: 12 თებერვალი 1517
მეუღლე: ჟან III, ნავარის მეფე
შვილები: ანრი II, ნავარის მეფე
ისაბელა, როანის ვიკონტესი
დინასტია: ფუა
მამა: გასტონი, ვიანის პრინცი
დედა: მადლენ დე ვალუა
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

კატალინა იყო ვიანის პრინც გასტონ დე ფოქსისა და მისი ცოლის, პრინცესა მადლენ დე ვალუას უფროსი ქალიშვილი. დედის ხაზით იგი იყო საფრანგეთის მეფე შარლ VII-ისა და დედოფალ მარია ანჟუელის ასული. იგი ასევე იყო საფრანგეთის მეფე ლუი XI-ის დიშვილი. იგი დაიბადა და გაიზარდა თავისი ბაბუის, ნავარის მეფე ხუან II-ის მმართველობის ეპოქაში. 1479 წელს მას შემდეგ რაც ხუანი გარდაიცვალა, ტახტი კატალინას ძმას ფრანსუას გადაეცა. თუმცა ფრანსუა მალევე, 1483 წელს გარდაიცვალა და ვინაიდან სხვა მემკვიდრე არ არსებობდა, ნავარის მონარქი კატალინა გახდა.

მმართველობა

რედაქტირება

იმის გამო, რომ კატალინა ქალი იყო, ბევრი ნავარელი მიიჩნევდა, რომ ტახტი მას არ ეკუთვნოდა. 1483 წელს დაიწყო ბრძოლა ნავარის ტახტის მემკვიდრეობისათვის. კატალინას ტახტში ბემონტისა და აგრამონტის დინასტიები ეცილებოდნენ. თავისი ტახტის შენარჩუნების მიზნით კატალინა ცოლად გაჰყვა ძლევამოსილ ფრანგ დიდგვაროვან ხუან (საფრანგეთში ჟან) დ'ალბრეს. ხუანს დიდი არმია და ქონება ჰქონდა, რამაც ნავარელი დიდგვაროვნები დააშოშმინა და კატალინას ტახტი გადაარჩინა. ამ დროს კატალინა მხოლოდ 15 წლის იყო.

ქორწინება 1486 წელს შედგა ნოტრ-დამის ტაძარში. თუმცა კატალინასა და ხუანის კორონაცია 1494 წელს შედგა ნავარის დედაქალაქ პამპლონაში. ამის შემდეგ კატალინამ თავის დიდ ბიძასთან, არაგონის მეფე ფერდინანდ II-თან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. კატალინასა და ხუანის ქორწინება არც ისე იღბლიანი აღმოჩნდა. იგი ყოველთვის ამჯობინებდა დაქორწინებულიყო ფერდინანდ II-ისა და დედოფალ ისაბელ I-ის ვაჟზე, ასტურიის პრინცზე დაქორწინებას. 1495 წელს გარდაიცვალა კატალინას დედა, მაგდალენა ვალუა.

1503 წელს კატალინამ როგორც იქნა ნანატრი მემკვიდრე გააჩინა, პრინცი ანრი, რომელიც 1504 წელს პამპლონას კათედრალში მონათლეს კათოლიკედ. მალევე დაიწყო ნავარის მმართველ ფოქსის დინასტიასა და საფრანგეთის მმართველ ვალუას დინასტიას შორის დამოყვრებაზე მოლაპარაკებები. იგეგმებოდა პრინცი ანრისა და საფრანგეთის პრინცესა კლაუდიას ქორწინება, რათა როგორმე კატალინას თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი არაგონული შემოჭრა.

1512 წლის კასტილიურ-არაგონული შემოჭრა

რედაქტირება

ამ ქორწინებასთან დაკავშირებით, არაგონის მეფე ფერდინანდ II-მ რომელიც რომის პაპთან ერთან ანტიფრანგული პოლიტიკის მატარებელი იყო, ნავარის სამეფო ოჯახს მოსალოდნელ ქორწინებასთან დაკავშირებით თავისი პრეტენზიები წარუდგინა. კატალინამ არ დააკმაყოფილა ფერდინანდის მოთხოვნები და ფრანგებთან საქორწინო მოლაპარაკებები განაგრძო. 1512 წლის 25 ივლისს ფერდინანდმა გაგზავნა უზარმაზარი არმია ჰერცოგი ალბას მეთაურობით, რომლებმაც აიღეს ნავარის დედაქალაქი პამპლონა. გარდა ამისა, არაგონელებმა დაიპყრეს და გადაწვეს მთლიანი ქვემო ნავარა. არაგონელებმა ნავარის ძირითადი ნაწილი დაიქვემდებარეს, რომელიც მთელი მომდევნო საუკუნეები მათ ეკუთვნოდათ. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ნავარის სამეფოსგან მხოლოდ ერთი პატარა რეგიონი - ბეარნი დარჩა, რომელიც საფრანგეთსა და ესპანეთს შორის აღმოჩნდა მოქცეული.

1513 წელს ნავარელებმა პამპლონას დაბრუნება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. აქედან მოყოლებული, გარდა ბეარნისა მთელი ნავარა ესპანეთის შემადგენლობაში შევიდა. 1515 წელს კასტილიელებმა სცადეს დაეპყროთ ბეარნი, თუმცა ნავარელებს ფრანგები დაეხმარნენ და კასტილიის ჯარები დამარცხდნენ. ამ პერიოდში ნავარა და პორტუგალია იყო ორად-ორი სახელმწიფო პირენეს ნახევარკუნძულზე, რომელიც ესპანეთმა ვერ დაიპყრო.

უკანასკნელი წლები

რედაქტირება

1516 წელს ხუანმა და კატალინამ კვლავ სცადეს დაკარგული მიწების დაბრუნება მაგრამ ამაოდ. სწორედ ამ ბრძოლაში, 1516 წლის 17 ივნისს დაიღუპა ხუანი. დედოფალმა კატალინამ გამოიგლოვა ქმარი და ერთი თვის შემდეგ დაკრძალა.

1512 წლიდან კატალინა მართალია ითვლებოდა როგორც ქვემო, ისე ზემო ნავარის დედოფლად, თუმცა მისი ძალაუფლება მხოლოდ ბეარნზე ვრცელდებოდა, სხვა დანარჩენი რეგიონები კი ფერდინანდ არაგონელსა და ისაბელ კასტილიელს ემორჩილებოდა. 1517 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა კატალინა, რის შემდეგაც გამეფდა მისი ვაჟი ანრი II, რითაც ნავარაში ალბრეს დინასტია ავიდა ტახტზე.

  1. ანა (დ. 19 მაისი 1492 - გ. 15 აგვისტო 1532);
  2. მაგდალენა (დ. 29 მარტი 1494 - გ. მაისი 1504);
  3. კატალინა (დ. 1495 - გ. ნოემბერი 1532);
  4. ჟანა (დ. 15 ივნისი 1496 - გ. ნოემბერი 1496);
  5. კუიტერია (დ. 1499 - გ. სექტემბერი/ოქტომბერი 1536);
  6. მკვდარშობილი ვაჟი (1500)
  7. ენრიკე (დ. 14 ოქტომბერი 1501 - გ. 17 აპრილი 1503);
  8. ანრი II (დ. 18 აპრილი 1503 - გ. 25 მაისი 1555), ნავარის მეფე, იქორწინა საფრანგეთის პრინცესა მარგარიტა ანჟულიმელზე, რომელთანაც შეეძინა ნავარის მომდევნო მონარქი ჟანა დ'ალბრე;
  9. ბუენავენტურა (დ. 14 ივლისი 1505 - გ. 1510/11);
  10. მარტინი (დ. 1506 - გ. 1512);
  11. ფრანსუა (დ. 1508 - გ.1512);
  12. კარლი (დ. 12 დეკემბერი 1510 - გ. სექტემბერი 1528), მონაწილეობდა ნეაპოლის ალყაში, რომლის დროსაც დაიღუპა;
  13. ისაბელა (დ. 1513/14 -გ. 1555), ცოლად გაჰყვა როანის ვიკონტ რენე I-ს.

ტიტულები

რედაქტირება
  • ნავარის დედოფალი 1483-1517;
  • განდიის ჰერცოგინია 1483-1517;
  • მონტბლანკის ჰერცოგინია 1483-1517;
  • პენაფიელის ჰერცოგინია 1483-1517;
  • ფოქსის გრაფინია 1483-1517;
  • ბიგორეს გრაფინია 1483-1517;
  • რიბაგორსას გრაფინია 1483-1517;
  • ბეარნის გრაფინია 1483-1517;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bustillo Kastrexana, Joxerra (2012). Guía de la conquista de Navarra en 12 escenarios. Donostia: Txertoa Argitaletxea.
  • The Encyclopædia Britannica, Vol.13, (New York:1910), 293.
  • Woodacre, Elena (2013). The Queens Regnant of Navarre; Succession, Politics and Partnership. New York: Palgrave Macmillan.
  • An annotated index of medieval women. Markus Wiener Publishers. 1992.
  • Cawley, Charles, List and genealogy of the Kings of Navarre, Medieval Lands database, Foundation for Medieval Genealogy.